რუსული გემის საპროტესტო აქციებზე ბათუმში დაკავებულებს შორის ბექა გრიგორიადისი ყველაზე მეტი – 3500 ლარით დააჯარიმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.
„პრობლემებს მიქმნიან ფინანსურად, რომ მაქსიმალურად შემბოჭონ. მაშინებენ… წერონ ჯარიმები და იკითხონ“ – ამბობს ბექა გრიგორიადისი. მისი თქმით, ის აქამდეც დააჯარიმეს 800 და 1000 ლარით, ახლა კი – 3 500 ლარით.
„მას [მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს] დაჭერილი ჰყავს შვილი ყაჩაღობაზე და ასრულებს მთავრობის ყველა ბინძურ დავალებას“, – აცხადებს ბექა გრიგორიადისი.
ბექა გრიგორიადისს, ისე როგორც სხვა დაკავებულებს,ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.
ბექა გრიგორიადისს აქციაზე ყოფნის დროს პირი ჰქონდა ამოკერილი და შიმშილობდა. ის აცხადებს, რომ უკვე 52-ე დღეა სველ შიმშილობაზეა.
დაკავებას, წინასწარი დაკავების იზოლატორში განთავსებასა და ეტაპირებას ბექა გრიგორიადისი აფასებს როგორც წამებას:
„ჩემი ეტაპირება მოახდინეს დღის 2 საათიდან საღამოს 8 საათამდე. წამომიყვანეს სამტრედიიდან და გადავიდნენ სენაკში, სხვა დაკავებულებიც რომ წამოეყვანათ. ერთი პატარა „მარშრუტკით“ გვატარებდნენ. ხუთ საათამდე მოვუნდით გზას, ამის გამო ძალიან მტკიოდა თავი, მაგრამ სასწრაფოს არ გამოუძახეს დროულად.
მერე სასამართლოსთან საათ-ნახევარი ვიყავი დაბლა, ამდენ ადამიანში ყველაზე ბოლოს მე ამიყვანეს – სპეციალურად წელავდნენ, რომ ვეწამებინე. იცოდნენ, რომ თავი მტკიოდა.
შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ ჩემი ნივთები გადმოეცათ სასამართლოში, არა – წამიყვანეს სამმართველოში. კიდევ დრო გამიწელეს. მათ იცოდნენ, რომ მე ვიდრე დაკავებული ვიყავი, წყალს არ მივიღებდი.
როდესაც გამომიშვეს, მხოლოდ მაშინ დავლიე წყალი და ყავა“.
31 ივლისს რუსული გემის წინააღმდეგ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 23 პირი დააკავეს. ყველა მათგანის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.
„ბათუმელებისთვის“ ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საქმის წარმოება მოსამართლემ მხოლოდ 1 პირის მიმართ შეწყვიტა, ერთი პირის მიმართ კი გადადო. სხვა დაკავებულები – 16 პირი ალექსანდრე გოგუაძემ 2000 ლარით დააჯარიმა, ერთი პირი კი 2500 ლარით.
____________________
7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა, რომელიც შვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქციას მართავდა, პირი და თვალი 20 ივლისს ამოიკერა.
ბექა გრიგორიადისი ლაზარეს გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავს. მან 3 მაისს პარლამენტის უკანა შესასვლელთან კარვის გაშლაც შეძლო. მანამდე, ლაზარე გირგორიადისის მამას ამის საშუალებას პოლიციელები არ აძლევდნენ. კარვის გაშლის ერთ-ერთი მცდელობისას ის დააკავეს, სასამართლომ კი 2 000 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა.