ბრიტანული ტელეკომპანია Sky news-ი ორ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ როგორც უკრაინის პრეზიდენტმა G7-ის ქვეყნების ლიდერებს უთხრა, მას ომის დასრულება წლის ბოლომდე სურს.
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში მიმდინარე სამიტს კიევიდან ჩაერთო. მან G7-ის ქვეყნებს შეიარაღება, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, უსაფრთხოების გარანტიები, ხორბლის ექსპორტში დახმარება და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება სთხოვა.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ტვიტერზე მადლობა გადაუხადა ზელენსკის სამიტში მონაწილეობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ დიდი შვიდეული კვლავაც ერთად დგას უკრაინის გვერდით.
„დიდი შვიდეული გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს. ჩვენ გავაძლიერებთ პუტინზე ზეწოლას. ეს ომი უნდა დასრულდეს,“ – დაწერა ოლაფ შოლცმა.
As @G7 we stand united on Ukraine’s side and will continue our support. For this, we all have to take tough but necessary decisions. Thank you, @ZelenskyyUa, for your participation today. We will continue to increase pressure on Putin. This war has to come to an end. #G7GERpic.twitter.com/avuvN5auPB
— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) June 27, 2022
„ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიურ მხარდაჭერას და ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება,“ – ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ G7-ისქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ მიიღებენ სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც უშუალოდ, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს შეეხება.
მთავარი ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვა/ფოტო: president.gov.ua
მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის მეპატრონემ, უკრაინელმა მილიარდერმა, რინატ ახმეტოვმა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ. იგი რუსეთს უჩივის მისი ბიზნესისთვის მიყენებული ზიანისა და ზარალის გამო.
„ბოროტება დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს. რუსეთის დანაშაული უკრაინის და ყოველი უკრაინელის წინააღმდეგ საზარელია.
დამნაშავე უნდა დაისაჯოს. საუკეთესო უკრაინელი და ამერიკელი იურისტების დახმარებით შევიტანე საჩივარი ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ეს სარჩელი არის ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო სამართლებრივი ქმედება რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა ახმეტოვმა.
ახმეტოვი, უკრაინის უმდიდრესი ადამიანი, System Capital Management-ის დამფუძნებელია, სწორედ ამ კომპანიაში შედის მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“.
„აზოვსტალის“ გარდა, საომარი მოქმედებების შედეგად, ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურდა ახმეტოვის არაერთი საწარმო.
„ომის დასაწყისში ამ ობიექტების კაპიტალიზაციამ ათეულობით მილიარდი დოლარი შეადგინა. ჩვენ მოვითხოვთ სათანადო კომპენსაციას “, – განაცხადა მანამდეახმეტოვმა.
თურქეთში, მუღლას პროვინციაში, ხანძრის შედეგად 4500 ჰექტარი ტყე დაიწვა.
ხანძარი 21 ივნისს გაჩნდა. თურქეთის მთავრობა 5 დღის განმავლობაში ებრძოდა ხანძარს, რომლის ჩაქრობასაც ხელს ძლიერი ქარი უშლიდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება და სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია. ბრალდებული, 34 წლის კაცი, 24 ივნისს დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, მან აღიარა, რომ ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე, ნასვამ მდგომარეობაში ტყეს ცეცხლი მოუკიდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი მისთვის მიწის გადაცემას აპირებდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალეს და ამის გამო გაბრაზებული იყო.
თურქული გამოცემა „ჰურიეთის“ ინფორმაციით, ბრალდებულის მამა უარყოფს ამ ინფორმაციას, იგი ამბობს, რომ ოჯახში არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა მიწის საკითხზე და მეტიც – ისინი სულაც არ ფლობენ მიწებს მარმარისის რეგიონში. ის შვილის სახელით მთელს სახელმწიფოს უხდის ბოდიშს მომხდარის გამო.
ბოლო პერიოდში თურქეთში 200-ზე მეტი ტყის ხანძრის შემთხვევა იყო. ხანძარმა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 1700 კვადრატული კილომეტრი გაანადგურა. 2021 წლის ზაფხულის ხანძარს მოჰყვა მსხვერპლიც, დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის, 2 მეხანძრე.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სპეციალური აგენტები უკრაინაში, კერძოდ კი, კიევში იმყოფებიან. სწორედ ისინი მართავენ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელსაც აშშ პარტნიორ ქვეყანას უზიარებს – წერს ამერიკული The New York Times-ი ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების გარდა უკრაინაში NATO-ს სხვა ქვეყნების – ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადისა და ლიეტუვის ათობით კომანდო მუშაობს: „ომის დაწყებამდე, თებერვალში აშშ-მ უკრაინიდან 150 სამხედრო ინსტრუქტორი გამოიყვანა, თუმცა ამ მოკავშირე ქვეყნების კომანდოებიდან ზოგი უკრაინაში დარჩა, ზოგმა კი ქვეყანა დატოვა, მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდა. ისინი წვრთიან და კონსულტაციებს უწევენ უკრაინელ სამხედროებს, ეხმარებიან შეიარაღების მიღებასა და ათვისებაში“.
The News York Times-ის ცნობით, აგენტებისა და კომანდოების ქსელი უკრაინელებს სადაზვერვო ინფორმაციის მიღებაში, დასავლეთიდან გამოგზავნილი იარაღის უსაფრთხოდ მიწოდებასა და სამხედროების გადამზადებაში ეხმარება.
„ამგვარი სამუშაოების დიდი ნაწილი უკრაინის ფარგლებს გარეთ – გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ბაზებზე ხორციელდება. მართალია, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის ამერიკის ჯარებს უკრაინაში არ გაგზავნის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომელი საიდუმლო მოქმედებას აგრძელებს უკრაინაში, კერძოდ კი, დედაქალაქ კიევში.
მაშინ, როდესაც შეერთებული შტატების მთავრობა არ აღიარებს, რომ CIA უკრაინაში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში მოქმედებს, ოფიცრების იქ ყოფნა კარგად აქვთ გააზრებული რუსეთისა და სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებს“, – წერს The News York Times-ი.
გამოცემის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ გერმანიაში დაარსდა კომანდოების სპეციალური ქსელი, რომელშიც ამჟამად 20 ქვეყანაა ჩართული და რომელიც კოორდინაციას უწევს უკრაინის სამხედრო დახმარებას.
დღეს, 27 ივნისს, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა კიევში. ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, ასევე ეწვევა ბოროდიანკას, ბუჩასა და ირპენს.
23 ივნისს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას.
საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს.
„მეწყერი ისევ გააქტიურდა, ვითხოვთ ყურადღებას. გზა ჩაიკეტა. უკვე გაწმინდეს, მაგრამ მეწყერი აქტიურია ისევ,“ – ამბობს ხულოში, სოფელ წაბლანაში მცხოვრები ბეგლარ შაინიძე. მისი თქმით, მეწყერი განსაკუთრებით უქმნის საფრთხეს იმ ოჯახებს, რომელთა მდგომარეობა გასულ წელს გეოლოგებმა შეისწავლეს.
ბეგლარ შაინიძემ გეოლოგების დასკვნა გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც, 6 ოჯახი, მათ შორის, ბეგლარი შაინიძის ოჯახი, „მეწყრული პროცესების განვითარების აქტიურ ზონაშია“ და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია.
მეწყერი ბეგლარ შაინიძის ბოსტანთან
„მთავრობას აკვიატებული აქვს ის, რომ ჩვენ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობი მოგვცა, მაგრამ ჩემი ოჯახი შვიდსულიანია, სამი ბიჭი მყავს, ერთი ბიჭი თავისი ოჯახით ცხოვრობს იმ ბინაში, რომელიც მოგვცეს ბათუმში, სულ 60 კვადრატული მეტრია… მე მიწა-წყლით ვცხოვრობ. არ ვიცი, რა არის გამოსავალი, მოვიდნენ და დაგველაპარაკონ,“ – ამბობს ბეგლან შაინიძე. მისი თქმით, გააქტიურებულმა მეწყერმა შესაძლოა ჩაკეტოს სოფლამდე მისასვლელი ცენტრალური გზაც.
წაბლანა ის სოფელია, რომელიც მეწყრისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. 1989 წელს აქ მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, ასობით ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა. ამის შემდეგ წაბლანელებს წლების განმავლობაში ჰპირდებოდა მთავრობა ალტერნატიულ საცხოვრებელს, თუმცა წაბლანელებმა ბინები ბათუმში მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მიიღეს. დაპირება ბოლომდე არ შესრულდა, ბინები გაურემონტებელი იყო და წაბლანელებმა ბინის გარემონტების მოთხოვნით არაერთი აქციაგამართეს ბათუმში, ხოლო 2020 წლის არჩევნებს ბოიკოტიგამოუცხადეს.
2021 წლის ივლისში აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წაბლანაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ 219 ოჯახს ერთჯერადად 5000-5000 ლარი გამოუყვეს. ეს თანხა ბინების რემონტისთვის იყო გათვალისწინებული.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გასულ დღეებში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების ფონზე კვლავ არსებულ „ესკალაციის რისკის“ შიშზე წერს. მისი თქმით, რუსეთი უკვე იყენებს ყველა სახის შეიარაღებას უკრაინის წინააღმდეგ.
„საკრუიზო რაკეტები, სტრატეგიული ავიაცია, აკრძალული ფოსფორის ბომბები, „გრადები“ – ყველაფერი მოფრინავს უკრაინის ქალაქებისკენ…
როდესაც 2022 წლის ივნისშიც მესმის „ესკალაციის რისკი“, ერთი შეკითხვა მიჩნდება: რისი უნდა გვეშინოდეს? იქნებ პუტინი ომს დაიწყებს? მაშ ეხლა რა ხდება? ჭადრაკის თამაში?“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე.
Cruise missiles, strategic aviation, banned phosphorous shells, “GRADs” – all flying to 🇺🇦 cities…
When I hear about “escalation risk” in June 2022, one question comes to my mind: what to be afraid of? Perhaps Putin will start a war? So, what is happening now then? Chess games?
26 ივნისს, დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საჰაერო დარტყმა მიაყენეს კიევში, შევჩენკოს რაიონში მდებარე 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს. აფეთქებამ სახლის ზედა სართულები დააზიანა და ხანძარი გაჩნდა.
ხანძარი 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი.
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, 27 ივნისს, ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ბათუმში სანქცირებული ტვირთი შემოიტანეს. მინისტრის თქმით, საბაჟოს ამ ტვირთის შემოტანაზე თანხმობა არ გაუცია. გემი ახლაც ბათუმის პორტში დგას.
საუბარია სანქცირებული „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტებზე, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გუშინ, 26 ივნისს, თურქული დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა – ESEN KA-მ შემოიტანა საქართველოში.
„ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სანქციებს, ხდება არასწორი ინტერპრეტირების საგანი. დღეს ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, ეს ფაქტია. ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ, საქართველოში არ ყოფილა ფაქტი სანქციების დარღვევის, ან სანქციების გვერდის ავლის, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება… სახელმწიფო უწყებები მოქმედებენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით. საბაჟოს არ გაუცია თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე, საბაჟოს უფლებისა და თანხმობის გარეშე ეს ტვირთი ვერ მოხდება საქართველოში,“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, პორტი, ტვირთგადამზიდავი და ტვირთის მფლობელები კერძო პირები არიან, მაგრამ მათი სურვილის და შეთანხმების მიუხედავად, თუ არ იქნება საბაჟოს თანხმობა, სანქცირებული ტვირთი „ვერ მოხვდება საბაჟო სივრცეში“.
ESEN KA 24 ივნისს გამოვიდა რუსეთის პორტ ტუაფსედან. 24 ივნისსვე შემოვიდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ბათუმის პორტის ნავმისადგომში გემი 26 ივნისს შემოვიდა და ამ დროისთვისაც პირველ ნავმისადგომზე დგას.
„მთავარმა არხმა“ სანქცირებული ტვირთის საქართველოში შემოტანის შესახებ გუშინ, 26 ივნისს, გაავრცელა ინფორმაცია. დღეს, 27 ივნისს, საქართველოს მთავრობამ დაადასტურა, რომ გემზე სანქცირებული პროდუქტია.
როგორ აღმოჩნდა სანქცირებული ტვირთი ბათუმის პორტში და სად წავა ტვირთი ამჯერად? – საბაჟო სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, გაკეთდება თუ არა დამატებით კომენტარი.
ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, სახლების ნანგრევებში, 100-მდე ცხედარი იპოვეს – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პიოტრ ანდრიუშენკო წერსტელეგრამზე.
ანდრიუშენკო წერს, რომ ცხედრები კვლავ ნანგრევების ქვეშაა, რუსეთის საოკუპაციო ძალები მათ დაკრძალვას არ გეგმავენ, რადგან მათი პრიორიტეტი სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოებიდან გვამების გატანა და ექსჰუმაციაა.
მისივე თქმით, ექსჰუმაციის შემდეგ ორმოებს ამუშავებენ, თუმცა არ ხდება ეზოებისა და ქუჩების დამუშავება.
ქალაქი მარიუპოლი მთლიანად ოკუპირებულია. უკრაინული მედიის ცნობით, განადგურებულია დაახლოებით 85 ათასი ადამიანის საცხოვრებელი სახლი, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, წინასწარი გათვლებით, მარიუპოლში დაახლოებით 22 ათასი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიულ დავალებებს ასრულებენ – მათი მიზანი იმ ინფრასტრუქტურის განადგურებაა, რომელიც უკრაინასთან ომში კრემლს განსაკუთრებით სჭირდება.
ამის შესახებ სტატიას ბრიტანული The Times-ი აქვეყნებს. გამოცემის ერთ-ერთი წყარო უკრაინის დაზვერვის ოფიცერია, ორი კი – სპეციალური დანიშნულების ძალების ახალგაზრდა სერჟანტი, საბრძოლო მეტსახელებით „ოცდამეორე“ და „ლამაზი“.
გამოცემა წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებები აღიარეს.
მებრძოლები მტრის ზურგში განხორციელებული საიდუმლო ოპერაციების სამიზნეებს არ ასახელებენ, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის საზღვრის გასწვრივ ამ ჯგუფის ყოფნა ხსნის, თუ რას უკავშირდება რუსეთის იარაღის საწყობებსა თუ ნავთობბაზებზე მომხდარი შემთხვევები.
„ყველაზე საინტერესო მტრის ზურგში მუშაობაა, ფრონტის ხაზის მიღმა, საზღვარს იქით,“ – ამბობს „ოცდამეორე“.
„რუსებმა არც იციან რა მოხდა, ისინი ხშირად ვერც იჯერებენ, რომ იქ ჩვენ ვიყავით“, – ამატებს „ლამაზი“.
The Times-ი აღნიშნავს, რომ „ლამაზი“ და „ოცდამეორე“ რუსეთის არმიის წინააღმდეგ 2014 წლიდან იბრძვიან და ვიდრე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები გახდებოდნენ, ხანგრძლივი მომზადება გაიარეს.
ორივე მათგანი ბატალიონ „შამანის“ წევრია, სწორედ ასეთი მეტსახელი აქვს უკრაინის სპეცდანიშნულების ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს მისი „ზებუნებრივი“ შესაძლებლობების გამო.
The Times-ის ინფორმაციით, ქვედანაყოფი ავღანეთში იბრძოდა ბრიტანელ და ამერიკელ სამხედროებთან ერთად და უკრაინის შეიარაღებულ ძალების the crème de la crème-ს რეპუტაციაც მოიპოვა.
სწორედ ეს ბატალიონი იბრძოდა რუსეთის სპეცრაზმის წინააღმდეგ ჰოსტომელის აეროპორტში.
„ჩვენ მათ ყველაზე რთულ დავალებებზე ვაგზავნით, რადგან ისინი საუკეთესოები და ყველაზე მამაცები არიან,“ – ეუბნება გამოცემას უკრაინის დაზვერვის ჩინოსანი. – „ისინი ამ ომშიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ“.
„ყველას თავისი მოტივაცია აქვს. ვიღაცას ცოლი ჰყავს, ვიღაცას უკვე აღარ ჰყავს ცოლი, ვიღაცას ოჯახი დარჩა ოკუპირებულ ხერსონში ან ნიკოლაევში“, – ამბობს „ოცდამეორე“, რომელიც 26 წლის ხდება. – „მე იმისთვის ვიბრძვი, რომ ადამიანების ცხოვრება შეიცვალოს და მომავალ თაობას რუსეთის ომში ბრძოლა აღარ დასჭირდეს.“
უკრაინული მედიის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორიებზე არაერთი ინციდენტი მოხდა. აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ იუწყებოდნენ ბელგოროდში, კურსკში და პერმის ქარხანაში.
11 ივნისს რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, ხანძარი გაჩნდა სამხედრო ნაწილში. დაიწვა რუსული ტექნიკა, რომელიც სავარაუდოდ, უკრაინიდან შესაკეთებლად წაიღეს.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქების დაბომბვის სტრატეგია გარკვეულწილად შეცვალეს. ახლა ისინი ერთდროულად და სხვადასხვა პოზიციიდან უშვებენ ბევრ რაკეტას. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შს მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა, რომ ახლა რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს მასირებულად უშენენ რაკეტებს და დამპყრობლების რაკეტების ჩამოგდება საკმაოდ რთულია.
ადრე ისინი რამდენიმე რაკეტას ისროდნენ, ახლა კი – ათეულობით. ისინი სხვადასხვა წერტილიდან ისვრიან, ამიტომ საჰაერო თავდაცვისთვის რთულია მათთან გამკლავება – აცხადებს მინისტრის მრჩეველი.
მან აღნიშნა, რომ რუსები გასული საუკუნის შუა ხანებში წარმოებულ იმ რაკეტებს ისვრიან, რომლებიც განკუთვნილი იყო ავიამზიდების, კრეისერებისა და გემების გასანადგურებლად.
„ისინი შეიცავს 1000 კილოგრამამდე ასაფეთქებელ ნივთიერებებს და საათში 3-4 ათას კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებენ, ამიტომ მათი ჩამოგდება რთულია“, – განმარტა დენისენკომ.
ამასთან, მინისტრის მრჩევლის თქმით, რუსეთს აქვს ძველი საბჭოთა ტექნიკის საკმარისი მარაგი.
„ეს რაკეტები არ არის ზუსტი და განკუთვნილი იყო სამხედრო ბრძოლებისთვის. ისინი იწვევენ დიდ ნგრევას. რუსეთს არ შეუძლია განაახლოს „კალიბრი“ და აწარმოოს მაღალი სიზუსტის ტექნიკა, მაგრამ საკმარისად აქვს ძველი, საბჭოთა ტექნიკის მარაგი“, – აცხადებს დენისენკო.
26 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის ჯარებმა დაბომბეს კიევი, რის შედეგადაც 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან სამი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, მათ შორის იყვნენ 7 წლის გოგონა და მისი დედა, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო. გოგონას მამა დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ერთკვირიანი ინტენსიური შეტევები მიუთითებს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ იზიუმის მიმართულებაზე უპირატესობის დაბრუნებას ცდილობს.
27 ივნისის რელიზში უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის მცდელობის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვისთვის მოხერხებულად იყენებენ ადგილობრივ ლანდშაფტს და ამ სექტორში, ბრძოლის ხაზზე, კონტროლის შენარჩუნებას ახერხებენ.
„უახლოესი კვირების განმავლობაში, რუსეთის სამხედრო კამპანია, დიდი ალბათობით, კვლავაც მოხალისეთა სარეზერვო ეშელონების იმედად იქნება“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და დასძენს, რომ სხვადასხვა კომპონენტისგან შემდგარი ეს ეშელონები „ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ვეტერანი რეზერვისტებისგანაა დაკომპლექტებული.“
ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთის ხელისუფლება, ამ კატეგორიის მოხალისეებს, რეგულარულ ბრიგადებში დამატებითი ბატალიონების შესაქმნელად იყენებს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ უკრაინის ძალებმა სევეროდონეცკი დატოვეს, თუმცა დონბასის რეგიონის სრულად დასაკავებლად, რუსეთს კიდევ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა დასჭირდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 35 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
ტანკი – 1 552 ერთეული [+20]
ჯავშანტექნიკა – 3 687 ერთეული [+28]
საარტილერიო სისტემა – 771 ერთეული [+7]
MLRS – 243 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 101 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 184 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 636 ერთეული [+6]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 139 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 14 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 575 ერთეული [+11]
სპეცტექნიკა – 60 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
215 თვითმფრინავი
132 ვერტმფრენი
1 373 უპილოტო საფრენი აპარატი
350 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 830 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
684 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 025 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 870 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქების დაბომბვის სტრატეგია გარკვეულწილად შეცვალეს. ახლა ისინი ერთდროულად და სხვადასხვა პოზიციიდან უშვებენ დიდ ოდენობით რაკეტებს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შს მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებას ბათუმის მერიას კერძო კომპანია „ნიუპოვერ“ 6 688 888 ლარად სთავაზობს.
ბაგრატიონის ქუჩა რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარედ რამდენიმე თვეა გადაკეტილია. აქ წინა ტენდერის ფარგლებში სამუშაოები დაიწყო, თუმცა მერიის განცხადებით, კომპანია „ზიმო 7“-მა ვალდებულებები ვერ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 9 152 784 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ნიუპოვერის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება სატენდერო პირობებს და მასთან ხელშეკრულება უნდა დაიდოს. თუმცა ხელშეკრულების დადებამდე კომპანიამ საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს.
შპს „ნიუპოვერს“ საბანკო გარანტიის წარსადგენად ვადა 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს.
სამუშაოები კი ბაგრატიონის ქუჩაზე [შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში], ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 1 წელში უნდა დასრულდეს.
მონაწილეობდნენ თუ არა ტენდერში სხვა კომპანიები, ჯერ შესყიდვების პორტალზე არ ჩანს. ეს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოჩნდება.
რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, შპს „ნიუპოვერი“ 2015 წელს ფოთში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი მალხაზ სარჯველაძეა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, „ნიუპოვერს“ 60-ზე მეტი სხვადასხვა ტენდერი აქვს მოგებული, მათ შორის, აჭარაში.
ბათუმში ბაგრატიონის ქუჩა რამდენიმე თვეა გადაკეტილია / 25.06.2022
ბაგრატიონის ქუჩის [შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთის] რეაბილიტაციაზე „ზიმო 7“-თან ხელშეკრულება მერიის სამმართველოს 2021 წლის 26 მარტს ჰქონდა გაფორმებული 8 646 623 ლარზე.
დოკუმენტების მიხედვით, 11 თვის განმავლობაში კომპანიამ მხოლოდ მეოთხედი ანუ 2 704 841 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა.
უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყობილ ბანაკებზე უკვე აპრილიდან ლაპარაკობენ, თუმცა ცოტამ თუ იცის, ზუსტად რა ხდება იქ და როგორ მიდის ეს პროცესი, რომელსაც რუსები „ფილტრაციას“ უწოდებენ.
ანა, მარიუპოლში ცხოვრობდა. გადაიტანა ბლოკადა, ოკუპაცია. სამჯერ გაიარა ფილტრაცია და ბოლოს ევროპაში გადასვლა მოახერხა.
ანა იხსენებს გზას მარიუპოლიდან დუბლინამდე.
ბლოკადა
ზღვასთან ახლოს ვცხოვრობდი. ყველა ომზე ლაპარაკობდა. რატომღაც მეგონა, რომ 23 თებერვალს დაიწყებოდა. ვფიქრობდი კიდეც, თუ 23-ში არა, ესე იგი აღარც დაიწყება-მეთქი.
24-ში დილით დამირეკეს ნათესავებმა ხარკოვიდან და მითხრეს, რომ მათთან უკვე ისროდნენ. ვფიქრობდი, რომ ეს რაღაც ხუმრობა იყო. ჩემი ფანჯრიდან ჩანდა პორტი. სრული სიმშვიდე იყო.
საუბარს მოვრჩი და ზუსტად ათ წუთში გამოჩნდა რაკეტა. მაშინვე გადავწყვიტეთ მარიუპოლის დატოვება. დავურეკე ნაცნობს, რომელსაც ქალაქიდან ჩვენი გაყვანა შეეძლო. გვითხრეს, რომ ყველა რეისი გადაიდო და არავინ იცოდა, როდის განახლდებოდა.
ვისაც საკუთარი მანქანა ჰყავდა, ისინი წავიდნენ. უმანქანოებისთვის წასვლა რთული იყო.
უკვე პირველ მარტს მარიუპოლი ალყაში აღმოჩნდა. როგორც რუსეთში, ხმას ვერ იღებდი. მუდმივად გატყუებენ. ოკუპანტები გვიმტკიცებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ დასახმარებლად მოვიდნენ. ხალხიც ზერელედ პასუხობდა, –„კი, კი, გვეხმარებით, გმადლობთ“, – და ერთმანეთში მერე სულ სხვა რამეს ჩურჩულებდნენ.
დაბომბილი მარიუპოლი/ფოტო: 24tv.ua
როდესაც უკრაინელებმა „მოსკვა“ ჩაძირეს, იმ დროს მარიუპოლიდან 9 კილომეტრში ვიყავი, ჩემი მეგობარი ბიჭის ბაბუასთან გადავედით დროებით, თუმცა იქაურობაც ოკუპირებული იყო.
არ გვქონდა ინტერნეტი, თითქმის არანაირი კავშირი, რუსულ რადიოს ვუსმენდით და იქიდან გავიგე, რომ „მოსკვა“ ჩაიძირა.
არ იყო ბუნებრივი აირი, წყალი. ვცხოვრობდით კერძო სახლში, სადაც ხის ღუმელი გვქონდა, ამიტომაც არ გვციოდა და საჭმლის მომზადებასაც ვახერხებდით.
ჩვენ არაფერი გვქონდა, თუმცა ჩემი მეგობარი ბიჭის ბაბუა „ომის ბავშვია“. იმის მერე, რაც გადაიტანა, ჩვევად დარჩა, მარაგი დაეგროვებინა. არასოდეს ყიდულობდა, მაგალითად, ერთ კილოგრამ წიწიბურას, ყიდულობდა ხუთს. და ამ წელს ისე მოხდა, რომ სწორედ წიწიბურა მოემარაგებინა. არავინ იცის, რატომ მოიქცა ასე, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ წიწიბურა მაინც გვქონდა საჭმელად.
რუსეთში – კი, დონეცკშიც – კი, უკრაინაში – არა
უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა გვინდოდა და თავიდან ასეც ვეუბნებოდი რუს სამხედროებს, რომ „უკრაინაში გვინდა“. ვუხსნიდი, რომ ნათესავები მყავდა ხარკოვში, საიდანაც წარმოშობით ვარ. როდესაც ხარკოვს იგებდნენ, მპასუხობდნენ, რომ იქაც იგივე მოხდებოდა, რაც მარიუპოლში.
იმასაც მეუბნებოდნენ, რომ თუ მინდოდა, შემეძლო წასვლა, მაგრამ სინამდვილეში, ასე არ იყო. რუსეთში შეიძლებოდა გადასვლა, დონეცკში – შეიძლებოდა, უკრაინაში – არა.
მარიუპოლიდან მოშორებით ვიყავით, მაგრამ გვესმოდა, როგორ ბომბავდნენ ქალაქს და გვესმოდა ისიც, რომ ერთ დღეს, რომელიმე ჭურვი აუცილებლად დაეცემოდა ჩვენს სახლს. ჩვენ გვინდოდა მარიუპოლიდან წასვლა, მაგრამ გვინდოდა – უკრაინაში. საბოლოოდ მივხვდით, რომ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერანაირად ვერ მოვხვდებოდით. წინ 9 მაისი იყო და არავინ იცოდა, რას აპირებდნენ ოკუპანტები.
ფილტრაცია
ჯერ პორტოვსკოეს ბანაკში მივედით. მიდიხარ, ეწერები რიგში და ნომერს გაძლევენ. ჩვენ 4815 ნომერი შეგვხვდა და იმ დროს ჯერ მეორასე კაცი გადიოდა. ვფიქრობდით, რომ ომი უფრო მალე დამთავრდებოდა, ვიდრე ჩვენ აქედან გავაღწევდით.
გადავწყვიტე, მომეძებნა, ვინმე რუსი სამხედრო, რომელიც ფულის სანაცვლოდ ფილტრაციას დააჩქარებდა. ვიპოვე კიდეც. 1500 გრივნა გადავუხადე. მან გვითხრა, წავსულიყავით მანგუშში, სადაც პოლიციის შენობაში ჰქონდათ ფილტრაციის ბანაკი.
ვიდრე ჩვენს რიგს ველოდით, ტყვე მოიყვანეს. საშინელი სანახავი იყო, ამაზე უარესი, ალბათ, არასოდეს არაფერი მინახავს. მოიყვანეს და სასტიკად სცემეს. ფეხებით შედგნენ. მისი თვალები რომ გენახათ. ეტყობოდა, რომ არც კი ესმოდა, რატომ და რისთვის.
ვუყურებდი და ვფიქრობდი – „უნდა გავიქცე, ეშმაკსაც წაუღია ეს ფილტრაცია, მაგრამ უნდა გავიქცე“. რა ბედი ეწია იმ ბიჭს, არავინ იცის. მივხვდი, რომ თუ ხალხის თვალწინ ამას ბედავდნენ, წარმოდგენაც არ მინდოდა, რას გააკეთებდნენ დახურულ კარს მიღმა.
ანა/ფოტო:24tv.ua
ვიცოდი, რომ ვისი ოჯახის წევრი ან ნათესავი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან იყო რამენაირად დაკავშირებული, ისინი ფილტრაციას ვერ გადიოდნენ.
ყველგან ვიმეორებდი, რომ არავინ გვყავს, რომ ჩვენს ოჯახს არ აინტერესებს პოლიტიკა და საერთოდ „უკრაინა არაფერში გვჭირდება“.
თავს ვიშტერებდი, ვაჩვენებდი, რომ უბრალოდ ერთი სულელი ადამიანი ვარ, არაფერი მესმის და არაფერი ვიცი.
როცა როგორც იქნა გამოგვიძახეს, უკვე ღამის 11 საათი იყო. კაბინეტში ქალი სამხედროები ისხდნენ. თითის ანაბეჭდები აგვიღეს და ფოტოები გადაგვიღეს. თუმცა ბოლო ეტაპი „ფეესბეს“ თანამშრომელია, ის წყვეტს გაივლი თუ არა ფილტრაციას.
ჩემს ბიჭს გახადეს და ათვალიერებდნენ, ტატუები ხომ არ ჰქონდა.
ვეუბნებოდით, რომ რუსეთში გადასვლა გვინდოდა, ევროპაში რომ ვაპირებდით, ამას ცხადია, ვერ ვეტყოდით.
გაგვიშვეს. მეორე დღეს ავტობუსის ძებნა დავიწყეთ, რომ რუსეთში გადავსულიყავით. ავტობუსის შევსებას დიდხანს ველოდეთ, რადგან დღეში მხოლოდ 10 ადამიანი თუ გადიოდა ფილტრაციას, ამიტომ ვერ ივსებოდა და არ მიდიოდა.
გზა საზარელი იყო. მახსოვს, გადავდიოდით დანგრეულ ხიდზე, რომლის ქვეშაც დაქოქილი რუსული ტანკები იდგა. არ ვიცი, სად მიდიოდნენ. ერთ-ერთ ტანკზე მსხდარმა სამხედროებმა ლულა მოგვიშვირეს და იცინოდნენ. ვფიქრობდი, – „ღმერთო, ნუთუ ავტობუსს ესვრიან?!“
გავიარეთ ვოლნოვახა, მიწასთან გასწორებული.
რას ვფიქრობ რუსეთზე
რუსეთის საზღვარზე კიდევ ორი ფილტრაცია გველოდა. კიდევ ორი დამცირება. ყოველ ჯერზე ვფიქრობდი, რომ აღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ ვცდებოდი.
საზღვარზე უკვე ყველაფერს გიმოწმებდნენ – ტელეფონებში, პირად ნივთებში იქექებოდნენ. ტელეფონში ყველაფერი წაშლილი მქონდა. მანამდე შევესწარი, როგორ „დაბრაკეს“ ბიჭი, რომელსაც ტიკტოკზე უკრაინის შეიარაღებული ძალების პოსტზე ლაიკი უპოვეს.
აქ უკვე შეკითხვები ასეთი იყო: რას ფიქრობ რუსეთის ფედერაციაზე? რუსეთის პრეზიდენტზე? უკრაინის პრეზიდენტზე? უკრაინის ხელისუფლებაზე? „სპეცოპერაციაზე“ დონბასში?
ერთხელ „ფეესბეს“ თანამშრომელთან ლაპარაკისას, სპეცოპერაციის ნაცვლად ომი ვახსენე და ძალიან შემეშინდა, ეგრევე „გავასწორე“.
ამ ფილტრაციის შემდეგ დონის როსტოვში მოვხვდით. გზად ყოველ ნაბიჯზე გვაჩერებდნენ პოლიციელები და დაკითხვებს გვიწყობდნენ.
იმ ღამეს როსტოვში დავრჩით და მეორე დღეს წავედით პეტერბურგში.
დღე-ნახევარი მივდიოდით. რომ ჩავედით არც კი შევჩერებულვართ ქალაქში. რუსეთში ერთი წამითაც კი არ გვინდოდა დარჩენა. უბრალოდ მინდოდა გაქცევა, სიარული, ოღონდაც 47კი იქ არ გავჩერებულიყავი.
9 მაისს უკვე სანქტ-პეტერბურგში ვიყავით. როგორც კი ქალაქში შევედით, სროლის ხმა მოგვესმა. პირველი რაც გავიფიქრე – „ნუთუ ისევ?“ ძალიან შერეული შეგრძნება იყო – ერთი მხრივ – „ძალიანაც კარგი, თუ დაბომბვა დაიწყეს“ – და მეორე მხრივ – „ჯანდაბა, ასე რანაირად ხდება, ყველა ადგილიდან ხომ ვერ გავიქცევი“.
„ევროპაში შეხვალ ტუალეტში“
„რატომ მიდიხართ რუსეთიდან?“ „არ მოგწონთ აქაურობა?“ – ვპასუხობდი, რომ ძალიან მოგვეწონა და დავბრუნდებით, რუსეთი ისეთია ადგილია, სიამოვნებით ვიცხოვრებდი, მაგრამ აქ არავინ მყავს, ამიტომ მივდივარ. ათას სისულელეს ვამბობდი – რომ რუსეთი ისეთი სახელმწიფოა, ყველამ რომ უნდა მიბაძოს. ვეუბნებოდი იმას, რისი გაგებაც და მოსმენაც უნდოდათ – ოღონდ იქიდან გამეღწია.
საზღვარზე საშა (მეგობარი ბიჭი) ისევ ცალკე გაიყვანეს. მე გამშვებ პუნქტში ვიყავი უკვე. ეს პუნქტი გალიასავითაა. იქ ვიდექი და ველოდი. ტუალეტში მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ უკან გასვლა აღარ შეიძლებოდა.
ლატვიაში ვიყავი და მაინც უკან ვიხედებოდი. მეგონა, აი ახლა მოვარდებოდნენ რუსი სამხედროები და უკან წაგვათრევდნენ. საზღვარზე რომ გადავედი, უკვე ისე მიჭირდა და ისე მინდოდა ტუალეტში, ტირილი დავიწყე.
მარიუპოლში დარჩენილი კატა
ლატვიაში როგორც შეგვხდნენ, ეს სრული საოცრება იყო. ჩვენ იმ მოხალისეებთან მოვხვდით, რომლებსაც თეატრი ჰქონდათ და საკუთარ თეატრში მიჰყავდათ ლტოლვილები. ცალკე ოთახი მოგვცეს, საწოლიც იყო, ლეიბიც, სისუფთავეც, სინათლეც, მაგიდაზე – საჭმელი. იმდენი ხანი არ მენახა ასეთი რამ. ყურებს არ ვუჯერებდი, როდესაც მოხალისე გვეუბნებოდა – „აი, აქ არის ჰიგიენის ნივთები, აქეთ ყავა, ჩაი, მიირთვით, იქით შეგიძლიათ შხაპი მიიღოთ“.
იმდენი ვჭამე.
ელექტრომატარებლით ჩავედით რიგაში და იქიდან დუბლინში გავფრინდით. მოხალისეებმა თვითმფრინავის ბილეთები გვიყიდეს, მაგრამ თვითმფრინავში ჩაჯდომის მეშინოდა. თვითმფრინავს რომ ვხედავდი, ფიქრობდი, რომ ის აუცილებლად ბომბდამშენი უნდა ყოფილიყო.
ახლა, როდესაც სამშვიდობოს ვარ, ვხვდები, რომ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი, რაც გაქვს – ფული, ტექნიკა, ქონება – არაფერია. მთავარია, ვინ გყავს გვერდით. მთავარია ჯანმრთელობა, ცოდნა, სიცოცხლე – დანარჩენი სისულელეა.
გული მტკივა, რომ კატა დავტოვე, გადასატანი ჩანთა გამიტყდა და ვხდებოდი, რომ ამ გზაზე ხელით ვერ ვატარებდი.
ანას კატა, რომელიც მარიუპოლში დარჩა. ფოტო/24tv.ua
იქნებ ვინმემ იცნოს, „უსპეხი“ ჰქვია და რომ დაუძახებ ესმის.
მართლა რას ვფიქრობ რუსეთზე?
ჩემი ხუთი მეგობარი მოკლეს მარიუპოლში. ერთი ჭურვის ნამსხვრევებმა მოკლა, დანარჩენები სარდაფში, დაბომბვისას დაიღუპნენ.
ის, რასაც ჩვენ გვეუბნებიან – „მოგვეცით ტერიტორიის ნაწილი“ – არავის არაფერი არ უნდა მივცეთ და ტერორისტებთან მოლაპარაკებებიც არ შეიძლება.
რას ნიშნავს მოგვეცით ტერიტორია? ხვალ გვეტყვიან, მოგვეცით 50 ქალი და 50 ბავშვი – სექსი მოგვინდა. და ასე უნდა ვიცხოვროთ? ტერორისტების პირობებით? არა, რუსეთი უნდა განადგურდეს. ერთხელ და სამუდამოდ, რომ აღარასოდეს არსებობდეს ასეთი სახელმწიფო.
და პუტინი – არც კი ვიცი, მას რა ეკუთვნის.
მეგონა, რუსების უმრავლესობა გაიგებდა, რომ ადამიანები იხოცებიან, მაგრამ არა, მათ პუტინის სჯერათ, „პუტინ მოლოდეც“.
მესმის, რომ იქ პროპაგანდაა, მაგრამ მაინც, საბოლოო ჯამში, შენ თვითონ ირჩევ, რის გჯეროდეს და რის – არა. ჩვენთან სკოლაშიც მოდიოდნენ რუსები და გვეუბნებოდნენ, რომ ეს მარიუპოლის უკრაინელი დამცველები გვესროდნენ, მაგრამ მე ხომ ვხედავდი, რაც ხდებოდა.
ევროპელებს ბოლომდე მაინც არ ესმით, რამდენად სერიოზულია ის, რაც ხდება და ვერ იაზრებენ, რომ რაც უფრო გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო უარესი იქნება მთელი მსოფლიოსთვის.
როდესაც გავიმარჯვებთ, სათითაოდ დავუკოცნი ხელებს მათ, ვინც გვიცავდა.
ხულოს სოფელ დიოკნისში, სადაც 70-მდე ოჯახი ცხოვრობს, ბოლო წლებია კარტოფილის მოყვანას ჟოლოს ბაღების გაშენებას ამჯობინებენ.
60 წლის თენგო შავაძემ კენკროვანი კულტურის მეურნეობაზე გადასვლა სამი წლის წინ, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნახა, რომ მეზობლების გაშენებული ჟოლოს ბაღები კარგ მოსავალს იძლეოდა და მისი მოვლა, კარტოფილის ნარგავებთან შედარებით, ნაკლებად შრომატევადი იყო.
თენგომ ბაღის გაშენება ჟოლოს 200 ნერგით დაიწყო. ნერგები 1 ლარად შეიძინა, შემდეგ წლებში კი უკვე საკუთარი ჟოლოს ნარგავიდან ამრავლებდა ნერგებს. დღეს თენგოს ბაღში 2 000-მდე ჟოლოს ბუჩქია. მას გამრავლების ახალ ფაზაში აქვს მაყვალიც.
თენგო პროფესიით აგრონომია. გვიყვება, რომ კარტოფილი უფრო და უფრო ნაკლებ მოსავალს იძლეოდა, რადგან კარტოფილის ყოველწლიურად მოყვანამ ნიადაგი გამოფიტა.
თენგომ იცოდა, როგორ ეზრუნა კენკროვან კულტურაზე, რამაც ბაღის მოვლა გაუადვილა.
„ჩემთვის მაგალითი ის ადგილობრივები იყვნენ, ვინც ჩემამდე დაიწყო ამ კულტურის გაშენება. ვაკვირდებოდი, რომ ჟოლოს შემოსავალი კარტოფილთან შედარებით მეტი ჰქონდა.
ხულოში ჟოლოს ნაყოფის ფორმა, ზომა, წონა, ზოგადად, მცენარის განვითარების კარგი მაჩვენებელი გვაქვს.
მთავარი სირთულე ის არის, რომ ამ კულტურას უფრო მეტი ტენიანობა სჭირდება, ვიდრე აქ არის.
ახლა თითქმის ყველამ გააკეთა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, თუმცა აქამდე მის მოსაწყობად საჭირო შემოსავალი არ გვქონდა. ნერგების გაზრდას უწყლობა აფერხებდა“, – გვიყვება თენგო.
თენგო შავაძე თავის ჟოლოს ბაღში
ხულოს დიდთოვლიანმა ზამთარმა წელს მთელ სოფელში დააზიანა ჟოლოს ნარგავები. თოვლის სიმძიმეს ჟოლოს ბუჩქებმა ვერ გაუძლო, რის გამოც ადგილობრივებს ბუჩქების გადაჭრა მოუხდათ, ამიტომ, პირველ მოსავალს წელს, გასულ წელთან შედარებით, გაცილებით გვიან ელოდებიან.
ახალდარგული ნერგები ნაკლებ მოსავალს იძლევა. თენგოს პირველ წელს დარგულმა 200-მა ძირმა ნერგმა ჯამში 500 კილოგრამამდე ჟოლო მისცა, წელს კი თენგო ტონა-ნახევარ მოსავალს ელოდება.
როგორც ფერმერი გვიყვება, ჟოლოს ფასი ცვალებადია. ადგილობრივები ჟოლოს ძირითადად ბათუმის ბაზარში აბარებენ. „გასულ წელს, როცა დავიწყეთ ჟოლოს ჩაბარება, 6 ლარად ვაბარებდით, შემდეგ კი – 5 ლარად,“ – გვიყვება თენგო.
იგი ამბობს, რომ მისი ცხოვრება ჟოლოს ბაღის მოშენების შემდეგ ეკონომიკურად უკეთესობისკენ შეიცვალა.
„იმის გამო, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ქალაქებში წავიდა, მესაქონლეობას ნაკლებად ვეწევით. ჩვენ უკვე მოვხუცდით, ბევრი აღარ შეგვიძლია. მხოლოდ იმდენი პროდუქტი გვაქვს ოჯახში, რომ გვეყოფა, შვილებს და შვილიშვილებს საჩუქრად გავუგზავნით,“ – ამბობს ის.
თენგო შავაძის თქმით, თუ ჟოლოს დროულად და სათანადოდ არ მოუვლი, ნაყოფს არ მოგცემს. ინტერვიუს ჩაწერის დროსაც თენგო ჟოლოს ბაღში იყო, ნარგავებს „მწვანე ოპერაციას“ უტარებდა:
„მწვანე ოპერაცია ჟოლოს ნერგების ტოტებზე წვეროების მოტეხას ნიშნავს, რათა სიმაღლეში მეტად აღარ წავიდეს და უკვე გამოიღოს კვირტები ნაყოფის მოსაცემად,“ – აგვიხსნა მან.
როგორც თენგომ გვიტხრა, გაზაფხულზე, პირველ რიგში, ჟოლოს ბაღში ბოძებისა და მავთულების შეკეთებაა საჭირო, რასაც ყვავილობის დროს აუყვება ჟოლო. შემდეგ ამუშავებენ ნიადაგს ბუჩქების მწკრივებს შორის და შეაქვთ სასუქი. ძირითადად, თენგო მისი ბაღისთვის ბიოსასუქს იყენებს.
თენგოს თქმით, ყველაზე რთული ჟოლოს დაკრეფაა. ბუჩქი ყოველდღე უნდა დაიკრიფოს პირველი ნაყოფის მოცემის შემდეგ. თენგო ვარაუდობს, რომ თუ კარგი ამინდი იქნება, აგვისტოდან ნოემბრის ბოლომდე ჟოლოს ყოველდღიურად მოკრეფენ.
ჟოლოს რეალიზებაში ადგილობრივებს გურამ ძირკვაძე ეხმარება. გურამი პირველი იყო, ვინც სოფელში ჟოლოს ბაღი გააშენა.
„ჩვენი სოფელი ბათუმიდან 100 კილომეტრშია. ყოველ დღე ჩვენი ძალებით ვერ წავიღებთ ჟოლოს ბათუმში ჩასაბარებლად. გურამს სპეციალური, მაცივრებით აღჭურვილი მანქანა აქვს. ჩამოივლის ყველასთან, შეაგროვებს ჩვენს ჟოლოს და შემდეგ ის უკეთებს რეალიზებას. ცხადია, მოგება მასაც უნდა დარჩეს,“ – გვიყვება თენგო.
ჟოლო ძალიან ფრთხილად უნდა დაიკრიფოს, რომ არ დაიჭყლიტოს და გაფუჭდეს. თენგოს თქმით, ერთი ადამიანი ბევრის დაკრეფას ვერ ახერხებს და მოსავლის აღებისას ადგილობრივ ფერმერებს დამხმარეები აჰყავთ.
ჟოლოს ვერ დაკრეფ წვიმიან ამინდში, ასევე, ძლიერი სიცხის დროს, რადგან მალე ფუჭდება. ჟოლო სიგრილეში, ადრიან დილას ან საღამოს უნდა დაიკრიფოს
თენგოს თქმით, რადგან დიოკნისში თითქმის ყველა ოჯახს თავისი ჟოლოს ბაღი აქვს, არავის აქვს დრო და ამიტომ დამხმარეები ძირითადად მეზობელი სოფლის მცხოვრებლები არიან: „შარშან დამხმარეებს 20-25 ლარს ვუხდიდით. წელს ვნახოთ, როგორ იქნება, ყველაფერზე მოიმატა ფასებმა და ალბათ, ეს თანხაც გაიზრდება“.
თენგო ფიქრობს, რომ მეზობელ სოფლებში ჟოლოს ბაღების გაშენებისგან თავს წყლის პრობლემების გამო იკავებენ:
„ჩვენს სოფელში ბაღების მორწყვისთვის წყალი არის. სოფლებში, სადაც წყლის პრობლემაა, აზრი არ აქვს ჟოლოს ბაღების გაშენებას“.
თენგომ წელს ჟოლოს 2 000 ძირი ნერგიც გაყიდა, – ერთი ნერგი 40 თეთრად. თენგოს ვარაუდით, შემდეგ წლებში ჟოლოს ნერგების გასაყიდი ბაზარი აღარ იქნება, რადგან უკვე ყველას აქვს ჟოლოს ბაღი.
თენგო შავაძის ჟოლოს ბაღი
„ბათუმელები“ კიდევ ერთ დიოკნისელს, 50 წლის მარგო შავაძეს ესაუბრა, რომელმაც ჟოლოს ბაღი 4 წლის წინ გააშენა.
მან პირველად 650 ჟოლოს ნერგი იყიდა და გადაამრავლა, დღეს კი 6 000 ძირ ჟოლოს ბუჩქს უვლის. მარგო ბიბლიოთეკარია და სოფლის ბიბლიოთეკაში მუშაობს.
როგორ მოევლო ჟოლოს ბაღისთვის, მარგომ არ იცოდა და რჩევებს ამ საქმეში უკვე გამოცდილ მეზობლებს ეკითხებოდა. შემდეგ თვითონ დაიწყო ცდების ჩატარება, თუ რა აჯობებდა ჟოლოს ბაღისთვის და, როგორც გვითხრა, დღემდე აგრძელებს დაკვირვებას.
„ვუყურებდი სხვებს, კარგი შედეგი და მოსავალი ჰქონდათ. უკეთესად იყიდებოდა ბაზარზე ჟოლო და მეც ამ კულტურის მოშენება გადავწყვიტე. სოფელში სხვა ყველაფერმა დაკარგა ფასი, მხოლოდ ისაა, რომ რასაც მოიყვან, თავად შეჭამ, სხვა სარგებელს ვერ ნახავ დანარჩენი კულტურებისგან, მათი ფასი თეთრებია“, – გვითხრა მარგომ.
მისი თქმით, ჟოლოს ნაყოფის ხარისხი პირველ რიგში ამინდზეა დამოკიდებული. ჟოლოს მორწყვა მზიან ამინდში აუცილებელია.
მარგოს წვეთოვანი სარწყავი სისტემა ჯერ არ აქვს და ბუჩქებს წყლით რწყავს, რომელიც გრაფიკით აქვთ სოფელში გაწერილი.
„ჟოლოს ფასი იცვლება – 5, 6, 7 ლარიც ღირს. პირველი წლის შემოსავალი რომ დავაჯამე, 2 000 ლარი გამოგვივიდა, შემდეგ წელს – 5 500 ლარი. მესამე წელსაც დავიმატე ნერგები, წელს და შარშან 7 000 ლარამდე შემოსავალი მქონდა და წელს უფრო მეტის, 15 000 ლარის შემოსავლის იმედი მაქვს. ნერგების დამატებას წელსაც ვაპირებ“.
მარგო ამბობს, რომ მისი ცხოვრება კენკროვანი კულტურის წარმოების დაწყებამ უკეთესობისკენ შეცვალა და მიუხედავად იმისა, რომ შრომატევადი საქმეა, ღირს, რადგან აქვს შემოსავალიც.
მარგოს დამხმარეები აქამდე არასდროს ჰყოლია, ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად კრეფდა ჟოლოს, თუმცა, მისი თქმით, წელს აუცილებლად დასჭირდება დამხმარეები.
„მინდა, რომ ჩვენი შრომა დაფასდეს და ჟოლოს ფასი არ დავარდეს. 6-7 ლარი მაინც რომ იყოს 1 კილოგრამის ფასი, კარგი იქნება.
სოფელში ახალგაზრდები აღარ არიან, თუმცა ჟოლოს მეურნეობამ ისინი დააინტერესა. მინდა, რომ სოფელი არ განადგურდეს, ახალგაზრდები არ წავიდნენ. ჟოლოს ბაღებმა ბევრი ახალგაზრდა მოაბრუნა სოფლისკენ და სეზონზე მაინც ბრუნდებიან ოჯახების დასახმარებლად, ჟოლოს ბაღებში,“ – გვითხრა მარგომ.
თურქული მედიის ცნობით, სიკვდილით დასჯის აღდგენის აუცილებლობის საკითხს თურქეთის ლიდერი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში ტყის ხანძართან დაკავშირებით დაუბრუნდა.
ერდოღანის განცხადებით, ტყის ცეცხლის წაკიდებისთვის სასჯელი უნდა იყოს ძალიან საშიში. ასეთია სიკვდილით დასჯა და „მაშინ ეს იქნება სიკვდილით დასჯა“.
თურქეთი მზადაა, გადახედოს 2004 წლის გადაწყვეტილებას სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის თქმით, „პრეზიდენტის კომენტარები მათთვის ინსტრუქციაა“.
„ჩვენ, როგორც სამინისტრომ, დავიწყეთ ამაზე მუშაობა“, – განაცხადა ბექირ ბოზდაგმა. მან დასძინა, რომ ტყეში ხანძრის გაჩენა თურქეთში ახლა ისჯება 10 წლით თავისუფლების აღკვეთით ან სამუდამო პატიმრობით.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის სატყეო მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთში ტყის ხანძრის 88% ადამიანების მიერ არის გამოწვეული.
სიკვდილით დასჯა თურქეთმა 2004 წელს გააუქმა. მას შემდეგ სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს ერდოღანი 2018 წელს დაუბრუნდა. 2019 წელს კი განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმს გააუქმებს, თუ ამას მხარს პარლამენტიც დაუჭერს.
__
თურქეთში, მუღლას პროვინციაში, მეხანძრეები ხანძარს 21 ივნისის შემდეგ ებრძვიან. თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ ხანძრის ლოკალიზება შესაძლებელია, მაგრამ პროცესს ხელს ძლიერი ქარი უშლის.
თურქეთში დააკავეს 34 წლის კაცი, რომელიც 21 ივნისს მუღლას პროვინციაში ტყის ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. თურქული მედიის ცნობით, მან აღიარა, რომ ხანძარი ტყეში მისი დაუდევრობის გამო გაჩნდა.
ჩინეთი მზადაა ტაივანისთვის ნებისმიერი საშუალებით იბრძოლოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კუნძულის დაბრუნებას არც სამხედრო გზით გამორიცხავენ.
ამის შესახებ საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა ლუ შაემ Livre Noir-ის YouTube არხზე, პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ტაივანს დავაბრუნებთ ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის სამხედროების მეშვეობით“, – თქვა დიპლომატმა კუნძულის შემდგომი ბედის განხილვისას.
შეგახსენებთ, ტაივანი და მისი ხელისუფლება დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, პეკინი კი კუნძულს თავის ტერიტორიად თვლის. ტაივანთან დაკავშირებით მწვავე განცხადებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის.
აშშ აცხადებს, რომ მზადაა ტაივანი დაიცვას, თუნდაც შეიარაღებული ძალების გამოყენებით. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 23 მაისს განაცხადა.
ამ განცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ ტაივანის საჰაერო სივრცე ათობით ჩინურმა თვითმფრინავმა დაარღვია, მაგრამ ინციდენტი შეტაკების გარეშე დასრულდა.
აშშ-ისა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრები, ლოიდ ოსტინი და ვეი ფენჰე, 10 ივნისს სინგაპურში შეხვდნენ. მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პეკინი მზადაა დაიწყოს ომი, თუკი იქნება ტაივანის დამოუკიდებლობის მცდელობა.
ამასთან, მინისტრებს შორის გამართული მოლაპარაკება ოფიციალურმა პეკინმა შეაფასა, როგორც „გულწრფელი“, „პოზიტიური და კონსტრუქციული“.
ივნისის შუა რიცხვებში ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ხელი მოაწერა განკარგულებას შეიარაღებული ძალების „არასამხედრო“ გამოყენებაზე.
ამან ტაივანში გააჩინა შეშფოთება, ჩინეთის პოტენციური შეჭრაზე „სპეციალური ოპერაციის“ საფარქვეშ ომის გამოცხადების გარეშე.
___
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. პუტინი ამ ომს უწოდებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“. ომის შედეგად უკრაინაში უკვე დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მილიონობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ სევეროდონეცკში მიმდინარე მოქმედებები უკრაინის ჯარების ტაქტიკური გადაჯგუფებაა.
„ეს არის უკან დახევა ხელსაყრელ პოზიციებზე ტაქტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად“ – განაცხადა ბუდანოვმა უკრაინულ მედიასთან 25 ივნისს, მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკი დატოვეს.
მისი თქმით, სევეროდონეცკში რუსეთმა გამოიყენა იგივე ტაქტიკა, რაც მარიუპოლში – სრულად გაანადგურა ქალაქი, ამ პირობებში კი დაცვის შენარჩუნება შეუძლებელი იყო.
ბუდანოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგია ძალიან მარტივია – „სიტუაციის სტაბილიზება და აუცილებელი რაოდენობის ტექნიკის და ძალის მიღება და კონტრშეტევისთვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორია“.
ქალაქი სევეროდენცკი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს. ამჟამად ქალაქი ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. რუსული არმია დონბასში ახლა ქალაქს ლისიჩანკს უტევს.
ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინა არ განიხილავს ომის დასრულების არც ერთ სხვა სცენარს, გარდა სრული გამარჯვებისა. ამ გეგმის მიხედვით, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს 1991 წლის საზღვრებს – ყირიმისა და დონბასის ჩათვლით.
დიდი შვიდეულის ოთხმა ქვეყანამ – დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, იაპონიამ და კანადამ გადაწყვიტეს გააფართოონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის გამო.
ეს ქვეყნები უახლოეს მომავალში დააწესებენ აკრძალვას რუსული ოქროს იმპორტზე – იუწყება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გერმანიაში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოუწოდებს G7-ის სხვა ქვეყნებს შეუერთდნენ აკრძალვას.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ეს ზომები „პირდაპირ იმოქმედებს რუს ოლიგარქებზე“ და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „საომარი მანქანის გულზე“.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას ექნება გლობალური შედეგები და ჩახსნის რუსულ ოქროს ოფიციალური საერთაშორისო ბაზრებიდან.
დღეს, 26 ივნისს, დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საჰაერო დარტყმა მიაყენეს კიევში, შევჩენკოს რაიონში მდებარე 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს. აფეთქებამ სახლის ზედა სართულები დააზიანა და ხანძარი გაჩნდა.
ხანძარი 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი. ევაკუირებულია
უკრაინული მედიის ცნობით, ნანგრევების ქვეშ ხალხის ხმა ისმის.
კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს შვიდი წლის ბავშვი, იგი საავადმყოფოში გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა. კიევის მერი, კლიჩკო ტელეგრამზე წერს, რომ მაშველებმა შეძლეს ბავშვის დედის გადარჩენაც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა ბავშვის მამა.
26 ივნისს დილით, დაბომბეს ნიკოლაევიც, ღამით კი აფეთქებების სერია იყო ხარკოვში.
_________
ფოტოზე: მაშველებს 7 წლის ბავშვი გამოჰყავთ ნანგრევებიდან
ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, სევეროდონეცკის აღების შემდეგ, რუსეთის ჯარებმა ძალები მიმართეს ლისიჩანსკის აღებაზე.
საჰაერო დარტყმები განხორციელდა თავად ლისიჩანსკზე, ისევე როგორც ბელაია გორაზე, მნიშვნელოვნად დაზიანდა მეზობელი დასახლებებიც.
„ბევრი ნგრევაა, ლისიჩანსკს თითქმის ვერ იცნობთ. ჩვენი ჯარების ნაწილების გაყვანის შემდეგ, მტერი დამკვიდრდა სევეროდონეცკში, სიროტინში, ვორონოვოსა და ბორივსკიში“ – წერს გაიდაი ტელეგრამზე.
განადგურებულია ქალაქი სევეროდენცკიც, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკვე დაიკავეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ივნისის 21 საათიდან 27 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ორშაბათს, დღის ბოლოს, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 15 – 20 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 22 – 27 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 28-29 ივნისს, საღამოს და ღამით ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 34 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
ტანკი – 1 532 ერთეული [+21]
ჯავშანტექნიკა – 3 659 ერთეული [+14]
საარტილერიო სისტემა – 764 ერთეული [+0]
MLRS – 243 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 99 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 217 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 184 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 630 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 139 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 14 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 564 ერთეული [+4]
სპეცტექნიკა – 60 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
215 თვითმფრინავი
132 ვერტმფრენი
1 363 უპილოტო საფრენი აპარატი
350 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 809 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
682 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 012 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 864 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
სევეროდონეცკის მერის განცხადებით, რუსეთის ჯარებმა სრულად დაიკავეს სევეროდონეცკი და ქალაქში საკუთარი მეთაურიც დანიშნეს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ გარდამტეხი შემობრუნების მომენტს აგვისტოს დასაწყისში ელის. ხოლო ომი უახლეს მომავალში უკრაინის გამარჯვებით დასრულდება:
ხულოელი ახალგაზრდების ჯგუფი უკვე ერთი წელია რაც დაბა ხულოში ღია კინოთეატრის გაკეთების იდეამ გააერთიანა. „აჭარული საღამოები ღია ცის ქვეშ“ – ასე უწოდეს ახალგაზრდებმა პროექტს.
იდეის თანაავტორების, 18 წლის ნათია ჭელიძისა და 17 წლის დეა თავართქილაძის თქმით, კინოთეატრის მოწყობა ჯერ კიდევ მაშინ უნდოდათ, როცა ძალიან პატარები იყვნენ და ეს მათთვის ახდენილ ოცნებას ჰგავს. ხულოში კინოთეატრი უკვე ათწლეულებია არ არის და ასობით ახალგაზრდას არასდროს უნახავს კინო დიდ ეკრანზე.
პირველი ფილმის ჩვენება ახალგაზრდებმა, ნათხოვარი ტექნიკით, 21 ივნისს დაგეგმეს, თუმცა ამ დღეს გაწვიმდა, დენის წყარო არ ჰქონდათ და რობერტო ბენინის ფილმის – „ცხოვრება მშვენიერია“ – ჩვენება ვერ შეძლეს, მაგრამ მაშინვე არ დაშლილან, ხულოს თეატრის წინ, მცირე, გადახურულ სივრცეს შეაფარეს თავი და პრეზენტაცია გააკეთეს იმაზე, თუ რას აკეთებდნენ 1 წლის განმავლობაში მათი იდეის განსახორციელებლად.
ნათიასა და დეას თქმით, პირველი ფილმის ჩვენებას გამოდარებისთანავე დაგეგმავენ და სავარაუდოდ, ფილმის ჩვენებებს ძირითადად ხულოს თეატრის წინ გამართავენ.
დასაწყისში ახალგაზრდებმა თავიანთ იდეას პროექტის სახე მისცეს და „ორბელიანი მეტზე“ შეიტანეს დაფინანსების მოსაპოვებლად, რათა საჭირო ტექნიკა და სხვა რესურსები შეეძინათ. პროექტმა დაფინანსება ვერ მოიპოვა, თუმცა „ორბელიანი მეტის“ წარმომადგენლებმა თავიანთ საიტზე განთავსება შესთავაზეს ავტორებს, სადაც ხულოელი ახალგაზრდების იდეის მხარდამჭერებს ფულის ჩარიცხვა შეეძლოთ.
გოგოები „ორბელიანზე“ განთავსების შემოთავაზებას დასთანხმდნენ, მაგრამ თანხის მოპოვების სხვა გზებზეც დაიწყეს ფიქრი. ასე მოიფიქრეს მაკულატურა შეეგროვებინათ და მიღებული თანხა პროექტის განსახორციელებლად გამოეყენებინათ.
ახალგაზრდები ღია კინოთეატრისთვის ერთი წელი აგროვებდნენ და ახარისხებდნენ მაკულატურას. ჯამში მათ ტონა ნახევარი მაკულატურის შეგროვება შეძლეს, 500 ლარამდე შეაგროვეს და 12 ცალი პუფი შეიძინეს.
ნათია გვიყვება, რომ მათი მთავარი მიზანი იყო შეექმნათ სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებდა და ხედვების გაცვლის შესაძლებლობას მისცემდა. ნათია კინოში არასდროს ყოფილა, დეა კი მხოლოდ ერთხელაა ნამყოფი.
„ერთი წელია სხვადასხვა გზით ვცდილობდით საჭირო რესურსების შეგროვებას ღია კინოთეატრის მოსაწყობად. სივრცე არ გვქონდა, სადაც მაკულატურას შევინახავდით. ხან ვის ვთხოვდით სივრცის დათმობას და ხანაც ვის. ხელით ვეზიდებოდით მაკულატურას. მინიმუმ 9-ჯერ მოგვიხდა ადგილის გამოცვლა“, – გვიყვება ნათია.
ხულოელი ახალგაზრდების შეგროვებული მაკულატურა
მისი თქმით, პერიოდულად საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებასაც აწყდებოდნენ და როცა მაკულატურა ხელით გადაჰქონდათ ერთი შენობიდან მეორეში, ესმოდათ: „თქვენმა მშობლებმა თუ იციან“, „ახლა თქვენ სკოლაში უნდა იყოთ“, „ვაიმე, თქვენ გამოცდები არ გაქვთ“ და ა.შ.
ნათიას თქმით, მაკულატურის შეგროვებაში ადგილობრივები ეხმარებოდნენ. ზოგჯერ მიჰქონდათ, ზოგჯერ თავად მიდიოდნენ მაკულატურის წამოსაღებად. მაკულატურა მოჰქონდათ ბანკებიდან, მერიიდან, სხვადასხვა უწყებიდან, მოსახლეობიდან.
ახალგაზრდებმა თანხა ძირითადად მაკულატურის დახმარებით შეაგროვეს, თანხის ნაწილი კი „ორბელიანი მეტის“ დახმარებით ჩაურიცხეს მათ პროექტს.
ხულოელი ახალგაზრდების შეგროვებული მაკულატურა
საბოლოოდ, „აჭარული საღამოები ღია ცის ქვეშ“ ხულოში გაიმართება, მაგრამ ნათხოვარი ტექნიკით. ტექნიკურ მხარდაჭერას იდეის ავტორებს ხულოს „წითელი ჯვარი“ და „ლაგი“ გაუწევს.
„ფინანსები გვჭირდება უკეთესი აპარატურა რომ შევიძინოთ. ყოველთვის სხვისი ტექნიკის გამოყენება რთულია. მათაც სჭირდებათ, ვინც გვაძლევს და გვიწევს მათ მოვერგოთ, ანუ, როცა მოგვინდება ვერ მოვაწყობთ ფილმის ჩვენებებს, მათზე ვართ დამოკიდებული.
ახლა მაქსიმუმ 12 ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია. უფრო მეტი ადამიანი რომ დასხდეს, კიდევ გვჭირდება პუფები“, – გვითხრა ნათიამ.
ნათიას თქმით, მათი შრომით შეძენილ პუფებს ხულოს „წითელი ჯვრის“ ოფისში ინახავენ და როცა შეხვედრები აქვთ, ხელით ეზიდებიან ფილმის ჩვენებისთვის შერჩეულ ადგილამდე.
„მალე ჩვენი გუნდის ბევრი წევრი შეიძლება ქალაქში წავიდეს სასწავლებლად. შევთანხმდით, რომ პუფები „წითელ ჯვარში“ დარჩება და ამ რესურსით ის ახალგაზრდები ისარგებლებენ, რომლებიც ღია ცის ქვეშ აჭარულ საღამოებს გააგრძელებენ“.
ნათია ჭელიძე ამბობს, რომ მათი პირველი შეხვედრა ფილმის სანახავად, მიუხედავად იმისა, რომ კინოს ჩვენება ვერ შეძლეს, მაინც ძალიან ამაღელვებელი იყო.
„საოცრად ვნერვიულობდი. ძალიან მინდოდა ეს პროექტი შემდგარიყო და დამემტკიცებინა იმ ადამიანებისთვის, ვინც მხარს გვიჭერდა, რომ პატარა ადამიანებსაც შეგვიძლია დიდი რაღაცების კეთება და ვფიქრობ, ამ მიზანს მივაღწიეთ.
ახლაც ემოციებში ვარ, თავიდან მეგონა, რომ ეს შედეგიც არ გვექნებოდა. ძალიან გაგვიჭირდა, ყველაფერი ჩვენი წვალებით გავაკეთეთ, რადგან დიდი მხარდამჭერი არ გვყოლია.
მინიმალური მხარდაჭერით და შეგროვებული მაკულატურით პუფების შეძენა მაინც რომ შევძელით, ეს ძალიან დიდი ამბავი მგონია. შესაძლოა, რაღაცები ისე არ ხდება, როგორც გვინდა, მაგრამ თუ მოვინდომებთ, ყველაფერი გამოდის“ – გვიყვება ნათია.
ნათია ჭელიძე
პროექტის – „აჭარული საღამოები ღია ცის ქვეშ“ – ავტორებს უნდათ, რომ მათ იდეას მოძრავი კინოთეატრის სახე მიეცეს და ფილმის ჩვენებები ხულოს სხვადასხვა სოფლებშიც მოაწყონ.
დეა თავართქილაძის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტისგან მოშორებით მდებარე სოფლებში მცხოვრებლებსაც მიეცეთ შესაძლებლობა ღია კინოთეატრით სარგებლობის.
„ჯერ დეტალები კარგად არ გვაქვს დაზუსტებული, თუმცა მერიის წარმომადგენლებს ამ თემაზე ვესაუბრეთ. მხარდაჭერას გვიცხადებენ და ისინი დაგვეხმარებიან ტრანსპორტირებაში“, – გვითხრა დეამ.
დეასთვის ღია კინოთეატრის შექმნა ბავშვობის ახდენილი ოცნებაა – „ვუყურებდი სხვებს და მინდოდა მსგავსი რამ ჩვენც გვქონოდა. როცა დავიწყეთ თანხის შეგროვება, ვიცოდით, რომ საქმე ბოლომდე უნდა მიგვეყვანა და ნეგატიური ფიქრები არ გვქონია“, – ამბობს დეა.
დეა აღნიშნავს, რომ მათ გუნდს მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ეხმარებოდნენ „წითელი ჯვრის“ მოხალისეები. ისინი ჩართული იყვნენ მაკულატურის დახარისხებაშიც. იგი ამბობს, რომ ხულოს მერიისგან დენის წყაროს მიწოდებაში დახმარების დაპირებაც მიიღეს.
რომელი ფილმის ჩვენება მოეწყობა, ამას ორგანიზატორები „აჭარული საღამოები ღია ცის ქვეშ“ ფეისბუქჯგუფში გამოკითხვების მიხედვით გადაწყვეტენ.
ბათუმში, აეროპორტის ტერიტორიაზე ავიალაინერებისთვის ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას გეგმავენ. ნებართვის მოპოვების მიზნით, ბათუმის მერიას შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯიამ“ მიმართა. კომპანიას ლაშა გვეტაძე ხელმძღვანელობს, მისი ასი პროცენტის მფლობელი კი კვიპროსში დაფუძნებული კომპანია შპს „ჯიეჯია“ [ამ კომპანიის დირექტორი ბრიტანეთის მოქალაქეა].
შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ 2017 წელს დააფუძნეს, როგორც შპს „ეარ ვისოლი“ – კომპანიის ასივე პროცენტს სააქციო საზოგადოება ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია ფლობდა. 2018 წლიდან კი, ფინანსური გარიგების შედეგად, კომპანია შპს „ჯიეჯის“ საკუთრებაში გადავიდა და სახელიც შეიცვალა.
ავიალაინერების ბენზინგასამართი სადგურის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშენებლობა ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე, კერძოდ აეროპორტის გზატკეცილზე #220-ში იგეგმება. კომპანია სადგურის მოწყობას „ტავ-ჯორჯიას“ მიერ დროებით სარგებლობაში გადაცემულ 1020 კვ.მეტრზე გეგმავს.
კომპანიას მერიაში წარდგენილი აქვს გეოლოგიური დასკვნა, საკომუნიკაციო ქსელების მმართველი კომპანიების თანხმობა, პროექტის მონახაზი, პარამეტრები, სქემები და სხვა დოკუმენტები.
კომპანიის განმარტებით, საპროექტო ტერიტორია ხასიათდება მარტივი რელიეფით: აბსოლუტური ნიშნულები ზღვის დონიდან
7,88 მ. -სა და 7,74 მ.-ს შორის მერყეობს.
კომპანიის განმარტებით: „გეგმარებით-ფუნქციური თვალსაზრისით საჰაერო ხომალდების საწვავით მოსამარაგებელი საპროექტო სადგური, რომელიც ამავდროულად ავიასაწვავის საწყობის ფუნქციას ასრულებს, საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიიდან მავთულბადის პანელური განიავებადი ღობით გამოიყოფა, სადაც ავტოცისტერნების შევა-გამოვა ორი ჭიშკრის საშუალებით.
საპროექტო ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება სარეზერვუარო პარკი საერთო ტევადობით 230 მ³, რომლის შემადგენლობაშიც შედის ერთი 150 მ³ და ერთი 80 მ³ ტევადობის მიწისზედა ვერტიკალური ცილინდრული ფოლადის რეზერვუარი საავიაციო საწვავის GET A-1 და TC-1 მიღება-გაცემისათვის.
ტერიტორიაზე, მიწისქვეშა განთავსებით მოეწყობა აგრეთვე დაბინძურებული წყლების გამწმენდი ნაგებობა-ნავთობდამჭერი, შესაბამისი ტექნოლოგიური მილსადენებით.
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, კომპანია ბათუმის მერიას წერს:
„ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის კიდესთან, ხანძარსაწინააღმდეგო თვალსაზრისით, ასევე მიწისქვეშა განთავსებითაა გათვალისწინებული სახანძრო წყლის ჰიდრანტის ჭის მოწყობა. ჩრდილო-აღმოსავლეთის უკიდურეს კუთხესთან, მომსახურე პერსონალისათვის გათვალისწინებულია დროებითი-საძირკვლის არმქონე ჯიხურის განთავსება.
საპროექტო ტერიტორიის 10% ფართობზე გათვალისწინებულია მწვანე ნარგავების გაშენება და გაზონის მოწყობა. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების თვალსაზრისით წიწვოვანი ნარგავების გაშენება ნავთობპროდუქტების საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის მიზანშეწონილი, ამ მიზნით გამწვანების ზონისათვის უნდა შეირჩეს დაბალი სიმაღლის წვრილფოთლოვანი ბუჩქის ტიპის ნარგავები.
სარეზერვუარო პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მხოლოდ ბალახის გაზონი ნარგავების გარეშე; სარეზერვუარო პარკის შიდა ტერიტორიაზე, ჯებირის შიგა კონტურის ფარგლებში ყოველგვარი მწვანე ნარგავებისა და ბალახის გაზონის გაშენება აკრძალულია.“
2021 წლის 11 ნოემბერს მერიამ პროექტის განხილვისთვის დამატებითი დოკუმენტები მოითხოვა. ოფიციალურ პასუხთან ერთად მერიამ კომპანიას წარსადგენი დოკუმენტების გრძელი ჩამონათვალიც მიაწოდა დანართის სახით.
კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, პროექტი „ჯერ პანდემიის, შემდეგ კი მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო გაჩერდა“, თუმცა ძალაშია: მომზადებულია შესაბამისი კვლევები, საჭიროა ასევე გეზეშეს მომზადება გარემოს დაცვითი სტრუქტურებიდან თანხმობის მისაღებად.
„მთელი რიგი საჭირო დანადგარები უკრაინიდან უნდა ჩამოგვეტანა, მიმდინარე პროცესებმა შეგვაფერხა, თუმცა პროექტზე უარს არ ვამბობთ. დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება“, – გვითხრა კომპანიის დირექტორმა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ მაუწყებლის ეთერში იმის შესახებ ისაუბრა, თუ როდის დადგება გარდამტეხი მომენტი რუსეთ-უკრაინის ომში. ის აცხადებს, რომ გარდამტეხი შემობრუნების მომენტს აგვისტოს დასაწყისში ელის. ხოლო ომი უახლეს მომავალში უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინა არ განიხილავს ომის დასრულების არც ერთ სხვა სცენარს, გარდა სრული გამარჯვებისა. ამ გეგმის მიხედვით, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს 1991 წლის საზღვრებს – ყირიმისა და დონბასის ჩათვლით.
ბუდანოვის თქმით, 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში განვითარდება მოვლენები, რაც მთელი მსოფლიოსთვის ხილულს გახდის გარდამტეხი მომენტის დაწყებას. თუმცა, კირილ ბუდანოვს არ დაუზუსტებია, რა მოვლენებს გულისხმობს.
უკრაინა 1991 წლის საზღვრებს დაუბრუნდება. ჩვენ არც ერთ სხვა სცენარს არ განვიხილავთ. წლის ბოლოსთვის აქტიური საომარი მოქმედებები თითქმის ნულამდე შემცირდება. ჩვენ უახლოეს მომავალში დავიბრუნებთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე – თქვა დაზვერვის უფროსმა.
კირილო ბუდანოვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატება დიდწილად საერთაშორისო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მან აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ბოლო შემოთავაზება, რომელიც 10 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას უკავშირდება.
დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის თანამშრომლობისა და დახმარების შესანიშნავი მაგალითი, – განაცხადა გენერალ-მაიორმა.
ბუდანოვის პროგნოზით, რუსეთის ცინიკური ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საბედისწერო იქნება კრემლის რეჟიმისთვის.
პუტინი წარმატებას ვერ მიაღწევს. ეს არის ტრაგედია, სადამდეც მან რუსეთი და უკრაინა მიიყვანა და რომელიც რუსეთისთვის კატასტროფით დასრულდება. სხვა არაფერი, – ხაზგასმით აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.
უკრაინულმა მედია ომის დასრულების თარიღის მინიშნებაზე თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კიდევ ერთ მაღალჩინოსნის ვადიმ სკიბიცკის განმარტებას აქვეყნებს. მისი თქმით, უკრაინის დაზვერვას ძალიან ზუსტი ინფორმაცია აქვს რუსეთის საომარი რეზერვების შესახებ.
კონტრშეტევას დიდხანს არავინ გადადებს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე და გავათავისუფლოთ ჩვენი მიწები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მტერი გამოიყენებს მას, როგორც პლაცდარმს შემდგომი შეტევებისთვის, თქვა სკიბიცკიმ.
„პაუზის გარეშე რუსები სრულიად გამოფიტული მიუახლოვდებიან კულმინაციას,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსეთმა შესაძლოა პირდაპირ ოკუპირებული ტერიტორიების დაცვა დაიწყოს და პოლიტიკური ვაჭრობა გაააქტიუროს, თუმცა განახლების გარეშე ესეც გაუჭირდებაო, ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
გადამდგარი გენერალ-მაიორის ინფორმაციით, რუსი გენერლები, რომლებიც ახლა უკრაინაში იბრძვიან, გერასიმოვს აღარ უსმენენ – რუსეთის გენშტაბის უფროსს. ვახტანგ კაპანაძის აზრით, ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაწინაურებული დვორნიკოვი ცდილობს „მეფეს“თავი მოაწონოს.
„ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს არეულობას, დალაგებულები დიდად არც აქამდე იყვნენ,“ – დასძინა გენერალმა, ვისთან ინტერვიუც სევეროდონეცკით დავიწყეთ, რომლის დატოვების გადაწყვეტილებაც უკრაინელმა სამხედროებმა უკვე მიიღეს. „უკანდახევა კი, ურთულესი მანევრია სამხედრო ხელოვნებაში“, – შენიშნავს გადამდგარი გენერალ-მაიორი.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, თავდაპირველად უკრაინისთვის გერმანიიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე გვითხარით – 10 ერთეული IRIS-T, რაც 178 მლნ ევრო ღირს. რა შეიცვლება ამით უკრაინისთვის?
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის „მერსედესი“ საჰაერო თავდაცვით სისტემებში, გერმანული წარმოება, რომელიც თავის დროზე შექმნილია, როგორც ახლო მანძილის „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის თვითმფრინავის შეიარაღებად, შემდგომში შემუშავებულ იქნა, როგორც საზღვაო ბაზირების, ასევე სახმელეთო პლატფორმებით. ის შეიძლება იყოს, როგორც ახლო, ასევე საშუალო და შორი მანძილის, ეს დამოკიდებულია მოდიფიკაციაზე. მისი ეფექტიანობის მანძილი საშუალოდ 25 კილომეტრია, სიმაღლე 20 კმ-მდე. ის გამოიყენება, როგორც თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ასევე, რაც მნიშვნელოვანია – რაკეტების წინააღმდეგ.
IIRIS-T ძალიან ეფექტურია, თუმცა მნიშვნელოვანია რაოდენობა. 10 ერთეულით შესაძლებელი იქნება დაახლოებით საშუალო სიდიდის ერთი ქალაქის დაცვა. უკრაინას შეუძლია არჩევანი გააკეთოს სტრატეგიული მართვის პუნქტების დაცვაზე.
მნიშვნელოვანია, რომ „ლენდ-ლიზის“ მიწოდება უკვე დაიწყო და გამოჩნდა ეს აღჭურვილობა უკვე უკრაინის შეიარაღებაში, თუმცა ეს არის მცირე რაოდენობა, რაც ძირითადად სჭირდებათ დანაკარგების შესავსებად, ასევე გარკვეული ტექნიკა მოითხოვს რემონტს. „ლენდ-ლიზის“ სრულად მიწოდება და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა იქნება გარდამტეხი ამ ომში.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ მფრინავებს იყენებს, რადგან დიდი საბრძოლო დანაკარგი აქვს. ამას ადასტურებს კონკრეტული შემთხვევაც, როცა უკრაინელებმა ჩამოაგდეს მოიერიშე სუ-25 და მისი პილოტი „ვაგნერის“ წევრი აღმოჩნდა. ეს სამხედრო დაჯგუფება სირიის ომშიც მონაწილეობდა. თქვენი დაკვირვებით, რა ხდება რუსეთის საჰაერო ძალებში?
ცხადია, ეს იყო კერძო, სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელსაც ჰყავს სამხედრო სპეციალისტები, მფრინავები და საარტილერიო ექსპერტები. ის საკმაოდ კარგად ორგანიზებულია, ფესვგადგმულია და მხარდაჭერილია რუსეთის ხელისუფლების მიერ. ცენტრალურ აფრიკაში „ვაგნერი“ ავარჯიშებდა ადგილობრივებს, ცენტრალურ აფრიკაში აღჭურვილობაც შეიტანეს, როცა იქ სულ ორი დაჟანგული „კალაშნიკოვი“ ჰქონდათ და მაშინ ამან ევროკავშირის მნიშვნელოვანი შეშფოთებაც გამოიწვია.
სირიაში მათი ამოცანა სადივერსიო მოქმედებების ჩატარება იყო, კონტრამბოხებულების ოპერაციები და სახელისუფლებო ძალების წვრთნა. როგორც წესი, „ვაგნერი“ ჩნდება იქ, სადაც რუსეთს აქვს პრობლემა და უკრაინის შემთხვევაში ჩანს, რომ რუსეთს აქვს ძალიან დიდი პრობლემა სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ძალებში. ჩვენ ერთხელ ვისაუბრეთ კიდეც, რომ 63 წლის გენერალი ჩამოაგდეს, რაც აჩვენებს იმას, რომ რუსებს მფრინავების ნაკლებობა აქვთ.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ISW-ის ცნობით, რუსებმა საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი გადააყენეს და მის ნაცვლად დონეცკის ოლქის მკვიდრი გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი დანიშნეს. თქვენი ინფორმაციით, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება?
უფრო ფართოდ რომ შევხედოთ: დვორნიკოვი გადაიყვანეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. მოადგილეა გერასიმოვიც, რომელიც გენშტაბის უფროსია, თუმცა პირველი მოადგილეა. არ არის გამორიცხული, დვორნიკოვმა ჩაანაცვლოს გერასიმოვი. ასეთი გადაწყვეტილება კი, ბრძოლის შუა ეტაპზე, თანაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, იწვევს არეულობას. შესაძლოა, თავისიანები დანიშნოს თანამდებობაზე, განახორციელოს ცვლილებები და ასე შემდეგ.
მოკლედ, დვორნიკოვი ცდილობს ახლა მაქსიმალურად აჩვენოს თავისი მნიშვნელობა და „ახალი ცოცხის“ პრინციპით მუშაობს. ჩანს, რომ უკვე გერასიმოვს აღარ ეკითხებიან არაფერს, სხვა გენერლები იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს არეულობას, დალაგებულები დიდად არც აქამდე იყვნენ. შესაძლოა, ამ ცვლილებებს უკავშირდებოდეს ისიც, რომ ოპერატიულ პაუზას არ იღებენ, თუმცა ფაქტია, რომ ოპერატიულ პაუზაზე გასასვლელად რუსეთს სჭირდება ოპერატიული ეპიზოდის დასრულება – რუსები სევეროდონეცკში შუა ქალაქში ვერ გაჩერდებიან.
მაგრამ სევეროდონეცკიდან უკვე გამოდიან უკრაინელი სამხედროები.
დიახ, ბრძანება გაცემულია გამოსვლაზე, მაგრამ როგორ გამოვლენ და რამდენად შეუძლიათ უკანდახევის განხორციელება, რომელიც ერთ-ერთი ურთულესი მანევრია სამხედრო ხელოვნებაში. სავარაუდოდ, უკრაინელები გამოიყენებენ ურთიერთდაზღვევის მეთოდს და არიერგარდს, რომელიც შეაჩერებს რუსებს, ვიდრე ძირითადი დანაყოფები გამოვა.
უკანდახევას ართულებს ისიც, რომ მდინარე სევერსკი დონეცზე ხიდები აფეთქებულია. შესაბამისად, უკრაინელებს მოუწევთ ტექნიკის და მძიმე შეიარაღების სევეროდენცკში დატოვება. ამ დრომდე სევეროდენცკში ბრძოლა გრძელდება, ვერ დატოვებ ასე ტერიტორიას, როცა კონტაქტში ხარ მოწინააღმდეგესთან, ორგანიზებულად უნდა მოხდეს გამოსვლა, თუ ალყაში ხარ უკვე, ალყის გარღვევა უნდა მოახერხო, რაც ასევე ურთულესი ტაქტიკური ამოცანაა.
ბოლომდე არ არის გარკვეული „აზოტის ქარხნის“ დამცველთა ბედი: ისინი ალყაში არიან, თუ გამოვიდნენ. შეგახსენებთ, რომ „აზოტის ქარხანას“„აზოვსტალივით“ წინასწარ თავდაცვისთვის არ ამზადებდნენ, არ იყო შეტანილი მარაგები. მისი მიწისქვეშა კონსტრუქციაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება „აზოვსტალისას“. შესაბამისად, მისი დაცვაც უფრო რთული იქნება.
სევეროდენცკის შემდეგ განაგრძობს რუსული არმია შეტევას ლისიჩანსკიზე, რა არის რუსული არმიის სამიზნე ამ ეტაპზე?
წინა ინტერვიუშიც აღვნიშნე, რომ ლისიჩანსკი უფრო ადვილი დასაცავია, რადგან ის მდინარის უფრო მაღალ ნაპირზეა განლაგებული, ვიდრე სევეროდენცკი. ჩემი აზრით, არ ღირდა უკრაინის მხრიდან ამხელა ძალისხმევის გაღება სევეროდონეცკიზე, აჯობებდა, ის გამოეყენებინათ უსაფრთხოების ზოლად და ძირითადი თავდაცვა მოეწყოთ ლისიჩანსკიზე. სევეროდონეცკი იყო მხოლოდ პოლიტიკურად საინტერესოა რუსეთისთვის, რადგან მისი აღებით ფაქტობრივად გადის ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სტრატეგიული მნიშვნელობა არც სევეროდენცკის შენარჩუნებას არ ჰქონდა.
გააჩნია ახლა რას გადაწყვეტს უკრაინა: შესაძლოა, უკრაინამ აქტიურად მოაწყოს თავდაცვითი ზღუდე სევერსკი-სოლედარ-ბახმუტის მიმართულებით, თუმცა ეს ტერიტორია დაბლობია და, შესაბამისად, დასაცავად არ არის ხელსაყრელი. აქ შესაძლებელია, გარკვეული ოპერირება [მოძრავი ჯავშან/საწინააღმდეგო ჯგუფების მოქმედება, აქტიური დაზვერვის წარმოება, მოწინააღმდეგის სკრინინგი და სხვა] ნატოს ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, უსაფრთხოების რაიონის ორგანიზება, ან საბჭოთა ტერმინოლოგიით, უზრუნველყოფის ზოლის შექმნა, ხოლო თავდაცვის ძირითადი რაიონი მოეწყოს სლავიანსკი-კრამატორსკი-პოპასნაიას ზღუდეზე.
რატომ არის საჭირო ამ ზღუდის მოწყობა, ფიქრობთ, რომ რუსეთი შეტევას ისევ განაგრძობს?
მიმაჩნია, რომ სევეროდენცკზე გაჩერდება რუსეთი, ამას მოითხოვს საღი აზრი, რადგან რუსული არმია იფიტება და ყველა ექსპერტი ამას ამბობს, თუმცა თუ ლისიჩანსკის მიმართულება იქნება მისთვის წარმატებული, არ გამოვრიცხავ გააგრძელოს იერიში. ამ შემთხვევაში, თუკი, ლისიჩანსკის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ბლოკირება მოხერხდება, ის ხდება მოწყვლადი და შესაძლოა, ალყაში მოაქციონ, რაც ძალიან არასასურველია, ამ ქალაქის უზრუნველყოფის გზები უკვე ცეცხლის ქვეშაა. სევეროდონეცკიდან გამოსული უკრაინული დანაყოფებით ამ ზღუდის მოწყობით შესაძლებელი იქნება ლისიჩანსკის დაცვა. სხვათა შორის, ბრიტანელები ერთი თვით ადრე უფრო ღრმად უკან დახევას სთავაზობდნენ უკრაინელებს,
რუსები ახლა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უახლოვდებიან ლისიჩანსკის, რადგან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მდინარე სევერო დონეცის გადალახვა მათთვის პრობლემაა, უკრაინელების არტილერია მუშაობს და ამ პირობებში მდინარის გადალახვა არ უნდათ. წესით, როცა დასახლებულ პუნქტზე იწყებ შეტევას, თავდაპირველად ახდენ იმ ქალაქის ბლოკირებას და შემდეგ იწყებ შეტევას, მაგრამ ასე არ გააკეთეს სევეროდონეცკის შემთხვევაში, პოლიტიკური ზეწოლით ვადების შემცირების მიზნით, მაგრამ მიიღეს უკუეფექტი, შესაბამისად, დასჭირდათ ამდენი დრო.
ანუ რა გათვლა ჰქონდათ რუსებს, რატომ არ სცადეს ბლოკირება?
ვერ გეტყვით. შესაძლოა, არასწორი ინფორმირების შედეგი იყოს ეს და ეგონათ, რომ იოლად აიღებდნენ. ამას მოწმობს ისიც, რომ იქ თავდაპირველად კადიროველები შეიყვანეს, რომლებიც, როგორც წესი, წინა ხაზზე არ მოქმედებენ და ადგილობრივი ლუგანსკის დაჯგუფება.
„შეზღუდული წარმატება“ – ამ ტერმინით ახასიათებს რუსული არმიის შედეგს უკრაინაში ბრიტანეთის დაზვერვა. ეთანხმებით?
ნამდვილად ასეა, რადგან ეს წარმატება მცირე მასშტაბისაა და მიმართულებაც მცირეა, თანაც ეს არ არის სტრატეგიული მიმართულება. რუსებმა მიაღწიეს მხოლოდ ტაქტიკურ წარმატებას და ლისიჩანსკიც რომ აიღონ, ეს იქნება ასევე მხოლოდ ტაქტიკური წარმატება. ეს არ იქნება ოპერატიული დონის მიზნის მიღწევა, მით უფრო სტრატეგიული.
ფაქტია, რომ ორივე მხარეს ამ ეტაპზე სჭირდება ოპერატიული პაუზა, რომ საბრძოლო მოქმედებების ინტენსიფიცირების განახლება შეძლონ. რუსებს უკვე ორგანიზებული დანაყოფებიც კი არ შეჰყავთ ბრძოლაში, არამედ, ასე ვთქვათ, „ბორბლებიდან“ შეჰყავთ პირდაპირ ადამიანთა ჯგუფები, გადმოჰყავს სხვადასხვა მიმართულებიდან ძალები და ასე ცდილობენ დანაკარგების შევსებას. რუსეთი ცდილობს თავდაცვითი ზღუდეები მოაწყოს ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებით და გადმოჰყავს ძალები ძირითად მიმართულებაზე, რაც უკრაინას კონტრშეტევის საშუალებას აძლევს დასუსტებულ მონაკვეთებზე.
რას ცვლის უკრაინის მხრიდან კონტრშეტევები ამ ეტაპზე, მაგალითად, ხერსონთან, ან ზაპოროჟიეს მიმართულებით, როცა ის ფართომასშტაბიანი არ არის?
ცვლის იმას, რომ რუსებს მაქსიმალურად აჯაჭვავს კონკრეტულ რაიონებზე, ანუ აიძულებს, ვეღარ გადაისროლონ მეტი სამხედრო ძალა წარმატებულ მიმართულებაზე და ასევე ამზადებს პლაცდარმს ოპერატიული დონის კონტრდარტყმისთვის.
ასე თანდათანობით უკრაინელები უკვე მიუახლოვდნენ ხერსონს. არაა გამორიცხული გაძლიერების და შესაბამისი ოპერატიული გარემოებების შემთხვევაში ხერსონს დაარტყან და გაათავისუფლონ კიდეც, წარმატება აქვთ უკრაინელებს მარიუპოლის მიმართულებითაც – 10 კილომეტრით წინ წაიწიეს, როგორც ვიცი. ეს უკვე არის მიწოდებული აღჭურვილობის შედეგიც, შედარებით გაუმჯობესდა უკრაინის ბრძოლისუნარიანობა, ღამით ბრძოლაც შეუძლია, არტილერიაც აქვთ. შესაბამისად, წარმატებებსაც უნდა ველოდოთ.
რა მოხდა კუნძულ ზმეინთან, რა სახის უპირატესობა მოიპოვეს იქ უკრაინელებმა, როცა დასავლეთიდან მიწოდებული „ჰარპუნით“ კიდევ ერთი რუსული ხომალდის ჩაძირეს?
ფაქტია, რომ უკრაინელები ამცირებენ რუსების საზღვაო შესაძლებლობებს. ეს ხომალდი, რაც ჩაძირეს, საბრძოლო არ იყო, ეს იყო მხარდამჭერი, თუმცა ჩაუძირეს მცურავი საბურღი კოშკურები. ეს კოშკურები იყო ყირიმში განლაგებული რუსული კომპანიის ტექნიკა, რაზეც განლაგებული იყო თვალთვალის საშუალებები, რადარები. ზმეინი უკრაინელებისთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის, რადგან სადესანტო ოპერაციას მაინც ვერ ახორციელებენ, ამის რესურსი და საშუალება არ აქვთ.
წყალქვეშა ნავები კი, რაც აქვთ რუსებს შავ ზღვაში, მუშაობს დიზელზე, ეს არაა ატომური წყალქვეშა ნავები, რადგან შავი ზღვა არაბირთვული ზონაა. შესაბამისად, წყალქვეშა ნავს ჰაერის მარაგის შესავსებად სჭირდება მინიმუმ 6 საათი ზევით ამოსვლა, რომ მოქმედება შეძლოს. ის თუ ამოცურდება მიწვდომის მანძილზე უკრაინელებისთვის, მასაც დააზიანებენ თვითმფრინავებიდან, ან ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით. წყალქვეშ ვერ იმოქმედებენ „ჰარპუნები“ და „ნეპტუნები“, რაც უკრაინლებს აქვთ, ამიტომაც, რუსები რაკეტების გაშვებისთვის მათ აქტიურად იყენებენ. მგონი, სულ 5 ერთეული ჰყავთ რუსებს ასეთი წყალქვეშა ნავი შავ ზღვაში, ხოლო წყალზედა ხომალდები უკრაინელების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შიშით 200-ზე მეტ კილომეტრზე ახლოს ვერ უახლოვდებიან სანაპიროს.
რუსები მიდიან ოპერატიული პაუზისკენ, რომ მოემზადონ მორიგი იერიშისთვის, თუ მხოლოდ დაკავებული მიწების დაცვას ეცდებიან და ეს პაუზა არც კი სჭირდებათ?
არ არის გამორიცხული, აღარ დასჭირდეთ ოპერატიული პაუზა, თუ მხოლოდ თავდაცვას აპირებენ, ვინაიდან თავდაცვის ორგანიზებისთვის „კულმინაციის წერტილის“ ორგანიზება განსხვავდება შეტევის პირობებისგან, თუმცა თავდაცვასაც სჭირდება შესაბამისი მომზადება. პაუზის გარეშე რუსები სრულიად მოუმზადებლად და გამოფიტული მიუახლოვდებიან კულმინაციას, რუსებს ძალები არსებულ დაჯგუფებაში ეწურებათ, საჭიროებენ დასვენებულ, სრულიად ჩამოყალიბებულ და მომზადებულ საბრძოლო ერთეულებს და არა სხვადასხვა კომისარიატიდან პირდაპირ ბრძოლაში გაშვებულ რეზერვისტებს.
არ არის გამორიცხული, რუსეთმა თქვას, რომ ამოცანები უკვე შეასრულა, ეცდება დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას და პოლიტიკურ ვაჭრობას, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ცვლილებები სამხედრო ხელმძღვანელობაში, როცა ახალ უფროსს სურს მეფის წინაშე თავის გამოჩენა და ცდილობს აჩვენოს, როგორ ამუშავებს ჯარს.
მოხალისეები მრავლად ჰყავს რუსეთის არმიას – რუსეთში ღარიბ რუსს რა დალევს, რომელიც მზად იქნება ომში წავიდეს კონკრეტული თანხის მიღების სანაცვლოდ, მაგრამ მას, ცხადია, სჭირდება შესაბამისი მომზადება, რის დროც ახლა რუსეთს ნამდვილად არ აქვს.
საქართველოს მთავრობამ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კურორტების განვითარების სააგენტო დააფუძნა.
მთავრობის 20 ივნისს დადგენილების მიხედვითთ, სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დაამტკიცებს; მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს ასევე სააგენტოს დირექტორსაც.
ახალი სააგენტოს დებულება ეკონომიკის მინისტრმა 2022 წლის 15 ივლისამდე უნდა დაამტკიცოს. 15 ივლისიდან დაიწყებს მუშაობას ახალი სააგენტოც.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იყო შპს „მთის კურორტების მართვის კომპანია“, რომლის წესდებაც და სახელიც 2021 წლის ივნისში მთავრობამ შეცვალა და ის დღეს არის შპს „ემ თი ეი“ [MTA].
ამ კომპანიის მართვაში ახლაც რჩება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები. პარალელურად, „ემ თი ეის“, შეუძლია ნებისმიერი საქმიანობა, რაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.
აჭარაში ასევე ფუნქციონირებს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რომელიც ჭარის მთავრობას ექვემდებარება.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, თუ რა უფლებამოსილება და ვალდებულებები ექნება კურორტების განვითარების ახალ სააგენტოს?
„კურორტების განვითარების სააგენტოს ძირითადი ამოცანები იქნება ბალნეოლოგიური კურორტების, ასევე მთის კურორტების და სხვა საკურორტო ადგილების განვითარება/ხელშეწყობა; ახალი, პოტენციური კურორტების კვლევა/შესწავლა და შესაბამისი გენგეგმების მომზადება; აღნიშნული ადგილების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა და განვითარების ხელშეწყობა; ამ მიმართულებებით ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვისათვის სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა, პროცესის ხელშეწყობა.“ – მოგვწერეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან.
[toggle title=”სამინისტროდან მიღებული პასუხის სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]
„ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რასაც მოყვება შემოსავლების ზრდაც. თავის მხრივ, დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია კურორტების განვითარება, რომელიც აქტიურად იზიდავს ტურისტს ქვეყანაში.
ქვეყანაში სამასამდე კურორტი და საკურორტო ადგილია, შესაბამისად, კურორტების განვითარებაზე ზრუნვა და ქვეყნის საკურორტო პოტენციალის სრულად ათვისება, საქართველოსთვის არის ეკონომიკის დამატებით სტიმულაციის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანია ასევე, რომ საქართველოში საკურორტო ზონების განვითარება, მათი მდებარეობის გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, დეცენტრალიზებულად განავითარებს არამხოლოდ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრს, არამედ, მცირე ზომის დაბებსა და დასახლებებსაც, სადაც სხვა შემთხვევაში, განვითარების გარკვეული დონის მისაღწევად ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი საბიუჯეტო სახსრების მობილიზება ხდება საჭირო.
არსებული საკურორტო პოტენციალის ანალიზიდან იკვეთება, რომ განსაკუთრებით აქტიურადაა სამუშაოები გასაწევი ბალნეოლოგიური მიმართულებით, ვინაიდან, ზემოხსენებული სამასამდე საკურორტო ადგილიდან, ნახევარზე მეტი სწორედ ბალნეო და ბალნეოკლიმატური ტიპისაა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამთო და ბალნეოლოგიური კურორტები თავისთავად წარმოადგენს სპორტული და რეკრეაციული ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს და ამ მხრივ საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უდიდესი გამოწვევის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, რომლის სწრაფ აღდგენას ცდილობს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა, რადგან ამ სექტორში აკუმულირდება კერძო შემოსავლები, რასაც ეკონომიკური დივერსიფიკაციის თვალსაზრისით სრულიად განსხვავებული დატვირთვა აქვს. შესაბამისად, კურორტების განვითარება, საქართველოს ტურიზმისთვის განახლებული ბიძგის მიცემა და საერთაშორისო ტურისტის არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ზრდის უზრუნველყოფა, იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის მდგრადი განვითარების გზაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და დასახელებული მიზნების ეფექტურად შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დაფუძნება.“ – მოგვწერეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან.
[/toggle]
„ბათუმელებს“ ასევე აინტერესებდა დარჩება თუ არა მთის კურორტები მართვაში სახელმწიფო კომპანია „ემ თი ეის“, ან, გადაეცემა თუ არა აჭარის კურორტების [და კონკრეტულად რომელის] მართვა ახალ სააგენტოს? ასევე, რამდენი შტატი იქნება ახალ სააგენტოში, რა თანხა არის გამოყოფილი [ან გამოიყოფა] ბიუჯეტიდან და სხვა, თუმცა, ამ ეტაპზე სამინისტროდან პასუხი ვერ მივიღეთ.
კონკრეტული დეტალები იმ დებულებით განისაზღვრება, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი დაამტკიცებს. ახალი სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს კი, ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს.
აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ბინის გაცემის რიგითობის კრიტერიუმები განსაზღვრა. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს წარუდგინა, პირველ ეტაპზე ბინებს მიიღებენ ოჯახები, რომლებსაც ახალი კორპუსების მშენებლობის დასაწყებად დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება მოუწევთ.
„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ პროგრამის მიხედვით პირველ ეტაპზე ბინებს მიიღებენ ასევე ოჯახები, რომელთა შემადგენლობაშია შშმ სტატუსის მქონე ბავშვი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
ასევე, ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია სპეციალური სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე პირი [რომელსაც არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, თუმცა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს ხანგრძლივ ან მუდმივ სამედიცინო მომსახურებას.]
შემდეგ მოდიან მარტოხელა მშობლები, მარჩენალდაკარგულები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირები,
მრავალშვილიანი ოჯახები [3 და მეტი არასრულწლოვანი შვილი].
ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არაუმეტეს 120 000 სარეიტინგო ქულით და მრავალსულიანი ოჯახები [7 და მეტი წევრი]
პირველ ეტაპზე განიხილება ასევე ოჯახები, რომელთა შემადგენლობაშია ომის ვეტერანი ან მასთან გათანაბრებული
პირი საპენსიო ასაკის პირი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ან დევნილი. შემდეგ მოდიან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები და იპოთეკით დაზარალებული ოჯახები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 34 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +170]
ტანკი – 1 511 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 3 645 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 764 ერთეული [+5]
MLRS – 241 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 99 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 217 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 184 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 626 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 137 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 14 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 560 ერთეული [+7]
სპეცტექნიკა – 60 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
213 თვითმფრინავი
132 ვერტმფრენი
1 355 უპილოტო საფრენი აპარატი
350 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 797 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
670 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 012 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 848 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„უკრაინა სავარაუდოდ აპირებს გადახედოს სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის დაცვის სტრატეგიას, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მძიმე ტექნიკა და სამხედრო ძალები, ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, მცოცავ შეტევებს განაგრძობენ“, – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა დონბასის ფრონტზე არსებულ ვითარებას 25 ივნისის განახლებაში.
უწყების მთავარი ყურადღება უახლეს სადაზვერვო ცნობარში, რუსეთის არმიის გენერლებზეა მიმართული. დაზვერვა აღნიშნავს, რომ ივნისის დასაწყისიდან, რუსეთის უმაღლესმა სარდლობამ რამდენიმე გენერალს უკრაინის ომში მეთაურობა და გადამწყვეტი ფუნქციები ჩამოართვა.
„მათ შორისაა საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი და არმიის სამხრეთის დაჯგუფების მეთაური, გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი. დვორნიკოვი, გარკვეული დროის განმავლობაში, მთავარი ოპერატიული მეთაურის მოვალეობასაც ასრულებდა,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და ვარაუდობს, რომ სამხრეთის დაჯგუფების მეთაურობას, სავარაუდოდ, გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი სუროვიკინს ჩააბარებენ.
„სამხრეთის დანაყოფი კვლავაც ცენტრალურ როლს ასრულებს დონბასის შეტევებში, თავისი 30-წლიანი კარიერის განმავლობაში კი სუროვიკინი ცნობილია კორუფციითა და სისასტიკით“.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა ჯერ კიდევ მაისში აღნიშნავდა, რომ რუსეთის მაღალჩინოსნები პუტინის ნდობას კარგავენ. მაშინ, ბრიტანეთის დაზვერვის ცნობებით, რუსეთმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სამხედრო მეთაურები, რომლებიც მიიჩნია, რომ უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე წარუმატებლად მოქმედებდნენ. დაზვერვა რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანსაც ასახელებდა.
მთავარი ფოტო: სერგეი სუროვიკინი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე
ბათუმში, მერიის შენობის გვერდით კაცი ზის ეტლში, გვერდით ჟანგბადის ბალონი უდევს, წინ, ყუთზე, სიგარეტის კოლოფები და სანთებელები ულაგია. ყუთზე წარწერაა – „გთხოვთ, შეიძინოთ რამე, ამით თქვენ დაეხმარებით მძიმე ავადმყოფს“.
ეს მურმან პაქსაძეა, 48 წლის მოქალაქე. იგი სიგარეტების და სანთებელების გაყიდვით ცდილობს საარსებო თანხის შოვნას.
მურმანის ცხოვრება რამდენიმე წლის წინ შეიცვალა ჯანმრთელობის გამო. მან გვითხრა, რომ სამი წელია ციროზი და B ჰეპატიტი აქვს, სარგებლობს ეტლით და სუნთქვა არ შეუძლია ხელოვნური ჟანგბადის დახმარების გარეშე.
ფოტო: „ბათუმელები“/მარიკა ბოლქვაძე
მურმანი ამბობს, რომ სანამ დაავადება ძალიან დაასუსტებდა, მანამდე მძღოლად მუშაობდა. უკვე ერთი წელია, რაც ეტლით სარგებლობს. გვითხრა, რომ ახლა დარჩენილი აქვს საღი ღვიძლის 10% და სჭირდება ღვიძლის სასწრაფოდ გადანერგვა, ამასთან, მძიმედ აქვს დაზიანებული ფილტვები.
„ჟანგბადის ბალონის შესავსებად ფული მჭირდება. ჟანგბადის გარეშე დამოუკიდებლად სუნთქვა არ შემიძლია. სადაც ვავსებინებ ჟანგბადს, იქ პერსონალს ვეცოდები და 3-4 შევსებას თანხის გარეშე მივსებენ. ძალიან მრცხვენია და ვცდილობ ამ წვრილმანების გაყიდვით თანხა შევაგროვო, რომ გადავიხადო. ჟანგბადის შევსებას 15 ლარი სჭირდება და მთელი დღის განმავლობაში მყოფნის მარაგი“, – გვითხრა მურმან პაქსაძემ.
მურმანი ხელვაჩაურიდანაა, სოფელ შარაბიძეებიდან, თუმცა ახლა ბენზეში ცხოვრობს, დედასთან და ცოლთა ერთად. მან გვითხრა, რომ დედამ ინსულტი გადაიტანა და ვერ გადაადგილდება, მასზე და დედამისზე მურმანის ცოლი ზრუნავს. ოჯახის სოციალურ დახმარებას ვერ იღებს.
„7 წლის წინ მოვყევით მეწყერსაშიშ ზონაში და მივიღეთ ბინა ბენზეში. სანამ ბინას შევიცვლიდით, მანამდე სოციალური დახმარება გვქონდა. ბოლო აღწერაზე გვითხრეს, რომ 120 000 ქულა გვქონდა და დახმარება აღარ გვეკუთვნოდა.
დახმარება მომიხსნეს ტელევიზორის და მისამართის ცვლილების გამო. ასევე მითხრეს, რომ მქონდა სააბაზანოც და ესეც მიზეზად დაასახელეს, რეალურად კი სააბაზანო არის გაურემონტებელი, ე.წ. შავი კარკასია. მხოლოდ უნიტაზი და ხელსაბანი გვაქვს.
სახლში მაქვს სარეცხის მანქანა, გაზქურა, მაცივარი და ტელევიზორი, ეს ტექნიკა გასულ წელს მეორადებში შევიძინეთ ჟურნალისტების შეგროვებული თანხით. ბინაში ჩემი სახსრებით არაფერი არაა შეძენილი, ლოგინიც კი“, – ამბობს მურმანი.
მან გვითხრა, რომ წელს თურქეთში ექიმთან კონსულტაციისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დააფინანსა 2000 ლარით.
„ასევე, ფინანსურადაც მეხმარება და ცდილობს პროდუქტებით მომამარაგოს აჭარის მუფთი. მერიაში საფენებს მაძლევდნენ და ახლა აღარ მაძლევენ, ისევ საცხოვრებლის ცვლილების გამო.
ახლა საფენებსაც ჩემი ხარჯებით ვყიდულობ. ვეღარ ვახერხებ შეკვრით ყიდვას და მიწევს ცალობით ვიყიდო. ერთ საფენში 1.30 ლარს ვიხდი და შეკვრით რომ ვიყიდო, მერე რა უნდა ვქნა? რით ვიარსებო? არ მაქვს არც ანალიზის და არც წამლების ფული“, – ამბობს ის.
მურმან პაქსაძე ამბობს, რომ სანთებელებსა და სიგარეტებს თურქეთში, ექიმთან კონსულტაციაზე წასასვლელი ფულის შესაგროვებლად ყიდის.
„ახლა აქაც იმიტომ ვარ და ვყიდი, რომ თვის ბოლოს თურქეთში ექიმთან უნდა წავიდე კონსულტაციაზე. იქ რომ ჩავალ, ის რას მეტყვის და კიდევ რა ხარჯი მექნება, არავინ იცის. ჩემს უკან ოჯახია და ოჯახსაც თავისი ხარჯები აქვს. ცალკე თანხა სჭირდება დედას, რომლისთვისაც ვერაფერს ვაკეთებ.
ვითხოვ დახმარებას ყველასგან. მე ეტლით ყველგან მისვლას და ყველაფრის გარკვევას ვერ ვახერხებ“, – ამბობს მურმანი.
მან გვითხრა, რომ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციასთან დაკავშირებით ჯერ განცხადებით აჭარის მთავრობისთვის არ მიუმართავს.
მურმან პაქსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეუსაბამო საცხოვრებელი პირობებიც ართულებს. ბინას კორპუსში, სადაც მურმან პაქსაძე ცხოვრობს, ეტლით მოსარგებლეებისთვის ადაპტირებული სადარბაზოს შესასვლელი ნაწილი აქვს, მაგრამ ბინამდე მისასვლელად კიდევ ერთი კიბის გავლაა საჭირო და სწორედ ეს კიბე არ არის გათვლილი შშმ პირებისთვის.
ამ კიბეზე მურმანი ხან ცოლს, ხანაც მეზობლებს ჩაჰყავთ და ამოჰყავთ და ეს საკმაოდ რთული პროცესია.
ბინა, სადაც ოჯახი ცხოვრობს, ფაქტობრივად შავი კარკასია. შეთეთრებულია მხოლოდ მისაღები ოთახი და იატაკიც მხოლოდ ამ ოთახშია, ისიც – ნაწილობრივ. ყველაზე რთული აქ მაინც სააბაზანოს და სველი წერტილების არ არსებობაა.
ოჯახს სააბაზანოში არ აქვს სივრცე, სადაც დაბანას შეძლებენ, ამიტომ მეზობლის სააბაზანოთი სარგებლობენ.
მისაღები ოთახი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილისველი წერტილი
მურმანმა გვითხრა, რომ სახლში ხშირად ეთიშებათ ელექტროენერგია. მისი სუნთქვა კი ამაზეა დამოკიდებული, რადგან თუ შუქი გაითიშება, გაითიშება სასუნთქი აპარატიც. „ჟანგბადის გარეშე კი მაქსიმუმ 10 წუთი შემიძლია გავძლო“- ამბობს მურმან პაქსაძე.
ოჯახში სამი წევრია და სამივეს სესხი აქვს გამოტანილი. 1716 ლარი, საპენსიო სესხი, მურმან პაქსაძემ შარშან, სექტემბერში გამოიტანა. ყოველ თვე პენსიიდან იგი 62 ლარს იხდის ამ სესხის დასაფარად და ჯამში 2966 ლარი [აქედან 1250 ლარი პროცენტია] 2025 წელს უნდა დაფაროს.
საპენსიო სესხი აქვს გამოტანილი მურმანის დედასაც, რომელიც წევს და დამოუკიდებლად გადაადგილება მას არ შეუძლია. 2 129 ლარი აქვს „თიბისი“ ბანკიდან სესხად აღებული მურმანის ცოლს, დონარი პაქსაძეს.
მურმანის თქმით, ოჯახი ბანკს მაშინ მიმართავს, როდესაც წამალი სასწრაფოდ ესაჭიროებათ და საყიდელ ფულს სხვაგან ვერსად შოულობენ.
ამჟამად ოჯახის შემოსავალი მურმანის და დედამისის პენსია, სულ 460 ლარია, რაც 3 ადამიანისთვის, რომელთაგანაც ორს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, საკმარისი არ არის.
__________________
მურმან პაქსაძის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
„ბიძინას შეგინებისთვის პოლიციელებმა პლასტმასის ბოთლი თავში მირტყეს“, – ამბობს ბათუმელი ლადო ჩიბურდანიძე. მისი თქმით, წუხელ პოლიციელებმა ბათუმის მე-3 განყოფილებაში მასზე ფიზიკურად იძალადეს, აგინეს და ე.წ. ქურდული ლექსიკით შეურაცხყვეს.
ლადო ჩიბურდანიძე სამოქალაქო აქტივისტია – 2022 წლის აპრილში მან მეგობრებთან ერთად ბათუმში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალურად ჩაწერა ხმა და ბულვარსა და ქუჩებში მოსეირნე რუსეთის მოქალაქეებს ასმენინებენ. „პუტინ ხუილო! რუსეთი ოკუპანტია! თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია.
„მეგობრებთან ერთად ვიყავი ძველ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ბარში, დაახლოებით ღამის ორზე გამოვედი იქედან,“ – გვიყვება ლადო ჩიბურდანიძე ინციდენტს პოლიციელებთან, რის გამოც მას ამ დრომდე შსს-თვის არ მიუმართავს, თუმცა დღეს გადაწყვიტა, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობა გაასაჩივროს.
„ბარიდან ველოთი ვაპირებდი სახლში წასვლას, მაგრამ ქუჩაში მდგომი რამდენიმე პოლიციელი დავინახე და მათთან გამოლაპარაკება გადავწყვიტე, ნასვამი ვიყავი და ცოტა თამამიც, მაგრამ მე მათთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ვუთხარი, რომ პოლიციელებს დიდი ძალა გაქვთ და ასე, ერთ კაცს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას-მეთქი. საუბარში ბიძინა ივანიშვილს შევაგინე კიდეც და მის აღებულ კურსს. ამ დროს ერთმა პოლიციელმა მითხრა „გააჯვიო“. ვუთხარი, რომ პოლიციელი ასე არ უნდა ესაუბრებოდეს მოქალაქეს.
თქვეს, ეს ბევრს ლაპარაკობს რაღაც და ხომ არ გადავიყვანოთ განყოფილებაშიო. მანქანაში როცა ჩამსვეს, ვუთხარი, რომ ძალადობის მეშინია და ხელი არ დაერტყათ. ამაზე ატეხეს სიცილი, ეს ქათამი ყოფილაო.
ქუთაისის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში შემიყვანეს და მობილურიც წამართვეს, ვუხსნიდი, რომ ასე პოლიციელები მოქალაქეს არ უნდა ექცეოდნენ, ამის უფლება არ ჰქონდათ და ერთ-ერთმა ბაკურიანის ნახევრად სავსე ბოთლი ჩამარტყა თავში. რამდენჯერმე ჩამარტყა თავში ბოთლი, მეორე კი, მაგინებდა, მიწოდებდა „ყლ.. ხარ“, „ქათამი“, „რა ტვინი მოტყ..“ სულ 10 პოლიციელი იყო, მაგრამ ორი აქტიურობდა მხოლოდ, ერთი ბოთლს მირტყამდა, მეორე – მაგინებდა. მე არ ვიცი მათი ვინაობა, მაგრამ ამოცნობა შემიძლია,“ – ამბობს ლადო ჩიბურდანიძე.
მოქალაქის თქმით, მასზე პოლიციელებმა პოლიციის განყოფილებაში უფროსის თვალწინ იძალადეს:
„უფროსიც იქ იყო, გამოყოფილ ოთახში იჯდა, შემოვიდა, იმანაც რაღაც უხეშად მითხრა, არ მახსოვს და უკან გაბრუნდა. ვუთხარი, რომ ძალიან მეშინოდა მათი და გავეშვი. ამაზე იცინოდნენ, ნახე, როგორ ეშინია ქათამსო, რაღაც ფურცელზე მომაწერინეს ხელი, არც ვიცი, რა ეწერა ამ ფურცელზე… როცა გამოვდიოდი, ბოთლი, ბოთლიო, იძახდნენ.
განყოფილებასთან გარეთ დამახვედრეს ჩემი ველოსიპედი, სწრაფად წამოვედი იქედან.
არავისთვის არ მიმიმართავს. არ ვიცი, ვის უნდა მიმართო ამ დროს, ვინ დამიცავს, როცა პოლიცია ასე იქცევა,“ – გვითხრა ლადო ჩიბურდანიძემ.
დღეს, 24 ივნისს, საღამოს, თბილისში გამართულ აქციაზე შეკრებულ მოქალაქეებს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა მოკლე ვიდეორგოლით.
„გამარჯობა საქართველო! მინდა, რომ დღეს ჩემი ყველამ გაიგოს. ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყნები ვართ და ეს სამუდამოა.
მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა, მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა. და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანის.
ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებალად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით.
გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ – ჩვენ დაგეხმარებით!
უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!
მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა ჩემი გრძნობა თქვენს მიმართ გულწრფელია. წარმატებას გისურვებთ!“ – ამბობსუკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.
გუშინ, 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.
დღეს, თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორთა თქმით, „საქართველოს ევროპული არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას“.
თბილისში, აქციაზე წაიკითხეს მოთხოვნების სია, რომელთა შორისაა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომა 1 კვირის ვადაში და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა.
„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ 3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია.