მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ხულოში სამშობიარო განყოფილების მუშაობა აქციების შემდეგ განახლდა

10.08.2023
ხულოში სამშობიარო განყოფილების მუშაობა აქციების შემდეგ განახლდა

ხულოს კლინიკაში გინეკოლოგიური და სამეანო მომსახურება განახლდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ხულოში უკვე ადგილზე არის მივლენილი სპეციალისტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამეანო მომსახურებას გაუწევს მოსახლეობას.

ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას აწვდის სს „ევექსის კლინიკები“ – ხულოს კლინიკა, სადაც ბოლო ხანს მშობიარობა არ იყო შესაძლებელი.

სამედიცინო დაწესებულების მთავარი მენეჯერი, რუსლან აბულაძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ კლინიკაში ამჟამად დროებით მიწვეულია მეან-გინეკოლოგი ზუგდიდიდან:

„სამშობიარო სერვისი გრძელდება, ექიმი ადგილზეა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. თუ პაციენტი იქნება, სამედიცინო მომსახურებას მიიღებს. ამჟამად ჩვენთან მუშაობს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს, სამეანო განყოფილების უფროსი სერგო ფიფია. თვის ბოლომდე ყველაფერი დალაგდება და გადაწყდება. შეთანხმების საკითხია“ – ამბობს ის.

ხულოში სამშობიარო სერვისის განახლებას წინ უძღოდა აქცია და ოფიციალური მიმართვები.

არასამთავრობო ორგანიზაციები: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „სოლიდარობის თემი“ მოუწოდებდნენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტში უზრუნველყო სამშობიარო განყოფილების გახსნა და სხვა საჭირო სერვისების მობილიზება.

„დღეს არსებული მდგომარეობით, ხულოში, სადაც 23 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ არსებობს სამშობიარო განყოფილება და მუნიციპალიტეტს აღარ ჰყავს არცერთი გინეკოლოგი. ამის გამო ქალები ვერ ახერხებენ ჯანდაცვის საბაზისო სერვისების მიღებას, რაც საფრთხეს უქმნის მათი და მათი შვილების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას” – წერდნენ არსამთავრობო ორგანიზაციები „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „სოლიდარობის თემი“, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიწერილ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/489137/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.