შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – სააგენტოს მორიგი განცხადება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

„კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ – ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები“ – წერს სააგენტო.

უწყების ცნობით, სინჯები ანალიზისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, „რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს“.

2000-2000 ლარით დააჯარიმეს რუსული გემის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები – სასამართლო

დღეს, 11 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2000-2000 ლარით დააჯარიმა რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ადამიანები.

31 ივლისს, ბათუმში აქციაზე 23 პირი დააკავეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის თქმით, მისი ორგანიზაცია სასამართლოში იცავდა 6 პირის ინტერესებს, მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქეა.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ექვსივე მათგანი – გენრი დოლიძე, თორნიკე კვერენჩხილაძე, გიორგი გველესიანი, გიზო სიჭინავა, დმიტრო ზაკრევსკი და მარინა ჩობანიანი სამართალდარღვევად ცნო. მოსამართლემ ექვსივე პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმა.

3 პირს იცავდა სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. ორგანიზაციის იურისტის, მარიამ შაინიძის თქმით, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2 პირი – ირაკლი ხარჩილავა და გიორგი სანაძე 2000-2000 ლარით დააჯარიმა, ხოლო მირიან ჯალაბაძე, რომელიც საერთოდ არ იყო აქციის მონაწილე და მეგობარს ეძებდა, არ ცნეს სამართალდამრღვევად.

აქციაზე დაკავებულებს იცავდა ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“. ორგანიზაციის იურისტის, ნინო ირემაძის თქმით, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სამივე მათგანი – ხათუნა ბერიძე, ირაკლი მეტრეველი და ლუკა წულაძე ასევე 2000-2000 ლარით დააჯარიმა.

კერძო ადვოკატი მალხაზ ზოიძე რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულ 6 ადამიანს იცავდა, მათ შორის – ილია ანთაძეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ლევან ანთაძის თქმით, მისი შვილის – ილია ანთაძის სასამართლო პროცესი მოსამართლემ 7 სექტემბრისთვის გადადო. როგორც ლევან ანთაძე ამბობს, „საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის მოტივით“.

იმ პირებს შორის, ვის ინტერესებსაც მალხაზ ზოიძე იცავდა, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ განსხვავებული სასჯელი შეუფარდა ლადო ჩიბურდანიძეს – ის 2500 ლარით დააჯარიმა. სხვა პირები კი – ლაშა მელაძე, ავთანდილ დოლიძე, მიხეილ აბზიანიძე, დავით თეთრაშვილი და გიორგი უკლება კი 2000 ლარით დააჯარიმა.

გიორგი უკლება აცხადებს, რომ ის აქციაზე შემთხვევით აღმოჩნდა – გზად გაიარა.

___

27 ივლისს ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერი შემოვიდა. გემ ASTORIA GRANDE-დან ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ამბობდა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, ანუ შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ. იმავე დღეს, მოქალაქეები გემის შემოსვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქაჯობად“  შეაფასა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ბათუმის აქციას ტვიტერზე გამოეხმაურა: „ვამაყობ ჩვენი ხალხით“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაზიდვები იწყებოდა, 2023 წლის იანვარში გავრცელდა რუსულ მედიაში. თავდაპირველად ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ უარყო.

_______________

ამავე თემაზე: 

ვინ არის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე – ჯარიმები პროტესტისთვის

რა სურს „იანდექსისგან“ კრემლს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება – ISW

დღეს, 11 აგვისტოს, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] ანალიტიკოსები წერენ, რომ კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს რუსული ინტერნეტ გიგანტის, Yandex-ის ნაციონალიზაციას, რათა გააძლიეროს კონტროლი რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებისას.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ „იანდექსი“ კრემლსა და მის უცხოელ მმართველ ორგანოებს შორის სავარაუდოდ ცდილობდა ბალანსის დაცვას, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა კრემლთან ბრძოლას აგებს.

სავარაუდოდ, კრემლი აიძულებს Yandex-ს გაყიდოს ან დისტანცირდეს საერთაშორისო შვილობილი კომპანიებისგან, მათ შორის ტაქსის სერვის Yango Israel-სგან, რათა სრულად აამოქმედოს პერსონალური მონაცემების შესახებ რუსული კანონი, რომელიც Yandex-ს ავალდებულებს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს მომხმარებლის ყველა მონაცემი – არა მხოლოდ რუსეთში მცხოვრების.

რუსეთის მთავრობამ Yandex-ი ამ კანონის შეუსრულებლობისთვის ერთხელ უკვე დააჯარიმა, არადა Yandex-ი ამტკიცებდა, რომ მას არ შეეძლო მოთხოვნილი მონაცემების მიწოდება.

რუსეთმა აქამდე უკვე დააჯარიმა Yandex-ის აღმასრულებელი დირექტორი არტემ სავინოვსკიც, შესაძლოა კომპანიის იძულების მიზნით.

IT კომპანიის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ Yandex ცდილობს დაიცვას ყველა იმ ქვეყნის კანონი, სადაც მუშაობს.

ზოგი რუსული შიდა წყაროს ვარაუდით, Yandex-ის კორპორაციული განვითარების მრჩეველი, ალექსეი კუდრინი ცდილობდა Yandex გადაექცია ნაციონალურ კერძო კომპანიად, რომელსაც პუტინის პირადი ბანკირი იური კოვალჩუკი გააკონტროლებდა.

Yandex-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, არკადი ვოლოჟმა, 10 აგვისტოს საჯაროდ დაგმო უკრაინაში შეჭრა. ზოგი რუსული წყაროს ვარაუდით, ვოლოჟის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ მისთვის ცნობილია, კრემლი, სავარაუდოდ, უფრო შორს რომ წავა ფორმალური ნაციონალიზაციის თვალსაზრისით.

Yandex-ში თავის წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-სი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კრემლი „იანდექსის“ ნაციონალიზაციას მოახდენს, მათ ეშინიათ „ტვინების გადინების“, რადგან „იანდექსის“ ბევრმა თანამშრომელმა დატოვა რუსეთი 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

კრემლმა, სავარაუდოდ, იცის ეს წუხილი, რადგან კრემლის ჩინოვნიკებთან დაკავშირებულმა ინვესტორებმა Yandex-ის შეძენაზე განაცხადი ახლახან წარადგინეს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილესთან, სერგეი კირიენკოსთან აფილირებული პირებისთვის „იანდექსის“ შესაძლო გადაცემა იმაზე მიუთითებს, რომ პუტინი ცდილობს დააჯილდოოს კირიენკო ერთგულებისთვის, განსაკუთრებით 24 ივნისს „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ.

სარფში მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

აჭარაში, სარფში, ახალგაზრდა კაცის დაიხრჩო ზღვაში.

შემთხვევა გუშინ, 10 აგვისტოს მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კაცი სარფში 10 აგვისტოს გაუჩინარდა.

სამაშველო სამსახურმა მისი ცხედარი წყლის სიღრმიდან გამოიტანა.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 აგვისტოს 21 საათიდან 12 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხანმოკლე წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით,13-14 აგვისტოს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 252 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580]
  • ტანკი – 4 290 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 8 318 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 5 043 ერთეული [+15]
  • MLRS – 713 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 471 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 313 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 197 ერთეული [+18]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 377 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 511 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 756 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 458 თვითმფრინავი
  • 245 ვერტმფრენი
  • 5 654 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 429 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 230 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 847 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 176 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

  • ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ჯანმრთელობის რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია კონდიციონერს? | ექიმის რჩევები

ზაფხულობით ოფისში დასაქმებული ადამიანები ხშირად უჩივიან რესპირატორულ პრობლემებს, მათ შორის: ყელისა და ცხვირის გამოშრობას, ყელის ტკივილსა და რინიტს. მიზეზი კონდიციონერია, რომელსაც სასუნთქი სისტემის გაღიზიანების დიდი პოტენციალი აქვს. იმის შესახებ, თუ როგორ აღიზიანებს კონდიციონერი რესპირატორულ სისტემას, რა უნდა გავითვალისწინოთ პრევენციისთვის და როგორია ამ სიმპტომების მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდები, „ბათუმელები“ ესაუბრა ბათუმის სამედიცინო ცენტრის ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, ქირურგ გიორგი ალიშანიძეს.

ვენტილაცია-კონდიცირების სისტემებისა და რესპირატორულ სიმპტომებს შორის კავშირის შესაფასებლად ჩატარებულმა ბრაზილიურმა კვლევამ აჩვენა, რომ კონდიცირებულ საოფისე შენობებში მომუშავე ადამიანების 79.8 პროცენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომი, მათ შორის ცხვირის სიმპტომები, ნაზო-ოკულარული სიმპტომები; ასევე, კონდიცირებულ შენობებში მუშაობისას აღინიშნებოდა სინუსიტის სიმპტომების გაუარესება, ხველა.

  • ბატონო გიორგი, რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს მთელი დღის განმავლობაში კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში ყოფნა?

კონდიციონერიან ოთახში ხდება ერთი და იმავე ჰაერის ტრიალი, რაც ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ასეთ ჰაერში იმატებს ნახშირორჟანგი, მიკრობები, ბაქტერიები და როცა არ ხდება ახალი ჰაერის შეშვება სივრცეში, იქმნება ხელსაყრელი გარემო ბაქტერიებისა და ვირუსებისთვის. ამიტომ ხშირად უნდა მოხდეს ასეთი სივრცის განიავება.

გარდა ამისა, კონდიციონერის მუშაობის დროს ხდება ჰაერის ძლიერი გამოშრობა; ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, არ არის სათანადოდ დატენიანებული, შესაბამისად ცხვირი თავის ფუნქციას, რომელიც მოიცავს ჰაერის დატენიანებას და ასევე მის გაწმენდას მიკრობებისგან – სათანადოდ ვეღარ ასრულებს. თავიდან კომპენსატორულად მუშაობს, მაგრამ შემდგომში უკვე ძალიან რთულდება ამის გაკეთება.

ცხვირის ფუნქციაა დაატენიანოს და გაწმინდოს ჰაერი, მაგრამ როდესაც ჰაერი არის ძალიან გამომშრალი, ამას ვეღარ ახერხებს ცხვირის ეპითელიუმი, შესაბამისად ფილტვებს მიეწოდება გამომშრალი ჰაერი, რაც უწყობს ხელს ორგანიზმის დეჰიდრატაციას, ანუ გაუწყლოებას. რეკომენდაცია ასეთ დროს არის სითხის მოხმარების გაზრდა. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ორგანიზმი ფილტვების მეშვეობით კარგავს სითხეს, ანუ ამოსუნთქულ ჰაერში მეტია სითხე, რადგან ორგანიზმი ცდილობს მშრალი ჰაერი დაატენიანოს. ამ დროს ქვეითდება იმუნიტეტი და ვირუსებისა და ბაქტერიებისთვის იქმნება საკმაოდ ხელსაყრელი გარემო.

  • ყელზე როგორ მოქმედებს?

მექანიზმი იგივეა აქაც – მშრალი ჰაერი აღიზიანებს ზედა სასუნთქ გზებს, მათ შორის ყელსაც. თუმცა ყელის შემთხვევაში, კონდიციონერის პარალელურად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცივი წყლის დალევაც, ამიტომ წყლის ტემპერატურაც გასათვალისწინებელი ფაქტორია პრევენციისთვის.

ასეთ დროს შეიძლება გამოხატული იყოს ყელ-ყურ-ცხვირის ტკივილი,  ცხვირის სიმშრალე, ხველა, ხმის შეცვლა ხშირია, ყურის ტკივილი.

ორგანიზმისთვის ასევე  ძალიან მავნეა ტემპერატურის მონაცვლეობა – გასვლა კონდიცირებული ოთახიდან, იმ სივრცეში სადაც არ არის კონდიციონერი და და შემდეგ უკან დაბრუნება დაბალ ტემპერატურასთან. ტემპერატურის ასეთი ცვალებადობა არა მარტო რესპირატორულ სისტემას, არამედ მთელ ორგანიზმს ვნებს.

საქმე ის არის, რომ ორგანიზმს აქვს თავისით გაგრილების სისტემა – თბორეგულაცია, მაგრამ ტემპერატურის ასეთი ცვალებადობის დროს, უხეშად რომ ვთქვათ, ორგანიზმი ვეღარ ხვდება რეალურად სიცხეა თუ სიგრილე და ვერ ახდენს ადაპტაციას, სწორედ ამ ადაპტაციის მომენტში არის ხშირი ყურის, ყელის ატკივება (რასაც ხშირად აღწერენ პაციენტები).

  • რით შეიძლება დავეხმაროთ მტკივან ყელს და რამდენად ეფექტურია ამ დროს მარილიანი ან სოდიანი სავლები? 

პირველი, რაც ასეთ დროს უნდა გააკეთოთ, უნდა შეზღუდოთ ცივი წყლისა და ცივი საკვების მიღება. ასევე, უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხარე და მჟავე საკვები, რაც ამ ყველაფერს ამწვავებს და აღიზიანებს. საკვები უნდა იყოს შედარებით თხიერი კონსისტენციის.

ასევე, ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება არის ამ დროს გვირილის ჩაი. თუ შორსწასული პროცესია, ძალიან სტკივა ყელი პაციენტს, უჭირს მეტყველება და ჭამა, ცხადია, უნდა მიმართოს სპეციალისტს.

გვირილის ჩაის აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არის ანტიბაქტერიული, თანაც, სხვა სავლებებისგან განსხვავებით, პაციენტს შეუძლია გადაყლაპოს/დალიოს და არავითარი პრობლემა და დისკომფორტი არ შეიქმნება, რადგან დასალევადაც ინიშნება. არ აღიზიანებს რეცეპტორებს, არ აღიზიანებს ეპითელიუმს – არ აქვს პრაქტიკულად უკუჩვენება, მაგრამ გვირილის ჩაი უნდა იყოს თბილი და არა ცხელი.

  • რეკომენდაციები:

მოგეხსენებათ, ზაფხულში სითხე დიდი რაოდენობით უნდა მივიღოთ, მათ შორის კონდიციონერით გაგრილების დროსაც, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ ამ დროს ხდება გამოშრობა. ის ფაქტი, რომ სიცხეში არ ვიმყოფებით და სითხის რაოდენობა შეიძლება იგივე მივიღოთ – არ არის სწორი.

კონდიცირებულ საოფისე სივრცეში მომუშავე ადამიანებთან ასევე ხშირად გვხვდება თვალების გამოშრობაც, ამისთვის ძალიან ეფექტურია თვალის ლუბრიკანტის [ე.წ. ხელოვნური ცრემლი] გამოყენება.

 

რატომ ვერ მოაწყო ბათუმის მერიამ ღამის თავშესაფარი 2 წლის განმავლობაში

ბათუმის ღამის თავშესაფრის შენობა, რომლის რემონტი 2021 წელს დაიწყო და 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, კვლავ დაუმთავრებელია. სამუშაოებისთვის 2,7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

ამჟამად თავშესაფრის გარეშე დარჩენილი 50 უსახლკარო ადამიანისთვის ორი კერძო სახლია დაქირავებული და ქალაქის ბიუჯეტიდან მეორე წელია, ყოველთვიურად, ქირა, ჯამში 8 ათასი ლარი იხარჯება.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბეგი ჯორჯიასთან“, რომელიც შენობას არემონტებდა, ხელშეკრულება 2023 წლის იანვარში ცალმხრივად შეწყვიტა.

ბრძანების მიხედვით, სახელშეკრულებო ღირებულება 2 494 995 ლარი იყო, კომპანიას კი მხოლოდ 506 159 ლარის სამუშაოები [დაახლოებით 25%] ჰქონდა შესრულებული.

შეწყვეტის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამუშაოების მიმდინარეობის დროს საჭირო გახდა პროექტის კორექტირება, თუმცა, „ბეგი ჯორჯიას“ შეეძლო კორექტირების პერიოდში ეწარმოებინა სამუშაოები, რომლებიც არ საჭიროებდნენ ცვლილებას, რაც კომპანიის მხრიდან არ განხორციელებულა.

ამ და სხვა მიზეზების გამო, სამმართველომ ხელშეკრულება შეწყვიტა. შესყიდვების პორტალის მიხედვით კომპანიისთვის უკვე გადარიცხული იყო 480 851 ლარი. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კი, კომპანიას პირგასამტეხლოს სახით ჯამში 434 449 ლარის გადახდა დააკისრეს.

ბრძანების მიხედვით, პირგასამტეხლო კომპანიას „მიმწოდებლის მიერ ბრძანების ჩაბარებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში“ უნდა გადაეხადა.

მერიის სამმართველოს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, გადაიხადა თუ არა „ბეგი ჯორჯიამ“ პირგასამტეხლო და რამდენი, თუმცა, სამმართველომ ამ კითხვაზე არ გვიპასუხა.

„ბათუმელები“ კომპანია „ბეგი ჯორჯიასაც“ დაუკავშირდა, თუმცა, კომპანიაში აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ამჯერად არ ისურვეს.

2022 წლის ნოემბერში კი, კომპანიაში განაცხადეს – „განხორციელდა პროექტის კორექტირება რამდენჯერმე, ამან გამოიწვია ცვლილება, მაგრამ ჯერ ვადები გვაქვს და სამუშაოებს ვაგრძელებთ“.

მაშინ ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 2022 წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშში წერდა, რომ კომპანია გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა.

მერიის სამმართველოში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ ყველა დოკუმენტაცია აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით ატვირთულია შესყიდვების პორტალზე. თუმცა, ის ინფორმაცია, რაც სამმართველოდან მოვითხოვეთ, პორტალზე არ დევს.

  • რა ირკვევა შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით

ხელშეკრულებაში, რომელიც კომპანიასა და სამმართველოს შორის 2023 წლის 23 აგვისტოს დაიდო, ცვლილება ოთხჯერ შევიდა.

პირველი ცვლილების მიხედვით ირკვევა, რომ კომპანიამ სარემონტო სამუშაოები სამი თვის განმავლობაში მხოლოდ იმის გამო ვერ დაიწყო, რომ ბათუმის მერიამ შენობიდან მობინადრეები დროულად ვერ გაიყვანა. ამის გამო, სამუშაოების დასრულების ვადაც გადაწიეს.

„სამუშაოები ნამდვილად შეჩერებული იყო 2021 წლის 23 აგვისტოდან 21 ნოემბრამდე. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შპს „ბეგი ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე ხელშეკრულებაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები. კერძოდ: სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა განისაზღვროს 2022 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით [ 2022 წლის 30 ოქტომბრის ნაცვლად]“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა იმისა, რომ შენობიდან მობინადრეები დროულად არ გაიყვანეს, კომპანია სამმართველოში გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში აღნიშნავს, რომ „ამ შენობაში გახსნილი იყო თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად N79 ოლქის N27 უბანი, სადაც უნდა ჩატარებულიყო 2021 წლის 30 ოქტომბერს განმეორებითი ტური. გამომდინარე აქედან, შეუძლებელი იყო მშენებლობის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის ნორმების გათვალისწინებით იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოების თვალსაზრისით სამუშაოების დაწყება.“

მეორე ცვლილებით, ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტიდან ამოიღეს მიმწოდებლის მიერ ეტაპობრივი ექსპერტიზების წარმოდგენის ვალდებულება და ჩაწერეს, რომ „ობიექტის დასრულებისას ანგარიშსწორება განხორციელდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდგომ“. 

მესამე ცვლილებით სამუშაოების ზედამხედველი შეცვალეს. თავიდან, როგორც ცვლილების დოკუმენტშია აღნიშნული, ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებდა სამმართველოს მონიტორინგისა და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების შტატგარეშე ტექნიკური ზედამხედველი კონსტანტინე გუმბერიძე.

შტატგარეშე ზედამხედველი 2022 წლის 24 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ზაისი და კომპანიათი“ ჩაანაცვლეს.

მეოთხე ცვლილება ერთი შეხედვით უპრეცედენტოა. „ბეგი ჯორჯიას“ შენობაზე მეოთხე სართული უნდა დაეშენებინა, თუმცა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტომ მოითხოვა, რომ მეოთხე სართული აღარ დაეშენებინათ.

ამ მოთხოვნიდან ერთ თვეში [2022 წლის მარტში] საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო დაუკავშირდა პროექტის შემდგენ კომპანია „აჭარკაპმშენს“, რომელმაც კორექტირებული პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, ობიექტზე სამუშაოების დაწყებიდან მეცხრე თვეს, 2022 წლის 18 აგვისტოს წარმოადგინა.

„ბეგი ჯორჯიამ“ კი, იმავე წლის 14 სექტემბერს გადაუგზავნა სამმართველოს განახლებული ხარჯთაღრიცხვა.

„ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით მთლიანი სახელშეკრულებო თანხა შემცირდა 170 429 ლარით და საბოლოო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 2 324 566 ლარს.“ – ჩაიწერა ხელშეკრულებაში.

ღამის თავშესაფარი ურეხში / 9.08.2023

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს, რომელსაც ექვემდებარება ღამის თავშესაფარი, „ბათუმელებმა“ ჰკითხა, რით იყო განპირობებული ის, რომ მეოთხე სართულის დაშენება ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის შემდეგ ამოიღეს.

„ჩვენ არ გვჭირდებოდა დამატებითი სართული და ამოვაღებინეთ. იყო ადრე ძველი პროექტი გაკეთებული, იმ პროექტით ისარგებლეს. იქ იყო ოთხი სართული და დატოვეს ისე. მერე მე რომ ვნახე, ვუთხარი, რომ არ გვჭირდებოდა ჩვენ მეოთხე სართული და გადავაკეთებინეთ“ – გვითხრა სატელეფონო საუბრისას ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა შამილიშვილმა.

პროექტი, რომლითაც შენობის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2021 წელს გამოაცხადეს, 2015 წელსაა მომზადებული [მაშინ საუბარი იყო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემაზეც და იქ სათნოების სავანეში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანაზე].

შენობის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებიდან მერვე და ტენდერის დასრულებიდან მეორე წელს ღამის თავშესაფრის შენობა ასე გამოიყურება:

[toggle title=”ფოტოების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

ღამის თავშესაფარი ურეხში / 9.08.2023
ღამის თავშესაფარი ურეხში / 9.08.2023
ღამის თავშესაფარი ურეხში / 9.08.2023
ღამის თავშესაფარი ურეხში / 9.08.2023
ღამის თავშესაფარი ურეხში / 9.08.2023
ღამის თავშესაფარი ურეხში / 9.08.2023
ღამის თავშესაფარი ურეხში / 9.08.2023
ღამის თავშესაფარი ურეხში / 9.08.2023

[/toggle]

მამუკა შამილიშვილმა „ბათუმელებთან“ ასევე განაცხადა, რომ მას შენობის სარემონტო სამუშაოებთან შეხება არ აქვს და დეტალებზე ვერ ისაუბრებს. „მე ველოდები როდის დამთავრდება, რომ გადავიდეთ“ – გვითხრა მან.

„ბეგი და ჯორჯია“ თავის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მერიის სამმართველოს გაუგზავნა, სხვა არაერთ ხელისშემშლელ მიზეზებზე საუბრობს, რამაც შეაფერხა სამუშაოების დასრულება.

სამმართველომ, როგორც მიმოწერიდან ჩანს, უმეტესობა მიზეზებისა არ გაითვალისწინა და კომპანიას ისიც მიწერეს, რომ მან „სამუშაოები მხოლოდ მას შემდეგ განაახლა, რაც მისთვის ცნობილი გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.“

„…ჯამურად სამუშაოების პერიოდში გაცდენილი დღეები, რომელიც არ იყო გამოწვეული კომპანიის მხრიდან არსებული სუბიექტური მიზეზების და პრობლემების გამო, შეადგენს 345 დღეს. ვადის გაგრძელება კი განხორციელდა მხოლოდ 54 დღით.

აუცილებლად აღსანიშნავია და გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე კომპანიას შეძენილი და მობილიზებული აქვს მთელი რიგი სამშენებლო და სამონტაჟო მასალები, კერძოდ ლიფტები, კერამოგრანიტის და მეტლახის ფილები, თაბაშირმუყაოს ფილები, წებოცემენტი, პენოპლასტის ფილები, ელექტროობის და სუსტი დენების კაბელები, გათბობის და წყალკანალიზაციის მილები და ფიტინგები, სამშენებლო ბლოკი, ქვიშა-ცემენტი და საღებავები, რომელთა ჯამური ღირებულება არის 300 000 ლარის ფარგლებში და ამის დასტურად შეგვიძლია წარმოგიდგინოთ დოკუმენტაცია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, ყველა ინფორმაცია მიიღოთ ცნობად და სამუშაოების სრულფასოვნად განსახორციელებლად და დასასრულებლად სამუშაოების მოქმედების ვადა საჯარიმო სანქციების გარეშე გაგვიგრძელოთ [291 დღით] 2023 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, დროულად გვაცნობოთ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.“ – აღნიშნულია „ბეგი და ჯორჯიას“ მიერ მერიის სამმართველოში 2022 წლის 19 დეკემბერს გაგზავნილ წერილში.

თუმცა სამმართველომ, როგორც აღვნიშნეთ, კომპანიის ეს თხოვნა არ გაითვალისწინა და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2023 წლის იანვარში, ხელშეკრულება შეწყვიტა.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ღამის თავშესაფრის რეაბილიტაციის დასრულებაზე ტენდერი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 6 თვის შემდეგ გამოაცხადა, თუმცა, არა კონკრეტულად ამ შენობაზე.

სამმართველომ რამდენიმე ობიექტი გააერთიანა და ტენდერი 14 მილიონი ლარით გამოაცხადა. ტენდერის პირობის მიხედვით, ყველა ობიექტზე სამუშაოები 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს [ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2023 წლის 18 აგვისტოს დაიწყება და 23 აგვისტოს დასრულდება].

განახლება: 14 769 915 ლარით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. სამმართველომ იგივე მომსახურების შესყიდვაზე ამჯერად 2 ტენდერი გამოაცხადა. 

ამავე თემაზე:

3 ახალი საბავშვო ბაღი ბათუმში, სერვისცენტრები და საქანელები – 14 მილიონიანი ტენდერი

 

ხულოში სამშობიარო განყოფილების მუშაობა აქციების შემდეგ განახლდა

ხულოს კლინიკაში გინეკოლოგიური და სამეანო მომსახურება განახლდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ხულოში უკვე ადგილზე არის მივლენილი სპეციალისტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამეანო მომსახურებას გაუწევს მოსახლეობას.

ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას აწვდის სს „ევექსის კლინიკები“ – ხულოს კლინიკა, სადაც ბოლო ხანს მშობიარობა არ იყო შესაძლებელი.

სამედიცინო დაწესებულების მთავარი მენეჯერი, რუსლან აბულაძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ კლინიკაში ამჟამად დროებით მიწვეულია მეან-გინეკოლოგი ზუგდიდიდან:

„სამშობიარო სერვისი გრძელდება, ექიმი ადგილზეა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. თუ პაციენტი იქნება, სამედიცინო მომსახურებას მიიღებს. ამჟამად ჩვენთან მუშაობს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს, სამეანო განყოფილების უფროსი სერგო ფიფია. თვის ბოლომდე ყველაფერი დალაგდება და გადაწყდება. შეთანხმების საკითხია“ – ამბობს ის.

ხულოში სამშობიარო სერვისის განახლებას წინ უძღოდა აქცია და ოფიციალური მიმართვები.

არასამთავრობო ორგანიზაციები: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „სოლიდარობის თემი“ მოუწოდებდნენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტში უზრუნველყო სამშობიარო განყოფილების გახსნა და სხვა საჭირო სერვისების მობილიზება.

„დღეს არსებული მდგომარეობით, ხულოში, სადაც 23 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ არსებობს სამშობიარო განყოფილება და მუნიციპალიტეტს აღარ ჰყავს არცერთი გინეკოლოგი. ამის გამო ქალები ვერ ახერხებენ ჯანდაცვის საბაზისო სერვისების მიღებას, რაც საფრთხეს უქმნის მათი და მათი შვილების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას” – წერდნენ არსამთავრობო ორგანიზაციები „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „სოლიდარობის თემი“, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიწერილ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

„დედა და ჩვილი ძლივს გადავარჩინეთ“ – ექიმი ხულოში სამშობიარო სერვისის გაუქმებაზე

აშშ-მ დაასანქცირა ავიაკომპანია „ბელავია“ – რას ამბობს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ დეტალურად შეისწავლის აშშ-ის მიერ ბელარუსილი ავიაკომპანია „ბელავიას“ მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება.

გუშინ, 9 აგვისტოს, აშშ-მ ახალი სანქციები დააწესა ბელარუსული კომპანიებისა და ბელარუსის რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ.

სანქცირებულთა შორისაა ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia. ამის შესახებ აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის პრესრელიზშია აღნიშნული.

ავიაკომპანია „ბელავია“ პირდაპირ ავიარეისებს ახორციელებს „მინსკი – თბილისის“ მიმართულებით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დღეს, 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ სააგენტო მუდმივად ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო ავიაციის მწარმოებელი კომპანიების მიერ დაწესებული სანქციებისა თუ შეზღუდვების მონიტორინგს და აღნიშნავს:

„სწორედ მწარმოებლის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია „ბელავიას“ საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. შესაბამისად, ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით სრულდება Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.

სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, დეტალურად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება“ – იუწყება სააგენტო.

კუპიანსკში 37 დასახლების ევაკუაცია იწყება რუსეთის დაბომბვის გამო

უკრაინის ხელისუფლება ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის დეოკუპირებული 37 დასახლებიდან სავალდებულო ევაკუაციას იწყებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერებული დაბომბვის გამო.

ამის შესახებ კუპიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ტელეგრამში წერს.

უკრაინული მედიის ცნობით, გამოცხადებულია ევაკუაცია ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან.

9 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრე სირსკიმ ისაუბრა იმ რთულ ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა კუპიანსკის მიმართულებით. მან თქვა, რომ ევაკუაცია ხორციელდება პრევენციულად, რადგან რუსეთი აგრძელებს საჰაერო დარტყმებს.

„ჰრომადსკეს“ ცნობით, 2022 წლის 2 სექტემბრიდან 2023 წლის 8 აგვისტომდე დეოკუპირებული ტერიტორიებიდან ევაკუირებული იქნა 27494 მცხოვრები, მათ შორის 3241 ბავშვი და 889 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

ბულვარში ლესია უკრაინკას და ტარას შევჩენკოს ძეგლებს გადააადგილებენ და სკვერს მოაწყობენ

ბათუმის ძველ ბულვარში, კოლონადებთან [ბამბუკების ხეივნის გასწვრივ] ბულვარის ადმინისტრაცია „სკვერის მოწყობას“ გეგმავს და სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 125 ათას 332 ლარით გამოაცხადა.

სამუშაოები აქ არსებული ლესია უკრაინკას და ტარას შევჩენკოს ძეგლების ადგილმონაცვლეობას ითვალისწინებს. ძეგლებს ამავე არეალში მოსაწყობ სკვერში ახალი პროექტის მიხედვით განათავსებენ.

„ახალი გეგმარების მიხედვით გადაწყდა, რომ ლესია უკრაინკას და ტარას შევჩენკოს ძეგლს ჩაუტარდეს დემონტაჟი და გადავიდეს პროექტის მიხედვით მითითებულ ადგილზე. ძეგლების პიედესტალი შეიფუთოს მაღალი ხარისხის მუქი ფერის ფერადი მარმარილოთი“.

ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას ძეგლები ბათუმის ბულვარში / ამ ადგილზე ბულვარის ადმინისტრაცია სკვერის მოწყობას გეგმავს

კოლონადების გვერდით მდებარე ამ გამწვანებულ ტერიტორიაზე, ახალი პროექტის მიხედვით, დააგებენ გრანიტის ფილებს, დადგამენ სკამებს, საქანელებს, განაახლებენ ე.წ. „იასამნის ვაზას“ და ერთ ასეთს კიდევ დაამატებენ.

კოლონადების გვერდით გამწვანებული ზონა ბათუმის ბულვარში და ახალი სკვერის რენდერი ტენდერიდან

„ბათუმის ბულვარში კოლონადების მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ პირველი ოქტომბრიდან 60 დღის ვადაში“, – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

პრეტენდენტების წინადადებების მიღება კი 2023 წლის 25 აგვისტოს დაიწყება და 30 აგვისტოს დასრულდება.

ბულვარის ადმინისტრაციას ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული „კოლონადების მიმდებარედ სკვერის გამწვანებისათვის ხე-მცენარების სახელმწიფო შესყიდვაზე“. ამ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 127 ათას 105 ლარია.

 

ბათუმში ღვინის ფესტივალი გაიმართება

ბათუმის ფესტივალი  ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს, ფესტივალის მე-6 კვირას  ორგანიზატორები საქართველოს კულტურის ცენტრთან  ერთად ღვინის დღეებს გეგმავენ. 

შავი ზღვის ღვინის ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო, რომლის ფარგლეებშიც მონაწილეობა 300-ზე მეტმა ღვინის კომპანიამ მიიღო. 

“ფესტივალის მთავრი მიზანია ქართული ღვინის მწარმოებლების ხელშეწყობა,მათვის ბაზრის გაფართოება, რაც ხელს უწყობს , ხარისხზე ორიენტირებულ მწარმოებელთა ხელშეწყობასა და მოტივაციას; ქართული მაღალხარისხოვანი ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის ხელშეწყობას; საქართველოში წარმოებული ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ღირსეული ადგილის დამკვიდრებასა და ქართული ყურძნის ჯიშებისა და ტრადიციული ტექნოლოგიების პოპულარიზაციას,”  – ამბობს გიორგი ჯავახიშვილი საქართველოს კულტურის ცენტრი

ბათუმის ფესტივალის და შავი ზღვის ღვინის ფესტივალის კოლაბორაცია, ვფიქრობთ ძალიან საინტერესო იქნება როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის ასევე  ტურისტებისთვის. სამი დღის განმავლობაში ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება წამორდგენილი 100 ამდე სხვადასხვა სახეობის ღვინო.   

“აქ მოსულ სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ქართული ღვინო. ამასთან ერთად  მიირთვან როგორც ქართული ასევე აზიური კულინარიის საუკეთესო კერძები,  ესტუმრონ  ქართული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის სივრცეს,  სამი დღის განმავლობაში მოუსმინონ ადგილობრივ არტისტებს, პარასკევს ღვინის დღეებს საზეიმოდ აჩიკო ბერიძე გახსნის შაბათს კი ბათუმელი მუსიკოსები აჩიკო გოგიტიძე, სულხან დევაძე, მზიკო ფარტენაძე, ნანუკა მიქაძე, თამთა ხუხუნაიშვილი  წარსდგებიან სტუმრების წინაშე, კვირას კი ღვინის დღეები საზეიმოდ დაიხურება  ბენდ ფრი სფეისის თანხლებით გამოვლინდება 2023 წლის შავი ზღვის ღვინის ფესტივალის გამარჯვებულები,” – აღნიშნავს ნანუკა გორგილაძე  ბათუმის ფესტივალის ორგანიზატორი.

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა შესაძლოა ახალშენში გადავიდეს – 10,6 მილიონი რემონტისთვის

ბათუმის N5 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის 10,6 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტერიტორია, სადაც სკოლის შენობა დგას, ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის №58-ში მდებარეობს და მისი ფართობი 6 039 კვადრატული მეტრია.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:

  • „სკოლის შენობის კონსტრუქციული მდგრადობა 2021 წლის სექტემბერში შეისწავლეს. რეკომენდაციები შენობის გამაგრების საჭიროების შესახებ აისახა სკოლის რეაბილიტაციის პროექტში. თებერვალში, პროექტმა გაიარა აკრედიტირებული კომპანიის ექსპერტიზა.
  • ამჟამად, სკოლაში სწავლობს 1 334 მოსწავლე – ორ ცვლაში, მათ შორის 18 – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა. სკოლა ემსახურება დაახლოებით 700-750 ადგილობრივ ოჯახს, რომელთა შვილებიც აქ სწავლობენ.
  • სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში, ყველა მოსწავლეს [მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს] ექნებათ სათანადო წვდომა სასწავლო პროცესზე.
  • სარეაბილიტაციო სამუშაოების სასწავლო პროცესის პარალელურად წარმართვის შემთხვევაში, სკოლის პერსონალი და მოსწავლეები დროებით გადავლენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში. დაშორება მე-5 საჯარო სკოლის ტერიტორიიდან დაახლოებით 4 კმ-ია.
  • განათლების და მეცნიერების სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას, მოსწავლეების შერჩეულ ადგილამდე ტრანსპორტირებისა და სწავლების უზრუნველყოფისათვის. სკოლის რეაბილიტაციის პერიოდში, გამოიყოფა დაახლოებით 40-42 მინიავტობუსი“.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ სკოლის შენობა, რომელიც აშენებულია 1989 წელს, არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა სპეციალური საჭიროებების მქონე პირებზე.

ბათუმის N5 საჯარო სკოლა სამსართულიანი შენობაა. შენობა შედგება ხუთი დამოუკიდებელი ბლოკისგან. ყველა ბლოკი გამოიყენება საგანმანათლებლო დანიშნულებით. სარემონტო სამუშაოები შეეხება ყველა ბლოკს.

მთლიანობაში გათვალისიწინებულია შემდეგი სამუშაოების შესრულება:

  • მოსამზადებელი სამუშაოები [სამშენებლო ტერიტორიის შემოღობვა, ისეთი დროებითი კონსტრუქციების მონტაჟი, როგორიცაა საპირფარეშოები, გასახდელი ოთახები თანამშრომლებისთვის, დაცვის ჯიხური, საწყობი მასალებისთვის და საყოფაცხოვრებო და სახიფათო ნარჩენების განთავსების ადგილები];
  • არსებული საქვაბის შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა;
  • ახალი სტადიონის და ბილიკის მშენებლობა სკოლის ტერიტორიაზე;
  • გარე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია;
  • სახანძრო სიგნალიზაციის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟი;
  • შენობის ადაპტაცია სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე პირებზე;
  • შენობის წყალმომარაგების, გათბობის, ელ. ქსელების მონტაჟი და სკოლის ნაგებობების დაერთება სასმელი წყალმომარაგების არსებულ მუნიციპალურ ქსელზე.

ახალი პროექტის თანახმად, სკოლის ეზოში რამდენიმე ხე და ბუჩქია, თუმცა მათი მოჭრის საჭიროება არ არის.

მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, ტენდერი ტარდება მსოფლიო ბანკის შესყიდვების სტანდარტული დოკუმენტის მიხედვით და აღნიშნულ შესყიდვაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 10 664 649 ლარი. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 7 სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება.

სამუშაოები კი, დაწყებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.


მუნიციპალური განვითარების ფონდს, ბათუმის კიდევ ერთი საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე აქვს გამოცხადებული ტენდერი.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლა შესაძლოა ორთაბათუმში გადავიდეს – 4,9 მილიონი რემონტისთვის

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 252 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580]
  • ტანკი – 4 278 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 8 303 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 5 028 ერთეული [+15]
  • MLRS – 711 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 469 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 313 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 179 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 377 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 495 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 746 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 458 თვითმფრინავი
  • 245 ვერტმფრენი
  • 5 638 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 428 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 216 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 837 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 165 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

  • ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კუპიანსკში 37 დასახლების ევაკუაცია იწყება რუსეთის დაბომბვის გამო

კოტეჯები მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში – ამ ადგილს პერიოდულად წყალი ფარავს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყალთან ახლოს და ნაწილობრივ კალაპოტშიც, კოტეჯებს აშენებენ. მიწის ნაკვეთი აქ ქონების ეროვნულმა სააგენტომ უპირობო აუქციონის წესით 2021 წელს გაყიდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ პერიოდულად, როცა მდინარე დიდდება, ამ ადგილს წყალი ფარავს.

ამიტომაც ორთაბათუმში, განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ, შიშობენ, რომ კოტეჯები საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე შენდება და სახელმწიფო სტრუქტურებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.

აქ ჰყვებიან იმაზეც, რომ წლების წინ ამ ტერიტორიაზე მდინარემ თევზის აუზი დაანგრია.

„ყოროლისყალს ძალიან ფართო კალაპოტი აქვს. რაღაც პერიოდში მდინარე მკვეთრად ადიდდება ხოლმე და კალაპოტს სრულად ავსებს. წყალი გზამდე ამოდის. ასეთი წყალდიდობების დროს მეწყრებიც არის. ალბათ გახსოვთ მასაურაში მომხდარი ამბავი, მაშინაც ყოროლისწყალი ადიდდა,“ – გვიყვება დალი ხალვაში, სოფელ ორთაბათუმის მკვიდრი.

ორთაბათუმის თემში სხვადასხვა დროს მდინარის ადიდებისა და მეწყრის ჩამოწოლის გამო მოსახლეობა  ბევრჯერ დაზარალდა. 

მდინარის კალაპოტზე კოტეჯების მშენებლობის პროცესის ამსახველი ფოტო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რამინ ლამპარაძემ გამოაქვეყნა. ის ამბობს, რომ დიდხანს ცხოვრობდა ამ სოფელში და კარგად ახსოვს, როგორ ფარავს წყალი ამ ტერიტორიას წვიმების დროს:

„მაგ ადგილზე თევზის აუზი ჰქონდათ და ადიდებულმა მდინარემ დაანგრია. წყალი გზამდე ამოდიოდა. ამიტომაც გამოვაქვეყნე ფოტო, რომ ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს. ასევე მიკვირს ინვესტორის, ვინც ასეთ ადგილზე ფულს დახარჯავს.“

 

დღეს ხელვაჩაურის მერიამ არ უპასუხა „ბათუმელების“ კითხვას, გაცემულია თუ არა კოტეჯების მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად არც ის ვიცით, არსებობს თუ არა გეოლოგიური დასკვნა, რომლითაც აქ მშენებლობის ნებართვა დასაშვებია. სწორედ ასეთ დოკუმენტს უნდა დაყრდნობოდა ხელვაჩაურის მერიის არქიტექტურის სამსახური ნებართვის გაცემისას.

ამ საკითხს დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიშა ბოლქვაძეც გამოეხმაურა. მან პროკურატურას მიმართა და მოითხოვა დაუყოვნებლივ შეისწავლონ ნებართვის კანონიერება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით აქ მიწის ნაკვეთი 2021 წელს ჯერ რამაზ ბერიძემ დაირეგისტრირა, შემდეგ კი რამდენიმე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ისრაელის მოქალაქეები და მათ მიერ დაფუძნებული კომპანია ფიქსირდება. თანამესაკუთრეა  რამაზ ბერიძეც.

 

30-დან 200 ლარამდე ბინის დაქირავება – რა ღირს ბათუმში დასვენება, კვება, ზღვაზე გასეირნება

რა ღირს ბათუმში დასვენება, რა ფასები აქვს 2023 წლის საზღვაო სეზონზე სასტუმროებს და ზღვაზე გართობას? ბათუმში დასვენება საკმაოდ ძვირადღირებულ სიამოვნებად იქცა. თუმცა აგვისტოს თვე ყველაზე ძვირადღირებული დროა ყველა საზღვაო ქალაქში.

დასვენების დროს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია კვება. შესაბამისად, ყოველ ზაფხულს დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ღირს ბათუმში აჭარული ხაჭაპური, რადგან ბათუმში დასვენებისას საუზმე ხშირად დილის ხაჭაპურით იწყება.

ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორნებში, მაგალითად, დიდი ზომის აჭარულ ხაჭაპურს, საშუალოდ 17 ლარად შეუკვეთთ, პატარას 14 ლარად. 17 ლარამდე ღირს დიდი იმერული ხაჭაპურიც. თუმცა, ოდნავ თუ გაცდებით ქალაქის ცენტრს, ხაჭაპურსაც შედარებით ნაკლებ ფასად მოგართმევენ.

სადილად თუ პიცაზე შეივლით – 10-დან 25 ლარამდე ღირს პიცა ზომისა და შემადგენლობის მიხედვით.

თუ მსუბუქად გსურთ ისადილოთ სალათა ცეზარს ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორანში საშუალოდ 16 ლარად შეუკვეთთ. თუ გადაწყვეტთ, რომ ცენტრალური ქუჩებიდან შეგიძლია ქალაქის სიღრმეშიც გაისეირნოთ, ცეზარსაც შედარებით იაფად დააგემოვნებთ.

სავახშმოდ ნამცხვრის დაგემოვნებას ჩაის თანხლებით, დაახლოებით 15, 20 ლარი დასჭირდება.

ბევრს დაზოგავთ თუ საკვებს თქვენით მოიმზადებთ. მაგრამ დასვენების დროს შინ მზადებას, დღეში სამჯერ სასტუმროში დაბრუნებას საჭმელად დიდი დრო მიაქვს და ეს დრო შვებულების, განტვირთვის ძვირფას დროს აკლდება. გააჩნია ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი. თუ სადილების მზადება ადამიანისთვის განტვირთვაა, მაშინ რატომაც არა.

რაც შეეხება ზღვაზე გასეირნების ფასებს, წელს თითქმის არ შეცვლილა წინა წელთან შედარებით:

ფასები განსხვავებულია იახტით და დიდი გემით გასეირნებისას. იახტკლუბში დიდი გემით გასეირნების ფასი ზაფხულში 10 ლარიდან იწყება. ყველაზე იაფი დიდი სასეირნო გემია. ნახევარი საათით გასეირნება ერთი ადამიანისთვის 10 ლარი ღირს. ამ დროს სხვა ტურისტებს ელოდებით და როცა გემი ივსება, ზღვაში მერე გადიხართ.

გემზე წვეულების მოწყობა ერთი საათით 200-დან 300 ლარამდე ღირდა ივლისამდე, ივლისიდან ფასები გაიზარდა და ერთი საათით წვეულების ღირებულება  გემზე ახლა 500 ლარი ღირს სეზონის ბოლომდე.

პარაშუტით ხტომა ღირს 150 ლარი ერთი ადამიანისთვის;

5,6 ადგილიანი იახტით გასეირნება 350 ლარი ღირს ერთი საათით;

ორადგილიანი ჰიდროციკლით, იგივე წყლის სკუტერით გასეირნება – 1 წუთი 15 ლარია;

4, 5 ადგილიანი ჩქაროსნული კატარღით გასეირნება 300 ლარი ღირს;

ბათუმის სიახლოვეს წყალქვეშ ყვინთვაც შეგიძლიათ. საჭირო აღჭურვილობით, ინვენტარით და ტრანსპორტირებით დაივინგი 350 ლარი ღირს. ძირითადად ციხისძირსა და კვარიათში ყვინთავენ.

შპს ბათუმის იახტკლუბის დამფუძნებელი დავით ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ წელს ზღვაზე გასეირნების მსურველი ტურისტების რაოდენობა განახევრებულია. პირადად მას 5 მცურავი ტრანსპორტი ჰყავს. თუმცა როგორც თავად გვეუბნება, კატეგორიულად არ ემსახურება რუსეთის მოქალაქეებს:

„რუსულად არ ვესაუბრები რუსეთის მოქალაქეებს. მხოლოდ ინგლისურად. ვეუბნები, რომ წაბრძანდნენ იქ, საიდანაც მობრძანდნენ. რაც ჩემ შესაძლებლობებშია ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ იგრძნონ დისკომფორტი და უთხრან ყველას თავისთან, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უღირთ საქართველოში ჩამოსვლა, უთხრან თავისიანებს, რომ მათ აქ არავინ ელოდება. არ მაინტერესებს პუტინისტია თუ არა რუსეთის მოქალაქე, ემხრობა თუ არა ომს, ამას არ ვარკვევ. არსებობს მხოლოდ ერთი რუსეთი.

ყოველთვის ირჩევენ ყველაზე იაფფასიან სერვისს რუსეთის მოქალაქეები. მხოლოდ 10 ლარად გემით გასეირნებას. მხოლოდ მე არ ვარ იახტკლუბში, ჩემ გარდა უამრავ ადამიანს ჰყავს მცურავი საშუალებები, მე მათ ვერაფერს მოვუწოდებ, მაგრამ თავად ვიქცევი ისე, როგორც სწორად მიმაჩნია“, – ამბობს დავით ფირცხალაიშვილი.

ცხადია, შვებულების დაგეგმვის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბინის/სასტუმროს ფასებიც. ბათუმში, მათ შორის სანაპირო ზოლში შეიძლება ბინის დაქირავება 80-100 ლარად და ამ ბინაში 2, 3 ადამიანი თავსდება.

ტურისტები 50%-ით შეგვიმცირდა, არც რუსები ქირაობენ ბინას – ბინის მეპატრონეები ბათუმში

ბინების მეპატრონეებისგან ნაქირავები ბინა ადგილის, კომფორტის და ზომის მიხედვით სხვადასხვა ფასი ღირს. ორსაძინებლიან ბინას მაგალითად, გორგილაძისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ლალი ბერიძე 100 ლარად აქირავებს. ბინაში 4, 5 ადამიანი თავსდება. ასე ბინის დაქირავება 4 დამსვენებლის შემთხვევაში თითო ადამიანს 25 ლარი გამოუვა, რაც საკმაოდ იაფია.

მელიქიშვილის ქუჩის 90 ნომერში მაიკო გოგიძე აქირავებს ასევე ორსაძინებლიან ბინას 100 ლარად, ბინაში 4 ადამიანი თავსდება.

„სეზონურად ვაქირავებ ბინას, რომელშიც თავად ვცხოვრობ მთელი წლის მანძილზე. ძალიან კარგი ბინაა, ყოველგვარი კომფორტით და ფასიც ვფიქრობ მოსახერხებელია. ზღვიდან 15 წუთის სავალზეა ჩემი სახლი“, – ამბობს მაიკო.

60, 70, 80 ლარად შეგიძლიათ იქირავოთ ბინა 2, 3, 4 ადამიანის განთავსებით ლერმონტოვისა და პუშკინის ან სელიმ ხიმშიშვილის ქუჩებზე.

ზემოთჩამოთვლილი ბინების მსგავსი ვარიანტები შეგიძლიათ ბათუმში ბინების გაქირავების სპეციალურ ფეისბუქგვერდებზე დაძებნოთ, ბევრი ასეთი გვერდი და ჯგუფია, სადაც გასაქირავებელი ბინების შესახებ მეპატრონეები თავად დებენ განცხადებებს. შეგიძლიათ თავადაც დაპოსტოთ, რომ ბინას ეძებთ, თანხის მითითებით, რამდენის გადახდა შეგიძლიათ და ბინების მეპატრონეები თავად გამოგეხმაურებიან.

ბათუმში რამდენიმე ძალიან მოწესრიგებული და კომფორტული ჰოსტელის პოვნაც შეიძლება, რომლებსაც მაღალი რეიტინგი აქვთ booking.com-ზე და სტუმრებიც საუკეთესოდ აფასებენ.

ჰოსტელში ღამისთევის ფასი 30-დან 100 ლარამდე მერყეობს – ზღვასთან სიახლოვის, კომფორტის, ოთახების ფართობის მიხედვით.

რაც შეეხება Booking.com-ზე არსებულ ხელმისაწვდომი სასტუმროს ტიპის ბინის ფასი ზღვის პირველსავე ზოლში, ერთი ღამით სულ მცირე 150-დან 180 ლარამდე ღირს.

თუ ზღვის ხედი კარგად მოჩანს და არაფერ ეფარება, ასეთი სტუდიოს ტიპის ოთახის ფასი 200-დან 300 ლარამდეც ღირს – ერთი ორადგილიანი საწოლით. ფასი 350-დან 400, 500 ლარამდე იზრდება თუ ორ ან სამოთახიან ბინას ეძებთ ზღვის ხედით. რაც უფრო მაღალ სართულზე ეძებთ სასტუმროს ტიპის აპარტამენტს ან სტუდიოს, მით უფრო იზრდება ქირის ფასი.

ბათუმში არაერთი ძვირადღირებულ სასტუმროცაა, მაგალითად, სასტუმრო „ჰილტონში“ 315 დოლარად, 819 ლარად დაჯავშნით ორადგილიან ნომერს ტბის და მთის ხედებით. ამავე სასტუმროში მსგავსი ნომერი ზღვის ხედით და აივნით 326 დოლარი, 847 ლარი ღირს.

ორივე შემთხვევაში თუ საუზმის დამატებაც გსურთ, ნომრის საფასურს ყოველდღიურად 29 დოლარი, 75 ლარი უნდა დაამატოთ.

სასტუმრო „შერატონში“ ორადგილიანი ნომერი ზღვის, მთის და ქალაქის ხედით 348 დოლარი ღირს. საუზმე 18, 50 დოლარად, 48 ლარად დაამატებთ (11-12 აგვისტოს ფასებით ბუქინგზე).

„რადისონში“ 183 ევრო, ანუ 519 ლარი ღირს სტანდარტული ორადგილიანი ნომერი ქალაქის ხედით და საუზმის გარეშე. ეს ყველაზე დაბალი ფასი 11-12 აგვისტოსთვის ამ სასტუმროში.

სტანდარტული ორადგილიანი ნომერი სასტუმროში Wyndham ყველაზე იაფად შეგიძლიათ დაჯავშნოთ 190,80 დოლარად – 496 ლარია.

„როცა ევროპამ თქვა, რომ საქართველო ევროპაა, მთავრობა ამბობს, რომ ევროპა არ აინტერესებს“

დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია – „ევროპული და ქართული იდენტობა“ იმართება. დასწრება თავისუფალია. ლექციამდე ცოტა ხნით ადრე ლევან ბერძენიშვილი „ბათუმელებს” საქართველოს ევროპულ მომავალზე, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამოკიდებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობებზე ესაუბრა.

ლევან ბერძენიშვილი: 

„ჩვენ აქამდე ორ სუბიექტთან გვიწევდა გვემტკიცებინა, რომ ევროპა ვართ: საკუთარ თავთან, ჩვენსავე მოსახლეობასთან, რაც ადვილი ამოცანა გვეგონა და მეორე – ევროპასთან, რაც რთული ამოცანა გვეგონა, რადგან ევროპა გვეუბნებოდა – არ ხართ ევროპაო.

თუ გახსოვთ, პრეზიდენტმა სარკოზიმ გვითხრა ერთხელ: რუკას დახედეთ და იმის მიხედვით გადაწყვიტეთო. ახლა სხვა დრო დადგა. გერმანია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც არ აღიარებდა ჩვენ ევროპულ პერსპექტივას. მაგრამ ახლა კანცლერი ოლაფ შოლცი, ისევე როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელობა [რომელიც ასევე გერმანულია] არ უშვებს შემთხვევას, რომ ევროპა არ ახსენოს პორტუგალიიდან საქართველომდე.

ქალბატონი მერკელის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

ევროკავშირის ყველა ქვეყანამ აღიარა ჩვენი პერსპექტივა. ჩვენი მთავარი ამოცანა, გვეჩვენებინა ევროპისთვის, რომ ევროპელები ვართ, ჩვენდაუნებურად შევასრულეთ. მათაც დაინახეს, რომ საქართველო ევროპაა. ეს არ იყო ძნელი მისახვედრი ქართული კულტურის, მისწრაფებების, საქართველოს ისტორიის მიხედვით.

ახლა ევროპაში აღარავის ეპარება ეჭვი, რომ საქართველო ევროპაა. უბრალოდ გვითხრეს, რომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ამოცანებს უნდა გავართვათ თავი. ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი გვაქვს.

მაგრამ სწორედ იმ დროს, როცა ევროპამ თქვა, რომ საქართველო ევროპაა, საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ევროპა არ აინტერესებს.

მე ძალიან მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ ჩვენ 2012 წელს ვთანამშრომლობდით ბიძინა ივანიშვილთან და ოთხი წელი ვიყავით ერთად კოალიციაში, 2 წელი ვიყავით მთავრობაშიც, გვყავდა მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეებიც გვყავდა რესპუბლიკურ პარტიას.

მე ვხელმძღვანელობდი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ბოლო წლების განმავლობაში. მაგ დროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ქართული ოცნება“, ჩვენი პარტნიორები, ასე შორს წავიდოდნენ ევროპისგან. ისე კი ივანიშვილს ყოველთვის ჰქონდა ნატოსთან დაკავშირებით სკეფსისი, პირველივე დღიდან, მაგრამ ევროკავშირთან – თითქოს არა.

ახლა ნათლად გამოვლინდა, რომ ეს მტერი თავიდანვე ჩაგვინერგა რუსეთმა ამოცანით – დააშოროს საქართველო ევროპას.

ის, რომ ევროპა ქართველობას გვართმევს, სიბრიყვეა, გაუნათლებლობა. ამას ან იდიოტები ამბობენ, ან რუსეთისგან დაფინანსებული აგენტები. ნორმალური, გონიერი ადამიანი ამას ვერ იტყვის. ევროპა იდენტობას არავის ართმევს. სად გაგონილა ეს ამბავი. რახან ევროპაშია ორივე ქვეყანა, ამიტომ ფრანგები და გერმანელები ერთი ხალხია? ერთი ინტერესები აქვთ და დაკარგეს იდენტობა ?

ეს ხალხი ერთი და იგივე რომ იყოს, საფრანგეთს როგორ ეყოლება ნობელის პრემიის 16 ლაურეატი, პოლონეთს – 5, ჩეხეთს კიდევ ერთი.

ერთ ჭკუაზეა ყველა ეს ხალხი? ასე რომ იყოს, რატომ იქნებოდა მათ შორის ამხელა განსხვავება, რატომ იქნება ფეხბურთში, მაგალითად, საფრანგეთის ნაკრები ორჯერ ჩემპიონი და ჩეხეთის – არც ერთხელ. რას ნიშნავს ერთნაირი ხალხი?

ევროპა ერთიანია სწორედ იმით, რომ განსხვავებულებისგან შედგება. ევროპის ძალა განსხვავებულთა ერთიანობაშია. ძალა ერთობაშია, ოღონდ არა ერთნაირთა ერთობაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაში. ეს მგონი არავისთვისაა საიდუმლო და ევროპა ერთად არის დიდი ძალა.

გარდა ამ ყველაფრისა, ევროპა ჩვენთვის არის უზარმაზარი, 750-მილიონიანი ბაზარი, რომელთანაც არ გვაქვს შეზღუდვა ვაჭრობაში. საქართველოს შეუძლია ძალიან სერიოზული ეკონომიკური პროექტები განახორციელოს.

და ჩვენ გვარწმუნებენ, რომ რუსი ტურისტი შემოვა, ხაჭაპურს იყიდის და ამით გამდიდრდება საქართველო. შეიძლება ასეთი იდიოტი იყოს ხელისუფლებაში და ხალხმა ეს აიტანოს?

ყველაფერი ერთ რამეს გვაჩვენებს: წინააღმდეგობის გარეშე არაფერი გამოვა. მაგალითად, ბათუმმა გაუწია წინააღმდეგობა რუსულ კრუიზს.  ამ თვალსაზრისით ბათუმი ყოველთვის გამორჩეული ქალაქი იყო.

ჩვენ ბევრი კარგი ქალაქი გვაქვს, მაგრამ ტრაბახზე როცა მიდგება საქმე, პოლიტიკურად სატრაბახო ორი ქალაქი გვაქვს: თბილისი და ბათუმი. გაიხსენეთ 80-იანი, 90-იანი წლები. დუმდა ყველა სხვა ქალაქი, არც მინდა ვთქვა. ვერ გამოავლინეს თავი.

ბათუმმა გამოავლინა. იმიტომ, რომ ეს ყველაზე ევროპული ქალაქია საქართველოში, აქ უცხოელი არასდროს იყო უცხო. თბილისში რომ 8 მანეთი ღირდა, მაგალითად, „მალბორო“, ბათუმში ღირდა მანეთი – ფერსაფასთან. უცხოელებთან კონტაქტი პირველად აქ ხდებოდა.

მეცხრე კლასში ვიყიდე ჯინსი, სკოლაში მივედი და კინაღამ მომკლეს მასწავლებლებმა. შევინახე, ჩოხატაურში ჩავიცვამ-მეთქი, მაგრამ ჩოხატაურის დრო რომ დადგა, აღარ ჩამეტია. 20 დოლარი მივეცი. დოლარი მქონდა! ანუ დასაჭერი ვიყავი. 1000 დოლარზე უკვე დახვრეტა იყო.

ასე ჩამოყალიბდა ევროპული ქალაქი ბათუმი, ასე ყალიბდება პორტები, ქალაქები, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ და მათ შორის ლინგვა ფრანკა ყალიბდება.

ჩემს ეზოში, მაშინდელ გორკის ქუჩაზე, პირველ ნომერში, ქართველები, მართალია, უმცირესობაში არ ვიყავით, მაგრამ თითქმის იმდენივე იყო არაქართული ოჯახიც. აზერბაიჯანელები, უკრაინელები, რუსები, სომხები… ლინგვა ფრანკა იყო რუსული. ამის გამო ცუდ ქართველებად არ ჩამოვყალიბებულვართ. გვქონდა ეს ურთიერთობები. ესაა ევროპული მიდგომა: როცა უმცირესობა არსებობს, არსებობს უმრავლესობა და რაღაც გაგებაა მათ შორის.

ახლა, როცა დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ევროპელობა უძვირფასესი მონაპოვარია.

ჩვენ ევროპელობა ირაკლი ღარიბაშვილთან არ გვაქვს სამტკიცებელი. ჩვენ ევროპული ძეგლი გვაქვს დაწერილი – ევროპაში პირველი დიდი ძეგლი დავწერეთ ჩვენ, ქართველებმა და მას „ვეფხისტყაოსანი“ ჰქვია.

100 წლის შემდეგ დაიწერა დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“. ერთიც და მეორეც ევროპული კულტურის ძეგლებია. ჩვენ ქრისტიანული კულტურის პირველი დიდი წიგნი დავწერეთ მთელ მსოფლიოში.

ღარიბაშვილმა ეს იცის – არ იცის, ვერ გეტყვით. მას რომ ვუყურებ, ტირილი მინდება, გაუნათლებლობა პირდაპირ გამოსჭვივის, აზრზე არ არის, წარმოდგენა არ აქვს არაფერზე ადამიანს.

მაგრამ მარტო რუსთაველს ვერ ვახსენებთ. დავით აღმაშენებლის პოლიტიკა ევროპულია. დაიბარა თავადები და უთხრა, ორი აკადემია გაქვთ, შეიყვანეთ შვილები და წერა-კითხვა ასწავლეთო. აღმაშენებელმა ასე შექმნა მკითხველი საზოგადოება, რასაც მალევე მოჰყვა „ვეფხისტყაოსანი“.

„ვეფხისტყაოსანი“ ვერ დაიწერებოდა, თუ მკითხველი არ იქნებოდა. თუ დაიწერებოდა – დაიკარგებოდა, რადგან ნაწერს მკითხველი სჭირდება.

მკითხველი კი უნდა იყოს არა ეკლესია, არამედ სახელმწიფო – ეს გააკეთა დავით აღმაშენებელმა. გამიჯნა სახელმწიფო და ეკლესია. ესაა ევროპული მიდგომა.

მეზობელ ირანში არაა გამიჯნული სახელმწიფო და რელიგია. აიათოლა არის ქვეყნის დირექტორი და არა პრეზიდენტი.

პრეზიდენტს საერთოდ არავინ არაფერს ეკითხება, ისევე როგორც ჩვენთან არაფერს ეკითხებიან, მაგრამ ირანში სტრუქტურულადაა ასე, რომ აიათოლები წყვეტენ ყველაფერს.

არის ასეთი პატარა ადგილი ყუმი, სადაც იკრიბებიან და წყვეტენ, ქალებს რა უნდა ეხუროთ თავზე, კაცებმა როგორ უნდა იარონ. კაცი და ქალი ქუჩაში ერთად რომ მიდის, თუ ნათესავები არ არიან, შეიძლება დააპატიმრონ.

ჩვენ ხომ ასეთ ქვეყანას არ ვაშენებთ. ჩვენ ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ. ევროპულ ქვეყანაში მოქმედი წესები რაც არის, იმას ეწინააღმდეგებიან ახლა და გვეუბნებიან, რომ უკრაინამ ომი იმიტომ დაიწყო, რომ ნატოში უნდოდა და ესე იგი, ჩვენ არ უნდა გვინდოდეს ნატოში. მეორეც: გვეუბნებიან, რომ ყველაფერზე მაღლა მშვიდობა დგას. მიხეილ სააკაშვილის დანაშაულია, რომ ომი თავიდან ვერ აიცილაო. მართლა? რუსეთთან ომის თავიდან აცილება ვინმეს შეუძლია? ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია?

სერიოზულად ფიქრობს, რომ 2008 წელს პრემიერი რომ ყოფილიყო, აირიდებდა ომს?!

რუსეთს ყოველ წუთს შეუძლია ომი დაიწყოს და ირაკლი ღარიბაშვილი ამ საქმეს ვერ უშველის. ამ საქმეს უშველის არმიის მოძლიერება და წინააღმდეგობის გაწევა.

რახან წიგნების კითხვა მაგათ [მთავრობის წევრებს] არ შეუძლიათ, იქნებ ფილმის ნახვა შეძლონ: მე მათ ვურჩევდი ფილმს, სადაც გარი ოლდმენმა ჩერჩილის როლი შეასრულა და ოსკარი მიიღო ამ როლისთვის.

ეს ფილმი მაინც ნახონ, სადაც მოლაპარაკება უნდა დაეწყოთ რუსეთთან და წყდებოდა, რუსეთის კოლონია უნდა გამხდარიყო თუ ომში უნდა შესულიყო ინგლისი. ინგლისმა ვაჟკაცურად ბრძოლა გადაწყვიტა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იქნებ ფილმით მაინც გაიგოს ჭეშმარიტება, რახან წიგნით ვერ იგებს, მაგრამ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისგან მომდინარეობს, რომელიც უბრალოდ რუსეთის დასმულია. შესაბამისად, ქართულ საზოგადოებას აქვს ამოცანა – არჩევნების გზით მოვიშოროთ „ქართული ოცნება“, რომელმაც გამოამჟღავნა თავი, როგორც რუსეთის აგენტურის პარტიამ, გამოამჟღავნა თავი, როგორც მტერმა.

ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვისაც სამშობლო უყვარს, ირაკლი ღარიბაშვილს, კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და ასეთი ადამიანების პარტიას, ანუ ივანიშვილს, უნდა უთხრას უარი. ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა.

მთელი მსოფლიო დაგვეხმარება. მთელ მსოფლიოს აწყენინეს მათ, მთელ მსოფლიოს მიაყენეს შეურაცხყოფა, განსაკუთრებით კი ომში მყოფ უკრაინას აყენებენ შეურაცხყოფას და ერთი წამითაც არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს არ არის გზა მშვიდობისკენ.

მთავარი ამოცანა ხელისუფლების შეცვლაა არჩევნების გზით. როცა ხელისუფლება გყავს, მერე შეგიძლია ისე მოიქცე, როგორც ლიეტუვა მოიქცა ამ დღეებში: ლიეტუვამ რუსებს, რომლებიც იქ არიან, გაუგზავნა კითხვარი: რას ფიქრობთ ამაზე, ამაზე და ამაზე. ვისი პასუხიც არ მოეწონა ხელისუფლებას, ყველა გააბრძანეს ქვეყნიდან.

ასე რომ, გადაწყვეტილებების მიღება იოლია, როცა ხელისუფლება შენს ხელშია. დავუსვათ შეკითხვა და გვიპასუხონ, რას ფიქრობენ ჩვენთან ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები. და როცა გვეტყვიან, რომ ქართველები არავინ არიან, რომ აფხაზეთი და ოსეთი საქართველო არ არის, რომ საქართველომ დაიწყო ომი და მოკლედ, ღარიბაშვილივით თუ ფიქრობენ, მივაბრძანებთ ყველას ამ ქვეყნიდან, ეს არ არის რთული.

რთული ამ ხელისუფლების შეცვლაა, რადგან ჩვენი მოქალაქეები ძალიან ხშირად სარგებლობენ ძველი, მე-19 საუკუნის პრინციპით – „ვინც მოვიდა გაუმარჯოს!“ ამიტომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ხალხს სამშობლო გავახსენოთ“.

_______________________

ამავე თემაზე: 

დღეს ბათუმში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

74 მილიონი ადრეული შეტყობინების სისტემისთვის – რა გვაქვს და რა უნდა გვქონოდა

ენგური, ჭოროხი-აჭარისწყალი, სუფსა, ნატანები, ხობი, კინტრიში, მტკვარი, რიონი, ხრამი-ქცია, ალაზანი, იორი – ეს ის მდინარეებია, რომელთა აუზში ადრეული შეტყობინების სისტემა უნდა შემუშავდეს შვიდი კლიმატურ საფრთხისათვის – წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, სეტყვა, ზვავი და ძლიერი ქარი.

ამისთვის საერთაშორისო ფონდებიდან და საქართველოს ბიუჯეტიდან ჯამურად 74 მილიონი დოლარი გამოიყო.

პროექტი 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 2025 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. 2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, არცერთ მდინარეზე ადრეული გაფრთხილების სისტემა დამონტაჟებული არაა.

ამ სტატიაში ვცდილობთ ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე, რატომ არ გვაქვს ადრეული გაფრთხილების სისტემა მაშინ, როცა გვაქვს ფული იმისათვის, რომ ეს სისტემა გვქონდეს.

  • რა არის ადრეული გაფრთხილების სისტემა და რატომ გვჭირდება ის

ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს საფრთხეების მონიტორინგს, პროგნოზირებას, კატასტროფების რისკის შეფასებას და მზადყოფნას.

ადრეული გაფრთხილების სისტემის გამართულად ფუნქციონირება საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე ბიზნესსა და მთავრობას, რომ მიიღონ დროული ზომები, კატასტროფის რისკების შესამცირებლად წინასწარ, სანამ სტიქია განვითარდება.

საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს მიხედვით, ადრეული გაფრთხილების სისტემა უნდა მოიცავდეს ოთხ, ერთმანეთთან დაკავშირებულ ელემენტს:

  • სისტემატურად უნდა გროვდებოდეს მონაცემები მოსალოდნელი კატასტროფის რისკზე და ხდებოდეს მისი შეფასება,
  • უნდა ვლინდებოდეს საფრთხე და მისი შესაძლო შედეგები, მონიტორინგი, ასევე ანალიზი და პროგნოზირება,
  • ოფიციალურმა წყარომ უნდა გააფრთხილოს მოსახლეობა დროულად და მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია მოსალოდნელ საფრთხეზე,
  • ყველა დონეზე უნდა იყოს მზადყოფნა მიღებულ გაფრთხილებაზე სწრაფი რეაგირებისათვის.

ვინ ეხმარება საქართველოს ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვაში

საქართველომ 2018 წელს კლიმატის მწვანე ფონდისგან (GCF) 27 მილიონი აშშ დოლარი მიიღო მრავლობითი საფრთხეების შემცველი ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოებისთვის.

ეს იყო შესაძლებლობა კლიმატის ცვლილების მიმართ სისტემური მიდგომები განვითარებულიყო ქვეყანაში და საქართველოს დაენერგა მსოფლიო გამოცდილებისა და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება.

ამ დაფინანსებას დაემატა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ 5 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებული პროექტი – „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ 4 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით – „კლიმატის ცვლილების რისკებისადმი თემების მედეგობის გაძლიერება“.

გარდა საერთაშორისო დაფინანსებისა, საქართველომ პროგრამის განხორციელებისთვის 38 მილიონი დოლარის თანადაფინანსება გამოყო.

ჯამში საქართველოს 2019 წლის დასაწყისისათვის, იმ დროისთვის, როდესაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყო, ჰქონდა 74 მილიონი აშშ დოლარი 11 მდინარის აუზში ადრეული გაფრთხილების სისტემის დასამონტაჟებლად.

აქედან 38 მილიონი საქართველოს ბიუჯეტიდან, 36 მილიონი დოლარი კი საერთაშორისო დახმარება.

ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამას სათავეში უდგას საქართველოს მთავრობა, კერძოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო საერთაშორისო დახმარებით განხორციელებული პროექტების მართვას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს.

  • რა გაკეთდა პროექტის დაწყებიდან დღემდე

გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წელს დაწყებული პროექტის თანახმად, საქართველოში 11 მდინარის აუზში უნდა დანერგილიყო ადრეული შეტყობინების სისტემა, „ბათუმელები“ დაინტერესდა 2023 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით, რამდენ მდინარის აუზში იყო უკვე დანერგილი ეს სისტემა და რომელი იყო ეს მდინარეები.

„ბათუმელებმა“ კითხვებით მიმართა როგორც გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოში, ისე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

პროექტის დაწყებიდან დღემდე 4 წელი და რვა თვეა გასული. რა გაკეთდა ამ დროის განმავლობაში, ეს იყო „ბათუმელების“ ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც წერილობით უპასუხა ანნა ჩერნიშოვამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.

„2019 წლიდან მიღწეულია შემდეგი შედეგები: 2021 წელს, UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველო გახდა ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ეროვნული ცენტრის (ECMWF) წევრი, რათა გაუმჯობესდეს პროგნოზირების შესაძლებლობები.

ამინდის მონიტორინგისა და პროგნოზირების გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელის განახლება და გაფართოება გარემოს ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით. საქართველოში უკვე არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიურ მონიტორინგის სადგურებს დაემატა 51 ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური და საგუშაგო, რის შედეგადაც საგრძნობლად უნდა გაიზარდოს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის სიზუსტე. პროგრამის დასრულებამდე დამატებით დაგეგმილია 98 სადგურის დამონტაჟება.

სასოფლო-სამეურნეო აქტივობების ხელშეწყობის მიზნით, შეძენილია 15 აგრომეტეოროლოგიური სადგური.

11 ადგილზე განთავსდა გეოლოგიური მონიტორინგის სისტემები. მონაცემების ხარისხიანი დამუშავებისა და შენახვის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის შეძენილ იქნა მაღალი წარმადობის კომპიუტერი და მიმდინარეობს ცენტრალური საინფორმაციო სისტემის განახლება, რაც მონიტორინგის სადგურებიდან ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს,“ – ნათქვამია წერილობით მოწოდებულ ინფორმაციაში.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეიქმნა ერთიანი მეთოდოლოგია კლიმატური საფრთხეების (წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, ქარი, სეტყვა, გვალვა) შეფასებისა და მოდელირებისთვის. UNDP-ის დახმარებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა აღნიშნული საფრთხეების რუკები დასავლეთ საქართველოს 7 მთავარი მდინარის აუზისთვის (კინტრიში, ნატანები, სუფსა, ენგური, რიონი, ხობისწყალი, ჭოროხი-აჭარისწყალი). მიმდინარეობს ამ მდინარეებზე რისკების შეფასება შესაბამისი მეთოდოლოგიით, რაც დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე და მორგებულია საქართველოს კონტექსტს.

„მიმდინარეობს კლიმატური კატასტროფების რისკის საინფორმაციო სისტემის  შემუშავება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვადასხვა სამთავრობო უწყებასა და მოსახლეობას მიეწოდებოდეს ზუსტი და სანდო ინფორმაცია არსებული საფრთხეებისა და რისკების შესახებ. ამ ეტაპზე, სისტემა ტესტირების რეჟიმშია. მისი დანერგვა განხორციელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში შექმნის პროცესშია წყალდიდობის პროგნოზირების პლატფორმა, რომლის ტესტირება ამჟამად მიმდინარეობს.

შემუშავდა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები 6 მუნიციპალიტეტისთვის (თელავი, ახმეტა, ლაგოდეხი, გორი, სიღნაღი, ქობულეთი). გრძელდება აღნიშნული გეგმების მომზადება თბილისის, აბაშის, სენაკის, სამტრედიისა და ხობის მუნიციპალიტეტებისთვის.

საფრთხის რუკებზე დაყრდნობით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მზადდება ზონირების საკანონმდებლო გზამკვლევი. ამ დოკუმენტში მოცემული სტანდარტების გათვალისწინება სავალდებულო იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარებისა და განხორციელებისას,“ – მოგვწერა ანნა ჩერნიშოვამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.

ანნა ჩერნიშოვას თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კლიმატის ცვლილების საფრთხეების მიმართ ყველაზე მოწყვლადი 100 დასახლების გამოვლენა.

„ამ ეტაპზე გამოვლენილია 15 მოწყვლადი თემი სუფსის, ნატანებისა და კინტრიშის აუზებში, სადაც დაგეგმილია რისკის მართვის გეგმების შემუშავება და პრიორიტეტული ღონისძიების გატარება. მათ შორის სირენების შეძენა და დამონტაჟება, არა-სტრუქტურული ბიო-საინჟინრო ღონისძიებების გატარება (მაგ: აგროსატყეო ღონისძიებები, ჭალის ტყეების განაშენიანება, კალაპოტების გაწმენდა, ა.შ.). მოწყვლადი თემების გამოვლენა და შესაბამისი სამუშაოების გატარება მომავალშიც გაგრძელდება.

ქვეყნის მასშტაბით შენდება წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურა 15 ლოკაციაზე. 7 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან თანამშრომლობით,“ – მოგვწერა ანნა ჩერნიშოვამ.

გაეროს განვითარების პროგრამიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრული ვადა ამოიწურება, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება მნიშვნელოვანი  ინსტრუმენტი, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მართვასა და ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნასა და დანერგვას განაპირობებს.

„ამით კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციისა და მართვის სისტემის დანერგვა, რა თქმა უნდა, არ დასრულდება. ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც მუდმივ ჩართულობას და საზოგადოების ერთიან ძალისხმევას მოითხოვს.  პროგრამის განხორციელება კარგ საფუძველს ჩაუყრის საქართველოში კლიმატგონივრული და კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობას, რომელიც სათანადოდ შეძლებს არსებული საფრთხეებისა და რისკების შეფასებას, გაატარებს პრევენციულ და ადაპტაციურ ზომებს და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად და ეფექტურად მოახდენს კატასტროფებზე რეაგირებას,“ – განმარტავს ანნა ჩერნიშოვა.

„ბათუმელებმა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც ჰკითხა, რომელი მდინარის აუზში იყო დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა კითხვებზე პასუხი წერილობით მოგვაწოდა

„აღსანიშნავია, რომ ადრეული შეტყობინების სისტემა არ კეთდება ინდივიდუალურად თითოეული მდინარისთვის, არამედ ეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მოიცავს არაერთ მდინარეს და  აღნიშნული სისტემა ითვალისწინებს რამდენიმე კომპონენტის ერთობლიობას, კერძოდ:

  • ქვეყნის ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის რისკების იდენტიფიცირებას;
  • მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების ქსელის სრულყოფას;
  • მონაცემთა შეკრება და გავრცელების საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო თანამედროვე სისტემების დანერგვას;
  • ამინდის და ჰიდროლოგიური პროგნოზების რიცხვითი მოდელების თვლის სისტემის დანერგვას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუნდაც 1 მდინარისთვის ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფა მოითხოვს ზემოხსენებული ღონისძიებების დასრულებას, რომელთა შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ზემოთ, ანუ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნულ კომპონენტების შესრულებაზე მუშაობა, რომლის დასრულება დაგეგმილია 2025 წელს. 2025 წელს მთლიანად დასრულდება ზემოთჩამოთვლილი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას,“ – მოგვწერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

სუპერ შეთავაზება ალტაში მხოლოდ 9 და 10 აგვისტოს

🦸‍♂სუპერ შეთავაზება ალტაში 💜

⏳მხოლოდ 9 და 10 აგვისტოს, ეწვიე ალტას მაღაზიას ბათუმში, ჭავჭავაძის 31-ში და შეიძინე აქსესუარების შერჩეული მოდელები 30%-დან 50%-მდე ფასდაკლებით 🎁

სააქციო პროდუქტები: https://alta.ink/OFFERS

2023 წლის ივლისი იყო ყველაზე ცხელი თვე, რაც ოდესმე დაფიქსირებული – WMO

2023 წლის ივლისი ყველაზე ცხელი თვეა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა – იუწყება მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია [WMO].

2023 წლის ივლისი იყო 0,72°C-ით თბილი, ვიდრე 1991-2020 წლის ივლისის საშუალო მაჩვენებლები და 0,33°C-ით უფრო თბილი, ვიდრე წინა რეკორდი  – 2019 წლის ივლისი.

გარდა ამისა, კოპერნიკის კლიმატის ცვლის სამსახური (C3S) კლიმატის ბოლო ბიულეტენში აქვეყნებს ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მაჩვენებლებს, რომელთა მიხედვითაც:

  • ვარაუდობენ, რომ თვე დაახლოებით 1,5 °C-ით უფრო თბილი იყო, ვიდრე 1850-1900 წლებში;
  • თბური ტალღები დაფიქსირდა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მრავალ რეგიონში, მათ შორის სამხრეთ ევროპაში;
  • საშუალოზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში და ანტარქტიდის დიდ ნაწილზე.

ასევე, ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მაჩვენებლების თანახმად, ზღვის ზედაპირის გლობალური საშუალო ტემპერატურა აგრძელებდა ზრდას 2023 წლის აპრილიდან დაწყებული და ივლისში რეკორდულ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

მთლიანი თვის განმავლობაში, ზღვის ზედაპირის გლობალური საშუალო ტემპერატურა 0,51°C-ით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს.

„ჩვენ ახლახან შევესწარით ჰაერის და ოკეანის ზედაპირის გლობალურმა ტემპერატურამ როგორ დაამყარა ივლისში ყველა დროის ახალი რეკორდი. ამ მაჩვენებლებს აქვთ საშინელი შედეგები როგორც ადამიანებისთვის, ისე პლანეტისთვის, სულ უფრო ხშირი და ინტენსიური ექსტრემალური მოვლენების სახით“ – ამბობს სამანტა ბურჯესი, კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის დირექტორის მოადგილე.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს 3 მიმართულებით – გენშტაბი

დღეს, 9 აგვისტოს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მედიის ცნობით, ამჟამად დგინდება ვერტმფრენის ტიპი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს ზაპოროჟიეს და დონეცკის რეგიონების სამი დასახლების მიმართულებით და მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.

თავდაცვის ძალებმა ურაჟაინოვოს, პრიიუტნოიეს და ვერბოვეს მიმართულებით ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს.

…უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და ამაგრებენ მიღწეულ ხაზებს“ – იუწყება გენშტაბი.

ასევე, უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ნოვოკალინოვოს, ავდეევკას, სევერნის, მარინკას, ნოვომიხაილოვკასა და სტარომაიორსკის მახლობლად.

_______________

ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი

 

დღეს ბათუმში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ იწყებს შეხვედრების ახალ სერიას სახელწოდებით – „რატომ ევროპა“.

პროექტის ფარგლებში, მედიაგამოცემები „ბათუმელები & ნეტგაზეთი“, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, გიწვევთ ბათუმში, ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციაზე – „ქართული და ევროპული იდენტობა“.

საჯარო ლექცია გაიმართება, 9 აგვისტოს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“.

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია შეეხება საკითხებს: რატომ არის ევროპა საქართველო, რა ადასტურებს ამას ისტორიაში, პოლიტიკაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში.

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ განათლების წახალისების ორიგინალური პროექტია და ის მაღალმთიანი აჭარის დაცარიელებული ბიბლიოთეკების წიგნებით შევსებასა და შემეცნებითი შეხვედრების სერიას მოიცავს. ამ პროექტის გაგრძელებაა შეხვედრების ახალი ციკლი – „რატომ ევროპა?“, რომლის მიზანიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე დისკუსიისა და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაა.

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ საქართველოში იაპონიის საელჩოს დაფინანსებით შეიქმნა და პარტნიორი ორგანიზაციის, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტებს.

საჯარო ლექციის ორგანიზატორია „ბათუმელები & ნეტგაზეთი“.

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

დასაწყისი: 18:00 საათი

მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა #1, სასტუმრო „რადისონ ბლუს“ საკონფერენციო დარბაზი.

___________________________

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 555 928 928

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 251 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820]
  • ტანკი – 4 262 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 8 290 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 5 013 ერთეული [+17]
  • MLRS – 711 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 469 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 312 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 175 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 377 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 479 ერთეული [+19]
  • სპეცტექნიკა – 742 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 458 თვითმფრინავი
  • 245 ვერტმფრენი
  • 5 600 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 428 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 204 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 819 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 155 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

  • ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს 3 მიმართულებით – გენშტაბი

200 მილიონი ძველი ბათუმისთვის – ქალაქი, რომელიც პლაჟს კარგავს

საქართველოს ხელისუფლება ბათუმში 200 მილიონი ლარის სამუშაოებს გეგმავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის.

სამუშაოები „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში“ უნდა ჩატარდეს და ეს მაშინ, როცა ბათუმი, როგორც ტურისტული ქალაქი, თანდათან პლაჟის გარეშე რჩება.

შტორმის დროს ნაპირის ნგრევამ ბათუმში ბოლო წლებში შეუქცევადი ხასიათი მიიღო. წარეცხილ სანაპიროსთან ერთად ნადგურდება საპლაჟო ინფრასტრუქტურაც.

სპეციალისტების დასკვნით „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს ბათუმის სანაპიროს ექსპლუატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია“. ამ დასკვნის მიუხედავად, ახალ სტრატეგიაზე არავინ მუშაობს.

ქალაქის ერთ-ერთ პოპულარულ ადგილზე, ბათუმის კონცხთან, პლაჟის მოწყვეტის და ზღვაში ჩაზვავების ალბათობაც დიდია. ასეთ შემთხვევას აქ 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა ნაპირს მოწყდა და მყისიერად დაიკარგა ზღვაში დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი [დაახლოებით 1,2 ჰექტარი].

კატასტროფის მასშტაბის წარმოდგენაც შემზარავია, ეს რომ საბანაო სეზონზე მომხდარიყო.

კვლევის შედეგად ასევე დადგენილია, რომ ანალოგიური შემთხვევის განმეორება დღესაც რეალურია, თუმცა, როდის მოხდება ეს, პროგნოზირება შეუძლებელია.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ისტორიულ ბათუმში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულებად 200 მილიონი ლარია მითითებული, თუმცა, ტენდერი პრეისკურანტითაა გამოცხადებული და საბოლოო ღირებულება პროექტირება-ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს დაზუსტდება.

200 მილიონი ლარით კონკრეტულად სად და დაახლოებით რა სახის სამუშაოებია დაგეგმილი ძველ ბათუმში, ამის შესახებ ინფორმაცია ვერც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მივიღეთ და ვერც ბათუმის მერიისგან.

„საუბარია ძველ ბათუმზე, თუმცა, კონკრეტული ქუჩები და ლოკაციები პროექტირების ეტაპზე დაზუსტდება“ – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 3 სექტემბერს დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება.

სახელმწიფო შესყიდვა ფონდმა Design-Build მეთოდით გამოაცხადა. გამარჯვებულმა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ჯერ დეტალური პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უნდა მოამზადოს, რის საფუძველზეც შემდეგ დაიწყებს სამუშაოებს.

პირობაში მითითებულია სამუშაოების შესრულების ვადაც – „შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წელი“, თუმცა, იქვე დაკონკრეტებულია, რომ აღნიშნულის ფარგლებში:

  • „შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის კონკრეტული დავალების წერილობით მიცემიდან 2 თვე განსაზღვრულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად;
  • შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის კონკრეტული დავალების წერილობით მიცემიდან 6 თვე განსაზღვრულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად.
  • შენიშვნა: დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების დაწყება, ისევე როგორც დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების შემდეგ, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, დამოკიდებულია შემსყიდველის წერილობით მითითებაზე.“

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის სანაპიროს გამაგრების მიზნით 52-მილიონიანი პროექტიც განახორციელა, რომლის ფარგლებშიც ახალ ბულვართან ქვის ლოდები ჩააწყვეს, თუმცა ამ ლოდების გასწვრივ პლაჟი გაქრა.

ნაპირის გამაგრებას ლოდების ჩაწყობით ზოგი სპეციალისტი ადრეც ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ნაგებობები ისე მოაწყვეს, რომ ზღვისგან დაცვის სტრატეგია სახელმწიფოს არ გააჩნდა და არც დღეს აქვს. შედეგად კი ზღვამ ადლია-ბათუმთან ჯამში ჰექტრობით ხმელეთი მიიტაცა.

სპეციალისტების პროგნოზი გამართლდა და ზღვა დღეს ნაპირს ძველი ბულვარის მიმართულებითაც ანგრევს.

დანგრეული სანაპიროს აღსადგენად კი, დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება:

  • ზღვის ხელოვნური კვებისთვის 5,5 მილიონი ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან.
  • ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დანგრეული სანაპირო ზოლის აღდგენაზე ბათუმის ბიუჯეტიდან 15 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.
  • რაც შეეხება ბათუმის კონცხს, აქ წყალქვეშა ფერდობიდან ზღვაში თავმოყრილი 43 ათასი კუბური მეტრი ჭარბი ნატანია ამოსაღები და გასატანი, სანაპიროს ავარიულ ადგილებში. ამ სამუშაოებისთვის 3,5 მილიონი ლარია საჭირო.

„ბათუმელებმა“ დაახლოებით 2 კვირის წინ ნატანის ამოსაღებად საჭირო პროექტი და სხვა დოკუმენტები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან სრულად გამოითხოვა, თუმცა დოკუმენტები ამ დრომდე არ მოგვაწოდეს.

ბათუმმა უკვე დაკარგა, ან მალე დაკარგავს თამარისა და ბარცხანის დასახლებების გასწვრივ არსებულ პლაჟებს [სანაპირო დაცვის ნავმისადგომის აშენებისა და ხელოვნური კუნძულის პროექტის გამო].

200-მილიონიან ტენდერს რომ დავუბრუნდეთ, აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებამ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მასშტაბური პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ ისე გადაწყვიტა, რომ ქალაქს განაშენიანების გენგეგმაც არ აქვს.

მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ბათუმის მერიის „თანამშრომლობის“ გამოცდილებაზე კიდევ ერთი სამთავრობო პროგრამა მეტყველებს –  „განახლებული რეგიონები“.

ამ პროგრამის ფარგლებში ქალაქის მერიამ და ფონდმა ერთ-ერთი ახალი სკვერის ხელახლა „განახლება“ გადაწყვიტეს. პროექტი 2022 წლის ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოები დღემდე გრძელდება.

საუბარია ბათუმში, შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნებისა და ხიდების მშენებლობაზე, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდს 2 კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ჯამში 23 მილიონ 815 ათას 132 ლარზე. ფონდის ინფორმაციით, ამ თანხიდან [2023 წლის 28 ივნისის მდგომარეობით] უკვე დახარჯული იყო 17 მილიონ 985 ათას 570 ლარი.

ამ თემაზე ვრცლად:

როდის დასრულდება შარტავას გამზირზე სამუშაოები, რაშიც 23,8 მილიონი ლარი იხარჯება

პოლიციელი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქემ მას მონა დაუძახა, თუმცა არ იცის, რა ენაზე

დღეს, 8 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის ნავსადგურთან რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

მოწმე პოლიციელმა მოსამართლეს უთხრა, რომ აქციაზე დაკავებულმა უკრაინის მოქალაქემ, მარინა ჩობანიანმა მას მონა უწოდა, თუმცა ვერ თქვა, რომელ ენაზე. პოლიციელმა რუსული არ იცის, უკრაინის მოქალაქემ კი – ქართული. 

„პოლიციელი ამბობდა, მონა გვიწოდა ქალბატონმა მარინამო, თუმცაღა ვერ თქვა, რა ფორმით უწოდა მონა.

ქართულ ენაზე ის მონას ვერ უწოდებდა, იმიტომ, რომ ქართული არ იცის. ვერ განმარტა, რუსულად როგორ შეეძლო ეწოდებინა, რომ მონა იყო რომელიმე პოლიციელი“, – ამბობს თამარ წულუკიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

თამარ წულუკიძე სასამართლოში უკრაინის მოქალაქე, მარინა ჩობანიანის ინტერესებს იცავს.

მარინა ჩობანიანი 31 ივლისს, რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს ბათუმში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის უგულებელყოფის ბრალდებით.

მას ამ კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა.

უკრაინის მოქალაქის სასამართლო პროცესი დღეს, 8 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

„პირველი პროცესი ჩანიშნული იყო ორშაბათს, თუმცა ვერ მოვასწარით ყველა ეტაპი გაგვევლო. დღეს გადადებული პროცესი განახლდა, ვიდეო მასალები ვიხილეთ. გუშინ მოხდა მოწმეთა დაკითხვა. მოწმეთა დაკითხვის დროს გამოვლინდა არაერთი უზუსტობა, მათ შორის იყო შემთხვევები, როცა ახსნა-განმარტება და ის, რასაც მოწმეები უშუალოდ საუბრობდნენ პროცესზე, წინააღმდეგობაში მოდიოდა ერთმანეთთან.

საინტერესოა ის, რომ პოლიციელმა, რომელმაც ის დააკავა, არ იცოდა რუსული ენა. მათ შორის უფლებების განმარტების ნაწილსაც ვერ განუმარტავდა.

კომუნიკაციაში ვერ შედიოდა როგორც საჭირო იყო. იმ მუხლებისთვის, რომელსაც იყენებენ მარინასთან მიმართებაში, აუცილებელია სახეზე იყოს პოლიციელის მხრიდან მოწოდება, რომ კონკრეტული მოქმედება შეზღუდოს [მოქალაქემ] და აღარ განახორციელოს.

პოლიციელმა არ იცოდა რუსული ენა, შესაბამისად ის ვერ მოუწოდებდა [მარინა ჩობანიანს], რომ მოქმედება შეეწყვიტა,“ – განმარტავს საქმის დეტალებს თამარ წულუკიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

მარინა ჩობანიანი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატებთან ერთად ბათუმის საქალაქო სასამართლოში

თამარ წულუკიძის თქმით, საქმეში კიდევ ერთი დეტალია საყურადღებო. მისი დაცვის ქვეშ მყოფს, დაკავების მომენტში უკრაინის დროშა ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით გაქრა.

„მარინას უკრაინის დროშა ეკეთა დაკავების დროს, რომელიც შეკრული ჰქონდა ორმაგი კვანძით ჩანთაზე. დაკავებიდან მანქანაში ჩასმამდე ეს დროშა უკვე აღარ ჰქონდა. მარინა ეჭვობს, რომ განზრახ მოხსნეს ეს დროშა პოლიციელებმა და დღემდე არ იცის სადაა ეს დროშა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ დროშას მარინასთვის,“ – ამბობს თამარ წულუკიძე.

მარინა ჩობანიანის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას პარასკევს, 11 აგვისტოს გამოაცხადებს.

____________

რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ ბათუმში გამართულ აქციაზე, 31 ივლისს, პოლიციამ 23 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არის ბექა გრიგორიადისი, ლაზარე გრიგორიადისის მამა. ასევე „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე, „დროას“ ხელმძღვანელი აჭარაში – გენრი დოლიძე, დეპუტატ ლევან ანთაძის შვილი – ილია ანთაძე, გიორგი გველესიანი, ირაკლი ხარჩილავა, ირაკლი მეტრეველი, ლუკა წულაძე, მიშა აბზიანიძე, რევაზ მიქელაძე, გიგა შალიკაძე და სხვები. ასევე, დააკავეს უკრაინის 2 მოქალაქე.

საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE 27 და 31 ივლისს შემოვიდა ბათუმში. საკრუიზო ლაინერმა მარშრუტი ქალაქ სოჭიდან დაიწყო, თურქეთიდან კი ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა. საკრუიზო ლაინერის რამდენიმე მგზავრმა მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიები არ არის ოკუპირებული, ერთ-ერთმა მათგანმა კი თქვა, რომ აფხაზეთი რუსეთმა საქართველოსგან გაათავისუფლა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბათუმში გამართული საპროტესტო აქცია შეაფასა, როგორც „ქაჯობა“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის მგზავრებისთვის ჟურნალისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კითხვის დასმა „პროვოკაციაა“. მან ამ კონტექსტში პარალელი გაავლო სერბეთისა და კოსოვოს [აღიარებულია გაეროს ათეულობით წევრის მიერ] სიტუაციასთან.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სწავლას ბიუჯეტიდან 3,2 მილიონით დააფინანსებენ

2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 3 მილიონ 200 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის ანალოგიურ დაფინანსებაზე თითქმის 1 მილიონი ლარით მეტია [გასულ წელს გრანტის ოდენობა 2 მილიონ 250 ათასი ლარი იყო].

მთავრობის შესაბამის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ 2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა შემდეგი ოდენობების  მიხედვით:

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასურის განსაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უნდა უზრუნველყონ არაუმეტეს ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად.

„თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.

თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში, რომელიც დღეს, 8 აგვისტოს შევიდა ძალაში.

 

რა უნდა ვიცოდეთ გულის დაავადებების დროს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე | ექიმის რჩევები

ათეროსკლეროზით განპირობებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები,  განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადება, დღესდღეობით ავადობის, უნარების შეზღუდვის და სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია მსოფლიოში. „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ კარდიოლოგს, ელიტა ეზუგბაიას „ბათუმელები“ ესაუბრა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობასა და უშუალოდ იმ აქტივობებზე, რაც დაავადების პრევენციის ეფექტურ გზას წარმოადგენს.

  • ქალბატონო ელიტა, რა მნიშვნელობა აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებების მქონე პაციენტებისთვის  სპორტულ აქტივობებს? 

დადასტურებულია, რომ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, მათ შორის, სპორტულს, გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის  მრავალი სარგებელი მოაქვს.  შეგვიძლია ვთქვათ, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენცია და მართვა მოიცავს [პასიური] ცხოვრების წესის შეცვლას და შესაძლო რისკ-ფაქტორების აღმოფხვრას.

  • რა რისკ-ფაქტორები იწვევენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს?

ეს არის: მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე, თამბაქოს მოხმარება, ფიზიკური უმოქმედობა, ჭარბი წონა,  არაჯანსაღი კვება, არასწორი დიეტა, თანმხლები შაქრიანი დიაბეტი. გარდა ამისა, საყურადღებო და მნიშვნელოვანია სქესი, ასაკი, გენეტიკური წინასწარგანწყობა და სხვა.

ზემოაღნიშნული რისკ-ფაქტორების აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანია სპორტული აქტივობები. ანუ ფიზიკური აქტივობის უშუალო სარგებელი მოიცავს: არტერიული წნევის ნორმალიზებას, სტრესის შემცირებას, ძილის გაუმჯობესებას, ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლებას.

რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს წონის მართვას, რითაც მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ინსულტის განვითარების რისკი.

  • რა სახის და რა ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა არის აუცილებელი და ასევე, დაშვებული გულის იშემიური დაავადების პრევენციისთვის?

ზოგადად, რეგულარული ფიზიკური აქტივობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის საფუძველია. როგორც აღვნიშნე, ფიზიკური აქტივობის ნებისმიერი ფორმა სასარგებლოა, თუმცა ზოგიერთი სპორტული აქტივობა უფრო მეტად არის კავშირში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაუმჯობესებასთან.

შესანიშნავი არჩევანია ისეთი აქტივობები, როგორიცაა: სირბილი, ველოსიპედით სიარული, ცურვა და სწრაფი სიარული.

  • ყველა ასაკის ჯანმრთელი მოზრდილი პირისთვის რეკომენდებულია: კვირაში სულ მცირე 150 წუთი ზომიერი აერობული ფიზიკური აქტივობა, ან 75 წუთი ინტენსიური აერობული ფიზიკური დატვირთვა.
  •  ჯანმრთელ პირებში შესაძლებელია აერობული ფიზიკური დატვირთვის გაზრდა თანდათან –  300 წუთამდე ან 150 წუთამდე ინტენსიური დატვირთვის პირობებში. 

ფიზიკური აქტივობა რეკომენდებულია დაბალი რისკის მქონე პირებშიც. 

  •  რა სახის და რა ინტენსივობის ფიზიკური აქტივობაა აუცილებელი გულის ქირურგიული ან მასთან დაკავშირებული მანიპულაციების შემდგომ?

ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია იმ პაციენტებში, ვისაც დიაგნოსტირებული აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე აუცილებელია ისეთი ქირურგიული მანიპულაციების შემდგომ, როგორიცაა აორტო-კორონარული შუნტირება და კორონარული ანგიოპლასტიკა. 

აორტო-კორონარული შუნტირება არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება შევიწროებულ ან დათრომბილ არტერიებში სისხლის მიმოქცევის აღდგენა შემოვლითი გზით. შუნტირებისას სხეულის სხვა ნაწილიდან იღებენ სისხლძარღვს ძირითადად გულ-მკერდის არედან ან ფეხიდან და აკერებენ შევიწროებულ ან დახშულ კორონარულ სისხლძარღვს. მათი რაოდენობა დამოკიდებულია სისხლძარღვის დაზიანებასთან. შუნტირების შემდეგ კლინიკაში დარჩენა საჭიროა მინიმუმ 7-10 დღე, გამოჯანმრთელების პერიოდი ინდივიდუალურია.

აუცილებელია პირველივე 48 საათის შემდეგ ფიზიკური აქტივობა,  5-6 დღეში შესაძლებელია კიბეზე ასვლა. ნორმალური ცხოვრების სტილს პაციენტი უბრუნდება 6-8 კვირაში.

ავსტრალიის ეროვნული გულის ასოციაცია: გაითვალისწინეთ, რომ კიბეებზე ასვლა მეტ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ დაუთმეთ საკმარისი დრო და დაისვენეთ საჭიროების შემთხვევაში. თანდათან გაზარდეთ საფეხურების რაოდენობა, რომლებსაც ადიხართ და მათზე ასვლის სისწრაფე/სიჩქარე.

რაც შეეხება კორონარულ ანგიოპლასტიკას, ეს ნაკლებად ინვაზიური ოპერაციაა. რომლის დროსაც ხდება დაზიანებული უბნის აღდგენა სტენტის იმპლანტაციით. კორონარული ანგიოპლასტიკის შემდეგ ფიზიკური გააქტიურება და კლინიკის დატოვება დამოკიდებულია დიაგნოზსა და ზოგად მდგომარეობაზე.

  • როდის არ არის რეკომენდებული ფიზიკური აქტივობა ?

როგორც აღვნიშნეთ ფიზიკური აქტივობა ზოგადად სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, მაგრამ არის გარკვეული მდგომარეობა, როდესაც აუცილებელია ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა. 

ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა  მწვავე კორონარული სინდრომი, (რომელიც მოიცავს მიოკარდიუმის მწვავე იშემიას ან არასტაბილურ სტენოკარდიას), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის მწვავე უკმარისობა – რეკომენდებულია დასვენება მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. 

შეწყვიტეთ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა თუ გაქვთ ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქოშინი  ან თავბრუსხვევა.

ექვს თვეში საქართველოში ავტოავარიით 183 ადამიანი დაიღუპა

2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 183 ადამიანი დაიღუპა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად. მათგან 90 – ბოლო სამ თვეში.

შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასულ სამ თვეში აჭარაში 14 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად. 

მეორე კვარტალში ავტოავარიაში დაღუპული 90 ადამიანიდან 18 ქვეითი იყო.

ბოლო წლების სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს სიკვდილის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევაა – 2022 წელს 91 ადამიანი დაიღუპა ამ მიზეზით, 2021 წელს – 90, 2020 წელს კი – 122.

რუსეთის და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულების ახალი წესი ქართული ბანკებისთვის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი დაამტკიცა.

„საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ევალებათ რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებულ სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, არ განახორციელონ უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ან ნაღდი ფულის ტრანსპორტირებით დაკავებული პირისთვის ნაღდი უცხოური ვალუტის [აშშ დოლარი/ფუნტი სტერლინგი/ევრო] მიწოდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფულის ტრანსპორტირება ხდება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში ან ევროზონის ქვეყნებში.“ – აღნიშნულია სების პრეზიდენტის ბრძანებაში.

სანქციათა რეჟიმების შესრულების ახალი წესი განსაზღვრავს „ანგარიშვალდებული პირების ვალდებულებას, შეასრულონ რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციათა რეჟიმების მოთხოვნები და ამ მიმართულებით შეიმუშაონ/დანერგონ ეფექტიანი შიდა კონტროლის მექანიზმები.“

ახალი წესის მიხედვით, რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულებაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, ანგარიშვალდებულ პირებს დაევალათ საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ გარკვეული ანგარიშგებები სების მიერ დამტკიცებული ფორმების მიხედვით:

„საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ევალებათ  საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინონ ანგარიშგება განსაზღვრული ფორმით, რომელიც მოიცავს:

  • ინფორმაციას რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან ან/და სხვა გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ;
  • ინფორმაციას ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ.

საქართველოში მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ევალებათ  საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინონ ანგარიშგება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან ან/და სხვა გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ.“

„საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, ანგარიშვალდებული პირების მიმართ გასცეს წერილობითი მითითებები.

თუ ანგარიშვალდებული პირი არ ასრულებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები.“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რომელსაც ხელს სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათელა თურნავა აწერს.

ამავე თემაზე:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი და ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტები სრულად იცავენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ განცხადებების მიუხედავად, რომ არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, საქართველო შეერთებულია არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ ეკონომიკურ სანქციასაც.

3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის, ისე შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, შეზღუდა ამერიკიდან და ევროპიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.

 

 

რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ქალაქ პოკროვსკიზე 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 67 პირი

7 აგვისტოს, ღამე, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკიზე.

ბოლო ცნობებით, ორი სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ქალაქის ცენტრში, დაიღუპა 7 ადამიანი.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად 67 ადამიანია დაჭრილი, მათ შორის 29 პოლიციელია, 7 მაშველი და ორი ბავშვი.

უკრაინული მედიის ცნობით, დაჭრილ პოლიციელებს შორის არის ვლადიმერი, რომელიც იყო მსტისლავ ჩერნოვის ფილმის – „20 დღე მარიუპოლში“ – გმირი. იგი განმეორებითი სარაკეტო თავდასხმის დროს დაიჭრა, ხალხის დახმარების დროს.

ასევე, დაღუპულთა შორის არის დონეცკის რეგიონში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ანდრი ომელჩენკო.

თავდასხმის შედეგად პოკროვსკიში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სასტუმრო, კვების ობიექტები, მაღაზიები და საოფისე შენობები.

ბათუმში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 აგვისტოს 21 საათიდან 9 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებდი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 30 – 35 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 10-11 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ ომი აგვეცილებინა – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2008 წელს „ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი“. მან ასევე თქვა, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ომის თავიდან ასაცილებლად.

პრემიერ მინისტრს დღეს, აგვისტოს ომის 15 წლის თავზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ საუბრობს ის უფრო მეტს წინა ხელისუფლებაზე, ვიდრე რუსულ აგრესიაზე და რატომ ადანაშაულებს ქვეყნის 20%-ის დაკარგვაში წინა ხელისუფლებას, როდესაც საერთაშორისო სასამართლომაც კი აღიარა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.

„მე მინდა შემდეგი რაღაც გიპასუხოთ. ის რომ პასუხისმგებლობა იყო და არის ხელისუფლების, ნებისმიერი ხელისუფლების, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ქვეყანას მოევლინოს ეს არის ომი. ომის პარტიამ და მოღალატეთა პარტიამ, მე არ მოვერიდები ამის თქმას, იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი რამ ვიცი, რაც თქვენ არ იცით და რაც ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სამწუხაროდ. ვუფრთხილდები რა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მე თავს ვიკავებ ამ ინფორმაციების გაჟღერებისგან, ისევ და ისევ ერთი მიზნის გამო, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

ბუნებრივია, რომ ეს უბედურება, ეს ტრაგედია, ეს ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. შედეგად რა მივიღეთ? 20% არის დღეს ოკუპირებული. რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს მეგობრებო. ბოლო კონტიგენტი რუსული ჯარის გავიდა 2007 წელს. ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო თუ არა სამარცხვინო მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას, როცა რამდენიმე თვის შემდეგ, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით და აღარ მინდა საუბარი გავაგრძელო.

ჩვენმა გმირმა სამხედროებმა, მე არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა გენშტაბის მეთაურს, იგი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მე მასზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მმართველობა, სამხედრო მმართველობა, აი, ის გმირი ოფიცრები… მათ იბრძოლეს თავდადებით, აჩვენეს გმირობის მაგალითი. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომის დაწყების მომენტიდან, ჩაიდინა საშინელი ღალატი,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რატომ არ წარუდგენთ მაშინ ბრალდებას სააკაშვილს? – ჰკითხეს მას ჟურნალისტებმა. პრემიერმა ამ კითხვის პასუხად განაცხადა:

„ძალიან კარგი კითხვაა. გასაგებია თქვენი ეს ემოცია, სუბიექტურად ხართ განწყობილი, მაგრამ თქვენ თუ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქენი უნდა გადარდებდეთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ამაზე მთავარი საკითხი  ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს – ეს არის ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება.

რაც შეეხება მთავარ საკითხს, ვიმეორებ – პატარა ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რაც შესაძლოა მოჰყოლოდა პროვოკაციები, რომელიც ომამდე ხდებოდა. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გამთლიანდება, გაერთიანდება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ამჟამად ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ისევ ანტიეროვნული, მოღალატეობრივი პოლიტიკა როგორ იქცეოდნენ და იქცევიან, აცხადებენ, რომ კვლავ გახსნიან მეორე ფრონტს და დაიწყებენ ომს. ეს მათი ხელწერაა, ისინი არ ფიქრობენ არაფერზე, გარდა საკუთარი პირადი კეთილდღეობისა, ეს არის რეალობა თუ გინდათ, რომ სიმართლე იცოდეთ.

ჩვენ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე ეს არის სააკაშვილი. მხოლოდ შედეგით ვილაპარაკოთ,“ – თქვა ღარიბაშვილმა.

3 ახალი საბავშვო ბაღი ბათუმში, სერვისცენტრები და საქანელები – 14 მილიონიანი ტენდერი

ბათუმში სამი ახალი საბავშვო ბაღის, მერიის სერვისცენტრების ოფისების, ჭიდაობის მოედნის მშენებლობაზე, ასევე, ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 14 769 915 ლარით ერთიანი ტენდერი გამოაცხადა.

ამავე ტენდერის ფარგლებში უნდა მოეწყოს ასევე სკვერი თამარ მეფის ქუჩაზე, ბულვარში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ფრენბურთის მოედანს და რამდენიმე ადგილზე უნდა დადგან საქანელები.

სატენდერო დავალების მიხედვით, გამარჯვებულმა უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:

[checklist]

  • ვაჟა-ფშაველას ქ.№83-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა [აქ არსებული შენობის დემონტაჟის შემდეგ]
  • აეროპორტის გზატკეცილი №82-ის მიმდებარედ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა,
  • ა. ნანეიშვილის ქ.№12-ის მიმდებარედ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა
  •  სერვისცენტრების ახალი ოფისების მშენებლობა: ადლიაში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე
  • ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა ცენტრად რეკონსტრუქცია-ადაპტაცია [სამუშაოების დასრულება]
  • თამარ მეფის ქ.№20-ში სკვერის მოწყობა
  • კოტე აფხაზის ქ. N4ა-ში ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის მოედნის მშენებლობა
  • ბულვარში არსებული ფრენბურთის მოედნის რეაბილიტაცია
  • „საქანელა ყველას“ მოწყობა: ბაქოს ქ.N74-ის მიმდებარედ, თამარ მეფის გამზირზე არსებულ სკვერში, ინასარიძის ქ. N3-ში, ლერმონტოვის ქ. N96-ში, შინდისის სკვერში.

[/checklist]

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რით იყო განპირობებული სხვადასხვა შესყიდვის ობიექტების გაერთიანება და მერიის სამმართველოს მივმართეთ. სამმართველოდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ „აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვების კომისიამ“.

ობიექტების გაერთიანებამ მთლიანობაში გააძვირა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, შესაბამისად, გართულდა და გაიზარდა მოთხოვნებიც ტენდერში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების მიმართაც.

სატენდერო მოთხოვნები პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში [2020 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე – 2023 წლის 28 ივლისამდე] შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [შენობა-ნაგებობების მშენებლობა] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 30 მილიონი ლარის ოდენობით;

ამასთან:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში [2020 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე] შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [სასწავლო დაწესებულება, სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა, რეაბილიტაცია რემონტი] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 5 მილიონი ლარის ოდენობით
  • მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში [2020 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე] შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [სასწავლო დაწესებულება, სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა, რეაბილიტაცია რემონტი] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 1,5 მილიონი ლარის ოდენობით“.

ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის კომპანიები, რომლებსაც მითითებულ პერიოდში 30 მილიონზე ნაკლები ლარის სამუშაოები აქვთ შესრულებული.

ბათუმის მერიის სამმართველოს ვკითხეთ, მიიჩნევენ თუ არა, რომ ეს უარყოფითად აისახება კონკურენტულ გარემოზე სახელმწიფო შესყიდვის დროს [მაგალითად, ვერ მიიღებენ მონაწილეობას ის კომპანიები, რომლებსაც აქვთ რესურსი და იმის გამოცდილება, რომ, მაგალითად, ერთი ან ორი ბაღი ააშენონ]?

ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას სამმართველომ თავი აარიდა და მოგვწერეს, რომ „როგორც ქართულ, ისევე უცხოურ ბაზარზე არსებობს კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ აღნიშნული სატენდერო პირობების და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების შესრულება.“

საბავშვო ბაღი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას N83-ში [მარცხნივ] და ამავე ბაღის რენდერი [მარჯვნივ] / ფოტოები ტენდერიდან
აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით სამმართველოს სხვა კითხვებიც დავუსვით:

კითხვა: შესყიდვის სავარაუდო ღირებულების და შესაბამისად, მოთხოვნების გაზრდა პრეტენდენტებისადმი, აჩენს ეჭვს, ტენდერის პირობების კონკრეტულ მიმწოდებელზე მორგების თვალსაზრისით. თქვენი არგუმენტები ამის საწინააღმდეგოდ?

  • პასუხი: „ტენდერის პროცესი არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. როგორც ქართულ, ისევე უცხოურ ბაზარზე არსებობს კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ აღნიშნული სატენდერო პირობებისა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების შესრულება.“

კითხვა:  შესყიდვის ობიექტების გაერთიანება და მოთხოვნების გაზრდა ხომ არ ზრდის რისკს, რომ ტენდერი ვერ შედგეს [დასრულდეს უარყოფითი შედეგით]?

  • პასუხი: „აქამდე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ყოფილა შემთხვევა, როდესაც ობიექტების გაერთიანების შემდგომ ტენდერი არ ჩავარდნილა და ჩავარდნილა ისეთი ტენდერი, რომელიც ერთ ობიექტზე იყო გამოცხადებული“.

ტენდერის პირობის მიხედვით, ყველა ობიექტზე სამუშაოები 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

სატენდერო პროცედურებს თუ გავითვალისწინებთ, ტენდერში გამარჯვებულს სამუშაოებისთვის 1 წლის ვადაც არ რჩება [ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2023 წლის 18 აგვისტოს და სრულდება 23 აგვისტოს].

რამდენად რეალურია აღნიშნული ტენდერის ტექნიკური დავალების შესრულება გამარჯვებულის მიერ დაახლოებით ერთი წლის ვადაში? აქედანვე ხომ არ ვქმნით რისკს, რომ შესაძლოა დავალება სრულად ვერ შესრულდეს? – ეს კითხვებიც სამმართველოს დავუსვით, თუმცა, ასეთი პასუხი მივიღეთ: „ობიექტების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოები უნდა შესრულდეს უმოკლეს ვადებში“.

ჩვეულებრივი პრაქტიკაა – როცა რამდენიმე ტენდერს იგებს კომპანია, ან იღებს რამდენიმე ობიექტს ერთი ტენდერით, ამ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებული ქირაობს ქვეკონტრაქტორებს [ამ ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციას, უმეტეს შემთხვევაში, არც სახელმწიფო უწყება ასაჯაროებს და არც ტენდერში გამარჯვებული].

აღნიშნული ტენდერის შემთხვევაში, პირობებში გაწერილია მოთხოვნები ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებითაც:

  • „მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტზე მომუშავე ყველა ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის შესახებ, ამ ორგანიზაციათა გამოცდილების შესახებ ინფორმაციაზე მითითებით, არაუგვიანეს 5 დღით ადრე სანამ ქვეკონტრაქტორი შეუდგება საქმიანობას.
  • აღნიშნულ ვადაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის ან/და არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული ვადის 10 კალენდარულ დღეზე მეტით დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
  • მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შეცვალოს ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც არაჯეროვნად (უხარისხოდ/დაგვიანებით) ასრულებს სამუშაოებს. აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ხსენებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
  • ამასთან, აღნიშნული ვადის 10 კალენდარულ დღეზე მეტით გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დამატებით დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ან შემსყიდველი ისარგებლებს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებით და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.“

ტენდერში გამარჯვებულის/მიმწოდებლის გამოვლენისა და სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, მერიის სამმართველო [მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით] 2023 წელს აანაზღაურებს:

  • აეროპორტის გზატკეცილი 82-ში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებზე – არაუმეტეს 1 300 000 ლარს
  • ალ. ნანეიშვილის ქ. N12-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობაზე – არაუმეტეს 1 300 000 ლარს
  • ვაჟა-ფშაველას ქ. N83-ში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე – არაუმეტეს 1 400 000 ლარს
  • სერვისცენტრების მშენებლობაზე – არაუმეტეს 1 500 000 ლარს
  • კოტე აფხაზის ქ. N4ა-ში ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის მოედნის მშენებლობაზე, ბულვარში არსებული ფრენბურთის მოედნის რეაბილიტაციასა და „საქანელა ყველას“ მოწყობაზე – 557 251 ლარს.

ამასთან, სამმართველო იტოვებს უფლებას „მიიღოს გადაწყვეტილება, 2023 წელს დამატებითი დაფინანსების შესახებაც“.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 250 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560]
  • ტანკი – 4 254 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 8 278 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 4 996 ერთეული [+19]
  • MLRS – 709 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 468 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 312 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 158 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 377 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 460 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 737 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 458 თვითმფრინავი
  • 245 ვერტმფრენი
  • 5 565 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 428 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 185 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 803 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 137 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

  • ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„უკრაინის და ქართული მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპას და მსოფლიოს“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი:

[yellow_box]15 წლის წინ რომ მსოფლიო უფრო მკაცრად მოქცეულიყო, რუსეთი ძნელად გაბედავდა ტერიტორიების ხელყოფას – სტეფანჩუკი[/yellow_box]

„შენ ყოველთვის მზად უნდა იყო, ეს არის სტიქიის მართვა“ – თეა გოდოლაძე შოვზე

შოვის ტრაგედიის შემდეგ მთავრობა ირწმუნება, რომ რეაგირება მყისიერი იყო, „ყველაფერი გაკეთდა“ და მეზობელი ქვეყნების დახმარება საჭირო არ იყო. მეორე მხრივ, მოქალაქეები ჰყვებიან, როგორ ელოდნენ დახმარებას ტალახში ჩარჩენილები, საათობით. განხილვის საგანია ასევე რისკის ზონების მონიტორინგი და დროული ინფორმირება.

აკეთებს თუ არა სახელმწიფო ყველაფერს იმისთვის, რომ მოქალაქეს ჰქონდეს სრული ინფორმაცია, საჭირო დროს საჭირო ადგილზე კი დახმარება ადეკვატურ დროში მიიღოს? – ამაზე თეა გოდოლაძეს ვკითხეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს.

  • ქალბატონო თეა, ახლა საუბარია იმაზე, რომ სამი წლის წინაც დაფიქსირდა იგივე ადგილზე სტიქია. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას ინფომაცია ჰქონდა რისკებთან დაკავშირებით, რეაგირება იყო შესაბამისი?

დიახ. მაშინ მასშტაბი იყო ნაკლები. ინფორმაცია სამი წლის წინაც ჰქონდათ და 20 წლის წინაც.

წლებია უკვე მყინვარული ღვარცოფები დასავლეთ საქართველოში მძვინვარებს. ამიტომ ეს არის თავისთავად უკვე სიგნალი, რომ მონიტორინგი დაიწყოს. ამ წლებში გლობალური დათბობის პირობებში ნებისმიერი მყინვარული მდინარე შესაძლებელია ხვალ უკვე წამოვიდეს, ეს არის მთავარი.

  • ასევე გაჩნდა კითხვები ადრე აშენებულ შენობებზე. მართალია, რომ თავის დროზე სწორი დაგეგმარების გამო დარჩა ისინი?

ეს არის არარელევანტური. დღეს გადარჩა, ხვალ შეიძლება ვერ გადარჩეს. ძველი კოტეჯები დატბორა, ძველი შენობები, შემაღლებულზე რაც იყო, დღეს გადარჩა, მაგრამ ხვალ შეიძლება უფრო მეტი მასა წამოვიდეს და ისიც მოჰყვეს, ამის ალბათობა არის. ძველი შენობები გადარჩა – ეს არის მითი. ჩვენ, სპეციალისტები, ასე არ ვლაპარაკობთ.

არც მაშინ შენდებოდა დასკვნებზე დაყრდნობით და არც ახლა. გამოვაქვეყნე ისტორიული მასალა ჩემს გვერდზე, სადაც წერია, რომ სამოციან წლებშივე ამბობდნენ, რომ არ შეიძლებოდა იქ არაფრის მშენებლობა და მაინც ააშენეს. ამიტომ ის, რომ ძველად რაღაცას უკეთესად აკეთებდნენ, არის მითი.

  • სტიქიის შემდეგ რეაგირებაზე მინდა გკითხოთ, სტიქიის პირველივე დღეს დაღამებისთანავე მუშაობა შეაჩერეს. ეს გადაწყვეტილება როგორ უნდა გავიგოთ?

ეს არის რეაგირების კომპონენტი, რაზეც მე ვერ ვისაუბრებ. ამაში მოვიკოჭლებ. ერთი არის კრიზისების მართვა და მეორე – რეაგირება. რეაგირების კომპონენტში, როგორც ჩვენ არ შეგვიძლია შიშველი ხელებით მუშაობა, არც იმათ შეუძლიათ. ოცდამეერთე საუკუნეში უნდა არსებობდეს ტექნოლოგიები, რომლებიც ღამე მუშაობის საშუალებას მოგვცემს, ეს არის განათების სისტემები, მობილიზაცია და ასე შემდეგ.

  • მთავრობა ამტკიცებს, რომ არ იყო საჭირო დახმარების თხოვნა მეზობელი ქვეყნისთვის, მეორე მხრივ მოქალაქეები ჰყვებიან, რომ საათობით ელოდნენ დახმარებას ტალახში ჩაფლულები…

დახმარება ყოველთვის გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რაღაც თემებში დარწმუნებული ვარ, როგორც დარგის სპეციალისტი, ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ გამოცდილებას. ყოველთვის ვეკითხები ჩემს ამერიკელ კოლეგებს რა როგორ ხდება და ასე შემდეგ, გამოცდილება არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ამიტომ დახმარებაზე უარი არასოდეს არ უნდა თქვა.

როდესაც რეაგირებაზე არის საუბარი, ეს არის საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებლად ითვალისწინებენ სწრაფ რეაგირებას. მაგალითად, სომხეთში რაღაც რომ მოხდეს ან ჩვენთან, როდესაც პარტნიორობაზე არის ლაპარაკი, სწრაფი რეაგირების სისტემა ეს არის ზუსტად, რომ ვიღაც უნდა ჯდებოდეს ვერტმფრენში და უცებ მიფრინავდეს.

უნდა იყო ყოველთვის მზად, ეს არის სტიქიის მართვა, ეს არის რეაგირების მართვა.

გამართული რომ იყოს ყველაფერი, როგორ არის იცით… აი, მაგალითად მოხდა მიწისძვრა, მე არ მყავს ვერტმფრენი… როცა მიწისძვრა ხდება, მე ეპიცენტრში უნდა გადავფრინდე დაახლოებით 15 წუთში. რაც არ უნდა იყოს, მე უნდა ავდგე და ჩავიდე იქ, ეს არის რეაგირება. როცა ადამიანებს სჭირდება, მყისიერი რეაგირების სისტემა უნდა იყოს გამართული, გამართული უნდა იყოს ბაზები.

დიახ, ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ და ამ ყველაფერს ძალიან დიდი თანხა სჭირდება, მაგრამ ეს არის საჭირო.

  • ისევ ვუბრუნდები ამ საკითხს, მაგრამ მთავრობის წევრები ამბობენ, რომ არ სჭირდებოდათ დახმარება და ყველაფერი დროულად გააკეთეს…

ამას ცოდნა სჭირდება. როგორ გითხრათ, ეს ცალკე სფეროა საერთოდ.

მაგალითად, ხანძარზე რეაგირება ცალკე სფეროა – როცა გაქვს ხანძარსაშიში ტერიტორია, უნდა იცოდე, რომ იქ წყალი უნდა გედგას 24 საათი, იმიტომ, რომ იცი, შეიძლება წამში გაჩნდეს პრობლემა, მერე ხომ არ დაიწყებ წყლის ძებნას… ამიტომ არის, რომ სამაშველო სისტემა არის სადღეღამისო, ხდება რაღაც – რეაგირებ, მიდიხარ.

  • წინასწარი შეტყობინების სისტემებზეც გავიგეთ, რომ დაფინანსება მიგვიღია და უკვე დამონტაჟებულიც უნდა გვქონოდა…

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემასაც მოსდის შეცდომები. მიწისძვრის წინასწარი შეტყობინების სისტემა არ არსებობს, მაგრამ მაქვს რეაგირების სისტემა. თუმცა, მეც მომივა შეცდომა აუცილებლად და შეცდომა ხდება იმიტომ, რომ ეს აპარატია. სისტემაც შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან ან არ მოგცეს სწორი მონაცემი. მიუხედავად იმისა, რომ ცდომილება აქვს, თქვენ უნდა შეგეძლოთ რეაგირება. უნდა გქონდეთ ეს სისტემები, კარგია თუ ცუდი, უნდა გვქონდეს. ამის დახმარებით თქვენ წინასწარმეტყველება არა, მაგრამ შეგიძლიათ წინასწარი შეფასება, პრევენცია.

როცა იცი, რომ იქ სადღაც გაქვს რთული ადგილი და ცუდი რაღაც შეიძლება მოხდეს, უნდა გქონდეს გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც იმუშავებს და რომელიც, ასე ვთქვათ, შედეგს დადებს.

  • რეალურია თუ არა, რომ სითბური დრონები ეფექტურად მუშაობს ასეთ შემთხვევაში?

კი რეალურია , ოცდამეერთე საუკუნეა, სამაშველო ვერტმფრენებსაც აქვთ სითბური დრონები.

  • პრემიერი ჩავიდა ვერტმფრენით, კრიზისულ დროს ვერტმფრენის მოცდენა პრემიერის ჩასაყვანად შეიძლებოდა? ეს სწორი მენეჯმენტია?

მე რომ ვწყვეტდე ამ სისტემების ფუნქციონირებას, სხვანაირ მენეჯმენტს გავაკეთებდი, ეს არის ცოდნა. აქ აქვთ ძალიან არასწორი მიდგომა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჰგონიათ, რომ დღეს მოხდა და ხვალ აღარ მოხდება, 10 წლის მერე თუ მოხდება, რა უჭირს.

10 წლის შემდეგ კი არა, ხვალ შეიძლება სხვაგან მოხდეს. რომ არ იცი გეოლოგია, გლაციოლოგია, უნდა მოუსმინო სხვას, ამიტომ არის სპეციალისტი. მე რომ მივდივარ ექიმთან, ვუსმენ. ისიც უნდა იცოდე თან, რომელი ექიმია კარგი და რომელი ცუდი, ბევრი ცუდი ექიმია, ბევრს შეცდომა მოსდის. შეცდომიდან დაზღვეული კარგი ექიმიც არ არის. რთულია ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ ეს არის რეალობა, რაც გვაქვს.

  • უნდა გკითხოთ სამშენებლო ნებართვებზეც, ხშირად გდგ დოკუმენტებს ამტკიცებენ ისე, რომ გეოლოგიის ნაწილი კარგად არ აქვთ შესწავლილი, თან საკმაოდ მასშტაბური მშენებლობებს მოიაზრებს ეს დოკუმენტები. 

ეს არის შეცდომა და ეს არ უნდა ხდებოდეს. გეოლოგიური დასკვნის გარეშე საერთოდ არ უნდა გაიცეს არცერთი ნებართვა. ქალაქის დაგეგმარება არის ძალიან რთული თემა, ქალაქის დაგეგმარების პირობებში აუცილებლად უნდა გვქონდეს სწორი განაშენიანების პოლიტიკა.

Exit mobile version