მთავარი,სიახლეები

რუსეთის და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულების ახალი წესი ქართული ბანკებისთვის

08.08.2023
რუსეთის და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულების ახალი წესი ქართული ბანკებისთვის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი დაამტკიცა.

„საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ევალებათ რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებულ სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, არ განახორციელონ უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ან ნაღდი ფულის ტრანსპორტირებით დაკავებული პირისთვის ნაღდი უცხოური ვალუტის [აშშ დოლარი/ფუნტი სტერლინგი/ევრო] მიწოდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფულის ტრანსპორტირება ხდება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში ან ევროზონის ქვეყნებში.“ – აღნიშნულია სების პრეზიდენტის ბრძანებაში.

სანქციათა რეჟიმების შესრულების ახალი წესი განსაზღვრავს „ანგარიშვალდებული პირების ვალდებულებას, შეასრულონ რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციათა რეჟიმების მოთხოვნები და ამ მიმართულებით შეიმუშაონ/დანერგონ ეფექტიანი შიდა კონტროლის მექანიზმები.“

ახალი წესის მიხედვით, რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულებაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, ანგარიშვალდებულ პირებს დაევალათ საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ გარკვეული ანგარიშგებები სების მიერ დამტკიცებული ფორმების მიხედვით:

„საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ევალებათ  საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინონ ანგარიშგება განსაზღვრული ფორმით, რომელიც მოიცავს:

  • ინფორმაციას რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან ან/და სხვა გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ;
  • ინფორმაციას ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ.

საქართველოში მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ევალებათ  საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინონ ანგარიშგება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან ან/და სხვა გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ.“

„საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად, ანგარიშვალდებული პირების მიმართ გასცეს წერილობითი მითითებები.

თუ ანგარიშვალდებული პირი არ ასრულებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები.“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რომელსაც ხელს სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათელა თურნავა აწერს.

ამავე თემაზე:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი და ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტები სრულად იცავენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ განცხადებების მიუხედავად, რომ არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, საქართველო შეერთებულია არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ ეკონომიკურ სანქციასაც.

3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის, ისე შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, შეზღუდა ამერიკიდან და ევროპიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: