„შესაბამისად, ერთი თვის შვებულების ანაზღაურება – ჯამში 85 814 ლარი გაცემულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერ ხარჯვას“.
სახელმწიფო აუდიტმა 7 აპრილს გამოაქვეყნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც 2022-2021 წლებს მოიცავს.
აუდიტის შეფასებით გამოვლინდა არაერთი დარღვევა.
მაგალითად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ორგანიზაციის ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დროს გამოვლინდა 16 640 ლარის ძირითადი აქტივების დანაკლისი, მათ შორის ერთი ცეცხლსასროლი იარაღის (CZ-92, კალიბრი 6,35, N B8506), რომლის ღირებულება 1 202 ლარია.
„აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი თავმჯდომარის გარდაცვლილ მოადგილეზე რეგისტრირებულია მომსახურების სააგენტოს ბაზაში, მისი 2002 წლის 2 ივლისის განცხადების საფუძველზე (ხელახალი რეგისტრაცია გავლილია 2011 წელს).
უნდა აღინიშნოს, რომ „მოსახურების სააგენტოს“ წერილს თან არ ერთვის იარაღის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავდროულად, ვერც უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა ცეცხლსასროლი იარაღის საკუთრებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო რეგისტრირებული იარაღის რეესტრში“, – წერს აუდიტი.
დასკვნის მიხედვით, ბრალეულ ქმედებაზე შეკრებილი მასალები ინვენტარიზაციის დასრულებიდან 5 დღის ვადაში გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დანაკლისთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოს არ განუხორციელებია.
- აფხაზეთის მთავრობა
აუდიტის მიხედვით, დასაბუთებული საფუძვლის გარეშე, აფხაზეთის მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის” სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ყოფილმა ხელმძღვანელმა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს მიმართა და ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მთავრობის განკარგულების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას მთელი პერიოდისთვის.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 16 თებერვლის სარჩელი განუხილველად დატოვა, რის შემდეგაც მოსარჩელემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აფხაზეთის მთავრობას დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 15 000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები). საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, საკომპენსაციო თანხამ სულ შეადგინა 18 750 ლარი.
„აფხაზეთის მთავრობამ აღნიშნული ინფორმაცია არ შეიტანა ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში“.
- პროგრამების სააგენტო
აუდიტის დასკვნის მიხედვით, სააგენტოს ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ძირითადი საშუალებები და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 44 031 ლარის ღირებულების ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების და საცნობარო ანგარიშზე არსებული აქტივის დანაკლისი.
2021 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მიღებული აქტივების ინვენტარიზაციის შედეგად ასევე გამოვლინდა 156 247 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობების დანაკლისი და ასევე 27 598 ლარის ღირებულების მომსახურების შესყიდვის შეუსრულებლობა.
„ჯამში 183 845 ლარის აქტივებისა და მომსახურების მიღება სააგენტომ ჩამოწერა ხარჯებში მოქმედი ინსტრუქციის შეუსაბამოდ და არ აისახა მათი მოთხოვნების შესაბამის ანგარიშებზე“, – ამბობს აუდიტი.
ამავე წყაროს მიხედვით, სააგენტომ შენობის სარდაფში შესრულებულ სამუშაოებზე 132 916 ლარი დახარჯა. „სამუშაოების რეალობის დადგენის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დანიშნულია ექსპერტიზა.
ზემოაღნიშნულ დანაკლისებსა და შეუსრულებელ მომსახურებაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში“, – წერს აუდიტის სამსახური.
- აფხაზეთის სავაჭრო პალატა
სავაჭრო პალატამ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე ინდმეწარმისგან შეიძინა 6 000 ლარის ღირებულების ვიდეოკლიპი, „აღნიშნული დოკუმენტაციის დედნები საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ამოღებულია საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ“.
აუდიტი ამბობს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტები აღნიშნულ ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების პროცესში კონტროლის მექანიზმების არარსებობაზე მიუთითებს.
- კანონმდებლობასა და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შეუსაბამობის საკითხები
აუდიტის მასალების მიხედვით, 2021 წელს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებისა და ბრძანების გარეშე 2 თვის განმავლობაში (62 კალენდარული დღე) ისარგებლეს შვებულებით.
„შესაბამისად, ერთი თვის შვებულების ანაზღაურება – ჯამში 85 814 ლარი გაცემულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერ ხარჯვას.
„პროგრამების სააგენტოს“ მიერ 2021 წელს შრომითი ხელშეკრულებით, არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობამ გადააჭარბა კანონმდებლობით დადგენილ ნორმას.
კერძოდ, 30 დღეზე მეტი ვადით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული 30 თანამშრომლიდან 25 მათგანის დასაქმების საკითხი უნდა შეთანხმებულიყო აფხაზეთის მთავრობასთან.
ზემდგომ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე 2021 წელს დასაქმებული აღნიშნული 25 პირის წლიურმა შრომის ანაზღაურებამ ჯამში შეადგინა 127 927 ლარი. „შესაბამისად, დაფიქსირდა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა მოქმედი კანონმდებლობის გაუთვალისწინებლად“.
სააგენტოს მიერ თანამშრომლებზე გაცემული ხელფასი თანხით, 3 400 ლარი არ არის დეკლარირებული შემოსავლების სამსახურში კანონის შესაბამისად. „რაც საშემოსავლო დეკლარაციის არასრულად წარდგენის შედეგია და მიუთითებს სააგენტოში არასათანადოდ დანერგილ კონტროლზე და მოქმედი კანონმდებლობის გაუთვალისწინებლობაზე“, – ამბობს აუდიტი.
- ჯანდაცვის სამინისტრო
აუდიტი წერს, რომ სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართობის ორ ოთახში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, განთავსებულია სამინისტროს მიერ დაფუძნებული აიპი, „აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო“. ფართის სარგებლობაში გადაცემის რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი ვერ მოიძებნა.
- დევნილთა სამინისტრო
ასევე, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართის სამ ოთახში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განთავსებულია სამინისტროს მიერ დაფუძნებული სიპი „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტო“. ამ შემთხვევაშიც ფართობის სარგებლობაში გადაცემის რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი ვერ მოიძებნა.
გარდა ზემოაღნიშნულისა:
თბილისში, მეველის ქ. N17-ში მდებარე 2369 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან კერძო პირები.
ასევე, ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში მდებარე 4200 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განლაგებულ 550 კვ.მ შენობა-ნაგებობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საქმიანობას ახორციელებენ კერძო პირები.
აუდიტის თქმით, ფაქტები მიუთითებს სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი და არამიზნობრივი სარგებლობის ფაქტებზე.
- აფხაზეთის განათლების სამინისტრო
2021 წელს ხორციელდებოდა „გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებში გაიხარჯა 334 080 ლარი.
ბენეფიციარების (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამგეები, მუსიკალური და სამხატვრო სკოლების დირექტორები, პედაგოგები) უზრუნველყოფა წარმოებდა ყოველთვიური/ყოველკვარტალური ფინანსური დახმარებით, რომლის ოდენობაც განსაზღვრული იყო ქვეპროგრამით.
ბენეფიციართა სია განისაზღვრება გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
„ვინაიდან პოლიტიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელია გალის ტერიტორიაზე განთავსებული დაწესებულებების ფიზიკური შემოწმება, შესაბამისად, ამ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის საქმიანობის ნამდვილობის დადასტურება.
შესაბამისად, შესაძლოა არსებობდეს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად და არაეფექტიანად გამოყენების რისკები და პროცედურებითაც ვერ იქნა მოპოვებული რწმუნება აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გაცემული ფინანსური დახმარების მიზნობრიობისა და სისწორის თაობაზე“, – წერს აუდიტი.