ფრონტზე გზავნიან უკრაინულ „ვამპირებს“, 270-ზე მეტ დრონს

უკრაინის ვიცე-პრემიერმინისტრი ინოვაციების საკითხებში, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი ტელეგრამზე წერს, რომ „დრონების არმია“ ფრონტზე გზავნის 270-ზე მეტ უკრაინულ თავდასხმის დრონს სახელწოდებით – Vampire.

ფედოროვის თქმით, ეს უკრაინული წარმოების დრონებია, რომელთაც შეუძლიათ 15 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა. უკრაინელები ამ დრონებს გამოიყენებენ როგორც ჯავშანტექნიკის, ასევე ტანკებისა და საბრძოლო მასალის საწყობების გასანადგურებლად.

დრონები აღჭურვილია თერმული ხედვის კამერებით, ასევე  მათ შეუძლიათ ღამე მუშაობაც.

„უკრაინის თავდაცვის ძალების ნადირობა ოკუპანტებზე კიდევ უფრო ეფექტური გახდება“ – თქვა ფედოროვმა.

„დრონების არმია“ უკრაინის მთავრობის პროგრამაა, რომლითაც ქვეყანა პროფესიონალური უპილოტო საფრენი აპარატის მობილიზებას ცდილობს უკრაინის საჰაერო ძალებისთვის.

ამავე თემაზე: 

რას ჰყვება ბაირაქტარის პილოტი, რომელმაც კიევზე მტრის შეტევა შეაჩერა

შეთავაზება აბიტურიენტებს SEU-სგან

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აბიტურიენტებს, ვინც მიიღებს 50%, 70% ან 100% სახელმწიფო სასწავლო გრანტს, უფასოდ სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების(კომპიუტერული მეცნიერების) საბაკალავრო პროგრამაზე.

ხელოვნური ინტელექტი (AI) დღესდღეობით ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელსაც აქვს პოტენციალი გარდაქმნას ჩვენივე სამყარო მრავალი გზით. როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში მზარდია მოთხოვნა ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების გამოცდილების მქონე პროფესიონალებზე, მაგრამ ასევე არის ამ სფეროებში გამოცდილი პერსონალის დეფიციტი.

სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ დღევანდელი გამოწვევებისა და მოთხოვნილებების საპასუხოდ ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა   ახალი საგანმანათლებლო პროგრამები: ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა, ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა, მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა. ახალ პროგრამებს აკრედიტაცია 2023 წლის 11 აპრილს მიენიჭა. SEU სტუდენტთა პირველ ნაკადს წელს, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიიღებს.

პროგრამებზე და მის უპირატესობებზე, პროგრამების  ხელმძღვანელი SEU-ს აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ქალბატონი ლია კურტანიძე გვესაუბრება.

  • რას მოიცავს ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების(კომპიუტერული მეცნიერების) საბაკალავრო პროგრამა?

„ხელოვნური ინტელექტის  და მონაცემთა მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა ინოვაციურია და პირველია საქართველოში. პროგრამის სტრუქტურა მრავალფეროვანია და მოიცავს დარგის შესაბამის სავალდებულო და არჩევით კურსებს.

პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ პროგრამირების მიმართულებას, არამედ მათემატიკურ საფუძვლებსაც და მონაცემთა დამუშავების მეთოდებს. კურსდამთავრებულს პროგრამული უნარ-ჩვევების გარდა, აუცილებლად ექნება ალგორითმული აზროვნება და მყარი მათემატიკური საფუძვლები.

სტუდენტები შეისწავლიან მონაცემთა მეცნიერების სხვადასხვა სასწავლო კურსს, როგორებიცაა: მონაცემთა სტრუქტურები, მონაცემთა მოპოვებისა და გასუფთავების ტექნოლოგიები, მონაცემთა დამუშავების პროგრამული სისტემები, მონაცემთა ანალიტიკა და ვიზუალიზაცია, მონაცემთა საცავები; ასევე, დაეუფლებიან ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლების საფუძვლებს, პროგრამირების ენებს და სხვა.

ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება კომპიუტერული მეცნიერებების კვალიფიკაცია. პროგრამა უნიკალურია იმით, რომ კურსდამთავრებულებს მიღებული ექნებათ ცოდნა კომპიუტერული მეცნიერებების ფუნდამენტური საკითხების, პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების შესახებ, რაც მათ მოთხოვნად კადრს გახდის სამუშაო ბაზარზე.

აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ გამოიყენონ ის შესაძლებლობა, რასაც SEU სთავაზობს გრანტის მიღების შემთხვევაში, ჩააბარონ საქართველოში პირველ ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე  და ისწავლონ სრული დაფინანსებით.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა აუცილებლად უნდა ჩააბარონ მათემატიკა ან/და ფიზიკა და ეროვნულ გამოცდებზე აღნიშნულ საგნებში გადალახონ 50%-ზე მეტი კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რაც ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში ერთ-ერთი მაღალი მოთხოვნაა.“

  • როგორც ვიცით, გარდა ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების (კომპიუტერული მეცნიერების) ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაც დაამატეთ, ამ პროგრამაზე მოგვიყევით.

ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამა, გამოირჩევა სავალდებულო და არჩევითი კურსების მრავალფეროვნებით. სავალდებულო: მათემატიკური საგნები, დაპროგრამების საფუძვლები Python-ის ბაზაზე, კომპიუტერის ორგანიზაციისა და არქიტექტურის საფუძვლები, ოპერაციული სისტემების საფუძვლები, ვებ ტექნოლოგიების საფუძვლები (HTML, CSS), ვებ ტექნოლოგიები (JavaScript, Angular), კომპიუტერული ქსელები და მისი ადმინისტრირება, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა Oracle, დაპროგრამება C++-ის ბაზაზე, კიბერუსაფრთხოება, პროგრამირების ენა C#, უსადენო ქსელები, კომპიუტერული გრაფიკის ინსტრუმენტები ბლენდერის ბაზაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ფიზიკა , მონაცემთა სტრუქტურები და სხვა.”

ზოგადად, ორივე პროგრამა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური აკადემიური და მოწვეული  პერსონალით, რომელთაც აქვთ სფეროში სწავლების და მუშაობის დიდი გამოცდილება, აქტიურად ჩართულები არიან საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტებსა და ღონისძიებებში. ხოლო უნივერსიტეტი თავისი უახლესი ინფრასტრუქტურით  სწავლებისთვის საჭირო ყველა რესურსითაა აღჭურვილი.  კურსდამთავრებული კი შესაძლებელია დასაქმდეს როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ ბაზარზე.

ევროპული და ამერიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით საბაკალავრო პროგრამები თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან, რაც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან კარგი სიახლე, თანამშრომლობა დავიწყეთ Coventry University – თან, რაც იმას ნიშნავს, რომ SEU-ს  სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ბოლო წელი ისწავლონ ლონდონში და მიიღონ  Coventry University – ს დიპლომი“.

  • რა სიახლეები ელოდებათ მომავალ სტუდენტებს?

„მიუხედავად იმისა რომ პროგრამა ახალია და წელს პირველი სტუდენტები უნდა მივიღოთ არაერთი საინტერესო სიახლე ელოდებათ პირველკურსელებს, თუმცა მსურს გამოვყო ბოლო 2 პარტნიორობა.

დავიწყეთ თანამშრომლობა  ხელოვნური ინტელექტის წამყვან კომპანიასთან საქართველოში „Supernova“-თან, რომელსაც Pulsar AI-ს სახელით იცნობენ. თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი სასწავლო კურსების შემუშავებას და არსებული პროგრამების განახლება/განვითარებას, ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი კვლევითი ლაბორატორიის შემუშავება/შექმნას და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვას; სტუდენტებისათვის (როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურზე) ტრენინგების, საჯარო ლექციების, მასტერკლასების და სხვა სასწავლო აქტივობების შეთავაზებას; სტუდენტთა პრაქტიკისა და დასაქმების ხელშეწყობას, და სხვა.

ასევე, პარტნიორობა დავიწყეთ მსოფლიოში წამყვან ბლოკჩეინის ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის უმსხვილეს პროვაიდერთან  Binance-თან, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. Binance და Binance Academy უზრუნველყოფს SEU – ს სტუდენტებისთვის ბლოკჩეინის, Web3-ის, NFT-ისა და კრიპტოვალუტის შესახებ საგანმანათლებლო მასალებისა და ერთობლივი შემუშავებას/განხორციელებას.

ზოგადად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამების შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ დამსაქმებლები, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია არის ჩვენი პარტნიორი, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკები გაიარონ.

მომავალი ტექნოლოგიებისაა და ამ რეალობისთვის მზადება დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ დაიწყონ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ აბიტურიენტს.“

ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანის მცდელობა სარფში – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები [საერთო წონა – 198.91 გრამი] გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 16 585,94 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 17 317.45 ლარის ოდენობით შეეფარდათ“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ალტა უკვე Glovo-ზეა – მიიღე შეკვეთა უმოკლეს დროში

🟣ალტა უკვე Glovo-ზეა! 🥳

💻🖥🖱აღმოაჩინე რჩეული პროდუქტები, შეუკვეთე Glovo-ს აპლიკაციიდან და მიიღე შეკვეთა უმოკლეს დროში 🛵.

საქართველოს ეროვნული გმირი – გიორგი ანწუხელიძე 39 წლის გახდებოდა

დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 39 წლის გახდებოდა. იგი 23 წლის ასაკში დაიღუპა ცხინვალში.

ოფიციალური ცნობებით, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. 2003-2004 წლებში მან სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში გაიარა.

2004 წელს გიორგი ანწუხელიძე მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში, 2005- 2006 წლებში კი სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში იმყოფებოდა.

2008 წლის 17 აპრილიდან იგი IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა.

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული გიორგი ანწუხელიძის წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა.

ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.

2013 წლის 15 აპრილს გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

ასევე, გიორგი ანწუხელიძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.

2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.

2018 წლის ნოემბერში ახმეტაში მდებარე მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიანიჭეს. ანწუხელიძის სახელობის მწვერვალის სიმაღლე 3276,1 მეტრია.

____________

ფოტო: ვიკიპედია

ბათუმში, საზაფხულო თეატრთან მოზაიკური ფილების დასაგებად 1,6 მილიონი დაიხარჯება

ბათუმის ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ არსებული ფილების შესაცვლელად ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 652 772 ლარია.

პირობის მიხედვით, აქ არსებულ გრანიტის ფილებს ახალი მოზაიკური ფილებით ჩაანაცვლებენ. ფილების სამი დიზაინი ბულვარის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მოქალაქეებს მათთვის სასურველი ვარიანტისთვის ხმის მიცემა სთხოვა.

2023 წლის 11 მაისს, ბულვარის ადმინისტრაციამ გაავრცელე ინფორმაცია, რომ „ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრის მიმდებარედ მოზაიკის მოსაწყობად ჩატარებულ ფეისბუქ-გამოკითხვაში 1827 მონაწილე ჩაერთო. გამოკითხვის შედეგად, ხმების 56,9 პროცენტი მიიღო დიზაინის მე-2 ვარიანტმა.“

გამარჯვებული ვერსიის ფოტო:

ფოტო ბულვარის ფეისბუქგვერდიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 2 სექტემბერს დაიწყება და 7 სექტემბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, „სამუშაოები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად არაუადრეს 2023 წლის 15 ოქტომბრიდან 150 დღის ვადაში [2023-2024 წლები].“

სამუშაოების დაფინანსების წყაროა აჭარის 2023-2024 წლების ბიუჯეტი. ამასთან, შესრულებული სამუშაოები, წლების მიხედვით, დაფინანსდება შემდეგი ოდენობით:

  • 2023 წელს – 430 000 ლარი
  • 2024 წელს – 1 162 772 ლარი
საპროექტო ტერიტორია / ფოტო ტენდერიდან
ბულვარის ადმინისტრაცია ძველ ქვაფენილს ასეთი მოზაიკური ფილებით ჩაანაცვლებს

განახლება: აღნიშნული ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ბულვარის ადმინისტრაციამ ხელახალი ტენდერი იგივე თანხით და იგივე პირობებით გამოაცხადა. ხელახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 28 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბერს დასრულდება.

ბულვარს მოზაიკური ფილების სამი დიზაინი ჰქონდა წარმოდგენილი.

ვრცლად ამ თემაზე:

ბულვარში, თეატრის წინ, მყვირალა დიზაინის მოზაიკის დაგებას აპირებენ

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აგვისტოს 21 საათიდან 19 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამის და დილის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 30-35 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 20 აგვისტოს აჭარაში უმეტესად – უნალექო ამინდი, 21-22 აგვისტოს კი  დროგამოშვებით ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

მორიგი შეტევა მოსკოვზე დრონით – დაზიანდა შენობა

რუსეთის დედაქალაქზე, მოსკოვზე, მორიგი თავდასხმა განხორციელდა დრონით. 18 აგვისტოს, ღამით, მოსკოვის ბიზნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების ხმა გაისმა, შენობა დაზიანდა.

რუსული ტელეგრამარხების ცნობით, აფეთქება მოსკოვის ბიზნეს ცენტრის კოშკებთან მოხდა.

მოსკოვის მერი, სობიანინი აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს დრონი და აფეთქება მისი ფრაგმენტების დაცემამ გამოიწვია.

ეს არ არის დრონით შეტევის პირველი შემთხვევა რუსეთის დედაქალაზე. მოსკოვზე დრონით თავდასხმა მოხდა 30 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს. ორივე შემთხვევაში თავდასხმის ეპიცენტრი იყო „მასკვა სიტი“.

რუსული ოფიციალური წყაროების ცნობით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ბიბისის“ რუსული რედაქცია წერს, რომ დრონის თავდასხმის გამო პირველად მოხდა, რომ მოსკოვის ოთხმა აეროპორტმა ერთდროულად შეაჩერა მუშაობა. აქამდე მუშაობას აჩერებდა მხოლოდ ორი აეროპორტი.

____________

ფოტო: baza/telegram

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 256 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460]
  • ტანკი – 4 332 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 8 410 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 5 193 ერთეული [+24]
  • MLRS – 714 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 486 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+2]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 276 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 406 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 658 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 783 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 461 თვითმფრინავი
  • 246 ვერტმფრენი
  • 5 831 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 431 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 366 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 928 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 307 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

  • ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინა აგრძელებს შეტევას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით

„მუსიკა ბათუმიდან” – 19 აგვისტოს მუსიკალური ფესტივალი იწყება

19 აგვისტოს, შაბათს, ბათუმში საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი გაიხსნება.

„მუსიკა ბათუმიდან“ – ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც 23 აგვისტომდე გასტანს. ფესტივალის მიმდინარეობისას ბათუმის რადიოს წინ, მემედ აბაშიძის 57 ნომერში, მსმენელებისთვის სხვადასხვა ჯგუფი დაუკრავს.

ფესტივალის აფიშა ასე გამოიყურება:

  • 19 აგვისტო – Melomaniakk
  • 20 აგვისტო – Tabemono
  • 21 აგვისტო – K.A.I
  • 22 აგვისტო – ვაჟა ტუღუში
  • 23 აგვისტო – Babajana

ფესტივალი 19-23 აგვისტოს, საღამოს 6 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.

საავტორო მუსიკის რადიოფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის განათლების სამინისტრო და, ასევე, კერძო კომპანიები.

უკრაინა აგრძელებს შეტევას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის ჯარებმა წარმატებას მიაღწიეს განთავისუფლებული ურაჟაინოეს სამხრეთით, დონეცკის ოლქში და მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან.

ასევე, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.

უკრაინული მხარის ცნობით, გასულ დღეებში რუსეთმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ავდიივკასა და მარინკას რაიონებში.

გენშტაბი აღნიშნავს, რომ ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და ფიქსირდებიან მიღწეულ ხაზებზე.

ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეკავებას კუპიანსკის, ლიმანსკისა და ბახმუტის მიმართულებების ჩრდილოეთ ფლანგზე. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ჩაატარა სენკოვკა ხარკოვის რეგიონისა და ბოგდანივკაში – დონეცკის რეგიონში, სადაც სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს.

საღამოობით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 აგვისტოს 21 საათიდან 18 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 30-35 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 19-20 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა.

კაცმა მეგობარი გოგოს შიშველი ფოტოების კოლაჟი ქალის ახლობელს გაუგზავნა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე უცხო ქვეყნის, კონკრეტულად კი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ყოფნის პერიოდში ქართველი გოგო გაიცნო, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანაცხოვრობდა. ისინი ერთმანეთს პერიოდულად სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და ე. წ „სქრინებს“ კუთვნილ მობილურ ტელეფონში ინახავდა.

დაზარალებულთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული სურათებით ვიდეოკოლაჟი დაამზადა და იგი დაზარალებული ქალის ახლობლებს გადაუგზავნა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ, მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ჩაატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული მ.ა“, – წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

როგორ ყიდულობენ რუსები სოფლებში მიწებს – რეესტრი „ბათუმელებს“ 12 000 ლარს სთხოვს ინფორმაციაში

უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა საქართველოში კანონით აკრძალულია, თუმცა უცხოელები სოფლებში მიწის ნაკვეთებს მაინც ყიდულობენ. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, აჭარის სოფლებში, კონკრეტულად კი ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მიწას ბოლო პერიოდში აქტიურად ყიდულობენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეები. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტები მხოლოდ აჭარის რამდენიმე სოფელს ეხება.

სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოს სოფლებშიც უპრობლემოდ ყიდულობენ მიწის ნაკვეთებს, „ბათუმელებმა“ საჯარო რეესტრში სცადა. რეესტრმა კი გვაცნობა, რომ 952 ნაკვეთის საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვაწვდიდა, თუ „ბათუმელები“ 12 376 ლარს გადაიხდიდა – „მომსახურების საფასურს“, ერთ კოდზე 13 ლარს.

მეორე მხრივ, საჯარო რეესტრმა დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ინტენსიურად ყიდულობენ უძრავ ქონებას. რეესტრის მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა ზუსტად 7 709 ბინა, მთლიანობაში 424 449 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება შეიძინეს საქართველოში.

მათვე იყიდეს 474 649 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი: 265 049 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობის გარეშე [457 პირი, 604 მიწის ნაკვეთი], 209 600 კვადრატული მეტრი კი, შენობა-ნაგებობასთან ერთად [1028 პირი, 1074 მიწის ნაკვეთი].

„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მიწის ნაკვეთებს სოფლებშიც ყიდულობენ. მიუხედავად აკრძალვისა, რუსეთის მოქალაქეზე სოფელში მიწის მიყიდვის მექანიზმი მაინც მარტივია:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მიწას უცვლის დანიშნულებას, რისთვისაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს საჯარო რეესტრს, თუმცა ევალება ცვლილების აუცილებლობაც დაასაბუთოს. საჯარო რეესტრი განიხილავს განცხადებას და წყვეტს, მიწის ნაკვეთს დანიშნულება შეუცვალოს თუ არა.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში რეესტრი მიწას არეგისტრირებს უკვე როგორც არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს. ამის შემდეგ კი, არასასოფლო მიწის მიყიდვა უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეზეც, თავისუფლადაა შესაძლებელი.

  •  დანიშნულებაშეცვლილი მიწის ნაკვეთის რუსეთის მოქალაქეზე მიყიდვის რამდენიმე მაგალითი

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ქობულეთის სოფელ ხუცუბანში საქართველოს მოქალაქე მამული გ-მ 4077 კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა [მასზე მდგომი 187.6 კვ.მ ფართობის შენობით] 2022 წლის 8 აგვისტოს დაირეგისტრირა [ნასყიდობის ხელშეკრულებით].

იმავე წლის 31 აგვისტოს მამული გ-მ რეესტრს მიწის დანიშნულების შეცვლის განცხადებით მიმართა, თუმცა რეესტრმა უარი უთხრა, ვინაიდან „მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების დასაბუთებულობის საკითხის შემსწავლელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განსახილველი მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ მოთხოვნა არ არის დასაბუთებული.“

მამული გ-მ რეესტრს მიწის დანიშნულების ცვლილებაზე ხელახლა, 2023 წლის 13 მარტს მიმართა. სხვა დოკუმენტებთან ერთად კი მან, როგორც შესაბამის პორტალზეა მითითებული, რეესტრში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანება, ბიზნესგეგმა და ხარჯთაღრიცხვაც წარადგინა.

2023 წლის 4 აპრილს რეესტრმა მიწის ნაკვეთს დანიშნულება შეუცვალა და ის დაარეგისტრირა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო.

ამის შემდეგ სამ თვეში, აღნიშნულ ქონებაზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და მიწა და მასზე მდგომი შენობა 2023 წლის 2 აგვისტოდან უკვე რუსეთის მოქალაქის, ალეკსეი კარასევის საკუთრებაშია.

ასევე ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, მაია თ-მ 736 კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 2019 წელს დაირეგისტრირა.

მაია თ-მ 2023 წლის 2 ივნისს მიმართა საჯარო რეესტრს მიწის დანიშნულების ცვლილების მოთხოვნით. საჯარო რეესტრმა კი, აღნიშნული ნაკვეთი არასასოფლოდ 2023 წლის 26 ივნისს დაარეგისტრირა.

იმავე დღეს, 26 ივნისს, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, 30 ივნისიდან, უკვე რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ბონდარენკოა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში 2500 კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფიო მ-მ ჩუქების საფუძველზე ჰქონდა დარეგისტრირებული.

სოფიო მ-მ საჯარო რეესტრს მიწის დანიშნულების შეცვლის განცხადებით 2023 წლის 2 მაისს მიმართა [სხვადასხვა დოკუმენტთან ერთად რეესტრში წარდგენილი იყო ბიზნესგეგმა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება].

22 მაისს კი, რეესტრმა აღნიშნული ნაკვეთი დაარეგისტრირა, როგორც არასასოფლო. აქედან დაახლოებით ორ თვეში კი, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და 2023 წლის 25 ივლისიდან აღნიშნული ნაკვეთი უკვე რუსეთის მოქალაქის, ალევტინა ბლისსის საკუთრებაა.

ქობულეთის იმავე სოფელში, კვირიკეში, 3 557 კვადრატული მეტრი სასოფლო მიწა ჩუქების საფუძველზე 2023 წლის 13 ივნისს დაირეგისტრირა მაია ქ-მ. ათ დღეში, 23 ივნისს კი, მან საჯარო რეესტრს მიწის დანიშნულების შეცვლის მოთხოვნით მიმართა [დოკუმენტებს თან ახლდა: მერის ბრძანება და ბიზნესგეგმა].

მოთხოვნიდან რამდენიმე დღეში, 2023 წლის 10 ივლისს, რეესტრმა მიწას დანიშნულება შეუცვალა და დაარეგისტრირა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო.

მიწის დანიშნულების შეცვლიდან მეორე დღეს, 11 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი უკვე რუსეთის მოქალაქის, იანა საფროშინას საკუთრებაშია – 2023 წლის 18 ივლისიდან.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მიწის ნაკვეთებს რუსეთის მოქალაქეები აქტიურად ყიდულობენ ქობულეთის სოფლებში.

საჯარო რეესტრის პორტალი ტექნიკურად არ იძლევა საშუალებას, შესაბამისი ინფორმაცია დიფერენცირებულად მოიძიო, თუმცა ამის საშუალება აქვს თავად საჯარო რეესტრს.

„ბათუმელებმა“ მიმართა რეესტრს და მოითხოვა ინფორმაცია – რამდენ მიწის ნაკვეთს შეეცვალა დანიშნულება ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, რამდენ ნაკვეთზეა შესული განცხადება დანიშნულების ცვლილებაზე, ასევე ამ ნაკვეთების საკადასტრო კოდები.

შესაბამისი ინფორმაცია ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდანაც გამოვითხოვეთ, თუმცა გვითხრეს, რომ მათ ასეთი სტატისტიკა არ აქვთ.

საჯარო რეესტრიდან ინფორმაცია „ბათუმელებმა“ 15-თვიანი ინტერვალებით გამოითხოვა – უკრაინაში ომის დაწყებამდე და ომის დაწყების შემდეგ.

რეესტრის ინფორმაციით:

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 10 ივლისამდე პერიოდში –

  • ქობულეთის სარეგისტრაციო ზონაში 156 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს შეუცვალეს მიზნობრივი დანიშნულება;
  • ხელვაჩაურის სარეგისტრაციო ზონაში კი – 133 მიწის ნაკვეთს.

ანუ უკრაინაში ომის დაწყებიდან 15 თვეში ქობულეთსა და ხელვაჩაურში 289 მიწის ნაკვეთს შეუცვალეს დანიშნულება.

ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 10 ივლისამდე პერიოდისთვის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის  სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით რეესტრში შესულია 449 განცხადება.

რაც შეეხება ამ ნაკვეთების საკადასტრო კოდებს, რეესტრიდან მოგვწერეს, რომ „ამ სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ნაწილს… საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე 4 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის მომზადებისათვის კი დადგენილია საფასური 13 ლარის ოდენობით… ამდენად, მითითებული უძრავი ნივთების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის გაცემა საჭიროებს საფასურის გადახდას.“

„ბათუმელების“ მიერ აღნიშნული საფასურის გადახდის შემდეგ, საჯარო რეესტრიდან მოგვწერეს, რომ საჯარო რეესტრის მომსახურებისთვის დადგენილი საფასური, 13 ლარი, მხოლოდ ერთ უძრავ ნივთზე [ერთ ნაკვეთზეა] გადახდილი და რადგან კანონმდებლობით „საფასური განსაზღვრულია ერთეულ ნივთთან მიმართებით [მოთხოვნილი] ინფორმაციის მომზადებისთვის წარმოსადგენია მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი თითოეულ უძრავ ნივთზე ცალ-ცალკე.“

ანუ, 952 ნაკვეთის საკადასტრო კოდი რომ მოგვაწოდოს, ამისთვის საჯარო რეესტრმა „ბათუმელებს“ მომსახურების საფასურის სახით 12 376 ლარის გადახდა მოსთხოვა.

საჯარო რეესტრის მიერ დათვლილი ამ 952 ნაკვეთიდან [2020 წლის პირველი ნოემბრიდან 2023 წლის 10 ივლისამდე პერიოდში], როგორც თავად მოგვწერეს, 503 ნაკვეთს უკვე შეცვლილი აქვს დანიშნულება, 449 ნაკვეთის შემთხვევაში კი, ცვლილებაზე განცხადებები განიხილება.

საჯარო რეესტრს საკადასტრო კოდები რომ მოეწოდებინა, ტექნიკურად ადვილი შესაძლებელი იყო გადამოწმება ქობულეთისა და ხელვაჩაურის სოფლებში დანიშნულებაშეცვლილი 503 მიწის ნაკვეთიდან რამდენი გასხვისდა უცხოელზე, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებზე, 2020 წლის ნოემბრიდან დღემდე პერიოდში.

საქართველოს კონსტიტუციით: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით“.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით კი, 2019 წლის ივლისიდან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს:

  • უცხოელი [ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი];
  • იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მიღებამდე, 2017 წელს, ხელისუფლებამ მიწების გაყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა. მორატორიუმი „ქართულმა ოცნებამ“ პირველად 2013 წელსაც გამოაცხადა. საქართველოს მოქალაქეები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს მაშინაც სტატუსს უცვლიდნენ და ისე ყიდდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. 2014 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა.

ამავე თემაზე:

რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში – VIDEO


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 256 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +480]
  • ტანკი – 4 329 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 8 398 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 5 169 ერთეული [+17]
  • MLRS – 714 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 486 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 314 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 272 ერთეული [+24]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 406 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 641 ერთეული [+27]
  • სპეცტექნიკა – 773 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 459 თვითმფრინავი
  • 246 ვერტმფრენი
  • 5 805 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 431 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 349 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 918 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 289 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

  • ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ომი რუსეთთან იქნება ხანგრძლივი და რთული – ვერეშჩუკი

ბათუმში დაიღუპა კაცი, რომელსაც ზღვაში სკუტერმა გადაუარა

ბათუმში დაიღუპა კაცი, რომელსაც დღეს, 16 აგვისტოს, ზღვაში სკუტერი დაეჯახა.

როგორც თვითმხილველმა „ბათუმელებს“ უთხრა, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

დაღუპულის ცხედარი სამხარაულის ბიუროში გადაასვენეს.

_______________

ფოტო შემთხვევის ადგილიდან. 

როგორ მოვიქცეთ პანიკური შეტევის დროს – ფსიქოლოგის რჩევები

პანიკური შეტევა ძლიერი შიშის უეცარი ეპიზოდია, რომელიც ვითარდება რეალური საფრთხის ან აშკარა მიზეზის გარეშე და იწვევს მკვეთრად გამოხატულ ფიზიკურ სიმპტომებს, მათ შორის: გულის აჩქარებას, ჰაერის უკმარისობის, ოფლიანობას, სხეულზე კონტროლის კარგვისა და სიკვდილის შიშსაც კი.

ფსიქო-სოციალური ცენტრი „კლუბი სინერგიას“ ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს, თუ რა მექანიზმები შეიძლება დავიხმაროთ პანიკური შეტევის დროს, რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დროს და როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს.

  • პირველ რიგში,  რა არის პანიკური შეტევა, როგორ ხასითდება?

პანიკური შეტევა არის შფოთვის პიკური მდგომარეობა, როდესაც შფოთვა აღწევს პიკს. მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 5-15 წუთია, მაქსიმუმ 20 წუთს გაგრძელდეს.

პანიკური შეტევა შეიძლება დაემართოს ყველას, მათ შორის ადამიანს, რომელსაც რაიმე სახის ფსიქიკური დარღვევა არ აღენიშნება. ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში რამდენჯერმე დაემართოს პანიკური შეტევა. მისი მაპროვოცირებელი მიზეზი, წარმოშობის მიხედვით, შეიძლება იყოს შინაგანი – ამ შემთხვევაში ფიქრები და გარეგანი – ნებისმიერი სტიმული გარემოდან.

პანიკური შეტევა ფიზიოლოგიური სიმპტომებით არის დატვირთული, ამ დროს ადამიანს აქვს ინტენსიური შეგრძნებები.

ფიზიოლოგიური სიმპტომები პანიკური შეტევის დროს შეიძლება იყოს:

გულისცემის გახშირება, სუნთქვის გახშირება, ოფლიანობა, კანკალი, ქოშინი ან შებოჭილობა ყელში, შემცივნება, გულისრევა, მუცლის სპაზმი, ტკივილი და დისკომფორტი მკერდის არეში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, კიდურების დაბუჟება, მიწისძვრის მაგვარი შეგრძნება, შეიძლება ახლდეს დერეალიზაცია, დეპერსონალიზაცია და ა.შ. სიმპტომები ამ დროს არის ძალიან მძაფრი და მათ გამო ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ კვდება. შიშია ამ დროს წამყვანი მომენტია.

  • რა იწვევს პანიკურ შეტევას?

პანიკური შეტევა, იგივე შფოთვის პიკური მდგომარეობა, არის ორგანიზმის, ამ შემთხვევაში ნერვული სისტემის მიერ ჩართული განგაში. ადამიანს თუ აქვს იმის შიში, რომ ამ დროს გული გაუსკდება (ვინაიდან ამ დროს გული სწრაფად ცემს), ეს არ მოხდება, ორგანიზმი თავისით რთავს ამ განგაშს. კლინიკურად არ არის აღრიცხული შემთხვევები, როცა პანიკური შეტევების შემდეგ ადამიანი გარდაიცვალა. 

ნერვული სისტემა განგაშს იმიტომ რთავს, რომ რაღაცას საფრთხისშემცველად აღიქვამს. ეს რაღაც შეიძლება იყოს შინაგანი — ამ შემთხვევაში ეს არის ფიქრი; მაგალითად – „მეტროში თუ ჩავალ, ხალხმრავლობა იქნება, იქიდან ვერ გავიქცევი, ცუდად გავხდები და მოვკვდები“; და გარეგანი – შეიძლება იყოს რაღაც სტიმული გარემოში, რაც ინდივიდუალურად, ჩემი ფსიქიკისთვის შეიძლება აღმოჩნდეს პანიკური შეტევის ტრიგერი/მაპროვოცირებელი. 

MayoClinc: უცნობია,ზუსტად რა იწვევს პანიკურ შეტევებს, მაგრამ გარკვეული როლი შეიძლება ითამაშოს შემდეგმა ფაქტორებმა: გენეტიკა; ძლიერი სტრესი; ტემპერამენტი, რომელიც უფრო მგრძნობიარეა სტრესის მიმართ ან მიდრეკილია უარყოფითი ემოციებისკენ; გარკვეული ცვლილებები თავის ტვინის ფუნქციონირებაში.

  • რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დროს?

ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გამოცადოს ცხოვრების მანძილზე პანიკური შეტევის ერთი ან რამდენიმე ეპიზოდი; პრობლემა მიდის, როცა სტრესული სიტუაცია სრულდება, მაგრამ აქ პრობლემურია ერთი რამ – ამ გამოცდილების შემდეგ, ხომ არ გვაქვს მომდევნო პანიკური შეტევის მოლოდინის შფოთვა და იმის შიშით, რომ არ განმეორდეს, ვიწყებთ რაღაც კონკრეტული სიტუაციებიდან თავის არიდებას. ეს თავის არიდება, საბოლოოდ, აუცილებლად შეგვიშლის ხელს ცხოვრებაში.

მაგალითად, შეიძლება თავს ვარიდებდეთ გარეთ გასვლას, ან მალე გვინდოდეს სახლში დაბრუნება, შეიძლება თავს ვარიდებდეთ კონკრეტულ ადგილებს, ფიქრებს… ამის გამო უკვე ვგრძნობთ გარკვეულ დისკომფორტს.

აქ მთავარია, როგორ გამოცდილებას მივცემთ ჩვენს ნერვულ სისტემას, რომელიც ხელმძღვანელობს ჩვენი ქცევებით (და არა სიტყვებით). მაგალითად, თუ მქონდა პანიკური შეტევა, მნიშვნელოვანია, რის ხარჯზე შევძელი მისი დამარცხება. თუ გავიქეცი იმ სიტუაციიდან, სადაც ეს დამემართა, ნერვული სისტემა აფიქსირებს, რომ სიტუაციიდან გაქცევა ყოფილა საკუთარი თავის შველა, მაშინ ეს დასწავლილი ექნება და სამომავლოდ უფრო მიდრეკილი იქნება ამ სტრატეგიისკენ – “გეწყება? სიმპტომებს გრძნობ? მოდი, აარიდე თავი, წადი ამ სიტუაციიდან” და სწორედ ეს თავის არიდება უკვე ხდება პრობლემა.

ცხადია, არც ძალით უნდა წახვიდეთ ასეთ ვითარებაში. შტორმში თუ ჩაიგდებ თავს, კვლავ გადაგივლის ეს ტალღები; ეტაპობრივად უნდა დაძლიო და მიაჩვიო შენი ნერვული სისტემა იმ სიტუაციას თუ ადამიანს, რომელიც სინამდვილეში არ უნდა იყოს საფრთხისშემცველი, თორემ, პანიკური შეტევა შეიძლება ადამიანს დაემართოს რეალური საფრთხის დროს და ეს ბუნებრივია.

  • რა შეიძლება გავაკეთოთ პანიკური შეტევის დროს საკუთარი თავის, ან სხვის დასახმარებლად?

პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ პანიკურ შეტევას აქვს მთისმაგვარი ტრაექტორია, სიმპტომები იზრდება, აღწევს პიკურ წერტილს და მერე ქვევით მიდის. არაფერი რომ არ გავაკეთოთ და უბრალოდ დაველოდოთ – ეს მდგომარეობა გადაივლის. 

მაგრამ  კონკრეტული ტექნიკების გამოყენება იმიტომ არის კარგი, რომ შეიძლება პიკურ მდგომარეობამდე არ აიყვანო საკუთარი თავი, ან, თუ ახვედი, მალე შეამცირო ეს სიმპტომები.

პირველი არის ის, რომ თუ ჩვენს გარემოცვაში არის ადამიანი, ვისაც ვენდობით, ვისი ყოფნაც უსაფრთხოებას გვაგრძნობინებს, დავეკონტაქტოთ, დავურეკოთ და დაველაპარაკოთ. სტრესიდან გამოყვანაში მეორე ადამიანი არის წამალი. თუ ასეთი ადამიანი არ გვყავს, შეგვიძლია ჩვენს თავს ჩვენ თვითონ დავეხმაროთ.

პირველი, რაც რეკომენდებულია ასეთ შემთხვევაში, არის ღრმა სუნთქვის სავარჯიშო. ეს არის ზედიზედ ორი ღრმა ჩასუნთქვა ცხვირით და შემდეგ რაც შეიძლება გახანგრძლივებული ამოსუნთქვა პირით. ამ სავარჯიშოს გაკეთება 3-4 წუთის განმავლობაში, ისე რომ წყვეტა არ იყოს, პანიკური შეტევის  სიმპტომებს საგრძნობლად ამცირებს.

კიდევ შეიძლება გაკეთდეს ე.წ. „გრაუნდინგს“, ქართულად – “დამიწების” სავარჯიშო. ადამიანები როცა პანიკურ გამოცდილებას აღწერენ, ამბობენ, რომ ამ დროს სხეულით თითქოს მოსწყდა მიწას. აი, ამ დროს გვჭირდება „დამიწება“, უსაფრთხოებაში დაბრუნება.

ისეთი ფიქრების დროს, როგორიცაა: „ხომ არ ვკვდები?“ „ხომ არ ვგიჟდები“, „ცუდად ვარ“- უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გონება არის ცნობიერების სცენა, რომელიც დაკავებულია ნეგატიური ფიქრებით; თუ ვიჯერებ ამ ფიქრებს, რომ მართლა ვკვდები, პანიკური შეტევა მეწყება. დამიწების ტექნიკა გვეხმარება, რომ გონების სცენაზე, ამ ფიქრების ნაცვლად კულისებიდან შემოვიყვანოთ შეგრძნებების გამძაფრება, ეს შეიძლება იყოს შეხების შეგრძნების გამძაფრება, რისთვისაც შემიძლია ტაში შემოვკრა, მსუბუქად დავირტყა ხელი კიდურებზე, მუცელზე, თავზე. ამით ფაქტობრივად გავაკეთებ ჩემი სხეულის კონტეინირებას, რომ ამ სხეულში ვარ მოთავსებული.

ასევე, ეფექტურია, დავსხდეთ და ხელის გულებით, მთელი სხეულის სიმძიმით დავეყრდნოთ ფეხებს [მუხლებს], ფეხები აუცილებლად იგრძნობენ იატაკის სიმყარეს. ეს არის ზუსტად დამიწება, ზედაპირზე დაბრუნება.

კიდევ ერთი საშუალებაა ვიზუალური არხის გამძაფრება. იმ გარემოში, იმ სიტუაციაში სადაც ვარ, ვიწყებ სტიმულების დასახელებას: ვხედავ სკამს, მაგიდას, კონდიციონერს და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა ჩამოვთვალო ხმამაღლა.

არის სმენითი არხის გამძაფრებაც – შეიძლება დავიწყო და დავაკვირდე, რა ხმები მესმის გარემოში: კონდიციონერის ხმა, კარის გაჯახუნება, ბავშვების თამაშის ხმა; შეიძლება ტელევიზორი ჩართო ხმამაღლა ან ტელეფონში ჩართო ხმა, რომ ის ხმა შემოვიდეს შენი ცნობიერების სცენაზე.

თუ ესენი არ შველის, არსებობს მძაფრი დამიწების ტექნიკაც, შეგვიძლია პირსახოცი დავასველოთ ცივი წყლით, ან რაიმე ძალიან ცივი საგანი დავიდოთ კისერზე და ცოტა ხანი გავიჩეროთ. პანიკური შეტევის დროს იმ სიმპტომებთან ერთად ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომი ისიც არის, რომ გვახურებს, სხეულის ტემპერატურა აწეულია. ცივი საგანი როცა გვეხება, შეხების განცდაც მძაფრია და თან იმდენად კონტრასტულია, რომ გვამიწებს, გვაბრუნებს რეალობაში. შეიძლება ცივ წყალში ჩავყოთ სახე რამდენიმე წამის განმავლობაში.

ეს არის სავარჯიშოები, რომლებიც ყველასთან მუშაობს, ამას არ სჭირდება რაღაცა სუბიექტური აღქმა – „მე სხვაგვარი ტიპი ვარ, ჩემთან არ იმუშავებს“, ეს არ არის რაიმეს გადააზრება, რეფლექსია, ეს არის სავარჯიშო, რომელიც მუშაობს, უბრალოდ აკეთებთ.  

  • რა სპეციალობის ექიმს უნდა მივმართოთ?

ხშირად ადამიანები, როდესაც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებთ, მიმართავენ პირველ რიგში ნევროპათოლოგს, იგივე ნევროლოგს და არ ვიცი, რატომ ხდება ასე ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ხშირად, ნევროლოგებიც არ ამისამართებენ შესაბამის სპეციალისტთან.

ასეთ დრო აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ პირველ რიგში მივმართოთ ფსიქიატრს -. არც ფსიქოლოგს, არც თერაპევტს. აუცილებლად ფსიქიატრმა უნდა  დასვას დიაგნოზი – არის თუ არა ეს დიაგნოზი. თუ არ არის დიაგნოზი, მანვე უნდა გადაწყვიტოს საჭიროებს თუ არა ეს ადამიანი თერაპიას, ის განსაზღვრავს, საჭიროებს თუ არა ადამიანი მედიკამენტურ მკურნალობას.

თუ მედიკამენტები დაინიშნება, ეს კურსი უნდა გაიაროს ადამიანმა. შეიძლება სპეციალისტმა ადამიანი გაუშვას ფსიქოკონსულტანტთან ან ფსიქოთერაპევტთან.

უპატრონო პობედა აუქციონზე 9 ათას ლარად გაიყიდა

ავტომანქანა „პობედა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 9 ათას ლარად გაყიდა. სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი 2023 წლის 15 აგვისტოს დასრულდა.

ელექტრონული აუქციონის პორტალის მიხედვით, ვაჭრობაში სამი პირი მონაწილეობდა, ავტომანქანა კი მე-20 ბიჯით გაიყიდა.

„პობედის“ საწყისი გასაყიდი ფასი 5 ათასი ლარი, ხოლო ბიჯი – 200 ლარი იყო.

აუქციონში გამარჯვებულმა საბოლოო თანხა – 9 ათასი ლარი, აუქციონის ჩატარებიდან 30 დღეში უნდა გადაიხადოს. მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა მას საკუთრებაში აუქციონზე შეძენილი ქონება.

„პობედა“, რომელიც გაიყიდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, „უპატრონოდ იქნა ცნობილი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცა საკუთრებაში“.

„სატრანსპორტო საშუალებაში არსებული ძრავა (LJ 38864) წარმოადგენს არა „გაზ 20“-ის, არამედ სხვა მარკა-მოდელის სატრანსპორტო საშუალების ძრავას. ავტომანქანა არის არამუშა მდგომარეობაში, არ იქოქება და ძრავა არ მუშაობს“, – აღნიშნული იყო აუქციონის განაცხადში.

ამავე თემაზე:

შავი „პაბედა“ და რუხი „პიკაპი“ – აჭარის ქონება აუქციონზე იყიდება

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს სკუტერმა გადაუარა – თვითმხილველი

ბათუმში ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე, კაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა სკუტერმა გადაუარა.

როგორც თვითმხილველი „ბათუმელებს“ უყვება, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ფოტოების მიხედვით, ადგილზე იმყოფება პოლიციაც.

„ბათუმელებმა“ დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება სცადა პოლიციაში, სასწრაფო დახმარების სამსახურსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

_______________

შენიშვნა: მასალაში თავდაპირველად ეწერა, რომ მოქალაქეს კატერი დაჯახა, თუმცა შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საუბარია სკუტერზე. 

როგორ დაბრუნდა საქართველო 1 დღით უცხოურ მედიაში – გამოხმაურება The Killers-ის სკანდალზე

15 აგვისტოს Black Sea Arena-ზე ამერიკული მუსიკალური ჯგუფის The Killers-ის კონცერტზე მომხდარი ინციდენტი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.

ჯგუფის სოლისტის, ბრენდან ფლაუერსის მიერ ქართული აუდიტორიისთვის რუსებთან ძმობის მოწოდებასა და აუდიტორიის პროტესტზე The Guardian-მა, The Independent-მა, Reuters-მა, BBC-იმ, INSIDER-მა და სხვა გავლენიანმა მედიებმა დაწერეს.

The Independent-ი სტატიას ასეთი სახელწოდებით აქვეყნებს: რუსი გულშემატკივრის „ძმად“ მოხსენიებისა და ქართული აუდიტორიის აღშფოთების ფონზე The Killers-ი განცხადებას აქვეყნებს.

„მას შემდეგ, რაც მომღერალმა ბრენდან ფლაუერსმა საქართველოში ფანებს უთხრა, რომ აუდიტორიის რუსი წევრი დაენახათ, როგორც მათი „ძმა“, The Killers-მა ბოდიში გამოაქვეყნა“, – წერს გამოცემა.

ინციდენტის აღწერის შემდეგ კი აღნიშნავს:

„საქართველომ დამოუკიდებლობა საბჭოთა მმართველობისგან 1991 წელს მოიპოვა, ხოლო 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში.

გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რამაც საქართველოში მრავალი რუსის ემიგრირება გამოიწვია, დაძაბულობა გაძლიერდა. შედეგად ქართველი ხალხი ძირითადად პროუკრაინულია“.

  • The Guardian-ის სტატიის სათაური კი ასეთია: შეძახილები და კონცერტის დატოვება მას შემდეგ, რაც The Killers-მა საქართველოს აუდიტორიას უთხრა, რომ რუსი მათი „ძმაა“

„The Killers-მა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც მომღერალი ბრენდან ფლაუერსის მიერ რუსი თაყვანისმცემლის სცენაზე გამოყვანას უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა კონცერტზე საქართველოში – ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომელშიც რუსეთი 2008 წელს შეიჭრა. სოლომომღერალმა გულშემატკივარს მოუწოდა, როგორც „ძმებსა და დებს“, ისე ეფიქრათ ერთმანეთზე“, – წერს გამოცემა.

საქართველოს შესახებ კი დამატებით განმარტავს:

„რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას მას შემდეგ, რაც 2008 წელს ქვეყანაში შეიჭრა. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, რუსები წავიდნენ საქართველოში, რომელმაც საბჭოთა მმართველობიდან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა. ზოგი რუსი ქვეყანაში უარყოფით რეაქციას შეეჯახა, მათ შორისაა რუსული საკრუიზო გემის შესვლის შეჩერება“.

  • Reuters-ი: ამერიკული ბენდი The Killers-ი საქართველოში სცენაზე რუსი გულშემატკივრის აყვანის გამო ბოდიშს იხდის

„ამერიკულმა ალტერნატიულ-როკჯგუფმა, The Killers-მა, ბოდიში მოიხადა საქართველოში შოუს დროს რუსი დრამერის სცენაზე გამოყვანისა და თაყვანისმცემლებისთვის მითითებამ რუსების „ძმობასა და დობაზე“, რამაც მაყურებლის პროტესტი გამოიწვია.

საქართველოს აქვს დაძაბულობის ხანგრძლივი ისტორია ჩრდილოელ მეზობელთან, რაც გამწვავდა მოსკოვის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრით და შემდგომში რუსი ემიგრანტების დიდი ნაკადით, რომლებიც გაიქცნენ თავიანთი ქვეყნიდან“, – წერს გამოცემა ისე, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, 2008 წლის ომს და სხვა დეტალებს არ ახსენებს, თუმცა სტატიის ბოლოსკენ დასძენს:

„ქართული საზოგადოებრივი აზრი დიდწილად პროუკრაინულია“.

  • BBC-ი: The Killers-ი ბოდიშს იხდის რუსის „ძმად“ მითითებით საქართველოში ფანების გაღიზიანების გამო

„The Killers-მა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც სოლისტმა ბრენდონ ფლაუერსმა საქართველოში კონცერტის დროს რუსი ფანი სცენაზე მიიწვია, რათა დრამზე დაეკრა.

მან შეკრებილებს უთხრა, მოჰპყრობოდნენ რუს გულშემატკივარს, როგორც მათ „ძმას“, რამაც გამოიწვია შეძახილები, ხოლო აუდიტორიის ნაწილმა დარბაზი დატოვა. საქართველოს, რომელმაც რუსეთისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, მეზობელთან დაძაბულობის დიდი ისტორია აქვს.

რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა და დღემდე ოკუპირებულია ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ნაწილი.

დაძაბულობა გამწვავდა, რაც შარშან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში დიდი რაოდენობით რუსი ემიგრირდა“, – წერს გამოცემა.

INSIDER-ი ინციდენტის აღწერის შემდეგ წერს:

„საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან 1990-იანი წლების დასაწყისიდან დაიძაბა. საქართველო საბჭოთა კავშირს 1991 წელს გამოეყო.

ქვეყანა ჩართული იყო რუსეთთან ტერიტორიულ დავებში, რაც დასრულდა რუსეთის მიერ 2008 წელს შეჭრით. კარნეგის ფონდის თანახმად, რუსეთი ახლა საქართველოს ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებს“.

სკანდალის შესახებ წერს რუსული, პროკრემლისტური მედიაც.

____________

15 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ მიმდინარე კონცერტის დროს, ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე ჯგუფის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა, სცენაზე დრამერი აიყვანა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეა. ამ ინფორმაციის მიღებამ მსმენელებში პროტესტი გამოიწვია.

ბრენდან ფლაუერსმა მსმენელებს ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის მის მიერ შერჩეული დრამერი. „განა, ყველა დები და ძმები არ ვართ?“ – იკითხა სცენიდან მუსიკოსმა. კადრებში, რომლებიც საკონცერტო დარბაზიდან გავრცელდა, ჩანს, რომ აუდიტორია ერთხმად პასუხობს – NO! -არა.

„ბლექ სი არენაზე“ ამერიკული ჯგუფის The Killers-ის კონცერტი Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართა. ეს ორწლიანი სამთავრობო კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველოს მთავრობა უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაზე 70 მილიონს დახარჯავს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთი 100-დან 500-მდე ლარი ღირდა.

ბათუმში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად

18 აგვისტოს ბათუმში, საზაფხულო თეატრში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება გიორგი გოგიბერიძის დასახმარებლად.

ბათუმელი რეჟისორი, საავტორო კინოს ბათუმის ფესტივალის დირექტორი გიორგი [გოგა] გოგიბერიძე ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის. ოჯახის წევრების თქმით, სიტუაცია რთულია, თუმცა, ექიმების დასკვნით, ექვემდებარება მართვას და მკურნალობას. საჭიროა თანამედროვე ტიპის წამლები, რაც დღესდღეობით საქართველოში არ ფინანსდება ჯანდაცვის არსებული პროგრამებით.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ: სოფო ხალვაში, ASEA SOOL, აჩიკო გოგიტიძე, სულხან დევაძე, გიორგი ტუღუში, ბენდი „ორიონი“, Seaside, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი გოგიბერიძე, ბათუმური კვარტეტი და სხვები.

კონცერტი პარასკევს, 18 აგვისტოს, 18:30 საათზე გაიმართება ბათუმის საზაფხულო თეატრში. 

ბილეთის ფასი 20 ლარია.

ბილეთები იყიდება biletebi.ge-ზე.

ასევე, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ გადარიცხვით ანგარიშზე – GE51BG0000000101454811 [მიმღები ი.მ. „ზვიად ელიზიანი“]  და ბილეთს ადგილზე მიიღებთ კონცერტის დღეს. დანიშნულებაში ჩაწერეთ „კონცერტის ბილეთი~.

კონცერტი პარალელურად გადაიცემა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ტელემარათონის სახით.

ამავე თემაზე: 

ბათუმელი რეჟისორის ბრძოლა სიმსივნის წინააღმდეგ – „საზოგადოების დახმარება გვჭირდება“

ომი რუსეთთან იქნება ხანგრძლივი და რთული – ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომი დიდხანს გაგრძელდება და არ დასრულდება არც ამ წლის ბოლომდე და არც მომავალ გაზაფხულამდე, როგორც ზოგიერთი იმედოვნებს.

ამის შესახებ ვერეშჩუკმა ტელეგრამში დაწერა 15 აგვისტოს.

„კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი? გულწრფელი უნდა ვიყოთ. ამ ომში გზა გამარჯვებამდე იქნება გრძელი და რთული. „2-3 კვირაში“, „წლის ბოლომდე“, „მომავალ გაზაფხულზე“ – ეს არ არის სიმართლე.

ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა განვეწყოთ. მოქალაქეები და ხელისუფლება – ყველა უნდა შეეგუოს ხანგრძლივ და რთულ ომს და მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ,“ – წერს ვერეშჩუკი.

მან ხუთი პუნქტი ჩამოთვალა, თუ რა უნდა გააკეთონ უკრაინელებმა გამარჯვებისთვის.

„ვემზადებით მარათონისთვის და არა სპრინტისთვის, თორმეტრაუნდიანი ბრძოლისთვის და არა სამისთვის.

ვიბრძვით რეალური ამბებისთვის, არ ვკარგავთ რესურსებს.

ფოკუსირებას ვახდენთ მთავარზე, უგულებელვყოფთ დანარჩენს.

კორუფცია ქვეყნის ღალატია.

პოლიტიკანობასა და კინკლაობაზე – მორატორიუმი. უთანხმოება – ომის შემდეგ“.

„უკრაინასკაია პრავდა“ წერს, რომ  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის შემცვლელს ეძებს. გამოცემის ცნობით, ამ პოსტზე ირინა ვერეშჩუკს აქვს მუშაობის სურვილი.

რომელ ქუჩებზე გაითიშება ხვალ გაზი ბათუმსა და ქობულეთში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, ხვალ, 17 აგვისტოს, ბათუმისა და ქობულეთის რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეწყდება.

ბათუმში გაზი  13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაეთიშებათ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის აბონენტებს.

ასევე ბათუმში  13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზი გაითიშება ივანე მესხის #5 ჩიხში.

ქობულეთში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება რუსთაველის #140ა აბონენტებს.

ქობულეთში გაზმომარაგება 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეუწყდებათ, ასევე, რუსთაველის #121-ში მცხოვრებ აბონენტებს.

„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

უკრაინა ადასტურებს, რომ ურაჟაინოე გაათავისუფლა

დღეს, 16 აგვისტოს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს დასახლება ურაჟაინოე დონეცკის ოლქში.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა:

„ურაჟაინოე გათავისუფლდა, ჩვენი დამცველები ხაზებზე მაგრდებიან. შეტევა გრძელდება.“

ასევე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრეი კოვალიოვმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.

რატომ არის ურაჟაინოეს გათავისუფლება მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, ამის შესახებ „ბათუმელებთან“ გადამდგარმა გენერალმა, ვახტანგ კაპანაძემ ისაუბრა.

„ურაჟაინოე და კიდევ რამდენიმე დასახლება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რათა შეძლონ მთავარი ძალისხმევის მიმართვა ტოკმაკის მიმართულებაზე. ეს არის რუსეთის მიერ მომზადებული თავდაცვითი რაიონი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული რაიონია – ფაქტობრივად, ტოკმაკი არის ცენტრალური პოზიცია იმ თავდაცვის სისტემაში, რომელიც რუსებმა მოამზადეს ზაპოროჟიეს ოლქში.“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

ამავე თემაზე:

გადაწყვიტეს, მეორე ბახმუტად უქციონ რუსეთს კუპიანსკი – ინტერვიუ

ოდესის პორტიდან პირველი გემი გავიდა – მედია

ჰონგ კონგის დროშის ქვეშ მცურავმა საკონტეინერო გემმა Joseph Schulte-მ დღეს ოდესის პორტი დატოვა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. გემი მიემართება თურქეთში, ამბარლას პორტში და გადააქვს 30 000-ზე მეტი ტონა ტვირთი, მათ შორის საკვები. ეს პირველი გემია, რომელმაც ოდესის პორტი დატოვა 16 ივლისის შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმება შეაჩერა.

ზოგადად, ეს გემი 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა ოდესის პორტში.

ეს არის პირველი გემი, რომელმაც კომერციული გემებისთვის შექმნილი შავი ზღვის უსაფრთხოების დროებითი კორიდორი გამოიყენა ოდესის პორტიდან. ამის შესახებ უკრაინის მუნიციპალიტეტების, ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.

Joseph Schulte მოძრაობს სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დროებითი დერეფნის გავლით უკრაინის შავი ზღვის საზღვაო ნავსადგურებში.

უკრაინის ცნობით, გემი გავიდა ვორონცოვის შუქურიდან და გაემართა ბოსფორისკენ. ბორტზე – 30 ათასზე მეტი ტონა ტვირთი (2114 კონტეინერი), საკვების ჩათვლით. დერეფანი ძირითადად გამოყენებული იქნება იმ გემების ევაკუაციისთვის, რომლებიც იმყოფებოდნენ უკრაინის პორტებში – ჩერნომორსკში, ოდესასა და იუჟნიში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს – იუწყება მინისტრი.

„არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა” – The Killers-ი ქართველ მსმენელს ბოდიშს უხდის

მუსიკალურმა ჯგუფმა The Killers-მა, რომელმაც გუშინ, 15 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტი ჩაატარა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა.

ბოდიშის მოხდა ჯგუფს ინციდენტის გამო მოუწია, რომელიც კონცერტის მსვლელობის დროს მოხდა.

15 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ მიმდინარე კონცერტის დროს, ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე ჯგუფის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა, სცენაზე დრამერი აიყვანა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის მოქალაქე იყო. ამ ინფორმაციის მიღებამ კონცერტის მსმენელებში პროტესტი გამოიწვია.

ბრენდან ფლაუერსმა მსმენელებს ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის მის მიერ შერჩეული დრამერი. „განა ყველა დები და ძმები არ ვართ?“ – იკითხა სცენიდან მუსიკოსმა. კადრებში, რომლებიც საკონცერტო დარბაზიდან გავრცელდა, ჩანს, რომ აუდიტორია ერთხმად პასუხობს – NO! -არა.

მსმენელის პროტესტის მიუხედავად, The Killers-მა შერჩეულ დრამერთან ერთად დაუკრა. მსმენელებმა კი პროტესტის ნიშნად საკონცერტო დარბაზი დატოვეს.

სკანდალი სოციალურ ქსელში გაგრძელდა. მუსიკალური ჯგუფის სოციალური მედიის ანგარიშებზე მოქალაქეები თავიანთ საპროტესტო კომენტარებს ტოვებდნენ. კონცერტის დასრულების შემდეგ The Killers-მა  ბოდიში  ფეისბუქის თავის ოფიციალურ გვერდზე მოიხადა.

„კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი მიზანი არ ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა. ჩვენს ჯგუფს აქვს მრავალწლიანი ტრადიცია, კონცერტზე მოსული მსმენელიდან დრამზე დასაკრავად მოიწვიოს ადამიანები. დარბაზში შეკრებილი მსმენელების პირველი რეაქციის მიხედვით, ჩანდა, რომ აუდიტორია უარყოფითად არ იყო განწყობილი ჩვენ მიერ შერჩეული ადამიანის მიმართ.

გვესმის ისიც, რომ ჩვენ მიერ ნათქვამს – The Killers-ის ყველა მსმენელი და თაყვანისმცემელი „ძმები და დები“ არიან,  შეიძლება არასწორი ინტერპრეტაცია ჰქონდეს. ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა. ბოდიშს ვიხდით. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე ისევ დავბრუნდებით“, – ნათქვამია The Killers-ის  ბოდიშის ოფიციალურ ტექსტში.

ჯგუფის ოფიციალური ბოდიში გააზიარა „ბლექ სი არენას“ ოფიციალურმა ფეიჯმა, მათ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა აიღეს:

„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია,“ – წერია განცხადების ტექსტში.

სქრინი “ბლექ სი არენას” ფეისბუქიდან

„ბლექ სი არენაზე“  ამერიკული ჯგუფის The Killers-ის კონცერტი Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართა. ეს 2-წლიანი სამთავრობო კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველოს მთავრობა უცხოელი მომღერლების ჩამოყვანაზე 70 მილიონს დახარჯავს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 255 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650]
  • ტანკი – 4 324 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 8 380 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 5 152 ერთეული [+24]
  • MLRS – 714 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 485 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 314 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 248 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 404 ერთეული [+17]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 614 ერთეული [+30]
  • სპეცტექნიკა – 773 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 459 თვითმფრინავი
  • 246 ვერტმფრენი
  • 5 787 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 431 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 330 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 144 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 901 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 267 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

  • ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

გადაწყვიტეს, მეორე ბახმუტად უქციონ რუსეთს კუპიანსკი – ინტერვიუ

გადაწყვიტეს, მეორე ბახმუტად უქციონ რუსეთს კუპიანსკი – ინტერვიუ

15 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს. რუსული რაკეტებით დაბომბეს ქალაქი ლვოვი. ამას წინ უძღოდა დრონებით თავდასხმა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მოსკოვშიც. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ლვოვის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა რუსეთის მხრიდან იყო ერთგვარი შურისძიება დრონებით თავდასხმის გამო.

რა ვითარებაა რუსეთ-უკრაინის ომში და რას ნიშნავს წინსვლა, რომელიც უკრაინის არმიას აქვს? „ბათუმელების“ კითხვებს სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პასუხობს. ის ორჯერ იყო საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი.

  • ბატონო ვახტანგ, ზოგადი მიმოხილვით დავიწყოთ, რა მდგომარეობაა ამჟამად უკრაინის ფრონტზე?

აღმოსავლეთ უკრაინის ოპერაციების თეატრში შესაძლებელია გამოიყოს სამი საოპერაციო რაიონი – ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქ არ მომხდარა, ტენდენციები იგივეა – კერძოდ, ჩრდილოეთ რაიონში რუსები უტევენ კუპიანსკის მიმართულებაზე. აღებული აქვთ პირველი ლიმანი, უახლოვდებიან კალინოვოს.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსებმა შეძლეს მდინარე ჟერებეცის ფორსირება ორ მონაკვეთში. შექმნეს პლაცდარმი, შემდეგ ეს ორი პლაცდარმი შეაერთეს და ახლა ერთიანი ძალით უტევენ კუპიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებიდან.

რადგან რთული ვითარებაა, უკრაინელებმა დაიწყეს მოსახლეობის გახიზვნა კუპიანსკიდან და მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან. ასევე დაიწყეს დანაღმვა, სტრატეგიული, ოპერატიული დონის ობიექტების. ჩანს, რომ მიღებული აქვთ გადაწყვეტილება მეორე ბახმუტად უქციონ რუსეთს კუპიანსკის მიმართულება.

აქტიურობენ უფრო სამხრეთით, სვატოვეს მიმართულებაზე. ძირითადად იცვლება საცეცხლე დარტყმები, მაგრამ წინსვლა არც ერთ მხარეს არ გააჩნია.

ბახმუტი-სოლედარის მიმართულებაზე ცენტრალურ რაიონში ასევე პოზიციური დაპირისპირებაა. ერთი კვირის წინ შეძლეს წინ წაწევა სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე. რუსებმა შეძლეს სოლედარის მიმართულებაზე ოდნავ წინ წაწევა. იქაც საცეცხლე დარტყმები ხორციელდება ერთმანეთში. დანაკარგი ორივე მხარეს აქვს.

ყოველ შემთხვევაში, მთავარი შეტევა ბახმუტისკენ ჯერ არ დაწყებულა. დაიწყება თუ არა, ეს უცნობია, ვინაიდან უკრაინელები ცდილობენ ალყაში მოაქციონ რუსები, მაგრამ ამისთვის საკმაოდ დიდი მანძილი აქვთ გასავლელი.

სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე – უკრაინელებმა აიღეს უროჟაინოე. ეს არის დასახლება, სადაც დიდი ხანია მიმდინარეობს დაპირისპირება. დასახლებული პუნქტი იყო ორად გაყოფილი – ნაწილი რუსებს ეკავათ, ნაწილი უკრაინელებს. ახლა სრულად დაიკავეს უკრაინელებმა, თუმცა რუსები ახორციელებენ საცეცხლე დარტყმებს.

ეს და კიდევ რამდენიმე დასახლება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რათა შეძლონ მთავარი ძალისხმევის მიმართვა ტოკმაკის მიმართულებაზე. ეს არის რუსეთის მიერ მომზადებული თავდაცვითი რაიონი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული რაიონია – ფაქტობრივად, ტოკმაკი არის ცენტრალური პოზიცია იმ თავდაცვის სისტემაში, რომელიც რუსებმა მოამზადეს ზაპოროჟიეს ოლქში.

უკრაინელებმა შეძლეს რობოტინოში შესვლა. ეს დასახლებული პუნქტია უკრაინის სამხრეთ მიმართულებაზე, მაგრამ ჯერ კიდევ ბრძოლა მიდის დასახლებულ პუნქტში. მთლიანად არ აუღიათ.

საპასუხოდ რუსებმა შეძლეს დაებომბათ ლვოვი, კრამატორსკი და ხარკოვი.

რომ შევაჯამოთ, მთავარი არის სტრატეგიულ დონეზე უკრაინელების მცდელობა, ომი გადაიტანონ რუსეთში. რაც გამოიხატება იმ დარტყმებით, რომელიც მოსკოვში განხორციელდა და რუსეთის სხვა ტერიტორიებზეც.

ოპერატიულ დონეზე ეს არის უკრაინელების მცდელობა, სიღრმეში განახორციელონ დარტყმები მომარაგებისა და სტრატეგიულ ობიექტებზე.

სიახლე აქ არის ის, რომ დარტყმები ხორციელდება არა მარტო რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზეც – ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის ოლქებშიც.

ტაქტიკურ დონეზე სიახლეები ნაკლებადაა. მცირე დარტყმებს ახორციელებენ ისევ უკრაინელები, თუმცა სიახლე არის ის, რომ ცდილობენ ლოკალურ დარტყმებს, მცირე წარმატებებს, შემდეგ კი – წარმატების გამყარებას. არ ცდილობენ ფართომასშტაბიან და სიღრმით მოქმედებებს. ნაბიჯ-ნაბიჯ, გოჯ-გოჯ მიდიან წინ.

  • დღეს, 15 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლვოვი დაბომბეს – 40-მდე სახლი დაზიანდა. აქამდე დასავლეთი უკრაინა მეტ-ნაკლებად უსაფრთხო მხარე იყო. რას შეიძლება უკავშირდებოდეს დასავლეთ ნაწილზე შეტევები?

ჩემი აზრით, ეს, პირველ რიგში, უკავშირდება უკრაინელების მცდელობას, რომ ომი რუსეთში გადაიტანონ. ეს არის საპასუხო მცდელობა კიდევ ერთხელ დასაჯონ უკრაინა – „აი, თქვენ რუსულ ქალაქებს ურტყამთ და ჩვენ დავარტყამთ თქვენს სიღრმეში არსებულ დასახლებულ პუნქტებს“.

რატომღაც კარგად ვერ იმუშავა საჰაერო თავდაცვამ. როგორც წესი, მუშაობდა ხოლმე. შედეგად რაკეტები ჩამოვარდა ლვოვში.

მოკლედ, ეს არის რუსეთის საპასუხო ქმედება უკრაინელების შეცვლილ სტრატეგიაზე, რომ ომი გადაიტანონ რუსეთში.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინის დამცველებმა წარმატებას მიაღწიეს უროჟაინოეს მიმართულებაზე და იქ მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან. რატომ არის ეს მიმართულება მნიშვნელოვანი?

როგორც მოგახსენეთ, ეს არის ტოკმაკის მიმართულება, შესაბამისად, გზა მარიუპოლისა და აზოვის ზღვაზე გასასვლელისკენ.

უროჟაინოეს აღების შემდეგ უკრაინელებმა თუკი შეძლეს ამ მიმართულებით შეტევის განვითარებას, მათ შეუძლიათ ახალი მანევრი განახორციელონ დასავლეთით – შემოუარონ დნეპრს ისე [მდინარის მარცხენა მხარეს გავიდნენ], რომ მდინარის ფორსირება არ დასჭირდეთ.

მე ამას ვამბობ ჰიპოთეტურად, ჯერ ამისთვის ძალიან ბევრი აქვთ გასავლელი უკრაინელებს. მაგრამ ეს მიმართულება ამდენადაა მნიშვნელოვანი.

უროჟაინოე არ არის რაღაც ძალიან დიდი წარმატება… რა თქმა უნდა წარმატებაა, რა თქმა უნდა უკრაინის მიწის თითოეული სანტიმეტრი არის მნიშვნელოვანი უკრაინელებისთვის, მაგრამ ეს ოპერატიული თვალსაზრისით არ არის დიდი წარმატება. უკრაინელებს ბრძოლა ჯერ კიდევ უწევთ რუსეთის თავდაცვის უზრუნველყოფის ზოლში. ჯერ პირველ ხაზამდე ვერ მივიდნენ.

  • ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს უკრაინელების წინსვლის შესახებ სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა აღნიშნავს, რომ რუსები დასავლეთ ზაპოროჟიეს ზოგიერთ რაიონში დაწინაურდნენ. თქვენი ინფორმაციით, რა სურათია ამჟამად ფრონტზე?

რუსები ახორციელებენ კონტრშეტევებს, დაკარგული ოკუპირებული ტერიტორიების აღდგენისთვის. ისინი ცდილობენ გაასწორონ ის ფრონტი, სადაც უკრაინელებმა შეძლეს წინ წაწევა და სოლისებურად შეიჭრნენ. არა დიდ სიღრმეზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გარკვეულ სიღრმეზე.

როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ბოლო პერიოდში 40 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს უკრაინელებმა.

უხეშად რომ ავიღოთ, ეს 40 კვადრატული კილომეტრი არის 8 კილომეტრი 5 კილომეტრზე. 5 კილომეტრი არის ბატალიონის თავდაცვის სიღრმე, მეტი არა. ასე რომ, უკრაინას ძალიან დიდი წინსვლა არ აქვს. დიდი წინსვლები და მოძრაობები ჯერჯერობით არ ჩანს. გარღვევა ჭირდება უკრაინას და გარღვევამდე, ჯერ თავდაცვის პირველ ხაზამდე აკლიათ მისვლა.

  • უკრაინა ამჟამად გერმანიისგან ითხოვს „ტაუროსის“ რაკეტებს, რომელიც ბრიტანული „შტორმ შადოუს“ ანალოგია. რა შეიძლება შეიცვალოს ამ რაკეტების მიწოდების შემთხვევაში?

მნიშვნელობა აქვს ასევე ამ რაკეტების რაოდენობას. სიმართლე გითხრათ რაღაც დიდი, მნიშვნელოვანი გადამწყვეტი გამარჯვებების მოპოვება ალბათ არ შეუძლია, თუმცა ამით შეუძლია სიღრმითი დარტყმის განხორციელება, რის შედეგადაც შეაფერხებს რუსეთის სანგრებში მყოფი დანაყოფების როტაციასა და მომარაგებას.

ეს, თავისთავად, ფსიქოლოგიურ და მორალურ ზემოქმედებას მოახდენს ჩასანგრებულ რუს ჯარისკაცებზე. რა თქმა უნდა, ეს გაზრდის უკრაინელების შესაძლებლობებს განახორციელოს ზუსტი დარტყმები მოწინააღმდეგის ზურგში.

მაგრამ კიდევ ვამბობ, ეს არ გაძლევს ომის მოგების შესაძლებლობას.

  • ამ დროისთვის, რა მიმართულებზე აქვს რუსეთის არმიას წარმატება და სად რეალური მარცხი უკრაინაში?

დაკავებული ტერიტორიები, რომელიც აქვს, ეს მისი წარმატებაა. ეს არის ხერსონის რაიონი, ზაპოროჟიეს რაიონი, რითაც უკრაინა მოწყვიტა აზოვის ზღვას. ამის გარდა, რუსებს აქვთ გარკვეული ტაქტიკური წარმატებები აღმოსავლეთ რაიონში, კუპიანსკის მიმართულებაზე. იქ არის სერებრიანსკის სატყეო მეურნეობა, სადაც წარმატებულად მოქმედებენ. დიდი წინსვლა არ აქვთ, მაგრამ წარმატებით მოქმედებენ და აიძულებენ უკრაინას რეზერვები გადაისროლოს ხერსონის მიმართულებიდან კუპიანსკის მიმართულებაზე, რუსეთის შეტევის შეჩერება რომ შეძლოს.

რუსეთის წარმატებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მათ შეძლეს თავდაცვითი მრეწველობის ადაპტირება. არ მოხდა ის, რასაც ყველა ელოდა, რომ დაუმთავრდებოდათ რაკეტები, დაუმთავრდებოდათ საარტილერიო ჭურვები და ა.შ.

რუსეთმა გარდაქმნა თავისი წარმოება – შაჰიდების გამოშვება თავად დაიწყო, ასევე საკმაოდ წარმატებით უშვებენ და იყენებენ რუსები უპილოტო საფრენ აპარატ „ლანცეტებს“, რომლითაც  ჩაანაცვლეს საბატარეო ბრძოლა.

საბატარეო ბრძოლა ნიშნავს უკრაინელების ბატარეების და ანგრების წინააღმდეგ საპასუხო ბრძოლას.

ვინაიდან უკრაინელებს აქვთ კარგი საარტილერიო სისტემები დასავლეთის დახმარებით, საარტილერიო დაპირისპირებაში, საარტილერიო დუელში, რუსები ვერ სჯობიან უკრაინელებს. შესაბამისად, რუსებმა აქტიურად დაიწყეს გამოყენება უპილოტო საფრენი აპარატების, „ლანცეტის“. ეს შეიძლება წარმატებადაც ჩაითვალოს რუსების, რომ მათ მოძებნეს პარტნიორები, თუნდაც ირანის ან ჩრდილო კორეის სახით, საიდანაც ალბათ მიიღებენ არა პირველი კლასის და უმაღლესი ხარისხის, მაგრამ რაოდენობრივად საკმარისს საბრძოლო მასალას.

  • უკრაინის მონაცემებით, რუსეთმა ამ ომში 254 ათასი ადამიანი დაკარგა – ნაწილი დაიღუპა, ნაწილი სამხედრო თვალსაზრისით გამოუსადეგარია. რამდენი ათასიანია ახლა რუსეთის არმია. რა ძალით ომობს რუსეთი?

ჩემი მონაცემებით, რაც ღია წყაროებში იძებნება, 160 ათასიდან 200 ათასამდე მებრძოლი ჰყავს ფრონტზე. ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ისევ აპირებს მობილიზაციის გამოცხადებას, რათა კიდევ ერთხელ მოახერხოს მომზადება ახალი მობილიზებულების და შემდეგ გარკვეული როტაცია მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. ასე რომ, ხალხი მას საკმარისად ჰყავს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინასაც უწევს მობილიზება. უკრაინის დანაკარგები საკმაოდ მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, დაბალი რგოლის მეთაურების 80 % ალბათ შეიცვალა ან შეიცვლება, ვინაიდან დანაკარგები მაღალია. პოლონეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უმზადებენ უკრაინელებს ჯარისკაცებს. მხოლოდ აშშ-დან 113 მილიარდი დოლარის დახმარებაა გახარჯული.

ამ დანაკარგების გამო მუდმივად შეჰყავთ ახალმომზადებული დანაყოფები ბრძოლებში.

ომი ჩიხშია შესული.

ალბათ ორივე მხარე ემზადება ზამთრის კამპანიისთვის, ვინაიდან მალე დაიწყება წვიმების სეზონი, აქტიურობაც დაიკლებს. გამოითქვა მოსაზრება, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე თუ უკრაინამ ვერ შეძლო მნიშვნელოვანი წინსვლა, რუსეთმა შეიძლება კვლავ განაახლოს შეტევები. ძირითადად მაინც ხარკოვის მიმართულებაზე. ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით ჩანს, რომ დაპირისპირება ჩიხში შედის.

მნიშვნელოვანია ის, რომ არჩევნები მოდის ბევრ ქვეყანაში. პოლონეთში არჩევნები იქნება, აშშ-ში არჩევნები იქნება. მნიშვნელოვანია ასევე რა ცვლილებები მოხდება ევროპის კიდევ ბევრი ქვეყანაში, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას. რუსეთშიც არჩევნების პერიოდია. აი, ეს გარკვეულ პოლიტიკურ დაპირისპირებას იწვევს და შეიძლება ცვლილებებიც მოჰყვეს.

შეიძლება კულუარულ დონეზე მაინც დაიწყოს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე.

ყოველ შემთხვევაში, გარკვეული პოლიტიკური ცვლილებები ნამდვილად იქნება.

ამერიკა გაძლევს შანსს, იცხოვრო შენი მიზნისთვის – სტუდენტი საქართველოდან

ერეკლე 2016 წელს წავიდა პირველად ამერიკაში, აიდაჰოს შტატის კოლეჯში ფლექსის პროგრამით. კოლეჯი 2020 წელს დაამთავრა. მერე ორი წელი იმუშავა და ახლა სიეტლის სამართლის სკოლაში ჩაირიცხა. რამდენიმე დღეში სწავლა ეწყება.

კოლეჯშივე ისწავლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან ერთად სამართალი, საერთაშორისო პოლიტიკა და შემოქმედებითი წერა, რაც ერთგვარი მომზადება იყო სამართლის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად:

ამერიკული განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი აზრის ქონა, ყველა შესაძლო კუთხიდან დანახვა საკითხების, რასაც სწავლობ. Liberal Arts Education – ასე ერქვა ბაკალავრიატში ჩემს სასწავლო პროგრამას.

როცა უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, სასწავლო პროცესთან შეგუება ბაკალავრიატში გამიჭირდა,  გაცილებით დიდი პროგრამა იყო სკოლასთან შედარებით, თუმცა მალე მივეჩვიე: ირგვლივ ძალიან მხარდამჭერი საზოგადოება აღმოჩნდა და შემეძლო საკუთარი თავის გამოხატვა, ყველამ კარგად მიმიღო  უნივერსიტეტში. დაცულად, თავისუფლად ვგრძნობდი თავს“, – გვიყვება ერეკლე ვახრამოვი.

ბაკალავრიატში სწავლის დროს უნივერსიტეტშივე დაიწყო მუშაობა ჭურჭლის მრეცხავად, შემდეგ უნივერსიტეტის კაფეტერიაში, მერე სტუდენტების მიმღებ განყოფილებაში. მუშაობდა რამდენიმე ორგანიზაციაში, იყო თავისივე უნივერსიტეტის იურიდიული ჯგუფის წევრი, რომელიც განიხილავდა სტუდენტების რაიმე დარღვევებს უნივერსიტეტში. ერეკლე ამბობს, რომ ეს იყო სასამართლოს პატარა მოდელი უნივერსიტეტში.

ამავე უნივერსიტეტში მისი დაფინანსების მქონე სტუდენტებისთვის არსებობს დასაქმების ვაკანსიებიც, სადაც ახლა მუშაობის დაწყებას ელოდება ნახევარ განაკვეთზე, რომ საცხოვრებელი ხარჯები დაფაროს.

ერეკლე

ერეკლემ ამერიკაში წასვლისთანავე იცოდა, რომ იქ დარჩებოდა. ამბობს, რომ საქართველოში უსაფრთხოდ ვერ გრძნობს თავს და როგორც ლგბტქ თემის წევრმა აშშ-ში ცოტა ხნის წინ თავშესაფარიც მოითხოვა. მწვანე ბარათი ანუ მუშაობისა და ცხოვრების უფლება ახლახან მიიღო. ამბობს, რომ როგორც ემიგრანტს, გაუმართლა. 8, 9 წლიდანვე სწავლობდა ინგლისურს და კარგად საუბრობდა:

„ბევრს აქ ამერიკელი ვგონივარ. ინგლისურად კარგად ვსაუბრობ ჩემი მასწავლებლის, მაია ჯაშის წყალობით. სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მან მასწავლა ყველაფერი ამერიკულ კულტურაზე, შემაყვარა ენა და მომამზადა, შევჩვეოდი ამ გარემოს.

უსაფრთხოებასა და დაცულობასთან ერთად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკაში მაღალხარისხოვან განათლებაზე წვდომა და თვითგამოხატვის თავისუფლებაა, ბევრი სხვადასხვა კულტურის, ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს შეხვდები, სხვადასხვა ისტორიით.

ამერიკაში ცხოვრების უნიკალობაც მრავალფეროვნებაშია. ეს მთელ მსოფლიოსთან კავშირს ნიშნავს.

მთელი ჩემი მომავალი ცხოვრება საერთაშორისო სამართალი იქნება. აქ რეკომენდაციაც გამიწიეს უნივერსიტეტიდან, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწავლის წლებს უნდა შევხედო ისე, თითქოს ვმუშაობ: დილის 8 საათიდან დაიწყება სწავლა და საღამოს შვიდამდე უნდა დავუთმო დრო მეცადინეობებს“, – ამბობს ერეკლე.

მომავალს ამერიკაში გეგმავს. თუმცა ამბობს, რომ საკუთარი უნარების საქართველოში გამოყენებაზე, საერთაშორისო პროექტებით ქართველ კოლეგებთან სამომავლო კავშირებზე, საერთო საქმეებზეც ფიქრობს. ბაკალავრიატში სწავლის დროს გეგმავდა მშვიდობის პროექტის 10 ათას-დოლარიანი გრანტი გამოეყენებინა დედის სოფელში, ბახვში რამდენიმეოთახიანი შენობის გასარემონტებლად, ბიბლიოთეკისა და სათამაშო სივრცის მოსაწყობად, მაგრამ თავშესაფრის მოლოდინში ერეკლეს არ ჰქონდა აშშ-ის ტერიტორიის დატოვების უფლება და ეს გეგმა ვერ განახორციელა.

ერეკლე მეგობრებთან ერთად

ამერიკის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, მაგრამ ამბობს, რომ ოზურგეთში მაგალითად, სადაც გაიზარდა, დარჩენას ვერ შეძლებდა:

„მწყინს, რომ ასეა. თბილისში თუ დავრჩები მეგობრებთან ერთად საქართველოში ჩამოსვლისას. არ მგონია იგივე შევძლო ოზურგეთში. გეისთვის ძალიან საშიშია საქართველოში ქუჩაში გავლაც კი. მე ყოველთვის მეშინოდა. ვფიქრობდი, რას იფიქრებდნენ ჩემზე გარშემომყოფები, როგორ შემომხედავდნენ, სულ ვშიშობდი, ხომ არაფერს ვაკეთებდი ისე, რომ ყურადღება მიმეპყრო.

ამერიკაში თავს დაცულად ვგრძნობ. დაცულობისა და თავისუფლების შეგრძნება თვითგამოხატვისთვის იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ეს გაძლევს შესაძლებლობას, არ გეშინოდეს და არ იყო დათრგუნული. თავისუფლება გაძლევს შესაძლებლობას, იცხოვრო შენი მიზნებისთვის, გქონდეს ეს მიზნები და არ იყო ჰომოფობიით შეზღუდული, არ ცხოვრობდე ძალადობით სავსე გარემოში, შეძლო საკუთარი საქმის მშვიდად კეთება, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება“, – ამბობს ერეკლე.

საქართველო 2023 წლის შემოდგომაზე ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მოლოდინშია, რისთვისაც ქვეყანამ 12-პუნქტიანი ამოცანის შესრულება უნდა შეძლოს. ჯერჯერობით ამ გეგმის მხოლოდ სამი პუნქტია შესრულებული.

ამერიკაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების დიდი ნაწილის მსგავსად ერეკლესაც მიაჩნია, რომ ეს ქვეყნისთვის გადამწყვეტი მომენტია სამომავლო განვითარების გზაზე.

23 წლის სტუდენტი ფიქრობს, რომ საქართველოს პრორუსი მთავრობა ჰყავს და ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მცდელობაც ქვეყნის ევროდასავლური გეზისთვის დამაზიანებელია:

„მით უფრო ახლა, კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება კარგს არაფერს უნდა ნიშნავდეს“, – ამბობს ერეკლე.

რატომ იგონებს კადიროვი თავის მებრძოლებზე საგმირო ამბებს – ბრიტანეთის დაზვერვა

რამზან კადიროვი, კრემლისადმი ერთგულების ხაზგასასმელად, მუდმივად ცდილობს უკრაინის ფრონტზე თავისი მებრძოლების წარმოსახვითი წარმატებების „რეკლამირებას“ – ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვა თავის დღევანდელ ანგარიშში იუწყება.

აღსანიშნავია, რომ საჯარო განცხადებებში კადიროვი იმის შესახებ ჰყვება, თუ როგორ ოსტატურად იბრძვის მის კონტროლქვეშ მყოფი ბატალიონი – „ახმატ-ვოსტოკი“ ზაპოროჟიეში, ორეხოვსკის მიმართულებით.

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, კადიროვი თავისი კომენტარებით ცდილობს ხაზი გაუსვას ჩეჩნეთის ერთ-ერთი მთავარი ქვედანაყოფის როლს ფრონტის ამ საკვანძო მონაკვეთისთვის ბრძოლებში.

„ჩეჩნური ძალები უკრაინაში რუსული ძალების შედარებით მცირე, მაგრამ თვალშისაცემ კომპონენტს წარმოადგენენ. კადიროვი, სავარაუდოდ, თავისი ქვედანაყოფების როლის ჭარბ რეკლამირებას ნაწილობრივ ალბათ იმისთვისაც ეწევა, რომ გაიუმჯობესოს პუტინის მიმართ ერთგულის რეპუტაცია“, – აღნიშნავს ბრიტანელი.

___

როგორც უკრაინული „უნიანი“ წერს, „კადიროველებმა“ ჟაპოროჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იჩხუბეს დაღესტნელებთან. იყო სროლები, რის შედეგადაც ერთი ოკუპანტი დაიღუპა კიდეც, რაც დანაყოფებს შორის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების საფუძველი გახდა. შედეგად რამდენიმე ათეული სამხედრო დაიჭრა ან დაიღუპა.

გარდა ამისა, წინა დღით „კადიროველების“ კიდევ ერთმა ქვედანაყოფმა მოაწყო სროლა მარიუპოლთან ახლოს, ოკუპირებულ სოფელ ურზუფში. იქ ჩეჩენმა მებრძოლებმა ამჯერად რაღაც ვერ გაიყვეს რუსეთის რეგულარული არმიის ჯარისკაცებთან. დაიღუპა 4 ოკუპანტი და ასევე 7 მშვიდობიანი მოქალაქე.

„ყველაზე კარგი ვარჯიში ნელი სიარულია“ – რეაბილიტაცია სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ

ენდოპროთეზირება ოპერაციაა, რომლის დროსაც  სხვადასხვა მიზეზით დაზიანებულ სახსარს ახალი, ხელოვნური სახსრით ცვლიან. ამ ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია ერთიდან სამი თვე გრძელდება. რეაბილიტაციის დრო დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე, ძვლის სტრუქტურის მდგომარეობაზე, პაციენტის ასაკსა და სხვა ფაქტორებზე.

რეაბილიტაციის პერიოდში სპეციალურ ვარჯიშებსა და შეზღუდვების დაცვას შეუძლია დააჩქაროს გამოჯანმრთელების პერიოდი. სპეციალისტების განმარტებით, ვარჯიშები აძლიერებს კუნთებს შეცვლილი სახსრის გარშემო, რაც ეხმარება კუნთებს სახსრის უკეთ დაჭერაში.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგი გიორგი ფუტკარაძე ამბობს, რომ პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახსრის ჩანაცვლების ოპერაციის შემდეგ, რათა სახსარმა უმტკივნეულოდ იფუნქციონიროს და გაუმჯობესდეს მობილობა. ექიმის თქმით, საუკეთესო შედეგისთვის აუცილებელია ორთოპედიული რეჟიმის დაცვა.

  • ბატონო გიორგი, რას მოიცავს რეაბილიტაცია ენდოპროთეზირების შემდეგ და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პერიოდი?

რეაბილიტაციის პერიოდი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის დაზიანებაა და რა ტიპის იმპლანტი იდგმება. ჩვენ განვიხილოთ სტანდარტული შემთხვევა, როცა პაციენტი რეაბილიტაციის პერიოდს გადის ოპერაციიდან პირველი სამი თვის განმავლობაში.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო პროგრამები არ არის სათანადოდ გავრცელებული და ხელმისაწვდომი ყველასთვის. როგორც წესი, ამ ყველაფრის გაკეთება პაციენტს უწევს თავად, ანუ თვითონ ხდება საკუთარი თავის რეაბილიტოლოგი. ჩვენი მხრიდან კი პაციენტს ამ პროცესში ეძლევა ზუსტი რეკომენდაციები და ისეთი მნიშვნელოვანი რჩევები, როგორიცაა საწოლიდან სწორად ადგომა, დაჯდომა ისე, რომ არ გამოვიწვიოთ შემდგომი გართულებები.

როდესაც 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება ტკივილი და დისკომფორტი, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რომ გამოვიკვლიოთ საიდან მოდის ეს ყოველივე, ხომ არ არის იმპლანტის შეუთავსებლობა ან ნევრალგიური ტკივილი.

  • ხშირად პაციენტებს, რომლებიც თბილისში იკეთებენ ოპერაციას, იქ დარჩენის სიძვირის გამო, მალევე უწევთ რეგიონში გამომგზავრება. რამდენად უსაფრთხოა ტრანსპორტირება ასეთ დროს?

თუ საჭირო გახდა ტრანსპორტირება, შეიძლება, მაგრამ პირველი 4 კვირის განმავლობაში სასურველია დასაფარი მანძილი იყოს მოკლე.

რაც შეეხება ავტომობილში ჩაჯდომას, ეს ძალიან საყურადღებოა, რადგან ამ დროს ხდება ორთოპედიული რეჟიმის დარღვევა და შეიძლება არასასურველი გართულებაც მივიღოთ. მანქანაში ჩაჯდომის დროს სასურველია პირველად პაციენტი მანქანის სავარძელზე დაჯდეს და შემდეგ შეაცუროს პარალელურად ორივე კიდური ავტომობილში; გადმოსვლის დროს, მოტრიალდება მჯდომი და ორივე ფეხს პარალელურად გადმოდგამს, შემდგომ ეყრდნობა ყავარჯნებს ან ჭოჭინას და დგება ფეხზე.

  • როგორი სიმაღლისა და სირბილის საწოლია ასეთი პაციენტისთვის რეკომენდებული?

ოპერაციის ჩატარებიდან, პირველი 4 კვირის განმავლობაში, პაციენტი უნდა იწვეს ორთოპედიულ ლეიბზე, რაც ნიშნავს, რომ საწოლი არ უნდა იყოს ზედმეტად რბილი. პოსტოპერაციულ პერიოდში რბილ საწოლზე წოლისას იზრდება სახსრის ამოვარდნილობის რისკი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პირველი 2 თვის განმავლობაში, დაწოლისა და წამოდგომის დროს, ნაოპერაციევი მხარე აღმოჩნდეს საწოლის გარე მხარეს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პაციენტს შეუძლია ადგეს ნებისმიერ მხარეს.

პირველ პერიოდში პაციენტი ჯდება საწოლზე, რამდენიმე წუთს ყოვნდება და შემდგომ უკვე წამოდგება. წამოდგომის დროს ნაოპერაციევი ფეხი უნდა გადადგას წინ, დაეყრდნოს ჭოჭინას ორივე ზედა კიდურით და ისე წამოდგეს.

  • რა ნიშნები შეიძლება იყოს განსაკუთრებით საყურადღებო ენდოპროთეზირების შემდეგ?

უეცრად გაძლიერებული ტკივილი ნაოპერაციევ მიდამოში, შეშუპების წარმოქმნა, ასევე, სიწითლე ნაოპერაციევ მიდამოში, ჭრილობიდან გამონადენის არსებობა, ტემპერატურის მატება 38-დან ზემოთ და უეცარი წარმოქმნილი ტკივილი გულმკერდის არეში – ამ დროს აუცილებლად უნდა დავუკავშირდეთ ექიმს.

მაგრამ არის ნიშნები, რომლებიც პაციენტებს პრობლემური ჰგონიათ, მაგრამ რეალურად ნორმად მიიჩნევა. მაგალითად, ზომიერად გამოხატული შეშუპება და კუნთების ტკივილი რეაბილიტაციის პერიოდში ნორმალურია, პირველი 2-3 კვირის განმავლობაში სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურში ასევე ნორმად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

  • რამდენი ხანი არის რეკომენდებული ყავარჯნის ტარება და რატომ? რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს მასზე ნაადრევად უარის თქმამ?

პირველი 4 კვირის განმავლობაში სასურველია ყავარჯნის ტარება, შემდგომ უკვე ეს საკითხი უნდა განისაზღვროს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შედეგად.

ხშირი შემთხვევაა, როდესაც პაციენტები ნაკერების მოხსნაზე მოსულან ორ კვირაში და ყავარჯნები სულ არ ეჭირათ ხელში, მაგრამ ეს არის აგრესიული რეაბილიტაცია; უმჯობესია, სხეულს დავახმაროთ ყავარჯნები, ანთებით პროცესებს სჭირდება გარკვეული დრო, რომ სხეული მარტივად დაუბრუნდეს უმტკივნეულო ცხოვრების წესს. ნაადრევად ხელჯოხების გადადება გვერდზე არის დაჩქარებული, აგრესიული რეაბილიტაცია.

არასდროს დაეყრდნოთ ყავარჯენს იღლიის ღრმულებით, რადგან იქ გამავალი მნიშვნელოვანი ნერვი შეიძლება დაზიანდეს მუდმივი ზეწოლისგან.

  • რაში გვეხმარება ვარჯიში?

ენდოპროთეზირება შეიძლება მენჯ-ბარძაყის სახსარში ჩატარდეს როგორც მოტეხილობის გამო, ისე თანდაყოლილი დისპლაზიის ან ართროზის დროს. მოტეხილობის შემთხვევაში რეაბილიტაციის პერიოდი უფრო ხანმოკლეა, სხვა შემთხვევებში კი იქ დაზიანებულია როგორც მენჯ-ბარძაყის სტრუქტურა, ისე ირგვლივ მდებარე კუნთოვანი ქსოვილი. ოპერაციის დროს ხდება ძვლის ჩანაცვლება/გამოცვლა, მაგრამ კუნთი ხომ იგივე რჩება, ამიტომ ამ კუნთს სჭირდება დამუშავება და შეჩვევა უკვე ახალ მოძრაობაზე.

  • რა მიზეზით შეიძლება ოპერაციის შემდეგ დარჩეს ტკივილი სახსარში?

ოპერაციის შემდგომ ტკივილი შეიძლება იყოს ნევრალგიური წარმოშობის. მაგალითად, როდესაც არის ოსტეოქონდროზი, თანდართულად შეიძლება ახლდეს ამ ყველაფერს ნევრალგიური ტკივილი, ამ შემთხვევაში მკურნალობის პროცესში უკვე ვრთავთ ნევროლოგს და, შესაძლოა, ნეიროქირურგს.

  •  რა იცვლება 3 თვის შემდეგ?

პირველი სამი თვის განმავლობაში უკვე არსებული იმპლანტის ირგვლივ ყალიბდება ერთგვარი კაფსულა, რომელიც მეტად კრავს სახსრის შეერთებას, რაც ამ ყველაფერს ამყარებს და ამოვარდნილობის რისკებს, თუნდაც დაცემის შემთხვევაში, ამცირებს, ოღონდ გააჩნია წაქცევის მექანიზმსაც. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, წაქცევა ავირიდოთ თავიდან, რადგან შესაძლოა მოხდეს მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის დისლოკაცია, ამოვარდნილობა, მორყევა და პაციენტს დასჭირდეს კიდევ ერთი ოპერაცია.

საქმე ის არის, რომ როდესაც წლების განმავლობაში ართროზი არსებობს და სიარული დარღვეულია, დატვირთვის ცვლილებასთან ერთად ხერხემალში ხდება ოსტეოქონდროზის ჩამოყალიბება, რაც უკვე წარმოქმნის ნევრალგიურ ტკივილს.

  • პაციენტების დიდი ნაწილი სახლში დავალებულ ვარჯიშებს სანახევროდ აკეთებს. რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ეს? 

პაციენტების ნახევარზე მეტი თავისი შეხედულებისამებრ  ვარჯიშობს. როცა ირღვევა ექიმის რეკომენდაციები და ორთოპედიული რეჟიმი, გამოჯანმრთელების პერიოდი ხანგრძლივდება. საქმე ის არის, რომ პაციენტი რეაბილიტაციას გარკვეულწილად მაინც სიარულისას გადის. არის შემთხვევები, როდესაც ვაძლევთ სიარულისა და დატვირთვის რეკომენდაციებს, მაგრამ პაციენტი ზოგავს თავს, არ დადის, არ მოძრაობს და მიზეზად აღნიშნავს განმეორებით წაქცევის შიშს ან წარმოსახვით ტკივილს, რომ ვთქვათ და ეტკინოს.

ასეთ შემთხვევაში რეაბილიტაციის პერიოდი ხანგრძლივდება.

ყველაზე კარგი ვარჯიში არის სიარული. პირველი ერთი თვის განმავლობაში პაციენტი ერთი, ნელი ტემპით, ნელი მოძრაობით უნდა გადაადგილდებოდეს.

ოპერაციიდან პირველ დღეებში ვდგამთ რამდენიმე ნაბიჯს და გარკვეული პერიოდის შემდგომ უკვე მანძილს ვზრდით. ესეც ინდივიდუალურია, დამოკიდებულია პაციენტზე.

საწოლში ვარჯიშები უნდა აწარმოოს პაციენტმა ნაოპერაციევი კიდურის მოხრის და გაშლის სახით. მენჯ-ბარძაყის სახსარში მოხრილობა არ უნდა აღემატებოდეს 90- გრადუსიან კუთხეს.

პირველი რვა კვირის განმავლობაში არ შეიძლება ნაოპერაციევი კიდურის მოხრა 90 გრადუსზე მეტით; ფეხის ფეხზე გადადება, ფეხის გადაჯვარედინება, ფეხის შიგნით და გარეთ დატრიალება. მიუხედავად იმპლანტის ხარისხისა, ამ მოძრაობებით ხდება ნაოპერაციევი სახსრის გადაძაბვა/გადატვირთვა.

კიბეზე სიარული კარგია, მაგრამ მაღალ საფეხურზე ასვლას უნდა ვერიდოთ, უნდა გვახსოვდეს 90 გრადუსის წესი.

ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა პაციენტი აგვიანებს სიარულის დაწყებას. როცა თვეზე მეტ ხანს გრძელდება პასიური პერიოდი, ეს იწვევს კუნთის სისუსტეს, ატროფიას, ოსტეოპოროზს.

  • რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს პოსტოპერაციულ პერიოდში გადაჭარბებული აქტივობა, თუნდაც საშინაო შრომსა და სიმძიმეს აწევა?

სიმძიმის აწევისგან თავი უნდა შევიკავოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ხელოვნური სახსარია, საკუთარი სახსარი უნიკალურია, ხელოვნური არის ალტერნატივა იმისა, რომ პაციენტს მოეხსნას ტკივილი და გააქტიურდეს დროულად, ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა.

ჩვენ ვურჩევთ პაციენტს, წონაც დაიკლოს, რათა ზედმეტი დატვირთვა ავარიდოთ სახსარს.

____________________________

სახსრის შეცვლის ოპერაცია, იგივე ენდოპროთეზირება შესაძლოა საჭირო გახდეს რევმატული და სხვა სახის ართრიტის, ტრავმების, ოსტეოპოროზის, თანდაყოლილი ანომალიებისა და სხვადასხვა დაზიანებების დროს.

ასეთი ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს სხეულის ნებისმიერ სახსარზე, მათ შორის მენჯ-ბარძაყის, მუხლის, კოჭ-წვივის, მხრის, მაჯის და თითების ჩათვლით, თუმცა ამ პროცედურებს შორის, ბარძაყისა და მუხლის სახსრის მთლიანი ჩანაცვლება როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ყველაზე გავრცელებულია.

NCDC-ს მონაცემებით, საქართველოში 2021 წელს ძვალკუნთოვანი სისტემის 28 421 ოპერაცია ჩატარდა. მათ შორის ყველაზე მეტი იყო მენჯ-ბარძაყის სახსრის პროთეზირება – 8 548 (2020 წელს – 7 535).

პირი საქმის შეწყვეტას დაჰპირდა ბრალდებულს, რაშიც 100 000 დოლარი გამოართვა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ბრალდებულმა დაარწმუნა, თითქოს იგი დაახლოებული იყო როგორც საქართველოს პროკურატურის, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ცალკეული თანამდებობის პირებთან და შეეძლო დახმარება მიმდინარე გამოძიების მის სასარგებლოდ დასრულებაში:

„აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებულმა სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტს 220 000 აშშ დოლარის ორ ეტაპად გადაცემა მოსთხოვა, საიდანაც პირველ ეტაპზე დაზარალებულმა ბრალდებულს 100 000 დოლარი გადასცა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულს ბრალი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების
სახით პატიმრობა შეეფარდა.

თავდასხმა ლვოვზე – არიან დაჭრილები, 40-მდე სახლი დაზიანდა

ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, დღეს, 15 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ლვოვზე თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი 10 წლის ბავშვია. ხუთი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

კოზიცკის თქმით, ლვოვის რაიონს 05:20 საათიდან 05:30 საათამდე რაკეტებით შეუტიეს. ერთი რაკეტა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, 6 კი სამიზნეს მოხვდა.

თავდასხმის შედეგად ლვოვის რაიონში 40-მდე სახლი დაზიანდა.

ლვოვში, ჟელეზნოდოროჟნის რაიონში, 20 სახლი დაინგრა. ყველაზე მეტად – კახოვსკაიასა და პატონის ქუჩებში. გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა ფანჯრები და სახურავები.

ასევე, ლვოვში, სამედიცინო პროფესიულ კოლეჯში ფანჯრები დაიმსხვრა, სამრეწველო საწარმოს სამ შენობაში კი ხანძარი გაჩნდა.

ერთ-ერთი რაკეტა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დაეცა, ბაღის შენობა დაზიანდა.

დღეს, 15 აგვისტოს, დილით, რუსეთმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინაზე. ვრცელდება ინფორმაცია 3 ადამიანის დაღუპვის შესახებ.

უკრაინელ დამცველებს წინსვლა აქვთ უროჟაინოეს მიმართულებით – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინელმა დამცველებმა წარმატებას მიაღწიეს უროჟაინოეს მიმართულებით და იქ მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან.

უკრიანის გენშტაბის წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინული ჯარები მიიწევენ უროჟაინოეს მიმართულებით სამხრეთ ფრონტზე და არტილერიით უტევენ მტრის სამიზნეებს.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს მარინკასა და კრასნოგოროვკას რაიონებში.

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.

ამავდროულად, უკრაინის ჯარები აგრძელებენ რუსეთის შეტევის შეკავებას კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით.

დამცველები წინ მიიწევენ და კონსოლიდირდებიან უროჟაინოეს – გენერალური შტაბის მიდამოში.

რუსეთის მასობრივი სარაკეტო შეტევა უკრაინაზე – არის მსხვერპლი

დღეს, 15 აგვისტოს, დილით, რუსეთმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინაზე.

რუსული რაკეტები მოხვდა სამრეწველო საწარმოს ლუცკში, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა თავდასხმის შედეგად და 3 დაშავდა, ასევე, რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსებს ქალაქ ლვოვში და საწარმოს – დნეპერში.

ლვოვში რაკეტების ფრაგმენტები საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა, რამაც ხანძარი და ნგრევა გამოიწვია. განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

აფეთქებები ასევე ისმოდა ხმელნიცკის რაიონსა და ჩერკასის ოლქის ქალაქ სმილაში.

უკრაინის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციების მონაცემების თანახმად, 15 აგვისტოს, დილის 4 საათზე, რუსეთმა უკრაინის მასშტაბით ჯამში 28 საჰაერო და საზღვაო რაკეტა გაისროლა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 28 რაკეტიდან 16 გაანადგურეს.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

____________________

ფოტოზე: აფეთქება ლვოვში, 15 აგვისტო.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 აგვისტოს 21 საათიდან 16 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 30-35 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 აგვისტოს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

Exit mobile version