მთავარი,სიახლეები

რატომ ამჯობინეს ჟოლოს მოყვანა კარტოფილს ხულოს სოფელ დიოკნისში

26.06.2022 • 2637
რატომ ამჯობინეს ჟოლოს მოყვანა კარტოფილს ხულოს სოფელ დიოკნისში

ხულოს სოფელ დიოკნისში, სადაც 70-მდე ოჯახი ცხოვრობს, ბოლო წლებია კარტოფილის მოყვანას ჟოლოს ბაღების გაშენებას ამჯობინებენ. 

60 წლის თენგო შავაძემ კენკროვანი კულტურის მეურნეობაზე გადასვლა სამი წლის წინ, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნახა, რომ მეზობლების გაშენებული ჟოლოს ბაღები კარგ მოსავალს იძლეოდა და მისი მოვლა, კარტოფილის ნარგავებთან შედარებით, ნაკლებად შრომატევადი იყო.

თენგომ ბაღის გაშენება ჟოლოს 200 ნერგით დაიწყო. ნერგები 1 ლარად შეიძინა, შემდეგ წლებში კი უკვე საკუთარი ჟოლოს ნარგავიდან ამრავლებდა ნერგებს. დღეს თენგოს ბაღში 2 000-მდე ჟოლოს ბუჩქია. მას გამრავლების ახალ ფაზაში აქვს მაყვალიც.

თენგო პროფესიით აგრონომია. გვიყვება, რომ კარტოფილი უფრო და უფრო ნაკლებ მოსავალს იძლეოდა, რადგან  კარტოფილის ყოველწლიურად მოყვანამ ნიადაგი გამოფიტა.

თენგომ იცოდა, როგორ ეზრუნა კენკროვან კულტურაზე, რამაც ბაღის მოვლა გაუადვილა.

„ჩემთვის მაგალითი ის ადგილობრივები იყვნენ, ვინც ჩემამდე დაიწყო ამ კულტურის გაშენება. ვაკვირდებოდი, რომ ჟოლოს შემოსავალი კარტოფილთან შედარებით მეტი ჰქონდა.

ხულოში ჟოლოს ნაყოფის ფორმა, ზომა, წონა, ზოგადად, მცენარის განვითარების კარგი მაჩვენებელი გვაქვს.

მთავარი სირთულე ის არის, რომ ამ კულტურას უფრო მეტი ტენიანობა სჭირდება, ვიდრე აქ არის.

ახლა თითქმის ყველამ გააკეთა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, თუმცა აქამდე მის მოსაწყობად საჭირო შემოსავალი არ გვქონდა. ნერგების გაზრდას უწყლობა აფერხებდა“, – გვიყვება თენგო.

თენგო შავაძე თავის ჟოლოს ბაღში

ხულოს დიდთოვლიანმა ზამთარმა წელს მთელ სოფელში დააზიანა ჟოლოს ნარგავები. თოვლის სიმძიმეს ჟოლოს ბუჩქებმა ვერ გაუძლო, რის გამოც ადგილობრივებს ბუჩქების გადაჭრა მოუხდათ, ამიტომ, პირველ მოსავალს წელს, გასულ წელთან შედარებით, გაცილებით გვიან ელოდებიან.

ახალდარგული ნერგები ნაკლებ მოსავალს იძლევა. თენგოს პირველ წელს დარგულმა 200-მა ძირმა ნერგმა ჯამში 500 კილოგრამამდე ჟოლო მისცა, წელს კი თენგო ტონა-ნახევარ მოსავალს ელოდება.

როგორც ფერმერი გვიყვება, ჟოლოს ფასი ცვალებადია. ადგილობრივები ჟოლოს ძირითადად ბათუმის ბაზარში აბარებენ. „გასულ წელს, როცა დავიწყეთ ჟოლოს ჩაბარება, 6 ლარად ვაბარებდით, შემდეგ კი – 5 ლარად,“ – გვიყვება თენგო.

იგი ამბობს, რომ მისი ცხოვრება ჟოლოს ბაღის მოშენების შემდეგ ეკონომიკურად უკეთესობისკენ შეიცვალა.

„იმის გამო, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ქალაქებში წავიდა, მესაქონლეობას ნაკლებად ვეწევით. ჩვენ უკვე მოვხუცდით, ბევრი აღარ შეგვიძლია. მხოლოდ იმდენი პროდუქტი გვაქვს ოჯახში, რომ გვეყოფა, შვილებს და შვილიშვილებს საჩუქრად გავუგზავნით,“ – ამბობს ის.

თენგო შავაძის თქმით, თუ ჟოლოს დროულად და სათანადოდ არ მოუვლი, ნაყოფს არ მოგცემს. ინტერვიუს ჩაწერის დროსაც თენგო ჟოლოს ბაღში იყო, ნარგავებს „მწვანე ოპერაციას“ უტარებდა:

„მწვანე ოპერაცია ჟოლოს ნერგების ტოტებზე წვეროების მოტეხას ნიშნავს, რათა სიმაღლეში მეტად აღარ წავიდეს და უკვე გამოიღოს კვირტები ნაყოფის მოსაცემად,“ – აგვიხსნა მან.

როგორც თენგომ გვიტხრა, გაზაფხულზე, პირველ რიგში, ჟოლოს ბაღში ბოძებისა და მავთულების შეკეთებაა საჭირო, რასაც ყვავილობის დროს აუყვება ჟოლო. შემდეგ ამუშავებენ ნიადაგს ბუჩქების მწკრივებს შორის და შეაქვთ სასუქი. ძირითადად, თენგო მისი ბაღისთვის ბიოსასუქს იყენებს.

თენგო შავაძის ჟოლოს ბაღი

პერიოდულად ჟოლოს ბაღს სარეველა ბალახებისგანაც წმენდენ.

თენგოს თქმით, ყველაზე რთული ჟოლოს დაკრეფაა. ბუჩქი ყოველდღე უნდა დაიკრიფოს პირველი ნაყოფის მოცემის შემდეგ. თენგო ვარაუდობს, რომ თუ კარგი ამინდი იქნება, აგვისტოდან ნოემბრის ბოლომდე ჟოლოს ყოველდღიურად  მოკრეფენ.

ჟოლოს რეალიზებაში ადგილობრივებს გურამ ძირკვაძე ეხმარება. გურამი პირველი იყო, ვინც სოფელში ჟოლოს ბაღი გააშენა.

„ჩვენი სოფელი ბათუმიდან 100 კილომეტრშია. ყოველ დღე ჩვენი ძალებით ვერ წავიღებთ ჟოლოს ბათუმში ჩასაბარებლად.  გურამს სპეციალური, მაცივრებით აღჭურვილი მანქანა აქვს. ჩამოივლის ყველასთან, შეაგროვებს ჩვენს ჟოლოს და  შემდეგ ის უკეთებს  რეალიზებას. ცხადია, მოგება მასაც უნდა დარჩეს,“ – გვიყვება თენგო.

ჟოლო ძალიან ფრთხილად უნდა დაიკრიფოს, რომ არ დაიჭყლიტოს და გაფუჭდეს. თენგოს თქმით, ერთი ადამიანი ბევრის დაკრეფას ვერ ახერხებს და მოსავლის აღებისას ადგილობრივ ფერმერებს დამხმარეები აჰყავთ.

ჟოლოს ვერ დაკრეფ წვიმიან ამინდში, ასევე, ძლიერი სიცხის დროს, რადგან მალე ფუჭდება. ჟოლო სიგრილეში, ადრიან დილას ან საღამოს უნდა დაიკრიფოს

თენგოს თქმით, რადგან დიოკნისში თითქმის ყველა ოჯახს თავისი ჟოლოს ბაღი აქვს, არავის აქვს დრო და ამიტომ დამხმარეები ძირითადად მეზობელი სოფლის მცხოვრებლები არიან: „შარშან დამხმარეებს 20-25 ლარს ვუხდიდით. წელს ვნახოთ, როგორ იქნება, ყველაფერზე მოიმატა ფასებმა და ალბათ, ეს თანხაც გაიზრდება“.

თენგო ფიქრობს, რომ მეზობელ სოფლებში ჟოლოს ბაღების გაშენებისგან თავს წყლის პრობლემების გამო იკავებენ:

„ჩვენს სოფელში ბაღების მორწყვისთვის წყალი არის. სოფლებში, სადაც წყლის პრობლემაა, აზრი არ აქვს ჟოლოს ბაღების გაშენებას“.

თენგომ წელს ჟოლოს 2 000 ძირი ნერგიც გაყიდა, –  ერთი ნერგი 40 თეთრად. თენგოს ვარაუდით, შემდეგ წლებში ჟოლოს ნერგების გასაყიდი ბაზარი აღარ იქნება, რადგან უკვე ყველას აქვს ჟოლოს ბაღი.

თენგო შავაძის ჟოლოს ბაღი

„ბათუმელები“ კიდევ ერთ დიოკნისელს, 50 წლის მარგო შავაძეს ესაუბრა, რომელმაც ჟოლოს ბაღი 4 წლის წინ გააშენა.

მან პირველად 650 ჟოლოს ნერგი იყიდა და გადაამრავლა, დღეს კი 6 000 ძირ ჟოლოს ბუჩქს უვლის. მარგო ბიბლიოთეკარია და სოფლის ბიბლიოთეკაში მუშაობს.

როგორ მოევლო ჟოლოს ბაღისთვის, მარგომ არ იცოდა და რჩევებს ამ საქმეში უკვე გამოცდილ მეზობლებს ეკითხებოდა. შემდეგ თვითონ დაიწყო ცდების ჩატარება, თუ რა აჯობებდა ჟოლოს ბაღისთვის და, როგორც გვითხრა, დღემდე  აგრძელებს დაკვირვებას.

„ვუყურებდი სხვებს, კარგი შედეგი და მოსავალი ჰქონდათ. უკეთესად იყიდებოდა ბაზარზე ჟოლო და მეც ამ კულტურის მოშენება გადავწყვიტე. სოფელში სხვა ყველაფერმა დაკარგა ფასი, მხოლოდ ისაა, რომ რასაც მოიყვან, თავად შეჭამ, სხვა სარგებელს ვერ ნახავ დანარჩენი კულტურებისგან, მათი ფასი თეთრებია“, – გვითხრა მარგომ. 

მისი თქმით, ჟოლოს ნაყოფის ხარისხი პირველ რიგში ამინდზეა დამოკიდებული. ჟოლოს მორწყვა მზიან ამინდში აუცილებელია.

მარგოს წვეთოვანი სარწყავი სისტემა ჯერ არ აქვს და ბუჩქებს წყლით რწყავს, რომელიც გრაფიკით აქვთ სოფელში გაწერილი.

„ჟოლოს ფასი იცვლება – 5, 6, 7 ლარიც ღირს. პირველი წლის შემოსავალი რომ დავაჯამე, 2 000 ლარი გამოგვივიდა, შემდეგ წელს – 5 500 ლარი. მესამე წელსაც დავიმატე ნერგები, წელს და შარშან 7 000 ლარამდე შემოსავალი მქონდა და წელს უფრო მეტის, 15 000 ლარის შემოსავლის იმედი მაქვს. ნერგების დამატებას წელსაც ვაპირებ“.

მარგო ამბობს, რომ მისი ცხოვრება კენკროვანი კულტურის წარმოების დაწყებამ უკეთესობისკენ შეცვალა და მიუხედავად იმისა, რომ შრომატევადი საქმეა, ღირს, რადგან აქვს შემოსავალიც.

მარგოს დამხმარეები აქამდე არასდროს ჰყოლია, ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად კრეფდა ჟოლოს, თუმცა, მისი თქმით, წელს აუცილებლად დასჭირდება დამხმარეები.

„მინდა, რომ ჩვენი შრომა დაფასდეს და ჟოლოს ფასი არ დავარდეს. 6-7 ლარი მაინც რომ იყოს 1 კილოგრამის ფასი, კარგი იქნება.

სოფელში ახალგაზრდები აღარ არიან, თუმცა ჟოლოს მეურნეობამ ისინი დააინტერესა. მინდა, რომ სოფელი არ განადგურდეს, ახალგაზრდები არ წავიდნენ. ჟოლოს ბაღებმა ბევრი ახალგაზრდა მოაბრუნა სოფლისკენ და სეზონზე მაინც ბრუნდებიან ოჯახების დასახმარებლად, ჟოლოს ბაღებში,“ – გვითხრა მარგომ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: