მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის დაავადებებზე – ექიმის რჩევები

11.08.2023 • 5862
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის დაავადებებზე – ექიმის რჩევები

გულის ყველა დაავადებას მკაფიოდ გამოხატული გამაფრთხილებელი ნიშნები არ ახასიათებს და ყოველთვის იოლად ამოსაცნობი არც არის, რეალურად რა შეიძლება გვაწუხებდეს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი მარიამ გველესიანი სწორედ იმ ნიშნებზე საუბრობს, რაც, შესაძლოა, შეცდომით სხვა პათოლოგია გვეგონოს, მაგრამ რეალურად გულის დაავადებას უკავშირდებოდეს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია ექიმთან გადაამოწმოთ“ – ამბობს მარიამ გველესიანი. ეს ნიშნები განსაკუთრებით საყურადღებოა რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის.

რისკ-ჯგუფს წარმოადგენს +60 წელზე უფროსი ასაკი, ჭარბი წონა, დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინის მაჩვენებელი ან მაღალი წნევა.

  • ქალბატონო მარიამ, როგორია გულის პათოლოგიის სიმპტომები?

ეს შეიძლება იყოს ტკივილის, მოჭერის, წვის შეგრძნება გულმკერდის არეში, რაც საკმაოდ საყურადღებო ნიშანია და შეიძლება გამოწვეული იყო როგორც გულის პათოლოგიიდან, ასევე, სხვა მრავალი დაავადებიდან. 

გულისთვის დამახასიათებელია აღნიშნული სიმპტომების ლოკალიზაცია გულმკერდის შუა ნაწილში, მკერდის ძვლის უკან, რომელიც არ იცვლება მოძრაობის, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს; აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეიძლება [ტკივილი] გადაეცემოდეს მარცხენა მხარში, ბეჭში, ხელში, ქვედა ყბაში, კბილებშიც კი.

ჩივილები უმეტესად აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვის, ემოციური სტრესის ფონზე, შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთი და კუპირდეს [გაჩერდეს] მოსვენებულ მდგომარეობაში, თუმცა არის დაავადების ისეთი მიმდინარეობა, როდესაც აღნიშნული ჩივილები აღმოცენდება მოსვენებულ მდგომარეობაშიც.

ნებისმიერ შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი.

  • რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს ე.წ. ჩხვლეტა გულის არეში?

მსგავსი ჩივილით არაერთხელ მოუმართავთ ჩვენთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებს. გულის პათოლოგიას ტიპურად ჩხვლეტები არ ახასიათებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დაავადება მიმდინარეობს არატიპიურად [უმეტესად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში], სწორედ ამიტომ ხშირად რეკომენდებულია ისეთი დამატებითი კვლევების ჩატარება, როგორიცაა ელექტროკარდიოგრამა, გულის ულტრასონოგრაფია, სისხლის ანალიზი და ა.შ. 

  • კიდევ რა შეიძლება იყოს გულის დაავადებაზე მიმანიშნებელი სიმპტომი, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემის ნიშანი ჰგონიათ?

საკმაოდ საყურადღებოა ტკივილი ეპიგასტრიუმის, კუჭის არეში, რომელიც არ იცვლება პალპაციის, საკვების, წყლის მიღების დროს. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები წლების განმავლობაში მკურნალობენ კუჭზე და სინამდვილეში აქვთ გულის იშემიურ დაავადება. 

ან მაგალითად, აწუხებთ ტკივილი მხოლოდ მარცხენა ბეჭის არეში, მარცხენა ხელში, ზედა კიდურის ფალანგებში და ამ ყოველივეს უკავშირებენ ხერხემლის პრობლემებს, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლოა მიუთითებდეს გული იშემიური დაავადების არატიპიურ ნიშნებზე. 

განსაკუთრებულ რისკ -ჯგუფს მიეკუთვნებიან პაციენტები, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა მხრივ დატვირთული აქვს მემკვიდრეობა [ანუ ახლო ნათსავებში ანამნეზში აღინიშნება არტერიული ჰიპერტენზია, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, უეცარი კარდიული სიკვდილი], მოიხმარენ თამბაქოს, დიაგნოსტირებული აქვთ შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა, ჰიპერქოლესტერინემია, არტერიული ჰიპერტენზია. 

ასეთ დროს რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი და საჭიროებისამებრ – დამატებითი კვლევების ჩატარება. 

__________________________________________

ავსტრალიის ეროვნული გულის ასოციაცია წერს, რომ გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებსაც ადამიანი განიცდის გულის შეტევამდე, სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ასოციაცია იმ რამდენიმე ნაკლებად მკვეთრი და ნაკლებად გავრცელებული გამაფრთხილებელი ნიშნის შესახებ წერს, რომელიც ადამიანებმა შეიძლება განიცადონ გულის შეტევამდე:

1. თავბრუსხვევა, გაბრუება ან სისუსტის და გულის წასვლის შეგრძნება – თუ უეცრად გრძნობთ, რომ ფეხებზე მყარად ვეღარ დგახართ, ოთახი იწყებს ტრიალს, მხედველობა ქრება, შეიძლება სხეული ასე გაფრთხილებთ მოახლოებული გულის შეტევის შესახებ. დაუყოვნებლივ აცნობეთ ვინმეს, თუ გაქვთ ეს სიმპტომები.

2. გულისრევა, საჭმლის მონელების მოშლა ან ღებინება – დისპეფსია ანუ საჭმლის მონელების მოშლა, გულისრევა და ღებინება შეიძლება მრავალი დაავადების სიმპტომი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ დავტოვოთ უყურადღებოდ, რადგან ისინი შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში გულის შეტევის გამაფრთხილებელი ნიშანი.

საუკეთესო გზა იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, არის თუ არა ის, რასაც განიცდით კრიტიკული, არის სასწრაფო დახმარების ძებნა. სამედიცინო ტესტებს შეუძლიათ თქვენი სიმპტომების მიზეზის დადგენა და თუ ეს არის გულის შეტევა, რაც უფრო ადრე მიიღებთ დახმარებას, მით უკეთესი.

3. ქოშინი – ქოშინი შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა აქტივობამ, ექსტრემალურმა ტემპერატურამ ან დიდ სიმაღლეზე ყოფნამ. ეს ასევე შეიძლება იყოს მრავალი სხვა სამედიცინო მდგომარეობის საერთო სიმპტომი. თუმცა გულმკერდის არეში დაჭიმვა, სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი გულმკერდის დისკომფორტით ან მის გარეშე, ზოგჯერ შეიძლება იყოს გულის შეტევის გამაფრთხილებელი ნიშანი. თუ თქვენ გაქვთ ქოშინი, რომელიც არ არის თქვენთვის ნორმალური, უმჯობესია, სასწრაფოდ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

4. ოფლიანობა ან ცივი ოფლი – ანუ უეცარი შემცივნება, განურჩევლად გარემოს ტემპერატურისა, ასევე შეიძლება იყოს გულის შეტევის გამაფრთხილებელი ნიშანი.

5. გამაფრთხილებელი ნიშნების არ არსებობა – სავსებით შესაძლებელია განიცადოთ „ჩუმი გულის შეტევა“, რა დროსაც შესაძლოა საერთოდ არ გქონდეთ რაიმე სიმპტომი. ამ შემთხვევაში გულის შეტევა შეიძლება აღმოაჩინოთ შემთხვევით, ექიმთან ვიზიტისას.

შესაძლებელია ამ სიმპტომებიდან რამდენიმე ან მხოლოდ ერთი განიცადოთ. ისინი ჩვეულებრივ გრძელდება მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: