ბათუმში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელშიც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, ბეტონის კედელს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოებით ჩანს, რომ ავტომანქანა ორ ნაწილად გაიყო ავარიის შედეგად.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ექიმებს ადგილზე  გარდაცვლილი დახვდა ერთი ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

გიორგი ერმაკოვი თავისუფალია, ის გაფლანგვის ნაწილში გამართლდა – ადვოკატი

თავისუფალია ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი, რომელიც 2019 წელს დააპატიმრეს. ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ვერა დოლიძემ გაამართლა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ნაწილში და დამნაშავედ მიიჩნია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით. ამისთვის ბათუმის ყოფილ მერს 3 წლით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.

„ეს ვადა უკვე გავიდა, ამიტომაც ერმაკოვი პირდაპირ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 წლით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა, გია ერმაკოვი უკვე ბათუმში მოდის, გზაშია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გია ერმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.

რატომ არ გაიმართა ამ დრომდე გია ერმაკოვის საქმის სააპელაციო განხილვა? – ლევან მახარაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლომ ამ დრომდე კოვიდპანდემიის მომიზეზებით აჭიანურებდა საქმის განხილვას.

—————

ბათუმის ყოფილი მერი, გია ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი მაღალჩინოსანი პროკურატურამ 2019 წლის 30 მაისს დააკავა. მათ გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საუბარია „იაფი სახლის“ პროექტზე, რომლის გამოც ჩატარებულ ტენდერზე მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა.

ამ საქმეზე დაკავებული სხვა ბრალდებულების განაჩენი ნახეთ აქ.

________________________

ფოტოზე: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და ადვოკატი ლევან მახარაშვილი. ფოტო გადაღებულია დღეს, 5 ივლისს, როცა გიორგი ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.

ამ თემაზე:

“ასე ჩავრჩით ჩვენ აქ”- გია ერმაკოვის რეპლიკა მოწმეს

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სისხლში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა – ექსპერტიზის დასკვნა

„ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზით წარმოდგენილ გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები,“ – აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ დღეს, 5 ივლისს, გაასაჯაროვა.

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

გალიფ ოზთურქის ექსპერტიზის დასკვნა

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში ჩამოთვლილია კონკრეტული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რაც ოზთურქის სისხლში არ აღმოჩნდა. დასკვნა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 21 ივნისსაა გაცემული. თუმცა კომპანია „მეტრო ჰოლდინგის“ დირექტორი, რაულ კახაძე ამბობს, რომ დასკვნა მტკიცებულების სახით დაცვის მხარეს დღეს ჩაჰბარდა.

„აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომელსაც ბრალდებულის დაკავების დღიდანვე გამოვხატავდით; კერძოდ, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები არ ეკუთვნის ბ-ნ გალიფ ოზთურქს და მისი „აღმოჩენა“ მთელ რიგ კითხვებს ბადებს, რომელსაც ახლო მომავალში აუცილებლად გაეცემა პასუხი. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ გალიფ ოზთურქის უდანაშაულობის შესახებ წარდგენილ ბრალდებაში, რაც სასამართლოსა და ფართო საზოგადოების წინაშე დადასტურდება საქმის სასამართლოში განხილვის დროს.

დაკავების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ბ-ნ გალიფ ოზთურქმა აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, შექმნილ ვითარებას უწოდა გაუგებრობა და მთავარ პრობლემად, მის საკუთრებაში არსებული “მეტრო ჰოლდინგის” შეუფერხებელი მუშაობა და ჰოლდინგში დასაქმებულ 5000-მდე პირის შემდგომი ბედი დაასახელა. ბ-ნ ოზთურქს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღემდე „მეტრო ჰოლდინგი“ ყველა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მასში შემავალი კომპანიები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი საგამოძიებო ღონისძიებებში, რათა საქმეზე დროულად დადგენილიყო ობიექტური ჭეშმარიტება და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გასცემოდა პასუხი,“ – აღნიშნულია „მეტრო ჰოლდინგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ თემაზე:

რა უთხრა ოზთურქმა მოსამართლეს, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

 

ხერსონის ბუჩა – როგორ იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ადამიანებს უკრაინის სამხრეთში

წყარო: BBC News/ Україна

თავისი ბინის ფანჯრიდან ალექსანდრამ რამდენჯერმე დაინახა, როგორ მიათრევდნენ მინდორში ვიღაცას. მანქანიდან გადმოიღეს, გზის პირს მოშორდნენ და გადააგდეს. ნაგავივით. ერთხელაც, ალექსანდრამ გადაწყვიტა, იმ ადგილთან ახლოს მისულიყო  – ბალახზე გამხდარი, შავთმიანი კაცი ეგდო.

„ეტყობოდა, რომ ნაწამები იყო. ფანჯრიდან ვუყურებდი იმ მინდორს და დანაშაულის გრძნობა მტანჯავდა. მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მოყოლაც კი არ შემეძლო ვინმესთვის. მე ხერსონიდან გამოვიქეცი, ის კაცი კი იქ დარჩა“, – ტირილით ჰყვება ალექსანდრა, მისი სახელი შეცვლილია.

ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ქალაქებში გამუდმებით უჩინარდებიან ადამიანები. უფრო მეტად – კაცები. ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის ნებისმიერი გამოცდილება შეიძლება „დაკავების“ მიზეზი გახდეს.

„თუ იგებენ, რომ პოლიციაში მუშაობდა, ეგრევე იჭერენ. თუნდაც სუპერმარკეტში დაცვად ემუშავა, მაინც აკავებენ. ასე გაუჩინარდა ბევრი ჩემი ნაცნობი. ადამიანები მუდმივად შიშში ცხოვრობენ,“ – ამბობს ნატალია, მისი სახელიც შეცვლილია.

მისი ბიძაშვილიც გაუჩინარდა. ცოტა ხნის წინ მოკლული იპოვეს, სხეულზე სასტიკი წამების კვალი ეტყობოდა.

ნატალიამ უკრაინა დატოვა, მისი ოჯახი კი ამ დრომდე ოკუპაციაშია.

ასე გამოიყურებოდა ხერსონის ოლქის სოფელი ვისოკოპოლიე ოკუპაციამდე/ფოტო: VYSOKOPILSKAOTG.DOSVIT.ORG.UA

„სტანისლავიდან, ტომინა ბალკიდან და ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს სოფლებიდან მოდის ინფორმაცია კაცების მასობრივად დაკავების შესახებ. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ორმოებში ყრიან. სასტიკად სცემენ. სრულიად უმიზეზოდ,“ – ჰყვება სერგეი დანილოვი, ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე. ის უკრაინის სამხრეთში არსებულ ვითარებას სწავლობს.

„ჩემს მეგობარს, დონბასის ომის ვეტერანს, ფეხში სჭვალი ჩაახრახნეს. ვეღარ დადის“, – ამბობს სერგეი.

აპრილის ბოლოს, დონბასის ომის ვეტერანი ნაზარ კაგალნიაკი გარდაიცვალა. ის სასტიკად იყო ნაცემი.

„უკრაინის სამხრეთში, რუსებმა გაიტაცეს და აწამეს დაახლოებით 500-600 ადამიანი,“ –  გვეუბნება თამილა ტაშევა, უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ყირიმში.

მისი თქმით, თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში არსებობს შენობა, სადაც უკანონოდ დაკავებული ადამიანები ჰყავთ. ეს შეიძლება იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილება ან სამხედრო ადმინისტრაცია. ასეთია იზოლატორი ხერსონში, პოლიციის განყოფილებები კახოვკაში და ნოვა კახოვკაში, პროფტექნიკუმის შენობა გენიჩესკში.

„ვიღაცას მხოლოდ 24 საათი აჩერებენ და უშვებენ. ვიღაცას კი თვეობით იტოვებენ,“ – ამბობს ტაშევა.

ოკუპირებულ სამხრეთში მომხდარ მოვლენებს უფლებადამცველებმა უკვე უწოდეს „ხერსონის ბუჩა“.

უბრალოდ ისროდნენ

ხერსონი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი, ნოვა კახოვკა, ვისოკოპოლიე, არხანგელსკოე და კიდევ ბევრი ქალაქი და სოფელი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ტერორის ადგილებად გადაიქცა.

რუსი სამხედროების დანაშაულებზე მტკიცებულებებს უფლებადამცველი ორგანიზაციების კოალიცია აგროვებს. ეს მონაცემები უკრაინელ გამომძიებლებსა და საერთაშორისო პროკურორებს გადაეცემათ.

რუსი სამხედროების განსაკუთრებულ სისასტიკეზე უფლებადამცველებს სოფლების მცხოვრებლები უყვებიან.

პირველ ივნისს, ვისოკოპოლიეში, ხერსონის ჩრდილოეთით, საკუთარი სახლის ზღურბლზე რუსმა სამხედროებმა ცოლ-ქმარი დახვრიტეს – სვეტლანა და სერგეი ლანევიჩები. მკვლელობას ხერსონის ოლქის პროკურატურა იძიებს.

სვეტლანა და სერგეი ლანევიჩები/ფოტო: ლიუბოვ ტომილინას ფეისბუქიდან

კიდევ ერთ კაცს, ამავე სოფლიდან, პაველ ზაბოლოვსკის, მაშინ ესროლეს, როდესაც თავის მეურნეობაში შედიოდა.

პაველი ვისოკოპოლიეს საავადმყოფოს პალატაში მიხაილთან ერთად იწვა. მიხაილი მალაია ალექსანდროვკიდან იყო და რუსმა სამხედროებმა 2 აპრილის საღამოს დაჭრეს, როდესაც თხების მიზანში ამოღებით ირთობდნენ თავს.

„ადრე, უბრალოდ, გართობის მიზნით კლავდნენ. ახლა სისტემურად იტაცებენ, კლავენ კაცებს, ეჭვობენ, რომ პარტიზანები არიან. ასე ცდილობენ წინააღმდეგობის ჩახშობას,“ – ამბობს ანატოლი, რომელიც ხერსონიდანაა.

მოგვიანებით დასახიჩრებულ სხეულებს მინდვრებსა და თხრილებში პოულობენ, ზოგჯერ კი საერთოდაც ვერ პოულობენ.

„სამხრეთში ვითარება ისეთივეა, როგორიც ბუჩაში იყო. განსაკუთრებით პატარა სოფლებში, სადაც ასე 500-600 ადამიანი ცხოვრობს, სადაც დამალვა შეუძლებელია. ოკუპაცია უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. სრული განუკითხაობაა, მაგრამ კონკრეტულ ფაქტებზე, მკვლელობის ადგილებსა და სამარხებზე ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ გავიგებთ, რაც სამხრეთი გათავისუფლდება, განსაკუთრებით, ხერსონის ოლქის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი,“ – ამბობს ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე სერგეი დანილოვი.

რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში სამოქალაქო პირების წამებასა და მკვლელობებს უარყოფს, თუმცა უკრაინელმა სამართალდამცველებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა, უფლებადამცველებმა და ჟურნალისტებმა უკვე უამრავი მოწმის ჩვენებასა და მტკიცებულებას მოუყარეს თავი.

„მელოტიესე იგი ნაცისტია

„თუკი ადრე მიტინგებზე იჭერდნენ, ახლა სახლებიდან მიჰყავთ,“ – ამბობს ნადეჟდა დობრიანსკაია, ცენტრ ZMINA-ს პროექტების კოორდინატორი. მისმა ორგანიზაციამ შეაგროვა ასობით მოწმის ჩვენება, რომლებიც აქტივისტების, პედაგოგებისა თუ მოხალისეების დაკავებებს ადასტურებს. – „რუსები იტაცებენ აქტივისტებს, რომ წინააღმდეგობა შეასუსტონ და ხალხს თანამშრომლობა აიძულონ. ყველანი ჰყვებიან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე.“

მარტსა და აპრილში ხერსონში ხალხმრავალი აქციები იმართებოდა. სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქის საბჭოს შენობებზე ჯერ კიდევ ეკიდა უკრაინული დროშები.

საპროტესტო აქცია ხერსონში/ფოტო: Unian.net

„მელოტი – ესე იგი ნაცისტი ხარ. სიმპსონებიანი ტრუსები გაცვია – ესე იგი ამერიკის აგენტი ხარ,“ – უთხრეს რუსებმა სერგეის (სახელი შეცვლილია), როდესაც ხერსონში დააკავეს. სერგეი ტერიტორიულ დაცვაში მსახურობდა და დაცვის სხვა წევრებთან ერთად ჩასაფრებაში მოხვდა.

სერგეი ერთი თვე ჰყავდათ ტყვეობაში – თავიდან ხერსონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში, რომელიც ციხედ გადააქციეს. მერე ყირიმში გადაიყვანეს.

მთელი თვე აწამებდნენ  – ელექტროშოკით, ავტომატის კონდახით, რკინის მილებით. თავზე ტომარას აცმევდნენ. ნეკნები დაუმტვრიეს და კბილები ჩაულეწეს.

„პირველ დღეებში არანაირ კითხვას არ მისვამდნენ. მცემდნენ, უბრალოდ მცემდნენ. მამცირებდნენ. მერე მეკითხებოდნენ სახელებს, ტელეფონებს, პაროლებს. მეკითხებოდნენ, რატომ ვიბრძვით მათ წინააღმდეგ, რატომ არ ვხდებით ყვავილებით,“ – იხსენებს სერგეი, რომელიც ბოლოს იმ ტყვეების სიაში მოხვდა, რომლებიც გაცვალეს და ასე გადარჩა. დღემდე მკურნალობს.

სერგეისთან ერთად ტყვეობაში ხერსონის ტერიტორიული დაცვის ძალების კიდევ ორი წევრი იმყოფებოდა –  124-ე ბრიგადის ასეულის მეთაური დენის მირონოვი და პოლიციის გადამდგარი პოდპოლკოვნიკი, მასწავლებელი ვიტალი ლაპჩუკი. ისინი ცემით მოკლეს.

დენის მირონოვის დასახიჩრებული სხეული ახლახან დაუბრუნეს ახლობლებს. სიკვდილის მიზეზი – ბლაგვის საგნით მიყენებული ტრავმა მკერდის არეში, რომელმაც შინაგანი სისხლდენა გამოიწვია.

დენის მირონოვის დაკრძალვა/ვადიმ კრანსოშტანის ფოტო

მაისის ბოლოს, ვიტალი ლაპჩუკის ხელფეხშეკრული ცხედარი ხერსონში, მდინარეში იპოვეს. თავგახეთქილი. ფეხებზე გირები ეკიდა. მხარზე თანდაყოლილი ლაქით ამოიცნეს.

ვიტალი ლეპჩუკი ოკუპირებულ ქალაქში დაკრძალეს. მისი ცოლი, ოლენა ლაპჩუკი, რომელმაც ოკუპაციას თავი დააღწია, იხსენებს, რომ ქმარი ბოლოს 27 მარტს ნახა – ნაცემი და დასისხლიანებული, სახლის ჩხრეკაზე მიიყვანეს.

„მესმოდა, გვერდით ოთახში როგორ სცემდნენ და ახრჩობდნენ ჩემს ქმარს. მისგან ითხოვდნენ, რომ საკუთარი მეგობრები გაეცა, მათი მისამართები დაესახელებინა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის დოკუმენტისთვის,“ – ამბობს ოლენა ლაპჩუკი, რომელსაც იმედი აქვს, რომ მისი ქმრის მკვლელები როდისმე აუცილებლად დაისჯებიან.

„მათი მეტსახელები მახსოვს: „ბესი“ „ფორტუნა“ „ურალი“ „დუნაი“. მე ისინი დავინახე და მე მათ ამოვიცნობ,“ – თქვა ოლენამ ეუთოს შეხვედრაზე ვენაში, ღონისძიებაზე, რომელიც უკრაინაში ძალადობრივ გაუჩინარების შემთხვევებს ეძღვნებოდა.

ვიდრე ოლენა ლაპარაკობდა, ეკრანზე მოღიმარი, ჭაღარა კაცის ფოტო ჩანდა. ვიტალი ლაპჩუკი მეცნიერების დოქტორი იყო, ხერსონის უნივერსიტეტში ასწავლიდა. ომის პირველივე დღეებში ტერიტორიული დაცვის ძალებში ჩაეწერა.

ეს ყველაფერი უკვე იყო

„რუსები სამხრეთში იმავე მეთოდებს იყენებენ, რასაც 2014 წელს ყირიმსა და დონბასში. ყველაფერი მეორდება – აშინებენ, აწამებენ, კლავენ,“ – ამბობს თამილა ტაშევა.

„ეს მათი სტრატეგიაა, ასე ცდილობენ წინააღმდეგობის გატეხას. ეს არის უკრაინელთა სისტემური განადგურება,“ – ეს ნადეჟდა დობრიანსკაიას აზრია.

„ხალხი უჩინარდება დღისით და ღამით. იქ ცხოვრება უკიდურესად საშიშია. ჩემი ახლობლები შეშინებულები არიან, იშვიათად გამოდიან სახლიდან, ყველა მიმოწერას შლიან. ნებისმიერ მომენტში შეიძლება გააჩერონ, დოკუმენტები შეუმოწმონ, ტელეფონები ჩამოართვან,“ – ამბობს ნატალია.

უფლებადამცველები ჰყვებიან, რომ ხერსონიდან გატაცებული ადამიანები ხშირად ყირიმში მიჰყავთ.

ასე გაიტაცეს მაისის ბოლოს ხერსონის მცხოვრები ირინა გორობცოვა, რომელიც თავის პროტესტს სოციალურ ქსელებში ღიად გამოხატავდა. მოგვიანებით, კომენდატურაში, მის მშობლებს უთხრეს, რომ გოგონა სიმფეროპოლის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

„ზუსტად არ ვიცით, რამდენი ადამიანი მოკლეს, რამდენი გაიტაცეს. ყველა დანაშაულის დოკუმენტირება ვერ ხერხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამ ძალადობრივი ქმედებების სისტემურობას,“ – ამბობს თამილა ტაშევა.

მისი თქმით, ის, რასაც რუსები ბუჩაში აკეთებდნენ, ახლა ოკუპირებულ სამხრეთში ხდება.

ზოგი ხალათითა და ფლოსტებით გარბის – კილომეტრებს გადის, ხან ფეხით, ხან ველოსიპედით. ასეთ გზას ყველა ვერ უძლებს.

ორი დღე დასჭირდა ალექსანდრას რომ ოკუპირებული ხერსონიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყო, თუმცა ახლა ბედნიერია, რომ წამოსვლა მოახერხა.

„ჩვენ თითქოს გულაგი გამოვიარეთ. 19 საგუშაგო, რომლებზეც გვჩხრეკდნენ, გვკითხავდნენ და მზეზე გვაყენებდნენ. საშინელება იყო. მაგრამ მაინც მთავარია, რომ იქიდან გამოვაღწიე.“

თარგმნა: თამარ რუხაძემ

მთავარი ფოტო: ვისოკოპოლიეს თემის ფეისბუქგვერდიდან

საგზაო უსაფრთხოება მთავრობის პასუხისმგებლობაა – გაეროს ახალი რეზოლუცია

გაეროს წევრმა 193 ქვეყანამ გლობალური საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო. რეზოლუცია ავალდებულებს ქვეყნებს განახორციელონ საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, რომლის შედეგადაც 2030 წლისთვის მსოფლიოში 50%-ით უნდა შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევებით დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა.

საქართველო გაეროს წევრ ქვეყნებს შორისაა. შს სამინისტროს ცნობით, გასულ წელს ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 449 ადამიანი დაიღუპა, 7705 კი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად დაახლოებით 1,3 მილიონ ადამიანს კლავს – ეს ყოველ წუთში 2-ზე მეტი გარდაცვალებაა. ავტოსაგზაო შემთხვევათა 90%-ზე მეტი ხდება დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.

„საგზაო უსაფრთხოება ყველას ეხება. ჩვენ ყოველდღიურად გამოვდივართ ჩვენი სახლიდან გზებზე, რომელსაც მივყავართ სამსახურამდე, სკოლამდე და ჩვენი სასიცოცხლო ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. თუმცა ჩვენი სატრანსპორტო სისტემები ძალიან საშიშია. არცერთი სიკვდილი არ უნდა იყოს მისაღები ჩვენს გზებზე” – თქვა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა.

გაეროს მიერ მიღებული დოკუმენტი ხაზს უსვამს საგზაო ინფრასტრუქტურის დიზაინის დაგეგმარების, ასევე, ავტომობილების უსაფრთხოების სტანდარტებისა და კანონმდებლობის დახვეწის მნიშვნელოვნებას, როგორც ავარიებით გამოწვეული სიკვდილისა და დაზიანებების თავიდან აცილების ძირითად გზებს. გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად ხელი უნდა შეეწყოს ფეხით, ველოსიპედითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით უსაფრთხო სიარულს.

ჯანმოს ოფიციალური მონაცემებით, ავტომობილის გამოგონების შემდეგ 50 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა მსოფლიოს გზებზე.

გაეროს სესიაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები მჭიდროდ არის დაკავშირებული ცუდ ინფრასტრუქტურასთან, დაუგეგმავ ურბანიზაციასთან, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სუსტ სისტემებთან და სოციალურ უთანასწორობასთან.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ საგზაო უსაფრთხოება წარმოადგენს განვითარების გადაუდებელი პრიორიტეტს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების 90 პროცენტზე მეტი ხდება, მზარდი მოძრაობის, ინფრასტრუქტურის სწრაფი გაფართოებისა და არაერთგვაროვანი მოძრაობის შედეგად.

  • საჭიროა უსაფრთხო ურბანული და საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტირება და ინჟინერია;
  • უნდა დაწესდეს უსაფრთხო, ადეკვატური სიჩქარის ლიმიტები, რომლებიც გაკონტროლდება სიჩქარის მართვის შესაბამისი ზომებით;
  • სადაც შესაძლებელია, შეიქმნას მოტორიზებული და არამოტორიზებული ტრანსპორტის ოპტიმალური ნაზავი, განსაკუთრებული აქცენტით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ფეხით და ველოსიპედით გადაადგილებაზე, ველოსიპედის გაზიარების სერვისების ჩათვლით, უსაფრთხო საცალფეხო ინფრასტრუქტურა და რკინიგზაზე გადასასვლელები, განსაკუთრებით ქალაქებში.

დოკუმენტის თანახმად, საგზაო უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა მთავრობების პასუხისმგებლობაა, ამასთანავე, პასუხისმგებლობა ეკისრება  საჯარო და კერძო სექტორს, პროფესიულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეებსა და მედიას.

ფოტოზე: ავარია ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

ამავე თემაზე:

449 დაღუპული, 7 707 დაშავებული და არც ერთი „შავი წერტილი“ გზებზე – ავარიები

მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO

სახიფათო ადგილები ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე [ფოტო]

ნახევარი მილიონი რესტორნის და ადმინისტრაციის შენობისთვის ბაკურიანის პარკში – კიდევ რა შენდება?

512 635 ლარი, ანუ ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება მხოლოდ რესტორნის და ადმინისტრაციული შენობის მოსაწყობად ბაკურიანის პარკში, რომელსაც რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს. ეს არაა ერთადერთი ობიექტი, რომლის ასაშენებლადაც ბაკურიანის პარკი უკვე მოღობეს და ამ ზაფხულს იქ თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ შეძლებთ – ბაკურიანის პარკში სამშენებლო სამუშაოებია გაჩაღებული: აცემენტებენ, ასხამენ, არმატურებს ეზიდებიან… „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“ აქ ბიუჯეტიდან 9 მილიონ 897 896 ლარი დაიხარჯება.

„პარკი კეთდება და იმედია, კარგად გაკეთდება… ტურისტები ისედაც არ არიან ამ ზაფხულს, ისე ცივა, ჯერ ვერ ვიგრძენი ზაფხული, ფასები იგივე გვაქვს, უფრო იაფი,“ – გვითხრა ბაკურიანელმა მაია გაზაევამ, რომელიც ბაკურიანის ცენტრში, თავისუფლების ქუჩაზე გამოსულა გირჩის თაფლის გასაყიდად. მაია თან თბილ და ფერად კაშნეებს ქსოვს და იქვე, ხის ღობეებზე აფენს, გამვლელ-გამომვლელს რომ იოლად მოხვდეს თვალში.

მაია ირწმუნება, რომ წინა ზაფხულთან შედარებით, დამსვენებელი წელს ნაკლებია.

მაია გაზაევა, ბაკურიანი, 2022
ბაკურიანი, თავისუფლების ქუჩა

საშუალოდ, ამ ზაფხულს ბაკურიანში ყველაზე იაფად საწოლის დაქირავება 20 – 30 ლარად შეგიძლიათ. საუბარია ოთახზე, რომელსაც სხვა დამსვენებლებთან საზიარო სველი წერტილები და სამზარეულო ექნება.

ოთახში, რომელსაც აბაზანა და ტუალეტი ცალკე აქვს, სულ ცოტა 35 ლარი ღირს, აპარტამენტების ფასი კი, 80 ლარიდან 150 – 200 ლარამდე მერყეობს. 100 ლარიდან იწყება საშუალოდ ერთი ოთახის ფასიც სასტუმროებშიც. ამ ფასში არ შედის კვება.

პარკის შესასვლელთან შემხვედრი ბაკურიანელები გვიყვებიან, რომ პრობლემაა ელექტროენერგიის ხშირად გამორთვა, ასევე შიდა გზების მოწესრიგება, რასაც თოვლის უხვი ნალექი ხშირად აზიანებს. ადგილობრივებმა არ იციან, კონკრეტულად რა კეთდება ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში, თუმცა მიიჩნევენ, რომ პარკს კეთილმოწყობა სჭირდება, მაგრამ თან „სიმწვანეც მშენებლობებში არ ჩაიკარგება“.

სამშენებლო მასალები ბაკურიანის პარკში
რესტორნის მშენებლობა ბაკურიანის პარკში

პარკი ბაკურიანის ყველა დამსვენებელმა კარგად იცის, რადგან ის ცენტრშია და აქვეა მოწყობილი საციგურაო მოედანიც. ზამთარსა და ზაფხულშიც აქ დამსვენებლები ცხენებითაც სეირნობდნენ.

მუნიციპალური ფონდს და ერთობლივ საწარმო შპს „ინსი და გრინსერვისი+“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ბაკურიანის პარკში ახალი საციგურაო მოედანი მოეწყობა, ფეხბურთის სტადიონი განახლდება და აშენდება სავარჯიშო სივრცე. ხელშეკრულება ბაკურიანის პარკში 100-კაციანი რესტორნის გარდა, 14 სავაჭრო ჯიხურის მოწყობასაც ითვალისწინებს. პროექტი ითვალისწინებს ხეებს შორის დაკიდებული ბილიკების – სასეირნო რამპების მოწყობასაც.

ხელშეკრულებაში ხაზგასმულია ისიც, რომ სავაჭრო ობიექტების მოწყობის დროს ხეები ბაკურიანის პარკში არ მოიჭრება.

მთის ქუჩა, ბაკურიანი
ბაკურიანი „25-იანების“ სათხილამურო ტრასა ზაფხულში

 28 ბავშვი აჭარიდან ნახიჩევანში გაივლის ბრონქული ასთმის მკურნალობის კურსს

აჭარის მთავრობის ინიციატივითა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის [აზერბაიჯანი] მხარდაჭერით, 28 ბავშვი ნახიჩევანის სპეციალიზებულ სარეაბილიტაციო ცენტრში გაემგზავრა.

ბრონქული ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვები სანატორიულ-კურორტულ მკურნალობას 2 კვირის განმავლობაში გაივლიან.

„ბავშვები ნახიჩევანში სანატორიულ-კურორტული მკურნალობას გაივლიან. ბათუმიდან მათ მშობლებთან ერთად ექიმიც მიჰყვება. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭიროებით,” – აღნიშნავს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნებიან სადღეღამისო მომსახურებით და ადგილობრივი ექიმების მეთვალყურეობით გაეწევათ სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სერვისი.

დედამიწაზე ვერსად იპოვიან სიმშვიდეს – პოდოლიაკი ხერსონის თვითგამოცხადებულ მთავრობაზე

„დედამიწაზე ვერსად იპოვიან სიმშვიდეს, სანამ სასამართლო განაჩენს არ მიიღებენ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი დროებით ოკუპირებული ხერსონის რეგიონის თვითგამოცხადებული მთავრობის წევრებზე. იგი მათ კიდევ ერთხელ მოიხსენიებს როგორც რეგიონის „გაულაიტერებს“.

„ხერსონის რეგიონი. ტიპური ტერიტორიის დაპყრობა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და ფსბ-ს თანამშრომლების თვითგამოცხადებული „მთავრობა“. ბიზნესის დარბევა. მარცვლეულის ქურდობა. რეგიონის გაულაიტერებმა ყოველ დღე შიშით უნდა გაიღვიძონ – ისინი დედამიწაზე ვერსად იპოვიან სიმშვიდეს, სანამ სასამართლო განაჩენს არ მიიღებენ“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

გაულაიტერი მესამე უმაღლესი წოდება იყო ნაცისტების პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში და ექვემდებარებოდა მხოლოდ რაიხსლაიტერს და თავად ფიურერს.

4 ივლისს The Economist-ი წერდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთით მიიწევენ, ანუ დაპყრობილ ხერსონს უახლოვდებიან. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ქალაქისთვის ბრძოლა მძიმე იქნება, რადგან რუსი ოკუპანტებისგან მოსალოდნელია ძლიერი წინააღმდეგობა – შესაძლოა მათ მშვიდობიანი მოსახლეობაც გამოიყენონ, როგორც „ცოცხალი ფარი“.

ბათუმში კოვიდპაციენტების მატების გამო გავხსენით თერაპიული განყოფილება – გია კიკაბიძე

აჭარაში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კოვიდინფიცირებულთა ოდენობა იმატებს. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში რეგიონში კოვიდის 186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როცა ორი კვირის წინ 7 დღეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო 62.

ბათუმში ამ დროისათვის ერთი კოვიდკლინიკაა – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც კოვიდით ინფიცირების მატების გამო თერაპიული განყოფილების გახსნა გახდა საჭირო.

„მოიმატა კოვიდინფიციერებულთა რაოდენობამ. მაგალითად, დღეს დილით გვყავდა 21  კოვიდინფიცირებული პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. აქედან 8 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და 13 პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში.

რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების მდგომარეობა ახლა შეიძლება ჩაითვალოს სტაბილურად, იმიტომ, რომ არც ერთი პაციენტი არ არის მართვით სუნთქვაზე, ეტყობა, რომ შედარებით იოლად მიმდინარე შტამია.

ძირითადად არიან ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვთ. ისინი იღებენ სათანადო ანტივირუსულ მკურნალობას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გია კიკაბიძემ, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ.

მისი თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ რესპუბლიკურია კოვიდმიმღები, მაგრამ თუ  ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, ალბათ სხვა კლინიკების დამატებაც გახდება საჭირო.

გია კიკაბიძე შედარებას აკეთებს ერთი თვის წინანდელ სიტუაციასთან და ამბობს, რომ ივნისის დასაწყისში ვითარება სტაბილური იყო.

„თერაპიული განყოფილება გახსნილი არ გვქონდა. გვყავდა სამი-ოთხი პაციენტი, რომელიც კოვიდით იყო ავად და ვმკურნალობდით მათ.

ივლისის დასაწყისში რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. იმდენად, რომ იძულებული გავხდით გაგვეხსნა თერაპიული განყოფილება, რომ იქ დაგვეწვინა პაციენტების გარკვეული ნაწილი. ჯერჯერობით ყველა პაციენტი აქ მოჰყავთ, იმიტომ, რომ ჩვენ მაინც კოვიდკლინიკად დავრჩით და ყოველთვის გვყავდა პაციენტები.

მაგრამ თუ პაციენტების რაოდენობა გაიზრდება, რესპუბლიკური საავადმყოფო შეიძლება საკმარისი აღარ იყოს,“ – ამბობს გია კიკაბიძე.

დღეს, 5 ივლისს, გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 27 ივნისიდან 5 ივლისამდე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, აჭარაში კოვიდის 186 შემთხვევა დაფიქსირდა.

სილქნეტის ციფრულ ეკოსისტემას ორი მუსიკალური გიგანტი, BILLBOARD და Deezer შეუერთდა

საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნად, ნიუ იორკში, საუთჰემპტონის ხელოვნების ცენტრში, თანამედროვე ჯაზის ლეგენდის, ვინტონ მარსალისის და ორკესტრის Jazz at Lincoln Center Orchestra – ს კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება, კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, ჰემპტონის ჯაზის ფესტივალისა (Hamptons Jazz Festival) და წინანდლის ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და მას ამერიკისა და საქართველოს ბიზნესის, კულტურისა და დიპლომატიური სფეროს გამოჩენილი წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნის გარდა, მიღება მიეძღვნა საქართველოს წამყვან სატელეკომინიკაციო კომპანია სილქნეტსა და ორ ამერიკულ მედია გიგანტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას. უკვე დღეიდან, სილქნეტის ეკოსისტემას შეუერთდა ლეგენდარული ამერიკული მუსიკალური ბრენდი ბილბორდი და მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური სტრიმინგის პლათფორმა დიზერი. 

ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ სილქნეტი ერთგვარი ხიდი იყოს საქართველოს და მსოფლიოს შორის, როგორც პირდაპირი გაგებითსატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის საშუალებით, ასევე დასავლეთის კულტურულ და გასართობ ინდუსტრიაში საქართველოს ინტეგრაციის სახით.

იმედი მაქვს, რომ ეს ახალი პარტნიორობა, ასეთი მაღალი რეპუტაციის მსოფლიო ბრენდებთან, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის სილქნეტის ციფრულ ეკოსისტემას და კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მოიზიდავს. ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა და მინდა ყველას მადლობა მოგახსენოთ. მადლლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმისთვის, რომ საქართელოს გვერდით დგას ბოლო 30 წელია. მადლობა, თანამედროვე ჯაზის ლეგენდას, ვინტონ მარსალისს, იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო ამ შესანიშნავ ღონისძიებაში. – გიორგი რამიშვილი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

სილქნეტის ციფრულ ეკოსისტემას ორი მუსიკალური გიგანტი, BILLBOARD და Deezer შეუერთდა

მუსიკალურ ჟურნალისტიკაში ბილბორდი ოქროს სტანდარტს წარმოადგენს და განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს, რადგან ის ინდუსტრიაში საუკეთესო ჩარტებს ქმნის და მუსიკის ნებისმიერი ჟანრის ყველაზე სრულყოფილ ბაზას აწარმოებს.

მნიშვნელოვანია, რომ სილქნეტის და ბილბორდის თანამშრომლობის შედეგად, სწორედ დიზერსა და სხვა წამყვან საერთაშორისო თუ ქართულ მუსიკალურ პლატფორმებზე დაყრდნობით შეიქმნება პირველი ოფიციალური მუსიკალური ჩარტების სისტემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ასევე კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში.  სტრიმინგ აპლიკაცია დიზერი, რომელიც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის, 90,000,000 + აუდიო კონტენტის კატალოგს თავაზობს 180-ზე მეტ ქვეყანაში, სილქნეტის მომხმარებლებისათვის  განსაკუთრებული პირობებით იქნება ხელმისაწვდომი.  

ახალი პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს სილქნეტის ციფრულ ეკოსისტემას  და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი მუსიკალური კონტენტის შეთავაზების საშუალებას მისცემს.

უკრაინელმა საჯარო მოხელეებმა 5 მილიონი დოლარი გაიტანეს ქვეყნიდან – სააგენტო

უკრაინის კორუფციის პრევენციის ნაციონალური სააგენტოს ინფორმაციით, გამოავლინეს უკრაინელი საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ 5 მილიონი დოლარისა და 100 ათასი ევროს [15 მილიონზე მეტი ლარი] ოდენობის ნაღდი ფულის ქვეყნიდან გატანის ფაქტი. ოფიციალური უწყებას თანახმად, თანხის გატანის მოსურნეებმა, ფულის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ვერ წარუდგინეს.

ოფიციალურმა ორგანომ გამოძიება შესაძლო უკანონო გამდიდრებისა და ფულის გათეთრების მუხლით დაიწყო.

როგორც სააგენტო წერს, იგი საზღვარზე დიდი ოდენობით ნაღდი ფულის გატანის შესახებ იღებს ინფორმაციას, ამოწმებს არიან თუ არა ფულის გამტანები საჯარო მოხელეები ან მათთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები.

უწყება ასევე იკვლევს კონკრეტულ საჯარო მოხელეს, მის საქმიანობას, შემოსავლებს და ცხოვრების სტილის, რის მიხედვითაც ადგენს, რამდენად შესაძლებელია მას ჰქონდეს ამა თუ იმ ოდენობის თანხა კანონიერი გზით მოპოვებული.

უკრაინელმა მათემატიკოსმა ფილდსის მედალი მიიღო, უმაღლესი ჯილდო მათემატიკაში

მათემატიკურმა საერთაშორისო კავშირმა დღეს, 5 ივლისს, გამოაცხადა ფილდსის პრემიის ოთხი გამარჯვებული, მათ შორისაა უკრაინელი მათემატიკოსი, მარინა ვიაზოვსკა.

ვიაზოვსკა კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.  ამჟამად შვეიცარიაში, ლოზანაში მუშაობს, ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.

მის გარდა ჯილდო გადაეცა ფრანგ ჰუგო დიუმინილ-კოპენს, ბრიტანელ ჯეიმს მეინარდს და სამხრეთ კორეელ ჯუნ ჰას.

ეს მეორე შემთხვევაა, როცა ფილდსის მედალი მათემატიკოს ქალს გადაეცა. პირველად იგი გადაეცა ირანელ მერიემ მირზახანს, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორს, 2014 წელს.

ფილდსის პრემია ოთხ წელიწადში ერთხელ გაიცემა და იგი ყველაზე პრესტიჟულ მათემატიკურ ჯილდოდ მიიჩნევა. ჯილდო გადაეცემა ახალგაზრდა, 40 წლამდე მათემატიკოსებს. პრიზს ნობელის პრემიას უწოდებენ მათემატიკის სფეროში.

დავაკავეთ მედდა, რომელიც 300 ლარს იღებდა ვაქცინის ჩანაწერის გასაყალბებლად – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელოში დააკავეს სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში, როგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც მათგან იღებდა გარკვეულ თანხას.

„დანაშაულში უკვე მხილებულია თხუთმეტი მოქალაქე, რომლებიც, თავის მხრივ, ხსენებული ბრალდებულისათვის თანხის – 300 ლარამდე გადახდის სანაცვლოდ, დარღვევით დარეგისტრირდნენ როგორც ვაქცინირებული პირები.

წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათეულობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები“ – იუწყება საგამოძიებო სამსახური.

საგამოძიებო არ აზუსტებს,  საქმე ეხება კორონავირუსის თუ სხვა ვაქცინას.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე და 221-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

___________

ფოტო: pixels

ეიფელის კოშკი დაჟანგულია და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს – Marianne

ეიფელის კოშკი ჟანგითაა დაფარული და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს, თუმცა ნაცვლად ამისა, 2022 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის მხოლოდ მისი კოსმეტიკური რესტავრირება იგეგმება, რაშიც სახელმწიფო 60 მილიონ ევროს დახარჯავს. აღნიშნულის შესახებ ფრანგულ ჟურნალ Marianne-ს სარწმუნო წყარომ ანონიმურად მიაწოდა ინფორმაცია.

„გუსტავ ეიფელს რომ მოენახულებინა ადგილი, გულის შეტევა მოუვიდოდა“, – ეუბნება ეიფელის კოშკის ერთ-ერთი მენეჯერი Marianne-ს. ჟურნალი მის სახელს არ ასახელებს.

ეიფელის კოშკი 324 მეტრი სიმაღლისაა და გუსტავ ეიფელმა მე-19 საუკუნის ბოლოს ააშენა. ის მსოფლიოში ყველაზე მონახულებად ტურისტულ ადგილებს შორისაა. კოშკს ყოველწლიურად ექვსი მილიონი ვიზიტორი ჰყავს. თუმცა, ექსპერტების კონფიდენციალური ანგარიშების თანახმად, რომლებსაც Marianne-ი იმოწემებს, ძეგლი ცუდ მდგომარეობაშია და ჟანგით არის გაჟღენთილი.

ეიფელის კოშკის 99% პროცენტი პარიზის მერიის მფლობელობაშია. როგორც The Guardian-ი წერს, ეიფელის კოშკის ზედამხედველი კომპანია – Societe d’Exploitation de la Tour Eiffel-ი (SETE) თავს იკავებს კოშკის დახურვისა და მისი სრული რესტავრაციისგან, რადგან კოშკს უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს. მაგალითად, 2020 წლის პანდემიით გამოწვეული ლოკდაუნის დროს, კოშკმა 52 მილიონი ევროს შემოსავალი დაკარგა.

შეღებვითი სამუშაოები, რომლებიც ოლიმპიადის წინაა დაგეგმილი, მე-20 იქნება კოშკის არსებობის ისტორიაში. როგორც ფრანგული ჟურნალი წერს, თავდაპირველად იგეგმებოდა კოშკის 30 პროცენტის გასუფთავება და თავიდან ორი ახალი ფენა საღებავით დაფარვა, თუმცა პროცესი პანდემიამ შეაფერხა. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ტყვია აღმოჩნდა ძველ საღებავში, რითაც დაფარულია კოშკი. შესაბამისად, ამ ეტაპზე კოშკის მხოლოდ 5 პროცენტს აღადგენენ.

_______

მთავარი ფოტო: 12 მარტი, 2019. EPA-EFE/CHRISTOPHE PETIT TESSON

 

 

„დედა, ვმუშაობთ“ – ლუგანსკში დაღუპული უკრაინის გმირის ბოლო მესიჯი დედას

2022 წლის 16 თებერვალს, როდესაც უკრაინა უკვე რუსეთის სამხედრო აგრესიის მოლოდინში იყო, სააგენტო Reuters-ის პირდაპირ ეთერში მოულოდნელად დრონი გამოჩნდა. თავისუფლების მოედანზე აფრენილ დრონს მიმაგრებული ჰქონდა მუყაო, წარწერით – „ვყიდი ავტოფარეხს“ და ტელეფონის ნომერი.

როგორც კი ადამიანებმა ფარეხის მეპატრონესთან რეკვა დაიწყეს, გაირკვა, რომ ნომერი უკრაინაში რუსეთის საელჩოს ეკუთვნოდა.

ალბათ, უკრაინელთა დიდ ნაწილს, პირდაპირ ეთერში თუ არა, სოციალურ ქსელებში მაინც უნახავს ეს კადრი, თუმცა მხოლოდ უახლოესმა მეგობრებმა იცოდნენ, ვინ იდგა ამ „ხუმრობის“ უკან  – ფელიქს კურტანიჩი, ფსევდონიმით ლის პოდოლსკი, დონბასის ომის ვეტერანი და დრონების საუკეთესო პილოტი უკრაინაში.

26 წლის ფელიქსი 17 აპრილს ლუგანსკის ოლქში, საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა.

ფელიქს კურტანიჩი/ფოტო: ფეისბუქგვერდიდან

ახლობლები იხსენებენ, როგორ ცდილობდა, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი არც ერთი მოვლენა არ გამოეტოვებინა – ისიც და მისი დრონებიც იყვნენ ყველგან, სადაც ქვეყნის ბედი წყდებოდა.

2013 წელს ფელიქსი ჩერნიგოვის ლიცეუმიდან გაიქცა, რომ ღირსების რევოლუციაში მიეღო მონაწილეობა. 18 წლისამ, 2014 წელს, ვინიცის სავაჭრო-ეკონომიკური უნივერსიტეტი მიატოვა და რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად დონბასში წავიდა.

იბრძოდა ავდეევკაში, შიროკინოში, პოპასნაიაში.

„ბებო, ვინ, თუ არა მე? ისინი მოდიან, რომ მოკლან, გააუპატიურონ… არ მინდა, ჩვენს მიწაზე ეს ხდებოდეს,“ – ასე აუხსნია ფელიქსს ბებიისთვის, რატომ წავიდა დონბასში.

ფელიქსი ამზადებს თავის ცნობილ განცხადებას/ფოტო: Dronarium

ომის დროს ფელიქსი საჰაერო დაზვერვით დაინტერესდა და როდესაც 2020 წელს მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდა, მთელი თავისი დანაზოგით, პირველი დრონი შეიძინა. სწავლა განაახლა და პარალელურად დრონების ყველაზე ცნობილ უკრაინულ კომპანიაში, „დრონარიუმ უკრაინაში“ დაიწყო მუშაობა.

2021 წელს, როდესაც ისრაელი იბომბებოდა, კიევის თავზე დავითის ვარსკვლავი გამოჩნდა; როდესაც ზამთარში, ყაზახეთში პროტესტი დაიწყო, დედაქალაქის ცაზე ყაზახეთის დროშა აფრიალდა.

ფელიქსის დრონებმა გამოფინეს უკრაინის დროშები დონეცკსა და ლუგანსკშიც.

ფელიქსის დრონი თავისუფლების მოედანზე/ფოტო: liga.net

როდესაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო, ლისი უკვე მეორედ წავიდა ომში – ჯერ კიევთან იბრძოდა, შემდეგ ისევ დონბასში.

მსახურობდა დაზვერვაში, სადაც თავის საყვარელ დრონებთან უწევდა მუშაობდა.

„სამხედრო საქმის შემდეგ, დრონები მისი ყველაზე დიდი გატაცება იყო“, – იხსენებს ოლენა კურტანიჩი, ფელიქსის დედა, რომელსაც სულ ეშინოდა, რომ „ეს ომი შვილს წაართმევდა.“ ამიტომაც, ფელიქსი ჰპირდებოდა, რომ ხშირად მისწერდა და სწერდა კიდეც.

ოლენა კურტანიჩმა ბოლო შეტყობინება შვილისგან 16 აპრილს მიიღო – „ყველაფერი კარგადაა, დედა. ვმუშაობთ“ და ფოტო.

ფელიქსის უკანასკნელი ფოტო, რომელიც მან დედას გაუგზავნა/ფოტო: Зеркало

18 აპრილს მშობლებს შეატყობინეს, რომ ფელიქსი დაიღუპა. საარტილერიო თავდასხმამ მის გარშემო ყველაფერი ფერფლად აქცია. ფელიქსის ამოცნობა მხოლოდ დნმ-ის ექსპერტიზით შეძლეს.

„17 აპრილს ფელიქსი და მისი მეგობრები სლავიანსკიდან რუბეჟნოეში ჩავიდნენ დავალებაზე. ის იყო, დრონის აფრენა დააპირეს, რომ საარტილერიო თავდასხმა დაიწყო – 5 ადამიანი დაიღუპა. ორი ცხედარი ამოიცნეს – სამი ვერა. ჩვენი ფელიქსისგან მხოლოდ ძვლები და კბილები დარჩა – ის, რაც არ იწვის. 18 აპრილსვე დაგვიდასტურა ექსპერტიზამ, რომ ისინი ჩვენს შვილს ეკუთვნოდა. ფელიქსი ცინკის დახურული კუბოთი მოასვენეს. გვითხრეს, რომ არ გაგვეხსნა…“ – იხსენებს ოლენა კურტანიჩი.

ფელიქს კურტანიჩი/ფოტო: ოჯახის არქივიდან

ფელიქსი, იგივე ლის პოდოლსკი, ვინიცის ოლქში, იმ სოფელში დაკრძალეს, სადაც ბავშვობის უდიდესი ნაწილი გაატარა.

უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, 24 მაისს ფელიქს კურტანიჩს სიმამაცისთვის მესამე ხარისხის ორდენი მიენიჭა. სიკვდილის შემდეგ.

წყარო: Ukraynska Pravda, Новинарня, Зеркало.

ოჯახი და პოლიცია 22 წლის ლიკა გიორგობიანს ეძებს

პოლიცია 22 წლის ლიკა გიორგობიანს ეძებს. ლიკა გიორგობიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში ცხოვრობს, ის სწორედ ამ სოფლიდან გაუჩინარდა.

ლიკას დედა, ხათუნა გიორგობიანი, „ბათუმელებთან“ ჰყვება, რომ მისი შვილი ხუთშაბათს, 30 ივნისს, გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა.

„ლიკა ხუთშაბათს, დაახლოებით ათი საათისთვის გავიდა სახლიდან, სოფელ გვიშტიბიდან. მის კვალს რომ გავყევით, სხვადასხვა ადგილას დაფიქსირდა, ბოლოს ნახეს ქალაქ ხონში,“ – ამბობს ხათუნა გიორგობიანი.

ლიკა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, სტომატოლოგიურზე სწავლობს. ის მეოთხე კურსის სტუდენტია. ლიკას დედას არ აქვს ვერსია, თუ რატომ შეიძლებოდა მისი შვილი სახლიდან წასულიყო.

„არ ვიცი, ჰქონდა თუ არა რაიმე პრობლემა. იმიტომ ვარ გაოგნებული, რომ ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. ჩემი მეორე შვილი იყო სახლში. სახლიდან რომ გადიოდა, ბიჭმა ჰკითხა, სად მიდიხარო და ლიკას უთქვამს, ნაგავს გადავყრიო.

ზურგჩანთა, რითაც არის წასული, არ ეჭირა იმ პერიოდში ხელში. ჩემს შვილს რომ დაენახა, ჰკითხავდა დამატებით რამეს. და-ძმა მარტო ცხოვრობდა. მე და ჩემი მეუღლე წლებია ემიგრაციაში, საბერძნეთში ვცხოვრობთ. სახლში რაიმე კონფლიქტი არ ყოფილა. წლებია ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთი გაზარდეს, ასე ვთქვათ,“ – ამბობს ხათუნა გიორგობიანი.

30 ივნისს, როცა ლიკა გაუჩინარდა, ხათუნა გიორგობიანი საბერძნეთში იყო. სწორედ იქ გაიგო ლიკას ამბავი. ინფორმაცია შვილის გაუჩინარების შესახებ მან ფეისბუქზე 1-ელ ივლისს გაავრცელა.

„ხუთშაბათს არ დამიწერია არაფერი. ვიფიქრე, შეიძლება გაბუტულია ან რამე. მეორე დღესაც რომ აღარ გამოჩნდა, პარასკევს გავავრცელე ინფორმაცია. ლიკას დაკარგვის შესახებ ფეისბუქზე დავწერე. მალევე თვითონ დამიკავშირდა პოლიცია და დაიწყო სამძებრო სამუშაოები. სწორედ პოლიციამ გვითხრა, რომ ხონში ნახეს ლიკას კვალი,“ – ამბობს ხათუნა გიორგობიანი.

შსს-ს ინფორმაციით ხუთი დღეა მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები გაუჩინარებული ლიკა გიორგობიანის საპოვნელად.

აჭარაში კოვიდის 186 ახალი შემთხვევაა – ერთი კვირის მონაცემები

27 ივნისიდან 5 ივლისამდე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 63 443 კვლევა ტესტით.

გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 3 პაციენტი.

7- დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 4.05 პროცენტი.

ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი – 1860 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, მეორე ადგილზეა აჭარა – 186 ახალი შემთხვევა, მესამეზე კი იმერეთი – 167 ახალი შემთხვევა.

როგორ გავრცელდა ეროვნული გამოცდიდან ტესტის ფოტო? – რას ამბობს გამოცდების ცენტრი

სოციალურ ქსელში გუშინ, მთელი დღე, აქტიურად ვრცელდებოდა ფოტო, რომელიც დიდი ალბათობით გამოცდიდან გავრცელდა. ფოტოზე გამოსახულია ფრაგმენტი ტექსტიდან, რომელსაც თავში, ფრჩხილებში აწერია „16 ქულა“. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ტექსტი შეფასებისთვის არის გათვალისწინებული.

ფეისბუქში ფოტო ასევე გაზიარებული ჰქონდა მომხმარებელ ქეთი ქურდოვანიძეს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და ლიტერატორია. მას ფოტოზე გამოცდების ეროვნული ცენტრიც ჰყავდა მონიშნული ფაქტზე რეაგირებისთვის.

როგორც ქეთი ქურდოვანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, გუშინ ეროვნული გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გავრცელებული ტექსტი ნამდვილად იყო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე წარმოდგენილი.

ფოტო, რომელიც სავარაუდოდ გუშინ ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდიდან გავრცელდა.

„ეს არ არის ყალბი ფოტო, რადგან ეს გავრცელდა მაშინ, როდესაც გამოცდა ჯერ არ იყო დასრულებული, მიმდინარეობდა პროცესი და გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა დაადასტურეს, რომ ეს ნამდვილად იყო ქართულის გამოცდის მეორე ვარიანტის ტექსტი. გუშინდელი ორსაათიანი სესია რომ დაიწყო, აი, იმის ტექსტი“, – ამბობს ქეთი ქურდოვანიძე.

მისი თქმით, ეს არის საგანგაშო ნიშანი იმის, რომ ადამიანს შეუძლია მობილურით გადაიღოს ტესტი და გარეთ გამოიტანოს. „ამაზე პასუხი უნდა გასცეს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. გამსწორებლებს იმიტომ ვერ დააბრალებენ, რომ ისინი ჯერ არც კი დაუბარებიათ. სანამ გამოცდები არ დასრულდება, ამ ტესტის ლეგიტიმაცია არ შეიძლება, ის უნდა იყოს კონფიდენციალური, ამიტომ კონფიდენციალურობა მთლიანად დარღვეულია გამოცდის და ეს ეჭვის ქვეშ აყენებს ეროვნული გამოცდების კანონიერებას და მიმდინარეობის ობიექტურობას. რა გარანტია გვაქვს, რომ ვიღაცებმა წინასწარ არ იციან ტესტები?“ – გვითხრა მან.

ქეთი ქურდოვანიძის თქმით, ეს არის საგანგაშო მოვლენა, რომელიც გამოცდების დისკრედიტაციას ახდენს. „მე ამ სფეროში იმიტომ ვარ, რომ ჯერ ერთი მოსწავლეები მყავს, აბიტურიენტებს ვამზადებ და მაქვს მათთან ყოველდღიური კონტაქტი. ჩემი მეგობრის შვილიც აბარებდა ქართულს წელს და ვიცით, რომ ეს ტესტი იყო გამოცდაზე.

ეს არის პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი, როდესაც დისკრედიტაცია ხდება საგამოცდო პროცესის, კონფიდენციალურობის არდაცვა. ვინ გაავრცელა და რა მიზნით, ეს მეორე საკითხია. მთავარი საკითხი არის, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს გამოცდების მიმდინარეობას და საგანმანათლებლო პროცესი არის ერთიანად ჩამოშლილი“, – გვეუბნება ქეთი ქურდოვანიძე.

„ბათუმელები“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ როგორ გავრცელდა გამოცდიდან ტესტის ფოტო, რაზეც ცენტრმა წერილობით მოგვწერა:

„გუშინ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიის დასრულების შემდეგ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ტესტის ერთი დავალების ფოტო. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა. აქვე მოგახსენებთ, რომ ტესტის ვარიანტები განსხვავებულია. შესაბამისად, ეს ფაქტი ვერ მოახდენს გავლენას აბიტურიენტთა ობიექტურ შეფასებაზე.

აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელებს შევახსენებთ, რომ საგამოცდო სივრცეში ელექტრომოწყობილობის აღმოჩენის შემთხვევაში, გამოსაცდელი იხსნება გამოცდიდან და მისი ნაშრომი არ სწორდება“, – მოგვწერეს გამოცდების ცენტრიდან.

ჩვენ ცენტრს ასევე ვკითხეთ, როგორ შეიძლება შეეტანათ გამოცდაზე ტელეფონი? ან აპირებენ თუ არა ვიდეოთვალების ამოღებას? – რაზეც ცენტრს ამ ეტაპზე პასუხი არ აქვს.

____________________________

მთავარი ფოტო: ეროვნული გამოცდები 2022/გამოცდების ეროვნული ცენტრი

 

3 და 4 წელი მიუსაჯეს ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს

დღეს, 5 ივლისს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ზაურ ბუდაგოვს, ხოლო 3-3 წლით დააპატიმრა გიორგი და ხუსეინ სურმანიძეები „26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე“.

2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რის შედეგადაც დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი.

პროკურატურამ ამ საქმეზე ჩამონგრეული სადარბაზოს პირველი სართულის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვი დააკავა, ასევე, ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები, რომლებიც პირველ სართულზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

ზაურ ბუდაგოვს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავებოდა, რაც გულისხმობს „სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია“, ხოლო სურმანიძეებს ქონების დაზიანების და სხვისი სიცოცხლის მოსპობის მუხლებით.

„ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, ანომალია, საშიშ ტენდენციას ამკვიდრებს სასამართლო…. გამოდის, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ბინაში რამე გაუფუჭდება, მაგალითად, მაცივარი და მოიყვანს ხელოსანს, ხოლო სამუშაოების დროს ხელოსანი ან ვინმე დაშავდება, მესაკუთრეს მოსთხოვენ პასუხს,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. ის ზაურ ბუდაგოვის ინტერესებს იცავს სასამართლოში და ამბობს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

გამოძიების ვერსიით კი, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზაურ ბუდაგოვმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები დაიქირავა.

„სამუშაოები ითვალისწინებდა კედლების მოშლასაც. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც 2021 წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია… ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის, სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება“, – ამბობდა პროკურატურა.

ადვოკატი რამინ პაპიძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ხარვეზია, რადგან რეგულირება ეხება სამშენებლო სფეროს და არა ბინაში ჩატარებულ სამუშაოებს.

„კანონი უნდა იყოს მკაფიო და კონტროლირებადი, დაურეგულირებელია ეს თემა,“ – გვითხრა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

ამ თემაზე:

წერილი ბათუმის მერიას კორპუსის ჩამონგრევამდე 50 დღით ადრე და მერიის განმარტება

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 36 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 594 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 3 772 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 806 ერთეული [+2]
  • MLRS – 247 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 105 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 187 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 660 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 144 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 634 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 65 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 231 თვითმფრინავი
  • 134 ვერტმფრენი
  • 1 451 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 353 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 910 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 716 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 092 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 016 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხეზე იუწყება ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერგეი ბრატჩუკი, რომელიც აცხადებს, რომ შავ ზღვაში მყოფ რუსულ ხომალდებს „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები აქვთ გამზადებული: შავ ზღვაში გაიზარდა რუსეთის ხომალდების რაოდენობა

„რუსეთი ინტენსიურად იყენებდა არტილერიას, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა ქალაქები“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 5 ივლისის რელიზში და დასძენს, რომ სავარაუდოდ, დონეცკის ოლქისთვის ბრძოლაც მსგავსი სტრატეგიით გაგრძელდება:

ამავე თემაზე:

რას ამბობენ აზოვსტალის მცველების ახლობლები – პრესკონფერენცია

შავ ზღვაში გაიზარდა რუსეთის ხომალდების რაოდენობა – ოდესის ადმინისტრაცია

რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხეზე იუწყება ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერგეი ბრატჩუკი, რომელიც აცხადებს, რომ შავ ზღვაში მყოფ რუსულ ხომალდებს „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები აქვთ გამზადებული.

„შავ ზღვაში გაიზარდა რუსეთის ხომალდების რაოდენობა. ამ ხომალდებს ბორტზე საზღვაო გამოყენების, „კალიბრის“ ტიპის რაკეტები აქვთ. 30-ზე მეტი რაკეტაა 5 ხომალდის ბორტზე – 3 წყალზედა და 2 წყალქვეშა ემუქრება უკრაინას ზღვიდან“, – ამბობს სერგეი ბრატჩუკი.

მისი თქმით, წუხელ, ორი საათის განმავლობაში, ისმოდა საჰაერო განგაშის ხმა ოდესის ოლქში. 5 ივლისის ღამემ აფეთქების გარეშე ჩაიარა, თუმცა სარაკეტო თავდასხმის საფრთხე არ გამქრალა.

სერგეი ბრატჩუკი ასევე აღნიშნავს, რომ „HIMARS -ის სისტემები მუშაობს არამხოლოდ დღისით, არამედ ღამითაც“.

სამხრეთის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელი, ნატალია გუმენიუკი, 4 ივლისს აცხადებდა, რომ შავ ზღვაში განლაგებულ რუსეთის ხომალდებზე 28 რაკეტაა.

უკრაინული მედიის ცნობით, 5 ივლისის ღამეს საჰაეროს განგაში მთელ უკრაინაში ჩაირთო. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვში, დნეპრში, სუმის ოლქში. სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყებოდა ნიკოლაევის მერი ალექსანდ სენკევიშიც.

რუსეთმა 7 რაკეტა გაუშვა დნეპროპეტროვსკის ოლქში, თუმცა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ყველა მათგანი მოიგერია.

კაცს, რომელიც ყოფილი ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, პატიმრობა შეუფარდეს – პროკურატურა

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ ივლისს ქუთაისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ, კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – იუწყება პროკურატურა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივლისის 21 საათიდან 6 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 24 – 29 გრადუსი 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მაღალ მთაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 7-8 ივლისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

ლუგანსკის ოლქს რუსეთი აკონტროლებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა დონბასისთვის ბრძოლის მიმდინარეობას აფასებს. უწყება მიიჩნევს, რომ ლუგანსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებები შეტევების ნელი ტემპით ხასიათდებოდა.

„რუსეთი ინტენსიურად იყენებდა არტილერიას, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა ქალაქები“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 5 ივლისის მიმოხილვაში და დასძენს, რომ სავარაუდოდ, დონეცკის ოლქისთვის ბრძოლაც მსგავსი სტრატეგიით გაგრძელდება.

დაზვერვის შეფასებით, ლისიჩანსკის დაკავებით, რუსეთმა, ფაქტობრივად, კონტროლი მოიპოვა ლუგანსკის მთელ ოლქზე, რაც მას საშუალებას აძლევს, განაცხადოს, რომ მიაღწია სერიოზულ პროგრესს და თავის პოლიტიკურ მიზანს, რომელსაც თავიდანვე ომის უშუალო მიზნად წარმოაჩენდა – დონბასის „გათავისუფლებას.“

„ომის წინა ფაზებისგან განსხვავებით, რუსეთმა, ამჯერად, მოახერხა ეფექტიანად გამოეყენებინა თავისი არმიის ორი მიმართულება: ცენტრალური, სავარაუდოდ, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინის მეთაურობით და სამხრეთის, ახლახან დანიშნული გენერალ სერგეი სუროვიკინის მეთაურობით,“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება ვარაუდობს, რომ უკან დახევის შემდეგ უკრაინის ძალებს შეეძლებათ უკეთ დაცულ ფრონტის ხაზზე გადაინაცვლონ.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აახლებს. 4 ივლისის მიმოხილვაში უწყება მიუთითებდა, რომ ლისიჩანსკის დაკავების შემდეგ რუსეთი მთელ თავის ძალისხმევას, სავარაუდოდ, მიმართავს დონეცკის ოლქისკენ, რომლის საკმაოდ დიდ ნაწილს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ.

მთავარი ფოტო: უკრაინის საბრძოლო მოქმედებების რუკა 4 ივლისის მდგომარეობით/დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

eSIM უკვე სილქნეტის ქსელშია

სილქნეტის მობილურ ქსელში ჩასართავად, ფიზიკური სიმ ბარათის ტელეფონში მოთავსება აღარ არის საჭირო, რადგან მომხმარებელს უკვე შეუძლია ისარგებლოს ვირტუალური სიმ ბარათით, რომლის გააქტიურებაც პირდაპირ QR კოდის მეშვეობით არის შესაძლებელი. 

სილქნეტის ქსელში, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ვირტუალური SIM ბარათით, შეცვალოს სტანდარტული SIM ბარათი eSIM-ით, შეიძინოს eSIM ტექნოლოგიის ახალი ნომერი, ან თუნდაც  ჩაირთოს eSIM მეორე ნომრად სმარტფონში და სხვა მოწყობილობებში. აქტივაციისთანავე, მომხმარებელი ისარგებლებს მობილური ნომრით სტანდარტული ბარათის გარეშე. 

ვირტუალური მობილური ნომრით სარგებლობა ბევრად უფრო კომფორტულია, აბონენტი კი მეტად დაცულია – eSIM ვერ დაზიანდება, ვერ დაიკარგება და რაც მთავარია, იმ მობილურ მოწყობილობაში, რომელსაც ორი ფიზიკური სიმ ბარათის გააქტიურების საშუალება არ გააჩნია, მომხმარებელი შეძლებს eSIM-ის მეორე ნომრად გამოყენებას.

eSIM აქტივაცია: სააქციო ფასი – 5₾ 2022 წლის ბოლომდე (სტანდარტული ტარიფი 10₾)

ფიზიკური SIM-დან eSIM-ზე გადასვლა – 5₾

eSIM-ის აღდგენა – 5 ლარი

ვირტუალური ბარათის  გააქტიურება შესაძლებელია  QR კოდის მეშვეობით, თუ მომხმარებლის სმარტფონს გააჩნია შესაბამისი მხარდაჭერა. საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სილქნეტის მომსახურების ცენტრებში.  ვირტუალური ნომრის მოწყობილობაში ჩატვირთვა ხდება მიღებული QR კოდის დასკანერებით, მოწყობილობის მენიუდან შესაბამისი პუნქტის არჩევის შემდეგ.

გაიგე მეტი eSIM-ზე

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ გიღირს რისთვისაც იბრძვი – 27 წლის პედაგოგი წალკიდან

„ევროპა ჩემთვის ბედნიერი ცხოვრებაა, მშვიდ და სამართლიან გარემოში“, – ამბობს 27 წლის მასწავლებელი წალკიდან  ირა ძირკვაძე, რომელიც ეროვნული ჯილდოს ათეულშია. ირა სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას, ასევე, ინგლისურ ენას ასწავლის. ის „ბათუმელებთან“ სოფელზე, ბავშვებსა და იმ ღირებულებებზე საუბრობს, რასაც, მისი აზრით, ჩვენი მომავლის შეცვლა შეუძლია.

  • ქალბატონო ირა, დღეს ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტებს ასეთი თემა შეხვდათ საწერად, – „აქვს თუ არა ბრძოლას აზრი, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული“. როგორ ფიქრობთ, რას დაწერდა თქვენი მოსწავლე, გამოცდაზე რომ ყოფილიყო. ან თქვენ რას ფიქრობთ, როდის აქვს ბრძოლას აზრი?

შესაძლოა, ბარათაშვილი გახსენებოდა და დაეწერა – „ცუდად ხომ მაინც ხომ არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება“. იტყოდა, რომ ბრძოლაა საჭირო, მომავალი თაობისთვის უკეთესი ქვეყანა რომ დაეტოვებინა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ გიღირს ის, რისთვისაც იბრძვი.

  • დღეს ვხედავთ, რომ საზოგადოება, ხალხი საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი, რადგან მტერი, რომელიც შენი მეზობელია, ძლიერია. თქვენთვის თუ აქვს ამ მიზნისთვის ბრძოლას აზრი?

მე ჩემი თავი ევროპელად მიმაჩნია, თუმცა ევროკავშირის წევრობა რომ მოვიპოვოთ, ამისთვის მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ, ერთმანეთს ვესაუბროთ, ერთმანეთს მოვუსმინოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ ყველამ. მეც ვყოფილვარ ევროპაში და სხვა სტუდენტებსაც ვეხმარები, რომ წავიდნენ და ნახონ როგორი კარგია ევროპაში ცხოვრება, შემდეგ კი იფიქრონ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეს ყველაფერი.

ჩემთვის ევროპა არის ბედნიერად და მშვიდად ცხოვრება. ამიტომ მინდა, რომ ჩემმა მოსწავლეებმა დაინახონ ეს და იყვნენ კანონმორჩილები, პასუხისმგებლიანები, სამართლიანები და ობიექტური მოქალაქეები, რომ ჩვენც ვიცხოვრებთ მსგავს გარემოში.

  • როგორც ვიცით, ხულოდან ხართ წარმოშობით, თუ გაქვთ ისევ რაიმე ბმა ბავშვობის სოფელთან და რას ნიშნავს თქვენთვის დღეს სოფელი გუმბათი?

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში დავიბადე, იქ ვცხოვრობდი. თუმცა, შვიდი წლის ვიყავი, როცა ოჯახმა წალკაში გადმოსვლა გადაწყვიტა საცხოვრებლად. 2002 წელს გადმოვედით წალკაში, სოფელ გუმბათში ეკომიგრანტის სტატუსით და მას შემდეგ აქ ვართ.

თავიდან რთული იყო ახალ გარემოსთან შეგუება, რადგან გეოგრაფიულადაც  განსხვავდება ჩემი ძველი სოფლისგან და კლიმატითაც. აქ გაშლილი სივრცეები გვაქვს, ხულოში კი მთებით და ტყეებით ვიყავით გარშემორტყმული.

რთული იყო ისიც, რომ ჩვენთვის უცხო გარემოში მოვხდით. აქ მცხოვრებ ადამიანებს ქართული არ ესმოდათ, რადგან ძირითადად ეთნიკური სომხებით და ბერძნებითაა დასახლებული ეს სოფლები. რუსულად არ ვლაპარაკობდით და გვიჭირდა ურთიერთობა ამ ადამიანებთან.

თავდაპირველად დაპირისპირებებიც იყო ეთნიკურ სომხებსა და ქართველებს შორის, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ მათ მიწებზე ვსახლდებოდით, ასევე ჩვენი განსხვავებული მრწამსის – მუსლიმობის გამოც, ჩვენთან თანაცხოვრება სასიამოვნოდ არ მიაჩნდათ.

  • დღეს როგორი ურთიერთობები გაქვთ, თუ დაიძლია ეს გაუცხოება?

დროთა განმავლობაში ეს კრიზისები გადავლახეთ, სადღაც ხუთი წლის შემდეგ დამშვიდდა სიტუაცია და დღეს მეტად გვესმის ერთმანეთის. განსაკუთრებით ახალგაზრდები მეგობრობენ ერთმანეთთან, ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში, თუმცა სამწუხაროა, რომ ეთნიკური სომხების დიდმა ნაწილმა ქართული ენა ისევ არ იცის.

ბერძნების შემთხვევაში ეს პრობლემა ნაკლებად დგას, რადგან ისინი ქართულენოვან სკოლებში იღებენ განათლებას.

  • დღეს ბევრი ახალგაზრდა ცდილობს სოფლიდან ქალაქში წავიდეს, ან უცხოეთში ეძებოს მომავალი. თქვენ რატომ დაბრუნდით სოფელში, რა იყო მოტივაცია?

მე ამას აღვიქვამ, როგორც ჩემს არჩევანს. ხშირად ამბობენ, რომ ეს მსხვერპლია, რასაც მე არ ვეთანხმები. მე, პირადად, არ მიყვარს ქალაქში ყოფნა, გარეუბნები უფრო მეტად მხიბლავს, ამიტომ გადავწყვიტე სოფელში დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურა წალკაში ძალიან ცუდია.

მოტივაციას კი ის მაძლევს, რასაც ვაკეთებ. ვფიქრობ, საინტერესო სამსახური მაქვს და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ. არ მაქვს განცდა, რომ რაღაც რუტინულად ვმუშაობ, არამედ რაღაც ღირებულს ვაკეთებ ჩემი სოფლისა და ჩემი ქვეყნისთვის.

  • რატომ აირჩიეთ მასწავლებლობა. ეს იყო ტრადიციის გაგრძელება, რადგან მშობლები პედაგოგები გყავთ, თუ იყო თქვენი გააზრებული არჩევანი?

ტრადიციის გაგრძელება, ვფიქრობ, ნაკლებადაა, რადგან თავიდან არ ვაპირებდი მასწავლებლობას. დაახლოებით მესამე კურსზე როცა ვიყავი, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მომიხდა მოსწავლეებთან ურთიერთობა და აღმოვაჩინე, რომ მასწავლებლობა მაინტერესებდა, მსიამოვნებდა ბავშვებთან ურთიერთობა.

თუმცა გუმბათზე ნაკლებად ვფიქრობდი, სხვა რომელიმე მაღალმთიან სოფელში მინდოდა წასვლა, მაგრამ როცა უნივერსიტეტი დავასრულე, აღმოჩნდა, რომ ინგლისურის მასწავლებელი აღარ ჰყავდათ სკოლაში და რადგან მე ვიცოდი ენა, შემომთავაზეს მუშაობა დამეწყო. თუმცა ქართული ფილოლოგიაა ჩემი სპეციალობა, ამიტომ ქართულსაც ვასწავლი.

  • არიან ადამიანები, რომლებსაც ძირითადად უსიამოვნოდ ახსენდებათ სკოლაში გატარებული წლები, ზოგიერთს კი – პირიქით. თქვენ რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად მოსწავლეობიდან, როგორია თქვენს წარმოდგენაში ცუდი ან კარგი მასწავლებელი?

მეც ვფიქრობ ხოლმე ჩემი პერიოდის სკოლაზე, რა მომწონდა ან რა არა და ამაზე ჩემს მეგობრებსაც ვეკითხებოდი. ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ მისი ქართულის მასწავლებელი არ მოსწონდა. ძირითადად უყვართ ხოლმე ქართულის მასწავლებლები ბავშვებს, ამიტომ გამიკვირდა. როცა ჩავეძიე, მითხრა, იმიტომ არ მიყვარდა, მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობდა, ჩვენი აზრი კი ნაკლებად აინტერესებდაო.

ვთქვათ, ამბობდა, რომ გალაკტიონმა „თოვლში“ იგულისხმა საყვარელი ადამიანი ან ამ მწერალმა ამ ლექსში თუ მოთხრობაში იგულისხმა სამშობლო და ასე შემდეგ. ჩემთვისაც ეკითხა, იქნებ მე სხვა მოსაზრება მქონდაო. ამას, როგორც მასწავლებელი, დღეს ხშირად ვითვალისწინებ და ვცდილობ, რომ ჯერ ჩემს მოსწავლეებს ვკითხო თვითონ რას ფიქრობენ, რას ხედავენ ამა თუ იმ გმირზე, სიმბოლოზე და შემდეგ შევთავაზო ჩემი მოსაზრება. თან ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი არ მივაწოდო, როგორც უპირობო ჭეშმარიტება, მინდა იმსჯელონ, იფიქრონ და თვითონ აღმოაჩინონ.

ბუნებრივია, როგორც მასწავლებელი ვთავაზობ ჩემს აზრსაც, თუმცა ვეუბნები, რომ ასე ბევრი მეცნიერი მიიჩნევს.

როცა ვიხსენებდი ჩემი მოსწავლეობის პერიოდს, მივხვდი რომ მხოლოდ წიგნით და რვეულით ვერ შევიძინე ის ცოდნა და უნარები, რაც მჭირდებოდა მოქალაქედ ჩამოყალიბებაში, ან იმაში, რომ ჩემი გზა მეპოვა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი გაკვეთილები არ ყოფილი ერთფეროვანი და ვცდილობ სივრცეებიც ხშირად გამოვიცვალოთ.

  • ბუნებასთან კავშირს გულისხმობთ?

დიახ, არ არის აუცილებელი, რომ 45 წუთი კლასში იჯდეს ბავშვი. გარეთ გავდივართ ხოლმე და იქ ვატარებ გაკვეთილს. ყოფილა შემთხვევა, როცა შემაჯამებელი დავალება მდინარესთან დაგვიწერია. ასევე ყურადღებას ვაქცევ იმას, რომ თავისუფალი სივრცე შევუქმნა მოსწავლეებს, სადაც თავიანთ აზრს თავისუფლად გამოთქვამენ. ინგლისურად ალაპარაკდებიან და ეს არ იქნება მხოლოდ მასწავლებლისთვის მოყოლილი გაკვეთილი. კარგად გაიაზრებენ, რომ ცოდნა, რომელსაც გაკვეთილზე შეიძენენ, მათ შემდეგ ცხოვრებაში გამოადგებათ.

პირველ რიგში, სკოლა ბავშვებს უნდა უქმნიდეს სასიამოვნო გარემოს, სადაც ბავშვი გაიღიმებს, ბედნიერი იქნება, რადგან დადებითი განწყობის გარეშე ძალიან რთულია ზმნის უღლებაზე საუბარი.

ცოდნა მოსწავლის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული. ვცდილობ, ხშირად ჩავატარო გამოკითხვები და მათგან გავიგო, რა უნდა გავითვალისწინო გაკვეთილზე. ვცდილობ, ერთად შევქმნათ სივრცე, სადაც ვისწავლით და კარგად გავიაზრებთ, რომ მომავლისთვის ვსწავლობთ. ხშირად ვეუბნები ხოლმე მოსწავლეებს „ჩემთვის ნუ დაიზეპირებთ“. კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მე, უბრალოდ, მხარდამჭერი ვარ, ცოდნა კი მათ უნდა გამოადგეთ.

  • დღეს ბევრი პრობლემის გადალახვა უწევთ ადამიანებს, მათ შორის, ბავშვებს. როგორ ხვდებით, რომ რაღაც უჭირს, რაღაც ადარდებს თქვენს მოსწავლეს?

დიახ, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც მეტი სოციალური სიდუხჭირეა ოჯახებში, ხშირად შეიძლება იყვნენ ბავშვებიც პრობლემებით, ცუდი განწყობით. შეიძლება „ჰელადოსზე“ უნდა მემსჯელა იმ გაკვეთილზე, მაგრამ თუ ბავშვი სევდიანია, ვცვლი სტრატეგიას და რაიმე სახალისო აქტივობას ვაკეთებ.

მაქსიმალურად ვცდილობ კარგად დავაკვირდე მოსწავლეს, სურვილის შემთხვევაში ვესაუბრები ხოლმე. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა დაგვიგეგმავს გაკვეთილის შემდეგ რაიმე თამაში ან მსგავსი და ამით შემიცვლია მისი განწყობა.

  • თქვენ ამბობთ, რომ კონკრეტულ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანია ასწავლო მოქალაქეობა ბავშვებს. როგორ ესმით ეს საკითხი?

ვფიქრობ, პირველ რიგში, ჩვენი მოსწავლეები პასუხისმგებლიანი მოქალაქეები უნდა იყვნენ, უნდა იცოდნენ, რომ ნარჩენი კი არ უნდა გადააგდონ ღია სივრცეში, არამედ სანაგვე ყუთი მოძებნონ და იქ ჩააგდონ. მას უნდა ესმოდეს, რომ არ დააზიანოს, ვთქვათ, ბანერი, იყოს აქტიური და ჩაერთოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ეს უნარები უნდა განუვითაროთ ბავშვებს.

მნიშვნელოვანია, რომ ტოლერანტი მოსწავლეები გვყავდეს, შეეძლოთ განსხვავებულის მიღება და პატივისცემა. სკოლების დიდი ნაწილი ნაკლებად აქცევს ასეთ დეტალებს ყურადღებას, თუმცა საბედნიეროდ, ბევრი მასწავლებელი გვყავს, ვინც ასწავლის ამ ღირებულებებს ბავშვებს და ამ ღირებულებებით მუშაობს საგაკვეთილო პროცესის შემდეგაც ბავშვებთან.

  • საბჭოთა სკოლა ბავშვებს თავისუფლებაზე მეტად მორჩილებას უნერგავდა. როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებს ჰქონდეთ იმის ცოდნა, რომ თვითონ შეუძლიათ ისეთი ქვეყანა ჰქონდეთ, როგორც მათ სურთ?

ვფიქრობ, ეს ყველაფერი მასწავლებლებმა ჩვენსავე გაკვეთილებზე უნდა ვაჩვენოთ მათ. თუ ბავშვს გაკვეთილზე ვაჩვენებთ, როგორ შეიძლება გვქონდეს დემოკრატიული, თავისუფალი გაკვეთილი, ის ავტომატურად გადაიტანს ამ მოდელს თავის ცხოვრებაში.

ადრე ჩემს მოსწავლეებს უჭირდათ ხოლმე თქმა „ჩემი აზრით“ და როცა ვეუბნებოდი „თქვენ როგორ ფიქრობთ?“, ან „ეს თქვენი აზრია“, შემდეგ თვითონ ამბობდნენ ხოლმე, რომ „ეს ჩემი აზრია“. ხაზს უსვამენ, რომ საკუთარი აზრი აქვთ რაღაც საკითხზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ აზრის გამოთქმაც და სხვისი აზრის მოსმენაც.

თუ გაკვეთილზე ექნებათ მათი აზრი, შემდეგ სახლშიც ექნებათ, სოფელშიც ილაპარაკებენ და შემდეგ ქვეყანაშიც გამოხატავენ თავიანთ ნებას.

ერთი მეგობარი მეუბნებოდა, ჩვენ ვცდილობთ ბავშვებს გადავცეთ ცოდნა, მაგრამ ნაკლებად ვეკითხებით, თუ როგორი გაკვეთილი სურთ. თუ გაკვეთილზე ვკითხავ მოსწავლეებს რა მოეწონათ, რა არა, რას შეცვლიდნენ, ალბათ მეტყოდნენ, რომ სულ ტესტური შემაჯამებელი დავალებები აქვთ და იქნებ, ახლა შემოქმედებითი დავალებები შევასრულოთ? თუ ამას გაკვეთილებზე მივაჩვევთ, შემდეგ ისინი თვითმმართველობის დონეზეც იტყვიან, რომ რაღაც არ მოსწონთ და შესაცვლელია. ეს ცვლილებები სწორედ ამ პატარა გაკვეთილებიდან იწყება. ამიტომ, მასწავლებელთან იქნება თუ დირექტორთან, მოსწავლეს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება უნდა მივცეთ.

იყო შემთხვევები, როცა მშობლები მეუბნებოდნენ, „შეგიძლია წამოარტყა“, ან „შეგიძლია უყვირო“, მე მათ ვუხსნიდი, რომ ამის უფლება მასწავლებელს არ აქვს და ეს არ არის მნიშვნელოვანი.

მთავარია, მოსწავლე ჩემთან დაცულად გრძნობდეს თავს. ვფიქრობ, ჩემს მოსწავლეს ჩემი არ უნდა ეშინოდეს და საგაკვეთილო წესებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა ვემორჩილებოდეთ.

  • თანასწორობის საკითხებს თუ განიხილავთ მოსწავლეებთან და როგორ ასწავლით ამის შესახებ?

არაფორმალური განათლების მიმართულებით შეხვედრებს ვატარებთ ხოლმე და მაშინ ვსაუბრობთ გენდერის საკითხზე. სკოლაში გვაქვს გოგონების ფეხბურთის გუნდი და თავიდან იყო სტერეოტიპული მიდგომა, რომ „გოგომ ფეხბურთი რატომ უნდა ითამაშოს“, მშობლები თავიდან არ უშვებდნენ შვილებს სათამაშოდ, მაგრამ მასწავლებლები ვგულშემატკივრობდით, მოტივაციას ვაძლევდით გოგონებს. დღეს უკვე ძალიან აქტიურად თამაშობენ  გოგონები ფეხბურთს.

ძირითადად მაინც გოგოებზე მოდის აქცენტის გაკეთება, – „გოგო ასეთი უნდა იყოს, ისეთი უნდა იყოს“. ვცდილობთ, მსგავსი დამოკიდებულებები შევცვალოთ.

  • როგორც ვიცი, სოფელში საწარმოც გაქვთ, ბავშვები რა ფორმით თანამონაწილეობენ ამაში?

დიახ, მონაწილეობენ, რადგან ეს სივრცე შევქმენით მათთვის. სოციალური საწარმო არის სივრცე, სადაც სტუმრები მოდიან, სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ, სხვადასხვა თემაზე ვმსჯელობთ.

სასმელი წყალიც ჩამოვიყვანეთ სკოლის ეზოში, გვქონდა პროექტი „აღმოაჩინე შენი სოფელი“, ხუთ სოფელში ზეპირი ისტორიები ჩავიწერეთ, დავამუშავეთ და ფოტოგამოფენაც მოვაწყვეთ. ამ სოფლებში ახალგაზრდული ჯგუფებიც გავაჩინეთ, რომლებიც პროექტებს წერენ, ზოგმა მაგიდის ჩოგბურთის ინვენტარი იყიდა, ზოგმა „პუფები“ ბიბლიოთეკისთვის და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, სასწავლო ცენტრიც გვაქვს, სადაც აბიტურიენტებს ვამზადებთ ხელმისაწვდომ ფასად, სოციალურად დაუცველებს კი უფასოდ ვამეცადინებთ.

  • მიზნის მიღწევას ან საკუთარი შეხედულებების დაცვას როგორ ასწავლით ბავშვებს?

ლიტერატურის სწავლებასთან ერთად, ამ ყველაფრის სწავლება უფრო ადვილია, რადგან ბევრ თემას და ნაწარმოებს ვეხებით. ერთად განვიხილავთ, ვსაუბრობთ. როლურ თამაშებს ვთამაშობთ, შემოქმედებითად ვწერთ და ეს გვეხმარება.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები სოფლის გარეთაც გავიდნენ, ბანაკებში ჩაერთონ, ბევრ ადამიანს შეხვდნენ, საინტერესო  ადამიანები გაიცნონ, რადგან მარტო ჩემთან ურთიერთობით ამ ყველაფერს ვერ აღმოაჩენენ. ვცდილობთ, ასეთი პროექტები დავუფინანსოთ ბავშვებს, რომ გავიდნენ სოფლის გარეთაც.

„ის იყო დაკავშირებული სუს-თან“ – რას ჰყვება „ოცნების“ ყოფილი წევრი დეპუტატ სამხარაძეზე

„2017 წლის არჩევნებზე, როცა დიმიტრი სამხარაძე „ოცნების“ რეგიონული სამსახურის უფროსი იყო, შექმნა ფორმულარი, რომ საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე თანხმობა ხელმოწერით დაედასტურებინა სუს-ს,“ – ამბობს პარლამენტის ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე, რომელმაც პარტია „ქართული ოცნება“ 2019 წელს დატოვა.

დიმიტრი სამხარაძე პარლამენტარია, რომელმაც წუხელ, 3 ივლისის აქციაზე, „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისის აივნიდან ჯერ აქციის მონაწილეებს აგინა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილს. გედევან ფოფხაძის ყოფილი თანაპარტიელის ეს აგრესიული ქცევა არ გაჰკვირვებია, რადგან ბევრჯერ უნახავს სამხარაძისგან უხეში და შეურაცხმყოფელი ქცევა პარტიის შიგნით.

გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ აივნიდან ამომრჩევლის გინება მთლიანად „ქართული ოცნების“ გზავნილია, თუ როგორ [არ] აპირებს მმართველი პოლიტიკური ძალა EU-ს ვალდებულებების შესრულებას, კონკრეტულად კი, პოლარიზების შემცირებას, ხოლო დიმიტრი სამხარაძის გააქტიურება აჩვენებს სუს-ის დაწინაურებას „ქართულ ოცნებაში“.

დიმიტრი სამხარაძე პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“ 2016 წლიდან. 2016 წელს, როგორც კი 35 წლის დიმიტრი სამხარაძემ მოსკოვში უმაღლესი განათლების მიღება დაასრულა, ის საქართველოში პარლამენტის წევრი გახდა. დიმიტრი სამხარაძეს რუსეთის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი აქვს დასრულებული, სპეციალობით „პერსონალის მართვა“.

თუკი პარლამენტის გვერდზე დიმიტრი სამხარაძის ბიოგრაფიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ პარლამენტარი უმაღლესი განათლების გარეშე მუშაობდა საჯარო უწყებებში: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში [2012 -2015], ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში [2015 – 2016]. საჯარო უწყებებში დასაქმებამდე კი, დიმიტრი სამხარაძე ბიზნესსექტორში მუშაობდა.

ბიოგრაფიაში არაფერია ნათქვამია დიმიტრი სამხარაძის ზოგადი განათლების შესახებ. დიმიტრი სამხარაძე 1981 წელს დაიბადა და 2014 წელს საზოგადოებრივი კოლეჯი „ორიენტირი“ დაასრულა. ამ დროს დიმიტრი სამხარაძე 33 წლის იყო.

„ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი, არმაზ ახვლედიანი ვერ იხსენებს დიმიტრი სამხარაძეს პარტიის აქტივში. არმაზ ახვლედიანმა „ქართული ოცნება“ 2016 წელს დატოვა. ამ წელს გახდა პირველად პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე.

გედევან ფოფხაძის თქმით, დიმიტრი სამხარაძე პარტია „ქართულ ოცნებაშიც“ დაახლოებით 2016 წლიდან გააქტიურდა.

„ის იყო კახი კალაძესთან დაკავშირებული პირი, როგორც ვიცი, მასთან მეგობრობს, მაგრამ ძირითადად ის იყო დაკავშირებული სუს-თან… დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ პარტიაში რეგიონული სამსახურის უფროსი სტრუქტურულად იყო დაკავშირებული სუს-თან, განსაკუთრებით ეს რგოლი სუს-ის გარეშე არ მუშაობდა,“ – გვიყვება გედევან ფოფხაძე, რომელსაც დიმიტრი სამხარაძე განსაკუთრებით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან დაამახსოვრდა:

„სამხარაძემ შეიმუშავა ეს ფორმულარი, რომ ვიდრე კანდიდატად ვინმე დამტკიცდებოდა, ეს უნდა დაედასტურებინა ხელმოწერით პარტიის აღმასრულებელ მდივანს, ასევე იმ რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, გამგებელს, გუბერნატორს და სუს-ის შესაბამისი რეგიონის ხელმძღვანელს…. ვამბობდი, რომ ეს იყო კანონსაწინააღმდეგო, რადგან სუს-ს არა აქვს პოლიტიკური საქმიანობის უფლება. საბოლოოდ, არ ვიცი, რა გადაწყვიტეს, მაგრამ გუშინდელი ქცევა დიმიტრი სამხარაძისგან საერთოდ არ გამკვირვებია, რა გადაკვეთაც მქონია მასთან, მუდმივად იყო უხეში, არაკორექტული, გამომწვევი…

მაგალითად, მუდმივად ხაზს უსვამდა იმას, რომ პარტიის აქტივი არაფერს წარმოადგენდა და მთავარი იყო ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენი ყველა იყო არარაობა და ივანიშვილს უნდა ემსახურებოდეს ყველა. ის ასე უყურებდა პარტიის ცხოვრებას“, – გვითხრა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის ყოფილი წევრის აზრით, „ქართული ოცნების“ რეაქცია ხალხის მიმართ გინებაზე იყო ის, რომ მათ დიმიტრი სამხარაძე დაიცვეს: თქვეს, რომ ეს იყო „ადამიანური სისუსტე“, რაც პირდაპირი გზავნილია, თუ რამდენად შეიძლება წახალისდეს ძალადობა, რომლის წყაროც შესაძლოა ხელისუფლება იქცეს.

„როცა პარლამენტის წევრს ამომრჩევლის გინებისთვის პახუხს არ სთხოვ, რომელი პოლარიზების დასრულებაზე მესაუბრები? ესე იგი, თავიდანვე მატყუებ ხო? ეს არის სინამდვილეში ოხანაშვილი ხაზის გაგრძელება, რომელმაც პირდაპირ აშშ-ის ელჩის თანდასწრებით დაარტყა ვატო წერეთელს და მერე თქვეს, შეურაცხყოფა მიაყენა და თავი ვერ შეიკავაო. აქ კი, სარჯველაძე გვეუბნება, ადამიანური სისტე იყოო. რა იყო სისუსტე: დაინახა აქციის მონაწილეები ქუჩაში? რომ გამოსულიყო სამხარაძე ავტომატით და ესროლა, იტყოდნენ, რომ ეს განსაკუთრებული სისუსტე იყო?

ეს არის პირდაპირი გზავილი, როგორ აპირებს „ოცნება“ მოქცევას: უხეშად, აგდებულად, ძალადობრივად,“ – ამბობს გედევან ფოფხაძე და ხაზს უსვამს იმასაც, რომ დიმიტრი სამხარაძის და ანრი ოხანაშვილის წახალისება „ქართული ოცნებიდან“ არის ასევე ძველბიჭური მიდგომის გაძლიერება და ამ გზით აპირებს მმართველი პოლიტიკური გუნდი ძალაუფლების შენარჩუნებას.

რას აკეთებს დიმიტრი სამხარაძე პარლამენტში? 

დიმიტრი სამხარაძე პარლამენტში ძირითადად „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებ კანონპროექტებს უჭერს მხარს, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მან, ბათუმში, ka 2 კოეფიციენტის გაზრდას და კორუფციული რისკების გაზრდის შემცევლ კანონპროექტს აუწია ხელი.

2016 წლიდან დღემდე დიმიტრი სამხარაძე არ დასწრებია, ან კანონპროექტისთვის ხმა არ მიუცია 3165 შემთხვევაში. ამ დეპუტატმა 5587-ჯერ აუწია ხელი „ქართულ ოცნებას“ მისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად, ხოლო 68 შემთხვევაში კანონპრექტს მხარი არ დაუჭირა. ამ კანონპროექტს შორის რამდენიმეა ისეთი, რომლის ავტორიც ოპოზიცინერი დეპუტატები იყვნენ.

დიმიტრი სამხარაძე აქამდეც აქტიურად მუშაობდა სოციალურ ქსელში პოლიტიკური ოპონენტების და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის კუთხით. მაგალითად 20 ივნისის ბათუმის აქციაზე, რომელიც სამოქალაქო მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული მოთხოვნით „შინ ევროპისკენ“, დეპუტატმა მოქალაქეებს „მონები“ უწოდა: „აჭარა, ბათუმი, გამოიყვანეს ომის პარტიის მონები“ – წერდა იმ საღამოს პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძე.

გინება პარლამენტში სიტყვით გამოსვლის ნაცვლად 

სიტყვა „გინება“ ყველაზე ხშირად ისერჩება, თუკი დიმიტრი სამხარაძის შესახებ რამე ინფორმაციის მოპოვებას გადაწყვეტთ საძიებო სისტემაში: „მიშა, დედას მოგიტ…თ“ – ოცნების დეპუტატი მიხეილ სააკაშვილს აგინებს“ – ეს „ნეტგაზეთის“ ნიუსია 2019 წელს. მაშინაც დეპუტატი საპარლამენტო აქტივობის ნაცვლად პოლიტიკური ოპონენტების გინებით იყო დაკავებული – ამ წელს და 2018 წელსაც ის „საერთაშორისო გამჭვირვლაობა საქართველოს“ ანგარიშში მოხვდა, რადგან ის დეპუტატი იყო, რომელიც სიტყვით ერთხელაც არ გამოსულა.

სამაგიეროდ. 2021 წელს დიმიტრი სამხარაძემ მოქალაქეებს პირდაპირ მოუწოდა გოგი წულაიას გინებისკენ. 2021 წელსაც დიმიტრი სამხარაძეს სიტყვა პარლამენტში ერთხელაც კი არ ჰქონია.

დიმიტრი სამხარაძე არც სამოქალაქო საზოგადოებას დაპირისპირბია პირველად – „სიურპრიზს ვუმზადებთ, მისივე დანაბოლები დაუწყებენ გინებას“ – წერდა დიმიტრი სამხარაძე 2021 წელს გიგა ქარაშვილის შესახებ, რომელიც ახლაც „სირცხვილიას“ ერთ-ერთი აქტივისტია.

თანამდებობრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს უძრავი და მოძრავი ქონება საერთოდ არ აქვს. ქონებას მხოლოდ მისი ცოლი – დოდო მედვედსკაია ფლობს, რომელმაც 2017 წელს იყიდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, ბაგებში 112 კვადრატული მეტრი 72 ათას დოლარად.

დოდო მედვედკაიას 2020 წელს უყიდია მანქანაც Flat 500 – 15 ათას ლარად. მანადე ის ჯიპს ფლობდა ML, რაც 12 ათას ლარად შეიძინა 2010 წელს.

მედვედკაიას და სამხარაძეს სამი შვილი ჰყავთ.

დეკლარაციის მიხედვით, დიმიტრი სამხარაძეს მხოლოდ ხელფასი აქვს – თვეში 4253 ლარი. გასულ წელს მდუმარე დეპუტატისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 51 043 ლარი დაიხარჯა.

რას ამბობენ აზოვსტალის მცველების ახლობლები – პრესკონფერენცია

დღეს, 4 ივლისს, გაიმართა „აზოვსტალის“ მცველების ახლობლების პრესკონფერენცია. როგორც უკრაინული არხი, 24tv წერს, პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ „აზოვსტალის“ იმ მცველების ოჯახის წევრებიც, რომლებიც 29 ივნისს გაცვალეს რუს ტყვეებში და მათ სახლში დაბრუნება შეძლეს.

უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაურის, სერგეი ვოლინსკის დამ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ტყვეობიდან გათავისუფლებულ აზოვსტალის ყველა მცველს სერიოზული დაზიანებები აქვს.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა – აწამებდნენ თუ არა აზოვსტალის ტყვეებს, ჯერჯერობით კვლავ უპასუხოდ დარჩა, რადგან ასოციაციაში, რომელიც აზოვსტალის მცველების ახლობლებს აერთიანებს, ამ კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებენ – მიზეზი ჯერ კიდევ ტყვეობაში მყოფი ათასობით უკრაინელი მებრძოლის უსაფრთხოებაა.

36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაურის დამ, ტატიანა ხარკომ ყველას სთხოვა გმირების მიმართ გამოიჩინონ ზრუნვა.

„გათავისუფლებული მცველები გეტყვიან, რა გამოიარეს, როცა ამისთვის მზად იქნებიან. ჟურნალისტებს ვთხოვ, გაითვალისწინონ ტყვეობიდან დაბრუნებული ბიჭების გრძნობები. ახლა მათ სჭირდებათ გამოჯანმრთელება, გონებრივი და ფიზიკური რეაბილიტაცია. მოვა დრო და ყველაფერს გეტყვიან“ – ხაზგასმით აღნიშნა ხარკომ.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, საკოორდინაციო შტაბს და ყველა ადამიანს, „ვინც ძალისხმევას იღებდა გაცვლისთვის“. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს გაცვლა მნიშვნელოვანი შედეგია, მაგრამ მხოლოდ გზის დასაწყისია, რადგან ყველა ჯარისკაცი უნდა დაბრუნდეს სახლში, რაც შეიძლება მალე.

პოლკ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს მეუღლემ, ტატიანა პროკოპენკომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში არ გაუგია ქმრის ხმა და არ იცის მისი მდგომარეობის შესახებ.

ჟენევის კონვენციის თანახმად, ტყვეებთან უნდა იყოს კომუნიკაცია და კვირაში ორჯერ „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელმა უნდა შეამოწმოს მათი მდგომარეობა, მაგრამ „წითელი ჯვარი“ დატყვევებული ჯარისკაცების ოჯახებს ინფორმაციას არ აწვდის, რადგან ყველა ინფორმაცია ტყვეების შესახებ გასაიდუმლოებულია.

პროკოპენკოს თქმით, რუსეთის ტყვეობაში იმყოფება მარიუპოლის 2500-მდე მცველი.

სპეცრაზმ „მედვედის“ მეთაურის ცოლმა, მარინა კრავცოვამ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ ტყვეობაში მყოფი მარიუპოლის მცველების განცხადებები კეთდება ზეწოლის ქვეშ და მებრძოლების პირით ახლა „მტერი ლაპარაკობს“.

„…მე არ შემიძლია წარმოდგენა, როგორ მდგომარეობაშია დღეს ჩემი ქმარი. განცხადებები, რომელსაც ჩვენები აკეთებენ ვიდეოზე, კეთდება ზეწოლის ქვეშ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს რეაგირება მტრის პროვოკაციაზე და გვესმოდეს, რომ ახლა ჩვენი ბიჭების პირით მტერი ლაპარაკობს“ – თქვა მან.

არსებული ინფორმაციით, რომელსაც საოკუპაციო ძალები ავრცელებენ, ქვედანაყოფი „მედვედი“ ცალკეა განთავსებული და გაურკვეველი მიმართულებით გადაყვანილი. მარინა კრავცოვამ არ იცის სად იმყოფება და რა მდგომარეობაშია მისი ქმარი. არის ინფორმაცია, რომ დანაყოფის საქმე ე.წ. „დპრ“-ს სასამართლოშია და მებრძოლების სიკვდილით დასჯა სურთ.

  • რა ვიცით მარიუპოლის მცველებზე

ქალაქ მარიუპოლში 16 მაისამდე აგრძელებდნენ ბრძოლას უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც აზოვსტალის ქარხნის ბუნკერებში იყვნენ გამაგრებული. მათ შორის იყვნენ: აზოვის პოლკი, მესაზღვრეები, პოლიცია, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა.

აზოვსტალი 21 აპრილიდან ალყაში იყო და განუწყვეტლივ იბომბებოდა, ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ასობით დაჭრილი, ჯარისკაცებს უთავდებოდათ მედიკამენტები და წყალი.

20 მაისს „აზოვის“ პოლკის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დენის პროკოპენკომ, ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების ბრძანება გასცა.

აზოვსტალიდან რუსმა სამხედროებმა სრულად გაიყვანეს უკრაინელი სამხედროები. უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ მათ გადაცვლას შეძლებს რუს ტყვეებში გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართულებით.

ტყვეების პირველი გაცვლა უკრაინასა და რუსეთს შორის 29 ივნისს შედგა, როცა ტყვეობიდან გათავისუფლდა უკრაინის 144 მცველი, მათი უმრავლესობა „აზოვსტალელია“.

_____________________

ფოტოზე: მარიუპოლის მცველები. 17 მაისი, 2022 წელი. ფოტო: EPA/ALESSANDRO GUERRA

დევნილი ცოლ-ქმარი 29 წელი საკუთარი ჭერის ძიებაში

„29 წელია საკუთრების განცდა აღარ მქონია. ვნატრობ, ეს განცდა მქონდეს ზუსტად – ღამე მშვიდად დავიძინო და არ ვიფიქრო იმაზე, რომ ხვალ სადღაც წასასვლელი ვარ,“ – ასე აღწერს თავის მდგომარეობას აფხაზეთიდან დევნილი ლიანა ბერია.

დევნილი ცოლ-ქმარი, ლიანა და მერაბ ბერიები ბოლო 16 წელი დაგირავებულ ბინებში ცხოვრობდა. ახლა როცა უძრავი ქონების ბაზარზე დასაგირავებელი ბინების ფასი გაიზარდა, მათ ბოლო კონტრაქტს კი ვადა გაუვიდა, ცოლ-ქმარი ღია ცის ქვეშ დარჩა. მათ ხელთ მხოლოდ 7 ათასი დოლარი აქვთ. ამ თანხით კი ბათუმში დასაგირავებელი ბინა ვერ იპოვეს.

ლიანა, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, ბათუმში 1994 წლის მარტში ჩამოვიდა. მისი და მისი ოჯახის საცხოვრებელი მომდევნო 12 წელი სანაპიროზე მდგარი სასტუმრო „მესხეთი“ იყო. სასტუმრო „მესხეთი“ მაშინ სხვა ასობით დევნილი ოჯახის დროებითი საცხოვრებელიც გახდა.

2006 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ სასტუმრო „მესხეთი“ დაანგრია, იქ მცხოვრებ დევნილებს კი კომპენსაციის სახით 7 ათასი დოლარი გადაუხადა.

„2006 წლის მაისი იყო. დავემორჩილეთ მთავრობას, ავიღეთ კომპენსაცია და გადავედით. ვინც არ დაემორჩილა, მერე მაინც იძულებულნი გახდნენ, რომ გამოსულიყვნენ. მაგრამ ვინც არ გამოვიდა, ხელისუფლებას მოუწია მათი დაკმაყოფილება (ბინით), ჩვენ არ მოგვიწია. მაშინ ამ ფულით ბათუმში ვერაფერი ვერ ვიყიდეთ. ამიტომ ბინა დავიგირავეთ. 16 წელია გირაოდან გირაოში გადავდივართ.

პირველი ბინა ფარეხთან, მაიაკოვსკის ქუჩაზე დავიგირავეთ. არ იყო სასურველი პირობები, მაგრამ 7 ათასი დოლარი არ იყო ის თანხა, არჩევანი გაგვეკეთებინა. ამ 16 წლის განმავლობაში სასურველ პირობებში მარტო წელიწადი და 8 თვე ვიცხოვრეთ, მეტი არა,“ –  გვიყვება ლიანა ბერია.

მეუღლის მონათხრობს აგრძელებს მერაბ ბერია და გვიყვება, რომ მცდელობის მიუხედავად, კომპენსაციის სახით მიღებული თანხით ვერაფრის ყიდვა ვერ შეძლეს.

„როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მესხეთში“ მცხოვრებლებს 7 ათას დოლარს აძლევდნენ, მახსოვს, მყისიერად გაძვირდა ბინები. ბევრი ვეძებეთ, მაგრამ ვერაფერს გავწვდით. ამიტომ წავედით და დავიგირავეთ. გირაოს ეყო მხოლოდ ის ფული. ვისაც გამოუცდია ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა, ის გამიგებს. დალაგდები და ისე მალე მიფრინავს ეს წელია თუ დღე, ვეღარ ხვდები,“ – ამბობს მერაბ ბერია.

ლიანა და მერაბ ბერიების ცხოვრება პანდემიის მერე მკვეთრად შეიცვალა. მერაბს დიაბეტი აქვს. პანდემიამდე მეტალოპლასტმასის საამქროში მუშაობდა. პანდემია ახალი დაწყებული იყო, როცა ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. მკურნალობის შემდეგ სცადა სამსახურში დაბრუნება, თუმცა ვეღარ შეძლო.

„დატვირთვა აღარ შემიძლია, ოდნავ მძიმე რამეც რომ ავწიო, ვგრძნობ, რომ ცუდად ვხდები. ამიტომ ვეღარ შევძელი მუშაობის გაგრძელება,“ – ამბობს მერაბ ბერია.

დევნილი ცოლ-ქმარი ჯერ საპენსიო ასაკის არაა. მათი ოჯახის სტაბილური შემოსავალი დევნილობის შემწეობაა, ერთ ადამიანზე 45 ლარი.

„მე რაღაცას ვწვალობ. სახლებს ვალაგებ. სოციალური გვაქვს, მაგრამ თანხას არ ვიღებთ. შეღავათი გვაქვს საავადმყოფოში და შეგვიძლია ვისარგებლოთ უფასო საჭმლით. ესეც აპრილიდან დაგვენიშნა. თანხას არ ვიღებთ, იმიტომ, რომ მერე დევნილობის შემწეობა მოგვეხსნება. სოციალური დროებითია, დევნილობა კი – მუდმივი. კვირაში სამი დღე ვმუშაობ, ერთი ოჯახია, რომელსაც სახლს ვულაგებ, საჭმელს ვუკეთებ და აქედან მაქვს მცირე შემოსავალი,“ – ამბობს ლიანა ბერია.

ლიანას თქმით, დევნილთა სააგენტოს ორჯერ მიმართა, როგორც წინა, ისე ახლანდელი ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ორივეჯერ უარი მიიღო.

„გვეუბნებიან, რადგან კომპენსაცია გაქვთ აღებული, ბინა არ გეკუთვნითო,“ – ამბობს ლიანა ბერია.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „დევნილთა ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოსგან ან კერძო ინვესტორისგან მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართობი ან საცხოვრებელი ფართობის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია, სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილებულად მიიჩნევიან, შესაბამისად მათი განაცხადები ხელმეორედ აღარ განიხილება“.

ოფიციალური უწყებებიდან უარის მიღების შემდეგ ლიანა და მისი მეუღლე მხოლოდ 7 ათასი დოლარის იმედად არიან დარჩენილნი.

დევნილი ცოლ-ქმარი ახლა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, დაგირავებულ ბინაში ცხოვრობს, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა დაცალონ, თუმცა წასასვლელი ჯერ არ უპოვიათ.

„თვე-ნახევარია, რაც ფული მოგვცეს, ვეძებთ ბინას, მაგრამ ვერ ვნახეთ ვერაფერი. ოჯახმა, ვისგანაც დავიგირავეთ, ფული უკვე დაგვიბრუნა. დრო მოგვცეს, გვესმის მათიც. დიდი ოჯახია და ფართობი სჭირდებათ.

ჩვენი შვილები დაქორწინებული არიან და ნაქირავებში ცხოვრობენ. დაახლოებით 30 კვადრატი აქვთ – მისაღები და საძინებელი. რომც გვინდოდეს, მათთან ვერ შევძლებთ გადასვლას, თვითონაც ძლივს ეტევიან. დასაგირავებელი ბინა კი ვერ ვიშოვეთ.

ყველას უნდა ბინა სესხით, დაგირავება – არა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ნოტარიუსთან ფორმდება ხელშეკრულება, რომ სესხად მიეცი თანხა, ბინა არსად ჩანს.  როგორ მივცე უცნობ პიროვნებას სესხად, როცა ეს 7 ათასი დოლარი ჩემთვის თავშესაფარია. ასე, ჰაერზე ვერ გავფლანგავთ ფულს,“ – ამბობს ლიანა ბერია.

დევნილი ცოლ-ქმრის ყოველი დღე ახლა დასაგირავებელი ბინის ძებნით იწყება.

შოლცი განმარტავს, რატომ ვერ ეხმარება გერმანია უკრაინას ისე, როგორც აშშ

გერმანიის კანცლერი განმარტავს, რატომ ვერ ეხმარება მისი ქვეყანა უკრაინას შეიარაღებით ისე ინტენსიურად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები.

ოლაფ შოლცის თქმით, ამას გერმანია ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს.

„უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს განსხვავება გერმანიასა და ისეთ სახელმწიფოს შორის, როგორიც შეერთებული შტატებია – ამერიკის ხელისუფლება დიდ ფულს ხარჯავს თავდაცვაზე, დიდ ინვესტიციებს დებს ამაში, ამიტომაც შეიარაღების გაცილებით დიდი მარაგები აქვს,“ – უკრაინული მედიის ცნობით, უთხრა გერმანიის კანცლერმა CBS-ს.

გერმანიის ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას შოლცმა ასე უპასუხა:

 „ალბათ, მოიძებნება ამ საკითხში „ჩახედული“ უამრავი კრიტიკოსი, რომლებმაც მხოლოდ გუშინ მოძებნეს ინფორმაცია Google-ში და ფიქრობენ, რომ უკვე აბსოლუტურად ყველაფერი იციან“.

ბერლინი არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მისი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისადმი არასაკმარისია. ივლისის დასაწყისში ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიის ხელისუფლება განიხილავს პარტნიორებთან ერთად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შემდეგ.

მარიუპოლში წამლების დეფიციტია, სპორტსმენს ორივე ფეხი მოჰკვეთეს – ქალაქის მერი

უკრაინის ოკუპირებული ქალაქის, მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქში მოსახლეობა წამლების ნაკლებობის გამო იღუპება. ქალაქში ონკოპაციენტები, ტუბერკულოზით და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით დაავადებული პირები წამლებს ვერ შოულობენ, რის გამოც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„გუშინ ჯანმრთელ სპორტსმენს , 2 მეტრი სიმაღლის ადამიანს, რომელიც 120 კილოგრამს იწონის, ორივე ფეხი მოჰკვეთეს. რატომ? სტრესის გამო მას ინსულინის კრიზისი დაემართა. ქალაქში საჭირო მედიკამენტებისა და სათანადო სამედიცინო დახმარების უქონლობის გამო ის შშმ პირი გახდა. და ეს არ არის იშვიათი შემთხვევა. მედიკამენტებით ხარისხიანი მკურნალობის ნაცვლად – კიდურების ამპუტაცია. „სწრაფი გადაწყვეტილება“, რომელიც ასახიჩრებს და კლავს მარიუპოლელებს“ – განაცხადა ბოიჩენკომ.

მის კომენტარს ტელეგრამზე მარიუპოლის რადა ავრცელებს.

ბოიჩენკო საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეაფასონ ქალაქში არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა და მისი მცხოვრებლების გენოციდი.

ქალაქი მარიუპოლი მთლიანად ოკუპირებულია. უკრაინული მედიის ცნობით, განადგურებულია დაახლოებით 85 ათასი ადამიანის საცხოვრებელი სახლი, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, წინასწარი გათვლებით, მარიუპოლში დაახლოებით 22 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ქალაქში აღარ არის კანალიზაცია და წყლის დეფიციტია, რის გამოც, შიშობენ, რომ მოსალოდნელია ქოლერის ეპიდემიის გავრცელება.

________________

ფოტოზე: „აფთიაქი“ მარიუპოლში. ფოტო: Маріупольська міська рада/telegram

 

ვინ არ გადაიხდის 2021 წლის ქონების გადასახადს ტურიზმის სექტორში – შემოსავლების სამსახურის განმარტება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტურისტულ სექტორში [ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში] დასაქმებული მეწარმე სუბიექტები გათავისუფლდნენ 2021 წლის ქონების გადასახადისაგან [რომლის დეკლარირებაც 2022 წელს არის გათვალისწინებული].

უწყების ინფორმაციით: „საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელებს შეუმცირდებათ საგადასახადო ვალდებულება ქონების გადასახადის ნაწილში. აღნიშნული შეღავათით 1200-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს, ხოლო გადასახდელი თანხის ოდენობა დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს.

შეღავათით სარგებლობის საქმიანობებს განეკუთვნება:

  • სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები;
  • დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები;
  •  რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები;
  • სასმელებით მომსახურების საქმიანობები;
  • ტურისტული სააგენტოები, ტუროპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები;
  • საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ასევე გამოიყენება რომელიმე ზემოაღნიშნულ საქმიანობაში.“

„აქვე განვმარტავთ, რომ შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელები წარმოადგენენ ქონების გადასახადის ყოველწლიურ დეკლარაციას (მათ შორის, საწარმოები/ორგანიზაციები – დაზუსტებულ დეკლარაციას), სადაც აისახება დაბეგვრისგან გათავისუფლებული შესაბამისი ქონება.

ცვლილება არ ითვალისწინებს მიმდინარე გადასახდელის სახით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას და საწარმოების/ორგანიზაციების მიერ გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ საწარმოების/ორგანიზაციების მიერ ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელის გადახდის სავადო თარიღია 15 ივნისი, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადი გადაიხდევინება არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ტურიზმის სექტორის 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებაზე პრემიერმა აპრილის დასაწყისში განაცხადა. ღარიბაშვილმა მაშინ თქვა, რომ დეტალებზე შესაბამისი უწყებები დამატებით გააკეთებდნენ განცხადებებს.

უკრაინის არმიაზე თვეში 4,4 მილიარდი დოლარი იხარჯება – შმიგალი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს თანხა ცოტათი ჩამორჩება რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების წლიურ ბიუჯეტს.

უკრაინა თავისი შეიარაღებული ძალების შენახვაზე ყოველთვიურად 130 მილიარდ გრივნას ხარჯავს (დაახლოებით 4,4 მილიარდი დოლარი) – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, lb.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ეს თანხა ოდნავ ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების წლიურ ბიუჯეტი, ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიან შეჭრამდე პერიოდში.

„თუ ჩვენი არმიის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 156 მილიარდი გრივნა იყო და ეს იყო უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის ჯარის ბიუჯეტი, დღეს ეს თანხა თვეში 130 მილიარდი გრინვაა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გაგვეზარდა სოციალური ხარჯები, განაღმვის ხარჯები, ხარჯები სასწრაფო აღდგენაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა ხარჯები“, – განაცხადა შმიგალმა.

„არის სხვაობა, რომელიც შეადგენს 4-5 მილიარდ დოლარს – ეს ყოველთვიური საჭიროებაა“, – განაცხადა შმიგალმა.

დენის შმიგალის თქმით, უკრაინას აქვს პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. ასევე, იღებენ საგრანტო და საკრედიტო დახმარებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან: სავალუტო ფონდისგან, მსოფლიო ბანკისგან, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან.

რას ნიშნავს გქონდეს ბიპოლარული აშლილობა – „არ დაკარგოთ იმედი, მწვავე პერიოდი გაივლის“

„ყველაზე რთული მუდმივი მერყეობაა. თითქოს უცებ ცაში აჭრა და მერე პირიქით, მიწაში ღრმად ჩაშვება“ – გვითხრა თინათინ შალამბერიძემ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზზე. მას ეს დაავადება თავად ჰქონდა წლების განმავლობაში.

თინათინი ექიმია პროფესიით. ახლა 40 წლისაა. ბიპოლარული აშლილობა მას 18 წლისას დაუდგინდა. ამ ხნის განმავლობაში თინათინს ჰქონდა 7-წლიანი სრული რემისია. შეიცვალა მისი დიაგნოზიც. მას ახლა შერეული ტიპის შიზოაფექტური აშლილობა აქვს.

თინათინთან ინტერვიუ იმ პერიოდზე საუბრით დავიწყეთ, როცა მას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუდგინდა.

  • რამდენი წლის იყავით, როცა ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაგისვეს?

18 წლის ვიყავი, როცა ბიპოლარული აშლილობა დამიდგინდა. მაშინ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი ვიყავი. თავიდან დამეწყო დეპრესიით, რომლის გამომწვევი მიზეზი იყო ნერვიულობა, რომ ვერ ჩავაბარებდი უნივერსიტეტში მიმდინარე გამოცდებს სემესტრის ბოლოს.

ეს ყველაფერი გადაიზარდა უძილობაში, გუნება-განწყობილება დამიქვეითდა, აპათიური გავხდი, არაფერი აღარ მაინტერესებდა. მამამ მალევე შენიშნა და ფსიქიატრს  მივმართეთ. ვიღებდი ფსიქიატრის დანიშნულებას, მაგრამ შედეგი არ იყო. სამი თვის მანძილზე ბევრი მედიკამენტი სცადა ფსიქიატრმა. ასე ხდება ხოლმე, ზოგჯერ ხანგრძლივდება ეს ფაზა.

შეიძლება ითქვას, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე  დეპრესიის ეს პერიოდი იყო. სუიციდური აზრები მომდიოდა იმდენად ძლიერი, რომ ვერ ვახერხებდი ამის კონტროლს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი.

ეს იყო პირველი ფაზა ჩემთვის, შემდეგ გადამივიდა მეორე, მანიაკურ ფაზაში, რომელიც ჩემთან ეიფორიული მდგომარეობით გამოვლინდა. გავხდი უზომოდ ბედნიერი, როცა არაფერი შეცვლილა გარშემო. ბევრს ვლაპარაკობდი, ბევრს ვურთიერთობდი მეგობრებთან, ნათესავებთან, დავდიოდი სტუმრად. მომემატა მადა და ძალიან მოვიმატე წონაში, 13 კილოგრამი 2 თვეში.

შემდეგ ჩემი ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, შეიცვალა, თუმცა მაშინვე არ მომხდარა ჩემი სტაციონირება, რადგან მძიმე პირობები იყო კლინიკაში და გამიფრთხილდნენ, ასე ვთქვათ. თუმცა, ჩემი აზრით, ხანდახან სჯობს ამ მდგომარეობაში იზოლირება მოვახდინოთ პაციენტის, რადგან ის არასწორი ფორმით ამახსოვრდებათ გარშემომყოფებს. მაგალითად, ჩემს კურსელებს და ა.შ. შესაძლოა, არასწორი შთაბეჭდილება დარჩენოდათ ჩემზე.

  • საბოლოო დიაგნოზის დასმა თქვენთვის გაჭიანურდა?

არა, ნამდვილად. თავიდან დეპრესიის დიაგნოზი იყო წამყვანი, მაგრამ შემდეგ, როცა გამოვლინდა მანიაკური ფაზის ნიშან-თვისებები, დიაგნოზიც ადვილად დასვეს.

  • შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი იყო თქვენი რეაქცია დიაგნოზზე და იქამდე თუ იცოდით ბიპოლარული აშლილობის შესახებ?

არ მახსენდება ზუსტად, მაგრამ სავარაუდოდ არ ვიცოდი ამ დიაგნოზის შესახებ. იმდენად ვიყავი ამ მდგომარეობით შეწუხებული, რომ დამერწმუნეთ, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონია [დიაგნოზს]. ადამიანი დეპრესიის დროს არ დარდობს, თუ რა დიაგნოზს დაუსვამენ.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ დეპრესიის ფაზის დროს გარშემომყოფებს არ აწუხებს პაციენტი. ჩაკეტილია, თავისთვის წევს, მაგრამ ეს მდგომარეობა ძალიან საფრთხილოა. შესაძლოა რაღაც გაუთვალისწინებელი და ცუდი მოხდეს, სუიციდს ვგულისხმობ. ეიფორიული ფაზის დროს კი ადამიანი შემაწუხებელი ხდება და მაშინ მასზე ზეწოლა მოდის, რომ წყნარად იყოს, ასე ვთქვათ, ფრთების შეჭრა.

  • რა არის ყველაზე რთული ბიპოლარული აშლილობისას?

ეს მუდმივი მერყეობა. თითქოს უცებ ცაში აჭრა და მერე პირიქით, მიწაში ღრმად ჩაშვება.

სიმძიმე, საკუთარი სხეულის განცდა, თითქოს მიწის ელემენტს მეტად ემორჩილება ადამიანი. მანიაკური ფაზის დროს პირიქით, სიმსუბუქე და ბედნიერება მოდის. ამ ორს შორის მერყეობა ყველაზე რთულია.

ძალიან რთული ასატანია დეპრესიის ფაზა.

  • რა ახასიათებს ამ მდგომარეობას? რას ნიშნავს, გქონდეს ბიპოლარული აშლილობა?

ისევ დეპრესიის ფაზით დავიწყებ. ამ დროს ხდება თვითშეფასების მკვეთრი დაქვეითება. შესაძლოა ადამიანს თავი არარაობა ეგონოს. ამის ფონზე ვითარდება დეპრესიული სიმპტომები. დეპრესიული ფაზის დროს ადამიანი არ არის, ვთქვათ, აგრესიული, სხვებისთვის არანაირად არ არის საშიში. მნიშვნელოვანია ამ დროს სხვების მხარდაჭერა, ფსიქოლოგების ჩართვა და  რამენაირად [პაციენტის] სიცოცხლისკენ მოტრიალება.

მანიაკალური ფაზა აზროვნების დაჩქარებით ხასიათდება. ამ დროს უფრო ასოციაციური აზროვნება გაქვს. შესაძლოა ერთი ფაზიდან უცებ სადღაც სხვაგან წახვიდე. ვფიქრობდი, რომ თუ პირველი ფაზის დროს საერთოდ ვერ აღვიქვამდი რასაც ვკითხულობდი, მიჭირდა, მეორე ფაზის დროს ერთი თვალის გადავლებით აღვიქვამდი რა ეწერა მთელ გვერდზე. ძალიან დაჩქარებულია ტვინში მიმდინარე პროცესები, აზროვნება.

ამას მოსდევს მეტყველების აჩქარება, ჭარბი მეტყველება. კომუნიკაციის მუდმივი სურვილი, მადის მომატება, უძილობა – ოღონდ დადებითი კუთხით. ვერ იძინებ დადებითი ემოციების შედეგად.

  • თინათინ, ამ წლების განმავლობაში რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული?

ყველაზე რთული ჩემთვის დეპრესიული ფაზა იყო, რომელიც უცებ დაიწყო. არ ვიცი, ამაზე რთული რა შეიძლება მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. ვნატრობდი, ნეტა ფიზიკური ტკივილი, რომელიმე ფიზიკური პათოლოგია მქონდეს, გავუძლებ ყველაფერს, ოღონდ ეს არ იყოს-მეთქი.

დანარჩენი, რაც არის სტიგმა გავრცელებული საზოგადოებაში, მე ეს დიდად არ მაწუხებდა. ჩემი ოჯახის წევრები ტრაგედიად როგორ არ აღიქვამდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ არ მალავდნენ. არ მიშლიდნენ ამაზე საუბარს სხვებთან და ა.შ. ამის გამო არ ვისტრესებოდი.

მნიშვნელოვანი უარყოფითი ცვლილებებიც გამოიწვია ამ დაავადებამ, რისი დაკონკრეტებაც არ მინდა.

  • თუ იცნობთ ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს? საუბრობენ ისინი ამის შესახებ? თუ არა, როგორ ფიქრობთ, რატომ?

კონკრეტულად ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზით მე ორი მეგობარი მყავს. არა მარტო ისინი, ზოგადად ფსიქიატრიული დიაგნოზის პაციენტები არ საუბრობენ თავიანთ დიაგნოზზე ზუსტად იმიტომ, რომ საზოგადოების მხრიდან მიუღებლობაა.

განსხვავებულობა, ზოგადად, რთულად მისაღებია საზოგადოებისთვის. მითუმეტეს, ფსიქიატრიულ დიაგნოზებს თან ერთვის ხოლმე შიში საზოგადოების მხრიდან, მათ არაადეკვატურ ქცევაზე. არ იცი როგორ მოიქცევა ადამიანი, რაც შინაგან დისკომფორტს იწვევს და არ იციან, როგორ მოიქცნენ მათ ამ დროს. როცა გადავყავდი სასწრაფოთი, ექიმების თვალებშიც ვხედავდი შიშს.

ყველაზე დიდი სტიგმა ამ მხრივ ჩემი თემის წევრებს გვეხება. საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტად გარიყულები ვართ, იმიტომ, რომ ამაზე ღიად საუბარი არ ხდება. საქართველოში მხოლოდ ერთეულები თუ ლაპარაკობენ ღიად, განსაკუთრებით ჩვენს დიაგნოზზე. შესაძლოა თქვან, რომ მე ვიყავი ფსიქიატრთან, ვიღებ ანტიდეპრესანტსაც, მაგრამ ვიწექი სტაციონარში – ძალიან ცოტა ადამიანი ამბობს საჯაროდ.

მეც ახლა მეტი რა მიზანი მაქვს, რაში უნდა მჭირდებოდეს ამაზე ღიად საუბარი, ხომ?! მხოლოდ ის მამოძრავებს, რომ მსგავს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, ვისაც გამწვავებული მდგომარეობა აქვს, ჰქონდეთ იმედი, რომ ისინი ამ მდგომარეობას დაძლევენ და შესაძლოა, მათი განვითარების, სიცოცხლის ხალისი უკეთეს დონეზეც კი გადავიდეს. ჩემ შემთხვევაში ასე მოხდა.

მე ამას დაავადებას ვერც დავარქმევდი, იმიტომ, რომ ეს არის რაღაც ფშვინვიერი მდგომარეობა.

ბიპოლარული აშლილობა დამეხმარა ძველი კომპლექსების მოხსნაში. გავთავისუფლდი. მე რომ ეს მანიაკური ფაზები არ მქონოდა, ამას ვერ მოვახერხებდი. ყოველი სტაციონარის შემდეგ მეგონა, რომ ერთი ბორკილი იმსხვრეოდა ჩემში, რომელიც მბოჭავდა. ამ მდგომარეობების გავლის შემდეგ საკუთარ თავთან თანხვედრაში მოვედი.

ეს იყო ჩემთვის თავიდან დაბადება. ეს გზა არ ყოფილა მარტივი. ეს იყო ძალიან მტკივნეული, ეკლიანი.

ბევრი პრობლემა მქონდა, მათ შორის, ურთიერთობებში.

  • გარდა ოჯახის წევრებისა, როგორი იყო გარშემომყოფების დამოკიდებულება თქვენს დიაგნოზზე?

მე გამიმართლა, რომ მართლა ერთეული ადამიანები იყვნენ ჩემს ცხოვრებაში, რომლებმაც ვერ მიიღეს ჩემი ეს დაავადება. რეალურად, არასწორად შეაფასეს.

რაოდენობრივად, ასეთი ადამიანები ძალიან ცოტა იყვნენ, უმრავლესობა მიღებდა. მაგრამ, ვფიქრობ, ამას ის განაპირობებდა, რომ მანამდე მიცნობდნენ. იცოდნენ, როგორი ვიყავი მე ჯანმრთელ მდგომარეობაში.

საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იმითაა გამოწვეულია, რომ საზოგადოების ცნობიერება ძალიან დაბალ დონეზეა ამ მხრივ. ვინც, ვთქვათ, მე უარმყო ჩემი დაავადების გამო, იმიტომ, რომ არასწორი წარმოდგენები ჰქონდათ და ჭარბად რისკების შემცველი ვეგონე. მოკლედ, ვფიქრობ, რომ ამ სტიგმას ადამიანების არასწორი წარმოდგენები ქმნის.

  • თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების მიხედვით, როგორ ფიქრობთ, საქართველოში როგორ მკურნალობენ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზის მქონე ადამიანებს?

შემიძლია ვთქვა, რომ ერთეული ფსიქიატრები ახერხებენ [პაციენტის მდგომარეობის] სწორად წარმართვას. იმიტომ, რომ ფსიქიატრობა არ არის მხოლოდ დაუნიშნო მედიკამენტები პაციენტს და გაუშვა. მას სჭირდება მუდმივი მეთვალყურეობა და ამდენი დრო არ რჩება [ექიმს].

ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ფსიქიატრების დეფიციტია. ბევრი პაციენტია, მიმართვიანობა მაღალია და ყველა პაციენტისთვის დრო და ენერგია აღარ რჩებათ. მათ კომპეტენციაში მე ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ყურადღების დეფიციტი და არასაკმარისი დროის დათმობა თითოეული პაციენტისთვის იწვევს შემდეგ ამ შედეგებს. ისე, ბიპოლარული აშლილობა არ არის ისეთი რთული სამართავი, რომ ვერ შეძლონ მართვა.

მე რომელ ფსიქიატრებთანაც მქონია შეხება, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ძალიან კომპეტენტური იყო. უბრალოდ, სტაციონარებში საკმარისი დრო არ რჩებათ ექიმებს.

ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ბიპოლარული აშლილობის და ზოგადად, ნებისმიერი ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე პირის მკურნალობაში, ფსიქიატრის გარდა აუცილებლად იყოს ჩართული კვალიფიციური ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი, სოცმუშაკი და სხვა ტიპის თერაპიის სპეციალისტი. ეს კი საქართველოში იშვიათად ხდება. ფსიქოტროპული მედიკამენტები ხსნიან ან ამცირებენ დაავადების გარეგნულ სიმპტომებს უშუალოდ ტვინის ქსოვილზე სამკურნალო ნივთიერების მოქმედების შედეგად, მაგრამ ის შინაგანი მიზეზები, რაც ქვეცნობიერსა და არაცნობიერშია და რაც იწვევს გამწვავების პროვოცირებას, როგორც წესი, ყურადღების მიღმა რჩება. დაავადების გამომწვევ მიზეზს თუ არ მივხედეთ, მხოლოდ სიმპტომების მკურნალობა რეალურ შედეგს ნამდვილად ვერ მოგვიტანს.

ასევე, აუცილებელია პაციენტი იყოს ოჯახის ექიმის ან თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ფსიქოტროპული მედიკამენტების დიდი ნაწილი იწვევს ღვიძლის, თირკმლების, რეპროდუქციული სისტემის ორგანოების დაზიანებას და აუცილებელია ამ ორგანოების ჯანსაღ ფუნქციონირებაზე ზრუნვა, რაც არ ხდება ხოლმე, როგორც წესი.

არც ფსიქიატრებს და არც სტაციონარის თერაპევტებს არ დაუნიშნავთ ჩემთვის ჰეპატოპროტექტორი ან რენოპროტექტორი.

ასევე, დიდ პრობლემას წარმოადგენს ზოგიერთი ფსიქოტროპული მედიკამენტის გვერდითი ეფექტი, რაც ვლინდება მადის ძლიერ მომატებაში და შედეგად პაციენტი მოკლე დროში მკვეთრად იმატებს წონაში. ეს კი დამატებით ფსიქოლოგიურ პრობლემას აჩენს, განსაკუთრებით ქალებში. აღარ გადიან გარეთ ამის გამო, აღარ მოსწონთ საკუთარი გარეგნობა, ქვეითდება თვითშეფასება და ა. შ. აქაც აუცილებელია ოჯახის ექიმის ჩართვა, რომ პაციენტმა იცოდეს, რა ტიპის საკვები მიიღოს ამ მდგომარეობისას, რომ ნაკლებად მოიმატოს წონაში.

  • შეგიძლიათ გაიხსენოთ, რამდენი დრო გაატარეთ სტაციონარში  და როგორი გარემო დაგხვდათ იქ?

სტაციონარში ბევრჯერ მომიწია მოხვედრა. თბილისის სხვადასხვა სტაციონარში ვარ ნამყოფი. ერთხელ ვიყავი სურამშიც. მინდა ვთქვა, რომ ყველაზე რთული სიტუაცია გლდანის სტაციონარში იყო. საკვებიც არ არის სათანადოდ მომზადებული ხოლმე. ზოგჯერ ისეთი საკვებია, რომ ძალიან ძნელია ის ჭამოს ნორმალურმა ადამიანმა, ვისაც გემოვნება რაღაც დონეზე მაინც აქვს. სხვაგან ნაკლებადაა ეს პრობლემა.

თბილისში ახლა სულ სამი სტაციონარი დარჩა.

ზოგადად, არის ჰიგიენის პრობლემა. ზოგიერთ კლინიკაში აბაზანა არ არის ხოლმე ხელმისაწვდომი. რაღაც მილი ზიანდება და იკეტება ხოლმე. მაგალითად, ქავთარაძეზე. გლდანში კვირაში მხოლოდ ერთი დღეა აბანოსთვის გამოყოფილი. ქალებისთვის კვირაში ერთხელ აბაზანის მიღება ძალიან ცოტაა, დამეთანხმებით, ხომ?!

ასევე, ჰიგიენური პირობებიც არ არის ისეთი … ვთქვათ, ტუალეტები და ა.შ. არის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც დაბალი პოზიციის მედპერსონალის, სანიტრების მხრიდან. ბევრი რამ არის გამოსასწორებელი სტაციონარებში.

მე ვფიქრობ, სტაციონარები არც უნდა იყოს და საბოლოო ჯამში, უნდა მოხდეს სათემო სერვისის განვითარება და პაციენტის იმ ტერიტორიაზე მკურნალობა, სადაც ცხოვრობს. ასე სტაციონარების საჭიროებაც აღარ იქნება.

მე ახლა სათემო სერვისის ბენეფიციარი ვარ.  სათემო მომსახურების სერვისიდან კვირაში ერთხელ ბინაზე მაკითხავენ. მოდის ხან ფსიქიატრი, ხან ფსიქოლოგი ან სოცმუშაკი. მოაქვთ მედიკამენტი და აკონტროლებენ ჩემს მდგომარეობას ზედმეტი რაღაცების გარეშე. კითხულობენ, როგორი რეაქცია მქონდა მედიკამენტებზე, რამე ხომ არ შევცვალოთ და ა.შ. ექიმმა დანიშნოს მედიკამენტი და პაციენტმა შეასრულოს – ასე არ არის. კარგი სერვისის მისაღებად თანამშრომლობაა მნიშვნელოვანი.

თუ სათემო სერვისი განვითარდება, სტაციონარები აღარ იქნება მნიშვნელოვანი. თანაც,  სტაციონარში ერთი და იგივე ხალხი ხვდება. ვისაც ხშირი გამწვავებები აქვთ ხოლმე. ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ სათემო თემის ჩართულობით, ეს გამწვავებები მინიმუმამდე დადის.

  • მოგვიყევით თქვენ შესახებ. რას საქმიანობთ? 

მე სპეციალობით ოჯახის ექიმი ვარ. სტუდენტი ვიყავი, როცა ბიპოლარული აშლილობა დამიდგინდა, მაგრამ ეს ისეთი დიაგნოზია, რომ სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას გაძლევს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რეზიდენტურაც დავამთავრე და ლიცენზიაც ავიღე.

„თერაპიის სახლში“ მივედი როგორც პაციენტი, მუდმივად ვვარჯიშობდი და მხოლოდ ამას ვუმადლი, რომ 7 წელი სრულ რემისიაში ვიყავი, მედიკამენტების გარეშე.

ამ პერიოდში დავოჯახდი კიდეც, ბავშვიც შემეძინა. ორსულობის და მშობიარობის პერიოდს დაემატა გადაღლილობა ბავშვის მოვლის გამო, ლაქტაციის პერიოდშიც ვიყავი და 5 თვის რომ იყო ბავშვი, დაავადება გამიმწვავდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო გამწვავებიდან 7 წელი იყო გასული.

არაფრით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება. აუცილებელია მუდმივად ვაკონტროლოთ ჩვენი გამაფრთხილებელი ნიშნები, რითაც გვიმწვავდება დაავადება და როგორც კი რაიმე, თუნდაც პატარა ნიშანი გამოვლინდება, არ უგულებელვყოთ. არ შეიძლება გადაღლა, უძილობა, კვების დეფიციტი, ემოციური სტრესი და ა.შ. ყველა ამ ფაქტორს თუ მოვაშორებთ, გამწვავებები მინიმუმამდე დავა. ჩემი ყველა გამწვავება ბოლოს გადაღლილობის ფონზე იყო. 

მყავდა პაციენტები, ვმკურნალობდი. ერთ-ერთი გამწვავება ექიმად მუშაობის დროს მქონდა. ბევრი ავიღე ჩემ თავზე. ერთ დღეს 21 პაციენტი მივიღე, რაც ძალიან დიდი დატვირთვა იყო ჩემთვის.

სამუშაო ადგილი ფრთხილად უნდა შევარჩიოთ. დატვირთვა ჩვენ თვითონ უნდა განვსაზღვროთ. ჩვენს სიტუაციაში დაქირავებული მუშაკი ვიყოთ, ნაკლებად გამოდის. როცა ვეღარ ვმუშაობდი ექიმად, მასაჟის კურსები გავიარე და მასაჟის კაბინეტიც მქონდა დროებით.

ახლა დასაქმებული ვარ. ვმუშაობ შშმ ბავშვებთან, მკურნალი ევრითმისტი ვარ.

ასევე, ჩემი თავის გამოვლენაში ძალიან დამეხმარა ხელსაქმე. თავიდან ქსოვით დავიწყე, გავიარე კერვის კურსიც.  მაქვს ჩემი ფეისბუქგვერდიც და ახლა ვაპირებ, რომ კერვითაც მოვიპოვო რაიმე შემოსავალი.

ჩართული ვარ ორ პროექტში, რომლებსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „გააღვიძე აქტივიზმი“, რაც ეხება ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს. ერთი პროექტის ფარგლებში იგეგმება ამ დიაგნოზის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ლექცია-მოხსენებების სერიასა და საინფორმაციო ტიპის ვიდეოებთან ერთად. შარშან, 10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს „მზიურში“ გავუკეთე ორგანიზება მსგავს გამოფენა-გაყიდვას ჩემი ფეისბუქმეგობრების ფინანსური მხარდაჭერით.

მეორე პროექტი ეხება ამ ადამიანების სამუშაო გარემოს კვლევას, ანუ გამოვკითხავთ მათ, ვისაც აქვთ ფსიქიკური დიაგნოზი, თუ უმუშავიათ და რა წინააღმდეგობებს შეხვედრიან სამსახურში, რას ისურვებენ, რომ იყოს სხვანაირად და სხვა. ახლა ვართ ორივე პროექტისთვის დაფინანსების მოძიების ეტაპზე.

  • რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს დიაგნოზი აქვთ, რა გამოცდილების გაზიარებას ისურვებდით თავად?

არ დაკარგონ იმედი, რომ ამ დაავადების მწვავე პერიოდი გაივლის. შეიძლება დაავადების რაღაც გამოვლინებები დარჩეს, მაგრამ ამის მართვა, დღევანდელ პირობებში, სრულიად შესაძლებელია. თანამედროვე მედიცინა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდეს.

აუცილებელია, როგორც კი რაიმე შეაწუხებთ, თავიდანვე მიმართონ სპეციალისტს, მივიდნენ ფსიქიატრთან და მიიღონ კვალიფიციური რჩევები. არ ელოდნენ, რომ თავისით გაივლის სიმპტომები. ასევე, აუცილებელია გამაფრთხილებელი ნიშნების ცოდნა, თუ რით იწყება დაავადება. მათზე დაკვირვება და ექიმებთან კონტაქტი. თუ გადაიღალნენ – განიტვირთონ და ა. შ.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ცხოვრების ჯანსაღი წესი. არანაირი ალკოჰოლი, ნარკოტიკი ჩვენთვის არ შეიძლება. ყურადღება უნდა მივაქციოთ სწორ ფიზიკურ დატვირთვას, რაც განტვირთავს გონებას. თუნდაც სეირნობა ჰაერზე. ბუნებასთან ახლოს ყოფნა, ცხოველებთან კონტაქტი, რაც თერაპიული გავლენების მქონეა.

ძალიან მნიშვნელოვანია მივიღოთ საკმარისი, მიკროელემენტებით მდიდარი საკვები. აუცილებელია დღის რეჟიმის დაგეგმვა. არ შეიძლება უძილობა. ჩვენს შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს. საკმარისი ძილი ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობაა.

თავიანთი პრობლემების შესახებ უნდა ისაუბრონ მეგობრებთან ან მიმართონ ფსიქოლოგს. უნდა ამოთქვან ყველაფერი. იმიტომ, რომ დაგროვილი უსიამოვნო შეგრძნებები თუ განცდები თავს იჩენს და შეიძლება გამწვავება გამოიწვიოს ოდესღაც, თუნდაც, ბავშვობაში მიღებულმა სტრესმა. ამიტომ, აუცილებელია ამ კვანძების გახსნა სპეციალისტებთან, მეგობრებთან ან ა.შ. მე ზოგადად ძალიან დამეხმარა სხვადასხვა მეთოდი, მაგალითად, იოგა და ა.შ.

დინამო VS სლოვანი დიდ ეკრანზე

ისტორიაში პირველად, საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს და პირველ ჯერზე, „სლოვან“ ბრატისლავას დაუპირისპირდება.

შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“, აჭარაბეთ არენას გარე პერიმეტრზე მდებარე მონიტორზე, აღნიშნული თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს. გულშემატკივარს საშუალება ექნება მატჩს პირდაპირ ეთერში, დიდ ეკრანზე ადევნოს თვალი.

ჩვენება გაიმართება მიმდინარე წლის 06 ივლისს, 22:30 საათზე, დასწრება უფასოა.

პუტინის თვალთახედვით, ის უკვე ევროპას ეომება – პოდოლიაკი

„პუტინის თვალთახედვით, მას უკვე აქვს ევროპასთან ომი“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთის გამო ხდება, სწორედ ამაზე მიუთითებს და ევროკავშირის ის ლიდერები, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან ამას, „უმჯობესია დაემშვიდობონ საშიშ ილუზიებს“.

„გაზით შანტაჟი, ფასების ზრდა, საემიგრაციო კრიზისი, კიბერშეტევები, პროპაგანდა… ყველა ეს ელემენტი უფრო დიდი სურათის ნაწილია: პუტინის თვალთახედვით, მას უკვე აქვს ევროპასთან ომი. ევროკავშირის ბევრ ლიდერს ესმის ეს. სხვები კი უმჯობესია დაემშვიდობონ საშიშ ილუზიებს“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინას რუსეთის დასამარცხებლად სჭირდება იარაღი, რომელსაც ის მალე მიიღებს: „რამშტეინის“ შეთანხმებით, დასავლეთი უკრაინას 600 ტანკს, 400 საარტილერიო სისტემას მიაწვდის, უკრაინა მიიღებს არა ათობით, არამედ ასობით ერთეულ სხვადასხვა შეიარაღებას“.

Exit mobile version