მთავარი,სიახლეები

დევნილი ცოლ-ქმარი 29 წელი საკუთარი ჭერის ძიებაში

04.07.2022 • 1822
დევნილი ცოლ-ქმარი 29 წელი საკუთარი ჭერის ძიებაში

„29 წელია საკუთრების განცდა აღარ მქონია. ვნატრობ, ეს განცდა მქონდეს ზუსტად – ღამე მშვიდად დავიძინო და არ ვიფიქრო იმაზე, რომ ხვალ სადღაც წასასვლელი ვარ,“ – ასე აღწერს თავის მდგომარეობას აფხაზეთიდან დევნილი ლიანა ბერია.

დევნილი ცოლ-ქმარი, ლიანა და მერაბ ბერიები ბოლო 16 წელი დაგირავებულ ბინებში ცხოვრობდა. ახლა როცა უძრავი ქონების ბაზარზე დასაგირავებელი ბინების ფასი გაიზარდა, მათ ბოლო კონტრაქტს კი ვადა გაუვიდა, ცოლ-ქმარი ღია ცის ქვეშ დარჩა. მათ ხელთ მხოლოდ 7 ათასი დოლარი აქვთ. ამ თანხით კი ბათუმში დასაგირავებელი ბინა ვერ იპოვეს.

ლიანა, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, ბათუმში 1994 წლის მარტში ჩამოვიდა. მისი და მისი ოჯახის საცხოვრებელი მომდევნო 12 წელი სანაპიროზე მდგარი სასტუმრო „მესხეთი“ იყო. სასტუმრო „მესხეთი“ მაშინ სხვა ასობით დევნილი ოჯახის დროებითი საცხოვრებელიც გახდა.

2006 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ სასტუმრო „მესხეთი“ დაანგრია, იქ მცხოვრებ დევნილებს კი კომპენსაციის სახით 7 ათასი დოლარი გადაუხადა.

„2006 წლის მაისი იყო. დავემორჩილეთ მთავრობას, ავიღეთ კომპენსაცია და გადავედით. ვინც არ დაემორჩილა, მერე მაინც იძულებულნი გახდნენ, რომ გამოსულიყვნენ. მაგრამ ვინც არ გამოვიდა, ხელისუფლებას მოუწია მათი დაკმაყოფილება (ბინით), ჩვენ არ მოგვიწია. მაშინ ამ ფულით ბათუმში ვერაფერი ვერ ვიყიდეთ. ამიტომ ბინა დავიგირავეთ. 16 წელია გირაოდან გირაოში გადავდივართ.

პირველი ბინა ფარეხთან, მაიაკოვსკის ქუჩაზე დავიგირავეთ. არ იყო სასურველი პირობები, მაგრამ 7 ათასი დოლარი არ იყო ის თანხა, არჩევანი გაგვეკეთებინა. ამ 16 წლის განმავლობაში სასურველ პირობებში მარტო წელიწადი და 8 თვე ვიცხოვრეთ, მეტი არა,“ –  გვიყვება ლიანა ბერია.

მეუღლის მონათხრობს აგრძელებს მერაბ ბერია და გვიყვება, რომ მცდელობის მიუხედავად, კომპენსაციის სახით მიღებული თანხით ვერაფრის ყიდვა ვერ შეძლეს.

„როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მესხეთში“ მცხოვრებლებს 7 ათას დოლარს აძლევდნენ, მახსოვს, მყისიერად გაძვირდა ბინები. ბევრი ვეძებეთ, მაგრამ ვერაფერს გავწვდით. ამიტომ წავედით და დავიგირავეთ. გირაოს ეყო მხოლოდ ის ფული. ვისაც გამოუცდია ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა, ის გამიგებს. დალაგდები და ისე მალე მიფრინავს ეს წელია თუ დღე, ვეღარ ხვდები,“ – ამბობს მერაბ ბერია.

ლიანა და მერაბ ბერიების ცხოვრება პანდემიის მერე მკვეთრად შეიცვალა. მერაბს დიაბეტი აქვს. პანდემიამდე მეტალოპლასტმასის საამქროში მუშაობდა. პანდემია ახალი დაწყებული იყო, როცა ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. მკურნალობის შემდეგ სცადა სამსახურში დაბრუნება, თუმცა ვეღარ შეძლო.

„დატვირთვა აღარ შემიძლია, ოდნავ მძიმე რამეც რომ ავწიო, ვგრძნობ, რომ ცუდად ვხდები. ამიტომ ვეღარ შევძელი მუშაობის გაგრძელება,“ – ამბობს მერაბ ბერია.

დევნილი ცოლ-ქმარი ჯერ საპენსიო ასაკის არაა. მათი ოჯახის სტაბილური შემოსავალი დევნილობის შემწეობაა, ერთ ადამიანზე 45 ლარი.

„მე რაღაცას ვწვალობ. სახლებს ვალაგებ. სოციალური გვაქვს, მაგრამ თანხას არ ვიღებთ. შეღავათი გვაქვს საავადმყოფოში და შეგვიძლია ვისარგებლოთ უფასო საჭმლით. ესეც აპრილიდან დაგვენიშნა. თანხას არ ვიღებთ, იმიტომ, რომ მერე დევნილობის შემწეობა მოგვეხსნება. სოციალური დროებითია, დევნილობა კი – მუდმივი. კვირაში სამი დღე ვმუშაობ, ერთი ოჯახია, რომელსაც სახლს ვულაგებ, საჭმელს ვუკეთებ და აქედან მაქვს მცირე შემოსავალი,“ – ამბობს ლიანა ბერია.

ლიანას თქმით, დევნილთა სააგენტოს ორჯერ მიმართა, როგორც წინა, ისე ახლანდელი ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ორივეჯერ უარი მიიღო.

„გვეუბნებიან, რადგან კომპენსაცია გაქვთ აღებული, ბინა არ გეკუთვნითო,“ – ამბობს ლიანა ბერია.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „დევნილთა ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოსგან ან კერძო ინვესტორისგან მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართობი ან საცხოვრებელი ფართობის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია, სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილებულად მიიჩნევიან, შესაბამისად მათი განაცხადები ხელმეორედ აღარ განიხილება“.

ოფიციალური უწყებებიდან უარის მიღების შემდეგ ლიანა და მისი მეუღლე მხოლოდ 7 ათასი დოლარის იმედად არიან დარჩენილნი.

დევნილი ცოლ-ქმარი ახლა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, დაგირავებულ ბინაში ცხოვრობს, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა დაცალონ, თუმცა წასასვლელი ჯერ არ უპოვიათ.

„თვე-ნახევარია, რაც ფული მოგვცეს, ვეძებთ ბინას, მაგრამ ვერ ვნახეთ ვერაფერი. ოჯახმა, ვისგანაც დავიგირავეთ, ფული უკვე დაგვიბრუნა. დრო მოგვცეს, გვესმის მათიც. დიდი ოჯახია და ფართობი სჭირდებათ.

ჩვენი შვილები დაქორწინებული არიან და ნაქირავებში ცხოვრობენ. დაახლოებით 30 კვადრატი აქვთ – მისაღები და საძინებელი. რომც გვინდოდეს, მათთან ვერ შევძლებთ გადასვლას, თვითონაც ძლივს ეტევიან. დასაგირავებელი ბინა კი ვერ ვიშოვეთ.

ყველას უნდა ბინა სესხით, დაგირავება – არა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ნოტარიუსთან ფორმდება ხელშეკრულება, რომ სესხად მიეცი თანხა, ბინა არსად ჩანს.  როგორ მივცე უცნობ პიროვნებას სესხად, როცა ეს 7 ათასი დოლარი ჩემთვის თავშესაფარია. ასე, ჰაერზე ვერ გავფლანგავთ ფულს,“ – ამბობს ლიანა ბერია.

დევნილი ცოლ-ქმრის ყოველი დღე ახლა დასაგირავებელი ბინის ძებნით იწყება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: