მთავარი,სიახლეები

ხერსონის ბუჩა – როგორ იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ადამიანებს უკრაინის სამხრეთში

05.07.2022 •
ხერსონის ბუჩა – როგორ იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ადამიანებს უკრაინის სამხრეთში

წყარო: BBC News/ Україна

თავისი ბინის ფანჯრიდან ალექსანდრამ რამდენჯერმე დაინახა, როგორ მიათრევდნენ მინდორში ვიღაცას. მანქანიდან გადმოიღეს, გზის პირს მოშორდნენ და გადააგდეს. ნაგავივით. ერთხელაც, ალექსანდრამ გადაწყვიტა, იმ ადგილთან ახლოს მისულიყო  – ბალახზე გამხდარი, შავთმიანი კაცი ეგდო.

„ეტყობოდა, რომ ნაწამები იყო. ფანჯრიდან ვუყურებდი იმ მინდორს და დანაშაულის გრძნობა მტანჯავდა. მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მოყოლაც კი არ შემეძლო ვინმესთვის. მე ხერსონიდან გამოვიქეცი, ის კაცი კი იქ დარჩა“, – ტირილით ჰყვება ალექსანდრა, მისი სახელი შეცვლილია.

ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ქალაქებში გამუდმებით უჩინარდებიან ადამიანები. უფრო მეტად – კაცები. ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის ნებისმიერი გამოცდილება შეიძლება „დაკავების“ მიზეზი გახდეს.

„თუ იგებენ, რომ პოლიციაში მუშაობდა, ეგრევე იჭერენ. თუნდაც სუპერმარკეტში დაცვად ემუშავა, მაინც აკავებენ. ასე გაუჩინარდა ბევრი ჩემი ნაცნობი. ადამიანები მუდმივად შიშში ცხოვრობენ,“ – ამბობს ნატალია, მისი სახელიც შეცვლილია.

მისი ბიძაშვილიც გაუჩინარდა. ცოტა ხნის წინ მოკლული იპოვეს, სხეულზე სასტიკი წამების კვალი ეტყობოდა.

ნატალიამ უკრაინა დატოვა, მისი ოჯახი კი ამ დრომდე ოკუპაციაშია.

ასე გამოიყურებოდა ხერსონის ოლქის სოფელი ვისოკოპოლიე ოკუპაციამდე/ფოტო: VYSOKOPILSKAOTG.DOSVIT.ORG.UA

„სტანისლავიდან, ტომინა ბალკიდან და ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს სოფლებიდან მოდის ინფორმაცია კაცების მასობრივად დაკავების შესახებ. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ორმოებში ყრიან. სასტიკად სცემენ. სრულიად უმიზეზოდ,“ – ჰყვება სერგეი დანილოვი, ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე. ის უკრაინის სამხრეთში არსებულ ვითარებას სწავლობს.

„ჩემს მეგობარს, დონბასის ომის ვეტერანს, ფეხში სჭვალი ჩაახრახნეს. ვეღარ დადის“, – ამბობს სერგეი.

აპრილის ბოლოს, დონბასის ომის ვეტერანი ნაზარ კაგალნიაკი გარდაიცვალა. ის სასტიკად იყო ნაცემი.

„უკრაინის სამხრეთში, რუსებმა გაიტაცეს და აწამეს დაახლოებით 500-600 ადამიანი,“ –  გვეუბნება თამილა ტაშევა, უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ყირიმში.

მისი თქმით, თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში არსებობს შენობა, სადაც უკანონოდ დაკავებული ადამიანები ჰყავთ. ეს შეიძლება იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილება ან სამხედრო ადმინისტრაცია. ასეთია იზოლატორი ხერსონში, პოლიციის განყოფილებები კახოვკაში და ნოვა კახოვკაში, პროფტექნიკუმის შენობა გენიჩესკში.

„ვიღაცას მხოლოდ 24 საათი აჩერებენ და უშვებენ. ვიღაცას კი თვეობით იტოვებენ,“ – ამბობს ტაშევა.

ოკუპირებულ სამხრეთში მომხდარ მოვლენებს უფლებადამცველებმა უკვე უწოდეს „ხერსონის ბუჩა“.

უბრალოდ ისროდნენ

ხერსონი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი, ნოვა კახოვკა, ვისოკოპოლიე, არხანგელსკოე და კიდევ ბევრი ქალაქი და სოფელი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ტერორის ადგილებად გადაიქცა.

რუსი სამხედროების დანაშაულებზე მტკიცებულებებს უფლებადამცველი ორგანიზაციების კოალიცია აგროვებს. ეს მონაცემები უკრაინელ გამომძიებლებსა და საერთაშორისო პროკურორებს გადაეცემათ.

რუსი სამხედროების განსაკუთრებულ სისასტიკეზე უფლებადამცველებს სოფლების მცხოვრებლები უყვებიან.

პირველ ივნისს, ვისოკოპოლიეში, ხერსონის ჩრდილოეთით, საკუთარი სახლის ზღურბლზე რუსმა სამხედროებმა ცოლ-ქმარი დახვრიტეს – სვეტლანა და სერგეი ლანევიჩები. მკვლელობას ხერსონის ოლქის პროკურატურა იძიებს.

სვეტლანა და სერგეი ლანევიჩები/ფოტო: ლიუბოვ ტომილინას ფეისბუქიდან

კიდევ ერთ კაცს, ამავე სოფლიდან, პაველ ზაბოლოვსკის, მაშინ ესროლეს, როდესაც თავის მეურნეობაში შედიოდა.

პაველი ვისოკოპოლიეს საავადმყოფოს პალატაში მიხაილთან ერთად იწვა. მიხაილი მალაია ალექსანდროვკიდან იყო და რუსმა სამხედროებმა 2 აპრილის საღამოს დაჭრეს, როდესაც თხების მიზანში ამოღებით ირთობდნენ თავს.

„ადრე, უბრალოდ, გართობის მიზნით კლავდნენ. ახლა სისტემურად იტაცებენ, კლავენ კაცებს, ეჭვობენ, რომ პარტიზანები არიან. ასე ცდილობენ წინააღმდეგობის ჩახშობას,“ – ამბობს ანატოლი, რომელიც ხერსონიდანაა.

მოგვიანებით დასახიჩრებულ სხეულებს მინდვრებსა და თხრილებში პოულობენ, ზოგჯერ კი საერთოდაც ვერ პოულობენ.

„სამხრეთში ვითარება ისეთივეა, როგორიც ბუჩაში იყო. განსაკუთრებით პატარა სოფლებში, სადაც ასე 500-600 ადამიანი ცხოვრობს, სადაც დამალვა შეუძლებელია. ოკუპაცია უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. სრული განუკითხაობაა, მაგრამ კონკრეტულ ფაქტებზე, მკვლელობის ადგილებსა და სამარხებზე ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ გავიგებთ, რაც სამხრეთი გათავისუფლდება, განსაკუთრებით, ხერსონის ოლქის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი,“ – ამბობს ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე სერგეი დანილოვი.

რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში სამოქალაქო პირების წამებასა და მკვლელობებს უარყოფს, თუმცა უკრაინელმა სამართალდამცველებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა, უფლებადამცველებმა და ჟურნალისტებმა უკვე უამრავი მოწმის ჩვენებასა და მტკიცებულებას მოუყარეს თავი.

„მელოტიესე იგი ნაცისტია

„თუკი ადრე მიტინგებზე იჭერდნენ, ახლა სახლებიდან მიჰყავთ,“ – ამბობს ნადეჟდა დობრიანსკაია, ცენტრ ZMINA-ს პროექტების კოორდინატორი. მისმა ორგანიზაციამ შეაგროვა ასობით მოწმის ჩვენება, რომლებიც აქტივისტების, პედაგოგებისა თუ მოხალისეების დაკავებებს ადასტურებს. – „რუსები იტაცებენ აქტივისტებს, რომ წინააღმდეგობა შეასუსტონ და ხალხს თანამშრომლობა აიძულონ. ყველანი ჰყვებიან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე.“

მარტსა და აპრილში ხერსონში ხალხმრავალი აქციები იმართებოდა. სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქის საბჭოს შენობებზე ჯერ კიდევ ეკიდა უკრაინული დროშები.

საპროტესტო აქცია ხერსონში/ფოტო: Unian.net

„მელოტი – ესე იგი ნაცისტი ხარ. სიმპსონებიანი ტრუსები გაცვია – ესე იგი ამერიკის აგენტი ხარ,“ – უთხრეს რუსებმა სერგეის (სახელი შეცვლილია), როდესაც ხერსონში დააკავეს. სერგეი ტერიტორიულ დაცვაში მსახურობდა და დაცვის სხვა წევრებთან ერთად ჩასაფრებაში მოხვდა.

სერგეი ერთი თვე ჰყავდათ ტყვეობაში – თავიდან ხერსონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში, რომელიც ციხედ გადააქციეს. მერე ყირიმში გადაიყვანეს.

მთელი თვე აწამებდნენ  – ელექტროშოკით, ავტომატის კონდახით, რკინის მილებით. თავზე ტომარას აცმევდნენ. ნეკნები დაუმტვრიეს და კბილები ჩაულეწეს.

„პირველ დღეებში არანაირ კითხვას არ მისვამდნენ. მცემდნენ, უბრალოდ მცემდნენ. მამცირებდნენ. მერე მეკითხებოდნენ სახელებს, ტელეფონებს, პაროლებს. მეკითხებოდნენ, რატომ ვიბრძვით მათ წინააღმდეგ, რატომ არ ვხდებით ყვავილებით,“ – იხსენებს სერგეი, რომელიც ბოლოს იმ ტყვეების სიაში მოხვდა, რომლებიც გაცვალეს და ასე გადარჩა. დღემდე მკურნალობს.

სერგეისთან ერთად ტყვეობაში ხერსონის ტერიტორიული დაცვის ძალების კიდევ ორი წევრი იმყოფებოდა –  124-ე ბრიგადის ასეულის მეთაური დენის მირონოვი და პოლიციის გადამდგარი პოდპოლკოვნიკი, მასწავლებელი ვიტალი ლაპჩუკი. ისინი ცემით მოკლეს.

დენის მირონოვის დასახიჩრებული სხეული ახლახან დაუბრუნეს ახლობლებს. სიკვდილის მიზეზი – ბლაგვის საგნით მიყენებული ტრავმა მკერდის არეში, რომელმაც შინაგანი სისხლდენა გამოიწვია.

დენის მირონოვის დაკრძალვა/ვადიმ კრანსოშტანის ფოტო

მაისის ბოლოს, ვიტალი ლაპჩუკის ხელფეხშეკრული ცხედარი ხერსონში, მდინარეში იპოვეს. თავგახეთქილი. ფეხებზე გირები ეკიდა. მხარზე თანდაყოლილი ლაქით ამოიცნეს.

ვიტალი ლეპჩუკი ოკუპირებულ ქალაქში დაკრძალეს. მისი ცოლი, ოლენა ლაპჩუკი, რომელმაც ოკუპაციას თავი დააღწია, იხსენებს, რომ ქმარი ბოლოს 27 მარტს ნახა – ნაცემი და დასისხლიანებული, სახლის ჩხრეკაზე მიიყვანეს.

„მესმოდა, გვერდით ოთახში როგორ სცემდნენ და ახრჩობდნენ ჩემს ქმარს. მისგან ითხოვდნენ, რომ საკუთარი მეგობრები გაეცა, მათი მისამართები დაესახელებინა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის დოკუმენტისთვის,“ – ამბობს ოლენა ლაპჩუკი, რომელსაც იმედი აქვს, რომ მისი ქმრის მკვლელები როდისმე აუცილებლად დაისჯებიან.

„მათი მეტსახელები მახსოვს: „ბესი“ „ფორტუნა“ „ურალი“ „დუნაი“. მე ისინი დავინახე და მე მათ ამოვიცნობ,“ – თქვა ოლენამ ეუთოს შეხვედრაზე ვენაში, ღონისძიებაზე, რომელიც უკრაინაში ძალადობრივ გაუჩინარების შემთხვევებს ეძღვნებოდა.

ვიდრე ოლენა ლაპარაკობდა, ეკრანზე მოღიმარი, ჭაღარა კაცის ფოტო ჩანდა. ვიტალი ლაპჩუკი მეცნიერების დოქტორი იყო, ხერსონის უნივერსიტეტში ასწავლიდა. ომის პირველივე დღეებში ტერიტორიული დაცვის ძალებში ჩაეწერა.

ეს ყველაფერი უკვე იყო

„რუსები სამხრეთში იმავე მეთოდებს იყენებენ, რასაც 2014 წელს ყირიმსა და დონბასში. ყველაფერი მეორდება – აშინებენ, აწამებენ, კლავენ,“ – ამბობს თამილა ტაშევა.

„ეს მათი სტრატეგიაა, ასე ცდილობენ წინააღმდეგობის გატეხას. ეს არის უკრაინელთა სისტემური განადგურება,“ – ეს ნადეჟდა დობრიანსკაიას აზრია.

„ხალხი უჩინარდება დღისით და ღამით. იქ ცხოვრება უკიდურესად საშიშია. ჩემი ახლობლები შეშინებულები არიან, იშვიათად გამოდიან სახლიდან, ყველა მიმოწერას შლიან. ნებისმიერ მომენტში შეიძლება გააჩერონ, დოკუმენტები შეუმოწმონ, ტელეფონები ჩამოართვან,“ – ამბობს ნატალია.

უფლებადამცველები ჰყვებიან, რომ ხერსონიდან გატაცებული ადამიანები ხშირად ყირიმში მიჰყავთ.

ასე გაიტაცეს მაისის ბოლოს ხერსონის მცხოვრები ირინა გორობცოვა, რომელიც თავის პროტესტს სოციალურ ქსელებში ღიად გამოხატავდა. მოგვიანებით, კომენდატურაში, მის მშობლებს უთხრეს, რომ გოგონა სიმფეროპოლის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

„ზუსტად არ ვიცით, რამდენი ადამიანი მოკლეს, რამდენი გაიტაცეს. ყველა დანაშაულის დოკუმენტირება ვერ ხერხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამ ძალადობრივი ქმედებების სისტემურობას,“ – ამბობს თამილა ტაშევა.

მისი თქმით, ის, რასაც რუსები ბუჩაში აკეთებდნენ, ახლა ოკუპირებულ სამხრეთში ხდება.

ზოგი ხალათითა და ფლოსტებით გარბის – კილომეტრებს გადის, ხან ფეხით, ხან ველოსიპედით. ასეთ გზას ყველა ვერ უძლებს.

ორი დღე დასჭირდა ალექსანდრას რომ ოკუპირებული ხერსონიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყო, თუმცა ახლა ბედნიერია, რომ წამოსვლა მოახერხა.

„ჩვენ თითქოს გულაგი გამოვიარეთ. 19 საგუშაგო, რომლებზეც გვჩხრეკდნენ, გვკითხავდნენ და მზეზე გვაყენებდნენ. საშინელება იყო. მაგრამ მაინც მთავარია, რომ იქიდან გამოვაღწიე.“

თარგმნა: თამარ რუხაძემ

მთავარი ფოტო: ვისოკოპოლიეს თემის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: