მთავარი,სიახლეები

რას ნიშნავს გქონდეს ბიპოლარული აშლილობა – „არ დაკარგოთ იმედი, მწვავე პერიოდი გაივლის“

04.07.2022 • 3014
რას ნიშნავს გქონდეს ბიპოლარული აშლილობა – „არ დაკარგოთ იმედი, მწვავე პერიოდი გაივლის“

„ყველაზე რთული მუდმივი მერყეობაა. თითქოს უცებ ცაში აჭრა და მერე პირიქით, მიწაში ღრმად ჩაშვება“ – გვითხრა თინათინ შალამბერიძემ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზზე. მას ეს დაავადება თავად ჰქონდა წლების განმავლობაში.

თინათინი ექიმია პროფესიით. ახლა 40 წლისაა. ბიპოლარული აშლილობა მას 18 წლისას დაუდგინდა. ამ ხნის განმავლობაში თინათინს ჰქონდა 7-წლიანი სრული რემისია. შეიცვალა მისი დიაგნოზიც. მას ახლა შერეული ტიპის შიზოაფექტური აშლილობა აქვს.

თინათინთან ინტერვიუ იმ პერიოდზე საუბრით დავიწყეთ, როცა მას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუდგინდა.

  • რამდენი წლის იყავით, როცა ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაგისვეს?

18 წლის ვიყავი, როცა ბიპოლარული აშლილობა დამიდგინდა. მაშინ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი ვიყავი. თავიდან დამეწყო დეპრესიით, რომლის გამომწვევი მიზეზი იყო ნერვიულობა, რომ ვერ ჩავაბარებდი უნივერსიტეტში მიმდინარე გამოცდებს სემესტრის ბოლოს.

ეს ყველაფერი გადაიზარდა უძილობაში, გუნება-განწყობილება დამიქვეითდა, აპათიური გავხდი, არაფერი აღარ მაინტერესებდა. მამამ მალევე შენიშნა და ფსიქიატრს  მივმართეთ. ვიღებდი ფსიქიატრის დანიშნულებას, მაგრამ შედეგი არ იყო. სამი თვის მანძილზე ბევრი მედიკამენტი სცადა ფსიქიატრმა. ასე ხდება ხოლმე, ზოგჯერ ხანგრძლივდება ეს ფაზა.

შეიძლება ითქვას, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე  დეპრესიის ეს პერიოდი იყო. სუიციდური აზრები მომდიოდა იმდენად ძლიერი, რომ ვერ ვახერხებდი ამის კონტროლს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი.

ეს იყო პირველი ფაზა ჩემთვის, შემდეგ გადამივიდა მეორე, მანიაკურ ფაზაში, რომელიც ჩემთან ეიფორიული მდგომარეობით გამოვლინდა. გავხდი უზომოდ ბედნიერი, როცა არაფერი შეცვლილა გარშემო. ბევრს ვლაპარაკობდი, ბევრს ვურთიერთობდი მეგობრებთან, ნათესავებთან, დავდიოდი სტუმრად. მომემატა მადა და ძალიან მოვიმატე წონაში, 13 კილოგრამი 2 თვეში.

შემდეგ ჩემი ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, შეიცვალა, თუმცა მაშინვე არ მომხდარა ჩემი სტაციონირება, რადგან მძიმე პირობები იყო კლინიკაში და გამიფრთხილდნენ, ასე ვთქვათ. თუმცა, ჩემი აზრით, ხანდახან სჯობს ამ მდგომარეობაში იზოლირება მოვახდინოთ პაციენტის, რადგან ის არასწორი ფორმით ამახსოვრდებათ გარშემომყოფებს. მაგალითად, ჩემს კურსელებს და ა.შ. შესაძლოა, არასწორი შთაბეჭდილება დარჩენოდათ ჩემზე.

  • საბოლოო დიაგნოზის დასმა თქვენთვის გაჭიანურდა?

არა, ნამდვილად. თავიდან დეპრესიის დიაგნოზი იყო წამყვანი, მაგრამ შემდეგ, როცა გამოვლინდა მანიაკური ფაზის ნიშან-თვისებები, დიაგნოზიც ადვილად დასვეს.

  • შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი იყო თქვენი რეაქცია დიაგნოზზე და იქამდე თუ იცოდით ბიპოლარული აშლილობის შესახებ?

არ მახსენდება ზუსტად, მაგრამ სავარაუდოდ არ ვიცოდი ამ დიაგნოზის შესახებ. იმდენად ვიყავი ამ მდგომარეობით შეწუხებული, რომ დამერწმუნეთ, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონია [დიაგნოზს]. ადამიანი დეპრესიის დროს არ დარდობს, თუ რა დიაგნოზს დაუსვამენ.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ დეპრესიის ფაზის დროს გარშემომყოფებს არ აწუხებს პაციენტი. ჩაკეტილია, თავისთვის წევს, მაგრამ ეს მდგომარეობა ძალიან საფრთხილოა. შესაძლოა რაღაც გაუთვალისწინებელი და ცუდი მოხდეს, სუიციდს ვგულისხმობ. ეიფორიული ფაზის დროს კი ადამიანი შემაწუხებელი ხდება და მაშინ მასზე ზეწოლა მოდის, რომ წყნარად იყოს, ასე ვთქვათ, ფრთების შეჭრა.

  • რა არის ყველაზე რთული ბიპოლარული აშლილობისას?

ეს მუდმივი მერყეობა. თითქოს უცებ ცაში აჭრა და მერე პირიქით, მიწაში ღრმად ჩაშვება.

სიმძიმე, საკუთარი სხეულის განცდა, თითქოს მიწის ელემენტს მეტად ემორჩილება ადამიანი. მანიაკური ფაზის დროს პირიქით, სიმსუბუქე და ბედნიერება მოდის. ამ ორს შორის მერყეობა ყველაზე რთულია.

ძალიან რთული ასატანია დეპრესიის ფაზა.

  • რა ახასიათებს ამ მდგომარეობას? რას ნიშნავს, გქონდეს ბიპოლარული აშლილობა?

ისევ დეპრესიის ფაზით დავიწყებ. ამ დროს ხდება თვითშეფასების მკვეთრი დაქვეითება. შესაძლოა ადამიანს თავი არარაობა ეგონოს. ამის ფონზე ვითარდება დეპრესიული სიმპტომები. დეპრესიული ფაზის დროს ადამიანი არ არის, ვთქვათ, აგრესიული, სხვებისთვის არანაირად არ არის საშიში. მნიშვნელოვანია ამ დროს სხვების მხარდაჭერა, ფსიქოლოგების ჩართვა და  რამენაირად [პაციენტის] სიცოცხლისკენ მოტრიალება.

მანიაკალური ფაზა აზროვნების დაჩქარებით ხასიათდება. ამ დროს უფრო ასოციაციური აზროვნება გაქვს. შესაძლოა ერთი ფაზიდან უცებ სადღაც სხვაგან წახვიდე. ვფიქრობდი, რომ თუ პირველი ფაზის დროს საერთოდ ვერ აღვიქვამდი რასაც ვკითხულობდი, მიჭირდა, მეორე ფაზის დროს ერთი თვალის გადავლებით აღვიქვამდი რა ეწერა მთელ გვერდზე. ძალიან დაჩქარებულია ტვინში მიმდინარე პროცესები, აზროვნება.

ამას მოსდევს მეტყველების აჩქარება, ჭარბი მეტყველება. კომუნიკაციის მუდმივი სურვილი, მადის მომატება, უძილობა – ოღონდ დადებითი კუთხით. ვერ იძინებ დადებითი ემოციების შედეგად.

  • თინათინ, ამ წლების განმავლობაში რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული?

ყველაზე რთული ჩემთვის დეპრესიული ფაზა იყო, რომელიც უცებ დაიწყო. არ ვიცი, ამაზე რთული რა შეიძლება მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. ვნატრობდი, ნეტა ფიზიკური ტკივილი, რომელიმე ფიზიკური პათოლოგია მქონდეს, გავუძლებ ყველაფერს, ოღონდ ეს არ იყოს-მეთქი.

დანარჩენი, რაც არის სტიგმა გავრცელებული საზოგადოებაში, მე ეს დიდად არ მაწუხებდა. ჩემი ოჯახის წევრები ტრაგედიად როგორ არ აღიქვამდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ არ მალავდნენ. არ მიშლიდნენ ამაზე საუბარს სხვებთან და ა.შ. ამის გამო არ ვისტრესებოდი.

მნიშვნელოვანი უარყოფითი ცვლილებებიც გამოიწვია ამ დაავადებამ, რისი დაკონკრეტებაც არ მინდა.

  • თუ იცნობთ ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს? საუბრობენ ისინი ამის შესახებ? თუ არა, როგორ ფიქრობთ, რატომ?

კონკრეტულად ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზით მე ორი მეგობარი მყავს. არა მარტო ისინი, ზოგადად ფსიქიატრიული დიაგნოზის პაციენტები არ საუბრობენ თავიანთ დიაგნოზზე ზუსტად იმიტომ, რომ საზოგადოების მხრიდან მიუღებლობაა.

განსხვავებულობა, ზოგადად, რთულად მისაღებია საზოგადოებისთვის. მითუმეტეს, ფსიქიატრიულ დიაგნოზებს თან ერთვის ხოლმე შიში საზოგადოების მხრიდან, მათ არაადეკვატურ ქცევაზე. არ იცი როგორ მოიქცევა ადამიანი, რაც შინაგან დისკომფორტს იწვევს და არ იციან, როგორ მოიქცნენ მათ ამ დროს. როცა გადავყავდი სასწრაფოთი, ექიმების თვალებშიც ვხედავდი შიშს.

ყველაზე დიდი სტიგმა ამ მხრივ ჩემი თემის წევრებს გვეხება. საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტად გარიყულები ვართ, იმიტომ, რომ ამაზე ღიად საუბარი არ ხდება. საქართველოში მხოლოდ ერთეულები თუ ლაპარაკობენ ღიად, განსაკუთრებით ჩვენს დიაგნოზზე. შესაძლოა თქვან, რომ მე ვიყავი ფსიქიატრთან, ვიღებ ანტიდეპრესანტსაც, მაგრამ ვიწექი სტაციონარში – ძალიან ცოტა ადამიანი ამბობს საჯაროდ.

მეც ახლა მეტი რა მიზანი მაქვს, რაში უნდა მჭირდებოდეს ამაზე ღიად საუბარი, ხომ?! მხოლოდ ის მამოძრავებს, რომ მსგავს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, ვისაც გამწვავებული მდგომარეობა აქვს, ჰქონდეთ იმედი, რომ ისინი ამ მდგომარეობას დაძლევენ და შესაძლოა, მათი განვითარების, სიცოცხლის ხალისი უკეთეს დონეზეც კი გადავიდეს. ჩემ შემთხვევაში ასე მოხდა.

მე ამას დაავადებას ვერც დავარქმევდი, იმიტომ, რომ ეს არის რაღაც ფშვინვიერი მდგომარეობა.

ბიპოლარული აშლილობა დამეხმარა ძველი კომპლექსების მოხსნაში. გავთავისუფლდი. მე რომ ეს მანიაკური ფაზები არ მქონოდა, ამას ვერ მოვახერხებდი. ყოველი სტაციონარის შემდეგ მეგონა, რომ ერთი ბორკილი იმსხვრეოდა ჩემში, რომელიც მბოჭავდა. ამ მდგომარეობების გავლის შემდეგ საკუთარ თავთან თანხვედრაში მოვედი.

ეს იყო ჩემთვის თავიდან დაბადება. ეს გზა არ ყოფილა მარტივი. ეს იყო ძალიან მტკივნეული, ეკლიანი.

ბევრი პრობლემა მქონდა, მათ შორის, ურთიერთობებში.

  • გარდა ოჯახის წევრებისა, როგორი იყო გარშემომყოფების დამოკიდებულება თქვენს დიაგნოზზე?

მე გამიმართლა, რომ მართლა ერთეული ადამიანები იყვნენ ჩემს ცხოვრებაში, რომლებმაც ვერ მიიღეს ჩემი ეს დაავადება. რეალურად, არასწორად შეაფასეს.

რაოდენობრივად, ასეთი ადამიანები ძალიან ცოტა იყვნენ, უმრავლესობა მიღებდა. მაგრამ, ვფიქრობ, ამას ის განაპირობებდა, რომ მანამდე მიცნობდნენ. იცოდნენ, როგორი ვიყავი მე ჯანმრთელ მდგომარეობაში.

საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იმითაა გამოწვეულია, რომ საზოგადოების ცნობიერება ძალიან დაბალ დონეზეა ამ მხრივ. ვინც, ვთქვათ, მე უარმყო ჩემი დაავადების გამო, იმიტომ, რომ არასწორი წარმოდგენები ჰქონდათ და ჭარბად რისკების შემცველი ვეგონე. მოკლედ, ვფიქრობ, რომ ამ სტიგმას ადამიანების არასწორი წარმოდგენები ქმნის.

  • თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების მიხედვით, როგორ ფიქრობთ, საქართველოში როგორ მკურნალობენ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზის მქონე ადამიანებს?

შემიძლია ვთქვა, რომ ერთეული ფსიქიატრები ახერხებენ [პაციენტის მდგომარეობის] სწორად წარმართვას. იმიტომ, რომ ფსიქიატრობა არ არის მხოლოდ დაუნიშნო მედიკამენტები პაციენტს და გაუშვა. მას სჭირდება მუდმივი მეთვალყურეობა და ამდენი დრო არ რჩება [ექიმს].

ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ფსიქიატრების დეფიციტია. ბევრი პაციენტია, მიმართვიანობა მაღალია და ყველა პაციენტისთვის დრო და ენერგია აღარ რჩებათ. მათ კომპეტენციაში მე ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ყურადღების დეფიციტი და არასაკმარისი დროის დათმობა თითოეული პაციენტისთვის იწვევს შემდეგ ამ შედეგებს. ისე, ბიპოლარული აშლილობა არ არის ისეთი რთული სამართავი, რომ ვერ შეძლონ მართვა.

მე რომელ ფსიქიატრებთანაც მქონია შეხება, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ძალიან კომპეტენტური იყო. უბრალოდ, სტაციონარებში საკმარისი დრო არ რჩებათ ექიმებს.

ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ბიპოლარული აშლილობის და ზოგადად, ნებისმიერი ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე პირის მკურნალობაში, ფსიქიატრის გარდა აუცილებლად იყოს ჩართული კვალიფიციური ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი, სოცმუშაკი და სხვა ტიპის თერაპიის სპეციალისტი. ეს კი საქართველოში იშვიათად ხდება. ფსიქოტროპული მედიკამენტები ხსნიან ან ამცირებენ დაავადების გარეგნულ სიმპტომებს უშუალოდ ტვინის ქსოვილზე სამკურნალო ნივთიერების მოქმედების შედეგად, მაგრამ ის შინაგანი მიზეზები, რაც ქვეცნობიერსა და არაცნობიერშია და რაც იწვევს გამწვავების პროვოცირებას, როგორც წესი, ყურადღების მიღმა რჩება. დაავადების გამომწვევ მიზეზს თუ არ მივხედეთ, მხოლოდ სიმპტომების მკურნალობა რეალურ შედეგს ნამდვილად ვერ მოგვიტანს.

ასევე, აუცილებელია პაციენტი იყოს ოჯახის ექიმის ან თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ფსიქოტროპული მედიკამენტების დიდი ნაწილი იწვევს ღვიძლის, თირკმლების, რეპროდუქციული სისტემის ორგანოების დაზიანებას და აუცილებელია ამ ორგანოების ჯანსაღ ფუნქციონირებაზე ზრუნვა, რაც არ ხდება ხოლმე, როგორც წესი.

არც ფსიქიატრებს და არც სტაციონარის თერაპევტებს არ დაუნიშნავთ ჩემთვის ჰეპატოპროტექტორი ან რენოპროტექტორი.

ასევე, დიდ პრობლემას წარმოადგენს ზოგიერთი ფსიქოტროპული მედიკამენტის გვერდითი ეფექტი, რაც ვლინდება მადის ძლიერ მომატებაში და შედეგად პაციენტი მოკლე დროში მკვეთრად იმატებს წონაში. ეს კი დამატებით ფსიქოლოგიურ პრობლემას აჩენს, განსაკუთრებით ქალებში. აღარ გადიან გარეთ ამის გამო, აღარ მოსწონთ საკუთარი გარეგნობა, ქვეითდება თვითშეფასება და ა. შ. აქაც აუცილებელია ოჯახის ექიმის ჩართვა, რომ პაციენტმა იცოდეს, რა ტიპის საკვები მიიღოს ამ მდგომარეობისას, რომ ნაკლებად მოიმატოს წონაში.

  • შეგიძლიათ გაიხსენოთ, რამდენი დრო გაატარეთ სტაციონარში  და როგორი გარემო დაგხვდათ იქ?

სტაციონარში ბევრჯერ მომიწია მოხვედრა. თბილისის სხვადასხვა სტაციონარში ვარ ნამყოფი. ერთხელ ვიყავი სურამშიც. მინდა ვთქვა, რომ ყველაზე რთული სიტუაცია გლდანის სტაციონარში იყო. საკვებიც არ არის სათანადოდ მომზადებული ხოლმე. ზოგჯერ ისეთი საკვებია, რომ ძალიან ძნელია ის ჭამოს ნორმალურმა ადამიანმა, ვისაც გემოვნება რაღაც დონეზე მაინც აქვს. სხვაგან ნაკლებადაა ეს პრობლემა.

თბილისში ახლა სულ სამი სტაციონარი დარჩა.

ზოგადად, არის ჰიგიენის პრობლემა. ზოგიერთ კლინიკაში აბაზანა არ არის ხოლმე ხელმისაწვდომი. რაღაც მილი ზიანდება და იკეტება ხოლმე. მაგალითად, ქავთარაძეზე. გლდანში კვირაში მხოლოდ ერთი დღეა აბანოსთვის გამოყოფილი. ქალებისთვის კვირაში ერთხელ აბაზანის მიღება ძალიან ცოტაა, დამეთანხმებით, ხომ?!

ასევე, ჰიგიენური პირობებიც არ არის ისეთი … ვთქვათ, ტუალეტები და ა.შ. არის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც დაბალი პოზიციის მედპერსონალის, სანიტრების მხრიდან. ბევრი რამ არის გამოსასწორებელი სტაციონარებში.

მე ვფიქრობ, სტაციონარები არც უნდა იყოს და საბოლოო ჯამში, უნდა მოხდეს სათემო სერვისის განვითარება და პაციენტის იმ ტერიტორიაზე მკურნალობა, სადაც ცხოვრობს. ასე სტაციონარების საჭიროებაც აღარ იქნება.

მე ახლა სათემო სერვისის ბენეფიციარი ვარ.  სათემო მომსახურების სერვისიდან კვირაში ერთხელ ბინაზე მაკითხავენ. მოდის ხან ფსიქიატრი, ხან ფსიქოლოგი ან სოცმუშაკი. მოაქვთ მედიკამენტი და აკონტროლებენ ჩემს მდგომარეობას ზედმეტი რაღაცების გარეშე. კითხულობენ, როგორი რეაქცია მქონდა მედიკამენტებზე, რამე ხომ არ შევცვალოთ და ა.შ. ექიმმა დანიშნოს მედიკამენტი და პაციენტმა შეასრულოს – ასე არ არის. კარგი სერვისის მისაღებად თანამშრომლობაა მნიშვნელოვანი.

თუ სათემო სერვისი განვითარდება, სტაციონარები აღარ იქნება მნიშვნელოვანი. თანაც,  სტაციონარში ერთი და იგივე ხალხი ხვდება. ვისაც ხშირი გამწვავებები აქვთ ხოლმე. ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ სათემო თემის ჩართულობით, ეს გამწვავებები მინიმუმამდე დადის.

  • მოგვიყევით თქვენ შესახებ. რას საქმიანობთ? 

მე სპეციალობით ოჯახის ექიმი ვარ. სტუდენტი ვიყავი, როცა ბიპოლარული აშლილობა დამიდგინდა, მაგრამ ეს ისეთი დიაგნოზია, რომ სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას გაძლევს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რეზიდენტურაც დავამთავრე და ლიცენზიაც ავიღე.

„თერაპიის სახლში“ მივედი როგორც პაციენტი, მუდმივად ვვარჯიშობდი და მხოლოდ ამას ვუმადლი, რომ 7 წელი სრულ რემისიაში ვიყავი, მედიკამენტების გარეშე.

ამ პერიოდში დავოჯახდი კიდეც, ბავშვიც შემეძინა. ორსულობის და მშობიარობის პერიოდს დაემატა გადაღლილობა ბავშვის მოვლის გამო, ლაქტაციის პერიოდშიც ვიყავი და 5 თვის რომ იყო ბავშვი, დაავადება გამიმწვავდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო გამწვავებიდან 7 წელი იყო გასული.

არაფრით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება. აუცილებელია მუდმივად ვაკონტროლოთ ჩვენი გამაფრთხილებელი ნიშნები, რითაც გვიმწვავდება დაავადება და როგორც კი რაიმე, თუნდაც პატარა ნიშანი გამოვლინდება, არ უგულებელვყოთ. არ შეიძლება გადაღლა, უძილობა, კვების დეფიციტი, ემოციური სტრესი და ა.შ. ყველა ამ ფაქტორს თუ მოვაშორებთ, გამწვავებები მინიმუმამდე დავა. ჩემი ყველა გამწვავება ბოლოს გადაღლილობის ფონზე იყო. 

მყავდა პაციენტები, ვმკურნალობდი. ერთ-ერთი გამწვავება ექიმად მუშაობის დროს მქონდა. ბევრი ავიღე ჩემ თავზე. ერთ დღეს 21 პაციენტი მივიღე, რაც ძალიან დიდი დატვირთვა იყო ჩემთვის.

სამუშაო ადგილი ფრთხილად უნდა შევარჩიოთ. დატვირთვა ჩვენ თვითონ უნდა განვსაზღვროთ. ჩვენს სიტუაციაში დაქირავებული მუშაკი ვიყოთ, ნაკლებად გამოდის. როცა ვეღარ ვმუშაობდი ექიმად, მასაჟის კურსები გავიარე და მასაჟის კაბინეტიც მქონდა დროებით.

ახლა დასაქმებული ვარ. ვმუშაობ შშმ ბავშვებთან, მკურნალი ევრითმისტი ვარ.

ასევე, ჩემი თავის გამოვლენაში ძალიან დამეხმარა ხელსაქმე. თავიდან ქსოვით დავიწყე, გავიარე კერვის კურსიც.  მაქვს ჩემი ფეისბუქგვერდიც და ახლა ვაპირებ, რომ კერვითაც მოვიპოვო რაიმე შემოსავალი.

ჩართული ვარ ორ პროექტში, რომლებსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „გააღვიძე აქტივიზმი“, რაც ეხება ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს. ერთი პროექტის ფარგლებში იგეგმება ამ დიაგნოზის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ლექცია-მოხსენებების სერიასა და საინფორმაციო ტიპის ვიდეოებთან ერთად. შარშან, 10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს „მზიურში“ გავუკეთე ორგანიზება მსგავს გამოფენა-გაყიდვას ჩემი ფეისბუქმეგობრების ფინანსური მხარდაჭერით.

მეორე პროექტი ეხება ამ ადამიანების სამუშაო გარემოს კვლევას, ანუ გამოვკითხავთ მათ, ვისაც აქვთ ფსიქიკური დიაგნოზი, თუ უმუშავიათ და რა წინააღმდეგობებს შეხვედრიან სამსახურში, რას ისურვებენ, რომ იყოს სხვანაირად და სხვა. ახლა ვართ ორივე პროექტისთვის დაფინანსების მოძიების ეტაპზე.

  • რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს დიაგნოზი აქვთ, რა გამოცდილების გაზიარებას ისურვებდით თავად?

არ დაკარგონ იმედი, რომ ამ დაავადების მწვავე პერიოდი გაივლის. შეიძლება დაავადების რაღაც გამოვლინებები დარჩეს, მაგრამ ამის მართვა, დღევანდელ პირობებში, სრულიად შესაძლებელია. თანამედროვე მედიცინა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდეს.

აუცილებელია, როგორც კი რაიმე შეაწუხებთ, თავიდანვე მიმართონ სპეციალისტს, მივიდნენ ფსიქიატრთან და მიიღონ კვალიფიციური რჩევები. არ ელოდნენ, რომ თავისით გაივლის სიმპტომები. ასევე, აუცილებელია გამაფრთხილებელი ნიშნების ცოდნა, თუ რით იწყება დაავადება. მათზე დაკვირვება და ექიმებთან კონტაქტი. თუ გადაიღალნენ – განიტვირთონ და ა. შ.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ცხოვრების ჯანსაღი წესი. არანაირი ალკოჰოლი, ნარკოტიკი ჩვენთვის არ შეიძლება. ყურადღება უნდა მივაქციოთ სწორ ფიზიკურ დატვირთვას, რაც განტვირთავს გონებას. თუნდაც სეირნობა ჰაერზე. ბუნებასთან ახლოს ყოფნა, ცხოველებთან კონტაქტი, რაც თერაპიული გავლენების მქონეა.

ძალიან მნიშვნელოვანია მივიღოთ საკმარისი, მიკროელემენტებით მდიდარი საკვები. აუცილებელია დღის რეჟიმის დაგეგმვა. არ შეიძლება უძილობა. ჩვენს შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს. საკმარისი ძილი ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობაა.

თავიანთი პრობლემების შესახებ უნდა ისაუბრონ მეგობრებთან ან მიმართონ ფსიქოლოგს. უნდა ამოთქვან ყველაფერი. იმიტომ, რომ დაგროვილი უსიამოვნო შეგრძნებები თუ განცდები თავს იჩენს და შეიძლება გამწვავება გამოიწვიოს ოდესღაც, თუნდაც, ბავშვობაში მიღებულმა სტრესმა. ამიტომ, აუცილებელია ამ კვანძების გახსნა სპეციალისტებთან, მეგობრებთან ან ა.შ. მე ზოგადად ძალიან დამეხმარა სხვადასხვა მეთოდი, მაგალითად, იოგა და ა.შ.

გადაბეჭდვის წესი