ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ზღვაში თავმოყრილი 43 ათასი კუბური მეტრი ჭარბი ნატანია ამოსაღები და გასატანი. ამ სამუშაოებისთვის კი 3,5 მილიონი ლარია საჭირო.
ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხის შემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს.
ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა ბათუმის კონცხთან ნაპირს მოწყდა და ზღვაში მყისიერად დაიკარგა დაახლოებით 200 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი.
ბათუმის კონცხთან [ანბანის კოშკისა და იახტკლუბის მიმდებარე პლაჟთან] წყალქვეშა ფერდობზე ჭარბი ნატანის არსებობა დადასტურებულია კვლევით, რომელიც კერძო კომპანია „ქოსთ დიზაინმა“ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს დაკვეთით 2023 წელს ჩაატარა.
ამავე კომპანიამ მოამზადა შესაბამისი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც ჭარბი ინერტული მასალა უნდა ამოიღონ და ბათუმის სანაპიროს ავარიულ უბნებზე განათავსონ.
„საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, ბათუმის კონცხის მიმდებარე წყალქვეშა ფერდიდან ამოღებას ექვემდებარება 43 000 კუბური მეტრი ინერტული მასალა. ხარჯთაღრიცხვის მთლიანი ღირებულება შეადგენს 3 547 435 ლარს“, – მოგვწერეს აჭარის გარემოს სამმართველოდან.
„ბათუმელებმა“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან „ქოსთ-დიზაინის“ მიერ მომზადებული სრული დოკუმენტაცია გამოითხოვა, თუმცა ის არ მოგვაწოდეს.
სამინისტრომ ჩვენი წერილი მის დაქვემდებარებაში მყოფ გარემოს სამმართველოს გადაუგზავნა, სამმართველოდან კი მოგვწერეს, რომ „დღეის მდგომარეობით აღნიშნული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გადის შესაბამის სანებართვო პროცედურებს.“
„ბათუმელებს“ ვერ უთხრეს ასევე, კონკრეტულად როდის დაიწყება ბათუმის კონცხიდან ჭარბი ნატანის ამოღება და გატანა.
„ქოსთ დიზაინთან“ აჭარის გარემოს სამმართველომ ხელშეკრულება 2023 წლის 24 მარტს გააფორმა 41 700 ლარზე. პირველი ეტაპი იყო კვლევა ჭარბი ნატანის დასადგენად, ხოლო მეორე ეტაპი – ჭარბი ნატანის ამოღებისთვის საჭირო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, კომპანიისთვის 41 700 ლარი სრულადაა გადარიცხული.
—
ბათუმის სანაპიროს რამდენიმე ავარიულ უბანზე 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდში, ოფიციალური მონაცემებით, 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში შეიტანეს, რისთვისაც კომპანია „ბონდი-2009“-სთან ხელშეკრულება 5 568 487 ლარზე იყო გაფორმებული.
ზღვის ხელოვნური კვების პროექტიც „ქოსთ დიზაინის“ მიერ იყო მომზადებული. დოკუმენტებში აღნიშნული იყო ასევე, რომ „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.
დაწყებულია, თუ არა „ბათუმის სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიაზე“ მუშაობა, ამ დრომდე უცნობია, თუმცა, ბათუმის მერიამ დანგრეული სანაპირო ზოლის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის ფოლადის ხიმინჯებით [შპუნტებით] გამაგრება „ახალი სტრატეგიის“ გარეშე გადაწყვიტა.
სანაპიროს ამ მონაკვეთის გასამაგრებლად კი, ქალაქის ბიუჯეტიდან 15 658 999 ლარი დაიხარჯება. ამ თანხაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ხელშეკრულება შპს „გზასთან“ 2023 წლის 20 ივლისს გააფორმა. კომპანიამ სამუშაოები ამავე წლის 21 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს.
მთავარი ფოტო: პლაჟი ბათუმის კონცხთან /12.07.2023/ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ამავე თემაზე: