მთავარი,სიახლეები

„შენ ყოველთვის მზად უნდა იყო, ეს არის სტიქიის მართვა“ – თეა გოდოლაძე შოვზე

07.08.2023 • 3669
„შენ ყოველთვის მზად უნდა იყო, ეს არის სტიქიის მართვა“ – თეა გოდოლაძე შოვზე

შოვის ტრაგედიის შემდეგ მთავრობა ირწმუნება, რომ რეაგირება მყისიერი იყო, „ყველაფერი გაკეთდა“ და მეზობელი ქვეყნების დახმარება საჭირო არ იყო. მეორე მხრივ, მოქალაქეები ჰყვებიან, როგორ ელოდნენ დახმარებას ტალახში ჩარჩენილები, საათობით. განხილვის საგანია ასევე რისკის ზონების მონიტორინგი და დროული ინფორმირება.

აკეთებს თუ არა სახელმწიფო ყველაფერს იმისთვის, რომ მოქალაქეს ჰქონდეს სრული ინფორმაცია, საჭირო დროს საჭირო ადგილზე კი დახმარება ადეკვატურ დროში მიიღოს? – ამაზე თეა გოდოლაძეს ვკითხეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს.

  • ქალბატონო თეა, ახლა საუბარია იმაზე, რომ სამი წლის წინაც დაფიქსირდა იგივე ადგილზე სტიქია. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას ინფომაცია ჰქონდა რისკებთან დაკავშირებით, რეაგირება იყო შესაბამისი?

დიახ. მაშინ მასშტაბი იყო ნაკლები. ინფორმაცია სამი წლის წინაც ჰქონდათ და 20 წლის წინაც.

წლებია უკვე მყინვარული ღვარცოფები დასავლეთ საქართველოში მძვინვარებს. ამიტომ ეს არის თავისთავად უკვე სიგნალი, რომ მონიტორინგი დაიწყოს. ამ წლებში გლობალური დათბობის პირობებში ნებისმიერი მყინვარული მდინარე შესაძლებელია ხვალ უკვე წამოვიდეს, ეს არის მთავარი.

  • ასევე გაჩნდა კითხვები ადრე აშენებულ შენობებზე. მართალია, რომ თავის დროზე სწორი დაგეგმარების გამო დარჩა ისინი?

ეს არის არარელევანტური. დღეს გადარჩა, ხვალ შეიძლება ვერ გადარჩეს. ძველი კოტეჯები დატბორა, ძველი შენობები, შემაღლებულზე რაც იყო, დღეს გადარჩა, მაგრამ ხვალ შეიძლება უფრო მეტი მასა წამოვიდეს და ისიც მოჰყვეს, ამის ალბათობა არის. ძველი შენობები გადარჩა – ეს არის მითი. ჩვენ, სპეციალისტები, ასე არ ვლაპარაკობთ.

არც მაშინ შენდებოდა დასკვნებზე დაყრდნობით და არც ახლა. გამოვაქვეყნე ისტორიული მასალა ჩემს გვერდზე, სადაც წერია, რომ სამოციან წლებშივე ამბობდნენ, რომ არ შეიძლებოდა იქ არაფრის მშენებლობა და მაინც ააშენეს. ამიტომ ის, რომ ძველად რაღაცას უკეთესად აკეთებდნენ, არის მითი.

  • სტიქიის შემდეგ რეაგირებაზე მინდა გკითხოთ, სტიქიის პირველივე დღეს დაღამებისთანავე მუშაობა შეაჩერეს. ეს გადაწყვეტილება როგორ უნდა გავიგოთ?

ეს არის რეაგირების კომპონენტი, რაზეც მე ვერ ვისაუბრებ. ამაში მოვიკოჭლებ. ერთი არის კრიზისების მართვა და მეორე – რეაგირება. რეაგირების კომპონენტში, როგორც ჩვენ არ შეგვიძლია შიშველი ხელებით მუშაობა, არც იმათ შეუძლიათ. ოცდამეერთე საუკუნეში უნდა არსებობდეს ტექნოლოგიები, რომლებიც ღამე მუშაობის საშუალებას მოგვცემს, ეს არის განათების სისტემები, მობილიზაცია და ასე შემდეგ.

  • მთავრობა ამტკიცებს, რომ არ იყო საჭირო დახმარების თხოვნა მეზობელი ქვეყნისთვის, მეორე მხრივ მოქალაქეები ჰყვებიან, რომ საათობით ელოდნენ დახმარებას ტალახში ჩაფლულები…

დახმარება ყოველთვის გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რაღაც თემებში დარწმუნებული ვარ, როგორც დარგის სპეციალისტი, ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ გამოცდილებას. ყოველთვის ვეკითხები ჩემს ამერიკელ კოლეგებს რა როგორ ხდება და ასე შემდეგ, გამოცდილება არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ამიტომ დახმარებაზე უარი არასოდეს არ უნდა თქვა.

როდესაც რეაგირებაზე არის საუბარი, ეს არის საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებლად ითვალისწინებენ სწრაფ რეაგირებას. მაგალითად, სომხეთში რაღაც რომ მოხდეს ან ჩვენთან, როდესაც პარტნიორობაზე არის ლაპარაკი, სწრაფი რეაგირების სისტემა ეს არის ზუსტად, რომ ვიღაც უნდა ჯდებოდეს ვერტმფრენში და უცებ მიფრინავდეს.

უნდა იყო ყოველთვის მზად, ეს არის სტიქიის მართვა, ეს არის რეაგირების მართვა.

გამართული რომ იყოს ყველაფერი, როგორ არის იცით… აი, მაგალითად მოხდა მიწისძვრა, მე არ მყავს ვერტმფრენი… როცა მიწისძვრა ხდება, მე ეპიცენტრში უნდა გადავფრინდე დაახლოებით 15 წუთში. რაც არ უნდა იყოს, მე უნდა ავდგე და ჩავიდე იქ, ეს არის რეაგირება. როცა ადამიანებს სჭირდება, მყისიერი რეაგირების სისტემა უნდა იყოს გამართული, გამართული უნდა იყოს ბაზები.

დიახ, ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ და ამ ყველაფერს ძალიან დიდი თანხა სჭირდება, მაგრამ ეს არის საჭირო.

  • ისევ ვუბრუნდები ამ საკითხს, მაგრამ მთავრობის წევრები ამბობენ, რომ არ სჭირდებოდათ დახმარება და ყველაფერი დროულად გააკეთეს…

ამას ცოდნა სჭირდება. როგორ გითხრათ, ეს ცალკე სფეროა საერთოდ.

მაგალითად, ხანძარზე რეაგირება ცალკე სფეროა – როცა გაქვს ხანძარსაშიში ტერიტორია, უნდა იცოდე, რომ იქ წყალი უნდა გედგას 24 საათი, იმიტომ, რომ იცი, შეიძლება წამში გაჩნდეს პრობლემა, მერე ხომ არ დაიწყებ წყლის ძებნას… ამიტომ არის, რომ სამაშველო სისტემა არის სადღეღამისო, ხდება რაღაც – რეაგირებ, მიდიხარ.

  • წინასწარი შეტყობინების სისტემებზეც გავიგეთ, რომ დაფინანსება მიგვიღია და უკვე დამონტაჟებულიც უნდა გვქონოდა…

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემასაც მოსდის შეცდომები. მიწისძვრის წინასწარი შეტყობინების სისტემა არ არსებობს, მაგრამ მაქვს რეაგირების სისტემა. თუმცა, მეც მომივა შეცდომა აუცილებლად და შეცდომა ხდება იმიტომ, რომ ეს აპარატია. სისტემაც შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან ან არ მოგცეს სწორი მონაცემი. მიუხედავად იმისა, რომ ცდომილება აქვს, თქვენ უნდა შეგეძლოთ რეაგირება. უნდა გქონდეთ ეს სისტემები, კარგია თუ ცუდი, უნდა გვქონდეს. ამის დახმარებით თქვენ წინასწარმეტყველება არა, მაგრამ შეგიძლიათ წინასწარი შეფასება, პრევენცია.

როცა იცი, რომ იქ სადღაც გაქვს რთული ადგილი და ცუდი რაღაც შეიძლება მოხდეს, უნდა გქონდეს გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც იმუშავებს და რომელიც, ასე ვთქვათ, შედეგს დადებს.

  • რეალურია თუ არა, რომ სითბური დრონები ეფექტურად მუშაობს ასეთ შემთხვევაში?

კი რეალურია , ოცდამეერთე საუკუნეა, სამაშველო ვერტმფრენებსაც აქვთ სითბური დრონები.

  • პრემიერი ჩავიდა ვერტმფრენით, კრიზისულ დროს ვერტმფრენის მოცდენა პრემიერის ჩასაყვანად შეიძლებოდა? ეს სწორი მენეჯმენტია?

მე რომ ვწყვეტდე ამ სისტემების ფუნქციონირებას, სხვანაირ მენეჯმენტს გავაკეთებდი, ეს არის ცოდნა. აქ აქვთ ძალიან არასწორი მიდგომა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჰგონიათ, რომ დღეს მოხდა და ხვალ აღარ მოხდება, 10 წლის მერე თუ მოხდება, რა უჭირს.

10 წლის შემდეგ კი არა, ხვალ შეიძლება სხვაგან მოხდეს. რომ არ იცი გეოლოგია, გლაციოლოგია, უნდა მოუსმინო სხვას, ამიტომ არის სპეციალისტი. მე რომ მივდივარ ექიმთან, ვუსმენ. ისიც უნდა იცოდე თან, რომელი ექიმია კარგი და რომელი ცუდი, ბევრი ცუდი ექიმია, ბევრს შეცდომა მოსდის. შეცდომიდან დაზღვეული კარგი ექიმიც არ არის. რთულია ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ ეს არის რეალობა, რაც გვაქვს.

  • უნდა გკითხოთ სამშენებლო ნებართვებზეც, ხშირად გდგ დოკუმენტებს ამტკიცებენ ისე, რომ გეოლოგიის ნაწილი კარგად არ აქვთ შესწავლილი, თან საკმაოდ მასშტაბური მშენებლობებს მოიაზრებს ეს დოკუმენტები. 

ეს არის შეცდომა და ეს არ უნდა ხდებოდეს. გეოლოგიური დასკვნის გარეშე საერთოდ არ უნდა გაიცეს არცერთი ნებართვა. ქალაქის დაგეგმარება არის ძალიან რთული თემა, ქალაქის დაგეგმარების პირობებში აუცილებლად უნდა გვქონდეს სწორი განაშენიანების პოლიტიკა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: