მთავარი,სიახლეები

„სპეკულაციები“, „ტყუილი“, „გადასამოწმებელია“ – კობახიძე შოვის სტიქიაზე

14.08.2023 • 1811
„სპეკულაციები“, „ტყუილი“, „გადასამოწმებელია“ – კობახიძე შოვის სტიქიაზე

დღეს, 14 აგვისტოს, მე-12 დღეს შოვის სტიქიიდან, რომელსაც 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 9 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „სპეკულაციები“ უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სტიქიის ეპიცენტრში ადამიანები თითქმის სამი საათის განმავლობაში დამოუკიდებლად და ადგილობრივების დახმარებით ცდილობდნენ გადარჩენას.

„იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია. უბრალოდ შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი.

ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, ამაზე მაქვს საუბარი. კიდეებში იყო ასევე სივრცე, სადაც ღვარცოფის ნარჩენი მასა იყო გადასული. იქ იყო 20 სანტიმეტრი სიმაღლის მიწა, ზოგან იყო 1 მეტრი და ა.შ […] რაც შეეხება თვითონ ღვარცოფული მასის თემას. რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს ადამიანმა ღვარცოფული მასის ქვეშ. აქ საუბარია წუთებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე ეჭვი შეიტანა, როგორ და რატომ შეძლო სტიქიაში მოყოლილმა დავით ჯელაძემ ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.

„რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცი, რადგან უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხა [გადარჩენა]… მეორე დღეს ვიყავით მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია“, – ასე უპასუხა კობახიძემ დავით ჯელაძის შესახებ დასმულ შეკითხვას.

„ვაიმე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი“ – ასე გამოეხმაურა შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს ფეისბუქზე.

დავით ჯელაძის ფოტო ფეისბუქზე სტიქიის დროს, იმავე დღეს გავრცელდა, როცა ღვარცოფში მოყოლილები დახმარებას რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდნენ.

მოგვიანებით დავით ჯელაძემ „ბათუმელებს“ უამბო, როგორ გადაურჩა სტიქიას.

რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეთერთმეტე დღეა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 24 დაღუპულის შესახებ, 9 ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.
___________________
მთავარ ფოტოზე: ფოტოკოლაჟი – შოვის სტიქია. ფოტო: „მთის ამბები“, ლანა ჯელაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: