მთავარი,სიახლეები

„ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ“ – დავით ჯელაძე კობახიძის განცხადებაზე

14.08.2023
„ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ“ – დავით ჯელაძე კობახიძის განცხადებაზე

„ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ“ – ასე შეაფასა შოვის სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ „გადასამოწმებელია“ ღვარცოფში მოყოლილი დავით ჯელაძის ბავშვით გადასვლა ერთი ნაპირიდან მეორეზე.

„ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, თუ არ დამირეკავდა – ეს როგორ შეძელიო, მაგ დღით ვიღვიძებდი. დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა… თურმე, რაც მოვყევი და გადამხდა თავს, ყველაფერი ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე…

ახლაც როგორ ვსაუბრობ, არ ვიცი. ძალიან განერვიულებული ვარ. ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ.

…ეს ჩემი თვალებით ვნახე. სტიქია ისე სწრაფად ვითარდებოდა, ექვსი ადამიანი დავინახე ჩემ თვალწინ როგორ დაიღუპნენ და ის, რომ ერთი ნაპირიდან მეორეზე როგორ შეძლო ამ ადამიანმა გადასვლა ბავშვით, ეს წარმოუდგენლად მიმაჩნიაო… მართლა წარმოუდგენელია, ეს როგორ შევძელით მე და მაშომ.

იმ ადგილას გაჩერება შეუძლებელი იყო, ისეთი ლაფი იყო და სუსტი მასა მიწის, რომ ერთ ადგილზე რომ გაჩერებულიყავი, იძირებოდი და დაიხრჩობოდი წამიერად. იმის შიშით გადავდიოდი, რომ მეწყერი არ მოგვწეოდა ზემოდან.

ყოველდღე იმის იმედით ვიღვიძებდი, როგორმე დამევიწყებინა 3 აგვისტო.

მე რომ მეწყერზე გადავდიოდი, რომელიც არ სჯერა ირაკლი კობახიძეს, ქვემოდან ისმოდა ვიღაც ადამიანის ხმა, ვერ გავიგე საიდან მოდიოდა ხმა, ის ადამიანი იყო მიწაში ჩამარხული და ითხოვდა შველას და ვერავინ ვერ ვეხმარებოდით იქ, იმიტომ, რომ ყველა მეწყერში ვიყავით ჩაფლული.

…ეს მეწყერი არ უნდა მომხდარიყო. მეწყერი წამოვიდა ზუსტად კოტეჯების თავზე, ეს ადგილი მაინც უნდა ყოფილიყო შეფასებული, მითუმეტეს იმ დროს, როცა ადამიანები ისვენებდნენ… აგვისტოა შოვის სეზონი, როცა ყველაზე მეტი ადამიანი ჩადის შოვში.

ვერ ვხვდები, ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს, ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა?! არ ვიცი…“, – თქვა დავით ჯელაძემ „ფორმულას“ ეთერში.

დღეს, შოვის სტიქიიდან მე-12 დღეს, „ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ  ეჭვი შეიტანა, როგორ და რატომ შეძლო სტიქიაში მოყოლილმა დავით ჯელაძემ ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.

„რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცი, რადგან უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხა [გადარჩენა]… მეორე დღეს ვიყავით მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია“, – ასე უპასუხა კობახიძემ დავით ჯელაძის შესახებ დასმულ შეკითხვას.

შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9 დაკარგულის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
მთავარ ფოტოზე: სტიქია შოვში. ლანა ჯელაძის ფოტო 

ამავე თემაზე: 

„სპეკულაციები“, „ტყუილი“, „გადასამოწმებელია“ – კობახიძე შოვის სტიქიაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: