ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე.
„ყაზახეთის მოქალაქეების შ.ნ.-ს და ს.ს.-ს კუთვნილი ბარგის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ძვირფასეულობა საკვები პროდუქტების შეფუთვებში და ტაქსის მომსახურებით მოსარგებლე ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში, მალულად ჰქონდათ განთავსებული.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 189 040.96 ლარი შეადგინა.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 254 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540]
ტანკი – 4 313 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 8 370 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 5 128 ერთეული [+29]
MLRS – 714 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 482 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 314 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 242 ერთეული [+29]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 387 ერთეული [+8]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 7 584 ერთეული [+22]
სპეცტექნიკა – 769 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
458 თვითმფრინავი
246 ვერტმფრენი
5 761 უპილოტო საფრენი აპარატი
431 საზენიტო სარაკეტო სისტემა
11 315 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 893 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
12 246 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„რაც არ უნდა თანამედროვე ავტობუსები გვყავდეს, ეს არ მოგვცემს შედეგს, თუ არ იწვევს კერძო ავტომობილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომას“ – გვითხრა ლაშა ნაკაშიძემ, როცა ბათუმის მანქანებისგან განტვირთვისთვის მომზადებულ კვლევაზე, „ბათუმის პარკირების სტრატეგიაზე ვკითხეთ“.
ლაშა ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა პროექტს, რომლის ფარგლებშიც ეს კვლევა მოამზადეს. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] ფარგლებში, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის [GEF] ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევა 2017 წელს გამოქვეყნდა და შემდეგ ის საკრებულომაც დაამტკიცა.
ამ დროიდან მოყოლებული დღემდე პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება ყოველწლიურად. რატომ არ დადგა შედეგი, რატომ არ გაუმჯობესდა ვითარება რეალურად? – ამაზე პროექტის ხელმძღვანელს, ლაშა ნაკაშიძეს ვკითხეთ.
ბატონო ლაშა, მიუხედავად იმ ძალისხმევისა, რაც პროექტის ფარგლებში გაიღო ჯგუფმა, მოამზადა კვლევა, შედგა უამრავი შეხვედრა, მომზადდა რეკომენდაციები, რეალურად პოზიტიური შედეგი არ დადგა და პრობლემა, შერბილების ნაცვლად, გამწვავდა. რატომ?
გარდა იმისა, რომ ქალაქს უნდა ჰქონოდა ერთი მხრივ დიაგნოზი, მეორე მხრივ ჰქონდა პასუხი – გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ უნდა გააკეთო საქმე სწორად. იყო რამდენიმე ე.წ. საპილოტე ღონისძიება, ეს იყო ბასლაინების მოწყობა, პარკირების ზონების მოწყობა და საინფორმაციო სისტემების დამატება.
კომპლექსურად რომ შევხედოთ, პოზიტიური რაც არის, რაც კეთდება ნამდვილად, პირველ რიგში აღსანიშნავია ავტოპარკის და საინფორმაციო სისტემების განახლება, რაც ჩვენი დაფინანსებით დაიწყო, ვგულისხმობ საინფორმაციო დაფებს. ასევე, ქსელის გარკვეულწილად ოპტიმიზაცია.
მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება არ იწვევს იმას, რომ ადამიანები კერძო ავტომობილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდნენ.
მეორე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია პარკირების პოლიტიკის მართვა. ჩვენი რეკომენდაცია იყო პოლიტიკის გამკაცრება. იგულისხმება საათობრივი და ზონალური სისტემის შემოღება, რასაც თბილისი აკეთებს უკვე რამდენიმე წელია.
ასევე, ცენტრალურ ადგილებში პარკირების ადგილების შემცირება და არა გაზრდა, ავტომობილების გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი რაც ამ გეგმაში არის, ეს არის ძველ ბათუმში შეზღუდვის დაწესება ან საერთოდ ჩაკეტვა ავტომობილების გადაადგილებისგან.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსისთვის პრიორიტეტი იყოს ის ადგილები, სადაც ძირითადად გადაადგილდება მგზავრთა ნაკადი. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა არამხოლოდ კომფორტულობით, სისწრაფითაც კონკურენცია უნდა გაუწიოს კერძო მიკროავტობუსებს.
ამ დრომდე მოქალაქეები პრობლემად ასახელებენ ხარვეზებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბარათების გატარების სისტემაში. ასევე, შემოწმებისას დაკარგულ დროზე ჩივიან.
ეს ტექნიკური დეტალებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრს მაქსიმალურად ნაკლები დისკომფორტი უნდა ჰქონდეს. ყველაფერი კომპლექსურად უნდა გაუმჯობესდეს.
ბასლაინები მოეწყო გორგილაძეზე, ბარათაშვილსა და ჭავჭავაძეზე. ეს არ არის ის დიზაინი, რომელიც ჩვენმა კონსულტანტებმა შესთავაზეს მერიას. ორივე მხარეს უნდა ყოფილიყო ავტობუსისთვის გამოყოფილი სავალი ზოლები. არ ვცვლიდით მოძრაობის მიმართულებას, ვტოვებდით ორმხრივ მოძრაობას.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბასლაინები იყოს დამატებით აბუსერიძის და აღმაშენებლის ქუჩაზეც. ეს არის მგზავრთა ნაკადის გადაადგილების ძირითადი მაგისტრალი. ავტობუსის მგზავრმა უნდა იგრძნოს ეს სიკეთე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფრაგმენტული მიდგომა რეალურად სურათს არ შექმნის.
ლაშა ნაკაშიძე
თქვენ თქვით, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ძველ ბათუმში ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა. ასეთ შემთხვევაში, რა მანძილზე და სად უნდა დაეტოვებინათ ავტომანქანები მოქალაქეებს?
ცალკე საკითხია პარკირების სივრცეების მოწყობა. ძველი ბათუმის შემთხვევაში, რა თქმა უნდა განიხილებოდა და სამართლიანობის პრინციპიც მოითხოვს, რომ თუ იქ მაცხოვრებელს ან დასაქმებულს ავტომობილით გადაადგილებას უზღუდავ, რაღაც ალტერნატიული სივრცე უნდა შესთავაზო პარკირებისთვის. რამდენიმე ვარიანტი იყო განხილული. ერთი იყო თბილისის მოედანი. აქ განიხილებოდა არამხოლოდ რამდენიმე სართულიანი პარკირების სივრცის მოწყობა, არამედ ინტეგრირებული უნდა ყოფილიყო მგზავრთა ტერმინალიც.
კიდევ ერთი ალტერნატიული სივრცე, რომელიც განიხილებოდა ძველ ბათუმთან მიმართებაში, იყო დაახლოებით ჭაჭა თაუერის მიდამოებში.
მნიშვნელოვანია, რომ ძველი ბათუმის ჩაკეტვის შემთხვევაში გარკვეული სივრცე, ალტერნატივა შეიქმნას.
საუბარი იყო მრავალსართულიან პარკინგებზეც. ბათუმის ყოფილი მერი, ლაშა კომახიძე აცხადებდა, რომ დაინტერესებული იყო კონკრეტული ინვესტორი…
როცა მრავალსართულიან პარკირებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ სტანდარტულ, რკინა-ბეტონით ნაშენებ, მრავალსართულიან პარკინგს. რაღაც სხვა იდეებიც განიხილებოდა ხოლმე.
არის ხოლმე სხვადასხვა მოდელები, დინამიკური პარკირების სისტემები. მე პირადად სკეპტიკურად ვუყურებ ამას.
აი, მაგალითად, იდეა იყო, რომ თუ ბარათაშვილის ქუჩაზე ორმხრივ ბასლაინს მოვაწყობდით და ამ ქუჩებზე საერთოდ გაუქმდებოდა პარკირება, ყოფილიყო მაინც ალტერნატიული სივრცე.
თუ ადამიანი მოდის აღმაშენებლის ქუჩიდან გორგილაძეზე და მოდის ავტომობილით, პარკირების სივრცეში დააყენებდა ავტომობილს და ან ბასლაინით ისარგებლებდა, ან ქვეითად გადაადგილდებოდა, რადგან მას არ ექნებოდა საშუალება, რომ გორგილაძის ქუჩაზე ავტომობილი დაეპარკინგებინა. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში განიხილება პარკირების სივრცეების მოწყობა, და არა ისე უბრალოდ, იმისთვის, რომ პარკირების სივრცეები დავამატოთ. ეს უნდა იყოს მხოლოდ შეზღუდვის ალტერნატივა.
თვითონ მაკონტროლებელი ვერ პოულობს ბათუმში ავტომანქანის გასაჩერებელ ადგილს და დარღვევით აჩერებს. თქვენც წარსულ დროში ლაპარაკობთ, როდესაც გვეუბნებით, რა უნდა ყოფილიყო. დიდი დრო გავიდა თქვენი რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ, შედეგი არ დადგა, რატომ?
მესმის თქვენი კითხვის შინაარსი. ხვდებით ალბათ, რომ ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები.
გავიმეორებ, რაზეც დავიწყე საუბარი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება კარგია, მაგრამ შედეგის დასადებად, მნიშვნელოვანია, პარკირების მართვა, კერძო ავტომანქანების ყოველდღიური გამოყენებისთვის ნაკლები სტიმულის შექმნა. ამის განხორციელება ყველგან იყო ძალიან მტკივნეული – პოლიტიკურად, ადამიანურად და ყველანაირად. იმიტომ, რომ საქმე ეხება ურბანული სივრცის ხელახალ გადანაწილებას, რაც იწვევს უკმაყოფილებას და მტკივნეული პროცესია თავისთავად.
პირდაპირ რომ გითხრათ, გარკვეული გამბედაობაა საჭირო ამ რეფორმის განსახორციელებლად.
ოზურგეთის სოფელ შრომაში მდებარე კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაციაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 470 910 ლარია.
სოფელ შრომის კულტურის სახლის შენობა 1953-1956 წლებშია აშენებული და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2023-2024 წლების დაფინანსების ფარგლებში ჩატარდება.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას“ – აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.
სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ „შენობას პომპეზური და მხატვრულად გაფორმებული დარბაზი გააჩნია. ამ სივრცის მთავარი დეკორატიული აქცენტი მისი ჭერია, რომელიც უხვად არის მოხატული გასული საუკუნის 50-იანი წლებისათვის დამახასიათებელი ფიგურული კომპოზიციებით.“
სოფელ შრომის კულტურის სახლი /არსებული სიტუაცია / ფოტოები პროექტიდან
„ხანგრძლივი მოუვლელობის შედეგად შენობა, განსაკუთრებით დარბაზის ინტერიერი, უმძიმეს მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ჩაშლილია ხის იატაკები, დაზიანებულია მოხატული ჭერი, ჩამოცვენილია რელიეფები და ა.შ.“
„ობიექტის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებების შენარჩუნებასთან ერთად, აღნიშნული დოკუმენტაცია ითვალისწინებს მის გამართულ ფუნქციონირებას, თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.“ – აღნიშნულია ტენდერში.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტირებული შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
სოფელ შრომის კულტურის სახლი /არსებული სიტუაცია / ფოტოები პროექტიდან
[toggle title=”შრომის კულტურის სახლის შესახებ ვრცლად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]
„სოფელი შრომა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ოზურგეთიდან 36 კმ-ის დაშორებით, მდ. სუფსის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. სოფ. შრომა მნიშვნელოვანია საბჭოთა პერიოდის ისტორიული შენობებით, კერძოდ, XX საუკუნის 50-იან წლებში აგებული ადმინისტრაციული შენობითა და კულტურის სახლით.
ორივე შენობა სოფლის განაშენიანებაში გამოირჩევა თავისი მასშტაბითა და დეკორატიული შემკულობით.
როდესაც გადაწყდა სოფელში კულტურის სახლის აგება, კოლმეურნეობის თავმჯდომარის, მიხაკო ორაგველიძის მიერ მოწვეულები იყვნენ არქიტექტორი ლევან ცომაია და მხატვარი რობერტ სტურუა. კულტურის სახლის აშენების თარიღად ცნობილია 1953-1956 წწ. შენობა მარტივი ფორმის მართკუთხედს წარმოადგენს, ფასადის ორივე სართული დეკორატიული პილასტრებით არის შემკული.
ფასადის დეკორატიული ელემენტებიდან აღსანიშნავია სართულშუა სარტყელზე და ღიობების თავზე ჩადგმული ფილები, რომლებზეც სხვადასხვა მცენარეული და დეკორატიული ორნამენტებია გამოსახული. შენობის ცენტრალურ ნაწილზე მართკუთხა პორტიკი არის მიდგმული, რომელიც ცალკე მდგომ სვეტებს ეყრდნობა.
შენობის მარცხენა ნაწილის ქვედა სართულის ღიობები ყრუა, ხოლო ზედა სართულის ღიობები ფანჯრებად არის გახსნილი. ცენტრალური პორტიკის მარჯვენა მხარე, ორივე სართულზე გახსნილია ფანჯრებით.
სავალალოდ გამოიყურება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უკანა ფასადი, რომელიც თავდაპირველად დეკორატიული ელემენტებით ყოფილა მორთული. დღეის მდგომარეობით, ეს ფასადი ნაწილობრივ შიფერის მასალით არის დაფარული. შიფერისგან თავისუფალ კედელზე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ავთენტური დეკორი.
უკანა მხარეს შენობას მიშენებული აქვს ორსართულიანი მოცულობა, რომელიც მთლიანად ფარავს დეკორატიული კომპოზიციის დიდ სეგმენტს. შენობის ერთ გვერდზე სკოლის შენობა, ხოლო მეორე გვერდზე, მხატვრულ-არქიტექტურულ ფორმას მოკლებული, ორსართულიანი მოცულობა აქვს მიშენებული.
კულტურის სახლის მიმდებარე ეზო შემოფარგლულია დეკორატიული ღობით, რომელიც შედგება თანადროული, მცირე არქიტექტურული ფორმის ნალესი ელემენტებისაგან. ასეთივე იყო შენობის ჭიშკარი და მთლიანად ღობეზე განთავსებული დეკორატიული გაზონები, რომლებიც დღეს აღარ არსებობს.
შენობას, პომპეზური და მხატვრულად გაფორმებული დარბაზი გააჩნია. დარბაზის სივრცე ორ სართულად არის გადაწყვეტილი.პარტერი ორნაწილიანია, ხოლო ზედა სართულზე ორი შეკიდული ლოჟა და უკანა მხარეს გასასვლელი დერეფანია მოწყობილი. ამ სივრცის მთავარი დეკორატიული აქცენტი მისი ჭერია, რომელიც უხვად არის მოხატული გასული საუკუნის 50-იანი წლებისათვის დამახასიათებელი ფიგურატიული კომპოზიციებით.
დარბაზის სცენა განსაკუთრებულად არის აქცენტირებული მაღალი მხატვრული ოსტატობით შექმნილი ნაძერწი რელიეფური ფრიზებითა და ცენტრალურ ნაწილში ფიგურატიული კომპოზიციით.
ცალკე მდგომი მუშებისა და გლეხების ფიგურებიანი მხატვრული პანოებით შემკულია ფანჯრის ღიობებს შორის არეები. ასეთი ფიგურები ორივე მხრიდან მიუყვება დარბაზის მეორე სართულსაც.
ხანგრძლივი მოუვლელობის შედეგად შენობა, განსაკუთრებით დარბაზის ინტერიერი, უმძიმეს მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ჩაშლილია ხის იატაკები, დაზიანებულია მოხატული ჭერი, ჩამოცვენილია რელიეფები და ა.შ.
ძეგლის დეტალური შესწავლა-ფიქსაციის შედეგების საფუძველზე შემუშავდა ობიექტის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
ობიექტის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებების შენარჩუნებასთან ერთად, აღნიშნული დოკუმენტაცია ითვალისწინებს მის გამართულ ფუნქციონირებას, თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.“ – სატენდერო დოკუმენტაციიდან.
[/toggle]
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და პირველ სექტემბერს დასრულდება.
კულტურის სახლის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.
საპენსიო სააგენტომ, მოქალაქეებისგან დამოუკიდებლად, მათი საპენსიო დანაზოგები სხვადასხვა რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელებში გადაანაწილა.
დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა საპენსიო დანაზოგები ამ დროისთვის გადანაწილებულია მაღალრისკიან, საშუალორისკიან და ნაკლებადრისკიან პორტფელებში.
საპენსიო სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოქალაქეებს 2023 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით აქვთ ვადა, რათა მათ თავიანთი დანაზოგი მათთვის სასურველ რომელიმე პორტფელში გადაიტანონ ან გადაანაწილონ რამდენიმეში [ორ-სამ პორტფელში].
„6 აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილეებს მიეცათ 1-თვიანი ვადა [6 სექტემბრის ჩათვლით], რა დროსაც მათ თავად შეეძლებათ აირჩიონ, რომელ პორტფელში მოხდება მათი საპენსიო დანაზოგების ინვესტირება, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც თავად არ აირჩევენ სასურველ პორტფელს, ავტომატურად გადანაწილდებიან სხვადასხვა პორტფელში, ასაკის შესაბამისად.“ – აცხადებენ სააგენტოში.
თუ ზემოთ აღნიშნულ პერიოდში სქემის მონაწილეები არჩევანს არ გააკეთებენ, მათი საპენსიო დანაზოგი, ასაკის მიხედვით, პორტფელებში შემდეგნაირად გადანაწილდება:
სქემაში გაწევრების მომენტისთვის 40 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ [მაღალრისკიან] საინვესტიციო პორტფელში;
სქემაში გაწევრების მომენტისთვის 40-დან 50 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები − შერეულ [საშუალორისკიან] საინვესტიციო პორტფელში;
ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − სტაბილურ [ნაკლებადრისკიან] საინვესტიციო პორტფელში.
საინვესტიციო პორტფელის არჩევა სქემის მონაწილეს მისი პირადი ელექტრონული გვერდიდან შეუძლია [my.pensions.ge], ოღონდ ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ელექტრონული ხელმოწერა;
პირველ რიგში ნახულობთ რომელ პორტფელშია განთავსებული თქვენი საპენსიო დანაზოგი [მაგალითად, ამ ფოტოზე ნაჩვენებია, რომ დანაზოგი მაღალრისკიან პორტფელშია]ამ გრაფაში კი შეგიძლიათ სამი პორტფელიდან აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ან დანაზოგი გადაანაწილოთ სხვადასხვა პორტფელში
ასევე შესაძლებელია მონაწილემ ეს არჩევანი იუსტიციის სახლებიდან გააკეთონ [ეს მათ, როგორც საპენსიო სააგენტოში გვითხრეს, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ];
საინვესტიციო პორტფელის არჩევა ასევე შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში მისვლით.
ამჯერად თუ საინვესტიციო პორტფელს არ აირჩევთ, თქვენი დანაზოგი დარჩება ავტომატურად [ასაკის მიხედვით] შერჩეულ პორტფელში და მას ერთი წლის განმავლობაში ვეღარ შეცვლით.
„სქემის მონაწილეს საინვესტიციო პორტფელზე არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ შეეძლება“ – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.
სააგენტოში „ბათუმელებს“ ისიც უთხრეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა და შესაძლოა ეს ვადაც შეიცვალოს, რათა სქემის მონაწილეს უფრო მოქნილად შეეძლოს არჩევანის გაკეთება საინვესტიციო პორტფელების არჩევასა თუ მათში დანაზოგის გადანაწილებაზე.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი 2018 წლის 6 აგვისტოს ამოქმედდა და კანონის მიღებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ხორციელდებოდა მხოლოდ ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში – როგორებიცაა საბანკო ანაბრები და ობლიგაციები.
„იმის გამო, რომ ინვესტიციების უმეტესობა საპროცენტო ინსტრუმენტებში ხდება, ეს პორტფელი სტაბილური მომგებიანობით და შედარებით ნაკლები რისკით ხასიათდება და ამიტომ მას შეიძლება სტაბილური პორტფელი ვუწოდოთ. ეს პორტფელი უკეთ შეეფერება იმ ადამიანებს, ვინც ინვესტიციებში სიფრთხილეს არჩევს და არ უყვარს რისკის აღება. ხშირად ასეთები არიან საპენსიო ასაკთან მიახლოებული ადამიანები, რომლებსაც არ სურთ პენსიაზე გასვლის წინ მათი დანაზოგების ღირებულების მნიშვნელოვანი მერყეობა“ – აცხადებენ სააგენტოში.
იმავე სააგენტოს განმარტებით, „მაღალრისკიან პორტფელში დაგროვებული დანაზოგები [განსხვავებით ნაკლებადრისკიანისგან], უმეტესად ინვესტირდება უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში. ეს პორტფელი გრძელ ვადაში ხასიათდება მაღალი, მზარდი მომგებიანობით, ამიტომ მას შეიძლება მზარდი პორტფელი ვუწოდოთ. აქვე აღსანიშნავია, რომ აქციების ფასის შესაძლო მერყეობის გამო ამ პორტფელს თან ახლავს შედარებით მაღალი რისკიც“.
ამ შემთხვევაში აქტივების ძირითადი ნაწილის ინვესტირება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე, კომპანიების აქციებში მოხდება. გარდა ამისა, პორტფელის 10%-მდე მოცულობის ინვესტირება შესაძლებელია „ალტერნატიული“ აქტივების კლასშიც, რაც მოიცავს მაღალი შემოსავლიანობის მქონე ისეთ აქტივებს, როგორებიცაა საინვესტიციო ფონდები [კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდები, ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდები], პირდაპირი სესხები და სხვა.
ეს პორტფელი უკეთ შეეფერებათ ისეთ ადამიანებს, ვისაც უყვართ რისკის აღება და ამის ხარჯზე სურთ მაღალი მოგების მიღება გრძელ ვადაში. ასეთები ხშირად არიან ახალგაზრდები, რომელთაც საპენსიო ასაკამდე რამდენიმე ათწლეული აშორებს“ – მიიჩნევენ საპენსიო სააგენტოში.
სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ „ნებისმიერი ინვესტიციის მსგავსად, გლობალურ აქციებში ინვესტირება რისკებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდში. საფონდო ბირჟებზე გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს, მათ შორის ეკონომიკური რყევები, გეოპოლიტიკური მოვლენები თუ პანდემიები.
მსოფლიო კრიზისები უახლეს ისტორიაშიც გვქონდა, COVID-19-ის კრიზისი ან 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რა დროსაც მსოფლიო ფინანსურ ბირჟებზე მნიშვნელოვანი რყევები დაფიქსირდა და ბევრმა ინვესტორმა საკმაოდ დიდი ზარალი ნახა. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი რყევები, როგორც წესი, არ ნარჩუნდება და საფონდო ბირჟებიც სტაბილური ზრდის ტრენდს უბრუნდება.“
რაც შეეხება საშუალორისკიან პორტფელს, ის ზემოთ აღნიშნული ორი პორტფელის ნაზავია, „შესაბამისად მას შერეული პორტფელი შეგვიძლია ვუწოდოთ. შერეულ პორტფელში უცხოური აქტივების წილი 40%-მდე შეიძლება გაიზარდოს, რაც სტაბილურ პორტფელზე მაღალია, თუმცა მზარდ პორტფელზე დაბალი. ამასთან, შერეულ პორტფელშიც შესაძლებელი იქნება „ალტერნატიული“ აქტივების კლასში ინვესტირება.“ – აცხადებს სააგენტო.
„2023 წელს საინვესტიციო საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული აქტივების განთავსების განახლებული სტრატეგიის მიხედვით მზარდი ანუ მაღალრისკიანი პორტფელისთვის განისაზღვრა შემდეგნაირი სამიზნე, ანუ სტრატეგიული ბენჩმარკ პორტფელი: პორტფელის 55%-მდე ინვესტირება განხორციელდება გლობალურ აქციებში, სახაზინო ობლიგაციების სამიზნე მაჩვენებელი 20%-ია, ხოლო ლარში დენომინირებულ დეპოზიტებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატების მიზნობრივი მაჩვენებელი – 25%-ია.
გლობალური აქციების ბენჩმარკად განისაზღვრა აქციების თანაბრად შეწონილი ინდექსი, რომელიც 4 სხვადასხვა აქციის ფონდისგან (Exchange Trade Fund (ETF)) იქნება დაკომპლექტებული, ესენია: Vanguard FTSE Pacific ETF (კოდი VPL), Vanguard FTSE Europe ETF (კოდი VGK), SPDR S&P500 ETF (კოდი SPY), iShares MSCI Emerging Markets ETF (კოდი EEM).“ – აცხადებს საპენსიო სააგენტო.
საპენსიო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით:
საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან [2019 წლის 1-ელი იანვარი] 2023 წლის ივლისის ჩათვლით 51.2%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა [ინფლაციის გათვალისწინებით] იმავე პერიოდში 11.7% შეადგინა.
2023 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.76 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 680 მილიონი ლარია.
31 ივლისის მდგომარეობით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 426 ათასი ადამიანია. ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 4 811-მა პირმა, ხოლო პენსიის სახით გაცემული თანხა 12 340 873 ლარს შეადგენს.
ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს, წინა სეზონებისგან განსხვავებით, 1 კვირით ადრე დაიწყება. ამასთან, არის ახალი აკრძალვები და ლიმიტები.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, საქართველოში, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 2023 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და 2024 წლის პირველ მარტამდე გაგრძელდება.
წელს აკრძალულია წითელთავა ყვინთიასა [Aythya ferina] და ჩვეულებრივი გვრიტზე [Streptopelia turtur] ნადირობა. ამასთან, დაიშვა ნადირობა საყელოიან გვრიტზე [Streptopelia decaocto].
სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება „ფრინველთა პოპულაციების დაცვის მიზნით“ იქნა მიღებული.
ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ფრინველების ჩამონათვალი [განახლებული სია]:
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი საქართველოში ყოველი წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს იწყებოდა და მომდევნო წლის მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა 2023 წელს ნადირობის სეზონი აგვისტოს მესამე შაბათს [19 აგვისტოს] დაიწყება.
ცვლილება კანონში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 10 აგვისტოს ბრძანებით შევიდა, სადაც აღნიშნულია, რომ
„პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე, განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით, ნადირობის ადგილების მიხედვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე“
საქართველოში ნადირობა აკრძალულია:
[crosslist]
საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე; ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე.
ყველა სხვა იარაღით, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.
[/crosslist]
[checklist]
ნადირობა შესაძლებელია გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.
[/checklist]
განახლება: გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განსხვავებულია ნადირობის ვადა, მუნიციპალიტეტების მიხედვით, კერძოდ:
ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ზემოაღნიშნულ ფრინველთა სახეობებზე ნადირობის სეზონი დაიწყება აგვისტოს მეოთხე შაბათს – 26 აგვისტოს;
საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ამავე სახეობების გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის დაიწყება აგვისტოს მესამე შაბათს – 19 აგვისტოს.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში. სახაზინო კოდების სანახავად კი, გადადით ამ ბმულზე
[რაც შეეხება ხოხობს და კაკაბს, სამინისტროს ინფორმაციით, „მათზე ნადირობა მხოლოდ სამონადირეო ტერიტორიებზეა დაშვებული სპეციალური წესით და არა ფართოდ.“]
მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა ასევე ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალში, ნადირობის ვადებსა და დღიურ ლიმიტებში ნადირობის ადგილების მიხედვით:
ფოტოზე: წითელთავა ყვინთია [Aythya ferina] და ჩვეულებრივი გვრიტი [Streptopelia turtur]. ფოტო: ebird.org
ნახეთ ანალოგიური ინფორმაცია გასული სანადირო სეზონის წინ:
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა გასულ კვირასთან შედარებით 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ.
„ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34◦C, 36◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 35◦C, 37◦C-ს მიაღწიოს.
ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31◦C, 36◦C, მაღალ მთაში 26◦C, 31◦C-მდე მოიმატებს“ – იუწყება სააგენტო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს.
„ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ“ – ასე შეაფასა შოვის სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ „გადასამოწმებელია“ ღვარცოფში მოყოლილი დავით ჯელაძის ბავშვით გადასვლა ერთი ნაპირიდან მეორეზე.
„ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, თუ არ დამირეკავდა – ეს როგორ შეძელიო, მაგ დღით ვიღვიძებდი. დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა… თურმე, რაც მოვყევი და გადამხდა თავს, ყველაფერი ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე…
ახლაც როგორ ვსაუბრობ, არ ვიცი. ძალიან განერვიულებული ვარ. ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ.
…ეს ჩემი თვალებით ვნახე. სტიქია ისე სწრაფად ვითარდებოდა, ექვსი ადამიანი დავინახე ჩემ თვალწინ როგორ დაიღუპნენ და ის, რომ ერთი ნაპირიდან მეორეზე როგორ შეძლო ამ ადამიანმა გადასვლა ბავშვით, ეს წარმოუდგენლად მიმაჩნიაო… მართლა წარმოუდგენელია, ეს როგორ შევძელით მე და მაშომ.
იმ ადგილას გაჩერება შეუძლებელი იყო, ისეთი ლაფი იყო და სუსტი მასა მიწის, რომ ერთ ადგილზე რომ გაჩერებულიყავი, იძირებოდი და დაიხრჩობოდი წამიერად. იმის შიშით გადავდიოდი, რომ მეწყერი არ მოგვწეოდა ზემოდან.
ყოველდღე იმის იმედით ვიღვიძებდი, როგორმე დამევიწყებინა 3 აგვისტო.
მე რომ მეწყერზე გადავდიოდი, რომელიც არ სჯერა ირაკლი კობახიძეს, ქვემოდან ისმოდა ვიღაც ადამიანის ხმა, ვერ გავიგე საიდან მოდიოდა ხმა, ის ადამიანი იყო მიწაში ჩამარხული და ითხოვდა შველას და ვერავინ ვერ ვეხმარებოდით იქ, იმიტომ, რომ ყველა მეწყერში ვიყავით ჩაფლული.
…ეს მეწყერი არ უნდა მომხდარიყო. მეწყერი წამოვიდა ზუსტად კოტეჯების თავზე, ეს ადგილი მაინც უნდა ყოფილიყო შეფასებული, მითუმეტეს იმ დროს, როცა ადამიანები ისვენებდნენ… აგვისტოა შოვის სეზონი, როცა ყველაზე მეტი ადამიანი ჩადის შოვში.
ვერ ვხვდები, ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს, ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა?! არ ვიცი…“, – თქვა დავით ჯელაძემ „ფორმულას“ ეთერში.
დღეს, შოვის სტიქიიდან მე-12 დღეს, „ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ეჭვი შეიტანა, როგორ და რატომ შეძლო სტიქიაში მოყოლილმა დავით ჯელაძემ ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.
„რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცი, რადგან უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხა [გადარჩენა]… მეორე დღეს ვიყავით მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია“, – ასე უპასუხა კობახიძემ დავით ჯელაძის შესახებ დასმულ შეკითხვას.
შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9 დაკარგულის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
დღეს, 14 აგვისტოს, მე-12 დღეს შოვის სტიქიიდან, რომელსაც 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 9 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „სპეკულაციები“ უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სტიქიის ეპიცენტრში ადამიანები თითქმის სამი საათის განმავლობაში დამოუკიდებლად და ადგილობრივების დახმარებით ცდილობდნენ გადარჩენას.
„იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია. უბრალოდ შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი.
ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, ამაზე მაქვს საუბარი. კიდეებში იყო ასევე სივრცე, სადაც ღვარცოფის ნარჩენი მასა იყო გადასული. იქ იყო 20 სანტიმეტრი სიმაღლის მიწა, ზოგან იყო 1 მეტრი და ა.შ […] რაც შეეხება თვითონ ღვარცოფული მასის თემას. რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს ადამიანმა ღვარცოფული მასის ქვეშ. აქ საუბარია წუთებზე“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე ეჭვი შეიტანა, როგორ და რატომ შეძლო სტიქიაში მოყოლილმა დავით ჯელაძემ ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.
„რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცი, რადგან უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხა [გადარჩენა]… მეორე დღეს ვიყავით მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია“, – ასე უპასუხა კობახიძემ დავით ჯელაძის შესახებ დასმულ შეკითხვას.
„ვაიმე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი“ – ასე გამოეხმაურა შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს ფეისბუქზე.
დავით ჯელაძის ფოტო ფეისბუქზე სტიქიის დროს, იმავე დღეს გავრცელდა, როცა ღვარცოფში მოყოლილები დახმარებას რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდნენ.
მოგვიანებით დავით ჯელაძემ „ბათუმელებს“ უამბო, როგორ გადაურჩა სტიქიას.
რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეთერთმეტე დღეა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 24 დაღუპულის შესახებ, 9 ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.___________________მთავარ ფოტოზე: ფოტოკოლაჟი – შოვის სტიქია. ფოტო: „მთის ამბები“, ლანა ჯელაძე
„სოკარის“ ცნობით, 15 აგვისტოს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, სარფში აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდებათ.
კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.
„აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ“ – აცხადებს „სოკარი“ და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ი წერს, რომ 13 აგვისტოს უკრაინულმა ძალებმა ჩაატარეს კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე ორ სექტორზე და წინ წაიწიეს დონეცკის დასავლეთით – ზაპოროჟიესა და დასავლეთ ზაპორიჟიეს ოლქებში.
ISW-ი ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებზე და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს რობოტინოს მახლობლად.
ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რუსულ წყაროებში ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა უკან დაიხიეს უროჟაინოდან. ამავე დროს ISW-ს არ დაუდასტურებია, რომ რუსული ძალები მთლიანად გაყვანილია ამ ტერიტორიიდან. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ, სავარაუდოდ, რუსული ძალები ამჟამად ინარჩუნებენ პოზიციებს დასახლების მინიმუმ სამხრეთ ნაწილში.
ასევე, უკრაინულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს კუპიანსკი-სვატოვოს ხაზის გასწვრივ, კრემინასთან, ბახმუტთან და გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე რაიონში დაწინაურდნენ.
ISW-ი ასევე წერს, რომ რუსულმა ძალებმა ჩაატარეს შეტევითი ოპერაციები კუპიანსკ-სვატოვის ხაზის გასწვრივ და ცდილობდნენ დაებრუნებინათ დაკარგული პოზიციები ბახმუტთან, დონეცკ-ზაპორიჟიას ოლქის სასაზღვრო რაიონში, დასავლეთ ზაპოროჟიის ოლქში და გავრცელებული ინფორმაციით, დაწინაურდნენ ზოგიერთ რაიონში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა მებრძოლებმა გაათავისუფლეს 3 კვ.კმ ტერიტორია ბახმუტის მიმართულებით.
მისივე თქმით, ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე ჯამში უკვე 40 კვ.კილომეტრია გათავისუფლებული.
„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ანა მალიარმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ამ კვირაში ცდილობდა დაებრუნებინა დაკარგული პოზიციები კლეშჩეევკას, ანდრეევკასა და კურდიუმოვკას დასავლეთ რაიონებში.
ანა მალიარის თქმით, უკრაინელმა მებრძოლებმა წარმატებას მიაღწიეს უროჟაინოეში, სამხრეთ ფრონტზე და მიიწევენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.
„ბრძოლა სოფელ უროჟაინოეში ამ კვირაში გაგრძელდა, იქ არის გარკვეული წარმატებები“ – აღნიშნა მან.
ამავე დროს, ანა მალიარის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰქონდათ „გარკვეული წარმატებები“ სტარომაიორსკოეს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, გარკვეულ რაიონებში.
მალიარმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით შეასრულეს დავალება ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.
შავი ზღვის საერთაშორისო სასწავლებელი „გოლდენ სიი“ 2 წელია აჭარის არ დასაქმების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს „სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამას, რომლის ფარგლებში, აჭარის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთის მხრივ სწავლის პარალელურად შრომის ბაზარზე მოთხოვნად პოზიციებზე დასაქმებისთვის საჭირო პროფესიული უნარები შეიძინონ, ხოლო მეორეს მხრივ საბაკალავრო პროგრამის მესამე და ზემოთ კურსის სტუდენტებმა, ძირითადი პროფესიის შესაბამისად პრაქტიკული უნარებს განივითარონ.
პროგრამა მოიცავს 90 საათიან კურსს, საიდანაც: 70 სთ სტუდენტები სხვადასხვა კომპანიის რეალურ სამუშაო სივრცეებში გადიან სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას, შრომითი და პრაქტიკული უნარების განვითარების მიზნით, ხოლო 20 სთ ეთმობა ზოგადი უნარების ტრენინგებს შემდეგ თემებზე:
ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები;
თვითპრეზენტაცია და შთაბეჭდილების მენეჯმენტი;
ქცევითი სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციებში;
კონფლიქტი და კონფლიქტის მართვა;
მოსმენის ხელოვნება და ინფორმაციის გაცემა.
მიმდინარე წელს, აღნიშნული ტრენინგები სასტუმრო „ეუფორიაში“ გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად 50 სტუდენტი გადის პრაქტიკას.
პროგრამის ბენეფიციარებმა, სამუშაოზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი/პრაქტიკა გაიარეს შემდეგი მიმართულებებით: ფსიქოლოგია, ადამიანური რესურსების მართვა – HR, ბუღალტერია, სარეაბილიტაციო მასაჟი, სასტუმროს მიღება-განთავსება, მიმტანი, ცივი აპეტაიზერის მზარეული, ბართენდერის დამხმარე, ციფრული ტექნოლოგიები, მშენებლობა, სამართალმცოდნეობა
პროგრამის ძირითადი პარტნიორი იყო სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“ იგივე „მეტრო ჰოლდინგი“ და მისი კომპანიები, სასტუმროები: „ლეგენდა“ , „ეუფორია“ , „ინტურისტი“ , „ლეგენდა ბიზნესი“, „სქაი თაუერი“, ასევე: რესტორანი „თავადური“, შპს „ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი“, შპს „კონსულტანტი 2022“, რეაბილიტაციის ცენტრი „ფანშეტი“, შპს „კიბერ სოლუშენი“, შპს „ლოგოსი“, შპს „ვესტ ლიფტი“, შპს „ციტრონ გრუპი“, შპს „ვინგო ჯორჯია“.
ყველა ორგანიზაციაში, პრაქტიკის პროცესს ხელმძღვანელობდა ადგილობრივი მენტორი.
პროექტის წარმატებით განხორციელებაში, განსაკუთრებული როლი შეასრულა და სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა სს „მეტრო ჰოლდინგმა“, სადაც, მიმდინარე წელს, პროგრამის ბენეფიციარი სტუდენტების 60% გადიოდა პრაქტიკას.
სასწავლებელი „გოლდენ სიის“ დირექტორი – ლეილა გოგიტიძე და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მენეჯერი – ნათია აბულაძე
თანამშრომლობისა და პროექტში შეტანილი წვლილისთვის სასწავლებელი „გოლდენ სიი“ მადლობას უხდის ქალბატონ ნათია აბულაძეს (ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მენეჯერს), რომლის უშუალო ჩართულობითა და მენტორობით გადამზადებული სტუდენტების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არამარტო დამატებითი შრომითი და პრაქტიკული უნარები შეისწავლა, არამედ ადგილზე დასაქმდნენ კიდეც სხვადასხვა დეპარტამენტში.
სასწავლებლის მენეჯმენტი ეცდება რომ ამ ტიპის პროექტები მომავალშიც გაგრძელდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 254 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +530]
ტანკი – 4 306 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 8 354 ერთეული [+19]
საარტილერიო სისტემა – 5 099 ერთეული [+27]
MLRS – 714 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 479 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 313 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 213 ერთეული [+9]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 379 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 7 562 ერთეული [+19]
სპეცტექნიკა – 766 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
458 თვითმფრინავი
246 ვერტმფრენი
5 736 უპილოტო საფრენი აპარატი
430 საზენიტო სარაკეტო სისტემა
11 291 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 877 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
12 225 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნებისმიერი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმის განხილვისას უვადო მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ყოველთვის მის მხარესაა, ვინც სიტყვის თავისუფლებას არად დაგიდევთ და ადამიანების დასჯას ითხოვს – ჯერჯერობით საქართველოში თავისუფალი სიტყვისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით სჯიან.
ალექსანდრე გოგუაძეს ზოგჯერ იმდენად „მონდომებულია“, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოც კი აუქმებს. ასე მოხდა, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ბაჩი მექვაბიშვილის შემთხვევაში და არსებობს სხვა მაგალითებიც.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე აქამდე უპირობოდ აჯარიმებდა ყველას, ვინც „მონას“ ეძახდა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს. ამჯერად კი მან ის ხალხი დააჯარიმა, ვინც რუსული გემიდან ჩამოსული რუსი ტურისტის მიერ ნათქვამმა იმ ფრაზამ გააბრაზა, „აფხაზეთის საქართველოსგან გათავისუფლებას“ რომ ეხებოდა.
ალექსანდრე გოგუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ 2019 წელს გაამწესეს. მოსამართლეობამდე, 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, იგი ფოთის მთავარ პროკურორად მუშაობდა.
2016 წლის იანვარში პროკურორის ავტომანქანას, რომლითაც ალექსანდრე გოგუაძე გრიგოლეთში მიდიოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი ტყვია ესროლეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ალექსანდრე გოგუაძის შვილი ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე დღეში კი, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
ბათუმის აქციაზე დაკავებული ბექა გრიგორიადისი, რომელიც მოსამართლე გოგუაძემ 3500 ლარით დააჯარიმა, ასე ხსნის მოსამართლის მხრიდან მის მიმართ გამოჩენილ განსაკუთრებულ სიმკაცრეს: „მას დაჭერილი ჰყავს შვილი ყაჩაღობაზე და ასრულებს მთავრობის ყველა ბინძურ დავალებას“.
ბათუმში აქციის მონაწილე რამდენიმე დაჯარიმებულს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] იცავდა. ამ ორგანიზაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, თამარ წულუკიძეს ვთხოვეთ, შეეფასებინა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის მიერ გამოყენებული სასჯელის ზომა რამდენად ადეკვატურია, როცა საქმე ეხება რუსული გემის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პირებს.
თამარ წულუკიძემ თქვა, რომ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მისთვის ძალიან ემოციურია: „ყველა დააჯარიმა 2000 ლარით და თან ხაზს უსვამდა, რომ ყველაზე მცირე თანხა გამოიყენა მათ დასაჯარიმებლად და კარგად უნდა ეგრძნოთ ამის გამო თავი ამ ადამიანებს.
ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ მტკიცებულებად გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეები კი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ მხარეს და არიან სუბიექტურები. რიგ შემთხვევებში მათი ჩვენებები აცდენილი იყო იმასაც კი, რაც ახსნა-განმარტებაში უწერიათ. არაერთ შემთხვევაში აჟღერებდნენ არასწორ ინფორმაციას.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ ასეთი მტკიცებულება საკმარისია იმისთვის, რომ მიიღოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება და ცნოს პირი სამართალდამრღვევად, მაშინ, როცა საერთაშორისო და ეროვნული სამართლით დადგენილი სტანდარტია, რომ ნეიტრალურ მტკიცებულებას ენიჭება უპირატესობა.
ნეიტრალური მტკიცებულება არის ვიდეომასალა, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ ეს ადამიანები [დაკავებულები] არც ილანძღებოდნენ, არც იგინებოდნენ, არც მონას იძახდნენ, რაზეც პოლიციელები მიუთითებდნენ.
თუმცა თუნდაც „მონის“ ან სხვა სიტყვების დაძახება, ვინმესთვის შეურაცხმყოფელი გამოხატვა, ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მათ შორის ევროსასამართლოს პრაქტიკით.
თამარ წულუკიძე
დადგენილია, რომ გამოხატვის ფორმა, აქციის არსიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევაში ვიღაცისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს, რადგან პროტესტის მიზანია დისკომფორტი შეუქმნას ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა. ბუნებრივია, ეს ფორმები ხანდახან შეიძლება კონკრეტული პირისთვის არ იყოს სასიამოვნო მოსასმენი.
ამ შემთხვევაში, თუნდაც რომელიმე მათგანს რომც დაეძახა „მონა“, „პუტინ ხუილო“, ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის იდეა. თუნდაც დაფიქსირებულიყო, რომ მსგავსი სიტყვები გამოიყენეს აქციის მონაწილეებმა, მოსამართლეს არ უნდა მიეჩნია, რომ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი“ – ამბობს თამარ წულუკიძე.
___
აქ წაიკითხეთ სხვა დეტალები ალექსანდრე გოგუაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს სანაპირო ზოლი სუფთაა. უკრაინაში კახოვკის ჰესის დანგრევის შემდეგ, საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, სააგენტომ თქვა, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ჩაატარებს.
„კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები“, – ამბობს სააგენტო.
მოსახლეობისა და დამსვენებლების ნაწილისთვის, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არსებული მონაცემების სანდოობა და შავ ზღვაში ბანაობის უსაფრთხოება.
დღეს, 13 აგვისტოს, დილით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 5 ზრდასრული და ორი ბავშვი – 23 დღის ჩვილი და 12 წლის ბიჭი.
უკრაინული მედიის ცნობით, სოფელ სტანისლავში დაიღუპა ორი კაცი, არის ერთი დაჭრილი, დაინგრა და დაზიანდა 5 კერძო სახლი.
შიროკაია ბალკაში დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები და ოჯახი – ქმარი, ცოლი და მათი 23 დღის ჩვილი, კიდევ ერთი, 12 წლის ბავშვი ამ ოჯახიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს კრიტიკულ მდგომარეობაში, სადაც იგი დაიღუპა.
„უკრაინას სჭირდება Taurus-ის რაკეტები, რათა გადაარჩინოს მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დააჩქაროს თავისი ტერიტორიების გათავისუფლება და დაასრულოს ომი უფრო სწრაფად“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში.
კულებას თქმით, Taurus-ის რაკეტების დახმარებით უკრაინას შეუძლია მისწვდეს უკრაინაში მყოფ რუსეთის საოკუპაციო ძალებს ფრონტის ხაზის უკან, ჩამოშალოს მათი ლოჯისტიკა, გაანადგუროს სამეთაურო ცენტრები და საბრძოლო მასალის საცავები.
„ფორმულა მარტივია: რაც უფრო დიდია რაკეტის მანძილი, მით უფრო მოკლეა ომის ხანგრძლივობა“, – თქვა კულებამ Bild-თან.
კულება ამბობს, რომ უსაფუძვლოა შიშები, თითქოს უკრაინამ შესაძლოა გამოიყენოს ეს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე.
„ჩვენ გამოვიყენებთ რაკეტებს მხოლოდ ჩვენს საზღვრებში, რათა გავათავისუფლოთ ის ტერიტორია, რაც ჩვენია გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – თქვა კულებამ და ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის არც ერთ წინა გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ახალი ტიპის იარაღის მიწოდებაზე არ გამოუწვევია კონფლიქტის ესკალაცია.
„პირიქით: გერმანულმა იარაღმა უკვე გადაარჩინა მრავალი უკრაინელის სიცოცხლე“, – დასძინა მინისტრმა.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, გერმანიაში დისკუსია მიმდინარეობს იმის თაობაზე, უნდა მიაწოდონ თუ არა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტები. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ოპონენტები თვლიან, რომ კანცლერი პროცესს აჭიანურებს.
Taurus-ის რაკეტა არის ბრიტანულ-ფრანგული Storm Shadow-ს გერმანულ-შვედური ანალოგი, მათი გაშვება შესაძლებელია უკრაინის შეიარაღებულ ძალების საბრძოლო თვითმფრინავებიდან. Storm Shadow-ს უკრაინა უკვე იყენებს ომში.
საბა სურმანიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა 2023 წლის 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. საბა აჭარის ნაკრების მოჭიდავეა. იასპარეზა 60 კგ წონით კატეგორიის ფინალში და კადეტებს შორის 2-2 ჯერ გახდა პრიზიორი. ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
17 წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატი სტამბოლში ჩატარდა. საბასთვის ეს მეოთხე მედალი იყო.
„ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს და ერთ დღეს აუცილებლად იქნება მსოფლიო ჩემპიონი. 10 წლის იყო, როცა ვარჯიში დაიწყო ჩემთან. ბავშვობიდანვე, ყოველთვის მიზანდასახული იყო და უყვარს შრომა“, – ამბობს საბას მწვრთნელი, მარად აბულაძე.
საბამ ჩემპიონატზე დაამარცხა აზიის ჩემპიონი და მოუგო ევროპის მოქმედ ჩემპიონს.
ოთხი შეხვედრიდან საბა მხოლოდ ფინალურ ორთაბრძოლაში დამარცხდა
ოთხი შეხვედრიდან საბა მხოლოდ ფინალურ ორთაბრძოლაში დამარცხდა აზერბაიჯანელ მეტოქესთან.
საბა ამბობს, რომ სპორტს დღეში სულ მცირე 2,3 საათს უთმობს, ხანდახან მეტსაც – შედეგის მისაღწევად.
„ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს“ – საბას მწვრთნელი
„სპორტს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩემ ცხოვრებაში. ვიცე-ჩემპიონი გავხდი, მაგრამ ვთვლი, რომ მეტი უნდა გავაკეთო. იმედი მაქვს, მალე უკეთეს შედეგს მოვიტან და გულშემატკივრებს კიდევ უფრო გავახარებ. ძალიან ბევრი ხალხი გვგულშემატკივრობდა სტამბოლში: იქ მცხოვრები ქართველებიც და სპეციალურად ტურნირისთვის ჩამოსულებიც. დიდი მადლობა მათ“, – ამბობს მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი.
საბა სურმანიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი/ფოტო: „სპორტული თაობა . Sport Generation”
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 500 ბავშვი დაიღუპა და 1597-ზე მეტი დაშავდა.
პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი – 485 ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, 297 – ხარკოვში, 129 კი – კიევის ოლქში.
ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, ამ მონაცემებში არ შედის მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, რადგან მარიუპოლი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ინფორმაციის დაზუსტება შეუძლებელია.
რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 აგვისტოს 21 საათიდან 14 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 28 – 33 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით,15-16 აგვისტოს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 253 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560]
ტანკი – 4 298 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 8 335 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 5 072 ერთეული [+19]
MLRS – 713 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 477 ერთეული [+5]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 313 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 204 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 379 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 7 543 ერთეული [+20]
სპეცტექნიკა – 760 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
458 თვითმფრინავი
246 ვერტმფრენი
5 708 უპილოტო საფრენი აპარატი
429 საზენიტო სარაკეტო სისტემა
11 274 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 862 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
12 207 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში მიმდინარე მშენებლობის შესახებ ხელვაჩაურის მერიას განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. მერიაში პასუხი არც მას შემდეგ გაგვცეს, რაც ამ ამბის მედიაში გაშუქებას საზოგადოების კრიტიკა და კითხვები მოჰყვა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყალთან ახლოს და ნაწილობრივ კალაპოტშიც, კოტეჯებს აშენებენ.ადგილობრივები ჰყვებიან, რომ პერიოდულად, როცა მდინარე დიდდება, ამ ადგილს წყალი ფარავს.
მერია არც საკრებულოს ოპოზიციის განცხადებას გამოხმაურებია. თანამდებობის პირებმა თავი არც მაკონტროლებელ ორგანოში, საკრებულოში შეიწუხეს.
ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც მდინარის კალაპოტში მშენებლობაა ხელვაჩაურის მერიამ და საკრებულომ დუმილი არჩია.
„თავს შევიკავებთ ამ ეტაპზე პასუხისგან“, – თქვეს მერიის პრესსამსახურში რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, ოთხშაბათს, 9 აგვისტოს.
გვაინტერესებდა გაცემული ჰქონდა თუ არა მერიას კალაპოტში მშენებლობის ნებართვა, რაზე დაყრდნობით იყო ნებართვა გაცემული, არსებობდა თუ არა საქმის წარმოების მასალებში გეოლოგიური დასკვნა და ვინ აწერდა ამ დასკვნას ხელს.
პასუხი არ გაგვცეს.
ცხადია, ამ ინფორმაციის დამალვის გადაწყვეტილებას პრესსამსახური ვერ მიიღებდა. გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, მერმა მიიღო, ამიტომაც შემდეგ ჯერზე პირადად მერს დავურეკეთ.
ზაზა დიასამიძე „მოუცლელობის გამო“ მოკლე პასუხით შემოიფარგლა – „პირველი კლასის მშენებლობააო“. გვითხრა, დრო ახლაც არ მაქვს, მაგრამ „რომ არ მეპასუხა, უკვე უხერხული იქნებოდაო.“
უხერხულია ისიც, როცა საზოგადოებას მდინარის კალაპოტში მშენებლობაზე კითხვები უჩნდება და მერი თავს უფლებას აძლევს არ ახსნას, რა ხდება და რატომ, ყველაფერი კანონიერი და უსაფრთხოც რომ იყოს.
თვითმმართველობის კოდექსი პირდაპირ ავალებს მერს და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებს, ღიად და საჯაროდ გააცნოს ამომრჩეველს გადაწყვეტილებები, რომელსაც მათი სახელით, მათ მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე იღებს, თუნდაც ეს გადაწყვეტილება მისი წინამორბედის მიერ იყოს მიღებული. მერი, როგორც სამართალმემკვიდრე, ვალდებულია აგვიხსნას, რაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება მისმა წინამორბედმა და რას გეგმავს თავად.
მერი ასე არ მოიქცა: „თავს შევიკავებთო“.
კოდექსის მიხედვით, მერს უფლება არ აქვს „თავი შეიკავოს“ ინფორმაციის გაცემისგან.
საჯაროობას სამშენებლო კოდექსიც ითხოვს, როცა საქმე ეხება 12 947 კვ. მეტრის განაშენიანებას, იმ შემთხვევაში თუ ნებართვა ცალ-ცალკე თითოეული კოტეჯის მშენებლობაზე არ არის გაცემული და ინვესტორმა ამ ფართობის განაშენიანების ერთიანი პროექტით მიმართა მერიის შესაბამის სამსახურს.
ქონების ეროვნულმა სააგენტომ სწორედ 12 947 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი გაყიდა ორთაბათუმში, ყოროლისწყლის კალაპოტთან 2021 წელს. ერთი ბიჯით და 648 000 ლარად.
მიწის გაყიდვის შემდეგ ნაკვეთი რამდენიმე მცირე ზომის საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირეს. სავარაუდოა, თითოეული კოტეჯის პროექტიც ცალ-ცალკე შეითანხმეს. ამიტომაც ამბობს ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე, რომ საქმე გვაქვს პირველი კლასის მშენებლობასთან.
ორთაბათუმში, განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ, შიშობენ, რომ კოტეჯები საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე შენდება და სახელმწიფო სტრუქტურებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.
ასე აირიდეს არამხოლოდ პროექტის საჯაროდ განხილვის ვალდებულება, არამედ ბევრი სხვა სირთულეც, რომელსაც 12 947 კვ მეტრის განაშენიანების შემთხვევაში კანონი ითხოვს.
პირველი კლასის ობიექტის შეთანხმება კი გაცილებით მარტივია.
აქ ჰყვებიან იმაზეც, რომ წლების წინ ამ ტერიტორიაზე მდინარემ თევზის აუზი დაანგრია.
რა გვითხრა ხელვაჩაურის მერმა
ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის განმარტებით, არქიტექტურის სამსახური ნებისმიერ პროექტზე ნებართვას შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე გასცემს:
„ეს პირველი კლასის ობიექტია და შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე გაიცემა. თუ რამე გადაცდომა იქნება… დარწმუნებული ვარ არ არის. თუმცა, თუ რამე ისეთი იქნება, რომ მისახედია ჩვენი მხრიდან, ზედამხედველობის სამსახურიდან, როგორც ყოველთვის, მუნიციპალიტეტი მოიქცევა შესაბამისად კანონის ფარგლებში. თუმცა დოკუმენტბრუნვა და ნებართვების გაცემა ხდება შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით.
სხვა ვერანაირად ვერ გაიცემოდა, თუ არ არსებობს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი და ეს პირველი კლასის შენობებს განეკუთვნება. ეს კერძო საკუთრებაშია. ბოდიშს ვიხდი შეხვედრაზე ვარ“.
მეტი კითხვა მერს ვერ დავუსვით, დეტალები ვერ დავაზუსტეთ, თუმცა ზაზა დიასამიძის ნათქვამიდან გავიგეთ, რომ ნებართვა ნამდვილად გაცემულია და კოტეჯები უკანონოდ არ შენდება.
მისივე ნათქვამის მიხედვით, არ დადასტურდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ რამდენიმე კოტეჯზე იყო ნებართვა გაცემული და მათი რაოდენობა 50-მდე უკანონოდ გაზარდეს. მერი დარწმუნებულია, რომ „გადაცდომა არ არის.“
ხედი სოფლის მაღლობიდან
ცალკე სამსჯელოა გაითვალისწინეს თუ არა „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრული აკრძალვები ნებართვის გაცემისას. თუმცა, როგორ გაითვალისწინებდნენ, როცა კანონი კალაპოტზე საერთოდ არ უშვებს ისეთი სახის მშენებლობას, რაც ყოროლისწყლის კალაპოტზე მიმდინარეობს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ადგილობრივებს კარგად ახსოვთ, მდინარის ადიდებისას როგორ ფარავს წყალი ტერიტორიას, სადაც ახლა კოტეჯებს აშენებენ.
ამ წესების დაცვის აუცილებლობაზე მიწის ნაკვეთის გამყიდველმა, ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღწერილობის ნაწილში მიუთითა. თუმცა, წესების დაცვა, პირველ რიგში, სახელმწიფო უწყების, ნებართვის გამცემის, ვალდებულებაა.
ბათუმის N1 პოლიკლინიკის და სასწრაფოს ახალი შენობების დაპროექტებაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ კონკურსი გამოაცხადა. ამავე კონკურსის ფარგლებში უნდა მომზადდეს პროექტი, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაზე მიშენებასაც ითვალისწინებს.
ახალი შენობები „ძველი რესპუბლიკურის“ ადგილზე უნდა ააშენონ. „ახალ რესპუბლიკურს“ კი 4 სართულს გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების მხრიდან მიაშენებენ.
„ბათუმის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის მშენებლობისათვის დამზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ადაპტაციის, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს არსებულ შენობაზე მიშენებისა და ბათუმის N1 მრავალფუნქციური პოლიკლინიკის მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე,“ საკონკურსო თანხა 320 ათას 80 ლარია.
სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობის პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში, რომლის ადაპტაციაც საკონკურსო დავალებაა, ბათუმის მერიის სამმართველოს თავის დროზე 146 ათას 299 ლარი აქვს გადახდილი.
კონკურსში წინადადებების მიღება 2023 წლის 7 სექტემბერს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.
გამარჯვებულმა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულების გაფორმებიდან 110 დღეში უნდა მოამზადოს. დამკვეთი კი, იტოვებს უფლებას წარმოდგენილი დოკუმენტები 15 დღის განმავლობაში განიხილოს. ამასთან, „შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საპროექტო გადაწყვეტა უნდა ჩასწორდეს არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა“.
აღნიშნული ვადების გათვალისწინებით, ცხადია, რომ 2023 წელს მშენებლობა ვერ დაიწყება. თუ კონკურსი შედგა, მაქსიმუმ, შესაძლოა მშენებლობაზე მხოლოდ ტენდერის გამოცხადება მოესწროს.
ბათუმის N1 პოლიკლინიკა და სასწრაფოს შენობა წელს რომ აღარ აშენდებოდა, ამის შესახებ „ბათუმელები“ დაახლოებით ერთი თვის წინაც წერდა.
ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე ქალაქის N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფო დახმარების ახალი შენობების აშენებაზე აჭარის მთავრობამ 2022 წლის თებერვალში მას შემდეგ განაცხადა, რაც ბათუმის მერიის სამმართველომ ერთი დღით ადრე 6,6-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა.
ეს ტენდერი მერიას მხოლოდ „სასწრაფოს“ მშენებლობაზე ჰქონდა გამოცხადებული.
კონკურსის გამოცხადებამდე, აჭარის პროექტების მართვის კომპანია ბაზარს იკვლევდა.
„ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო და შეთავაზება წარმოადგინა სამმა პოტენციურმა მიმწოდებელმა, რომელთა მიერ დაფიქსირებული იქნა 320 080, 350 000 და 400 000 ლარი დღგ-ს გარეშე.
ჩვენს მიერ უკვე ჩატარებული კონკურსების ანალიზის, პროექტის მოცულობისა და პოტენციური მიმწოდებლების შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ კონკურსის საწყის სავარაუდო ღირებულებად შესაძლებელია აღებული იქნას უმცირესი ფასი დღგ-ს გარეშე 320 080 ლარი, ხოლო მიწოდების ვადად 110 კალენდარული დღე.“ – აღნიშნულია საკონკურსო კომისიის ოქმში.
განახლება: აღნიშნული კონკურსი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ანალოგიური პირობებით და ფასით ხელახალი კონკურსი 2023 წლის 13 სექტემბერს გამოაცხადა. ხელახალ კონკურსში წინადადებების 2023 წლის 28 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბერს დამთავრდება.
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #29ა-ში ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ანგრევენ. ეს მრავალბინიანი კორპუსი ავარიული სახლების ნუსხაში მერიამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეიტანა.
დასკვნაში ექსპერტი წერს, რომ შენობის გარე ფასადზე ბზარებია, ხოლო კიბის უჯრედი დეფორმირებული. ბზარები შეიმჩნევა ასევე სადარბაზოს კედლებზე და ჭერზე. საბოლოდ დასკვნაში ჩაწერეს, რომ ხანდაზმულობისა და ავარიულობის გამო შენობის ხანგრძლივი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.
ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ფოტო
კორპუსის დემონტაჟი რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, მისი ძირითადი ნაწილი უკვე დაშალეს. დემონტაჟის ნებართვა მერიამ გასცა.
ავარიული კორპუსი
ოთხსართულიანი სახლის ეზოს ჩათვლით ჯამში 1725 კვ. მეტრ ტერიტორიას მოიცავს.
ახლა ამ ადგილზე მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ახალი 37-სართულიანი კომპლექსის პროექტს განიხილავს. წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, შენობა 125 მეტრი სიმაღლის იქნება.
კომპანიამ მერიას წარუდგინა ასევე 48 მესაკუთრის თანხმობა კორპუსის ახალი კომპლექსით ჩანაცვლებაზე.
მონიშნულია საპროექტო ტერიტორიამონიშნულია საპროექტო ტერიტორია
დოკუმენტების მიხედვით, ჩანაცვლებით მისაღები ფართობი 1.3 კოეფიციენტით განსაზღვრეს, რეგისტრირებული სხვენის ფართობი 0.7- ით, ხოლო რეგისტრირებული სარდაფი 0,5- ით.
საბოლოოდ, კომპანიამ ბინების მესაკუთრეებს ჯამში 6500 კვ.მეტრი ფართობი უნდა გადასცეს ბინების სახით. შენობის საერთო ფართობი კი 23 250 კვ.მეტრი იქნება.
2022 წლის ბოლოს მომზადებული გათვლების მიხედვით, კომპანიამ 1 კვ.მეტრის ღირებულებად 600 დოლარი, საერთო ღირებულებად კი 13 მილიონ 950 000 დოლარი მიუთითა.
პროექტის მიხედვით, შენობაში კომერციული ფართობი 647 კვ.მეტრია, 1.კვ მეტრის ღირებულებად 800 დოლარი მიუთითეს.
დოკუმენტების მიხედვით, 37-სართულიანი კომპლექსისთვის 71 ადგილიან პარკინგს მოაწყობენ.
კომპანიის მიერ წარდგენილი გათვლის მიხედვით, სხვაობა შემოსავალსა და ხარჯს შორის, 6 მილიონ 780 000 ლარია, მოგება გადასახადების გადახდის შემდეგ კი 4 მილიონ 489 443 ლარი.
პროექტის შეთანხმების მოთხოვნით, მერიას შპს „ბათუმი გარდენ ქიი“მ მიმართა. კომპანიამ მერიას „ალფა არქიტექტურას“ მიერ შესრულებული პროექტი წარუდგინა.
შპს „ბათუმი გარდენ ქიის“ დირექტორი მამუკა შუბალიძეა. ის კომპანიის 49 პროცენტს ფლობს, 51 პროცენტი კი უკრაინის მოქალაქეს, იევჰენიი ლისიცინს ეკუთვნის.
ავარიული სახლების ნუსხაშია ასვე აბუსერიძის #19 და #27.
ამ ეტაპზე ჩანაცვლების პროექტის მერიასთან შეთანხმების პროცესი დაწყებულია აბუსერიძის #19-ში. აქ შპს „სქაილაინ გრუპი“ 40-სართულიანი მრავალბინიანი სახლის შეთანხმებას ითხოვს, სადაც 4 სართული კომერციული დანიშნულების იქნება.
„პარკირების თანხა გადაიხადე. პლუს ხურდა იქონიე, ყველგან „სტაიანშჩიკები“ დგანან. ღმერთი თუ დაგეხმარება გააჩერებ. აქ ისეთი ამბავია, არ ვიცი რა…“ – უპასუხეს მოქალაქეს, რომელმაც ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა, რომ ბათუმში დასასვენებლად ჩასვლას გეგმავს და აინტერესებს პარკირების საკითხი, როგორ მოაგვაროს.
ყველა კომენტარი, ხუმრობანარევი და სერიოზულიც კი, რომელიც ამ პოსტს მოჰყვა, ეჭვქვეშ აყენებდა ბათუმში მანქანის წესებით გაჩერების შესაძლებლობას: „ჯიბეში თუ ჩაიდებ, სხვა ვარიანტი არაა“.
საბოლოოდ მოქალაქეს უთხრეს, რომ პარკირების თანხის გადახდას აზრი ეკარგება, მანქანას მაინც ვერ გააჩერებ, ადგილი არ არისო.
ბათუმში, ტურიზმის ოსკარის მფლობელ ქალაქში, ტროტუარზე გადაადგილება ისევ ჭირს, ძირითად ნაწილს მძღოლები ავტომანქანების სადგომად იყენებენ, ნაწილზე კაფეებია განთავსებული, ქვეითებისთვის კი ადგილი ვიწრო და ბარიერებით სავსეა.
ამას ემატება ისიც, რომ ბათუმის მერიას ქალაქში ჯერ არც სქროლით გადაადგილების წესები აქვს შემუშავებული.
ქალაქის ავტომანქანებისგან განტვირთვისა და პარკინგისთვის მეტი ადგილის შექმნას ბათუმში რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს.
ავტომანქანებით ქალაქის გადატვირთვის პრობლემა დღის წესრიგში აქტიურად 2015 წელს დადგა. ამ დროიდან მოყოლებული, დღემდე ბათუმმა ტურიზმის ოსკარიც მოიპოვა და უძრავი ქონების ოსკარიც, მაგრამ პარკინგის პრობლემას, როგორც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ქალაქისთვის, არაფერი ეშველა.
ამ თემაზე ბევრი იმსჯელეს, ბევრი შეხვედრა გამართეს, ბევრი დოკუმენტი შექმნეს, შეცვალეს მოძრაობების მიმართულებები, დააწესეს და გააძვირეს პარკინგის გადასახადი, მოაწყვეს ბასლაინები, შეცვალეს მოძრაობის მიმართულებები, მოამზადეს პარკინგის სტრატეგია და საკრებულოს დაამტკიცებინეს, თუმცა უშედეგოდ.
ამ საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრებზე მხოლოდ „ბათუმელების“ არქივში ათეულობით მასალა იძებნება. ამ მასალებში არამხოლოდ მერების გეგმებზე მონათხრობს, მთავრობის თავმჯდომარეების კომენტარებსაც ვხდებით. ისინი ჰყვებიან, თუ როგორ აქტიურად არიან ჩართული „საქმეში“ და ეხმარებიან მუნიციპალიტეტის მერიას, რომ პრობლემა ეფექტურად მოკლე დროში გადაიჭრას.
ამ მცდელობებს ვითარება საერთოდ არ განუმუხტია. პირიქით, პრობლემა იმდენად გამწვავდა, რომ ქალაქში ადგილს მანქანის გასაჩერებლად თავად მაკონტროლებელიც ვერ პოულობს და არღვევს, არგუმენტით – „გასაჩერებელი ადგილი ვერ ვიპოვეთ“.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მანქანა ტროტუარზე
უნდა ითქვას ისიც, რომ პრობლემა სულაც არ არის სეზონური და ტროტუარები მანქანებით არის ჩახერგილი არამხოლოდ ზაფხულში, როცა ტურისტების ნაკადი იმატებს, არამედ მთელი წლის განმავლობაში.
ქალაქის მანქანებისგან განტვირთვის საკითხზე მუშაობენ და პრობლემის მოგვარებას გვპირდებოდნენ ყოფილი მერები – გიორგი ერმაკოვი და ლაშა კომახიძე, გვპირდება არჩილ ჩიქოვანიც.
ლაშა კომახიძე აცხადებდა, რომ მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობას აპირებდა და დაინტერესებული პირებიც იპოვა, თუმცა მისი მერობის პირობებში ამ დაპირების შესასრულებლად რეალური ნაბიჯები მერიას არ გადაუდგამს.
წლები, რაც ქალაქის მანქანებისგან განმუხტვაზე მუშაობაში გავიდა, მერიამ ბათუმში გაცსა ასეულობით მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა, რომლებსაც პარკინგის ადგილი მხოლოდ მცირე რაოდენობით ჰქონდათ, ან საერთოდ არ ჰქონდათ. ეს ტენდენცია გრძელდება.
„ბათუმელების“ სტატიებში შეხვდებით მაგალითებს იმაზეც, თუ როგორ იქცა სადავო თემად ეზოებში პარკინგის ადგილის განაწილება და მაგალითებს იმაზეც, რომ ასეთი დავების პარალელურად შესაძლოა იგივე კორპუსის ე.წ. ნულ სართულზე 30 მანქანის ადგილი ჩაკეტილი იყოს. მშენებელი პარკინგის ადგილებს ყიდის და მანქანის ერთი სადგომის ღირებულება, თითქმის ერთი პატარა ბინის ფასს უტოლდება.
„მწვანე ქალაქების “ ფარგლებში „ბათუმისთვის დაბალი ემისიების მქონე ურბანული სატრანსპორტო დერეფნის საპილოტე ღონისძიებების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და ინტეგრირებული, მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა“ – 2017 წელს მოამზადეს.
დოკუმენტი მოიცავდა პარკირების სტრატეგიის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საპილოტე ღონისძიებების ჩამონათვალს ძველი ქალაქისთვის. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ოპტიმიზაციის სცენარებს.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] ფარგლებში, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის [GEF] ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტში ჩართულები იყვნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ბათუმი მერია.
დოკუმენტი მერიას სთავაზობდა რამდენიმე შესაძლებლობას, რასაც საბოლოოდ ქალაქის მანქანებისგან, ასევე, საცობებისგან განტვირთვა უნდა მოეხერხებინა. მათ შორის იყო: ბასლაინების მოწყობა, ფასიანი პარკირება, ჯარიმების დაწესება, კომფორტული მუნიციპალური სატრანსპორტო ქსელის შექმნა და ასე შემდეგ.
კვლევაში დიდი ადგილი ეთმობა ევროპული ქალაქების გამოცდილებასაც:
ქალაქის ისტორიული და ცენტრალური სავაჭრო ქუჩებიდან პარკირების ამოღება დამახასიათებელი ნიშანი გახდა ევროპული ქალაქებისთვის. ძალიან ხშირად, ეს ასევე უდიდესი ხელშეწყობაა ბიზნესისთვისაც. მაღაზიების, რომლებიც საფეხმავლო უბნებში მდებარეობენ, ბევრად მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ტრანსპორტით დატვირთულ უბნებში არსებული მაღაზიები. ქუჩების სივრცეების საჯარო აქტივობების ზონებად გადაქცევამ, მათი ავტომობილებისგან გათავისუფლების გზით, შეიძლება მიგვიყვანოს ბევრად უკეთეს მიწათსარგებლობასთან. ქუჩაზე არსებული პარკირების ადგილების შემცირება მათი საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკებად გადაკეთების გზით შეიძლება
საუკეთესო გზა იყოს ალტერნატიული ტრანსპორტის სახეობების გამოყენების წახალისებისთვის.
ზოგიერთი ქალაქი სატრანსპორტო საშუალების პარკირების ფასს განსაზღვრავს მის ემისიებზე დაყრდნობით. მაგალითად, ლონდონის ზოგიერთმა რაიონმა წარადგინა CO2 – ის გამოყოფაზე დამყარებული საცხოვრებელი პარკირების გადასახადის სქემა. ავტომობილები, რომლებიც გამოყოფენ CO2 -ს დიდი რაოდენობით, იხდიან პარკირების მაქსიმალურ გადასახადს, მაშინ, როდესაც ელექტრო ავტომობილს შეუძლია დაპარკინგდეს უფასოდ.
კვლევის მიხედვით, სპეციალისტები მერიას რეკომენდაციას უწევდნენ ასევე პარკირების ზონირების სისტემის შექმნასთან დაკავშირებით. წესები თითოეული პარკირების ზონისთვის უნდა განსაზღვრულიყო:
ეს უმეტესად ეხება ქუჩაზე არსებულ პარკირებას და არარეზიდენტის პარკირების წესებსა და უფლებებს.
რეკომენდაციებში შედიოდა ასევე „ქუჩის მიღმა“ პარკირების სივრცეების მოწყობა, რასაც ქალაქის ცენტრში უნდა შეექმნა აუცილებელი რაოდენობის პარკირების ადგილები ისე, რომ ეს ქუჩის გამტარუნარიანობის ხარჯზე არ მომხდარიყო.
კვლევა 3 ძირითადი სახის „ქუჩის მიღმა“ პარკირების სივრცის სახეობას სთავაზობდა მერიას: მრავალსართულიანი პარკირება, მიწისქვეშა პარკირება და მიწისზედა პარკირება.
კვლევა და რეკომენდაციების ნაწილიც საკმაოდ მრავალმხრივია, ისევე როგორც პრობლემა. მერიამ მხოლოდ ნაწილის შესრულება შეძლო, მათ შორის არის ფასიანი პარკინგი, განახლებული მუნიციპალური ტრანსპორტი, ელექტრონული ტაბლოები და ველობილიკები. თუმცა ამან პრობლემა ვერ მოხსნა.
ახალ ავტობუსებში მომხმარებელი გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და შემოწმებისას დაკარგულ დროზე ჩივის. ელექტრონული ტაბლოები მეტწილად არ მუშაობს, გამართულია ან მასზე გამოსახული დრო ტრანსპორტის რეალური მოძრაობის დროს არ ემთხვევა. ველობილიკი კი ან მანქანებით არის ჩახერგილი ან მას ქვეითები იყენებენ.
UNDP-ის ფარგლებში კვლევებსა და პარკინგის სტრატეგიის მომზადების პროცესს ლაშა ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა. კითხვაზე, რატომ ვერ დადგა რეალური შედეგი, ის პირდაპირ არ პასუხობს. ამბობს, რომ თავად არ არის გადაწყვეტილების მიმღები. ის ჩვენთან საუბარში ძირითადად ისევ რეკომენდაციებით შემოიფარგლა და ისაუბრა იმაზე, თუ რა როგორ უნდა გაკეთებულიყო, რა რეკომენდაციები ჰქონდათ და ასე შემდეგ. მისივე ინფორმაციით, რეკომენდაციების ნაწილი შესრულდა:
„მაგალითად, ფასიანი პარკირება, ბასლაინების მოწყობა, თუმცა ჩვენი რეკომენდაცია იყო ორმხრივი ბასლაინი. პოზიტიურია, რაც კეთდება საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებაში, ეს არის ავტოპარკის განახლება. ელექტრონული ტაბლოები, რაც ჩვენი დაფინანასებით დაიწყო ქალაქმა. ასვე, ქსელის ოპტიმიზაცია. თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება არ იწვევს იმას, რომ ადამიანები კერძო ავტომობილებიდან გადასხდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
ჩვენი რეკომენდაცია იყო პარკირების პოლიტიკის გამკაცრება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაცია. ორივეს ერთად განხორციელება მოგვცემს შედეგს და არა ფრაგმენტულობა“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 253 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
ტანკი – 4 295 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 8 324 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 5 053 ერთეული [+10]
MLRS – 713 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 472 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 313 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 201 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 378 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 7 523 ერთეული [+12]
სპეცტექნიკა – 759 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
458 თვითმფრინავი
245 ვერტმფრენი
5 683 უპილოტო საფრენი აპარატი
429 საზენიტო სარაკეტო სისტემა
11 249 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 853 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
12 189 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 11 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2000-2000 ლარით დააჯარიმა რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები.
მანტიიდან „ოცნების“ მაისური გიჩანს – ასე მიმართა ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა, თორნიკე კვერენჩხილაძემ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს.
– „ორმა მოწმემ თქვა ტყუილი, ჩაქუჩიც რომ ჩამარტყათ შეგიძლიათ თავში?“ – მიმართა თორნიკე კვერენჩხილაძემ მოსამართლეს.
-„შეგიძლიათ გაასაჩივროთ“ – უთხრა მას მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.
-„რა გავასაჩივრო, კადრი მაინც არ გენახათ ჩემთან ერთად, გაღიმებული ველაპარაკები პოლიციის უფროსს, ის მაინც არ გენახათ.. ბებიაჩემის დანაბარებს გადმოგცემთ, გურული ქალია – „მაგ სიმართლით იარეთ“ – ასე დამაბარა, თუ დაგაჯარიმოს ბებიაო…
იცი, რა არის, მაისური გიჩანს „ოცნების“ მანტიიდან, ეს არის არასწორი,“ – უთხრა მოსამართლეს თორნიკე კვერენჩხილაძემ.
სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ თორნიკე კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
„მე არაფრის გადამხდელი არ ვარ, გავასაჩივრებ, მაგრამ რომ გითხრათ, რაიმეს იმედი მაქვს – არა,“ – თქვა მან.
_______________
27 ივლისს ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერი შემოვიდა. გემ ASTORIA GRANDE-დან ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ამბობდა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, ანუ შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ.იმავე დღეს, მოქალაქეები გემის შემოსვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქაჯობად“ შეაფასა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ბათუმის აქციას ტვიტერზე გამოეხმაურა:„ვამაყობ ჩვენი ხალხით“.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაზიდვები იწყებოდა, 2023 წლის იანვარში გავრცელდარუსულ მედიაში. თავდაპირველად ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ უარყო.
ქობულეთში, 9 აპრილის N28-ში სპორტული კომპლექსი უნდა ააშენონ. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე 37,4 მილიონი ლარით ტენდერი უკვე გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით, სპორტული კომპლექსი სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის სასწავლო-საწვრთნელი სივრცე იქნება.
საპროექტო ტერიტორია ორი ნაკვეთისგან შედგება და ჯამში 28 427 ჰექტარია. ტერიტორია ოთხი მხრიდან ქუჩით და ნაწილობრივ კერძო ნაკვეთებით არის შემოსაზღვრული; მასზე არსებობს მრავალწლიანი ხე-მცენარეები, როგორც ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანი. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია რამდენიმე მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა – ავტომობილების სამრეცხაო, რომლებიც დემონტაჟს ექვემდებარება.
სპორტული კომპლექსის შემადგენლობაში გათვალისწინებულია შემდეგი შენობა-ნაგებობები:
ტერიტორიის თითქმის ნახევარი, 10 200 კვადრატული მეტრი დაეთმობა სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსდება 2 საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, სპორტული მოედანი ტრენაჟორებით, მცირე ზომის სკეიტპარკი ბავშვებისთვის, საჩრდილობლები პასიური დასვენების ზონაში, ასევე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საპიკნიკე ადგილები, სასმელი წყლის შადრევნები, სკამები, ურნები, სამი მცირე ზომის ფილა შემდგომში სავაჭრო ჯიხურის განსათავსებლად [სანაყინე].
სამ ადგილზე მოეწყობა ღია ავტოსადგომები სულ 57 ავტომობილის და 3 ავტობუსისთვის. „ვინაიდან რეგიონი გამოირჩევა უხვი ნალექებით, გრუნტის წყლების სიჭარბით, არ აღმოჩნდა რეკომენდებული მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა, მისი მოვლის და შემდგომი ექსპლოატაციის სირთულის გამო. ვინაიდან ავტოსადგომების ეს რაოდენობა არ არის საკმარისი, სასურველია, როგორც შოთა რუსთაველის, ასევე 9 აპრილის ქუჩის მხრიდან საპროექტო ტერიტორიის გასწვრივ საავტომობილო გზის ფარგლებში მოეწყოს პარკირების ერთი ზოლი“, – აღნიშნულია პროექტში.
სპორტული კომპლექსის მთავარ შენობას უჭირავს ტერიტორიის შუა ნაწილი. ის ორი ცალკე მდგომი ნაგებობისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს გადასასვლელი ხიდით უკავშირდება. შენობის ასეთი ფორმა განსაზღვრა ტერიტორიაზე არსებულმა მრავალწლიანმა ნარგავებმა, შენობას მთელ სიგრძეზე მიუყვება არსებული ხეების ხეივანი.
მთავარი შენობა შედგება პირობითად რამდენიმე ბლოკისგან:
A ბლოკი ერთსართულიანია და მოიცავს დამხმარე სივრცეებს [გასახდელები, საშხაპეები,სანკვანძები].
B ბლოკი ასევე ერთსართულიანია და მოიცავს მულტიფუნქციურ მინი მოედანს, სამაყურებლო ტრიბუნებით 542 მაყურებელზე.
C ბლოკი სამსართულიანია, მასში განთავსდება ცენტრალური ფოიე, კაფე-ბარი, სატრენაჟორო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი, მასაჟის ოთახები, საუნა, სასტუმრო ნომრები სპორტსმენებისთვის, ინვენტარის საწყობები, ტექნიკური სათავსოები, ოთახები პერსონალისთვის.
D და E ბლოკი მოიცავს 2 სავარჯიშო დარბაზს სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის. დარბაზები აღჭურვილია ყველა საჭირო სათავსით მისი გამართული ფუნქციონირებისათვის. ესენია გასახდელი საშხაპეებითა და სანკვანძებით, მწვრთნელების ოთახები, საწყობები ინვენტარისთვის, მოსასვენებელი სარეკრეაციო სივრცეები.
რენდერი პროექტიდან
ტერიტორიაზე ასევე განთავსდება სამსართულიანი მრავალფუნქციური ადმინისტრაციული შენობა. პირველ სართულზე – საზოგადოებრივი საპირფარეშო, გასახდელები საშხაპითა და სანკვანძით სპორტსმენთათვის, მედ-პუნქტი, ოთახი მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის.
პირველი სართულის ეს სივრცეები ემსახურება ღია სპორტულ მოედნებს. მეორე სართულზე იქნება სასადილო სივრცე კოტეჯებში დაბინავებული სპორტსმენი ბავშვებისთვის. მესამე სართულის ერთი ნაწილი უჭირავს ოფისებს, სადაც განთავსებულია ღია სპორტული მოედნების და კოტეჯების ადმინისტრაცია, ხოლო მეორე ნაწილი არის გადახურული ვერანდა.
მოეწყობა ღია ქვიშისსაფარიანი მოედანი, რომლის სამაყურებლო ტრიბუნები იტევს 524 მაყურებელს.
ასევე იქნება კიდევ ერთი ღია ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედანი – ბავშვთა გუნდების საწვრთნელად. მოედანს ესაზღვრება ერთსართულიანი გასახდელის შენობა, რომელიც მოემსახურება ყოველდღიური ვარჯიშების დროს.
ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმროს ტიპის ორსართულიანი 8 კოტეჯი, რომლებიც შემოისაზღვრება ღობით. დაცული ტერიტორია განკუთვნილია სპორტსმენი ბავშვებისათვის, რომლებიც გაივლიან წვრთნას ღია ხელოვნურსაფარიან და ქვიშის ფეხბურთის მოედნებზე. ყველა სართულზე განთავსებულია ოთხადგილიანი ორი სასტუმრო ნომერი, სულ 32 ოთახი 128 სპორტსმენი ბავშვისთვის.
ტერიტორია კეთილმოეწყობა საფეხმავლო ბილიკებით და სარეკრეაციო სივრცეებით, განთავსდება მცირე ზომის საცურაო აუზიც.
შენობების შესასვლელებთან მოეწყობა კიბეები და პანდუსები. შენობები სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
რენდერი პროექტიდან
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 7 სექტემბერს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 37 451 710 ლარია, შეთავაზებული ფასის კლების ბიჯი კი 500 ათასი ლარი.
პირობის მიხედვით, „სამშენებლო სამუშაოების განხორციელების სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვე. ამასთან ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები“.
მთავარი მოთხოვნა: „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს [შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს] 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 40 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები, გარდა ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობისა“.
ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აჭარის მთავრობამ 2021 წლის სექტემბერში დააანონსა. თუმცა, იმავე წლის მაისში აჭარის პროექტების მართვის კომპანია ტენდერის გამოსაცხადებლად ბაზარს იკვლევდა.
რაჭაში, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიიდან 8 დღე გავიდა. მედიას/საზოგადოებას აქვს კითხვები ხელისუფლებასთან, მაგრამ ვერ იღებს ადეკვატურ პასუხებს. მმართველი პარტია სტიქიის ზონაში ჟურნალისტების მუშაობას პერიოდულად ზღუდავს და თავს ესხმის დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას.
ჟურნალისტ ზვიად ქორიძის აზრით, ერთი საკითხია რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომ წარმატებული სამაშველო ოპერაცია ჩაეტარებინა და მეორე ის, თუ როგორ უნდა ელაპარაკა საზოგადოებასთან, რომ მოქალაქეებს დროულად მიეღოთ ინფორმაცია.
ბატონო ზვიად, სტიქიის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმია – ხელისუფლება არ თვლის თავს ვალდებულად საზოგადოებას სტიქიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. თქვენი აზრით, რატომ არ გრძნობს ხელისუფლება ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე?
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ორი ფაქტორი – რა უნდა გაეკეთებინა, რომ სამაშველო სამუშაოები წარმატებით განხორციელებულიყო და მეორე ის, რომ ასეთ დროს ჰქონოდა, რაც შეიძლება მეტი, ღია კომუნიკაცია საზოგადოებასთან.
ეს არის ისეთი მოვლენა, რომელიც ყველა მოქალაქეს შეეხო, ყველა მოქალაქემ გაიზიარა, განიცადა. ბუნებრივია, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია. აქ მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლების როლი, ანუ ხელისუფლება უნდა ყოფილიყო ღია და ჰქონოდა ეს ორი სტრატეგიული ბერკეტი კარგად დამუშავებული და გააზრებული – ემართა კრიზისები და ჰქონოდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია.
ის, რაც ყველაზე მეტად დააკლდა ამ პროცესს და რაც ახლა ჩანს, [კრიზისის საწყის ეტაპზე ყველაზე კარგად ჩანდა], იყო ის, თუ რა ვერ მართა ხელისუფლებამ.
ყველა მისი შემდგომი ქმედება იყო გამოწვეული სწორედ იმით, რომ მან ეს ორი პრინციპი ვერ მართა. ეს პროცესი გრძელდება დღემდე.
დღემდე არ გვაქვს სია იმ ადამიანების, ვის ვეძებთ. არ ტარდება საინფორმაციო ბრიფინგები, საიდანაც საზოგადოება გაიგებს, რას აკეთებს ხელისუფლება. რა ტიპის მმართველობაა ეს?
ამყოფო საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმში, ეს არის ავტორიტარული მართვის წესი. რაც არ უნდა პრობლემა იყოს, თუ ამ პრობლემას მიჩქმალავ, არ აქვს მნიშვნელობა სუბიექტური მოტივებით იქნება ეს განპირობებული თუ ობიექტურით, ეს არის ავტორიტარული მართვისთვის დამახასიათებელი.
ავტორიტარული მართვაა პრობლემის მიჩქმალვა, ნაკლები ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, პრობლემის არსის გაბაიბურება და აქცენტების გადატანა სხვა საკითხებზე.
სხვა თემების გააქტიურებით, დისკუსიებით ისეთ თემებზე, რომელიც არ არის მოცემულ შემთხვევაში არსებითი, ავტორიტარული ხელისუფლება იგებს დროს.
ის [ხელისუფლება], რა თქმა უნდა, არ ხედავს გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მას შემოუბრუნდეს. მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ის გამოდის „გამარჯვებული“.
რაზე იმარჯვებს? ის იმარჯვებს საკუთარ საზოგადოებაზე, რომელსაც ტოვებს ინფორმაციულ ვაკუუმში და ეუბნება – შენ რაც არ უნდა მითხრა, ეს ეწინააღმდეგება ახლა პროცესის ნორმალურ წარმართვას.
ზვიად ქორიძე
ამ დროს რა კითხვები აქვს საზოგადოებას? საზოგადოებას აქვს ძალიან მარტივი კითხვები – ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის დაღუპული და მოხდა თუ არა ყველა გარდაცვლილის იდენტიფიცირება. ვისიც არ ხდება, რატომ არ ხდება. არის თუ არა დადგენილი სია იმ ადამიანების, ვისაც ეძებენ. ისეთი კომიკური სიტუაცია რომ არ შეიქმნას, ვიღაც კაცი იპოვეს თბილისში და მერე აღმოჩნდა, რომ ის კაცი საერთოდ არ ყოფილა რაჭაში.
რატომ აღმოჩნდა იმ სიაში ან აღმოჩნდა თუ არა არავინ არ იცის. რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია?
ეს იმას ნიშნავს, რომ სია ან არ აქვს ხელისუფლებას ან აქვს, მაგრამ არ უნდა მკაფიოობა შეიტანოს ამ პროცესში – უმალავს ამას საზოგადოებას. არ აწვდის ინფორმაციას ან იმიტომ, რომ არ იცის, ან არ უნდა რომ მიაწოდოს.
ცდილობს, მაქსიმალურად დაავიწროოს კატასტროფის არეალი. აჩვენოს, რომ არაფერი ისეთი არ მომხდარა. არ გაამახვილოს ყურადღება მსხვერპლზე და ა.შ. ყოველ შემთხვევაში მისი საინფორმაციო სტრატეგია არის ასეთი.
ამას ემსახურება სწორედ ის, რომ მან დაავიწროვა ეს არეალი, სადაც შეიძლება ჟურნალისტებმა იმუშაონ. რატომ შეიძლება ჟურნალისტს შეუზღუდო მუშაობის უფლება სტიქიის ზონაში?
მიზანია ის, რომ საზოგადოებას არასრულყოფილად მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რა ხდება სტიქიის ზონაში.
სახელისუფლებო ტროლ-ბოტების მხრიდან ტრაგედიის მეორე დღეს აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ „ახლა არ არის კითხვების და კრიტიკის დროს, ახლა უნდა ვიგლოვოთ“. რა სტრატეგიაა ეს?
გლოვას არ სჭირდება ხელისუფლების შემოძახილი. პატივიც უნდა მივაგოთ გარდაცვლილებს და ეს ტრაგედიაც უნდა გავიაზროთ. მაგრამ არ შეიძლება გლოვით გადაფარო სხვა ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომელიც გაგაჩნია საზოგადოების წინაშე. ხელისუფლება იმისთვის არ არის არჩეული, რომ მან გლოვა გამოაცხადოს, ხელისუფლება არის არჩეული იმისთვის, რომ მან ზუსტად განსაზღვროს, როგორ აირიდოს თავიდან კრიზისები. სტიქიური უბედურებებისგან თავის არიდების გეგმები, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პროაქტიული ვალდებულებაა.
კრიზისულ სიტუაციებში რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად და ნაკლები ადამიანური დანაკარგებით იმოქმედოს. იმიტომ, რომ ყველაზე ძვირფასი არის ადამიანის სიცოცხლე და ამაზე უნდა იზრუნოს. მესამე უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, რომ თუ რამე სადმე გამოეპარა, ამის გამოძიება დაიწყოს.
დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამისგან განსხვავებულ სტრატეგიას გვთავაზობს. ის გვეუბნება, რომ ყველაფერი უნდა დავმალოთ, დავფაროთ, რომ ახლა არ არის კითხვების დასმის და გამოძიების დრო. ახლა არ არის ჟურნალისტების აქტიურობის დრო და მეტიც, ახლა არ არის ვინმეს პასუხისმგებლობის გამოკვეთის დროს, რომ მან აგოს კონკრეტული ქმედების გამო პასუხი.
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ რაზე – ამ კრიზისის, უბედურების ფონზე, კიდევ ერთხელ დავსვათ საკითხი, არის თუ არა მოქალაქე დაცული ჩვენ საზოგადოებაში.
ეს არის მთავარი კითხვა. ამას ემსახურება ის აქტივობა, ის თავდაუზოგავი შრომა, რომლითაც ჩვენი კოლეგები გამოირჩევიან. პირველ დღეებში მათ ძალიან ბევრი ინფორმაცია დროულად მიაწოდეს საზოგადოებას, თორემ მე მახსოვს პირველ დღეს ხელისუფლება სახელისუფლებო არხებზე კმაყოფილებას გამოხატავდა მთელი საათების განმავლობაში, რომ ნახე რა წარმატებით ჩავატარეთ ოპერაცია – არცერთი დაღუპული არ არის, დროულად გავარიდეთ სტიქიის ზონას. ის საერთოდ არ საუბრობდა იმაზე, რომ სტიქიის ზონაში იყო ისეთი ადგილები, სადაც პრაქტიკულად აღარ დარჩა არანაირი ინფრასტრუქტურა და ადამიანებს ვერ პოულობდნენ.
როგორც კი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე რედაქციებმა დაიწყეს ყველაფრის მოკვლევა და საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, მერე, რა თქმა უნდა, იგრძნეს გარკვეული დისკომფორტი მთავრობის წარმომადგენლებმა. ვნახეთ, რომ მხოლოდ მეორე დღეს ავიდა პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში და ჩვენ დღემდე არ ვიცით სად იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაა ბევრი სტრუქტურის მუშაობა, რომელიც სტიქიური უბედურების ზონაში დღეს ჩანს.
ინფორმაციის თავისუფლებამ და საზოგადოების უფლებამ, რომ მოიპოვოს მეტი ინფორმაცია სტიქიურ უბედურებაზე და შემდეგ ამის შესაბამისად იმოქმედოს საზოგადოებამ, შეუქმნა დისკომფორტი მთავრობას. ამიტომ ხელისუფლებამ შესთავაზა საზოგადოებას მართვის ის წესი, რომელიც ავტორიტარული სახელმწიფოსათვის არის დამახასიათებელი.
ეს არ არის ჩვეულებრივი, დემოკრატიული და ანგარიშვალდებული ხელისუფლების მართვის წესი. მან არ იცის, როგორ მართოს კრიზისი, მან იცის, როგორ შეზღუდოს ინფორმაცია. ეს არის ავტორიტარიზმის კლასიკური ბუნება.
თქვენი აზრით, რატომ მოიცალა სტიქიის დროს ხელისუფლებამ მედიაზე თავდასასხმელად?
ჩვენ რომ საქმე გვქონდეს პასუხისმგებლიან და ანგარიშვალდებულ ხელისუფლებასთან, მაშინ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს ჟურნალისტი, იქნებოდა ღირებული მათთვის.
არის არაზუსტი ეს ინფორმაცია? მიაწოდე მაშინ მეტი ინფორმაცია, გადაამოწმე და შესთავაზე საზოგადოებას და აჩვენე, რომ აქ, ამ ჟურნალისტმა დაუშვა შეცდომა. თუ ეს ჟურნალისტიც დარწმუნდება, რომ დაუშვა შეცდომა, ის ამას გაასწორებს.
რატომ არ დატოვა ყურადღების მიღმა მთავრობამ არცერთი ამბავი, რომელსაც ავრცელებდა „მთის ამბები“? მარტივი მიზეზის გამო – „მთის ამბების“ ყველა ჟურნალისტი ძალიან კარგად იცნობს ამ რეგიონს, კარგად იცნობს მთის პრობლემატიკას. ამავდროულად გამოცემა სვამდა კითხვებს, თუ რატომ არ აღმოჩნდა ეფექტური სამაშველო სამუშაოები პირველ საათებში. რატომ არ აღმოჩნდა ხელისუფლების არცერთი რგოლი მზად იმისთვის, რომ დროულად ეწარმოებინა სამაშველო პროცესები.
ეს კითხვები, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ მოსწონდა და ამის გამო ამოიჩემა ეს მედიასაშუალება. ეს მედია ავრცელებდა იმ ინფორმაციას, რომელიც ზუსტიც იყო, გადამოწმებულიც და ისეთი ტიპის, რომელიც დისკომფორტს უქმნიდა ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლებას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეეძლო. ამ დროს ნორმალური, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება იტყოდა, რომ კი, ეს იყო პრობლემა. აქ დავაგვიანეთ. მაგრამ აი, ეს კარგად გავაკეთეთ. ის ამ შემთხვევაში იქნებოდა არა დაპირისპირებული მედიასთან, არამედ მედიის ყველა ინფორმაციაზე იქნებოდა ადეკვატური რეაგირების რეჟიმში.
ეს არის დემოკრატიული ხელისუფლების ბუნება. ავტორიტარული ხელისუფლება პირიქით – ცდილობს, ინფორმაცია დამალოს. აჩვენოს, რომ ყველაფერში ის არის მართალი და თუ ვინმე ხელს უშლის დღეს ხელისუფლების მუშაობას, ეს არის მედია. ამიტომ ის ბოლომდე ურტყამს ამას. ეს არის ავტორიტარიზმი. ის, ყველაზე მწვავე და ყველაზე ხელშესახები ადამიანებისთვის ხდება მაშინ, როდესაც ასეთი ტიპის კრიზისები ჩნდება. ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებული კრიზისები და აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებას არანაირი სტრატეგია არ გააჩნია.
ბევრი ტრაგედია გამოიარა ამ ქვეყანამ, მაგალითად, იყო თბილისის წყალდიდობა 13 ივნისს, ბათუმში სახლის ჩამონგრევა. ამ ტრაგედიების დროს ვნახეთ, რომ საზოგადოება იყო ერთიანი. არ იყო ხელისუფლების წინააღმდეგ. თითქოს იცდიდა და ელოდებოდა, რას გააკეთებდა ხელისუფლება. სხვაგვარად მოხდა ახლა, როცა ტრაგედიის პირველივე წუთებიდან ხელისუფლება და საზოგადოება სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა. თქვენი აზრით, რა მოვლენათა ერთობლიობამ განაპირობა ასეთი სურათი?
2015 წლის 13 ივნისს, ეს ის დრო იყო, როცა ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო ასე მწყობრად ავტორიტარულ რელსებზე გადასული. საზოგადოებამ იქ გამოიჩინა უფრო მეტი სოლიდარობა, უფრო მეტი სულისკვეთება თანადგომისა და ამ პრობლემის ერთად გამკლავებისა.
ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ხშირად მეორდება ეს კრიზისები და გლოვის დღეები საქართველოში. ავტომატურად ჩნდება კითხვა, პრევენციულად რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ ასეთი რამ არ მოხდეს? როგორ შეიძლება, რომ საზოგადოება ჩაერთოს აი, ამ პროცესებში და ითამაშოს მნიშვნელოვანი პარტნიორის როლი მთავრობისთვის?
მთავრობას არ აწყობს ეს. მთავრობას ეს არ უნდა. ამიტომ ის ცდილობს ყველანაირად გარიყოს საზოგადოება ამ პროცესებისგან, დატოვოს ინფორმაციის გარეშე. ამას ხელს უწყობს ათასგვარი ჭორები, ტყუილ-მართალი. მერე საზოგადოება ერთმანეთთან ამოწმებს ამ ინფორმაციას.
კი სოციალური ქსელები დღეს უფრო განვითარებულია, ვიდრე წლების წინ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინფორმაციის გადამოწმების მექანიზმები სოციალურ ქსელებში უფრო მაღალი და უფრო რაფინირებულია. არა, იგივე პრობლემებს აწყდება საზოგადოება თანამედროვე სოციალური ქსელების პირობებში, როდესაც ინფორმაცია ჩაკეტილია, როგორც ძველი სოციალური ურთიერთობების პირობებში იყო.
საინფორმაციო ვაკუუმში მოქცეული საზოგადოება, მუდმივად უნდა გყავდეს დამუხტული, პრესინგის ქვეშ. ამ პრესინგის საუკეთესო მექანიზმი არის ის, რასაც აკეთებს მთავრობა ტროლების ფაბრიკებით, სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანი ჰყავს დასაქმებული – ცდილობენ, ამ კრიზისის პერიოდში საზოგადოების ყურადღება ძალიან უმნიშვნელო, მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ. გამოიწვიონ დისკუსია: არიონ და დარიონ სიტუაცია, რაც შეიძლება მეტი გაუგებრობა შემოიტანონ. მიმართონ ისრები ჟურნალისტების წინააღმდეგ; მიმართონ ისრები ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ. ან ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მშვიდად გამოძვრნენ სიტუაციიდან.
მთავრობის გამოძრომა რა არის, სახალხო მღელვარება ჩააცხროს, რაც შეიძლება მეტი გაურკვევლობა გააჩინოს საზოგადოებაში. დროც მოიგოს იმ თვალსაზრისით, რომ აი, რაზე დავიწყოთ მსჯელობა, რაზე ვიკამათოთ და როდის ვიკამათოთ.
ეს არის თავის დაძვრენის პოლიტიკა, საზოგადოების დეზორიენტირების პოლიტიკა – რაც შეიძლება მეტად დავქსაქსოთ საზოგადოება, რომ მკაფიო კითხვებზე ვერ მოახერხოს კონსოლიდირება. ამიტომაც ხელისუფლება მიმართავს ყველა მეთოდს, ეს პროცესი რომ გააბაიბუროს და შედეგი არის ზუსტად ეს – თავისი კომფორტის მდგომარეობა გაიუმჯობესოს.
სამწუხაროდ, ეს არის ავტორიტარული ხელისუფლების ბუნება. ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ, რადგან დემოკრატიული ხელისუფლება ასე არ იქცევა.
ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ასე იქცევიან ავტორიტარული მმართველები. დემოკრატიული მმართველობა სხვანაირად იქცევა, თორემ სტიქიური უბედურება ყველგან ხდება. შეიძლება სტიქიური უბედურების დროს მსხვერპლიც იყოს. თუმცა დემოკრატიული მმართველობის პირობებში, სადაც არის მართვის გამჭვირვალე მექანიზმები, იქ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წინასწარი შეტყობინებების სქემები იყოს გამართული და ადამიანები დროულად გაიყვანონ სტიქიური უბედურებების ზონიდან.
გულის ყველა დაავადებას მკაფიოდ გამოხატული გამაფრთხილებელი ნიშნები არ ახასიათებს და ყოველთვის იოლად ამოსაცნობი არც არის, რეალურად რა შეიძლება გვაწუხებდეს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი მარიამ გველესიანი სწორედ იმ ნიშნებზე საუბრობს, რაც, შესაძლოა, შეცდომით სხვა პათოლოგია გვეგონოს, მაგრამ რეალურად გულის დაავადებას უკავშირდებოდეს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია ექიმთან გადაამოწმოთ“ – ამბობს მარიამ გველესიანი. ეს ნიშნები განსაკუთრებით საყურადღებოა რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის.
რისკ-ჯგუფს წარმოადგენს +60 წელზე უფროსი ასაკი, ჭარბი წონა, დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინის მაჩვენებელი ან მაღალი წნევა.
ქალბატონო მარიამ, როგორია გულის პათოლოგიის სიმპტომები?
ეს შეიძლება იყოს ტკივილის, მოჭერის, წვის შეგრძნება გულმკერდის არეში, რაც საკმაოდ საყურადღებო ნიშანია და შეიძლება გამოწვეული იყო როგორც გულის პათოლოგიიდან, ასევე, სხვა მრავალი დაავადებიდან.
გულისთვის დამახასიათებელია აღნიშნული სიმპტომების ლოკალიზაცია გულმკერდის შუა ნაწილში, მკერდის ძვლის უკან, რომელიც არ იცვლება მოძრაობის, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს; აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეიძლება [ტკივილი] გადაეცემოდეს მარცხენა მხარში, ბეჭში, ხელში, ქვედა ყბაში, კბილებშიც კი.
ჩივილები უმეტესად აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვის, ემოციური სტრესის ფონზე, შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთი და კუპირდეს [გაჩერდეს] მოსვენებულ მდგომარეობაში, თუმცა არის დაავადების ისეთი მიმდინარეობა, როდესაც აღნიშნული ჩივილები აღმოცენდება მოსვენებულ მდგომარეობაშიც.
ნებისმიერ შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი.
რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ე.წ. ჩხვლეტა გულის არეში?
მსგავსი ჩივილით არაერთხელ მოუმართავთ ჩვენთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებს. გულის პათოლოგიას ტიპურად ჩხვლეტები არ ახასიათებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დაავადება მიმდინარეობს არატიპიურად [უმეტესად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში], სწორედ ამიტომ ხშირად რეკომენდებულია ისეთი დამატებითი კვლევების ჩატარება, როგორიცაა ელექტროკარდიოგრამა, გულის ულტრასონოგრაფია, სისხლის ანალიზი და ა.შ.
კიდევ რა შეიძლება იყოს გულის დაავადებაზე მიმანიშნებელი სიმპტომი, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემის ნიშანი ჰგონიათ?
საკმაოდ საყურადღებოა ტკივილი ეპიგასტრიუმის, კუჭის არეში, რომელიც არ იცვლება პალპაციის, საკვების, წყლის მიღების დროს. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები წლების განმავლობაში მკურნალობენ კუჭზე და სინამდვილეში აქვთ გულის იშემიურ დაავადება.
ან მაგალითად, აწუხებთ ტკივილი მხოლოდ მარცხენა ბეჭის არეში, მარცხენა ხელში, ზედა კიდურის ფალანგებში და ამ ყოველივეს უკავშირებენ ხერხემლის პრობლემებს, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლოა მიუთითებდეს გული იშემიური დაავადების არატიპიურ ნიშნებზე.
განსაკუთრებულ რისკ -ჯგუფს მიეკუთვნებიან პაციენტები, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა მხრივ დატვირთული აქვს მემკვიდრეობა [ანუ ახლო ნათსავებში ანამნეზში აღინიშნება არტერიული ჰიპერტენზია, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, უეცარი კარდიული სიკვდილი], მოიხმარენ თამბაქოს, დიაგნოსტირებული აქვთ შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა, ჰიპერქოლესტერინემია, არტერიული ჰიპერტენზია.
ასეთ დროს რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი და საჭიროებისამებრ – დამატებითი კვლევების ჩატარება.
__________________________________________
ავსტრალიის ეროვნული გულის ასოციაცია წერს, რომ გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებსაც ადამიანი განიცდის გულის შეტევამდე, სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ასოციაცია იმ რამდენიმე ნაკლებად მკვეთრი და ნაკლებად გავრცელებული გამაფრთხილებელი ნიშნის შესახებ წერს, რომელიც ადამიანებმა შეიძლება განიცადონ გულის შეტევამდე:
1. თავბრუსხვევა, გაბრუება ან სისუსტის და გულის წასვლის შეგრძნება – თუ უეცრად გრძნობთ, რომ ფეხებზე მყარად ვეღარ დგახართ, ოთახი იწყებს ტრიალს, მხედველობა ქრება, შეიძლება სხეული ასე გაფრთხილებთ მოახლოებული გულის შეტევის შესახებ. დაუყოვნებლივ აცნობეთ ვინმეს, თუ გაქვთ ეს სიმპტომები.
2. გულისრევა, საჭმლის მონელების მოშლა ან ღებინება – დისპეფსია ანუ საჭმლის მონელების მოშლა, გულისრევა და ღებინება შეიძლება მრავალი დაავადების სიმპტომი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ დავტოვოთ უყურადღებოდ, რადგან ისინი შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში გულის შეტევის გამაფრთხილებელი ნიშანი.
საუკეთესო გზა იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, არის თუ არა ის, რასაც განიცდით კრიტიკული, არის სასწრაფო დახმარების ძებნა. სამედიცინო ტესტებს შეუძლიათ თქვენი სიმპტომების მიზეზის დადგენა და თუ ეს არის გულის შეტევა, რაც უფრო ადრე მიიღებთ დახმარებას, მით უკეთესი.
3. ქოშინი – ქოშინი შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა აქტივობამ, ექსტრემალურმა ტემპერატურამ ან დიდ სიმაღლეზე ყოფნამ. ეს ასევე შეიძლება იყოს მრავალი სხვა სამედიცინო მდგომარეობის საერთო სიმპტომი. თუმცა გულმკერდის არეში დაჭიმვა, სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი გულმკერდის დისკომფორტით ან მის გარეშე, ზოგჯერ შეიძლება იყოს გულის შეტევის გამაფრთხილებელი ნიშანი. თუ თქვენ გაქვთ ქოშინი, რომელიც არ არის თქვენთვის ნორმალური, უმჯობესია, სასწრაფოდ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.
4. ოფლიანობა ან ცივი ოფლი – ანუ უეცარი შემცივნება, განურჩევლად გარემოს ტემპერატურისა, ასევე შეიძლება იყოს გულის შეტევის გამაფრთხილებელი ნიშანი.
5. გამაფრთხილებელი ნიშნების არ არსებობა – სავსებით შესაძლებელია განიცადოთ „ჩუმი გულის შეტევა“, რა დროსაც შესაძლოა საერთოდ არ გქონდეთ რაიმე სიმპტომი. ამ შემთხვევაში გულის შეტევა შეიძლება აღმოაჩინოთ შემთხვევით, ექიმთან ვიზიტისას.
შესაძლებელია ამ სიმპტომებიდან რამდენიმე ან მხოლოდ ერთი განიცადოთ. ისინი ჩვეულებრივ გრძელდება მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში.
რუსული გემის საპროტესტო აქციებზე ბათუმში დაკავებულებს შორის ბექა გრიგორიადისი ყველაზე მეტი – 3500 ლარით დააჯარიმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.
„პრობლემებს მიქმნიან ფინანსურად, რომ მაქსიმალურად შემბოჭონ. მაშინებენ… წერონ ჯარიმები და იკითხონ“ – ამბობს ბექა გრიგორიადისი. მისი თქმით, ის აქამდეც დააჯარიმეს 800 და 1000 ლარით, ახლა კი – 3 500 ლარით.
„მას [მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს] დაჭერილი ჰყავს შვილი ყაჩაღობაზე და ასრულებს მთავრობის ყველა ბინძურ დავალებას“, – აცხადებს ბექა გრიგორიადისი.
ბექა გრიგორიადისს, ისე როგორც სხვა დაკავებულებს,ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.
ბექა გრიგორიადისს აქციაზე ყოფნის დროს პირი ჰქონდა ამოკერილი და შიმშილობდა. ის აცხადებს, რომ უკვე 52-ე დღეა სველ შიმშილობაზეა.
დაკავებას, წინასწარი დაკავების იზოლატორში განთავსებასა და ეტაპირებას ბექა გრიგორიადისი აფასებს როგორც წამებას:
„ჩემი ეტაპირება მოახდინეს დღის 2 საათიდან საღამოს 8 საათამდე. წამომიყვანეს სამტრედიიდან და გადავიდნენ სენაკში, სხვა დაკავებულებიც რომ წამოეყვანათ. ერთი პატარა „მარშრუტკით“ გვატარებდნენ. ხუთ საათამდე მოვუნდით გზას, ამის გამო ძალიან მტკიოდა თავი, მაგრამ სასწრაფოს არ გამოუძახეს დროულად.
მერე სასამართლოსთან საათ-ნახევარი ვიყავი დაბლა, ამდენ ადამიანში ყველაზე ბოლოს მე ამიყვანეს – სპეციალურად წელავდნენ, რომ ვეწამებინე. იცოდნენ, რომ თავი მტკიოდა.
შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ ჩემი ნივთები გადმოეცათ სასამართლოში, არა – წამიყვანეს სამმართველოში. კიდევ დრო გამიწელეს. მათ იცოდნენ, რომ მე ვიდრე დაკავებული ვიყავი, წყალს არ მივიღებდი.
როდესაც გამომიშვეს, მხოლოდ მაშინ დავლიე წყალი და ყავა“.
31 ივლისს რუსული გემის წინააღმდეგ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 23 პირი დააკავეს. ყველა მათგანის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.
„ბათუმელებისთვის“ ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საქმის წარმოება მოსამართლემ მხოლოდ 1 პირის მიმართ შეწყვიტა, ერთი პირის მიმართ კი გადადო. სხვა დაკავებულები – 16 პირი ალექსანდრე გოგუაძემ 2000 ლარით დააჯარიმა, ერთი პირი კი 2500 ლარით.
____________________
7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა, რომელიც შვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქციას მართავდა, პირი და თვალი 20 ივლისს ამოიკერა.
ბექა გრიგორიადისი ლაზარეს გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავს. მან 3 მაისს პარლამენტის უკანა შესასვლელთან კარვის გაშლაც შეძლო. მანამდე, ლაზარე გირგორიადისის მამას ამის საშუალებას პოლიციელები არ აძლევდნენ. კარვის გაშლის ერთ-ერთი მცდელობისას ის დააკავეს, სასამართლომ კი 2 000 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ხელვაჩაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილნი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.
„კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ – ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები“ – წერს სააგენტო.
უწყების ცნობით, სინჯები ანალიზისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, „რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს“.
დღეს, 11 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2000-2000 ლარით დააჯარიმა რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ადამიანები.
31 ივლისს, ბათუმში აქციაზე 23 პირი დააკავეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის თქმით, მისი ორგანიზაცია სასამართლოში იცავდა 6 პირის ინტერესებს, მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქეა.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ექვსივე მათგანი – გენრი დოლიძე, თორნიკე კვერენჩხილაძე, გიორგი გველესიანი, გიზო სიჭინავა, დმიტრო ზაკრევსკი და მარინა ჩობანიანი სამართალდარღვევად ცნო. მოსამართლემ ექვსივე პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმა.
3 პირს იცავდა სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. ორგანიზაციის იურისტის, მარიამ შაინიძის თქმით, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2 პირი – ირაკლი ხარჩილავა და გიორგი სანაძე 2000-2000 ლარით დააჯარიმა, ხოლო მირიან ჯალაბაძე, რომელიც საერთოდ არ იყო აქციის მონაწილე და მეგობარს ეძებდა, არ ცნეს სამართალდამრღვევად.
აქციაზე დაკავებულებს იცავდა ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“. ორგანიზაციის იურისტის, ნინო ირემაძის თქმით, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სამივე მათგანი – ხათუნა ბერიძე, ირაკლი მეტრეველი და ლუკა წულაძე ასევე 2000-2000 ლარით დააჯარიმა.
კერძო ადვოკატი მალხაზ ზოიძე რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულ 6 ადამიანს იცავდა, მათ შორის – ილია ანთაძეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ლევან ანთაძის თქმით, მისი შვილის – ილია ანთაძის სასამართლო პროცესი მოსამართლემ 7 სექტემბრისთვის გადადო. როგორც ლევან ანთაძე ამბობს, „საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის მოტივით“.
იმ პირებს შორის, ვის ინტერესებსაც მალხაზ ზოიძე იცავდა, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ განსხვავებული სასჯელი შეუფარდა ლადო ჩიბურდანიძეს – ის 2500 ლარით დააჯარიმა. სხვა პირები კი – ლაშა მელაძე, ავთანდილ დოლიძე, მიხეილ აბზიანიძე, დავით თეთრაშვილი და გიორგი უკლება კი 2000 ლარით დააჯარიმა.
გიორგი უკლება აცხადებს, რომ ის აქციაზე შემთხვევით აღმოჩნდა – გზად გაიარა.
___
27 ივლისს ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერი შემოვიდა. გემ ASTORIA GRANDE-დან ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ამბობდა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, ანუ შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ.იმავე დღეს, მოქალაქეები გემის შემოსვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქაჯობად“ შეაფასა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ბათუმის აქციას ტვიტერზე გამოეხმაურა:„ვამაყობ ჩვენი ხალხით“.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაზიდვები იწყებოდა, 2023 წლის იანვარში გავრცელდარუსულ მედიაში. თავდაპირველად ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ უარყო.