მთავარი,სიახლეები

რა სურს „იანდექსისგან“ კრემლს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება – ISW

11.08.2023 • 2545
რა სურს „იანდექსისგან“ კრემლს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება – ISW

დღეს, 11 აგვისტოს, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] ანალიტიკოსები წერენ, რომ კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს რუსული ინტერნეტ გიგანტის, Yandex-ის ნაციონალიზაციას, რათა გააძლიეროს კონტროლი რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებისას.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ „იანდექსი“ კრემლსა და მის უცხოელ მმართველ ორგანოებს შორის სავარაუდოდ ცდილობდა ბალანსის დაცვას, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა კრემლთან ბრძოლას აგებს.

სავარაუდოდ, კრემლი აიძულებს Yandex-ს გაყიდოს ან დისტანცირდეს საერთაშორისო შვილობილი კომპანიებისგან, მათ შორის ტაქსის სერვის Yango Israel-სგან, რათა სრულად აამოქმედოს პერსონალური მონაცემების შესახებ რუსული კანონი, რომელიც Yandex-ს ავალდებულებს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს მომხმარებლის ყველა მონაცემი – არა მხოლოდ რუსეთში მცხოვრების.

რუსეთის მთავრობამ Yandex-ი ამ კანონის შეუსრულებლობისთვის ერთხელ უკვე დააჯარიმა, არადა Yandex-ი ამტკიცებდა, რომ მას არ შეეძლო მოთხოვნილი მონაცემების მიწოდება.

რუსეთმა აქამდე უკვე დააჯარიმა Yandex-ის აღმასრულებელი დირექტორი არტემ სავინოვსკიც, შესაძლოა კომპანიის იძულების მიზნით.

IT კომპანიის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ Yandex ცდილობს დაიცვას ყველა იმ ქვეყნის კანონი, სადაც მუშაობს.

ზოგი რუსული შიდა წყაროს ვარაუდით, Yandex-ის კორპორაციული განვითარების მრჩეველი, ალექსეი კუდრინი ცდილობდა Yandex გადაექცია ნაციონალურ კერძო კომპანიად, რომელსაც პუტინის პირადი ბანკირი იური კოვალჩუკი გააკონტროლებდა.

Yandex-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, არკადი ვოლოჟმა, 10 აგვისტოს საჯაროდ დაგმო უკრაინაში შეჭრა. ზოგი რუსული წყაროს ვარაუდით, ვოლოჟის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ მისთვის ცნობილია, კრემლი, სავარაუდოდ, უფრო შორს რომ წავა ფორმალური ნაციონალიზაციის თვალსაზრისით.

Yandex-ში თავის წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-სი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კრემლი „იანდექსის“ ნაციონალიზაციას მოახდენს, მათ ეშინიათ „ტვინების გადინების“, რადგან „იანდექსის“ ბევრმა თანამშრომელმა დატოვა რუსეთი 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

კრემლმა, სავარაუდოდ, იცის ეს წუხილი, რადგან კრემლის ჩინოვნიკებთან დაკავშირებულმა ინვესტორებმა Yandex-ის შეძენაზე განაცხადი ახლახან წარადგინეს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილესთან, სერგეი კირიენკოსთან აფილირებული პირებისთვის „იანდექსის“ შესაძლო გადაცემა იმაზე მიუთითებს, რომ პუტინი ცდილობს დააჯილდოოს კირიენკო ერთგულებისთვის, განსაკუთრებით 24 ივნისს „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: