თუ ინტერნეტბანკინგში თქვენი საპენსიო დანაზოგის ცვლილებას დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ საპენსიო დანაზოგი თვის განმავლობაში ზრდის ნაცვლად მცირდება.
„ბათუმელები“ 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდა ერთი პირის საპენსიო დანაზოგის ცვლილებას.
28 ივნისი იყო პირველი დღე, როცა დაკვირვება დავიწყეთ. 7 დღეში, 5 ივლისს, დანაზოგი 11 ლარით შემცირდა, ხოლო მომდევნო ორ დღეში კიდევ 13 ლარით. 28 ივნისიდან 7 ივლისამდე პერიოდში საპენსიო დანაზოგი ჯამში 24 ლარით შემცირდა.
რა იწვევს საპენსიო დანაზოგის ცვალებადობას და რამდენადაა ის დაცული? – ამ კითხვით საპენსიო სააგენტოს მივმართეთ. „ბათუმელების” კითხვებს საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ უპასუხა.
გოგა მელიქიძე: დანაზოგი შედგება ორი ნაწილისგან – კონტრიბუციები, რაც გროვდება და საინვესტიციო მოგება. ჩვენ ინვესტირებას ვახდენთ გლობალურ ფასიან ქაღალდებში, სხვადასხვა ობლიგაციებში, დეპოზიტებში, სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებში, სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში. ეს ფინანსური ინსტრუმენტები ვაჭრობენ ადგილობრივ თუ გლობალურ ბაზრებზე. გლობალური ბაზრები ფასში იზრდებიან და მცირდებიან.
შესაბამისად, ჩვენი საინვესტიციო პორტფელი იზრდება და მცირდება. ახლა არის მოკლევადიანი ცვალებადობა. წლის დასაწყისიდან დღემდე გლობალური აქციების ფასები დაბლაა ჩამოსული. აქტივების ფასი შემცირებულია, რადგან მსოფლიოში არის მაღალი ინფლაცია და ეს აწვება ყველა აქტივს. ეს არის დროებითი მოვლენა.
აქციებში ინვესტირება გვაძლევს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მაღალ მომგებიანობას. მნიშვნელოვნად იზრდება ფასში. ამიტომ ვყიდულობთ აქციებს, რომ ეს აქციები მოიტანს ზრდას. იმაზე მეტს, ვიდრე მოიტანდა დეპოზიტი ან რომელიღაცა ადგილობრივი ობლიგაცია.
საპენსიო სქემის მონაწილეებს [საკუთარ დანაზოგზე] თუ უჩანთ შემცირება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანხა დაკარგეს. ჩამოეჭრათ ან რაღაცა მსგავსი. ეს არის დროებითი შემცირება, რაც გლობალურ ბაზრებს ახასიათებს.
ეს ხომ გრძელვადიანი დანაზოგია, ჩვენ ხომ ამას ახლა არ ვიყენებთ. ჩვენ არ ვართ ერთი კვირის ან ერთი თვის ინვესტორები, ჩვენ, როგორც საპენსიო ფონდი, ვართ გრძელვადიანი ინვესტორები. შესაბამისად, მოკლევადიანი რყევები საგანგაშო არ არის. მთავარია, გრძელვადიანად იმაზე მეტი სარგებელი და ამონაგები ვნახოთ, ვიდრე ინფლაციაა.
მეც, ჩემს საპენსიო დანაზოგზე, მიჩანს შემცირება. ეს არ არის საგანგაშო. აქციები ყოველდღე იცვლება. შესაბამისად, საპენსიო სქემის მონაწილეს ყოველდღე უმცირდება ან ეზრდება დანაზოგი. გრძელვადიან პერიოდში ეს მოიტანს მაღალ ზრდას.
ეს არის განვითარებული ეკონომიკების აქციები – ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჰოლანდიის და ა.შ. სადღაც 24 განვითარებული ეკონომიკის აქციები გვაქვს ნაყიდი.
11 სექტორი, 1500 აქცია, აქ შედის ისეთი კომპანიები, როგორიცაა „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, „ამაზონი“ და სხვა დიდი კომპანიები.
მოკლევადიანი რყევები გარდაუვალია: დღეს რომ ეს აქცია ღირდა პირობითად 10 დოლარი, ხვალ და ზეგ ეღირება 17 დოლარი. გზაში შეიძლება ავიდე ჩამოვიდეს, რადგან ფინანსური ბაზარი ასე მუშაობს. არავის არაფერი არ დაუკარგია და არც დაკარგავს.
- საპენსიო პროგრამაში ძირითადად ჩართულია მილენიალების თაობა, რადგან მათ არჩევანის უფლება არ ჰქონიათ და ახლა უკვე GEN-Z-იც. ყველაზე უფროსი მილენიალი ახლა 41 წლისაა. ქალ მილენიალს 19 წელი სჭირდება პენსიამდე, კაცს 24 წელი. არსებობს რაციონალური შიში, რომ როცა საპენსიო ასაკი მოვა, დაგროვებითი პენსიით გადანახული ფული გაუფასურებული იქნება. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის საპირწონედ?
კი, არის მსგავსი კითხვები – „მე რომ დღეს პირობითად სამასი ლარი მაქვს, ეს რამდენად მსყიდველუნარიანობას შეინარჩუნებს 10-15 წლის შემდეგ, როცა პენსიაზე გასვლა მომიწევს“.
ჩვენი ამოცანა სწორედაც ეგ არის. მთავარი საინვესტიციო მიზანი არის ის, რომ ინფლაციაზე მეტი მომგებიანობა მოიტანოს მონაწილეებისთვის.
გრძელვადიან პერიოდში ამ 300 ლარს დავარიცხოთ იმაზე მეტი მოგება, ვიდრე ინფლაციაა. ანუ გავზარდოთ მსყიდველუნარიანობა.
იმისათვის, რომ ეს გავაკეთოთ, აუცილებელია აქციების ყიდვა. ფიქსირებული შემოსავალი, დეპოზიტზე რაც არის, ამ შემოსავალს ვერ მოიტანს. აქციები კი მერყეობს ფასში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აქვს აღმავალი ტრენდი. ის აუცილებლად მოიტანს მნიშვნელოვან სარგებელს.
საპენსიოს შენატანების გაცემამდე დარჩენილია 20-25 წელი. დაახლოებით 14-15 წელში იწყება აქტიური გაცემა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ გრძელვადიანი ინვესტიციები. 14 წლიანი საინვესტიციო ჰორიზონტი გვაქვს. იმიტომ, რომ მერე იწყება აქტივიზაცია. ამიტომ უნდა გავთვალოთ ყველა ინვესტიცია გრძელვადიან პერსპექტივაზე. თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში მას შეიძლება ჰქონდეს რხევები.
იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტი, მაგიტომ ვრისკავთ აქციებს. თორემ ჩვენი [საპენსიო სქემის მონაწილეების] საშუალო ასაკი რომ იყოს 62-63 წელი და უწევდეთ პენსიაში გასვლა მოკლე პერიოდში, მაშინ აქციებს არ ვიყიდდით.
აქციების რისკს არ ავიღებდით. რადგან გრძელვადიანია, მონაწილეებს რომ უფრო მაღალი მოგება მოვუტანოთ, ინფლაციაზე ბევრად უფრო მაღალი, ამიტომ გვინდა ასეთი აქტივის კლასები, შეიძლება მეტი რისკია, მაგრამ მეტი მოგებაა.
- 27 ივნისს უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, თუკი საქართველოში მაღალი ინფლაცია შენარჩუნდა, მომდევნო თვეებში საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები შესაძლოა ნულს გაუტოლდეს ან წაგებაზე გავიდესო – ეს რას ნიშნავს?
რამდენად ვჯობნით ინფლაციას – ეს ჩვენი მთავარი საინვესტიციო საზომია. მსოფლიოში დღეს, რეგიონის კრიზისიდან გამომდინარე, გვაქვს ისტორიულად მაღალი ინფლაცია.
მაგალითად, თურქეთში 72 % -იანი ინფლაციაა, საქართველოში პიკური ინფლაცია არაა, მაგრამ მაისის თვეში იყო 13,3%. 12,7%-ია ივნისში, კლება გვაქვს. ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაცია მესამე კვარტლის ბოლოსკენ, სექტემბერში კლებას გვაჩვენებს და მეოთხე კვარტალში კიდევ უფრო დაიკლებს. შეიძლება ძალიან არ შემცირდეს, მაგრამ ერთ ნიშნულზე ჩამოიწევს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომგებიანობაა რეალური ამონაგები. უხეშად რომ ავხსნა, ნომინალური ამონაგები გულისხმობს – ნომინალურ ამონაგებს გამოკლებული ინფლაცია.
ეს განსხვავება, ამონაგებსა და ინფლაციას შორის, არის რეალური ამონაგები. თუ ინფლაცია მაღალია, ამონაგები მცირდება. ჩვენი მოლოდინი და ტაქტიკა სწორედ მაგაზეა გათვლილი. მაქსიმალურად მაღალი მომგებიანობა მოვიტანოთ.
ეს რომ გავაკეთოთ, ამიტომ ვყიდულობთ ამ აქციებს. ამიტომაა ცვალებადობა ფასში, რადგან აქციები არის ყველაზე კარგი მზღვეველი, ინფლაციის საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.
ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად დავძლიოთ ინფლაცია.
ჩვენი საინვესტიციო ჰორიზონტი საკმაოდ ხანგრძლივია, ჩვენ ვუყურებთ, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში დავამარცხოთ ინფლაცია. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ინფლაცია დაბლა წამოვა და ერთი ნიშნისკენ ჩავა ყველა ვარიანტში. ჩვენი ინვესტიციები კი აქციების ზრდას აჩვენებენ. შესაბამისად, აი, ეგ განსხვავება, ამონაგებსა და ინფლაციას შორის, მაქსიმალურად გაფართოვდება.
საკმაოდ კარგი, რეალური ამონაგები გვექნება. სხვათა შორის, დღესაც ვინარჩუნებთ რეალურ ამონაგებს, სადღაც 2 %-იანი ამონაგები გვაქვს. მაგრამ წლის ბოლოსკენ შეიძლება ეს იყოს 6-8%.
მომავალ წელში კიდევ უფრო მეტი – აქციებში განხორციელებული ინვესტირება, კიდევ უფრო მეტ ზრდას აჩვენებს.
- ინფლაციური რისკების დაზღვევის მექანიზმი თუ არსებობს და თუ გამოიყენეთ?
ინფლაციური რისკების დაზღვევის მექანიზმი არის სამი. სამივე ჩვენი ტაქტიკის ნაწილია. პირველი – აქციებში ყიდვა არის საუკეთესო დაზღვევა, რადგან ინფლაციას ყველაზე კარგად რაც იჭერს არის კომპანიების აქციები. სწორედ ამიტომ ვიყიდეთ ეს აქციები. იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში მივიღოთ ამონაგები.
მეორე – პორტფელის 17% მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე. ეს იმას ნიშნავს, რომ რეფინანსირება ქვეყანაში კარგად კითხულობს ინფლაციას. ქვეყანაში სხვა ინსტრუმენტი არ არის. თუ მაღალია ინფლაცია და ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ რეფინანსირება გაზარდოს, ეს ნიშნავს, რომ ყველაზე სწორად დაჰყვება ინფლაციას.
შესაბამისად, 17% იმიტომაა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული, რომ თუ ინფლაციური ფონი კიდევ უფრო ზევით წავიდა და რეფინანსირება არ წაიკითხა, ჩვენ აი ამ პორტფელის მომგებიანობა გაგვეზრდება, ანუ გავყვებით ინფლაციას.
მესამე – მაღალი ინფლაცია ასევე ზრდის ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ახლა თუ არის მომენტუმი, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, ვიყიდოთ ეს ფიქსირებული მაღალი საპროცენტო განაკვეთი. როცა ინფლაცია დაბლა წამოვა, საპენსიო სქემის მონაწილეებს ექნებათ შეძენილი მაღალი საპროცენტო განაკვეთი.
შესაბამისად, მათი რეალური ამონაგები, მსყიდველუნარიანობა მაქსიმალურად იქნება გაზრდილი.
საპენსიო სააგენტომ 8 ივლისს გამოაქვეყნა თვიური ანგარიში. ამ ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 8 ივლისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.39 მილიარდი ლარია. ამონაგები ამავე პერიოდზე 329 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში ჩართულია 1 მილიონ 292 ათასი ადამიანი. 8 ივლისის მდგომარეობით, პენსია 2053 პირზეა გაცემული. გაცემულმა თანხამ 4 327 858 ლარი შეადგინა.
2022 წლის ივნისის საინვესტიციო სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით 35.61%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 0,77% შეადგინა.