მთავარი,სიახლეები

30-დან 200 ლარამდე ბინის დაქირავება – რა ღირს ბათუმში დასვენება, კვება, ზღვაზე გასეირნება

09.08.2023 • 6401
30-დან 200 ლარამდე ბინის დაქირავება – რა ღირს ბათუმში დასვენება, კვება, ზღვაზე გასეირნება

რა ღირს ბათუმში დასვენება, რა ფასები აქვს 2023 წლის საზღვაო სეზონზე სასტუმროებს და ზღვაზე გართობას? ბათუმში დასვენება საკმაოდ ძვირადღირებულ სიამოვნებად იქცა. თუმცა აგვისტოს თვე ყველაზე ძვირადღირებული დროა ყველა საზღვაო ქალაქში.

დასვენების დროს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია კვება. შესაბამისად, ყოველ ზაფხულს დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ღირს ბათუმში აჭარული ხაჭაპური, რადგან ბათუმში დასვენებისას საუზმე ხშირად დილის ხაჭაპურით იწყება.

ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორნებში, მაგალითად, დიდი ზომის აჭარულ ხაჭაპურს, საშუალოდ 17 ლარად შეუკვეთთ, პატარას 14 ლარად. 17 ლარამდე ღირს დიდი იმერული ხაჭაპურიც. თუმცა, ოდნავ თუ გაცდებით ქალაქის ცენტრს, ხაჭაპურსაც შედარებით ნაკლებ ფასად მოგართმევენ.

სადილად თუ პიცაზე შეივლით – 10-დან 25 ლარამდე ღირს პიცა ზომისა და შემადგენლობის მიხედვით.

თუ მსუბუქად გსურთ ისადილოთ სალათა ცეზარს ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორანში საშუალოდ 16 ლარად შეუკვეთთ. თუ გადაწყვეტთ, რომ ცენტრალური ქუჩებიდან შეგიძლია ქალაქის სიღრმეშიც გაისეირნოთ, ცეზარსაც შედარებით იაფად დააგემოვნებთ.

სავახშმოდ ნამცხვრის დაგემოვნებას ჩაის თანხლებით, დაახლოებით 15, 20 ლარი დასჭირდება.

ბევრს დაზოგავთ თუ საკვებს თქვენით მოიმზადებთ. მაგრამ დასვენების დროს შინ მზადებას, დღეში სამჯერ სასტუმროში დაბრუნებას საჭმელად დიდი დრო მიაქვს და ეს დრო შვებულების, განტვირთვის ძვირფას დროს აკლდება. გააჩნია ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი. თუ სადილების მზადება ადამიანისთვის განტვირთვაა, მაშინ რატომაც არა.

რაც შეეხება ზღვაზე გასეირნების ფასებს, წელს თითქმის არ შეცვლილა წინა წელთან შედარებით:

ფასები განსხვავებულია იახტით და დიდი გემით გასეირნებისას. იახტკლუბში დიდი გემით გასეირნების ფასი ზაფხულში 10 ლარიდან იწყება. ყველაზე იაფი დიდი სასეირნო გემია. ნახევარი საათით გასეირნება ერთი ადამიანისთვის 10 ლარი ღირს. ამ დროს სხვა ტურისტებს ელოდებით და როცა გემი ივსება, ზღვაში მერე გადიხართ.

გემზე წვეულების მოწყობა ერთი საათით 200-დან 300 ლარამდე ღირდა ივლისამდე, ივლისიდან ფასები გაიზარდა და ერთი საათით წვეულების ღირებულება  გემზე ახლა 500 ლარი ღირს სეზონის ბოლომდე.

პარაშუტით ხტომა ღირს 150 ლარი ერთი ადამიანისთვის;

5,6 ადგილიანი იახტით გასეირნება 350 ლარი ღირს ერთი საათით;

ორადგილიანი ჰიდროციკლით, იგივე წყლის სკუტერით გასეირნება – 1 წუთი 15 ლარია;

4, 5 ადგილიანი ჩქაროსნული კატარღით გასეირნება 300 ლარი ღირს;

ბათუმის სიახლოვეს წყალქვეშ ყვინთვაც შეგიძლიათ. საჭირო აღჭურვილობით, ინვენტარით და ტრანსპორტირებით დაივინგი 350 ლარი ღირს. ძირითადად ციხისძირსა და კვარიათში ყვინთავენ.

შპს ბათუმის იახტკლუბის დამფუძნებელი დავით ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ წელს ზღვაზე გასეირნების მსურველი ტურისტების რაოდენობა განახევრებულია. პირადად მას 5 მცურავი ტრანსპორტი ჰყავს. თუმცა როგორც თავად გვეუბნება, კატეგორიულად არ ემსახურება რუსეთის მოქალაქეებს:

„რუსულად არ ვესაუბრები რუსეთის მოქალაქეებს. მხოლოდ ინგლისურად. ვეუბნები, რომ წაბრძანდნენ იქ, საიდანაც მობრძანდნენ. რაც ჩემ შესაძლებლობებშია ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ იგრძნონ დისკომფორტი და უთხრან ყველას თავისთან, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უღირთ საქართველოში ჩამოსვლა, უთხრან თავისიანებს, რომ მათ აქ არავინ ელოდება. არ მაინტერესებს პუტინისტია თუ არა რუსეთის მოქალაქე, ემხრობა თუ არა ომს, ამას არ ვარკვევ. არსებობს მხოლოდ ერთი რუსეთი.

ყოველთვის ირჩევენ ყველაზე იაფფასიან სერვისს რუსეთის მოქალაქეები. მხოლოდ 10 ლარად გემით გასეირნებას. მხოლოდ მე არ ვარ იახტკლუბში, ჩემ გარდა უამრავ ადამიანს ჰყავს მცურავი საშუალებები, მე მათ ვერაფერს მოვუწოდებ, მაგრამ თავად ვიქცევი ისე, როგორც სწორად მიმაჩნია“, – ამბობს დავით ფირცხალაიშვილი.

ცხადია, შვებულების დაგეგმვის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბინის/სასტუმროს ფასებიც. ბათუმში, მათ შორის სანაპირო ზოლში შეიძლება ბინის დაქირავება 80-100 ლარად და ამ ბინაში 2, 3 ადამიანი თავსდება.

ტურისტები 50%-ით შეგვიმცირდა, არც რუსები ქირაობენ ბინას – ბინის მეპატრონეები ბათუმში

ბინების მეპატრონეებისგან ნაქირავები ბინა ადგილის, კომფორტის და ზომის მიხედვით სხვადასხვა ფასი ღირს. ორსაძინებლიან ბინას მაგალითად, გორგილაძისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ლალი ბერიძე 100 ლარად აქირავებს. ბინაში 4, 5 ადამიანი თავსდება. ასე ბინის დაქირავება 4 დამსვენებლის შემთხვევაში თითო ადამიანს 25 ლარი გამოუვა, რაც საკმაოდ იაფია.

მელიქიშვილის ქუჩის 90 ნომერში მაიკო გოგიძე აქირავებს ასევე ორსაძინებლიან ბინას 100 ლარად, ბინაში 4 ადამიანი თავსდება.

„სეზონურად ვაქირავებ ბინას, რომელშიც თავად ვცხოვრობ მთელი წლის მანძილზე. ძალიან კარგი ბინაა, ყოველგვარი კომფორტით და ფასიც ვფიქრობ მოსახერხებელია. ზღვიდან 15 წუთის სავალზეა ჩემი სახლი“, – ამბობს მაიკო.

60, 70, 80 ლარად შეგიძლიათ იქირავოთ ბინა 2, 3, 4 ადამიანის განთავსებით ლერმონტოვისა და პუშკინის ან სელიმ ხიმშიშვილის ქუჩებზე.

ზემოთჩამოთვლილი ბინების მსგავსი ვარიანტები შეგიძლიათ ბათუმში ბინების გაქირავების სპეციალურ ფეისბუქგვერდებზე დაძებნოთ, ბევრი ასეთი გვერდი და ჯგუფია, სადაც გასაქირავებელი ბინების შესახებ მეპატრონეები თავად დებენ განცხადებებს. შეგიძლიათ თავადაც დაპოსტოთ, რომ ბინას ეძებთ, თანხის მითითებით, რამდენის გადახდა შეგიძლიათ და ბინების მეპატრონეები თავად გამოგეხმაურებიან.

ბათუმში რამდენიმე ძალიან მოწესრიგებული და კომფორტული ჰოსტელის პოვნაც შეიძლება, რომლებსაც მაღალი რეიტინგი აქვთ booking.com-ზე და სტუმრებიც საუკეთესოდ აფასებენ.

ჰოსტელში ღამისთევის ფასი 30-დან 100 ლარამდე მერყეობს – ზღვასთან სიახლოვის, კომფორტის, ოთახების ფართობის მიხედვით.

რაც შეეხება Booking.com-ზე არსებულ ხელმისაწვდომი სასტუმროს ტიპის ბინის ფასი ზღვის პირველსავე ზოლში, ერთი ღამით სულ მცირე 150-დან 180 ლარამდე ღირს.

თუ ზღვის ხედი კარგად მოჩანს და არაფერ ეფარება, ასეთი სტუდიოს ტიპის ოთახის ფასი 200-დან 300 ლარამდეც ღირს – ერთი ორადგილიანი საწოლით. ფასი 350-დან 400, 500 ლარამდე იზრდება თუ ორ ან სამოთახიან ბინას ეძებთ ზღვის ხედით. რაც უფრო მაღალ სართულზე ეძებთ სასტუმროს ტიპის აპარტამენტს ან სტუდიოს, მით უფრო იზრდება ქირის ფასი.

ბათუმში არაერთი ძვირადღირებულ სასტუმროცაა, მაგალითად, სასტუმრო „ჰილტონში“ 315 დოლარად, 819 ლარად დაჯავშნით ორადგილიან ნომერს ტბის და მთის ხედებით. ამავე სასტუმროში მსგავსი ნომერი ზღვის ხედით და აივნით 326 დოლარი, 847 ლარი ღირს.

ორივე შემთხვევაში თუ საუზმის დამატებაც გსურთ, ნომრის საფასურს ყოველდღიურად 29 დოლარი, 75 ლარი უნდა დაამატოთ.

სასტუმრო „შერატონში“ ორადგილიანი ნომერი ზღვის, მთის და ქალაქის ხედით 348 დოლარი ღირს. საუზმე 18, 50 დოლარად, 48 ლარად დაამატებთ (11-12 აგვისტოს ფასებით ბუქინგზე).

„რადისონში“ 183 ევრო, ანუ 519 ლარი ღირს სტანდარტული ორადგილიანი ნომერი ქალაქის ხედით და საუზმის გარეშე. ეს ყველაზე დაბალი ფასი 11-12 აგვისტოსთვის ამ სასტუმროში.

სტანდარტული ორადგილიანი ნომერი სასტუმროში Wyndham ყველაზე იაფად შეგიძლიათ დაჯავშნოთ 190,80 დოლარად – 496 ლარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: