მთავარი,სიახლეები

ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის 37 მილიონია გამოყოფილი – ტენდერი

11.08.2023 • 1462
ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის 37 მილიონია გამოყოფილი – ტენდერი

ქობულეთში, 9 აპრილის N28-ში სპორტული კომპლექსი უნდა ააშენონ. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე 37,4 მილიონი ლარით ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, სპორტული კომპლექსი სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის სასწავლო-საწვრთნელი სივრცე იქნება.

საპროექტო ტერიტორია ორი ნაკვეთისგან შედგება და ჯამში 28 427 ჰექტარია. ტერიტორია ოთხი მხრიდან ქუჩით და ნაწილობრივ კერძო ნაკვეთებით არის შემოსაზღვრული; მასზე არსებობს მრავალწლიანი ხე-მცენარეები, როგორც ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანი. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია რამდენიმე მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა – ავტომობილების სამრეცხაო, რომლებიც დემონტაჟს ექვემდებარება.

სპორტული კომპლექსის შემადგენლობაში გათვალისწინებულია შემდეგი შენობა-ნაგებობები:

ტერიტორიის თითქმის ნახევარი, 10 200 კვადრატული მეტრი დაეთმობა სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსდება 2 საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, სპორტული მოედანი ტრენაჟორებით, მცირე ზომის სკეიტპარკი ბავშვებისთვის, საჩრდილობლები პასიური დასვენების ზონაში, ასევე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საპიკნიკე ადგილები, სასმელი წყლის შადრევნები, სკამები, ურნები, სამი მცირე ზომის ფილა შემდგომში სავაჭრო ჯიხურის განსათავსებლად [სანაყინე].

სამ ადგილზე მოეწყობა ღია ავტოსადგომები სულ 57 ავტომობილის და 3 ავტობუსისთვის. „ვინაიდან რეგიონი გამოირჩევა უხვი ნალექებით, გრუნტის წყლების სიჭარბით, არ აღმოჩნდა რეკომენდებული მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა, მისი მოვლის და შემდგომი ექსპლოატაციის სირთულის გამო. ვინაიდან ავტოსადგომების ეს რაოდენობა არ არის საკმარისი, სასურველია, როგორც შოთა რუსთაველის, ასევე 9 აპრილის ქუჩის მხრიდან საპროექტო ტერიტორიის გასწვრივ საავტომობილო გზის ფარგლებში მოეწყოს პარკირების ერთი ზოლი“, – აღნიშნულია პროექტში.

სპორტული კომპლექსის მთავარ შენობას უჭირავს ტერიტორიის შუა ნაწილი. ის ორი ცალკე მდგომი ნაგებობისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს გადასასვლელი ხიდით უკავშირდება. შენობის ასეთი ფორმა განსაზღვრა ტერიტორიაზე არსებულმა მრავალწლიანმა ნარგავებმა, შენობას მთელ სიგრძეზე მიუყვება არსებული ხეების ხეივანი.

მთავარი შენობა შედგება პირობითად რამდენიმე ბლოკისგან:

  • A ბლოკი ერთსართულიანია და მოიცავს დამხმარე სივრცეებს [გასახდელები, საშხაპეები,სანკვანძები].
  • B ბლოკი ასევე ერთსართულიანია და მოიცავს მულტიფუნქციურ მინი მოედანს, სამაყურებლო ტრიბუნებით 542 მაყურებელზე.
  • C ბლოკი სამსართულიანია, მასში განთავსდება ცენტრალური ფოიე, კაფე-ბარი, სატრენაჟორო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი, მასაჟის ოთახები, საუნა, სასტუმრო ნომრები სპორტსმენებისთვის, ინვენტარის საწყობები, ტექნიკური სათავსოები, ოთახები პერსონალისთვის.
  • D და E ბლოკი მოიცავს 2 სავარჯიშო დარბაზს სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის. დარბაზები აღჭურვილია ყველა საჭირო სათავსით მისი გამართული ფუნქციონირებისათვის. ესენია გასახდელი საშხაპეებითა და სანკვანძებით, მწვრთნელების ოთახები, საწყობები ინვენტარისთვის, მოსასვენებელი სარეკრეაციო სივრცეები.

რენდერი პროექტიდან

ტერიტორიაზე ასევე განთავსდება სამსართულიანი მრავალფუნქციური ადმინისტრაციული შენობა. პირველ სართულზე – საზოგადოებრივი საპირფარეშო, გასახდელები საშხაპითა და სანკვანძით სპორტსმენთათვის, მედ-პუნქტი, ოთახი მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის.

პირველი სართულის ეს სივრცეები ემსახურება ღია სპორტულ მოედნებს. მეორე სართულზე იქნება სასადილო სივრცე კოტეჯებში დაბინავებული სპორტსმენი ბავშვებისთვის. მესამე სართულის ერთი ნაწილი უჭირავს ოფისებს, სადაც განთავსებულია ღია სპორტული მოედნების და კოტეჯების ადმინისტრაცია, ხოლო მეორე ნაწილი არის გადახურული ვერანდა.

მოეწყობა ღია ქვიშისსაფარიანი მოედანი, რომლის სამაყურებლო ტრიბუნები იტევს 524 მაყურებელს.

ასევე იქნება კიდევ ერთი ღია ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედანი – ბავშვთა გუნდების საწვრთნელად. მოედანს ესაზღვრება ერთსართულიანი გასახდელის შენობა, რომელიც მოემსახურება ყოველდღიური ვარჯიშების დროს.

ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმროს ტიპის ორსართულიანი 8 კოტეჯი, რომლებიც შემოისაზღვრება ღობით. დაცული ტერიტორია განკუთვნილია სპორტსმენი ბავშვებისათვის, რომლებიც გაივლიან წვრთნას ღია ხელოვნურსაფარიან და ქვიშის ფეხბურთის მოედნებზე. ყველა სართულზე განთავსებულია ოთხადგილიანი ორი სასტუმრო ნომერი, სულ 32 ოთახი 128 სპორტსმენი ბავშვისთვის.

ტერიტორია კეთილმოეწყობა საფეხმავლო ბილიკებით და სარეკრეაციო სივრცეებით, განთავსდება მცირე ზომის საცურაო აუზიც.

შენობების შესასვლელებთან მოეწყობა კიბეები და პანდუსები. შენობები სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

რენდერი პროექტიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 7 სექტემბერს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 37 451 710 ლარია, შეთავაზებული ფასის კლების ბიჯი კი 500 ათასი ლარი.

პირობის მიხედვით, „სამშენებლო სამუშაოების განხორციელების სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვე. ამასთან ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები“.

მთავარი მოთხოვნა: „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს [შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს] 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 40 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები, გარდა ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობისა“.

ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აჭარის მთავრობამ 2021 წლის სექტემბერში დააანონსა. თუმცა, იმავე წლის მაისში აჭარის პროექტების მართვის კომპანია ტენდერის გამოსაცხადებლად ბაზარს იკვლევდა.

ამ თემაზე:

ქობულეთში სპორტული კომპლექსის აშენება იგეგმება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: