სიახლეები

37 სართულიანი ცათამბჯენი 4-სართულიანი, ავარიული სახლის ნაცვლად – პროექტი

12.08.2023
37 სართულიანი ცათამბჯენი 4-სართულიანი, ავარიული სახლის ნაცვლად – პროექტი

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #29ა-ში ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ანგრევენ. ეს მრავალბინიანი კორპუსი ავარიული სახლების ნუსხაში მერიამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეიტანა.

დასკვნაში ექსპერტი წერს, რომ შენობის გარე ფასადზე ბზარებია, ხოლო კიბის უჯრედი დეფორმირებული. ბზარები შეიმჩნევა ასევე სადარბაზოს კედლებზე და ჭერზე. საბოლოდ დასკვნაში ჩაწერეს, რომ ხანდაზმულობისა და ავარიულობის გამო შენობის ხანგრძლივი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.

ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ფოტო

კორპუსის დემონტაჟი რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, მისი ძირითადი ნაწილი უკვე დაშალეს. დემონტაჟის ნებართვა მერიამ გასცა.

ავარიული კორპუსი

ოთხსართულიანი სახლის ეზოს ჩათვლით ჯამში 1725 კვ. მეტრ ტერიტორიას მოიცავს.

ახლა ამ ადგილზე მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ახალი 37-სართულიანი კომპლექსის პროექტს განიხილავს. წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, შენობა 125 მეტრი სიმაღლის იქნება.

კომპანიამ მერიას წარუდგინა ასევე 48 მესაკუთრის თანხმობა კორპუსის ახალი კომპლექსით ჩანაცვლებაზე.

მონიშნულია საპროექტო ტერიტორია

მონიშნულია საპროექტო ტერიტორია

დოკუმენტების მიხედვით, ჩანაცვლებით მისაღები ფართობი 1.3 კოეფიციენტით განსაზღვრეს, რეგისტრირებული სხვენის ფართობი 0.7- ით, ხოლო რეგისტრირებული სარდაფი 0,5- ით.

საბოლოოდ, კომპანიამ ბინების მესაკუთრეებს ჯამში 6500 კვ.მეტრი  ფართობი უნდა გადასცეს ბინების სახით. შენობის საერთო ფართობი კი 23 250 კვ.მეტრი იქნება.

2022 წლის ბოლოს მომზადებული გათვლების მიხედვით, კომპანიამ 1 კვ.მეტრის ღირებულებად 600 დოლარი, საერთო ღირებულებად კი 13 მილიონ 950 000 დოლარი მიუთითა.

პროექტის მიხედვით, შენობაში კომერციული ფართობი 647 კვ.მეტრია, 1.კვ მეტრის ღირებულებად 800 დოლარი მიუთითეს.

დოკუმენტების მიხედვით, 37-სართულიანი კომპლექსისთვის 71 ადგილიან პარკინგს მოაწყობენ. 

კომპანიის მიერ წარდგენილი გათვლის მიხედვით, სხვაობა შემოსავალსა და ხარჯს შორის, 6 მილიონ 780 000 ლარია, მოგება გადასახადების გადახდის შემდეგ კი 4 მილიონ 489 443 ლარი.

პროექტის შეთანხმების მოთხოვნით, მერიას შპს „ბათუმი გარდენ ქიი“მ მიმართა. კომპანიამ მერიას „ალფა არქიტექტურას“ მიერ შესრულებული პროექტი წარუდგინა.

შპს „ბათუმი გარდენ ქიის“ დირექტორი მამუკა შუბალიძეა. ის კომპანიის 49 პროცენტს ფლობს, 51 პროცენტი კი უკრაინის მოქალაქეს, იევჰენიი ლისიცინს ეკუთვნის.

ავარიული სახლების ნუსხაშია ასვე აბუსერიძის #19 და #27.

ამ ეტაპზე ჩანაცვლების პროექტის მერიასთან შეთანხმების პროცესი დაწყებულია აბუსერიძის #19-ში.  აქ შპს „სქაილაინ გრუპი“ 40-სართულიანი მრავალბინიანი სახლის შეთანხმებას ითხოვს, სადაც 4 სართული კომერციული დანიშნულების იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: