მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია კონდიციონერს? | ექიმის რჩევები

10.08.2023 • 5466
ჯანმრთელობის რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია კონდიციონერს? | ექიმის რჩევები

ზაფხულობით ოფისში დასაქმებული ადამიანები ხშირად უჩივიან რესპირატორულ პრობლემებს, მათ შორის: ყელისა და ცხვირის გამოშრობას, ყელის ტკივილსა და რინიტს. მიზეზი კონდიციონერია, რომელსაც სასუნთქი სისტემის გაღიზიანების დიდი პოტენციალი აქვს. იმის შესახებ, თუ როგორ აღიზიანებს კონდიციონერი რესპირატორულ სისტემას, რა უნდა გავითვალისწინოთ პრევენციისთვის და როგორია ამ სიმპტომების მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდები, „ბათუმელები“ ესაუბრა ბათუმის სამედიცინო ცენტრის ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, ქირურგ გიორგი ალიშანიძეს.

ვენტილაცია-კონდიცირების სისტემებისა და რესპირატორულ სიმპტომებს შორის კავშირის შესაფასებლად ჩატარებულმა ბრაზილიურმა კვლევამ აჩვენა, რომ კონდიცირებულ საოფისე შენობებში მომუშავე ადამიანების 79.8 პროცენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომი, მათ შორის ცხვირის სიმპტომები, ნაზო-ოკულარული სიმპტომები; ასევე, კონდიცირებულ შენობებში მუშაობისას აღინიშნებოდა სინუსიტის სიმპტომების გაუარესება, ხველა.

  • ბატონო გიორგი, რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს მთელი დღის განმავლობაში კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში ყოფნა?

კონდიციონერიან ოთახში ხდება ერთი და იმავე ჰაერის ტრიალი, რაც ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ასეთ ჰაერში იმატებს ნახშირორჟანგი, მიკრობები, ბაქტერიები და როცა არ ხდება ახალი ჰაერის შეშვება სივრცეში, იქმნება ხელსაყრელი გარემო ბაქტერიებისა და ვირუსებისთვის. ამიტომ ხშირად უნდა მოხდეს ასეთი სივრცის განიავება.

გარდა ამისა, კონდიციონერის მუშაობის დროს ხდება ჰაერის ძლიერი გამოშრობა; ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, არ არის სათანადოდ დატენიანებული, შესაბამისად ცხვირი თავის ფუნქციას, რომელიც მოიცავს ჰაერის დატენიანებას და ასევე მის გაწმენდას მიკრობებისგან – სათანადოდ ვეღარ ასრულებს. თავიდან კომპენსატორულად მუშაობს, მაგრამ შემდგომში უკვე ძალიან რთულდება ამის გაკეთება.

ცხვირის ფუნქციაა დაატენიანოს და გაწმინდოს ჰაერი, მაგრამ როდესაც ჰაერი არის ძალიან გამომშრალი, ამას ვეღარ ახერხებს ცხვირის ეპითელიუმი, შესაბამისად ფილტვებს მიეწოდება გამომშრალი ჰაერი, რაც უწყობს ხელს ორგანიზმის დეჰიდრატაციას, ანუ გაუწყლოებას. რეკომენდაცია ასეთ დროს არის სითხის მოხმარების გაზრდა. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ორგანიზმი ფილტვების მეშვეობით კარგავს სითხეს, ანუ ამოსუნთქულ ჰაერში მეტია სითხე, რადგან ორგანიზმი ცდილობს მშრალი ჰაერი დაატენიანოს. ამ დროს ქვეითდება იმუნიტეტი და ვირუსებისა და ბაქტერიებისთვის იქმნება საკმაოდ ხელსაყრელი გარემო.

  • ყელზე როგორ მოქმედებს?

მექანიზმი იგივეა აქაც – მშრალი ჰაერი აღიზიანებს ზედა სასუნთქ გზებს, მათ შორის ყელსაც. თუმცა ყელის შემთხვევაში, კონდიციონერის პარალელურად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცივი წყლის დალევაც, ამიტომ წყლის ტემპერატურაც გასათვალისწინებელი ფაქტორია პრევენციისთვის.

ასეთ დროს შეიძლება გამოხატული იყოს ყელ-ყურ-ცხვირის ტკივილი,  ცხვირის სიმშრალე, ხველა, ხმის შეცვლა ხშირია, ყურის ტკივილი.

ორგანიზმისთვის ასევე  ძალიან მავნეა ტემპერატურის მონაცვლეობა – გასვლა კონდიცირებული ოთახიდან, იმ სივრცეში სადაც არ არის კონდიციონერი და და შემდეგ უკან დაბრუნება დაბალ ტემპერატურასთან. ტემპერატურის ასეთი ცვალებადობა არა მარტო რესპირატორულ სისტემას, არამედ მთელ ორგანიზმს ვნებს.

საქმე ის არის, რომ ორგანიზმს აქვს თავისით გაგრილების სისტემა – თბორეგულაცია, მაგრამ ტემპერატურის ასეთი ცვალებადობის დროს, უხეშად რომ ვთქვათ, ორგანიზმი ვეღარ ხვდება რეალურად სიცხეა თუ სიგრილე და ვერ ახდენს ადაპტაციას, სწორედ ამ ადაპტაციის მომენტში არის ხშირი ყურის, ყელის ატკივება (რასაც ხშირად აღწერენ პაციენტები).

  • რით შეიძლება დავეხმაროთ მტკივან ყელს და რამდენად ეფექტურია ამ დროს მარილიანი ან სოდიანი სავლები? 

პირველი, რაც ასეთ დროს უნდა გააკეთოთ, უნდა შეზღუდოთ ცივი წყლისა და ცივი საკვების მიღება. ასევე, უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხარე და მჟავე საკვები, რაც ამ ყველაფერს ამწვავებს და აღიზიანებს. საკვები უნდა იყოს შედარებით თხიერი კონსისტენციის.

ასევე, ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება არის ამ დროს გვირილის ჩაი. თუ შორსწასული პროცესია, ძალიან სტკივა ყელი პაციენტს, უჭირს მეტყველება და ჭამა, ცხადია, უნდა მიმართოს სპეციალისტს.

გვირილის ჩაის აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არის ანტიბაქტერიული, თანაც, სხვა სავლებებისგან განსხვავებით, პაციენტს შეუძლია გადაყლაპოს/დალიოს და არავითარი პრობლემა და დისკომფორტი არ შეიქმნება, რადგან დასალევადაც ინიშნება. არ აღიზიანებს რეცეპტორებს, არ აღიზიანებს ეპითელიუმს – არ აქვს პრაქტიკულად უკუჩვენება, მაგრამ გვირილის ჩაი უნდა იყოს თბილი და არა ცხელი.

  • რეკომენდაციები:

მოგეხსენებათ, ზაფხულში სითხე დიდი რაოდენობით უნდა მივიღოთ, მათ შორის კონდიციონერით გაგრილების დროსაც, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ ამ დროს ხდება გამოშრობა. ის ფაქტი, რომ სიცხეში არ ვიმყოფებით და სითხის რაოდენობა შეიძლება იგივე მივიღოთ – არ არის სწორი.

კონდიცირებულ საოფისე სივრცეში მომუშავე ადამიანებთან ასევე ხშირად გვხვდება თვალების გამოშრობაც, ამისთვის ძალიან ეფექტურია თვალის ლუბრიკანტის [ე.წ. ხელოვნური ცრემლი] გამოყენება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: