მთავარი,სიახლეები

კინო ღია ცისქვეშ ხულოში – ნათხოვარი ტექნიკა და მაკულატურით ნაყიდი 12 პუფი

25.06.2022 • 1701
კინო ღია ცისქვეშ ხულოში – ნათხოვარი ტექნიკა და მაკულატურით ნაყიდი 12 პუფი

ხულოელი ახალგაზრდების ჯგუფი უკვე ერთი წელია რაც დაბა ხულოში ღია კინოთეატრის გაკეთების იდეამ გააერთიანა. „აჭარული საღამოები ღია ცის ქვეშ“ – ასე უწოდეს ახალგაზრდებმა პროექტს.

იდეის თანაავტორების, 18 წლის ნათია ჭელიძისა და 17 წლის დეა თავართქილაძის თქმით, კინოთეატრის მოწყობა ჯერ კიდევ მაშინ უნდოდათ, როცა ძალიან პატარები იყვნენ და ეს მათთვის ახდენილ ოცნებას ჰგავს. ხულოში კინოთეატრი უკვე ათწლეულებია არ არის და ასობით ახალგაზრდას არასდროს უნახავს კინო დიდ ეკრანზე.

პირველი ფილმის ჩვენება ახალგაზრდებმა, ნათხოვარი ტექნიკით, 21 ივნისს დაგეგმეს, თუმცა ამ დღეს გაწვიმდა, დენის წყარო არ ჰქონდათ და რობერტო ბენინის ფილმის – „ცხოვრება მშვენიერია“ – ჩვენება ვერ შეძლეს, მაგრამ მაშინვე არ დაშლილან, ხულოს თეატრის წინ, მცირე, გადახურულ სივრცეს შეაფარეს თავი და პრეზენტაცია გააკეთეს იმაზე, თუ რას აკეთებდნენ 1 წლის განმავლობაში მათი იდეის განსახორციელებლად.

ნათიასა და დეას თქმით, პირველი ფილმის ჩვენებას გამოდარებისთანავე დაგეგმავენ და სავარაუდოდ, ფილმის ჩვენებებს ძირითადად ხულოს თეატრის წინ გამართავენ.

დასაწყისში ახალგაზრდებმა თავიანთ იდეას პროექტის სახე მისცეს და „ორბელიანი მეტზე“ შეიტანეს დაფინანსების მოსაპოვებლად, რათა საჭირო ტექნიკა და სხვა რესურსები შეეძინათ. პროექტმა დაფინანსება ვერ მოიპოვა, თუმცა „ორბელიანი მეტის“ წარმომადგენლებმა თავიანთ საიტზე განთავსება შესთავაზეს ავტორებს, სადაც ხულოელი ახალგაზრდების იდეის მხარდამჭერებს ფულის ჩარიცხვა შეეძლოთ.

გოგოები „ორბელიანზე“ განთავსების შემოთავაზებას დასთანხმდნენ, მაგრამ თანხის მოპოვების სხვა გზებზეც დაიწყეს ფიქრი. ასე მოიფიქრეს მაკულატურა შეეგროვებინათ და მიღებული თანხა პროექტის განსახორციელებლად გამოეყენებინათ.

ახალგაზრდები ღია კინოთეატრისთვის ერთი წელი აგროვებდნენ და ახარისხებდნენ მაკულატურას. ჯამში მათ ტონა ნახევარი მაკულატურის შეგროვება შეძლეს, 500 ლარამდე შეაგროვეს და 12 ცალი პუფი შეიძინეს.

ნათია გვიყვება, რომ მათი მთავარი მიზანი იყო შეექმნათ სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებდა და ხედვების გაცვლის შესაძლებლობას მისცემდა. ნათია კინოში არასდროს ყოფილა, დეა კი მხოლოდ ერთხელაა ნამყოფი. 

„ერთი წელია სხვადასხვა გზით ვცდილობდით საჭირო რესურსების შეგროვებას ღია კინოთეატრის მოსაწყობად. სივრცე არ გვქონდა, სადაც მაკულატურას შევინახავდით. ხან ვის ვთხოვდით სივრცის დათმობას და ხანაც ვის. ხელით ვეზიდებოდით მაკულატურას. მინიმუმ 9-ჯერ მოგვიხდა ადგილის გამოცვლა“, – გვიყვება ნათია.

ხულოელი ახალგაზრდების შეგროვებული მაკულატურა

მისი თქმით, პერიოდულად საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებასაც აწყდებოდნენ და როცა მაკულატურა ხელით გადაჰქონდათ ერთი შენობიდან მეორეში, ესმოდათ: „თქვენმა მშობლებმა თუ იციან“, „ახლა თქვენ სკოლაში უნდა იყოთ“, „ვაიმე, თქვენ გამოცდები არ გაქვთ“ და ა.შ.

ნათიას თქმით, მაკულატურის შეგროვებაში ადგილობრივები ეხმარებოდნენ. ზოგჯერ მიჰქონდათ, ზოგჯერ თავად მიდიოდნენ მაკულატურის წამოსაღებად. მაკულატურა მოჰქონდათ ბანკებიდან, მერიიდან, სხვადასხვა უწყებიდან, მოსახლეობიდან.

ახალგაზრდებმა თანხა ძირითადად მაკულატურის დახმარებით შეაგროვეს, თანხის ნაწილი კი „ორბელიანი მეტის“ დახმარებით ჩაურიცხეს მათ პროექტს.

ხულოელი ახალგაზრდების შეგროვებული მაკულატურა

საბოლოოდ, „აჭარული საღამოები ღია ცის ქვეშ“ ხულოში გაიმართება, მაგრამ ნათხოვარი ტექნიკით. ტექნიკურ მხარდაჭერას იდეის ავტორებს ხულოს „წითელი ჯვარი“ და „ლაგი“ გაუწევს.

„ფინანსები გვჭირდება უკეთესი აპარატურა რომ შევიძინოთ. ყოველთვის სხვისი ტექნიკის გამოყენება რთულია. მათაც სჭირდებათ, ვინც გვაძლევს და გვიწევს მათ მოვერგოთ, ანუ, როცა მოგვინდება ვერ მოვაწყობთ ფილმის ჩვენებებს, მათზე ვართ დამოკიდებული.

ახლა მაქსიმუმ 12 ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია. უფრო მეტი ადამიანი რომ დასხდეს, კიდევ გვჭირდება პუფები“, – გვითხრა ნათიამ.

ნათიას თქმით, მათი შრომით შეძენილ პუფებს ხულოს „წითელი ჯვრის“ ოფისში ინახავენ და როცა შეხვედრები აქვთ, ხელით ეზიდებიან ფილმის ჩვენებისთვის შერჩეულ ადგილამდე.

„მალე ჩვენი გუნდის ბევრი წევრი შეიძლება ქალაქში წავიდეს სასწავლებლად. შევთანხმდით, რომ პუფები „წითელ ჯვარში“ დარჩება და ამ რესურსით ის ახალგაზრდები ისარგებლებენ, რომლებიც ღია ცის ქვეშ აჭარულ საღამოებს გააგრძელებენ“.

ნათია ჭელიძე ამბობს, რომ მათი პირველი შეხვედრა ფილმის სანახავად, მიუხედავად იმისა, რომ კინოს ჩვენება ვერ შეძლეს, მაინც ძალიან ამაღელვებელი იყო.

„საოცრად ვნერვიულობდი. ძალიან მინდოდა ეს პროექტი შემდგარიყო და დამემტკიცებინა იმ ადამიანებისთვის, ვინც მხარს გვიჭერდა, რომ პატარა ადამიანებსაც შეგვიძლია დიდი რაღაცების კეთება და ვფიქრობ, ამ მიზანს მივაღწიეთ.

ახლაც ემოციებში ვარ, თავიდან მეგონა, რომ ეს შედეგიც არ გვექნებოდა. ძალიან გაგვიჭირდა, ყველაფერი ჩვენი წვალებით გავაკეთეთ, რადგან დიდი მხარდამჭერი არ გვყოლია.

მინიმალური მხარდაჭერით და შეგროვებული მაკულატურით პუფების შეძენა მაინც რომ შევძელით, ეს ძალიან დიდი ამბავი მგონია. შესაძლოა, რაღაცები ისე არ ხდება, როგორც გვინდა, მაგრამ თუ მოვინდომებთ, ყველაფერი გამოდის“ – გვიყვება ნათია.

ნათია ჭელიძე

პროექტის – „აჭარული საღამოები ღია ცის ქვეშ“ – ავტორებს უნდათ, რომ მათ იდეას მოძრავი კინოთეატრის სახე მიეცეს და ფილმის ჩვენებები ხულოს სხვადასხვა სოფლებშიც მოაწყონ.

დეა თავართქილაძის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტისგან მოშორებით მდებარე სოფლებში მცხოვრებლებსაც მიეცეთ შესაძლებლობა ღია კინოთეატრით სარგებლობის.

„ჯერ დეტალები კარგად არ გვაქვს დაზუსტებული, თუმცა მერიის წარმომადგენლებს ამ თემაზე ვესაუბრეთ. მხარდაჭერას გვიცხადებენ და ისინი დაგვეხმარებიან ტრანსპორტირებაში“, – გვითხრა დეამ.

დეასთვის ღია კინოთეატრის შექმნა ბავშვობის ახდენილი ოცნებაა – „ვუყურებდი სხვებს და მინდოდა მსგავსი რამ ჩვენც გვქონოდა. როცა დავიწყეთ თანხის შეგროვება, ვიცოდით, რომ საქმე ბოლომდე უნდა მიგვეყვანა და ნეგატიური ფიქრები არ გვქონია“, – ამბობს დეა.

დეა აღნიშნავს, რომ მათ გუნდს მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ეხმარებოდნენ „წითელი ჯვრის“ მოხალისეები. ისინი ჩართული იყვნენ მაკულატურის დახარისხებაშიც. იგი ამბობს, რომ ხულოს მერიისგან დენის წყაროს მიწოდებაში დახმარების დაპირებაც მიიღეს.

რომელი ფილმის ჩვენება მოეწყობა, ამას ორგანიზატორები „აჭარული საღამოები ღია ცის ქვეშ“ ფეისბუქჯგუფში გამოკითხვების მიხედვით გადაწყვეტენ.

დეა თავართქილაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: