მთავარი,სიახლეები

ბათუმში ავიალაინერებისთვის ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას გეგმავენ

25.06.2022 • 2596
ბათუმში ავიალაინერებისთვის ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას გეგმავენ

ბათუმში, აეროპორტის ტერიტორიაზე ავიალაინერებისთვის ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას გეგმავენ. ნებართვის მოპოვების მიზნით, ბათუმის მერიას შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯიამ“ მიმართა. კომპანიას ლაშა გვეტაძე ხელმძღვანელობს, მისი ასი პროცენტის მფლობელი კი კვიპროსში დაფუძნებული კომპანია შპს „ჯიეჯია“ [ამ კომპანიის დირექტორი ბრიტანეთის მოქალაქეა].

შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ 2017 წელს დააფუძნეს, როგორც შპს „ეარ ვისოლი“ – კომპანიის ასივე პროცენტს სააქციო საზოგადოება ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია ფლობდა. 2018 წლიდან კი, ფინანსური გარიგების შედეგად, კომპანია შპს „ჯიეჯის“ საკუთრებაში გადავიდა და სახელიც შეიცვალა.

ავიალაინერების ბენზინგასამართი სადგურის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშენებლობა ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე, კერძოდ აეროპორტის გზატკეცილზე #220-ში იგეგმება. კომპანია სადგურის მოწყობას „ტავ-ჯორჯიას“ მიერ დროებით სარგებლობაში გადაცემულ 1020 კვ.მეტრზე გეგმავს.

კომპანიას მერიაში წარდგენილი აქვს გეოლოგიური დასკვნა, საკომუნიკაციო ქსელების მმართველი კომპანიების თანხმობა, პროექტის მონახაზი, პარამეტრები, სქემები და სხვა დოკუმენტები.

კომპანიის განმარტებით, საპროექტო ტერიტორია ხასიათდება მარტივი რელიეფით: აბსოლუტური ნიშნულები ზღვის დონიდან
7,88 მ. -სა და 7,74 მ.-ს შორის მერყეობს.

კომპანიის განმარტებით: „გეგმარებით-ფუნქციური თვალსაზრისით საჰაერო ხომალდების საწვავით მოსამარაგებელი საპროექტო სადგური, რომელიც ამავდროულად ავიასაწვავის საწყობის ფუნქციას ასრულებს, საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიიდან  მავთულბადის პანელური განიავებადი ღობით გამოიყოფა, სადაც ავტოცისტერნების შევა-გამოვა ორი ჭიშკრის საშუალებით.

საპროექტო ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება სარეზერვუარო პარკი საერთო ტევადობით 230 მ³, რომლის შემადგენლობაშიც შედის ერთი 150 მ³ და ერთი 80 მ³ ტევადობის მიწისზედა ვერტიკალური ცილინდრული ფოლადის რეზერვუარი საავიაციო საწვავის GET A-1 და TC-1 მიღება-გაცემისათვის.

ტერიტორიაზე, მიწისქვეშა განთავსებით მოეწყობა აგრეთვე დაბინძურებული წყლების გამწმენდი ნაგებობა-ნავთობდამჭერი, შესაბამისი ტექნოლოგიური მილსადენებით.

რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, კომპანია ბათუმის მერიას წერს:

„ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის კიდესთან, ხანძარსაწინააღმდეგო თვალსაზრისით, ასევე მიწისქვეშა განთავსებითაა გათვალისწინებული სახანძრო წყლის ჰიდრანტის ჭის მოწყობა. ჩრდილო-აღმოსავლეთის უკიდურეს კუთხესთან, მომსახურე პერსონალისათვის გათვალისწინებულია დროებითი-საძირკვლის არმქონე ჯიხურის განთავსება.

საპროექტო ტერიტორიის 10% ფართობზე გათვალისწინებულია მწვანე ნარგავების გაშენება და გაზონის მოწყობა. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების თვალსაზრისით წიწვოვანი ნარგავების გაშენება ნავთობპროდუქტების საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის მიზანშეწონილი, ამ მიზნით გამწვანების ზონისათვის უნდა შეირჩეს დაბალი სიმაღლის წვრილფოთლოვანი ბუჩქის ტიპის ნარგავები.

სარეზერვუარო პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მხოლოდ ბალახის გაზონი ნარგავების გარეშე; სარეზერვუარო პარკის შიდა ტერიტორიაზე, ჯებირის შიგა კონტურის ფარგლებში ყოველგვარი მწვანე ნარგავებისა და ბალახის გაზონის გაშენება აკრძალულია.“

2021 წლის 11 ნოემბერს მერიამ პროექტის განხილვისთვის დამატებითი დოკუმენტები მოითხოვა. ოფიციალურ პასუხთან ერთად მერიამ კომპანიას წარსადგენი დოკუმენტების გრძელი ჩამონათვალიც მიაწოდა დანართის სახით.

კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, პროექტი „ჯერ პანდემიის, შემდეგ კი მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო გაჩერდა“, თუმცა ძალაშია: მომზადებულია შესაბამისი კვლევები, საჭიროა ასევე გეზეშეს მომზადება გარემოს დაცვითი სტრუქტურებიდან თანხმობის მისაღებად.

„მთელი რიგი საჭირო დანადგარები უკრაინიდან უნდა ჩამოგვეტანა, მიმდინარე პროცესებმა შეგვაფერხა, თუმცა პროექტზე უარს არ ვამბობთ. დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება“, – გვითხრა კომპანიის დირექტორმა.

გადაბეჭდვის წესი