ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ღამის თავშესაფრის რეაბილიტაცია იგეგმება – სად გაათევს ღამეს 50 უსახლკარო

21.08.2021 • 2283
ბათუმში ღამის თავშესაფრის რეაბილიტაცია იგეგმება – სად გაათევს ღამეს 50 უსახლკარო

ბათუმში, ურეხში მდებარე მუნიციპალური ღამის თავშესაფრის ბენეფიციარებს დროებით „კარიტასი“ შეიფარებს. საუბარია 50 ადამიანზე, რომელიც ღამეს ამ თავშესაფარში ათევს. სექტემბრის ბოლოდან ურეხში მდებარე შენობის რეკონსტრუქცია უნდა დაიწყოს, რომელიც 2022 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„მოლაპარაკებები გავმართეთ ორგანიზაცია „კარიტასთან“, რომელსაც აქვს ასეთი თავშესაფარი ბათუმში. დაგვთანხმდნენ მიიღონ ჩვენი ბენეფიციარები – კვება ჩვენი იქნება და ფართობით თვითონ დააკმაყოფილებენ. ასე, რომ საკმაოდ კარგ პირობებში იქნებიან. სამუშაოები გაგრძელდება 2022 წლის ოქტომბრამდე და ეს თარიღიც მაქვს „კარიტასთანაც“ ნათქვამი. შესაბამის ხელშეკრულებას ამ დღეებში გავაფორმებთ“, – გვითხრა მამუკა შამილიშვილმა, ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორმა.

ურეხის დასახლებაში, ყოფილი ინტერნატის შენობაში მდებარე ღამის თავშესაფარი ამ სააგენტოს დაქვემდებარებაშია.

„კარიტასის“ უსახლკაროთა ღამის თავშესაფარი – „Cuore Amico“ კი, ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე მდებარეობს.

ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა ცენტრად რეკონსტრუქცია-ადაპტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 762 059 ლარით გამოაცხადა.

შპს „ბეგი ჯორჯია“ სამმართველოს შესაბამის მომსახურებას 2 495 000 ლარად სთავაზობს. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

„შენობის რეკონსტრუქცია როცა დასრულდება, ჩვენს ბენეფიციარებს დავაბრუნებთ, ანუ, ღამის თავშესაფარი ისევ აქ იქნება. თუმცა, საუბარია, რომ სხვა პროგრამებიც დაემატება… შესაძლოა ქუჩაში უმათვალყურეოდ დარჩენილ ბავშვებს დაეთმოს ერთი სართული. ახალი შენობა, ძირითადად, სოციალური სამსახურებით და პროგრამებით იქნება დატვირთული“, – გვითხრა მამუკა შამილიშვილმა.

დაახლოებით 4 წლის წინ, როცა შენობის რეკონსტრუქციის პროექტი მომზადდა, მაშინ საუბარი იყო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემაზეც და იქ სათნოების სავანეში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანაზე:

გადაეცემა თუ არა ბათუმის მერიის ღამის თავშესაფარი საპატრიარქოს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: