მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში მიმდინარე მშენებლობის შესახებ ხელვაჩაურის მერიას განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. მერიაში პასუხი არც მას შემდეგ გაგვცეს, რაც ამ ამბის მედიაში გაშუქებას საზოგადოების კრიტიკა და კითხვები მოჰყვა.
მერია არც საკრებულოს ოპოზიციის განცხადებას გამოხმაურებია. თანამდებობის პირებმა თავი არც მაკონტროლებელ ორგანოში, საკრებულოში შეიწუხეს.
ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც მდინარის კალაპოტში მშენებლობაა ხელვაჩაურის მერიამ და საკრებულომ დუმილი არჩია.
„თავს შევიკავებთ ამ ეტაპზე პასუხისგან“, – თქვეს მერიის პრესსამსახურში რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, ოთხშაბათს, 9 აგვისტოს.
გვაინტერესებდა გაცემული ჰქონდა თუ არა მერიას კალაპოტში მშენებლობის ნებართვა, რაზე დაყრდნობით იყო ნებართვა გაცემული, არსებობდა თუ არა საქმის წარმოების მასალებში გეოლოგიური დასკვნა და ვინ აწერდა ამ დასკვნას ხელს.
პასუხი არ გაგვცეს.
ცხადია, ამ ინფორმაციის დამალვის გადაწყვეტილებას პრესსამსახური ვერ მიიღებდა. გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, მერმა მიიღო, ამიტომაც შემდეგ ჯერზე პირადად მერს დავურეკეთ.
ზაზა დიასამიძე „მოუცლელობის გამო“ მოკლე პასუხით შემოიფარგლა – „პირველი კლასის მშენებლობააო“. გვითხრა, დრო ახლაც არ მაქვს, მაგრამ „რომ არ მეპასუხა, უკვე უხერხული იქნებოდაო.“
უხერხულია ისიც, როცა საზოგადოებას მდინარის კალაპოტში მშენებლობაზე კითხვები უჩნდება და მერი თავს უფლებას აძლევს არ ახსნას, რა ხდება და რატომ, ყველაფერი კანონიერი და უსაფრთხოც რომ იყოს.
თვითმმართველობის კოდექსი პირდაპირ ავალებს მერს და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებს, ღიად და საჯაროდ გააცნოს ამომრჩეველს გადაწყვეტილებები, რომელსაც მათი სახელით, მათ მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე იღებს, თუნდაც ეს გადაწყვეტილება მისი წინამორბედის მიერ იყოს მიღებული. მერი, როგორც სამართალმემკვიდრე, ვალდებულია აგვიხსნას, რაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება მისმა წინამორბედმა და რას გეგმავს თავად.
მერი ასე არ მოიქცა: „თავს შევიკავებთო“.
კოდექსის მიხედვით, მერს უფლება არ აქვს „თავი შეიკავოს“ ინფორმაციის გაცემისგან.
საჯაროობას სამშენებლო კოდექსიც ითხოვს, როცა საქმე ეხება 12 947 კვ. მეტრის განაშენიანებას, იმ შემთხვევაში თუ ნებართვა ცალ-ცალკე თითოეული კოტეჯის მშენებლობაზე არ არის გაცემული და ინვესტორმა ამ ფართობის განაშენიანების ერთიანი პროექტით მიმართა მერიის შესაბამის სამსახურს.
ქონების ეროვნულმა სააგენტომ სწორედ 12 947 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი გაყიდა ორთაბათუმში, ყოროლისწყლის კალაპოტთან 2021 წელს. ერთი ბიჯით და 648 000 ლარად.
მიწის გაყიდვის შემდეგ ნაკვეთი რამდენიმე მცირე ზომის საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირეს. სავარაუდოა, თითოეული კოტეჯის პროექტიც ცალ-ცალკე შეითანხმეს. ამიტომაც ამბობს ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე, რომ საქმე გვაქვს პირველი კლასის მშენებლობასთან.
ასე აირიდეს არამხოლოდ პროექტის საჯაროდ განხილვის ვალდებულება, არამედ ბევრი სხვა სირთულეც, რომელსაც 12 947 კვ მეტრის განაშენიანების შემთხვევაში კანონი ითხოვს.
პირველი კლასის ობიექტის შეთანხმება კი გაცილებით მარტივია.
- რა გვითხრა ხელვაჩაურის მერმა
ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის განმარტებით, არქიტექტურის სამსახური ნებისმიერ პროექტზე ნებართვას შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე გასცემს:
„ეს პირველი კლასის ობიექტია და შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე გაიცემა. თუ რამე გადაცდომა იქნება… დარწმუნებული ვარ არ არის. თუმცა, თუ რამე ისეთი იქნება, რომ მისახედია ჩვენი მხრიდან, ზედამხედველობის სამსახურიდან, როგორც ყოველთვის, მუნიციპალიტეტი მოიქცევა შესაბამისად კანონის ფარგლებში. თუმცა დოკუმენტბრუნვა და ნებართვების გაცემა ხდება შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით.
სხვა ვერანაირად ვერ გაიცემოდა, თუ არ არსებობს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი და ეს პირველი კლასის შენობებს განეკუთვნება. ეს კერძო საკუთრებაშია. ბოდიშს ვიხდი შეხვედრაზე ვარ“.
მეტი კითხვა მერს ვერ დავუსვით, დეტალები ვერ დავაზუსტეთ, თუმცა ზაზა დიასამიძის ნათქვამიდან გავიგეთ, რომ ნებართვა ნამდვილად გაცემულია და კოტეჯები უკანონოდ არ შენდება.
მისივე ნათქვამის მიხედვით, არ დადასტურდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ რამდენიმე კოტეჯზე იყო ნებართვა გაცემული და მათი რაოდენობა 50-მდე უკანონოდ გაზარდეს. მერი დარწმუნებულია, რომ „გადაცდომა არ არის.“
ცალკე სამსჯელოა გაითვალისწინეს თუ არა „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრული აკრძალვები ნებართვის გაცემისას. თუმცა, როგორ გაითვალისწინებდნენ, როცა კანონი კალაპოტზე საერთოდ არ უშვებს ისეთი სახის მშენებლობას, რაც ყოროლისწყლის კალაპოტზე მიმდინარეობს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ადგილობრივებს კარგად ახსოვთ, მდინარის ადიდებისას როგორ ფარავს წყალი ტერიტორიას, სადაც ახლა კოტეჯებს აშენებენ.
ამ წესების დაცვის აუცილებლობაზე მიწის ნაკვეთის გამყიდველმა, ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღწერილობის ნაწილში მიუთითა. თუმცა, წესების დაცვა, პირველ რიგში, სახელმწიფო უწყების, ნებართვის გამცემის, ვალდებულებაა.