გამოიყენებს მერია საბინაო ფონდს „იაფი სახლის“ პროგრამისთვის?

ხომ არ ვიფიქროთ „იაფი სახლის“ რაღაც ნაწილის საბინაო ფონდით ჩანაცვლებაზე? – ეს წინადადება ბათუმის საკრებულოს წევრმა ვაჟა დარჩიამ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გააჟღერა.

ამ სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი საბოლოოდ განიხილეს და შენიშვნებით დაუბრუნეს მერიას.

საკითხის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვაჟა დარჩიას უპასუხა, რომ მას, როგორც მერის სათათბირო საბჭოს წევრს აქვს ინფორმაცია, რომ საბინაო ფონდიდან ბინებს ავარიულ სახლში მცხოვრებ მოქალაქეებს სთავაზობენ.

საკრებულოს წევრებმა ოპოზიციიდან განაცხადეს, რომ ეს მათთვის სიახლეა და საბინაო ფონდის „ავარიული სახლების პროგრამისთვის“ გამოყენებაზე ამ დრომდე არაფერი იცოდნენ.

„ზედმეტი შენობები რომ არ ავაშენოთ და რესურსი არ დავხარჯოთ, ამისთვის საბინაო ფონდით დავაკმაყოფილოთ პროგრამის ბენეფიციარები“, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ სხდომაზე. ის არ ეთანხმება საბინაო ფონდის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამისთვის“ გამოყენებას და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში უმჯობესია რესურსი ძირითადად იმ ინვესტორებმა დახარჯონ, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამაში.

„ავარიული სახლების“ პროგრამას მერია ორი მიმართულებით ახორციელებს. ერთ შემთხვევაში პროგრამა ითვალისწინებს შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ავარიულ სახლებს აითვისებენ, ხოლო მეორე შემთხვევაში მერია საბიუჯეტო სახსრებით ითვისებს ისეთ სახლებს, სადაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მდგომარეობა საგანგაშოა და სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში აფინანსებს ახალი სახლით ჩანაცვლებას.

ინვესტორის მონაწილეობის შემთხვევაში, თუ მერია პროექტს კ2 კოეფიციენტს გაუზრდის, უფლება ექნება ნამატი ფართობის 10 პროცენტის საბინაო ფონდში დარეგისტრირება მოითხოვოს. ამ დრომდე საკრებულოში განხილული პროექტების მიხედვით, ასეთი ფართობი მომავალ წლებში მერიამ რამდენიმე კორპუსში უნდა მიიღოს.

თუმცა მერია ვერ აკონკრეტებს, ამ დროისთვის დამტკიცებული პროექტების მიხედვით, დაახლოებით რა ფართობს ელოდება საბინაო ფონდში კ2 კოეფიცენტის გაზრდის სანაცვლოდ მხოლოდ ავარიული სახლების პროგრამიდან. არც ის ვიცით, რამდენი ბინა აქვს მერიას საბინაო ფონდში.

ვაჟა დარჩია ამბობს, რომ ამ მოცემულობის გათვალისწინებით შესაძლებელია ფონდში არსებული სახლების „იაფი სახლის“ პროგრამისთვის გამოყენება. რას უპასუხებს მერია ამ შეთავაზებას, ჯერჯერობით არ ვიცით. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა სხდომაზე განმარტა, რომ მის კომპეტენციაში არ შედის ამ საკითხზე პასუხის გაცემა.

დღეს, 22 ნოემბერს, სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ მერია „იაფი სახლის“ პროგრამას არ წყვეტს და მის დაფინანსებას ბიუჯეტში მას შემდეგ ასახავს, როცა მშენებლობისთვის ადგილს მოიძიებს.

2024 წლის ბიუჯეტის ახალი კორექტირებული ვარიანტი მერიამ საკრებულოში 10 დეკემბრამდე უნდა შეიტანოს.

ბრალდებულებს პაემნებს ვეღარ შეუზღუდავენ – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

დღეს, 22 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე ნიკოლოზ აკოფოვის სარჩელი, რაც ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის და მიმოწერის უფლებით სარგებლობას ეხება.

დავის საგანი პატიმრობის კოდექსის ჩანაწერი იყო, რომლის მიხედვითაც, გამომძიებელს და პროკურორს უფლება აქვთ, პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემანი, მიმოწერა, ან სატელეფონო საუბარი შეეზღუდა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

მოსარჩელის მტკიცებით, ამ შემთხვევებზე პროკურორის უფლებამოსილება არ იყო შემოსაზღვრული ხელშესახები კრიტერიუმებით, „რაც წარმოშობდა გამომძიებლის/პროკურორის მხრიდან შეცდომის დაშვების ან დისკრეციული უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების რისკებს. შედეგად, ირღვეოდა ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება.“

მოპასუხე მხარის განმარტებით კი, „სადავო ნორმების საფუძველზე ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა ემსახურებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორიცაა მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გამოძიების ინტერესების დაცვა.“

სასამართლომ განმარტა, რომ პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისათვის, ხანმოკლე პაემანი, მიმოწერა და სატელეფონო საუბარი, პირადი და ოჯახური ცხოვრების შენარჩუნებისა და განვითარების თვალსაზრისით, წარმოადგენს კომუნიკაციის უმნიშვნელოვანეს მექანიზმებს. შესაბამისად, ამ უფლებების შეზღუდვის მომწესრიგებელი კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს მკაფიო კრიტერიუმებს, გამოირჩეოდეს საკმარისი სიცხადით და იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ არ აჩენდეს გადაწყვეტილების მიმღები პირის/ორგანოს მხრიდან ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის რისკებს.

„მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ არც სადავო ნორმები და არც პატიმრობის კოდექსის სხვა დებულებები, ისევე როგორც მომიჯნავე კანონმდებლობა, არ ითვალისწინებდა გამომძიებლის/პროკურორის დისკრეციის შემზღუდველ რაიმე მექანიზმს ანდა სახელმძღვანელო კრიტერიუმებს ამ უკანასკნელის მიერ პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული მოწესრიგება ვერ აზღვევდა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს და წარმოქმნიდა ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების მომეტებული შეზღუდვის რეალურ საფრთხეს, კერძოდ, უშვებდა მისთვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვას მაშინაც კი, როდესაც შეზღუდვით მიღწევადი მიზნები და პრევენცირებადი საფრთხეები ვერ გადაწონიდა ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების განვითარების, საზოგადოებისაგან მისი სრული იზოლაციის/გარიყვის აკრძალვის ინტერესს,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს, 22 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ საქართველოს უკვე 6 მილიარდზე მეტი დოლარით დაეხმარა – ინტერვიუ USAID-ის მისიის დირექტორთან

„აშშ-ს მთავრობამ საქართველოში 30-ზე მეტი წლის განმავლობაში 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა მხარდაჭერისთვის, აქედან 2 მილიარდი დოლარი USAID-მა გამოყო. ჩვენ ამჟამად გვაქვს 40 პროექტი, რასაც საქართველოში ვახორციელებთ. წლიური ბიუჯეტი საქართველოში არის 75-დან 80 მილიონამდე აშშ დოლარი. ეს თანხა, რაც დავასახელეთ, არის ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოსთან პარტნიორობა“ – გვითხრა ინტერვიუს დროს ჯონ პენელმა, USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა.

როგორ დაეხმარება USAID-ი საქართველოს ამჯერად უკვე მოახლოებული არჩევნების წინ და ევროინტეგრაციის გზაზე? – „ბათუმელებმა“ ჯონ პენელთან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] კავკასიის მისიის დირექტორთან, ინტერვიუ ჩაწერა.

ჯონ პენელთან ინტერვიუ USAID-ის პროექტის მიერ „რევოლუციის მხარდაჭერის“ ბრალდებებზე საუბრით დავიწყეთ, რაც საქართველოს მთავრობამ ოქტომბერში გააჟღერა. „სამწუხაროა მსგავსი ბრალდებები,“ – აღნიშნა ჯონ პენელმა.

  • ბატონო ჯონ, იმის შესახებ, რომ USAID-ის მიერ საქართველოში „რევოლუციის მხარდაჭერაზე ბრალდებები ყალბია“ არაერთმა ამერიკელმა დიპლომატმა და მოხელემ განაცხადა. ვგულისხმობთ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მორიგ სკანდალურ ბრალდებას USAID-ის შესახებ. ვვარაუდობთ, რომ თქვენი პოზიციაც იგივეა, რაც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს. ჩვენ გვინდა გკითხოთ იმაზე, თუ შეხვდით ამ ბრალდებების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და რა უთხარით მათ ან მათგან რა მოისმინეთ?

აშშ-ის მთავრობა უკვე 30-ზე მეტი წელია, რაც საქართველოსთან, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობს, თანამშრომლობს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხალხთან. 30-ზე მეტი წელია, რაც ამ პარტნიორობის ფარგლებში ამერიკის მთავრობამ 6 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს, აქედან 2 მლრდ უშუალოდ USAID-მა გამოყო.

ჩვენთვის ძალიან ღირებულია ეს პარტნიორობა საქართველოსთან.

რაც შეეხება ბრალდებებს, აშშ-ს ელჩმა და ამერიკის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა რამდენჯერმე უკვე განაცხადეს, რომ ეს ბრალდებები არის სრულიად ყალბი. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში ყველა სამოქალაქო ორგანიზაციასთან, მათ ხელს ვუწყობთ ისეთი საკითხების ადვოკატირებაში, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის: ესაა ჯანდაცვა, განათლება და სხვა საკითხები.

სამწუხაროა მსგავსი ბრალდებები.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობასთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შეხვდა ელჩიც და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ მსგავსი ბრალდებები არის სრულიად ყალბი.

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას, მათ მხარდაჭერას.

ჩვენ ასევე ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, რომ თუ იქნება ისეთი საკითხი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კითხვები, ეჭვის საფუძველი, ჯერ ჩვენთან გაარკვიონ ეს საკითხები. ჩვენ შევეცდებით, ვუპასუხოთ ამ შეკითხვებს.

  • შეგიძლიათ გვითხრათ, ვის ესაუბრეთ საქართველოს მთავრობაში ამ საკითხებზე და როგორი იყო მათი რეაქცია, მათი პასუხი? 

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ USAID-ი 30-ზე მეტი წელია, რაც მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვთანამშრომლობთ ყველა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოში.

მინდა ხაზი გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წვლილს, რაც ქვეყნის განვითარებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია აშშ-სა და ევროპის ქვეყნებშიც. მათ სადამკვირვებლო ფუნქცია აქვთ და ე.წ. ვოჩდოგები არიან. სამოქალაქო საზოგადოებას რეალურად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში.

რაც შეეხება შეხვედრას საქართველოს მთავრობის წევრებთან, სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვისთან გაიმართა ეს შეხვედრები.

მე პირადად და აშშ-ს ელჩი შევხვდით მთავრობის საკმაოდ მაღალი რანგის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით მათთან იმ ფაქტს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. პირადი საუბრის დროს ასევე აღვნიშნეთ, რომ თუ რაიმე საეჭვო საკითხი იქნება, რაც კითხვას გააჩენს, კარგი იქნება, რომ ჯერ ჩვენთან ისაუბრონ ამ საკითხზე.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ USAID -ი და ამერიკის მთავრობა ყველაფერი, რასაც ვახორციელებთ, არის გამჭვირვალე – ეს იქნება ჩვენი შესყიდვები თუ პროგრამები. ყველა ინფორმაციას, რასაც ვაკეთებთ პროგრამებთან მიმართებით, დეტალურად ვუზიარებთ საქართველოს მთავრობას.

  • როგორი იყო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების რეაქცია, მათი პასუხი, როცა თქვენ მათ ესაუბრეთ? 

სამწუხაროდ, ამ დეტალებს ვერ გეტყვით. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დონეზე.

  • ამ მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ USAID-ი „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებს საქართველოში და სუს-ი ტრენინგების მონაწილე პირებს დაკითხვებზე იბარებს. ეს რა გზავნილია თქვენთვის? თქვენ კარგად იცნობთ რუსეთს, პოსტსაბჭოთა სივრცეს. რის მიღწევას ცდილობს, თქვენი დაკვირვებით, ამგვარი მიდგომით ხელისუფლება? ეს არის გზავნილი USAID-ისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ ორივესთვის? 

სამწუხაროდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო პროცესზე მე ვერ ვისაუბრებ. მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც საჯაროდ არის ცნობილი.

USAID-ის ყველა პროგრამა მიზანმიმართულია ერთ ფაქტორზე, რომ მხარი დავუჭიროთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს, იყოს წარმატებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყანა. ასევე, ხელი შევუწყოთ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირისკენ მიემართება, აპირებს, რომ გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი.

მინდა ხაზი გავუსვა კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ რეკომენდაციას, რაც ძალიან გვახარებს და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს მიიღოს საქართველომ.

ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო ორგანიზაციებთან იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ ბათუმში არსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებთანაც ვთანამშრომლობთ, ისინი არიან სხვადასხვა პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი დამკვირვებლები.

  • როგორ აღიქვით საქართველოს ხელისუფლების განცხადებები „რევოლუციის მხარდაჭერაზე“? აღიქვით ეს, როგორც ზეწოლა? 

არ აღვიქვამთ ამას, როგორც ზეწოლას. ვეცდებით, ჩვენს პარტნიორებთან, თუ არსებობს რამე, რაც შესაძლოა იყოს განსახილველი, განვიხილოთ.

  • ეს იყო გაუგებრობა საქართველოს მთავრობის მხრიდან? რა შეიძლება ამას დაარქვათ? 

ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ საკითხზე პირად საუბრებში, დახურულ კარს მიღმა ვისაუბროთ. ჩვენი საქმიანობა საქართველოში არის სრულიად გამჭვირვალე. ჩვენ კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს საქართველოსთან და ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ხალხს, ქვეყანამ მიაღწიოს ევროინტეგრაციას.

როგორც აღვნიშნე, 30-ზე მეტი წელია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას წარმოადგენს მთავრობა, იცვლებოდა ეს მთავრობა თუ არ იცვლებოდა. ჩვენ ყველა ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ მიუკერძოებლად, ჩვენი თანამშრომლობა არის სრულიად ნეიტრალური, ვართ სრულიად მიუკერძოებლები და არავის პრიორიტეტს არ ვანიჭებთ. ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ვთანამშრომლობთ, ვინც მზადაა, რომ ჩვენი მხარდაჭერა მიიღოს.

ვცდილობთ, შევქმნათ, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა, რომ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს მოსახლეობასთან. ჩვენი თანამშრომლობის ამ ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს წლები თავისთავად მეტყველებს მხარდაჭერაზე, რასაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს.

რაც შეეხება ბრალდებებს, ვიტყოდი, რომ ის სრულიად ყალბია და არ წარმოადგენს სიმართლეს. ჩვენ ვრჩებით სანდო პარტნიორად, ვითანამშრომლებთ საქართველოსთან და განვაგრძობთ მის მხარდაჭერას.

  • ამ ბრალდებებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ USAID-ი საქართველოში განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს. პროექტი საქართველოს ხელისუფლებასთან და ასევე სხვადასხვა სექტორთან თანამშრომლობით განხორციელდება. მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ.

ეს არის ჩვენი ახალი პროგრამა: „განათლება მომავლისთვის“, რომელიც 5-წლიანია და 14 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. ეს პროგრამა დაახლოებით 4 კვირის წინ გავხსენით საქართველოს მთავრობასთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იმიტომ, რომ რეალურად იგი ხელს შეუწყობს შესაძლებლობების განვითარებას, მათ შორის, თვითონ პედაგოგების შესაძლებლობების გაძლიერებას.

ამ პროგრამის ფარგლებში ვიმუშავებთ თვითონ სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე, რაც მოიცავს სკოლებისა და სკოლის მენეჯმენტის გაძლიერებას. განათლების სისტემაში უკვე გვაქვს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება და მხარს ვუჭერდით სკოლის გაძლიერებას როგორც დაწყებითი განათლების დონეზე, ისე საშუალო განათლების დონეზე. ასევე, განხორციელებული გვაქვს პროგრამები პროფესიული გადამზადების მიმართულებით, ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან.

  • წლებია თქვენ აქტიურად მხარს უჭერთ სასამართლოს გაძლიერებას საქართველოში. ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, საერთაშორისო კომისიამ შეაფასოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერება. რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე, თქვენ თუ უჭერთ მხარს ე.წ. ვეტინგის პროცესს და რა შემთხვევაში შეიძლება იმუშაოს ამ მექანიზმმა საქართველოში?

კანონის და სამართლის უზენაესობას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც USAID-სთვის, ასევე აშშ-ს მთავრობისთვის: აშშ-ს საელჩოში გვაქვს სამართლის დეპარტამენტი, ასევე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი, ნარკოტიკების და კანონის აღსრულების დეპარტამენტები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერებას. ჩვენი მთავარი მიზანია გავაძლიეროთ საქართველოში კანონის უზენაესობა, რადგან კანონის უზენაესობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დემოკრატიის განვითარებასა და ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებაში. ამის შემდეგ ქვეყანას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, იყოს წარმატებული და უსაფრთხო.

ახლა მოვდივარ ღონისძიებიდან – სამართლის უზენაესობის ფორუმი ჩატარდა ბათუმში და აქ შეიკრიბა კანონის უზენაესობაში ჩართული სხვადასხვა მხარე. ფორუმს ესწრებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ასევე ესწრებოდნენ საქალაქო სასამართლოების წარმომადგენლები, ადვოკატთა ასოციაცია, იურიდიული დახმარების სამსახური, უნივერსიტეტები და ყველა, ვინც ამ სფეროშია ჩართული. ეს არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი იმისა, როგორ ვუჭერთ მხარს კანონის უზენაესობის გაძლიერებას ქვეყანაში.

საქართველოში ასევე მოწვეული გვყავდა ამერიკელი მოსამართლეები, მოსამართლეები ევროპიდან, რომლებიც ზუსტად კანონის უზენაესობის გაძლიერების მიმართულებით უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას მოსამართლეებს საქართველოში.

რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ეს მოიცავს სხვადასხვა რეკომენდაციის შესრულებას. როგორც ვიცით,კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია, სხვადასხვა რეკომენდაცია განხორციელდეს. USAID-ი და აშშ-ს მთავრობა, სააგენტოები ასევე, რაც უკვე ჩამოვთვალე და რომლებიც მუშაობენ კანონის უზენაესობის მიმართულებით, განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას ამ მიმართულებით.

  • კონკრეტულად ვეტინგს დაუჭერთ მხარს, რომ საერთაშორისო კომისიამ შეაფასოს საქართველოში საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე მოსამართლეების კეთილსინდისიერება? 

სამწუხაროდ არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა მივმართო ჩვენს ექსპერტებს, რომლებიც მუშაობენ კანონის უზენაესობის პროგრამაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულების მხარდაჭერას, მთლიანად ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ამ პროცესის გაძლიერებისთვის საქართველოში აშშ-ს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ძალიან დიდი წვლილი აქვს მართლმსაჯულების საკითხს.

  • აფხაზეთში ახალ რეგულაციაზე მუშაობენ, არ შეუშვან ის ორგანიზაციები, ვინც მათ ოკუპირებულად მიიჩნევს. მათ შორის USAID-ზეა საუბარი. ჩვენთვის ცნობილია, რომ არაერთ პროექტს უჭერს მხარს USAID-ი აფხაზეთში. რომ ჩამოთვალოთ პროექტები და რამდენი აქვს ორგანიზაციას დახარჯული აფხაზეთზე წლის განმავლობაში. ზოგადად, რას ფიქრობთ ამ აკრძალვებზე, რისი მომტანი იქნება ეგ აფხაზებისთვის?

ჩვენ გაეროს საშუალებით ვმუშაობთ აფხაზეთში სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის ჯანდაცვის სფერო, განათლება, მეწარმეობის მხარდაჭერა, გაცვლითი პროგრამები… ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მშვიდობის პროცესს, უნდა დავეხმაროთ ნდობის შექმნას და მის მხარდაჭერას.

უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს პროცესი. გაეროს საშუალებით ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იქ, რომ შესაძლებლობა მივცეთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობის შექმნას… მნიშვნელოვანია, ხალხს ერთმანეთის ესმოდეს.

ჩვენ გვაქვს ხუთწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც არის 10 მლნ აშშ დოლარი. ყოველწლიური ბიუჯეტი გამოდის 2 მლნ აშშ დოლარი. ჩვენი მთავარი მიზანია ხალხთა შორის ნდობა გამყარდეს, ხელი შევუწყოთ დიალოგს, მშვიდობის პროცესს, ნდობის ჩამოყალიბებას და ვიმუშაოთ იმ საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გამყოფ ხაზთან მცხოვრები, ისე – აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

  • უკვე ერთ წელზე ნაკლები დრო დარჩა არჩევნებამდე. არჩევნები რომ სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს, როგორ აპირებთ საქართველოს დახმარებას? 

USAID-ი საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, ცესკოს ხელს ვუწყობთ და ვეხმარებით, რომ მოხდეს ამომრჩევლების განათლება. ამ შემთხვევაში, ეს აქტივობა მიმართულია იქითკენ, რომ ამომრჩეველმა შეძლოს ელექტრონული სისტემის გამოყენება, რაც საქართველოს დაახლოებით 90%-ს მოიცავს. მოსახლეობამ კარგად უნდა იცოდეს, როგორ შეიძლება ჩაერთოს არჩევნების დროს ხმის მიცემის პროცესში.

ასევე, ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩამოსაყვანად. ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც ამ საკითხზე, მათ შორის – ეუთოს წარმომადგენლებთან და ევროკომისიასთან. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი.

  • დაწყებულია უკვე საარჩევნო გარემოზე დაკვირვება? კიდევ როგორ წარმოგიდგენიათ სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობა? 

გრძელვადიანი დამკვირვებლები ჯერ არ ჩამოსულან საქართველოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროცესს არჩევნებისთვის დამკვირვებლების ჩამოსაყვანად.

ასევე, მნიშვნელოვანია ამომრჩევლების განათლების მხარდაჭერა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ევროკომისიამაც აღნიშნა, რომ არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო რეფორმები. ჩვენ ამ საკითხებზეც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან.

მოვუწოდებდი მოსახლეობას, რომ აუცილებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის მოქალაქეების პასუხისმგებლობა, ჩაერთონ ამ პროცესში და დაიცვან საკუთარი ხმა.

  • რომ გვითხრათ, წელს რა პროექტებს ახორციელებს USAID-ი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით? ასევე, რამდენია თანხა, რასაც USAID-ი წელს საქართველოში დახარჯავს?

აშშ-ს მთავრობამ საქართველოში 30-ზე მეტი წელია 6 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი დახარჯა მხარდაჭერისთვის, აქედან 2 მილიარდი დოლარი USAID-მა გამოყო. ჩვენ ამჟამად გვაქვს 40 პროექტი, რასაც საქართველოში ვახორციელებთ. ჩვენი წლიური ბიუჯეტი საქართველოში არის 75-დან 80 მილიონამდე აშშ დოლარი. ეს თანხა, რაც დავასახელეთ, არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოსთან პარტნიორობა.

ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ვთანამშრომლობთ ყველა დონის ხელისუფლებასთან: მთავრობასთან, საკანონმდებლო ხელისუფლებასთან და ყველა ამ პროექტში, რასაც ვახორციელებთ, განსაკუთრებული წვლილი აქვს საქართველოს მთავრობას, რადგან ისაა ჩვენი პარტნიორი როგორც მუნიციპალურ, ისე სახელმწიფო დონეზე. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, კეთდება ძალიან მჭიდრო პარტნიორობით საქართველოს მთავრობასთან.

მნიშვნელოვანია, რომ USAID-ს და საქართველოს მთავრობას აქვს ორმხრივი შეთანხმება და ამ შეთანხმების საფუძველზე ყოველთვის ჩვენ საქართველოს მთავრობას ვაწვდით განახლებულ ინფორმაციას პროგრამებთან მიმართებით. ძლიერი პარტნიორობა, რაც გვაკავშირებს ქვეყანასთან, მოიცავს ამ აქტივობასაც: საქართველოს მთავრობას აქვს ინფორმაცია ყველა იმ პროგრამის შესახებ დეტალურად, რასაც ჩვენ ვახორციელებთ.

ბათუმელი მარილით მოვაჭრის ძველი სახლის ისტორია

ბათუმში, ჭავჭავაძისა და მეტაქსას ქუჩების გადაკვეთაზე XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ორსართულიანი სახლი დგას. სახლის მეორე სართულის ფასადი ჭავჭავაძის ქუჩის მხარეს უხვი დეკორითაა მორთული.

მთავარ ფასადზე სახლს ორი დიდი აივანი აქვს. სადარბაზოს მთავარი შესასვლელი ჭავჭავაძის ქუჩიდანაა. უბრალო კარით უცებ ვერ მიხვდებით, რომ მის მიღმა სადარბაზოს მოხატული ჭერი და კედლები დაგხვდებათ.

სადარბაზოს ჭერი

ჭერზე ეროსის ოთხი გამოსახულებაა ლურჯი ცისა და ღრუბლების ფონზე. მარჯვენა და მარცხენა მხარეს ვაზის მტევნებით, ჩიტებით და ყვავილებით მორთული ამფორები დაუხატავთ.

კედლის მოხატულობა

მთელ კედლებზე, სავარაუდოდ, მე-20 საუკუნის დასაწყისის ბათუმის ზღვის ხედებია დახატული. მეორე სართულზეც ზღვის ხედი და სანაპიროს შენობებია გამოსახული.

კედლის მხატვრობა
კედლის მხატვრობა

პირველიდან მეორე სართულზე მიმავალი კიბის უჯრედში ხისჩარჩოიანი ვიტრაჟია, შესაძლოა ეს ვიტრაჟი თავიდან ფერადიც იყო. ახლა ყვითელი შუშებია ჩარჩოში ჩასმული, ალაგ-ალაგ ისიც ჩამტვრეული.

სახლის შესასვლელში, პირველ სართულზე იატაკის მოპირკეთება სრულად განადგურებულია და ახალია დაგებული. ძველი ფილები შენარჩუნებულია კიბის უჯრედსა და მეორე სართულზე.

იატაკი

ჭერზე მოხატულობის თარიღია მინიშნებული: 1905 წელი.

ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ამ სახლს კულტურული ძეგლის სტატუსი 2020 წელს მიენიჭა. სადარბაზოს კედლების, ჭერის მხატვრობა და ჩუქურთმები 10 წლის წინაა რესტავრირებული.

სახლის მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ ახსოვთ ფასადზე ამოტვიფრული თარიღი: 1903 წელი, რაც სავარაუდოდ სახლის მშენებლობის წელი უნდა იყოს.

სადარბაზო

ახლანდელი მაცხოვრებლების ინფორმაციით, სახლი მეოცე საუკუნის დასაწყისში ბათუმში მცხოვრებ მდიდარ კომერსანტს, ბაღდასარ ბაღდასარიანს ეკუთვნოდა. აქ იხსენებენ, რომ გადმოცემის თანახმად ბაღდასარიანი მარილით ვაჭრობდა და სახლის პირველ სართულზე მარილის საწყობები ჰქონდა, მეორე სართულზე კი ოჯახით ცხოვრობდა.

სახლის უკანა ეზოში სახელდახელოდ მიდგმულ შენობებში, სახლის ბინადრების ცნობით, ბაღდასარიანის მუშები ცხოვრობდნენ.

ჭავჭავაძის №68б სახლის უკანა ეზო

ამბობენ, რომ ბოლშევიკებმა ბაღდასარიანი გააკულაკეს. არავინ იცის რა ბედი ეწია მარილით მოვაჭრეს, მისი მეუღლე, ვართანუშ ბაღდასარიანი სახლის მცხოვრებ 65 წლის კაცს ახსოვს – უკვე დაბერებული და მარტო დარჩენილი:

„ახლა 65 წლის ვარ, მაშინ 10 წლის ბიჭი ვიქნებოდი, როცა ვართანუშა მარტო ცხოვრობდა ორ პატარა ოთახში, 70-75 წლის მახსოვს. ბოლშევიკებმა მხოლოდ ეს ორი პატარა ოთახი დაუტოვეს სახლის ჩამორთმევის შემდეგ. მარტო დარჩა ვართანუშა, მისი შვილები ამერიკაში წავიდნენ საცხოვრებლად. რომ გარდაიცვალა აქვე, ბათუმში დაკრძალეს“ – ამბობს სახლის მცხოვრები.

სახლი ჭავჭავაძისა და მეტაქსას ქუჩების გადაკვეთაზე

უცნობია კომერსანტის სახლის არქიტექტორის და მხატვრის ვინაობა.

ძეგლის სტატუსის მქონე შენობების ნუსხაში ჭავჭავაძის 68 ნომერში მდებარე სახლის შესახებ ასეთი ჩანაწერია:

„ჭავჭავაძის ქუჩის მხარეს ორი აჟურულმოაჯირებიანი ლითონის შეკიდული აივანია. მოსართავად გამოყენებულია ისეთი არქიტექტურული დეტალები, როგორიცაა: კორინთულ და იონიურკაპიტელებიანი, კანელურებით დაღარული პილასტრები, მშვილდა ფრონტონები, პროფილირებული თაროები, საჭექი ქვები, ლომის სკულპტურული თავები.

მთლიანად შენობა მცენარეული ორნამენტით დაფარული, შენობა ოთხქანობა სახურავითაა გადახურული, რომლის სხვენშიც მანსარდაა მოწყობილი. მანსარდის სწორკუთხა ფანჯრები ორქანობა გადახურვის ქვეშაა მოქცეული.

იგი ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით საყურადღებო ნაგებობაა და მაორგანიზებელი მოცულობა ამ უბნის განაშენიანებაში. ასევე ყურადღებას იმსახურებს მორთულობის შესრულების მაღალი დონე და მოხატული სადარბაზოს დეკორი“.

რატომ ვლაპარაკობთ მენსტრუაციაზე კოდური სიტყვებით – სტიგმები, როგორც სარეველა

მენსტრუაციის პერიოდი მაქვს. ეს ის დროა, როცა მთელი თვის განმავლობაში დაზოგილი ენერგია მეცლება, ჩემი მგრძნობელობა ცამდე ადის და მუშტების ბრახუნს იწყებს კიდევ უფრო შორს წასვლის წყურვილით. ხშირად მინდა მენსტრუალური მოვლენების ერთმანეთთან ჯახაჯუხზე ბევრი ვისაუბრო, ყველაფერი გამოვუშვა და ამ გზით ვცადო დამშვიდება, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ საკუთარ თავთან მაქვს ხანგრძლივი მონოლოგები, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ამ თემაზე „ენაზე კბილის დაჭერას“ დღემდე გვიკვეთავს.

ძალიან დიდხანს მეგონა თავი ვაშლი, მსხალი, ატამი, ბია თუ სხვა ხილი, რომელსაც თვეში ერთხელ მატლები ამოსდიოდა პირიდან.

მენსტრუაციასთან დაკავშირებულ სტიგმებსა და დისკრიმინაციას სარეველა ბალახივით ვხვდებით ყველგან.

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მე და ჩემს თანატოლებს, ჩვენზე უმცროსებსა თუ უფროსებს, ახლაც „გვტენიან“ აზრს, რომ მენსტრუაცია გვბილწავს. ამ დროს არ უნდა შევეხოთ ხეებს – დავალპობთ, არ უნდა მოვრწყოთ ყვავილები – დავაჭკნობთ, არ უნდა გავიდეთ ყანაში – უნაყოფოს გავხდით.

ჩემთვის მიუთითებიათ ისიც, რომ მენსტრუაციისას ტანსაცმლის ხშირი გამოცვლისგან თავი შემეკავებინა. ერთი წყვილი ტანსაცმლის შერჩევას მირჩევდნენ, რომელსაც მხოლოდ ამ პერიოდში ჩავიცვამდი, ისე, როგორც ჭუჭყიანი საქმის კეთებისას იქცევიან ადამიანები. უთქვამთ, რომ ამ დროს მხოლოდ რეცხვა ვერ ასუფთავებს სამოსს.

აჭარის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებმა 40 წლამდე ქალმა, ნანამ (სახელი შეცვლილია, მან ანონიმურობა არჩია) ამოიოხრა და მითხრა, ჰიგიენური საფენების შემცვლელი ნაჭრების დატყობას ფეხის მოტეხა აჯობებსო.

ჰო, სქელი და უხეში ნაჭრები ტანსაცმელში მარტივი შესამჩნევია.

ნანას ამ ნათქვამმა ჩემი კლასელი გამახსენა – დედამისს უთქვამს, სათანადოდ თუ ვერ მალავ, ოთახიდან არ გამოხვიდეო. იმ მომენტში ჩემს კლასელს საკუთარი თავი ეზიზღებოდა. ბოლოს წამოიყვირა, ასეთი მოუქნელი რატომ ვარო და კლასიდან გავარდა.

სოფლად მცხოვრებ უამრავ გოგონას და ქალს არასდროს გამოუყენებია მენსტრუალური ჭიქა, ტამპონი ან საფენი. ამ და სხვა ჰიგიენურ ნივთებს მაღალმთიანი სოფლების ვერც ერთ მაღაზიაში ვერ ნახავთ.

„საფენები არასდროს გვქონია. მხოლოდ ნაჭრები იყო. სად უნდა გვენახა საფენი სოფელში? საფენი პირველად 40 წლის ასაკში გამოვიყენე, როცა ჩემი უფროსი გოგო სტუდენტი გახდა და მიყიდა. საერთოდ, მაშინ გავიგე საფენების და მათი გამოყენების შესახებ“, – უხერხულად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ მითხრა ნანამ, გრძელი პაუზის შემდეგ კი დასძინა – „ჩემმა გოგომაც მაშინ მოიხმარა საფენი პირველად. ჰო, არც ჩემმა შვილებმა იცოდნენ საფენებზე. 3 გოგო მყავს“.

ძალიან ბევრი კითხვა აქვს ნანას. სოფელში ქალებს საკმარისი ფულიც რომ ჰქონდეთ მათთვის და მათი შვილებისთვის საფენების შესაძენად, სად უნდა იყიდონ? ნანა უახლოეს ადგილად, სადაც საფენების ყიდვაა შესაძლებელი, მუნიციპალიტეტის ცენტრს ასახელებს. მისი სოფელი კი იქიდან მინიმუმ ერთი საათის სავალ გზაზეა ავტომობილით.

„იმ კომპლექსებით ვარ გაზრდილი, რომ მენსტრუაციაზე საუბარი დღემდე უკიდურესი სირცხვილი მგონია. არავისთვის შეგეძლო ამის შესახებ გეთქვა, რადგან მიუღებელ თემად ითვლებოდა. პირველად აგიხსნიდა დედა, რა როგორ უნდა გაგეკეთებინა და მორჩა. მას შემდეგ ეს თემა სამუდამოდ იხურებოდა. ყოველთვიურად საგულდაგულოდ დამალული და მიჩქმალული უნდა ყოფილიყო. ვერავინ უნდა მიმხვდარიყო, ისე უნდა „მოსულიყო“ და „წასულიყო“.

მენსტრუალური პერიოდის შესახებ დღემდე კოდური სიტყვებით ვსაუბრობთ თანატოლი მეზობელი ქალები; გვასწავლეს, რომ დედამთილთან, ბიცოლასთან, დეიდასთან თუ სხვა ასაკის უფროს ქალთანაც დაუშვებელია ამაზე ხმის ამოღება,“ –ჰყვება ნანა.

მასთან საუბრისას გავიგე, რომ თუ საქმე კარგად არ წარიმართება და ამ ამბავთან რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო შეხება ექნებოდა მენსტრუაციის პერიოდში მყოფ ქალს, „ჯოხი აუცილებლად მასზე გადატყდებოდა“, რაც საკუთარ თავზეც უწვნევია.

„აქ მენსტრუაციის საგულდაგულო დამალვა დღემდე ქალის ღირსებად ითვლება. ნაჭრები ტანსაცმელში მარტივად შესამჩნევია. ამ დროს ცოტა გრძელი და ფართო რაღაცები უნდა ჩაიცვა“.

ბოლო წლებია, ნანა შვილების ნაყიდ ჰიგიენურ საფენებს იყენებს, მაგრამ უამრავ ქალს იცნობს, რომლებსაც ამის საშუალება არც ერთხელ მიეცათ. ამ ქალების ბედი ყოველ მზიან დღეს ტანზე შემშრალ სველ სარეცხს ჰგავს, მაშინ, როცა სარეცხის თოკი სახლის უკანა ეზოში ორ ხეს შორის ქანაობს.

საუბრის დასაწყისში ნანა არ იყენებდა სიტყვას „მენსტრუაცია“. ანონიმურობის მიუხედავად, „კოდური სიტყვებით“ მესაუბრებოდა მეც. ბოლო კითხვის შემდეგ კი გაიმეორა, „ჰო, მენსტრუაცია, – და ხანმოკლე შეყოვნების შემდეგ მკითხა, – არადა, რა უბოროტო სიტყვაა, არა?!“

______________________

მოსაზრება მომზადებულია ,,თანასწორობის მოძრაობის“ პროექტის ფარგლებში – „ქალების სიღარიბე და მენსტრუალური ჯანმრთელობა“.

მანდარინის ფასი წელსაც დაბალია – რატომ არჩიეს ექსპორტიორებმა ისევ რუსეთის ბაზარი

„ფასი უკვე ფორმირებულია: საშუალო, სტანდარტული მანდარინის ფასი 70 თეთრიდან 1 ლარის ფარგლებშია. მე ამ ფასის ცოტათი კლებას ვვარაუდობ, რადგან მოსავალი რეალურად დიდია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კახა შავაძე, რომელიც ციტრუსის ექსპორტიორი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ ხელმძღვანელია.

რამდენიმე დღეა, რაც  მანდარინის კრეფა აქტიურად დაიწყო. ფერმერები ამბობენ, რომ წელს მოსავალი გამორჩეულად ხარისხიანია და ბევრი, თუმცა მყიდველი არ ჩანს.

„ყველაფრის ფასი გაიზარდა, მანდარინის ფასი კი, ისევ 70 და 80 თეთრია, ეს თანხა გადაუხადეს, ვინც მანდარინის გაყიდვა უკვე შეძლო,“ – გვითხრეს ქობულეთელმა მეციტრუსეებმა.

საპროგნოზო მონაცემებით, წელს 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელიან. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინტერნეტ-გვერდის მიხედვით, საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის საწარმო მიიღებს, არასტანდარტულ ნაყოფში კი, ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში 30 თეთრს გადაიხდიან [25 თეთრი სახელმწიფოს სუბსიდიაა].

რატომ ვერ მიაქვთ ექსპორტიორებს მანდარინი ევროპის ბაზარზე და რომელ ქვეყნებში გაიტანენ წელს მანდარინს? რა საშუალებებით ეხმარება ხელისუფლება მეციტრუსეს, რომელსაც კილო მანდარინში ისევ დაახლოებით 70 თეთრს გადაუხდიან? – „ბათუმელებმა“ ინფორმაციის მოწოდება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას სთხოვა, თუმცა 3 სამუშაო დღის განმავლობაში ვერც ინფორმაცია მოგვაწოდეს და პასუხისმგებელ პირსაც არ დაგვალაპარაკეს.

იმისთვის, რომ ექსპორტიორმა ციტრუსი რომელიმე სხვა ქვეყანაში გაიტანოს, ე.წ. წარმოშობის სერტიფიკატი უნდა აიღოს. ამ დოკუმენტს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გასცემს.

„ჯერ არ გააქტიურებულა ციტრუსის სეზონი, ამ ეტაპზე მხოლოდ სომხეთში გასატანად 20 ტონა მანდარინზე გაფორმდა წარმოშობის სერტიფიკატი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ჯუმბერ ტუღუშმა, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილემ.

ჯუმბერ ტუღუში განმარტავს, რომ ციტრუსის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაცია გასცემს შემოსავლების სამსახურიც.

„მაგალითად, უკრაინის შესახებ მონაცემები აქვს შემოსავლების სამსახურს, რადგან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, უკრაინა ითხოვს „ევრო 1“ ფორმის სერტიფიკატს. ჩვენ ხარისხს არ ვამოწმებთ, ვამოწმებთ იმ დოკუმენტაციას, რომელიც განსაზღვრავს საექსპორტო საქონლის წარმოშობას.

როცა ექსპორტიორი მოდის, ის უნდა იყოს დარეგისტრირებულ საგადასახადო სისტემაში და დაკავშირებული იმ ქვეყნის რეზიდენტთან, სადაც მიაქვს ციტრუსი. ექსპორტიორს უნდა ჰქონდეს ამ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება და შესაბამისი ინვოისი, მან ასევე უნდა წარმოგვიდგინოს დოკუმენტაცია საექსპორტო საქონლის წარმოშობაზე: შესაძლოა, თავად მას აქვს ციტრუსის ბაღი, თუ ციტრუსი შეიძინა, უნდა ჰქონდეს შესყიდვის აქტები,“ – გვითხრა ჯუმბერ ტუღუშმა.

ციტრუსის ექსპორტიორი კახა შავაძე კი, „ბათუმელებთან“ აღწერს, რატომ ვერ იზრდება მანდარინის ფასი საქართველოში და რა უშლის ხელს ევროპის ბაზარზე გასვლას. კახა შავაძეს სამი სატვირთო  მანქანა უკვე გაუგზავნია რუსეთის ბაზარზე.

„ძირითადი ბაზარი ისევ იქნება რუსეთი, ბელარუსიდან გვაქვს ასევე შეკვეთა. უზბეკეთი ახალი მიმართულება, რაც საკმაოდ დიდი ბაზარია. გასულ წელსაც ვგეგმავდით უზბეკეთში ციტრუსის გატანას, მაგრამ ხარისხობრივი მაჩვენებელი იმდენად დაბალი იყო, უარი ვთქვით. აქ კონკურენტი ჩინეთია, მაგრამ ქართულმა მანდარინმა გემოვნური თვისებებით აჯობა.

დაახლოებით 200 ტონა ციტრუსის გატანას ვგეგმავთ უზბეკეთის ბაზარზე, რუსეთში ჩვენი კომპანია 600-დან 800 ტონამდე მანდარინი გავა, წელს ციტრუსის მოსავალი დამაკმაყოფილებელია, ბევრად უკეთესია ხარისხობრივად, რაც გასულ წელს იყო, თუმცა მოსავალია დიდი“, – ძირითადად ამ ფაქტორის გამო ვარაუდობს „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ ხელმძღვანელი, კახა შავაძე, რომ მანდარინი შეიძლება კიდევ გაიაფდეს.

ექსპორტიორის თქმით, უკრაინის მიმართულებით ისევ ლოჯისტიკური პრობლემაა, რუსეთში კი, მანდარინს ძირითადად ლარსიდან შეიტანენ. წინა წლებში კახა შავაძეს მანდარინი გაუტანია ევროპის ბაზარზეც, თუმცა ბიუროკრატიულ ბარიერებს შეხვდა.

„ეს უკავშირდება ძირითადად ხარისხობრივ და ბიუროკრატიულ პრობლემებს. ჩვენ არ გვაქვს ის ხარისხი, რომლითაც ევროპულ ბაზარს დავაკმაყოფილებთ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ევროპის ქვეყნებში ექსპორტი გვქონდა, ვერ შევძელით მიწოდების ჯაჭვი შეგვეკრა. მაგალითად, ფიტოსანიტარიული დოკუმენტი აღებული გაქვს, მაგრამ იგი არ არის ევროპის ქვეყნებში სრულფასოვნად აღიარებული – გადამოწმებას ითხოვენ. წარმოიდგინეთ, მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც გაგიჩერეს 10 დღე გადამოწმებით მიზნით. საბოლოოდ, ყველა პროცედურა გავიარეთ და შევედით, მაგრამ დაყოვნება არის მნიშვნელოვანი უკუსვლა… ევროპის ბაზარზე ნდობა ჩვენი საერთო ხარისხის მიმართ დაბალია.

ევროპის ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხარისხთან ერთად უწყვეტობის უზრუნველყოფა. მხოლოდ ერთი და ორი მანქანა ხარისხიანი მანქანის შეყვანა არ ცვლის მოცემულობას.

მაგალითად, ეგვიპტემ ბოლო წლებში რუსულ ბაზარზე ფაქტობრივად უარი თქვა და გადაერთო ევროპის მაღალფასიან ბაზარზე. მინდა აღვნიშნო, რომ მაღალფასიანის გარდა, ევროპის ბაზარი არის სტაბილური ბაზარი. ეგვიპტემ ეს შეძლო პირველადი და მეორადი რგოლის სწორად ორგანიზებით, ანუ მეციტრუსემ უნდა შეძლოს ხარისხიანი ციტრუსის მოყვანა, გადამამუშავებელმა კი, სწორი გადამუშავება და შეფუთვა უნდა მოახერხოს,“ – ამბობს კახა შავაძე.

ციტრუსის ექსპორტიორის აზრით, საქართველომ ევროპის მაღალფასიან სეგმენტზე უნდა გააკეთოს სწორება, ამისთვის კი, ჯერ ხარისხიანი მანდარინის მოსავლის მიღებაა საჭირო.

„პრობლემა უკავშირდება, როგორც ციტრუსის ბაღების არასათანადო მოვლას, აგროწესების დაუცველობას, ბაღების გადაბერებას, ასევე წამლების ხარისხს. პრობლემაა გადამუშავებაც. შესაბამისად, სამუშაო ბევრია იმისთვის, რომ ხარისხი მივიყვანოთ მაქსიმალურამდე და ევროპის ბაზარზე შესაბამისი ადგილის დაკავება შევძლოთ,“ – დასძინა კახა შავაძემ.

454 აბორტი და 2 564 მშობიარობა მოზარდებში ბოლო 4 წელში – როგორ იცავს სახელმწიფო გოგოებს

2018 წლიდან 2022 წლის ივნისამდე არასრულწლოვნების 2564 მშობიარობა და 454 აბორტი აღირიცხა.

ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან მიიღო ორგანიზაციამ – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

ამ თემაზე „ბათუმელები“ ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელს თამარ გაბოძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ საზოგადოებრივ ჯანდაცვას არ აქვს ჩაშლილი სტატისტიკა, რაც ნათლად აჩვენებდა, თუ კონკრეტულად რა მიზეზებს უკავშირდება ნაადრევი მშობიარობა – ადრეულ ქორწინებებს თუ სხვა ტიპის სექსუალურ ძალადობას.

„როცა ბავშვს აქვს ნაადრევი ორსულობა, როდესაც მას უწევს გაიკეთოს აბორტი, ეს მონაცემები პრობლემურია და ნიშნავს იმას, რომ ბავშვს გარკვეულ სერვისებზე არ ჰქონდა წვდომა. მაგალითად, იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაეცვა თავი, არ ჰქონდა ინფორმაცია სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და მაღალი ალბათობით ის ვერ დაიცვა სახელმწიფომ სექსუალური ძალადობისგან.

ეს მიუთითებს იმ პრობლემებზე, რაც შემდეგ იწვევს ხოლმე ბავშვის უფლებების დარღვევას“, – ამბობს თამარ გაბოძე.

მისი თქმით, „ადრეული მშობიარობა და აბორტები, რა თქმა უნდა, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის მატრავმირებელია, რადგან ბავშვებს არც შესაბამისი ასაკი აქვთ ამისთვის, არც მომზადება და უნარები. ამიტომ ძალიან მძიმეა მათთვის ეს ყველაფერი“.

სკოლებში სქესობრივი განათლების დანერგვაზე წლებია საუბრობენ, ამას ითხოვენ როგორც ბავშვთა უფლებადამცველები, ასევე მშობლები, მოზარდები და ცალკეული მასწავლებლებიც.

2 564 – ეს ციფრი არაფერს ეუბნება განათლების სამინისტროს, სახელმწიფო ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ 454 ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგა? – ვკითხეთ თამარ გაბოძეს.

მისი თქმით, 2022 წლიდან PHR-ს შეტანილი აქვს სარჩელი სასამართლოში და სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან დავა.

„ერთი სარჩელი შშმ ბავშვის სპეციალური მოსარჩელის სტატუსით გვაქვს შეტანილი, მეორე კი ეხება კონკრეტულ ბავშვს, რომელმაც მიიღო ძალიან დიდი ზიანი. ის წლების განმავლობაში იყო გაუპატიურების მსხვერპლი, რადგან მას არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია სახელმწიფოსგან, თუ როგორ დაიცავდა თავს ამ ძალადობის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველწლიურად სასამართლოს წარვუდგენთ ხოლმე განახლებულ სტატისტიკებს და, ცხადია, ჩვენი მოთხოვნა ეფუძნება მტკიცებულებებს, ფაქტებს, თუ რატომ უნდა ჰქონდეთ ბავშვებს სათანადო ინფორმაცია სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, განათლების სამინისტროს მხოლოდ ერთი არგუმენტი აქვს – „საზოგადოება არ არის მზად ამისთვის“. ეს არასწორია“, – ამბობს გაბოძე.

მისი თქმით, სამინისტროს იმიტომ არ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები ამ მოსაზრების გასამყარებლად, რომ საპირისპირო კვლევები არსებობს, სადაც მიუთითებენ მშობლები, მასწავლებლები, რომ სურთ ჰქონდეთ მათ შვილებს სქესობრივი განათლება, იყვნენ დაცული ძალადობისგან და აღჭურვილი ცოდნით, ინფორმაციით, რადგან სწორედ ეს არის პრევენციის საუკეთესო საშუალება.

„დანაშაული, რომელიც ეხება სექსუალურ ძალადობას ბავშვების მიმართ, ძირითადად არის დაფარული, იშვიათად არის თავდასხმითი. ამ დროს სარგებლობენ ბავშვის ნდობით, ასაკის გამოყენებით, გამოცდილების არქონით. აქედან გამომდინარე, საუკეთესო საშუალებაა ბავშვის ცოდნით აღჭურვა, როგორ დაიცვას თავი ძალადობისგან, როგორ მიმართოს ადამიანებს, პროფესიონალებს, ვისაც მისი დაცვა შეუძლია. ეს არის ჩვენი მოთხოვნაც“, – გვეუბნება თამარ გაბოძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორი წელია მიმდინარეობს სასამართლოში დავა, შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ამ ორი წლის განმავლობაში კი, ისინი მუდმივად აწვდიან სასამართლოს ახალ მონაცემებს, თუ როგორ არის გაზრდილი ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და როგორ არაეფექტურია სამინისტროს მიერ დანერგილი მექანიზმი – ე.წ „ექიმის საათი“.

PHR-ი ითხოვს, რომ სქესობრივი განათლება ერთიანი ეროვნული გეგმის შემადგენელი ნაწილი გახდეს და არა არაფორმალური განათლების. ეს სერვისი უნდა მიიღოს ყველა ბავშვმა, მათ შორის შშმ ბავშვებმაც.

„ეს ინფორმაცია უნდა იყოს იმდენად მისაწვდომი, გასაგები და სრულყოფილი, რომ ბავშვმა რეალურად შეძლოს დააიდენტიფიციროს სექსუალური ქცევა და თავიდან აიცილოს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. თუ განვაზოგადებთ, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი დანაშაულები, რაც ძალიან აზიანებს ბავშვებს“, – გვითხრა თამარ გაბოძემ.

იუნესკოს კვლევების თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება დანერგილია:

  • ახალგაზრდების 37% უფრო გვიან იწყებს სექსუალურ ცხოვრებას
  • 53%-ით შემცირდა სარისკო სექსუალური ქცევა
  • 40%-ით გაიზარდა კონტრაცეპტივის გამოყენების მაჩვენებელი

PHR-ის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ 5-8 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის ინფორმაცია საერთოდ არ არის წარმოდგენილი, 9-18 წლამდე მოსწავლეებისთვის კი სრჯ საკითხები წარმოდგენილია სუსტად.

ბათუმში ბელარუსმა მხატვარმა მონეტებით შექმნილი ბუბა კიკაბიძის პორტრეტი წარმოადგინა

ბათუმში, სასტუმრო „მერიდიანში“, დღეს, 22 ნოემბერს, ბელარუსმა მხატვარმა, ვადის კრასოვსკიმ საკუთარი ახალი ნამუშევარი წარმოადგინა – ვახტანგ კიკაბიძის პორტრეტი, რომელიც 5-თეთრიანი, შეღებილი მონეტებითაა შექმნილი.

ნამუშევრის წარდგენას წინ უძღოდა ვახტანგ კიკაბიძის პორტრეტზე მუშაობის ამსახველი ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენები იყო, რომ პორტრეტი სასტუმრო „მერიდიანის“ კოშკზეც იყო გამოფენილი.

ვადის კრასოვსკიმ პორტრეტის პრეზენტაციაზე თქვა, რომ ეს პორტრეტი მის პატივისცემას გამოხატავს ქართული კულტურის და ვახტანგ კიკაბიძის პერსონის, მისი შემოქმედების მიმართ.

მხატვარმა აღნიშნა, რომ პორტრეტი თბილისში პრეზენტაციის შემდეგ აუქციონზე გაიყიდება და თანხა საქართველოში ქველმოქმედებას მოხმარდება. მისივე თქმით, პორტრეტის სასტუმროს კოშკურაზე გამოფენა ასევე, შესაძლოა, გინესის რეკორდებშიც მოხვდეს.

ბუბა კიკაბიძის პორტრეტი „მერიდიანის“ კოშკურაზე. კადრი ვიდეოდან

პორტრეტის პრეზენტაციას ბათუმში ესწრებოდნენ ვახტანგ კიკაბიძის ოჯახის წევრებიც.

ვადის კრასოვსკი წლებია მონეტებით ხატავს, მან თავისი ორი მთავარი ჰობი – ნუმიზმატიკა და ფერწერა ამ ტექნიკაში გააერთიანა. შექმნილი აქვს სხვადასხვა ცნობილი ადამიანის პორტრეტი, მათ შორის: პიკასოს, მარგარეტ ტეტჩერის, სალვადორ დალის და ა.შ.

პრეზენტაცია „მერიდიანში“

როგორ დავიბრუნოთ გაქირავებული ბინა მარტივად? – ინტერვიუ კანონში ცვლილებაზე

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის დაკვირვებით, გაქირავებული ბინის უკან დაბრუნება განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გახდა პრობლემური. იურისტის თქმით, მას არაერთი მოქალაქე აკითხავს შეკითხვით: როგორ დაიბრუნოს ბინა, რომელიც გააქირავა?

გამოსახლებისთვის სასამართლო პროცესი აღარ იქნება საჭირო – ცვლილებები იუსტიციის მინისტრმა უკვე დააანონსა, თუმცა კანონპროექტი ჯერ არ არსებობს.

რა მოხდება ამ შემთხვევაში, როცა მოსამართლე გამოსახლების საქმეებს აღარ განიხილავს, ვინ დგება რისკის წინაშე და რა დრო დასჭირდება ამ დროს გამოსახლებას? -„ბათუმელებმა“ იურისტ თამარ წულუკიძესთან ამ თემაზე ინტერვიუ ჩაწერა, იგი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია.

  • თამარ, რა იცვლება არსებითად ბინის გამქირავებლებისთვის იმ სიახლით, რაც იუსტიციის მინისტრმა დააანონსა? 

გაქირავებული ბინის უკან დაბრუნება ძალიან აქტუალური პრობლემა გახდა მას შემდეგ, რაც ძალიან ბევრი მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან… ხშირია შემთხვევები, როცა გამქირავებელს ქირას არ უხდიან და უჭირთ საკუთრების დაცვა. იუსტიციის მინისტრის ინიციატივის მიხედვით, მარტივდება გამოსახლების აღსრულების პროცესი. ფაქტობრივად, როცა ხელშეკრულების პირობები ირღვევა, პირდაპირ იწყება აღსრულების პროცესი სასამართლოს გარეშე.

როგორც ინიციატივის ავტორმა გააჟღერა, ამ შემთხვევაში ხელშეკრულება რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს.

  • თუ ხელშეკრულების დადების დროს ორივე მხარე არ შეთანხმდება ამაზე, რომ სასამართლო აღარ განიხილავს დავას, მაშინ პირდაპირ აღსრულების პროცესი ვერ დაიწყება? 

მაშინ ვერა. რა ინფორმაციაც გვაქვს ამ ეტაპზე კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ მომზადებული არ არის, აუცილებელია ეს შეთანხმება ხელშეკრულებაში იყოს დაფიქსირებული.

ეს ხელშეკრულება უნდა დარეგისტრირდეს რეესტრში. როგორც წესი, დღევანდელი პრაქტიკით, ხელშეკრულებები აქამდე არ რეგისტრირდებოდა რეესტრში და იგი ზოგჯერ არაფორმალური სახით იყო წარმოდგენილი, ზოგიერთ შემთხვევაში ზეპირი ფორმითაც არის წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულება.

თამარ წულუკიძე
  • თუმცა ზეპირ ხელშეკრულებასაც აქვს იურიდიული ძალა. რა განსხვავებაა წერილობით და ზეპირ ხელშეკრულებებს შორის ამ შემთხვევაში? 

ზეპირ ხელშეკრულებასაც აქვს ძალა, რადგან ყველა ის პირობა გათვალისწინებულია რეალურად, რაც ხელშეკრულებას სჭირდება, თუმცა  ამ დროს  გაცილებით უფრო რთული სამტკიცებელია სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებები.

ის ფაქტი, რომ კონკრეტული პირი სახლში ცხოვრობს, ქმნის გარემოებას, რომ რეალურად მხარეებს შორის ხელშეკრულება არსებობს.

  • რა განსხვავებაა წერილობით ხელშეკრულებასა და რეესტრში დარეგისტრირებულ ხელშეკრულებებს შორის? 

იურიდიული ძალა მეტი აქვს რეესტრში გაფორმებულ ხელშეკრულებას. ეს არის ოფიციალური დადასტურება იმის, რომ ნამდვილად არსებობს მხარეებს შორის შეთანხმება. თუ აღსრულება უნდა მოხდეს ხელშეკრულების საფუძველზე და არა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ამისთვის აუცილებელია, სახელმწიფო ხედავდეს, რომ ეს ხელშეკრულება არსებობს.

  • თუ ხელშეკრულება არ იქნება დარეგისტრირებული რეესტრში, აღსრულების ბიურო უარს ეტყვის გამქირავებელს აღსრულებაზე? 

ამ შემთხვევაში მხარემ დიდი ალბათობით სასამართლოს უნდა მიმართოს და გაიაროს ის პროცედურა, რაც ახლა გვაქვს კანონმდებლობით განსაზღვრული.

თუმცაღა თუ ამ ხელშეკრულებაში ეწერება პირდაპირ ის, რომ ავტომატური აღსრულება უნდა მოხდეს, შესაძლოა, ამაზე იმსჯელოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ: რამდენად შეიძლება გამოიყენონ ხელშეკრულება, რომელიც რეესტრში დარეგისტრირებული არ იყო?

ჩვენს პრაქტიკაში არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ ქირავნობის ხელშეკრულების მხარეს გამარტივებული აღსრულება მოეთხოვა. როგორც წესი, მსგავს დავებს განიხილავს სასამართლო, ხოლო აღსრულების ეტაპზე ზოგიერთი მესაკუთრე წლობით ელოდება ბინის დაბრუნებას.

  • აღსრულების ბიუროს ხელში რეალურად რა სამართლებრივი ბერკეტებია იმისთვის, რომ დროულად გამოასახლოს დამქირავებელი, რომელიც ვალდებულებას ვერ ასრულებს?  

საუბარია ხშირად იმაზე, რომ სასამართლო პროცესი იწელება, თუმცა მნიშვნელოვანი პრობლემაა გამოსახლებაც, რაც არამხოლოდ ქირავნობის ხელშეკრულებას ეხება. ვფიქრობ, აღსრულების ნაწილიც უნდა გამოსწორდეს. მხოლოდ ხელშეკრულების რეესტრში დარეგისტრირება კი არა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების რეალურად განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს.

საიას მომართავენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ იბრუნებენ საკუთრებას, მაგალითად, 8 წელი ცხოვრობდა ოჯახი სხვის სახლში, ხოლო მესაკუთრე, რომელმაც შეიძინა სახლი, ვერ სარგებლობდა ამ ქონებით. აღსრულების ბიურო ვერ უზრუნველყოფდა ამ ოჯახის გამოსახლებას.

როგორც იცით, 2015 წლიდან აღარ ხდება საპოლიციო გამოსახლება, თუმცა არსებობს აღსრულების პოლიცია. ამის მიუხედავად, რიგ შემთხვევებში შედეგი ვერ დგება.

  • მიგაჩნიათ, რომ აღსრულების პოლიციის მუშაობის მექანიზმიც უნდა შეიცვალოს, რომ ეს პროცესი არ გაიწელოს? 

მგონია, რომ ამაზეც უნდა ვიფიქროთ, რადგან მხოლოდ გაჟღერებული ცვლილებით ის შედეგი ვერ დადგება, რასაც კანონპროექტი მიზნად ისახავს.

რაც არ უნდა იყოს, ძალადობა ყოვლად გაუმართლებელია. მგონია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისე ჩამოყალიბებული, ადამიანებს არ უწევდეთ იძულებით სხვის საცხოვრებელ სახლებში შესვლა. იპოთეკის ხელშეკრულებების დროს ბანკებს აუქციონებზე გააქვთ საცხოვრებელი სახლები, ოჯახები რჩებიან საცხოვრებელი სახლის გარეშე.

პრობლემა მოდის იქიდანაც, რომ ხშირად გაუმართლებელი და შეუსაბამო პირობები აქვთ ხელშეკრულებაში ჩაწერილი, მოქალაქეებს არ უხსნიან ხელშეკრულების შინაარს, ან უხსნიან, მაგრამ ეს იმდენად დამაბნეველია, ვერ იაზრებენ, ხელს რაზე აწერენ. საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ საკუთარი სახლის დატოვება უწევთ ადამიანებს.

სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ მოქალაქეებისთვის სესხის აღება არ იყოს ტვირთი, რომელიც საბოლოოდ მიიყვანს იქამდე, რომ სახლი დატოვონ.

  • აღსრულება პირდაპირ რომ დაიწყოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, გამოდის, რომ გამოსახლების პროცესი მაინც შეიძლება წლობით გაგრძელდეს? 

დიახ, ასეა. იცვლება ის, რომ მარტივად ადამიანებს შეეძლებათ პირდაპირ მივიდნენ აღსრულებაში და სასამართლო დავა აღარ დასჭირდებათ. ამ ცვლილებებით სასამართლო განხილვების დროს იგებს მოქალაქე.

  • თუმცა სასამართლო რგოლის ამოვარდნა, რამდენად სწორია? რა რისკების წინაშე დგებიან ამ დროს მხარეები? 

ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, იზრუნოს საკუთარი უფლებების დასაცავად და მიმართოს სასამართლოს. სასამართლო პროცესი გამოსახლების საქმეებზე იმიტომ ტარდება, რომ ორივე მხარემ სცადოს თავისი სიმართლის დამტკიცება სასამართლოს წინაშე.

ამ ცვლილებით კი, გამოდის, მესაკუთრის უფლება დაცული ხდება, კერძო სამართლის სუბიექტს კი, აღარ ექნება უფლება პასუხი გასცეს ოპონენტს. მაგალითად, სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, 3 თვის განმავლობაში თუ არ გადაიხადე ქირა, ამ შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს ქირავნობის ხელშეკრულება. შესაბამისად, შეიძლება, შეთანხმების პირობები დარღვეულია, მაგალითად, დამქირავებელს ორი თვე არ გადაუხდია ქირა, მაგრამ ხელშეკრულება არ წყდება, ამ დროს კი, ის პასუხს ვერ გასცემს ბინის გამქირავებელს.

  • აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არ უნდა გაარკვიოს, დაირღვა თუ არა ხელშეკრულება?

დიახ, ხელშეკრულება უკვე მათთან იქნება რეგისტრირებული და აღმასრულებელს შეეძლება ეს ნაწილი შეაფასოს. სადავო იქნება, რამდენად შეძლებს აღსრულების ეროვნული ბიურო შეაფასოს გადახდილი იყო თუ არა ქირა, ან რამდენი თვე არ გადაიხადა? ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების სისწორე უკვე აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაფასებელი იქნება.

ეს შემთხვევა თავისთავად შეიცავს რისკებს, რადგან კომპეტენტური პირი უნდა აფასებდეს, დაირღვა თუ არა ხელშეკრულება. ეს კომპეტენტური პირი არის მოსამართლე.

  • რაც შეეხება ფასებს: რა დაუჯდება ბინის გამქირავებელს ხელშეკრულების რეესტრში დარეგისტრირება? 

ქირავნობის რეგისტრაციის ტარიფი 4 სამუშაო დღეში 150 ლარია, 1 სამუშაო დღეში – 270 ლარი, იმავე დღეს – 350 ლარი.  ასევე, ამ შემთხვევაში, ბინის გამქირავებლები იხდიან შესაბამის გადასახადს ბინის გაქირავებისთვისაც.

მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეები შემოდიან საქართველოში, ხშირად მოდიან მოქალაქეები და კითხულობენ: როგორ დავიცვათ თავი? ჩვენ ვთავაზობთ, რომ ნოტარიულად დაამოწმონ ხელშეკრულება და რეესტრში დაარეგისტრირონ. ეს არის დამატებით დაზღვევის გარანტია, რადგან სასამართლო დავის შემთხვევაში, უფრო მარტივია ვიდავოთ, როცა ოფიციალური სახე აქვს დოკუმენტს. ამ დროს მეორე მხარე ვერ გახდის სადავოდ, მაგალითად, იმას, რომ ხელშეკრულება არსებობს, ან რამე განსხვავებული პირობა ხომ არ არსებობს.

  • რას ურჩევდით მხარეებს, როგორც გამქირავებელს, ისე ბინის დამქირავებელს, რა არ უნდა გამოეპაროთ?

ხელშეკრულებაში უნდა გაითვალისწინონ ყველა არსებითი პირობა, ასევე, გაწერილი უნდა იყოს მკაფიოდ: რა შედეგი დადგება, თუ რომელიმე მხარე არ შეასრულებს ხელშეკრულების პირობებს. სასურველია, რომ ხელშეკრულება იყოს წერილობითი ფორმით და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

რაც შეეხება შემთხვევებს, როცა გამქირავებელი ვერ იბრუნებს საკუთარ ბინას, სახელმწიფო ხშირად ვერაფერს აკეთებს, რომ ეს ადამიანები დაიცვას. ამ ეტაპზე შესაძლებელია ის, რომ გამუდმებით მოითხოვონ აქტიურობა აღსრულების ეროვნული ბიუროდან, ხოლო თუ აღმასრულებელი არ აქტიურობს, მოითხოვონ აღმასრულებლის შეცვლა.

  • როცა გაქირავებულ ბინას ვეღარ იბრუნებ, რა არის სამართლებრივად სწორი: მაგალითად, საკეტის გამოცვლა, ან ბინაში დენის გათიშვა… 

ძალადობის გარდა, ყველა მეთოდი შეიძლება იყოს გამართლებული, თუნდაც საკეტის შეცვლა და ყოფილა კიდეც ასეთი შემთხვევები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, უკვე არსებობდეს სასამართლოს გადაწყვეტილება გამოსახლებაზე.

როცა მესაკუთრე შედის საკუთარ ბინაში, მნიშვნელოვანია, არ დააზიანოს დამქირავებლის ნივთები. მართალია, ამ დროს ბინა სხვის დროებით მფლობელობაშია, მაგრამ ეს უკანონო მფლობელობაა.

რაც შეეხება კომუნალური სერვისის მიწოდების შეწყვეტას, ამ მეთოდსაც ასევე ხშირად მიმართავენ, თუმცა ბინის მფლობელს აქვს უფლება მოითხოვოს, მაგალითად, ელექტროენერგიის აღდგენა და მოუთხოვიათ კიდეც. არის შემთხვევები, როცა მეზობლებიდან გადაჰყავთ დენი.

რიკოთზე ყველაზე გრძელი, 1800 მეტრი სიგრძის გვირაბი გაიჭრა – გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებული გვირაბის პარალელურად ახალი გვირაბი გაიჭრა. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გაჭრილი ახალი გვირაბის სიგრძე 1800 მეტრია და დღეის მდგომარეობით, ყველაზე გრძელი გვირაბია ქვეყანაში.“

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გაჭრილი ახალი გვირაბის სიგრძე 1800 მეტრია / ფოტო: გზების დეპარტამენტი / 22.11.2023

დეპარტამენტის ინფორმაციითვე, ამავე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო ახალ, 2.4 კმ-იან გზაზე. ძველ საგზაო მონაკვეთზე კი, გაგრძელდება პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები.

„ამ დროისათვის, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან  უკვე გაჭრილია 50 გვირაბი და 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 83 ხიდი. აქედან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან, 4 ზოლიან მონაკვეთზე სოფელ ხევიდან და დაბა შორაპნამდე. ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) და მსოფლიო ბანკთან (WB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს.“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

რაც შეეხება რიკოთზე, არსებული გზის 149-ე კილომეტრს –

„წლის დასაწყისში, მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი იქნა მეწყრის პოტენციური კერა ძველ გზასთან 200 მეტრის მოშორებით, რის გამოც გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და დაწესდა სპეციალური რეჟიმი. ღონისძიებები გრძელდება იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში გაუქმდეს რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ტრანსპორტისთვისაც. პარალელურად კი, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები აღნიშნული ფერდის დამუშავებისთვის საჭირო სამუშაოებზე, რაც არ იყო გათვალისწინებული არც პროექტით და არც სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

ამ ფერდის გასამაგრებლად დეპარტამენტს ტენდერი 63,9 მილიონი ლარით აქვს გამოცხადებული.

ამ თემაზე ვრცლად:

რიკოთზე მეწყრული ფერდის გასამაგრებლად ბიუჯეტიდან 63,9 მილიონი ლარი დაიხარჯება

 

თიბისი განაწილებას ახალი ფუნქციონალი დაემატა

თიბისი განაწილება გადახდის ალტერნატიული შესაძლებლობაა, რომლის დახმარებითაც ნივთის ღირებულების გაყოფა შესაძლებელია 4 ტოლ ნაწილად, საპროცენტო განაკვეთისა და დამატებითი საკომისიოს გარეშე.

პირველად საქართველოში, თიბისი განაწილებას ახალი, ინოვაციური ფუნქციონალი დაემატა, რომლის გამოყენებითაც, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, დაიბრუნონ მათ მიერ გადახდილი ტრანზაქცია და საფასურის გადახდა 4 თვეზე გადაანაწილონ.

აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა ძალიან მარტივია. ამისთვის საჭიროა, დაიმტკიცოთ განაწილების ლიმიტი ციფრულ ბანკში, განხორციელებული ტრანზაქციებიდან შეარჩიოთ ის ტრანზაქცია, რომლის დაბრუნებაც გსურთ და დააჭიროთ ღილაკს „ტრანზაქციის განაწილება“. წესების გაცნობისა და დათანხმების შემდეგ, თანხა ანგარიშზე დაგიბრუნდებათ და მის განაწილებას 4 თვეზე შეძლებთ. განაწილების გასაკეთებლად, მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქციის გადახდიდან არ იყოს გასული 14 დღეზე მეტი.

განაწილების ძირითადი პირობები:

  • პროდუქტის საფასურის განაწილება შესაძლებელია 4 თვეზე
  • განაწილებისას 100-დან 5000 ლარამდე თანხა მომენტალურად დაგიბრუნდება
  • წინსწრების საკომისიო – 0%
  • გაცემის საკომისიო – 0%
  • თვიური საპროცენტო განაკვეთი – 1%
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 21.44%
  • მაგალითად, 100 ლარიანი ტრანზაქციის განაწილების შემთხვევაში თვეში მოგიწევს 26 – 26 ლარის გადახდა – ჯამში 104 ლ.

ნუ დაელოდები ხელფასს, გამოიყენე თანხა შენი სურვილების შესასრულებლად – საოცნებო შვებულებისთვის, მოულოდნელი ხარჯებისთვის ან უბრალოდ ფინანსების ეფექტურად სამართავად.

გადმოდე ყიდვა, გადადე გადახდა და გაიმარტივე ცხოვრება თიბისი განაწილებით.

რუსეთმა მკვეთრად გაზარდა საჰაერო დარტყმების რაოდენობა ავდიივკასთან

რუსეთის ძალებმა მკვეთრად გაზარდეს იერიშებისა და ავიადაბომბვების რაოდენობა ავდიივკას მიმართულებაზე, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“ ადგილზე მოქმედი ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების, „ტავრიას“ ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ტარნავსკიზე დაყრდნობით.

ტარნავსკის განცხადებით, რუსეთმა ამ მიმართულებაზე  ჩაატარა 1 სარაკეტო და 29 ავიადარტყმა, 38-ჯერ შევიდა ბრძოლაში და 911-ჯერ დაიწყო არტილერიული დაბომბვა.

„გაიზარდა მტრის დანაკარგი ცოცხალ ძალასა და ჯავშანტექნიკაში. ჩვენი მცველები მედგრად იცავენ თავს ავდიივკას მიმართულებაზე“, – ამბობს ის.

უკრაინული მხარის ცნობით, „ტავრიას“ მოქმედების ზონაში რუსეთის დანაკარგებია 491 ჯარისკაცი. კიდევ შვიდი ტყვედ ჩაბარდა უკრაინელებს.

რაც შეეხება ტექნიკას, ტარნავსკის თქმით, განადგურებულია რუსეთის სამი ტანკი, ერთი ანტისატანკო-სარაკეტო კომპლექსი, ექვსი დრონი, ოთხი ავტომანქანა და ოთხი სხვადასხვა სახის სპეცტექნიკა. ასევე, განადგურებულია ტყვია-წამლის სამი საწყობი.

ხვალ ისევ გაავდრდება, მოსალოდნელია წვიმა და ზოგან ძლიერი თოვა – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ, 23 ნოემბერს, დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში ისევ გაავდრდება.

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში – თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ზვავსაშიშროება.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროებისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე სოფელში დენი ისევ არ არის

ხულოსა და შუახევის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიწოდება.

როგორც ხულოს სოფელ წაბლანას მკვიდრმა, ბეგლარ შაინიძემ გვითხრა, შუქი ამ დრომდე არ არის წაბლანასა და მეზობელ სოფლებში.

მაღალმთიან აჭარაში გუშინ, 21 ნოემბერს, დილით დაიწყო თოვა, თუმცა ადგილობრივების თქმით, დღეს დილიდან გამოიდარა.

„მაღალმთიან აჭარაში მოსულ უხვ ნალექს მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვები არ გამოუწვევია. მცირე შეფერხებებია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში. კომპანიის ტექნიკური ბრიგადები აქტიურად მუშაობენ ყველა შემთხვევაზე. დღის ბოლომდე დარჩენილ მცირე ნაწილს აღუდგება ელექტრომომარაგება.

ამ დროისთვის, მაგალითად, მცირე შეფერხება გვაქვს ჭვანის ხეობაში, ასევე, ღორჯომის და დიდაჭარის მიმართულებით“, – მოგვწერეს ენერგო-პრო ჯორჯიადან.

აქცია ბათუმში – რას ითხოვს ბაგრატიონის 127-ში მცხოვრები მოსახლეობა

დღეს, 22 ნოემბერს, ბათუმში აქციას მართავს ბაგრატიონის N127-ში მცხოვრები მოსახლეობა.

ამ მისამართზე მდებარეობს ავარიული კორპუსი, სადაც მცხოვრებ მოსახლეობას, სულ 128 ოჯახს, არაერთი პრობლემა აქვს, რაც აქციის მიზეზი გახდა.

მოსახლეობის თქმით, გარდა იმისა, რომ მათი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, მას შემდეგ, რაც სამშენებლო კომპანია „ორბმა“ აქ მშენებლობა დაიწყო, სახლზე დამატებითი ბზარები გაჩნდა, სახლი ირყევა და აქ ცხოვრება კიდევ უფრო სახიფათო ხდება.

გარდა ამისა, მოსახლეობის თქმით, „ორბი“ მშენებლობის საძირკვლიდან ტექნიკურ წყალს ქაჩავს და  მათ ეზოში უშვებს, რის შედეგადაც ავარიული კორპუსის სარდაფი წყლით ივსება.

მოსახლეობა ამბობს, რომ სახლის ავარიულობის გარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვთ, რის მოგვარებასაც საკუთარი ძალებით ვერ შეძლებენ.

ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა მოშლილი საკანალიზაციო სისტემა, რომელიც სარდაფში ჟონავს. გარდა ამისა, კორპუსს არ აძლევენ გაზის შეყვანის უფლებას.

აქ გვითხრეს, რომ გაზის მილი კორპუსთან არჩევნების წინ მიიყვანეს, თუმცა შემდეგ სამუშაოები შეჩერდა და ახლა ბაგრატიონის 127-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი შეშის ღუმელით თბება, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, დიდია ელექტროენერგიის გადასახადიც, სახლში კი ბევრი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს.

აქციაზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აქციის შეწყვეტას არ აპირებენ მანამ, სანამ მათთან ბათუმის მერიიდან არ მივა მაღალჩინოსანი, გადაწყვეტილების მიმღები პირი, რომელიც მათ კონკრეტულ ვადასა და პრობლემების მოგვარების გზაზე დაელაპარაკება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა ამბობს, რომ გზას გადაკეტავენ.

აქციის მიმდებარედ იმყოფება პოლიციის ერთი ეკიპაჟი.

ამავე თემაზე:

„გადავკეტავთ ქუჩას“ – ბათუმში ავარიულ სახლში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

 

როგორ მუშაობს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი ბათუმში შშმ პირებისა და ოჯახების დასახმარებლად

21 ნოემბერს, ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში, USAID საქართველოსა და ცენტრის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი, ცენტრის ხელმძღვანელი რამინ მაჭარაშვილი, ბათუმის მერიის წარმომადგენლები და ცენტრის 10-მდე ბენეფიციარი.

ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი შშმ პირების მიერ დაფუძნებული, შშმ პირთა და ოჯახის წევრთა უფლებადამცველი ორგანიზაციაა.

USAID-ის პროგრამის – „დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში“ მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და მდგრადი მომსახურების მიწოდების გზით.

შეხვედრაზე გაჟღერდა ცენტრის ხელმძღვანელისა და ბენეფიციარების მოსაზრებები ცენტრის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. ცენტრის ბაზაზე არსებობს მშობლების კლუბიც, სადაც შშმ პირთა მშობლები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას.

ცენტრის ხელმძღვანელის, რამინ მაჭარაშვილის თქმით, ცენტრი სხვადასხვა სერვისებზე წვდომის გაზრდასთან ერთად იკვლევს შშმ ადამიანების საჭიროებებსაც და უზიარებს რეკომენდაციებს ადგილობრივ ხელისუფლებას.

„ის პრობლემები, რაც დგას აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წინაშე, მიგვაქვს შესაბამის ადრესატებთან. ჩვენ სისტემატურ შეხვედრებს ვმართავთ ბათუმის მერიის შესაბამის უწყებებთან. მაგალითად, ბათუმის ავტოტრანსპორტთან წლებია უკვე ვთანამშრომლობთ და ვუწევთ კონსულტაციებს სხვადასხვა საკითხზე.

მაგალითად, ჩვენი ჩართულობით მოხდა ადაპტირებული ტრანსპორტის შემოყვანა და გაჩერებებისთვის ხმოვანი სისტემის დანერგვა.

ასევე, ბათუმის პლაჟი წლების განმავლობაში იყო მიუწვდომელი ეტლით მოსარგებლეებისთვის და ბოლო 2-3 წელია ამ კუთხით პროგრესი გვაქვს, რამდენიმე ლოკაცია არის უკვე პლაჟზე, სადაც ეტლით მოსარგებლეს შეუძლია ზღვაში შესვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური გარემო უფრო მეტად ადაპტირებული ხდება შშმ პირებისთვის, ჯერ კიდევ ბევრი რამეა ამ მხრივ გასაკეთებელი. მაგალითად, ტროტუარების ადაპტირება, რადგანაც ხშირად ბორდიური მაღალია და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მათ შორის დედები, რომლებსაც ბავშვები დაჰყავთ ეტლით, ვერ ადიან სავალი ნაწილიდან ტროტუარზე“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

რამინ მაჭარაშვილი

შეხვედრაზე შშმ ბავშვების მშობლებმა ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რასაც ცენტრი მათ და მათ შვილებს აძლევს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის არსებობა, რადგან მთელ რიგ პრობლემებს ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ეს ცენტრი გვეხმარება ამ პრობლემების აღმოფხვრაში და დიდ დახმარებას გვიწევს ჩვენ, მშობლებს. ეს იქნება ფსიქოლოგიური დახმარება, მორალური თუ ასე შემდეგ“ – ამბობს ნათია მსხალაძე.

სოფიკო მარკოიძე, ნატალი დავითაძე და ნათია მსხალაძე

შეხვედრას ესწრებოდა USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში. ეს არის ერთ-ერთი იმ ექვსი ცენტრიდან, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს. ეს ცენტრი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ აწვდის ინფორმაციას და რესურსებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის და საზოგადოებას უზიარებს ინფორმაციას, რაც საჭიროა ამ მხრივ ცნობიერების გასაზრდელად.

USAID-ი ამაყობს, რომ 30 წელზე მეტია მხარს უჭერს საქართველოს გაძლიერებას ეკონომიკისა და უსაფრთხოებისა და დემოკრატიის კუთხით, ამაში კი ჩართული უნდა იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის პირებიც და ეს პროცესი მთლიანად ინკლუზიური უნდა იყოს. მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ამ პროგრამას” – აღნიშნა ჯონ პენელმა.

ჯონ პენელი

„USAID-ის დახმარებით მოხდა საქართველოში ამ მოდელის შემუშავება. ეს ცენტრები გამოირჩევა იმით, რომ თვით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მშობლებს, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილები, შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანებს სხვადასხვა სერვისების მიღების კუთხით.

ეს გულისხმობს როგორც განათლების მიღებას, ასევე დასაქმებას და ჯანმრთელობის სერვისებთან დაკავშირებულ საკითხებს, ყველაფერს, რაც ესაჭიროება ადამიანს ნორმალური ცხოვრებისათვის. ასეთი ცენტრი საქართველოში არის 6 და ეს ცენტრები სრულად არის შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან, ამ ცენტრების მოდელის შემუშავება ჯანდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად მოხდა.

სწორედ ამ ცენტრების მოდელის მიხედვით შემუშავდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სტანდარტები და აუცილებლად უნდა იყოს გახსნილი მსგავსი ცენტრი ყველა მუნიციპალიტეტში” – ამბობს თამარ სირბილაძე, USAID-ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.

თამარ სირბილაძე

დიდი ოდენობით ყალბი 100 დოლარიანების გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე დაკავებულია ოთხი პირი.“

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გაასაღეს 29 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისგან, დამატებით ამოღებულ იქნა 2-ცალი 100-დოლარიანი და 1-ცალი 50 ევროს ნომინალის ყალბი კუპიურები.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 320 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850]
  • ტანკი – 5 446 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 10 188 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 7 769 ერთეული [+17]
  • MLRS – 899 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 589 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 784 ერთეული [+13]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 564 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 159 ერთეული [+25]
  • სპეცტექნიკა – 1 105 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 537 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 9 095 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 539 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 185 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 145 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 507 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

როცა ხელები ხშირად გიცივდებათ – კიდევ რა მიგვანიშნებს სისხლის მიმოქცევის პრობლემაზე

რა სიმპტომები მიგვანიშნებს სისხლის მიმოქცევის პრობლემაზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის” სისხლძარღვთა ქირურგს, არჩილ სიგუას ესაუბრა. მისი თქმით, ჯანმრთელობის ამ პრობლემასთან გასამკლავებლად საწყის ეტაპზე ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვებაც შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს, სიმპტომები კი საკმაოდ მარტივი ამოსაცნობია.

  • ბატონო არჩილ, რა ფუნქცია აკისრია სისხლის მიმოქცევის სისტემას?

სისხლის მიმოქცევის სისტემა ამარაგებს მთელ სხეულს სისხლით. გული, თირკმლები, ღვიძლი, ტვინი, ხელი თუ ფეხი – ყველა ორგანოს აქვს თავისი სისხლძარღვთა სისტემა, რომლის მეშვეობითაც ორგანოს მიეწოდება სისხლი, რომელიც გახლავთ ერთგვარი საკვები [ორგანოებისთვის] ჟანგბადისა და სხვა საკვები ელემეტების სახით.

  • რა იწვევს სისხლის მიმოქცევის სისტემის გაუარესებას?

სისხლის მიმოქცევის პრობლემა შესაძლოა იყოს ორი ტიპის – მწვავე ან ქრონიკული.

მწვავეა, როცა ადამიანს ნორმალური მდგომარეობის დროს ეწყება სისხლის მიმოქცევის ძლიერი დეფიციტი ანუ სისხლის რაოდენობა, რომელიც მანამდე მიდიოდა, ვთქვათ, კიდურში, მწვავედ შეწყდა. რადგან ეს ხდება უეცრად და სწრაფად, სხვადასხვა ორგანოს უკმარისობის პროცესი უფრო მწვავედ მიმდინარეობს, იწვევს მდგომარეობის სწრაფ გაუარესებას, რაც საჭიროებს უფრო სწრაფ რეაგირებას.

სისხლის ქრონიკული უკმარისობის დროს არტერიის ან ნებისმიერი სისხლძარღვის დახურვის პროცესი მიდის ნელ-ნელა, მწვავესგან განსხვავებით ეს უფრო ხანაგრძლივი პროცესია. ნელ-ნელა ვითარდება ფოლაქი არტერიაში ან ნელ-ნელა ვიწროვდება სისხლძარღვი – 5%, 10%, 15% და ა.შ., სანამ სისხლძარღვი არ დაიხურება იმ დონეზე, რომლის დროსაც ამა თუ იმ ორგანოს ექმნება დეფიციტი, რის გამოც უკვე ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს. აქ უკვე პაციენტს ეწყება სიმპტომები. 

  • რა უწყობს ხელს სისხლის მიმოქცევის გაუარესების ქრონიკულ პროცესს?

ქრონიკული არტერიული გაუვალობის განვითარებაში ბევრი ფაქტორია ჩართული, თუმცა ძირითადი რომ დავასახელოთ, პირველ რიგში, ეს არის არაჯანსაღი ცხოვრების წესი. დღეს, 21-ე საუკუნეში, ისეთი ცხოვრების რეჟიმი გვაქვს, რომელშიც ადამიანი ცოტას მოძრაობს, არ ვიკვებებით ჯანსაღად, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს მავნე ჩვევები – თამბაქოს, ალკოჰოლის მოხმარება – ეს ყველაფერი ზრდის ქრონიკული პროცესის განვითარების რისკფაქტორს. 

რაც შეეხება დაავადებებს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლძარღვების შევიწროების პროცესს, ეს არის პირველ რიგში შაქრიანი დიაბეტი და არტრიული ჰიპერტენზია, ორივე დაავადება თუ არ არის კონტროლირებადი, მაშინ პროცესები უფრო ჩქარა ვითარდება. თუ პაციენტი დიაბეტის ან ჰიპერტენზიის დიაგნოზით აკონტროლებს მდგომარეობას, იღებს წამლებს და დაშვებულ ნორმებში აქვს მაჩვენებელები, მაშინ არტერიების შევიწროება უფრო ნელა მიმდინარეობს. 

ასევე, დიდი მნიშვენელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორს, კერძოდ, ჰქონდა თუ არა ოჯახში ვინმეს არტერიული უკმარისობის პრობლემები. 

  • რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ ხელისა და ფეხის თითების ხშირი სიცივე მიანიშნებს სისხლის მიმოქცევის პრობლემებზე?

სიცივის შეგრძნება ზედა ან ქვედა კიდურებში მაშინ, როცა სხვებს არ სცივათ ან ზოგადად სითბოა, საწყისი ნიშანია ამ პრობლემის.

როცა სითბოში ადამიანს სცივა, მაგალითად, ფეხებზე, იმატებს წინდებს, მაგრამ მაინც ვერ თბება, პირველ რიგში, გვაფიქრებინებს, რომ ეს სისხლძარღვების პრობლემიდან მომდინარეობს.

არის სხვა დაავადებებიც, რომელთაც ეს სიმპტომი აქვს, მაგრამ ძალიან ხშირად სისხლის მიმოქცევის პრობლემაა და ეს არის ნიშანი, რომ მიხვიდეთ ექიმთან და გამოიკვლიოთ, ჰყოფნის თუ არა სისხლის მიმოქცევა ამ კიდურს, რომელიც გეყინებათ, სანამ პრობლემა საწყის ეტაპზეა.

  • სხვა რა სიმპტომები აქვს სისხლის მიმოქცევის პრობლემებს?

მაგალითად, თუ ქვემო კიდურებში სისხლის მიმოქცევის პრობლემაა, ეს გამოხატულია გარდამავალი კოჭლობით. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ პაციენტს ეწყება ტკივილი ან დისკომფორტი წვივებში, რაც აჩერებს მას. მაგალითად, გაივლის 500 მეტრს, უნდა გაჩერდეს და მოისვენოს, რადგან ფეხი არ უშვებს, კიდევ გაივლის რაღაც მოკლე დისტანციას – ისევ უნდა გაჩერდეს და დაისვენოს.

ასევე, შეიძლება იყოს, მგრძნობელობის დაქვეითება – ეს უფრო დიაბეტისა და ათეროსკლეროზული ცვლილებების დროს ერთად. მაგალითად, როცა პაციენტი ვერ გრძნობს, აცვია ფეხზე წინდა თუ არა. 

საქმე ის არის, რომ ამ დროს სისხლის ნორმალური რაოდენობა არ მიეწოდება ქსოვილებს. სითბოს ორგანიზმში მატარებელია სისხლი, თუ სისხლი არ მიდის სისხლძარღვში, მაშინ ქსოვილი ვერ თბება.

Cleveland Clinic – შეიძლება იგრძნოთ ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტა ან სიცივე სხეულის იმ ნაწილებში, რომლებსაც ცუდი ცირკულაცია აქვს. ხშირად, სისხლის არასათანადო მიმოქცევის სიმპტომები გავლენას ახდენს ფეხებზე, ხელებზე, ხელის თითებზე, ტერფებსა და ფეხის თითებზე.

სხვა სიმპტომებია:

  • კუნთების ტკივილი ან სისუსტე სიარულის დროს;
  • ჩხვლეტის შეგრძნება კანზე;
  • ფერმკრთალი ან მოლურჯო ფერის კანი;
  • ხელის ან ფეხის თითების სიცივე;
  • დაბუჟება;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • შეშუპება;
  • ამობურცული ძარღვები.

 

  • რა პრობლემებს იწვევს სისხლის მიმოქცევის გაუარესება გრძელვადიან პერსპექცტივაში?

სისხლის მიმოქცევის პრობლემა ხანგრძლივ პერიოდში იწვევს ამა თუ იმ ორგანოსთვის სისხლის დეფიციტს, რაც შემდგომ უკვე მოიტანს ცვლილებებს ამ ორგანოში, სისხლის მიმოქცევის პრობლემიდან ვითარდება ამა თუ იმ ორგანოს დაავადება და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაც კი. 

მაგალითად, თუ სისხლის მიმოქცევის პრობლემაა ქვედა კიდურში და დროთა განმავლობაში მატულობს პრობლემა, საბოლოოდ შეიძლება მოიტანოს განგრენა. თავის ტვინში თუა სისხლის მიმოქცევის პრობლემა, სადაც შევიწროებულია სისხლძარღვი და რამდენიმე წელი ნაკლებობაა სისხლის, ნელ-ნელა ფოლაქი ჩნდება, კიდევ უფრო ქვეითდება სისხლის ნაკადი და შეიძლება შედეგი იყოს იშემიური ინსულტი ან [ვასკულარული] დემენცია; კორონარული არტერიის დავიწროება, რომელიც კვებავს გულის კუნთს, იწვევს საბოლოოდ ინფარქტს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. 

  • რა შეგვიძლია გავაკეთოთ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად?

ეს არის სწორი კვება, აქტიური ცხოვრება და უარი მავნე ჩვევებზე. ზოგი ფიქრობს, რომ სამსახურში სიარული, დიდ ხანს ფეხზე დგომა აქტივობაა, მაგრამ ეს ასე არ არის. აქტივობა არის გაისეირნო, იარო ფეხით, სამსახურის მერე კი არ წამოვწვეთ, არამედ დავტვირთოთ კუნთები თუნდაც ნელი სიარულით, ვისუნთქოთ ჟანგბადი.

კვებას რაც შეეხება, ძალიან გვიჭირს, შეიძლება გემრიელ საჭმელს მივირთმევდეთ, მაგრამ ცხიმიანს, ცომიანს, შაქრიანს და შესაბამისად – მავნეს. საბოლოოდ ამ არასწორი კვებით წონაში ვიმატებთ და ქოლესტერინს ვაგროვებთ, მაშინ როცა სწორი, ანუ ჯანსაღი კვებით ნამდვილად შეგვიძლია დავეხმაროთ სისხლძარღვებს. 

და რა თქმა უნდა უარი უნდა ვთქვათ მავნე ჩვევებზე – თამბაქოს მოწევასა და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე. ეს არის მკურნალობა ექიმის გარეშე.

რაც შეეხება ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობას, ის ძირითადად მედიკამენტურია. მართალია, ყველა სიტუაცია ინდივუდუალურია, თუმცა ბევრ წამალს მაინც არ ვნიშნავ, ეს შეიძლება იყოს ძირითადად სამი ტიპის მედიკამენტი: სისხლის გამათხელებელი, ცუდი ქოლესტერინის დამაქვეითებელი და მესამე – მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი პრეპარატი. 

კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები მიატოვა ოჯახმა და სახელმწიფომაც – პედაგოგი

„მთავარი პრობლემა იწყება ოჯახიდან. ვისთანაც შეხება მქონია, ოჯახისგან მიტოვებული ბავშვები არიან და გარკვეულწილად, სახელმწიფოსგანაც“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მენტორი მასწავლებელი კახა გალდავა. ის 7 წელი სამტრედიის მე-15 საჯარო სკოლაში მუშაობდა, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი და ე.წ. რთული ქცევის ბავშვები სწავლობდნენ.

პედაგოგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბავშვებზე სხვადასხვა დაწესებულებას აქვს პასუხისმგებლობა აღებული, ისინი მაინც დაკარგულ ბავშვებად მიიჩნევიანნ, რადგან მათი სოციალიზაცია სათანადოდ ვერ ხერხდება.

ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, 2010-2022 წლებში განრიდებაში [არასრულწლოვანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმა] მოხვდა 4 156 არასრულწლოვანი. პროკურატურის მონაცემებით, 2022 წელს, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია 18-იდან 21 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რიცხვი.

2022 წელს 585 არასრულწლოვანი იყო კანონთან კონფლიქტში. აქედან 47 გოგოა. „ბათუმელებისთვის“ უცნობია, მათგან რამდენ მოზარდს ჰქონდა პრობლემები ოჯახში, რაც, შესაძლოა, მათი კანონთან კონფლიქტის მიზეზი გამხდარიყო.

პედაგოგი კახა გალდავა „ბათუმელებთან“ საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს. მისი ყოფილი მოსწავლეები სწორედ კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები იყვნენ. 

„სამტრედიის სკოლას, რომელიც ყველაზე მეტად ახერხებდა ამ ბავშვებთან მუშაობას და ეხმარებოდა მათ როგორც ფსიქო-სოციალური უნარების განვითარებაში, ასევე პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში, რეფერირების წესი შეუწყდა, ბავშვები კი დღის ცენტრებში გადამისამართდნენ.

ბავშვს უნდა ჰქონდეს ყველაფერი. უნდა ჰქონდეს ბავშვობა და ის ფაქტი, რომ ბავშვები რჩებიან ქუჩაში, საჭმლის გარეშე, მეურვის გარეშე, ეს გარემოება მათ უბიძგებს არა მარტო რთული ქცევისკენ, არამედ, თუნდაც ქურდობისკენ“ – ამბობს კახა გალდავა.

მისი აზრით, იმაზე, რომ ბავშვი ხდება რთული ქცევის, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მშობელს, ასევე მასწავლებელს და სკოლას, საზოგადოებას და პირველ რიგში – სახელმწიფოს.

„როდესაც ბავშვს შია, ის აუცილებლად დაარღვევს წესს“

„მშობელს იმიტომ, რომ ხშირად მამა არის მოძალადე და სცემს ბავშვს, ან დედა ცხოვრობს მოზარდისთვის არასასურველი ცხოვრებით და ამის გამო გარბის ბავშვი ოჯახიდან, ან ხვდება, რომ ის არასასურველია მშობლისთვის ჯერ კიდევ დაბადებამდე. მერე ტოვებენ ბავშვთა სახლში და ბავშვს უწევს მძიმე გზის გავლა.

როცა მოზარდი განიცდის მშობლისგან დისტანცირებას, ოჯახური სითბოსა და სიმყუდროვის მიღმა რჩება, ჩვენ რაც არ უნდა შევეცადოთ, ეს ტრავმა მაინც რჩება მასში“- ამბობს კახა გალდავა და ერთ ისტორიას გვიყვება, რაც ნათლად აჩვენებს ოჯახისგან უარყოფის სიმძაფრეს.

„ერთ-ერთ რეგიონში ჩავიყვანე მოსწავლე, რომლის მეურვეებიც იყვნენ ძმა და რძალი. როცა დაგვინახა ძმამ, მითხრა – რა ჯანდაბად მინდოდა ეს ახლა, აქ რომ ჩამომიყვანეო.

წარმოიდგინეთ, ვსაუბრობთ 14 წლის ბავშვზე, რომელიც ძმისთვის არის არასასურველი და როგორ ფიქრობთ, 18 წლის რომ გახდება ეს ბავშვი, მერე იქნება ოჯახისთვის სასურველი?“ – ამბობს პედაგოგი.

ის ჩვენთან საუბარში კიდევ ერთი ბავშვის ისტორიას იხსენებს, რომელიც არც კი იცნობდა ოჯახის წევრებს.

„ეს ბავშვი მეუბნებოდა, არ დარჩენილა საქართველოში დაწესებულება, სადაც არ ვიყავიო. ერთადერთი კითხვა მაწუხებს, მინდა დედაჩემი ვნახო, გავიცნო და ვკითხო – რა დავაშავე რომ გამაჩინე, მე ასეთი ბედი არ დამიმსახურებიაო. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ბავშვები გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, თუ მათთან არ მოხდა მუდმივი მუშაობა და მათი ფსიქო-ემოციური რეაბილიტაცია“ – ამბობს კახა გალდავა.

მისი თქმით, ბავშვები არ იბადებიან რთული ქცევით, ამას აყალიბებს საზოგადოება და ამაზე მეტყველებს სწორედ ის შვიდწლიანი პრაქტიკა, რომელიც მან ბავშვებთან გაატარა.

ბავშვები ქუჩაში. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელების“ არქივი

რატომ სკოლა? – სკოლა იმიტომ, რომ ხშირად საჯარო სკოლებში არასწორად ხდება ჩარევა, მანდატურზე გადაცემა ბავშვის და შემდეგ იწყება დამატებითი სირთულეები. ყველა ბავშვის სპეციალურ სკოლაში მოხვედრა იყო საზოგადოების არასწორი, არაადეკვატური ჩარევის შედეგი.

დღეს ჩვენ სკოლებში ვსაუბრობთ ემპათიურ სწავლებაზე, სოციალური თუ ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერაზე და სწორედ ის არის თანაგანცდა, როცა მოსწავლე ხედავს, რომ მისი ტკივილი გაიზიარე.

სწორი ჩარევა ყოველთვის იძლევა სასურველ შედეგს, მაგრამ ბავშვობის ტრავმების და ფსიქოლოგიური ზიანის კომპენსირება მაინც ვერ ხერხდება და რჩება ამ ბავშვებში“ – გვეუბნება პედაგოგი.

მისი თქმით, მშობლებსა თუ მასწავლებლებს ხშირად გვგონია, რომ კარგად გვესმის ბავშვის საჭიროებები, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის.

„აუცილებელია, ჯერ მოხდეს ბავშვის რეალური საჭიროებების იდენტიფიცირება, რომ შემდეგ სწორად ვიმოქმედოთ. თუ ეს არ მოხერხდა, აუცილებლად გაგვექცევა ხელიდან ბერკეტი და მივიღებთ იმ არასასურველ შედეგს, რასაც ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება შემდეგ, რომ გამოსწორდეს“- ამბობს კახა გალდავა.

მისი აზრით, ბავშვი, რომელიც ქუჩაში რჩება მშობლის, მეურვის გარეშე, ეტაპობრივად შეიძლება გახდეს დანაშაულისკენ მიდრეკილი, თუ არ მოხდება ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც ასი პროცენტით აიღებს მასზე პასუხისმგებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის სპეციალიზებული სკოლების არსებობას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, კახა გალდავა მიიჩნევს, რომ მსგავსი დაწესებულების არსებობა მოცემულ მდგომარეობაში გამოსავალია: 

„ის დღის ცენტრები, რომლებიც არსებობს საქართველოში და სადაც იმყოფებიან თუნდაც ჩვენი ყოფილი სკოლიდან გადამისამართებული ბავშვები, ვერ ასრულებენ ბოლომდე პასუხისმგებლობას და ამიტომ გამოდიან ეს ბავშვები ისევ ქუჩაში.

სკოლა, რომელიც გააუქმეს, ნამდვილად არ იყო რაღაც სპეცდაწესებულება, როგორც შეფუთეს. ეს იყო ჩვეულებრივი საჯარო სკოლა, ოღონდ ბევრად უკეთესი პირობებით.

ბავშვები ცხოვრობდნენ კომფორტულ გარემოში, ჰქონდათ ოთხჯერადი კვება, ტანსაცმელი-ფეხსაცმელი და ყველა საჭირო ნივთი, რაც კი სჭირდება ბავშვს და მოზარდს.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ, იქ მყოფი პედაგოგები, ყველაფერს ვაკეთებდით, ძალიან ბევრს ვმუშაობდით იმისთვის, რომ ამ ბავშვებს მომავალი ჰქონოდათ.

სკოლის დირექტორი ცდილობდა პროფესიულ განათლებაში ჩაერთო ეს ბავშვები, რომ აქედან წასვლის შემდეგ არ დაკარგულიყვნენ და თავიანთი ადგილი ეპოვათ ცხოვრებაში.

როგორც ჩანს, იქ, სადაც ეს ბავშვები გადაიყვანეს, არ აქვთ სათანადო პირობები, რადგან აქედან წასვლის შემდეგ ორი ადამიანი ციხეში მოხვდა“ – გვეუბნება კახა გალდავა.

მისი აზრით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ის, რომ რაღაც მეტი გააკეთოს რთული ქცევისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების დასახმარებლად. კახა მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლის პარალელურად საჭიროა სპეციალური სკოლის არსებობაც, სადაც ეს ბავშვები მიიღებენ პროფესიულ განათლებას და დაწესებულებიდან გასვლის შემდეგ არ დაეკარგებათ ფუნქცია.

„ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანების სტიგმატიზაცია. თუ ადამიანმა 15 წლის ასაკში რაღაც შეცდომა დაუშვა, ფიქრობენ, რომ ის ვერ იქნება რაიმე საქმეში კომპეტენტური და სასურველი რომელიმე სამსახურში.

გასაგებია, რომ ნდობის ფაქტორი დაბალია, მაგრამ ნდობას იწვევს ურთიერთობა.

საზოგადოებამ უნდა იფიქროს, რომ რაც უფრო მეტად გულგრილია ასეთი ტიპის ბავშვებისადმი, მით უფრო უარეს შედეგს მიიღებს ხვალ, რადგან კრიმინალის შექმნაში თითოეული ჩვენგანი ვიღებთ მონაწილეობას“ – მიიჩნევს კახა გალდავა.

მისი თქმით, ეს მრავალმხრივი საკითხია, ამიტომ ამ ბავშვებმა დამოუკიდებლად რომ გააგრძელონ ცხოვრება, მათ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო და საზოგადოება.

„მე ვფიქრობ, რომ გადარჩნენ ის ბავშვები, რომლებიც თავის დროზე მოხვდნენ ჩვენთან, სამტრედიის სკოლაში. რამდენიმე მათგანს აქვს თავისი საქმე, რა თქმა უნდა, ჩვენ დავეხმარეთ სოციალური უნარების გამომუშავებაში და ამისთვის ჩვენმა გუნდმა მართლა ძალიან ბევრი იშრომა. მოდიოდნენ ბავშვები, რომლებმაც წერა-კითხვა, ანგარიში არ იცოდნენ, ჰიგიენის ნორმებს ვერ იცავდნენ და ჩვენ დავეხმარეთ ამ უნარების განვითარებაში.

არიან ახალგაზრდები, რომლებიც მიმტანებად მუშაობენ, სალონში არიან დასაქმებული, სამრეცხაოში. ვინც ოჯახი შექმნა, ვიცით, რომ კარგი მამაა და სწორედ ის სკოლა დაეხმარა მათ, რომ არ დაკარგულიყვნენ ცხოვრებაში.

მაგრამ როცა ბავშვს უშვებ დაწესებულებიდან ქუჩაში და მას არ ჰყავს ადამიანი, ვისაც თავს შეაფარებს, როგორ ფიქრობთ, რას იზამს ასეთ დროს ის? ქუჩაში გავა, რა თქმა უნდა. საკვების მოპოვებისთვის ბრძოლა როცა მიდის, ის აუცილებლად გადადგამს რაიმე საბედისწერო ნაბიჯს“- მიიჩნევს პედაგოგი. 

კახა გალდავა ახლა იმ ბავშვების ისტორიებს აგროვებს, ვინც უარყოფილი იყო ოჯახისა და საზოგადოების მიერ. „ხმა, რომელიც ჭაობში ჩაიკარგა“, – ასე ჰქვია მის წიგნს, რომელიც გამოსაქვეყნებლად მზადდება.

„იმ სკოლის გვერდით, სადაც ვმუშაობდი, ჭაობი იყო და სულ ბაყაყების ყიყინი ისმოდა.

მქონდა განცდა, რომ ასეთ ჭაობში ჩაიკარგა იმ ბავშვების ხმა, რომლებიც დარჩნენ ოჯახისა და მზრუნველობის გარეშე. ამ ბავშვების ხმა დაახშო საზოგადოების უარყოფამ.

ამ ისტორიებში მინდა დაინახოს საზოგადოებამ, რომ ყველა ბავშვის ცხოვრება, რომლებიც იქ სწავლობდნენ, მათი მოქმედების შედეგია. ყველა ბავშვი, ვინც ცხოვრობს ქუჩაში, ეს არის ყველას წილი პასუხისმგებლობა – დედის, მამის, მეზობლის, მეგობრის, „ვითომ ვერ ვხედავ“ ხალხის, რომელსაც ჰგონია, რომ თუ ის არის ჯანსაღ გარემოში და მისი შვილი იზრდება ჯანსაღად, ეს საკმარისია საზოგადოების განვითარებისთვის“- ამბობს კახა გალდავა.

შვილებმა, ოღონდ შენ დაბრუნდი და ჩვენ მივხედავთ ყველაფერსო – ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი

„ნუნუ იტალიაშია, ნანა, აგერ, ჩვენს ზემოთ ცხოვრობს – საბერძნეთშია. თამილა ცხოიძე თურქეთშია, ბევრი, ბევრი ქალია სოფლიდან წასული.

მე ვისაც ვიცნობ უმეტესობა იტალიაშია. შორენა იტალიაშია, ლამარა… ბევრია რა“, – თამარ ტყემალაძე იმ მეზობლების სახელებს თვლის, რომლებიც მისი სოფლიდან, ხიდისთავიდან ემიგრაციაში წავიდნენ.

ყველა მათგანი ქალია.

ემიგრანტი იყო თამარიც. ხუთი წელი მუშაობდა თურქეთში, სტამბოლში, სადაც მოხუც ქალს უვლიდა.

თამარ ტყემალაძე თურქეთში სამუშაოდ 2017 წელს წავიდა, მაშინ, როცა მისი უფროსი შვილი სტუდენტი გახდა. სწავლის გადასახადი ოჯახისთვის, რომელიც თვიდან თვემდე თავს ძლივს ირჩენდა, მაღალი იყო. ამას ემატებოდა ბინის ქირა და თბილისში ცხოვრების ხარჯები.

უნდოდა შვილისთვის განათლება მიეცა, ოჯახს კი არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა.

„ჩემი წასვლის მთავარი მიზეზი იყო ეკონომიკური გაჭირვება. გადასახადებს ვერ ვიხდიდით, ძალიან გაგვიჭირდა. დედამთილი დაგვეღუპა მაგ პერიოდში. მეუღლე არ მუშაობდა. არც პენსია გვქონდა, არც რამე დახმარება, არც რამე შემოსავალი, ამიტომ წავედი.

თამარ ტყემალაძე

ძალიან რთულია იმის გახსენება, როგორ წავედი. ძალიან ემოციური იყო.

ჯერ უფროსმა გოგომ დაიწყო სწავლა. მერე მეორემაც ჩააბარა. 5 წელი მთელი ჩემი ხელფასი მათ განათლებაზე, კვებასა და ბინის ქირაზე მიდიოდა. სხვა ვერაფრის გაკეთება შევძელი. თუმცა მალევე დაიწყეს ჩემმა შვილებმა მუშაობა და მეხმარებოდნენ. ჩემი ქმარიც ბავშვებთან გადავიდა თბილისში. ყველა ცდილობდა ემუშავა, მაინც არაფერში გვყოფნიდა,“ – იხსენებს თამარ ტყემალაძე.

შვილებმა, ოღონდ შენ დაბრუნდი და ჩვენ მივხედავთ ყველაფერსო  -  ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი

თამარის თქმით, ემიგრაციის გზა რამდენადაც რთული იყო, იმდენად მადლიერია იმ ადამიანების, ვინც მას ყველაზე მძიმე მომენტებში დაეხმარა.

„პატარა სათვისტომო აქვთ თურქეთში საქართველოდან სამუშაოდ წასულ ქალებს. ემიგრაციის პირველი სირთულე ჩემმა მეგობარმა გადამატანინა – ერთი თვე მასთან ვცხოვრობდი, შეხვედრებზე მისი სახლიდან დავდიოდი, სამსახური მაპოვნინა, ენის სწავლაში მეხმარებოდა. 14 წელია თურქეთში მუშაობს, მე წამოვედი და ის ისევ დარჩა. კარგი ხელფასი აქვს, კარგ ოჯახშია. ჯერ არ მოდის,“ – ამბობს თამარი.

ხუთწლიანი ემიგრაციის შემდეგ თამარი საკუთარ სახლში დაბრუნდა, ჩოხატაურში სოფელ ხიდისთავში.

„ხუთი წელი მიტოვებული გვქონდა სახლი. გავერანებული დაგვხვდა აქ ყველაფერი, მაგრამ ჩემი მეუღლეც გადმოვიდა თბილისიდან და ერთად დავიწყეთ მუშაობა.

ძალიან მინდოდა სახლი მომეწყო. ჯერ არ ვფიქრობდი წამოსვლას, მაგრამ ბავშვებმა მითხრეს ჩვენ გავაგრძელებთ, ჩვენ ვიზამთ ყველაფერს, ოღონდ შენ სახლში დაბრუნდიო.

დიდი თანხა უნდა ამ სახლის გარემონტებას, ბევრს ვშრომობდი, მაგრამ ყველაფერი ერთად ვერ გავაკეთე, მთელი ჩემი ფული ბავშვების სწავლაში მიდიოდა. ახლა კი შვილებმა მითხრეს, შენ ხომ გვასწავლე, ამ სახლს ჩვენ მოვაწყობთო,“ – ამბობს თამარ ტყემალაძე.

თამარი ამბობს, რომ მისი დაბრუნება იშვიათი გამონაკლისია. ახლა სოფლიდან ძირითადად მიდიან. გაურბიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს, უპერსპექტივობას და უიმედობას.

თამრიკოს თქმით, მას გაუმართლა, რადგან მის მეზობლად საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლია“, სადაც თავად დამლაგებლად დასაქმდა, მისი მეუღლე კი – მებაღედ.

ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, სწორედ „სკიჯის სახლი“ გახდა თამარის და მისი ოჯახის იმედი, რომ ემიგრაციაში დაბრუნება აღარ მოუწევდა.

„იმედი მაქვს, რომ თვის ბოლოს რაღაც შემოსავალი მექნება. დენის და გაზის ფულის გადახდა არ გამიჭირდება. ამ გადასახადზე ფიქრი რომ აღარ მიწევს, მშვიდად ვარ,“- ამბობს თამარი.

ემიგრაციიდან დაბრუნებულ თამარ ტყემალაძეს ვკითხეთ, როგორ ხედავს ის სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისათვის, რომ ადამიანებს ასეთი, ემოციურად მძიმე გადაწყვეტილების მიღება არ უწევდეთ.

„სამუშაო ადგილები უნდა შექმნას. სახლში წყალი რომ ჩამოგდის და ვერ დახურავ, იძულებული ხარ წახვიდე. აგერ, ჩემი მეზობელი წავიდა, რომ არ გაფუჭებულიყო ყველაფერი, ადგა და ემიგრაციაში წავიდა. არაფერი შემოსავალი აქ არ ჰქონდა.

თხილი გვაქვს სოფელში. წელს ერთი ვედროც ვერ ავკრიფე. არ მოვიდა მოსავალი. იმის იმედზე ვერ იქნები. ახალგაზრდები რომ არ წავიდნენ, საჭიროა ჰქონდეთ სამსახური. დასაქმების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ თავი გადაირჩინოს.

ემიგრაცია ძალიან გამიჭირდა. არაფრით არ მინდა უკან დაბრუნება.

მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში მქონდეს ისეთი სამსახური, რომლითაც შევძლებ ღირსეულად ვიცხოვრო,“ – ამბობს თამარ ტყემალაძე.

„გადავკეტავთ ქუჩას“ – ბათუმში ავარიულ სახლში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ბათუმში, ბაგრატიონის #127-ში, ავარიულ სახლში მცხოვრები მოსახლეობა ბათუმის მერიისგან რეაგირებას ითხოვს. აქ ამბობენ, რომ სახლის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, რადგან სამშენებლო კომპანია „ორბი ლუქს პალასი“ მათ სახლთან ახლოს, მიმდებარე ნაკვეთზე მასშტაბურ მშენებლობას აწარმოებს, რაც რყევებს და მათ სახლზე დამატებითი ბზარების გაჩენას იწვევს.

მოსახლეობის ინფორმაციით, ბაგრატიონის #127- ში მდებარე სახლი ბათუმის მერიის ავარიული სახლების პროგრამაშია. მომზადებულია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც. ამ დასკვნის მიხედვით, სახლის მდგომარეობა საფრთხის შემცველია, მისი აღდგენა კი – არარენტაბელური.

ბზარები სახლის კედელზე
ავარიული სახლის კედელი

„ეს სახლი დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია. რაც „ორბმა“ მშენებლობა დაიწყო, ჩვენი მდგომარეობა დამძიმდა. სახლი ზანზარებს. ღამითაც მუშაობდნენ, ვიდრე არ ვიჩივლეთ. კომპანიასაც მივმართეთ, მერიასაც მაგრამ ჩვენი მდგომარეობა არავის აინტერესებს.

მერიაში გვითხრეს, რომ ფინანსური რესურსი არ აქვთ. აქ ისეთი მდგომარეობაა, 26 მაისის ქუჩაზე რაც მოხდა, იმაზე უარესი მოხდება. კომპანიამ, ზემოდან თუ დამავალებენ, ავიღებ ამ კორპუსსო. მერიამ უნდა დაავალოს. თუ ჩვენ საკითხს ისევ არ განიხილავენ, იძულებულები ვიქნებით ვიმოქმედოთ, ქუჩას გადავკეტავთ და მანქანებს არ გავატარებთ. მეტი არაფერი დაგვრჩა“ – ამბობს ავარიულ სახლში მცხოვრები ქეთი დიასამიძე.

ამ ფოტოზე ჩანს სამშენებლო ღობე ავარიული კორპუსის ეზოში – ფოტოს მიხედვით შეიძლება იმის განსაზღვრა რამდენად ახლოს მიმდინარეობს მასშტაბური მშენებლობა ავარიულ კორპუსთან

ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ პროგრამის ფარგლებში მდგრადობის შესაფასებლად ექსპერტიზის დასკვნის მომზადება დააფინანსეს, რაც შეეხება პროგრამაში მონაწილეობას, ამისთვის საჭიროა მესაკუთრეთა 100-პროცენტიანი თანხმობა, რაც მერიას ჯერ არ აქვს.

მოსახლეობა კი ირწმუნება, რომ ყურადღებას არ აქცევენ:

„ვაპირებთ საპროტესტო აქციების გამართვას, ბავშვები გვყავს და გვეშინია. მივედით მერიაში, ერთი კაბინეტიდან მეორეში გაგვიშვეს, მეორიდან – მესამეში, საბოლოოდ ვერაფერი გავიგეთ და არც რაიმე შედეგი დადგა. ერთი მესაკუთრის თანხმობა თუ არ იქნება, სხვები უნდა დავიღუპოთ?“- ამბობენ ბაგრატიონის #127-ში მცხოვრებლები.

ამ სახლთან ახლოს, ბაგრატიონის #127გ-ში შპს „ორბი ლუქს პალასი“ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. მშენებლობა ერთ ჰექტარზე მიმდინარეობს [10804კვ.მ] მშენებლობის პარამეტრები ვერ დავაზუსტეთ, თუმცა რენდერითაც ირკვევა, რომ პროექტი მასშტაბურია.

რენდერი

მშენებლობის ნებართვა ბათუმის ყოფილმა მერმა, ლაშა კომახიძემ 2019 წლის სექტემბერში გასცა. ნებართვა „ჯეო დეველოპმენტმა“ მიიღო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიას უკრაინის მოქალაქე ნატალია ტოვაჩი ფლობდა, მან ასივე პროცენტი ბიზნესმენ ირაკლი სირაძეს მიჰყიდა ფაქტობრივად სიმბოლურ ფასად, 100 ლარად. შემდეგი მყიდველი კი „ორბია“, შესაბამისად ამ კომპანიის საკუთრებაში გადავიდა მიწის ნაკვეთიც, კომპანიამ კი მოგვიანებით მშენებლობის ნებართვაც განაახლა.

ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელები ამბობენ, რომ 2 თვეა ხელფასი არ აუღიათ

ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელებს ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ. ფეხბურთელები აპირებენ პროტესტის ნიშნად 24 ნოემბერს არ გავიდნენ თამაშზე, თუკი ხელფასები უახლოეს ვადაში არ ჩაირიცხება.

ფეხბუთელებმა განცხადებით ფედერაციასაც მიმართეს.

„ბათუმელები“ „შუქურას“ ერთ-ერთ ფეხბურთელს, გია აფხაზავას ესაუბრა, რომელიც ადასტურებს გუნდში არსებულ პრობლემებს.

„პრობლემა მოდის წინა სეზონიდან. გვქონდა დავალიანება სამი თვე, ასევე ეროვნულ ლიგაში გადასვლის პრემია გვქონდა ასაღები საჩემპიონო და მოგვატყუეს, არ აგვიღია.

ამის გამო გუნდი დატოვა ფეხბურთელების თითქმის 70-მა პროცენტმა, მაგრამ მათ ფედერაციაში იჩივლეს და აიღეს ხელფასები.

მერე თავიდან შეიკრა ახალი გუნდი და თითქოს ნორმალურად მიმდინარეობდა ყველაფერი, თუმცა ისევ დაიწყო ფინანსური პრობლემები. ახლა ასაღები გვაქვს ორთვენახევრის ხელფასი“ – გვეუბნება გია აფხაზავა.

მისი თქმით, ხელფასები დღეს, 21 ნოემბერს უნდა დაერიცხვოდათ, თუმცა არ დაირიცხა.

„აქამდე არ ვვარჯიშობდით, გუშინ დავიწყეთ ვარჯიში, მაგრამ არ გვაქვს ის პირობები მაინც, რომ წესიერად ვივარჯიშოთ. მით უმეტეს, ახლა თბილისში ვართ ჩამოსული და როცა ელემენტარული პირობა არ გაქვს – საკვების ფული, ან ვარჯიშზე რომ მიხვიდე, ძალიან რთულია… „ოთხშაბათს იქნება ფული“ გვითხრეს ახლა. ასეთი უამრავი ოთხშაბათი გავიდა უკვე“ – ამბობს გია აფხაზავა.

ის ამბობს, რომ „შუქურა“ ფეხბურთის ფედერაციიდანაც იღებს გარკვეულ დაფინანსებას, მაგრამ რას ხმარდება ეს თანხა კონკრეტულად, ფეხბურთელებისთვის უცნობია.

„ბათუმელები“ კლუბის ხელმძღვანელს მიშა აბაშიძესაც ესაუბრა, რომელიც გუნდში შექმნილ კრიზისს აღიარებს.

„მართალი გითხრათ, მე ფინანსურ ნაწილზე არ ვარ პასუხისმგებელი, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით რა ოდენობის დავალიანებაზეა საუბარი, თუმცა პრობლემები ნამდვილად არსებობს.

გვაქვს არასასურველი ფინანსური ვითარება. ელოდება გუნდი ფონდიდან და ინვესტორისგანაც თანხების ჩარიცხვას.

დღესაც იყვნენ გუნდის მენეჯმენტის წარმომადგენლები ფონდში და როგორც ვიცი, რაღაც დოკუმენტაციაა მისაწოდებელი და ამ დოკუმენტაციის მოგროვება-მიწოდება მიმდინარეობს ამჟამად“ – ამბობს მიშა აბაშიძე.

მას ვკითხეთ, აქამდე რატომ ვერ მოხერხდა დოკუმენტაციის შეგროვება, რაზეც მიშა აბაშიძე ამბობს, რომ გუნდი გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დასანქცირებულია და დაფინანსების პროცესიც ამიტომ გაჭიანურდა.

„მწვრთნელების, ფეხბურთელების სახელფასო დავალიანებებია გასული სეზონის და მათზე დაკისრებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მიღებულია გადაწყვეტილება გუნდის დასანქცირებასთან დაკავშირებით.

თუ ისე მოხდა, რომ 24-ში თამაშზე არ გავიდა გუნდი, მაშინ „შუქურა“ ჩემპიონატიდან მოიხსნება, რაც ძალიან ცუდი იქნება კლუბის მომავლისთვის. იმედია ეს არ მოხდება და ხელფასების პრობლემაც მოგვარდება“ – ამბობს მიშა აბაშიძე.

მან გვითხრა, რომ „შუქურას“ მთავარი სპონსორი „ალიანს ჰოლდინგი ჯგუფია“.

გუნდი ფინანსური პრობლემების წინაშე წინა წლებშიც არაერთხელ მდგარა.

_________________

ფოტო: „ქობულეთის შუქურას“ გვერდი ფეისბუქზე

ემუქრება თუ არა საფრთხე სარფის პლაჟს – ავტობანის პროექტი

ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის ის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც გზების დეპარტამენტი ახალი ავტომაგისტრალის აშენებას გეგმავს, სარფში გამართულ შეხვედრაზე დაიწუნეს. ამ შეხვედრაზე დეპარტამენტის მიერ მომზადებული სკოპინგის ანგარიში განიხილეს, რომელიც ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტს ეხება.

მოსახლეობა ფიქრობს, რომ ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებით დაიკარგება სარფის პლაჟი, რაც „უარყოფითად იმოქმედებს სარფის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ზოგადად მის პერსპექტივაზე“.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შერჩეული ვარიანტით:

  • საპროექტო გზა იწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროდან [ბათუმის ეკონომიკურ ზონაში] კვანძის მოწყობით, შემდგომ გზა გრძელდება ხიდზე, რომელიც აშენდება ჭოროხზე;
  • ხიდის შემდეგ საპროექტო გზა გაივლის ჭარნალისა და ახალსოფლის ტერიტორიებზე და გაგრძელდება 7,6 კილომეტრი სიგრძის გვირაბში, რომელიც სარფთან, ე.წ. ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ გამოვა.
  • გზა აქედან სარფის მიმართულებით გაგრძელდება – ხიდის მეშვეობით შეუერთდება არსებულ [ბათუმი-სარფის] საავტომობილო გზას, რომელსაც გააფართოებენ საქართველო-თურქეთის საზღვრამდე.

აღნიშნულ დეტალებზე საუბარია სკოპინგის დასკვნის დოკუმენტში, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.

გვირაბის დაბოლოება [წმ. ანდრიას ხიდთან ბათუმის-სარფის არსებულ გზასთან], ასევე კვარიათისკენ მიმავალი და კვარიათიდან მომავალი გზის პანდუსების გეგმა / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან
„სარფში გამართულ საჯარო განხილვაზე დამსწრე პირებმა, მათ შორის ადგილობრივმა მოსახლეობამ პროექტის მიმართ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები/მოსაზრებები ძირითადად ეხებოდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი შერჩეული ალტერნატივის მოსახლეობის ინტერესებთან შეუსაბამობას.

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს სარფის სანაპიროზე, კერძოდ, გზის გაფართოებით მოხდება სანაპირო ზოლის დაკარგვა, გარდა აღნიშნულისა, ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ გზის გაფართოება და სანაპირო ზოლის დაკარგვა უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს სარფის ტურისტული პოტენციალისა და პერსპექტივის განვითარებაზე.

აღნიშნული საკითხების გათვალისწინებით, მოსახლეობამ უარი განაცხადა შერჩეული ალტერნატივის განხორციელებაზე და პრეზენტატორის მიერ წარმოდგენილი 4 ალტერნატიული ვარიანტიდან (A, B, C და D) უპირატესად „A“ ალტერნატივა დაასახელა, რომელიც გულისხმობს პროექტის მდ. ჭოროხის მარჯვენა სანაპიროდან დაწყებას და სოფ. ჭარნალიდან, სოფ. სარფის საბაჟომდე გვირაბის გაყვანას, რომელიც უშუალოდ შემხებლობაში არ იქნება არსებულ გზასთან.

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის [თურქეთის საზღვარი] გზის ალტერნატიული მარშრუტები სკოპინგის ანგარიშიდან

აღსანიშნავია, რომ საჯარო განხილვაზე „A“ ალტერნატივის პრეზენტაციის სახით განხილვა და მისი განხორციელებით მოსალოდნელი ზემოქმედებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საჯარო განხილვაზე დამსწრე პირთათვის არ მომხდარა.

ზემოაღნიშნული საკითხებისა და მოსახლეობაში არსებული პროექტის მიმართ უარყოფითი განწყობის მიუხედავად, სოფელ სარფში გამართული საჯარო განხილვა ჩატარებულად გამოცხადდა“ – აღნიშნულია სკოპინგის დასკვნაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული „სკოპინგის ანგარიში მოიცავს ურთიერთგამომრიცხავი და არარელევანტური შინაარსის წინადადებებს, დოკუმენტი სტრუქტურულად გაუმართავი და რთულად აღსაქმელია, შესაბამისად, ვერ დგინდება კონკრეტულად რა სიგრძის მონაკვეთებზე გაივლის სახიდე გადასასვლელები. აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული უნდა იქნეს გზშ-ის ანგარიშის შედგენისას“ – წერია დასკვნაში.

სარფი: არსებული სიტუაცია და ამ ტერიტორიის „მოწესრიგების“ სავარაუდო სქემა [მარჯვნივ] ახალი გზის გაყვანის შემდეგ / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან
ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ შენიშვნები მოსახლეობას სოფელ ჭარნალში გამართულ შეხვედრაზეც ჰქონდა:

„ჭარნალში გამართულ საჯარო განხილვაზე დამსწრე პირთა მხრიდან, დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით შენიშვნები/მოსაზრებები ძირითადად ეხებოდა სოციალური პროექტების განხორციელებას, რაზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სოციალური პაკეტების ნაწილში შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება“.

„საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნები/მოსაზრებები და შესაბამისი განმარტებები აისახა შესაბამისი საჯარო განხილვის ოქმებში, ამასთან საფუძვლიანი და რელევანტური შენიშვნები/მოსაზრებები გათვალისწინებული იქნა სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს და აისახა სკოპინგის დასკვნაში“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

სკოპინგის დასკვნის მიხედვით, ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის პროექტზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში უნდა მოამზადოს. ამასთან, „დეპარტამენტი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის მომზადება უზრუნველყოს სკოპინგის დასკვნის შესაბამისად“.

გარემოს ეროვნული სააგენტო გზების დეპარტამენტს ავალებს, რომ გზშ აუცილებლად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური პაკეტების შესახებ, „ასევე, ინფორმაციას საჯარო განხილვებზე გამოთქმული და ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სააგენტოში წარმოდგენილი შენიშვნების/მოსაზრებების გათვალისწინების შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით“.

გზშ-ის ანგარიშში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ზღვაზე დაგეგმილი ნაპირდამცავი ნაგებობის შესაბამისი პროექტი, სადაც მოცემული იქნება საკვლევ უბანზე ზღვის საანგარიშო პარამეტრები.

„როგორც სკოპინგის ანგარიშიდან ირკვევა, პროექტით გათვალისწინებულია გზის გაყვანა სარფის სანაპიროს ტერიტორიაზე. გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს ამ გადაწყვეტილების დასაბუთება სანაპირო ზოლის და პლაჟის მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“ – აღნიშნულია სკოპინგის დასკვნაში.

სარფის პლაჟი/ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
სარფის პლაჟი შავი ზღვის სანაპიროს პლაჟებიდან ყველაზე მოკლეა, მისი სიგრძე სულ რაღაც 500 მეტრს შეადგენს, სიგანე კი 10-დან 40 მეტრომდე მერყეობს. ყოველწლიურად ასობით ტურისტი ირჩევს ამ ადგილს დასასვენებლად. მიზეზი სუფთა ზღვა და ზღვის პირას აღმართული კლდეებია.
ქვაომხაზე – ასე ჰქვია ლაზურად იმ უზარმაზარ ლოდს, რომელიც ზაფხულში იშვიათად რომ ცარიელი იყოს. ადგილობრივებისთვის, ისევე როგორც ტურისტებისთვის, ქვაომხაზედან შავ ზღვაში ჩახტომა ერთგვარი ექსტრემია. სიტყვა „ქვაომხაზე“ ლაზურად დაღარულ, ნაჭდევებიან ქვას ნიშნავს ან „ქვამიჯნას“, ზღვარს. ლაზებს ეს ადგილი განსაკუთრებულად უყვართ

არსებული დოკუმენტების მიხედვით, ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის სიგრძე 11,4 კილომეტრი იქნება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: კვანძის, 3 სახიდე გადასასვლელის და ორზოლიანი [7,6 კილომეტრი სიგრძის] გვირაბის მშენებლობა, ასევე გზის ბოლო მონაკვეთზე, სოფელ სარფის ტერიტორიაზე იგეგმება არსებული გზის გაფართოება.

საპროექტო გზაზე სამოძრაო სიჩქარე განსაზღვრულია 80-120 კმ/სთ-ით, სარფის მონაკვეთზე დასაშვები სიჩქარე კი შემცირდება 60 კმ/სთ-მდე.

„სკოპინგის ანგარიშიდან და ელექტრონული გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ საპროექტო გზის ზოგიერთი მონაკვეთი უშუალო სიახლოვეს მდებარეობს დასახლებულ პუნქტებთან (სოფ. სარფი, სოფ. ჭარნალი, სოფ. ახალსოფელი).

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვაზე მოსახლეობის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ საპროექტო გვირაბის მიმდებარედ არსებობს საკალმახეები. გზშ-ის ეტაპზე გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნული საკითხი“ – აღნიშნულია სკოპინგის დასკვნაში.

საერთაშორისო გზის ბათუმი-სარფის მონაკვეთის მშენებლობა-ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა 2023 წლის სექტემბრის ბოლოს, ოფიციალური მონაცემებით სამ ადგილზე გაიმართა: ბათუმში, ჭარნალში და სარფში.

ამავე თემაზე:

სად გაივლის ბათუმი-სარფის ავტობანი 7.6 კილომეტრი სიგრძის გვირაბით

 

„ქუჩაში ფეხითაც ვერ დავდივართ“ – რას აპირებს ბათუმის მერია ხახულის ქუჩაზე

„დღევანდელ წვიმაში ბავშვებთან ერთი საათი ქუჩაში დავრჩი, ვერც წინ მივდიოდი, ვერც უკან, სკოლამდე უნდა მიმეყვანა ბავშვები, მაგრამ პრაქტიკულად ფეხით გასავლელი ადგილი არ იყო არსად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამუნა ბერიძე. ის ბათუმში, ხახულის ქუჩაზე ცხოვრობს.

ხახულის ქუჩაზე მოსახლეობამ საპროტესტო აქცია 2023 წლის 10 ნოემბერს გამართა. აქციაზე მუნიციპალური ტრანსპორტი მოითხოვეს, და, ასევე, ინფორმაცია ბათუმის მერიიდან იმაზე, თუ როდის დასრულდება რეაბილიტაცია ხახულის ქუჩაზე.

ამ ქუჩის ერთ მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მოსახლეობას შემოვლითი გზით სარგებლობა უწევს.

„ეს შემოვლითი გზაც ხახულის ქუჩის ნაწილია, მაგრამ არავინ არ საუბრობს მის რეაბილიტაციაზე. წვიმაში განსაკუთრებით ეს ქუჩა წყლის ორმოებითაა სავსე, ავტომანქანებიც ამ გზით დადიან დროებით, ვიდრე ხიდი გადაკეტილია.

ჩვენი მოთხოვნაა, ეს გზა მოაწესრიგონ, რომლითაც ახლა ვსარგებლობთ, როგორც ალტერნატიული გზით და ერთმა ტრაქტორმა მაინც გამოიაროს, ან ავტომანქანებისთვის სხვა შემოვლითი გზა გამოიყენონ. სულ 300 მეტრია ეს ალტერნატიული გზა, მაგრამ წვიმაში გადადგილება კატასტროფაა.

აქციის შემდეგ ხახულის ქუჩის ბოლოდან გადის უკვე ავტობუსი #7, მაგრამ ჯერ ქალაქის ცენტრალურ უბნებს მოივლის და შემდეგ მოვა ე.წ. ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი ბავშვები მე-9 სკოლაში დადიან, სულ პატარა კი, იქვე ბაღში დადის. ამ საცობებში ავტობუსში შეიძლება მთელი დღე დაკარგო, სკოლასაც ასე ადვილად ვერ შეცვლი,“ – გვითხრა თამუნა ბერიძემ.

ხახულის ქუჩის ის მონაკვეთი, რომელსაც ხიდთან ქუჩის ჩაკეტვის გამო  მოსახლეობა ალტერნატიულ გზად იყენებს.  თამუნა ბერიძის ფოტო

ბათუმში, ხახულის ქუჩაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2023 წელს დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულება შპს „ბონდი 2009“-თან 30 999 929 ლარზეა გაფორმებული. ხელშეკრულების პირობის მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადად 2026 წლის მარტია მითითებული და ეს ვადა ორივე ქუჩას ეხება – მამია ვარშანიძის ქუჩაზე სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

„ეს მრავალწლიანი პროექტია“- გვითხრეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს პრესცენტრში და ვერ დაგვიკონკრეტეს, როდის ჩაუტარებენ რეაბილიტაციას ხახულის ქუჩის იმ მონაკვეთს, რომელზეც მოქალაქე თამუნა ბერიძე საუბრობს.

კეთილმოწყობის სამმართველოს პრესცენტრში განმარტეს, რომ ქუჩის ამ ნაწილის პროექტირება ჯერ არ ჩატარებულა, ხახულის ქუჩის ის მონაკვეთი კი, სადაც ახლა გადაადგილება შეზღუდულია, 2023 წლის ბოლომდე გაიხსნება.

რაც შეეხება ავტობუსს, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, ლევან ლაზარიაშვილის თქმით, ქუჩის გადაკეტვის გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია ჯერ რურუას ქუჩაზე გავიდეს ავტობუსი და შემდეგ ქალაქის ცენტრში.

„ეს დროებითი შეზღუდვაა მხოლოდ, ვიდრე გადაკეტილი იქნება ქუჩა, სხვაგვარად შეუძლებელია,“ – უთხრა ლევან ლაზარიაშვილმა „ბათუმელებს“.

„მთავრობას ვთხოვეთ, ჯერ ჩვენთან გაარკვიონ“ – USAID-მისიის უფროსი „რევოლუციის მხარდაჭერაზე“

„ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, რომ თუ იქნება საკითხი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კითხვები, ეჭვის საფუძველი, ჯერ ჩვენთან გაარკვიონ ეს,“ – გვითხრა USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა, ჯონ პანელმა, როცა მას ვკითხეთ, საქართველოს მთავრობის ბრალდებაზე იმის შესახებ, რომ თითქოს USAID-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.

ჯონ პანელი არ ასახელებს, ვის შეხვდა საქართველოს მთავრობაში, თუმცა ამბობს, რომ ის აშშ-ს ელჩთან ერთად საქართველოს მთავრობაში „საკმაოდ მაღალი რანგის წარმომადგენლებს“ ესაუბრა ამ თემაზე.

„ბათუმელები“ ჯონ პანელს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] კავკასიის მისიის დირექტორს, ამ თემაზე ესაუბრა. მასთან ვრცელ ინტერვიუს მიმდინარე საკითხებზე „ბათუმელები“ მალე შემოგთავაზებთ.

  • ბატონო ჯონ, ის, რომ USAID-ის მიერ საქართველოში „რევოლუციის მხარდაჭერაზე ბრალდებები ყალბია“, არაერთმა ამერიკელმა დიპლომატმა და მოხელემ განაცხადა.  ვგულისხმობთ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მორიგ სკანდალურ ბრალდებას USAID-ის შესახებ. თუ შეხვდით ამ ბრალდებების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და რა უთხარით ან მათგან რა მოისმინეთ?

აშშ-ის მთავრობა უკვე 30-ზე მეტი წელია, რაც საქართველოსთან, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობს, თანამშრომლობს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხალხთან. 30-ზე მეტი წელია, რაც ამ პარტნიორობის ფარგლებში ამერიკის მთავრობამ 6 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს, აქედან 2 მლრდ უშუალოდ USAID-მა გამოყო.

ჩვენთვის ძალიან ღირებულია ეს პარტნიორობა საქართველოსთან.

რაც შეეხება ბრალდებებს, აშშ-ს ელჩმა და ამერიკის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა რამდენჯერმე უკვე განაცხადეს, რომ ეს ბრალდებები არის სრულიად ყალბი. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში ყველა სამოქალაქო ორგანიზაციასთან, მათ ხელს ვუწყობთ ისეთი საკითხების ადვოკატირებაში, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის: ესაა ჯანდაცვა, განათლება და სხვა საკითხები.

სამწუხაროა მსგავსი ბრალდებები.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობასთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შეხვდა ელჩიც და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ მსგავსი ბრალდებები არის სრულიად ყალბი.

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას, მათ მხარდაჭერას.

ჩვენ ასევე ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, რომ თუ იქნება ისეთი საკითხი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კითხვები, ეჭვის საფუძველი, ჯერ ჩვენთან გაარკვიონ ეს საკითხები. ჩვენ შევეცდებით, ვუპასუხოთ ამ შეკითხვებს.

  • შეგიძლიათ გვითხრათ, ვის ესაუბრეთ საქართველოს მთავრობაში ამ საკითხებზე და როგორი იყო მათი რეაქცია, მათი პასუხი? 

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ USAID-ი 30-ზე მეტი წელია, რაც მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვთანამშრომლობთ ყველა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოში.

მინდა ხაზი გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წვლილს, რაც ქვეყნის განვითარებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია აშშ-სა და ევროპის ქვეყნებშიც. მათ სადამკვირვებლო ფუნქცია აქვთ და ე.წ. ვოჩდოგები არიან. სამოქალაქო საზოგადოებას რეალურად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში.

რაც შეეხება შეხვედრას საქართველოს მთავრობის წევრებთან: სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვისთან გაიმართა ეს შეხვედრები.

მე პირადად და აშშ-ს ელჩი შევხვდით მთავრობის საკმაოდ მაღალი რანგის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით მათთან იმ ფაქტს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. პირადი საუბრის დროს ასევე აღვნიშნეთ, რომ თუ რაიმე საეჭვო საკითხი იქნება, რაც კითხვას გააჩენს, კარგი იქნება, რომ ჯერ ჩვენთან ისაუბრონ ამ საკითხზე.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ USAID -ი და ამერიკის მთავრობა ყველაფერი, რასაც ვახორციელებთ, არის გამჭვირვალე – ეს იქნება ჩვენი შესყიდვები თუ პროგრამები. ყველა ინფორმაციას, რასაც ვაკეთებთ პროგრამებთან მიმართებით, დეტალურად ვუზიარებთ საქართველოს მთავრობას.

  • როგორი იყო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების რეაქცია, მათი პასუხი, როცა თქვენ მათ ესაუბრეთ? 

სამწუხაროდ, ამ დეტალებს ვერ გეტყვით. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დონეზე.

  • ამ მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ USAID-ი „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებს საქართველოში და სუს-ი ტრენინგების მონაწილე პირებს დაკითხვებზე იბარებს. ეს რა გზავნილია თქვენთვის? თქვენ კარგად იცნობთ რუსეთს, პოსტსაბჭოთა სივრცეს. რის მიღწევას ცდილობს, თქვენი დაკვირვებით, ამგვარი მიდგომით ხელისუფლება? ეს არის გზავნილი USAID-ისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ ორივესთვის? 

სამწუხაროდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო პროცესზე მე ვერ ვისაუბრებ. მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც საჯაროდ არის ცნობილი.

USAID-ის ყველა პროგრამა მიზანმიმართულია ერთ ფაქტორზე, რომ მხარი დავუჭიროთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს, იყოს წარმატებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყანა. ასევე, ხელი შევუწყოთ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირისკენ მიემართება, აპირებს, რომ გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი.

მინდა ხაზი გავუსვა კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ რეკომენდაციას, რაც ძალიან გვახარებს და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს მიიღოს საქართველომ.

ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო ორგანიზაციებთან იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ ბათუმში არსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებთანაც ვთანამშრომლობთ, ისინი არიან სხვადასხვა პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი დამკვირვებლები.

  • როგორ აღიქვით საქართველოს ხელისუფლების განცხადებები „რევოლუციის მხარდაჭერაზე“? აღიქვით ეს როგორც ზეწოლა? 

არ აღვიქვამთ ამას, როგორც ზეწოლას. ვეცდებით, ჩვენს პარტნიორებთან, თუ არსებობს რამე, რაც შესაძლოა იყოს განსახილველი საკითხი, განვიხილოთ.

  • ეს იყო გაუგებრობა საქართველოს მთავრობის მხრიდან? რა შეიძლება ამას დაარქვათ? 

ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ საკითხზე პირად საუბრებში, დახურულ კარს მიღმა ვისაუბროთ. ჩვენი საქმიანობა საქართველოში არის სრულიად გამჭვირვალე. ჩვენ კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს საქართველოსთან და ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ხალხს, ქვეყანამ მიაღწიოს ევროინტეგრაციას.

როგორც აღვნიშნე, 30-ზე მეტი წელია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას წარმოადგენს მთავრობა, იცვლებოდა ეს მთავრობა თუ არ იცვლებოდა. ჩვენ ყველა ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ მიუკერძოებლად, ჩვენი თანამშრომლობა არის სრულიად ნეიტრალური, ვართ სრულიად მიუკერძოებლები და არავის პრიორიტეტს არ ვანიჭებთ. ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ვთანამშრომლობთ, ვინც მზადაა, რომ ჩვენი მხარდაჭერა მიიღოს.

ვცდილობთ, შევქმნათ, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა, რომ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს მოსახლეობასთან. ჩვენი თანამშრომლობის ამ ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს წლები თავისთავად მეტყველებს მხარდაჭერაზე, რასაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს.

რაც შეეხება ბრალდებებს, ვიტყოდი, რომ ის სრულიად ყალბია და არ წარმოადგენს სიმართლეს. ჩვენ ვრჩებით სანდო პარტნიორად, ვითანამშრომლებთ საქართველოსთან და განვაგრძობთ მის მხარდაჭერას.

Dodie – ბავშვის მოვლის ფრანგული ბრენდი საქართველოში შემოვიდა

Dodie ისტორიული ფრანგული ბრენდია, რომელიც 60-ზე მეტი წელია ეხმარება მშობლებს ბავშვებსა და თავიანთ თავზე ზრუნვაში.

ბოთლები, საწოვარები (კვების აქსესუარები), კოსმეტიკა, აქსესუარები – ბავშვთა მოვლის ორგანული პროდუქტები უზრუნველყოფს ბავშვების განსაკუთრებულ მოვლას ყველა ტიპის კანისთვის.

Dodie-ს ბრენდსა და მის პროდუქტებზე პსპ-ს ბრენდ მენეჯერს, მარიამ ხომერიკს ვესაუბრეთ.

მარიამ, გვიამბეთ ბრენდის შესახებ. რა ტიპის ასორტიმენტი აქვს? 

Dodie არის ბავშვის მოვლის ფრანგული პრემიუმბრენდი, რომელიც საუკეთესოა ორსულებისა და დედებისთვის. კომპანიას საქმიანობის 60-წლიანი გამოცდილება აქვს. დიდი მემკვიდრეობის მქონე ბრენდია, რომელიც დაარსების დღიდან ზრუნავს პატარებზე, ორსულებსა და დედებზე.

როდის შემოვიდა პსპ-ში და არის თუ არა ქსელში უკვე ხელმისაწვდომი? 

პსპ-ში ახლახან, შემოდგომაზე შემოვიდა და მთელი საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა აფთიაქში შეუძლიათ მომხმარებლებს შეიძინონ ამ ბრენდის პროდუქცია.

არის თუ არა Dodie-ს პროდუქტები ორგანული ? 

Dodie ხშირად მონაწილეობს გარემოსდაცვით პროექტებსა და ღონისძიებებში. ის პოზიციონირებს როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია.

ბრენდი დაარსების დღიდან ზრუნავს იმისთვის, რომ შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც არ დააზიანებს გარემოს. სწორედ ამიტომ მაქსიმალურად შემცირებული აქვს პლასტმასის წარმოება. მისი ყველა შეფუთვა ბიოდეგრადირებადია.

Dodie-ს პროდუქტები ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება და მათში მინიმუმამდეა დაყვანილი არაორგანული მინარევი. პროდუქტების სპეციალური ფორმულა საშუალებას იძლევა ზედმეტი გაღიზიანების გარეშე მოვუაროთ პატარების კანს.

Dodie – დოძიე ორგანული დამატენიანებელი კრემი 3in1. 75 მლ. გამოიყენება 0 თვიდან. შექმნილია 99%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან.

 რა ასაკიდან არის დაშვებული მისი მოხმარება?

ბავშვის დაბადების დღიდანვე შეიძლება გამოვიყენოთ Dodie-ს  კვების აქსესუარები, ბოთლები და საწოვარები.  ასევე, მოვლის საშუალებების გამოყენება შეიძლება ნული თვიდან.  ბრენდს ბავშვის მოვლისა და ჰიგიენის ძალიან კარგი ასორტიმენტი აქვს.

Dodie – მატყუარა

ორსულობის დროს სხეულს სპეციალური მოვლა სჭირდება. რა პროდუქტები აქვს ბრენდს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდისთვის? 

Dodie-ს პროდუქტების გამოყენება ორსულობის პირველივე ტრიმესტრიდან დასაშვებია, რადგან ორგანულია.

მაგალითად, აქვს სტრიების საწინააღმდეგო ძლიერმოქმედი ზეთი, რომელიც ატლანტის ოკეანეში მოპოვებული ყავისფერი წყალმცენარითაა დამზადებული და ბოჭკოების მაღალი შემცველობა აქვს.

ეს ზეთი Dodie-ს ტოპ პროდუქტია და მისი გამოყენების შემდეგ კანი უფრო ელასტიკური და დატენიანებულია. რაც მთავარია, პრევენციის გარდა, უკვე გაჩენილ სტრიებსაც აუფერულებს.

დოძიე-სტრიების საწინააღმდეგო ორგანული ზეთი. არბილებს და ელასტიურს ხდის კანს. გამოიყენება სტირების პრევენციისთვის, ასევე მათ გასაფერმკრთალებლად.

ლაქტაციის პერიოდისთვის აქვს ძუძუს დამცავი სილიკონები, ასევე მკერდის საფენები და სხვადასხვა დამხმარე აქსესუარი პროცესის გასამარტივებლად.

Dodie – მკერდის საფენი

ზამთარში კანს, მით უფრო მშრალ კანს, განსხვავებული მოვლა სჭირდება. მოგვიყევით Dodie-ს მშრალი ხაზის პროდუქტებზე, რითაა ის გამორჩეული?

Dodie გვთავაზობს პროდუქტებს ნებისმიერი ტიპის კანისთვის. ასევე აქვს ატიპიური ხაზი – 100%-ით გათვალისწინებულია დერმატოლოგების რეკომენდაციები. ეს ხაზი შედგება დამატენიანებელი კრემისა და ბალზამისგან.

უშუალოდ გაღიზიანებული, გამომშრალი უბნებისთვის ბრენდს აქვს აღმდგენი კრემები, რომლებიც მაქსიმალურად ღრმად ატენიანებენ და იცავენ კანს გამოშრობისგან.

Dodie – დოძიე დამატენიანებელი ბალზამი ამშვიდებს გაღიზიანებას და ქავილის შეგრძნებას, ატენიანებს, არბილებს და კვებას კანს.

 

იტალიაში კალაბრიული მაფიის 207 წევრს პატიმრობა მიუსაჯეს 

იტალიაში დასრულდა ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სასამართლო პროცესი, რომელზეც კალაბრიულ მაფიასთან დაკავშირებული პირები გაასამართლეს.

20 ნოემბერს იტალიის სასამართლომ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა 200-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ მაფიოზურ ჯგუფ „ნდრანგეტასთან”.

მედიის ცნობით, საერთო ჯამში, დაკავებული იყო 338 ადამიანი, რომლებსაც ბრალი ედებოდათ 400-ზე მეტ დანაშაულში, მათ შორის: ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობაში, გამოძალვასა და მაფიასთან კავშირში. პროკურორებმა 322 ბრალდებულისთვის ჯამში თითქმის 5000 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს. საქმეში ჩართული იყო 900 მოწმე და 400 ადვოკატი.

სასამართლომ 131 ბრალდებული გაამართლა და 207-ს ჯამში 2000-ზე მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესი 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ყველაზე მკაცრი სასჯელი მიესაჯა „ნდრანგეტას“ ორ წევრს – სავერიო რატიონალეს და დომენიკო ბონავოტეს – 30-30 წელი. მსჯავრდებულთა შორის იყო ასევე ყოფილი დეპუტატი ჯანკარლო პიტელი, რომელსაც 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„ბიბისი“ წერს, რომ ამ სასამართლო პროცესზე ბრალდებულთა სიაში არ მოხვდა მაფიოზური ჯგუფის ლიდერი, ლუიჯი მანკუზო, რადგან მისთვის ცალკე სასამართლო პროცესია მომზადებული. მისი ძმისშვილი, ემანუელე მანკუზო, საქმეში მთავარი მოწმე იყო, მან გაამხილა კლანის საიდუმლოებები მას შემდეგ, რაც პოლიციისგან მაღალი დონის დაცვის გარანტია მიიღო.

მედიის ცნობით, „ნდრანგეტა“ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მაფიოზურ დაჯგუფებად იტალიაში, წელიწადში მრავალმილიარდიანი ბრუნვით. ამ ჯგუფს უკავშირდება კოკაინის იმპორტი ევროპაში.

ინტერვიუ სუროგატ დედასთან

შვილის ყოლის უნარი ბევრი ქალისათვის უდიდესი ბედნიერებაა, თუმცა სამედიცინო მიზეზებიდან გამომდინარე, დედად გახდომის შესაძლებლობა ბუნებრივი მეთოდებით, სამწუხაროდ ყველას არ ეძლევა. სწორედ ასეთ დროს, უშვილო წყვილები მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ დამხმარე რეპროდუქციული მედიცინის იმ მიღწევებს მიმართავენ, რომელიცაა ხელოვნური განაყოფიერება და სუროგაცია.

სუროგატ დედებს კი, გარდა იმისა, რომ დამატებით თანხას გამოიმუშავებენ, აქვთ უპრობლემო ორსულობა, უყვართ ბავშვები, პატივს სცემენ ოჯახს და სურვილი აქვთ უშვილო წყვილების დახმარების. ინტერვიუში ახალგაზრდა ქალი ყვება, როგორ მიიღო გადაწყვეტილება გამხდარიყო სუროგატი დედა და როგორ წარიმართა ეს პროცესი.

მოგვიყევი შენს შესახებ, როგორი იყო შენი ცხოვრება სუროგაციამდე?

ვარ ორი უსაყვარლესი ბიჭის დედა, პროფესიით ექთანი. თუმცა, იმის გამო, რომ დროის უმეტესი ნაწილის გატარება ჩემს შვილებთან მინდოდა, ექთნის სამსახურს თავი დავანებე და გადავწყვიტე გავმხდარიყავი სუროგატი დედა.

რამ გადაგაწყვეტინა, რომ გამხდარიყავი სუროგატი დედა?

სუროგაციის შესახებ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მქონდა გაგონილი, მაშინ, როდესაც ჩემს უფროს დეიდაშვილს ჰქონდა უშვილობის პრობლემები, რომელსაც ახლობლები ძალიან განვიცდიდით. სწორედ მაშინ გავიაზრე რამხელა ტკივილი იყო ქალისთვის და ზოგადად ოჯახისთვის უშვილობის პრობლემა. ჩემს დეიდაშვილს იმდენად ვგულშემატკივრობდი, რომ ალბათ იმ დროიდან გაჩნდა ჩემში უშვილო ადამიანებისადმი თანადგომის განცდა. მოგვიანებით კი შევიტყვე, რომ სუროგატული დედობა მიღებული პრაქტიკა იყო საქართველოში და სხვა მრავალ ქვეყანაში. ვინაიდან მარტოხელა დედა ვიყავი, ეკონომიკურად მიჭირდა და უშვილო წყვილისადმი  დახმარების სურვილი მქონდა, გადავწყვიტე სუროგატი დედა გავმხდარიყავი.

გაგვიზიარე როგორი იყო შენი სუროგატ დედად ყოფნის გამოცდილება?

პირველ რიგში დავიწყე სანდო კლინიკების მოძიება, რამდენიმე მათგანს ვესტუმრე კიდეც და შემდეგ არჩევანი ნიუ ლაიფ ჯორჯიაზე შევაჩერე, რადგან გარდა კარგი გარემოსი და რეკომენდაციებისა, დახვედრიდან დაწყებული დასრულებამდე ზრუნვა არ მოუკვლიათ და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. მისვლიდან ორ კვირაში საუკეთესო, ზუსტად ისეთი წყვილი გამაცნეს, როგორსაც წარმოვიდგენდი: მზრუნველი, ღირსეული, უშვილობისგან განაწამები  ადამიანები. საბედნიეროდ ემბრიონის პირველივე გადატანიდან ორსულად დავრჩი და ყველაფერი ნორმალურად წარიმართა. ორსულობის პერიოდში კი, მშობლები მირეკავდნენ, მკითხულობდნენ, გამუდმებით ვგრძნობდი მათგან გულთბილ დამოკიდებულებას.

გაიხსენე სუროგაციის პერიოდის ყველაზე პოზიტიური მომენტები

მახსოვს როდესაც წყვილს პირველად შევხვდი, საჩუქრად ლამაზი ყელსაბამი გადმომცეს. ყურადღება ნამდვილად მესიამოვნა. ასევე, როდესაც ბავშვი დაიბადა, მშობლებმა მათ სასტუმროში აუზზე დამპატიჟეს ჩემს ბიჭებთან ერთად. ჩემი შვილები ერთობოდნენ, მე კი ულამაზესი დღე გავატარე ბედნიერ მშობლებთან ერთად.

თუ საიდუმლო არ არის, რა თანხა გადაგიხადეს მშობლებმა სუროგტული დედობისთვის?

მე ბავშვი 6 თვის წინ გავაჩინე და მაშინ 25 000 დოლარი გადამიხადეს, თუმცა როგორც ვიცი ახლა 27 000 დოლარსაც უხდიან სუროგატ დედებს.

აპირებთ თუ არა, კიდევ გახდეთ სუროგატი დედა?

აღარ ვაპირებ, რადგან მიყვარს ჩემს შვილებთან ერთად თამაში, მათთან ერთად გართობა, ხეტიალი. ორსულობა კი ამის საშუალებას ბოლომდე არ იძლევა, მაინც ფრთხილად უნდა იყო.

რას ურჩევდით მომავალ სუროგატ დედებს?

გიყვარდეთ ის ოჯახი, რომელსაც ეხმარებით და გახსოვდეთ, უშვილობის ტვირთი საკმაოდ მძიმეა მათთვის. სხვისთვის გაკეთებულ სიკეთეს ღმერთი თქვენს შვილებს ასმაგად დაუბრუნებს.

კლინიკისა და სააგენტოს არჩევის საკითხთან დაკავშირებით კი ვურჩევდი ნიუ ლაიფ ჯორჯიას და ჩემთვის უსაყვარლეს კოორდინატორს, ნინო ხუნდაძეს. ისინი ნამდვილად იზრუნებენ თქვენზე და საუკეთესო მშობლებსაც შეგახვედრებენ.

ნინო ხუნდაძესთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ დარეკოთ: 599 23 73 52

თურქეთის სანაპირო წყლებში 11 მეზღვაურს ეძებენ, ჩაძირული გემის ეკიპაჟს

შავ ზღვაში 19 ნოემბერს ჩაძირული თურქული გემის ეკიპაჟის სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ბოლო ცნობებით, ერთი მეზღვაურის ცხედარი გუშინ, 20 ნოემბერს იპოვეს გამორიყული, ეკიპაჟის 11 წევრი კი დაკარგულად ითვლება, ისინი კონტაქტზე არ გამოდიან.

თურქეთის შს მინისტრმა ალი იერქილაიმ X-ზე [ყოფილი ტვიტერი] განაცხადა, რომ 11 დაკარგული მეზღვაურის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში.

შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, ქარიშხლის გამო სატვირთო გემი 19 ნოემბერს ჩაიძირა.

______________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

როდის დაიწყებს მთავრობა ბინების გადაცემას „ოცნების ქალაქში“ – მშენებლობა „თითქმის დასრულდა“

„ოცნების ქალაქში“ სოციალური სახლების მშენებლობა, მშენებელი კომპანიის ინფორმაციით, ფაქტობრივად, დასრულებულია. თუმცა აჭარის მთვრობა ამ დრომდე არ აკონკრეტებს, როდის დაიწყებს ბინების გადაცემას.

დაპირების მოლოდინში მყოფი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები დღეს ხელშეუხებლობისა და ბინის მიღების გარანტიების წერილობით გაფორმებას ისევ ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ამბობენ, რომ განაახლებენ აქციებს:

„ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ ბინებს მივიღებთ, ამასთან, იმის გარანტიაც გვინდა, რომ იქ, სადაც ახლა ვართ, ბინების მიღებამდე ვიცხოვრებთ და არავინ შეგვეხება“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით აჭარის ხელისუფლება „გარანტიებთან“ დაკავშირებით მოქალაქეებს საბოლოო პასუხს მაქსიმუმ 10 დღის ვადაში გასცემს.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა სიაში 1740 ოჯახია, აქედან პირველ ეტაპზე ბინები 582 ოჯახს უნდა გადასცენ.

სოციალური სახლები „ოცნების ქალაქში“. 14.11.2023

„სამუშაოები დასრულებისკენ მიდის… დალაგების სამუშაოებია დაწყებული და თვის [ნოემბრის] ბოლოს, მაქსიმუმ დეკემბრის დასაწყისში იგეგმება, რომ სახლები ჩაბარდეს სამინისტროს“ – უთხრეს 20 ნოემბერს „ბათუმელებს“ მშენებელ კომპანია „დაგში“.

აჭარის მთავრობისგან [ასევე ფინანსთა და ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან] „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო პასუხი კითხვებზე, თუ როდის იგეგმება „ოცნების ქალაქში“ სოციალური სახლების ჩაბარება და მცხოვრებლებზე ბინების გადაცემა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „დაგს“ შორის სოციალური სახლების მშენებლობაზე ხელშეკრულება 2020 წლის 13 თებერვალს გაფორმდა 38 745 999 ლარზე.

ამ ხელშეკრულებაში 2023 წლის 17 ნოემბერს შეტანილი ცვლილების მიხედვით „ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 40 973 388 ლარს“.

მშენებლობა 2021 წლის 14 ივლისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება.

2023 წლის 30 აგვისტოს შეთანხმების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „დაგის“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა ამოიწურა 2022 წლის 8 ოქტომბერს. მხარეებს შორის სამუშაოების დასრულების ვადის ცვლილება არ განხორციელებულა. შპს „დაგის“ 2023 წლის 29 აგვისტოს წერილის თანახმად სამუშაოების დასრულება იგეგმება 2023 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში.“

2023 წლის 29 სექტემბერს კი სამინისტრო კომპანიას უგზავნის წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიას ამ დროისთვის 1,3 მილიონი ლარის პირგასამტეხლო აქვს დაკისრებული: „გთხოვთ, დროულად შეასრულოთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და უზრუნველყოთ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს – 1 399 249 ლარის გადახდა“.

ამ წერილის გაგზავნიდან მეოთხე დღეს სამინისტრომ კომპანიას გარკვეული სამუშაოებისთვის 1 477 723 ლარი გადაურიცხა. შესყიდვების პორტალის მიხედვით,  2023 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, კომპანიისთვის სამინისტროდან ჯამში 36 915 686 ლარია გადარიცხული [სახელშეკრულებო ღირებულების 90%].

სოციალური სახლი „ოცნების ქალაქში“ / 14.11.2023

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს საახალწლოდ, ანუ 2022 წლისთვის, ახალ ბინებში შესახლებას ქვეყნის პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წინასაარჩევნოდ, 2021 წლის აგვისტოში დაჰპირდნენ.

მოგვიანებით კი „ბათუმელებს“ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, რომ მშენებლობა 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდებოდა; რაც შეეხება ბინების გადაცემას, „კრიტერიუმებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზე“ იყო და ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ დაიწყებოდა ბინების გადაცემაც.

2022 წლის პირველი კვარტალის ბოლოს, ანუ აპრილში, არათუ მშენებლობა, აჭარის მთავრობას კრიტერიუმებზე მუშაობაც არ ჰქონდა დასრულებული.

ეს კრიტერიუმები მთავრობამ მაისის ბოლოს განსაზღვრა. მაშინ სოციალური სამართლიანობის ცენტრში განაცხადეს, რომ „დადგენილი კრიტერიუმების შინაარსი უამრავ კითხვას ბადებდა და მთავრობის მხრიდან შესაბამისი პასუხების გაცემა ან/და პროცესის მოდიფიცირება იყო საჭირო.

ივნისში კრიტერიუმები მთავრობამ დააზუსტა, თუმცა უპასუხოდ დარჩა მთავარი კითხვა – როდის ადასცემდნენ ბინებს.

2022 წლის აგვისტოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ „დღეისათვის დასკვნით ეტაპზეა 582 ბინის მშენებლობა, რაც [2022] წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა მოხდება“.

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა გასულ წელს არ დასრულდა, აჭარის მთავრობა დღემდე არ ასაჯაროებს ვის და როდის გადასცემს ბინებს სოციალურ სახლებში.

„ოცნების ქალაქში“ ფიქრობენ, რომ 582 ოჯახს ბინებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ გადასცემენ „მთავრობამ პიარი რომ გაიკეთოს“.

საგარანტიო ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით „ოცნების ქალაქში“ აქცია ბოლოს 2023 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მაშინ ფრიდონ ხალვაშის გამზირი 2-3 წუთით გადაკეტეს, მეტის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.

ამ თემაზე:

აქცია „ოცნების ქალაქში“ – მონაწილეებმა ფრიდონ ხალვაშის გამზირი რამდენიმე წუთით გადაკეტეს

 

როდის გამოიდარებს ბათუმსა და მთიან აჭარაში – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ნოემბრის 21 საათიდან 22 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით წვიმა, მთაში თოვა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო

ზღვაზე ღელვა 4-5 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 23-24 ნოემბერს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

ამავე თემაზე:

ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „რთული მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.“

 

მთავარი ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტი / 17.11.2023

ამავე თემაზე:

ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 319 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +610]
  • ტანკი – 5 439 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 10 174 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 7 752 ერთეული [+4]
  • MLRS – 899 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 588 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 771 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 564 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 134 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 1 098 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 536 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 9 050 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 509 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 185 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 144 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 452 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინაში 5 ათასზე მეტი ქალი სამხედროა ხელმძღვანელ თანამდებობაზე

4 წელია სოფლიდან არ გავსულვარ, დასვენების დღე არ მაქვს – ქართველი ემიგრანტი საბერძნეთში

დარეჯან ბასილაძე ემიგრაციაში 4 წლის წინ წავიდა საბერძნეთში, კუნძულ ჰალკიდიკიზე, პატარა სოფელ აგია პარასკევაში. დარეჯანი საბერძნეთში ემიგრირებული სხვა ქართველი ქალების მსგავსად მოხუცს უვლის.

სოფლის თავისებურებებს ვაკვირდები, ხალხის, წეს-ჩვეულებებს და ყველაფერს ჩემს ქვეყანას ვადარებო, ამბობს 60 წლის ემიგრანტი. ზუსტად არც ის იცის, როდის დაბრუნდება, მაგრამ იცის, რომ დაბრუნდება მაშინ, როცა საქართველოში „მდგომარეობა გამოსწორდება“. როცა ვკითხეთ რა ქმნის მისთვის საკუთარ ქვეყანაში გაუსაძლის პირობებს, ასე გვიპასუხა:

საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა მძიმეა, ყველაფერი ძვირია და კიდევ უფრო ძვირდება. არ არის ჯანდაცვის სისტემა გამართული, თითქოს ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა არსებობს, რაღაცები მართლაც უფასოა და ხელმისაწვდომი, მაგრამ სამაგიეროდ რაც არ ფინანსდება, იმ მომსახურებას კატასტროფული ფასები აქვს.

გაჭირვებულ, არადემოკრატიულ ქვეყანაში დაბრუნება არავის სურს, სადაც კანონს ძალა არ აქვს, სახელმწიფოს ძლიერებას კანონის უზენაესობა განსაზღვრავს, ეს ალაგებს პირველ რიგში ქვეყანას. გვაქვს ჩვენ ასეთი სახელმწიფო?“ – ამბობს 60 წლის ემიგრანტი.

მეუღლე, 2 შვილი და 4 შვილიშვილი ჰყავს. საქართველოში დარეჯან ბასილაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოში ცხოვრობდა მეუღლესთან და მამამთილთან ერთად. 35 წელი მუშაობდა ამავე სოფლის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, თუმცა სამსახურიდან დაითხოვეს. დარეჯანის შვილები და შვილიშვილები ბათუმში ცხოვრობენ.

სოფელში დარეჯანი და მისი ოჯახი ძირითადად დარეჯანის ხელფასით და მანდარინის ბაღით ირჩენდა თავს:

„მანდარინის იმედად ვერ იქნები, თან როცა დიდი ბაღი არ გაქვს. 50 თეთრად ვაბარებდით ყოველ წელს, ხანაც მომხმარებლებს ნისიად მიჰქონდათ. სკოლაშიც ვასწავლიდი და მოსწავლეებსაც ვამეცადინებდი სახლში, ცუდად არ ვცხოვრობდით.

შრომით კარგი შემოსავალი მქონდა, მაგრამ სამსახური ჩემი სკოლის დირექტორმა დამაკარგვინა“, – ამბობს ემიგრანტი სოფელ ქვემო მახოდან.

დარეჯან ბასილაძე ამბობს, რომ 4 წლის წინ, ზაფხულში მან მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდა ჩააბარა, ზოგადი უნარები. შემდეგ კი იანვარში უნდა გასულიყო მომდევნო გამოცდაზე. ქალი ამბობს, რომ ამის საშუალება სკოლაში, სადაც 35 წელი მუშაობდა, არ მისცეს და საათები ჩამოართვეს, რის შემდეგაც, მისი თქმით, იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.

„ახლა ხელფასიც მოემატათ მასწავლებლებს, მეც ვიმუშავებდი ჩემს სკოლაში და ვიქნებოდი ჩემს სახლში. გული მტკივა, ძალიან კარგი მასწავლებელი ვიყავი, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი სკოლაში მაქვს გატარებული“, – ამბობს ემიგრანტი ქალი.

„ბათუმელები“ სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის დირექტორს, ქიშვარდი გორგოშაძეს დაუკავშირდა, რომელსაც ვკითხეთ, რა კომენტარს გააკეთებდა ემიგრანტი ქალის ბრალდებაზე.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ემიგრაციაში წასვლიდან მხოლოდ 2 წლის შემდეგ ამოიღო სკოლამ ბაზიდან მასწავლებელი, რაც ის სკოლაში არ გამოცხადდა.

„ბრძანება იყო დაწერილი, მაქვს მე ეს დოკუმენტი, რომ დარეჯან ბასილაძე ერთი წლით გავიდა შვებულებაში. ემიგრაციაში უნდოდა წასვლა, რომ ბედი ეცადა. ერთი წლის მერე აღარ დაბრუნდა. ჩვენ მას ველოდებოდით ორი წელი და არ დაბრუნდა. ცხადია, მერე ეს საათები გადავანაწილეთ სხვა მასწავლებლებზე“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

ემიგრანტის თქმით, დაბრუნებას არ გეგმავს მანამ, სანამ საკუთარ გეგმას არ შეასრულებს.

„სოფელი მახო ნელ-ნელა ტურისტულ ადგილად იქცევა. მინდა აქ პატარა სასტუმრო ავაშენო და სიბერე მქონდეს მშვიდი და კომფორტული, ჩვენც ხომ ვიმსახურებთ ისეთ სიბერეს, როგორსაც ევროპელები იწყობენ საკუთარი თავისთვის.

„უმიზნო ადამიანი უტარო ცულია“, ამიტომ მეც მიზანი დავისახე ემიგრაციაში წამოსვლისას, ამხელა გზაზე როცა მოდიხარ, რამეს უნდა გეგმავდე, თორემ შეიძლება ათმა, ოცმა წელმა უაზროდ ჩაიქროლოს“, – ამბობს დარეჯან ბასილაძე.

სოფელი აია პარასკევა ქართველ ემიგრანტს 4 წელია არ დაუტოვებია, ქალაქშიც კი არ გასულა. არ აქვს დასვენების დღეები და ამბობს, რომ ასე ცდილობს მოკლე დროში შეაგროვოს საქართველოში სასტუმროს ასაშენებლად თანხა.

„რაც უფრო მალე წავალ აქედან, მით უკეთესი, ღრმა სიბერემდე აქ ვერ დავრჩები. 25, 35 წლის ახალგაზრდა ქალები ჩამოდიან საბერძნეთში სამუშაოდ, ტოვებენ მცირეწლოვან შვილებს, ოჯახებს, სულ თვალცრემლიანები არიან. ხშირად აქ სამუშაოდ ისეთი ხალხი ჩამოდის, ვისაც ან ბანკის ვალი აქვს და საქართველოში ვერ იხდის, ან სახლი, ბინა არ აქვს. ბევრი ქართველი ქალისგან გაიგონებთ აქ: სად წავიდე საქართველოში, რომ დავბრუნდე ღამის გასათევიც არ მაქვსო“, – ამბობს ემიგრანტი.

დარეჯან ბასილაძე ამბობს, რომ საფრანგეთთან და იტალიასთან შედარებით საბერძნეთში ანაზღაურება დაბალია. 600, 700, 800 დოლარია აქ მაქსიმუმ ქართველი ემიგრანტების ხელფასი. ძირითადად მომვლელებად და დამლაგებლებად მუშაობენ.

ემიგრანტის თქმით, მის სოფელში მის გარდა კიდევ ერთი ქართველია, მხოლოდ მასთან აქვს წასასვლელი, როცა მოხუცს სძინავს.

„ზოგჯერ ეკლესიაში დავდივარ, დღესასწაულებზე მოედნებზე იკრიბება ხალხი დოლ-გარმონით და მუსიკით. ზეიმებზეც გავდივარ სოფელში. საქართველოში ფულის გასაგზავნადაც არ მჭირდება ქალაქში წასვლა, ჩემი ,,პატრონები“ მაგზავნინებენ.

ვართ ასე ორი ქართველი ამ ბერძნულ სოფელში და მივდი-მოვდივართ ერთმანეთთან ყავაზე, როცა გვცალია. აქ მანდარინის და ზეთისხილის ბაღებია, ხანდახან ვსეირნობთ“, – ამბობს ქართველი ემიგრანტი.

კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა

კამპანიის ფარგლებში „გამომყევი აჭარაში“ ქართველმა ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა ფოტო-ვიდეოკონტენტით თავიანთ გამომწერებს გააცნეს აჭარის კულტურა, კულინარია, ფოლკლორი, კულტურული და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა.

კამპანიის მთავარი პრიზების გამარჯვებულები ბათუმში საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. პირველი ადგილი ქუთაისელმა ქუჩის ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა მოიპოვა, დავითს გამომწერები დანტესის სახელით იცნობენ.

ორი თვის განმავლობაში მის მიერ აჭარაში მოგზაურობაზე გამოქვეყნებულმა კონტენტმა 33 მილიონამდე გამოხმაურება (reach) დააგროვა.

დავით ოქროპილაშვილი ქუთაისელი ქუჩის ფოტოგრაფია, მონაწილე, რომელიც პირველივე დღიდან ჩაერთო პროექტში „გამომყევი აჭარაში“, მოინახულა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი და მთელ საქართველოს გააცნო აჭარის საოცარი ბუნება, კულტურა და ხალხი. აქამდე მხოლოდ რამდენჯერმე იყო ნამყოფი ბათუმში და აჭარა მისთვის ბათუმთან და ზღვასთან ასოცირდებოდა:

„ამ კამპანიის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, აჭარა ჩემთვის ახლა ბევრად მრავალფეროვანია, ეს მთები, ბუნება და ადამიანები არასდროს დამავიწყდება, პირველად აღმოვჩნდი წელს აჭარის მთიანეთში კამპანიის ფარგლებში“ – ამბობს კამპანიის პირველი ადგილის მფლობელი ბლოგერი.

მეორე ადგილი ინფლუენსერმა სალი წვერავამ დაიკავა.


გამარჯვება ასევე მოიპოვეს მოგზაურ-ინფლუენსერებმა ტიტე მიქაძემ:

ზურა გელაშვილმა:

ფუდბლოგერმა ანა მითაიშვილმა:

„მე ფუდბლოგერი ვარ და გასტრონომიაზე იყო ორიენტირებული ჩემი კონტენტი, ძირითადად კერძებით გავაცანი აჭარა ჩემს მიმდევრებს.

თუ არ დავივიწყებთ ძველ ტრადციულ კერძებს და პოპულარიზაციას გავუკეთებთ რესტორნებშიც გაცილებით დიდი იქნება დაინტერესება აჭარის რეგიონით, რადგან ადამიანი საქართველოში რომ ჩამოდის გასტრონომიული კუთხითაც აინტერესებს ქვეყანა, ჩვენი რესტორნები კი ძირითადად ევროპულ სამზარეულოს სთავაზობენ მომხმარებელს“ – ამბობს კამპანიის ერთ-ერთი გამარჯვებული ანა მითაიშვილი.

ორი თვის განმავლობაში ბლოგერების მიერ აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა ასიათასობით ქართველს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის ხელშესაწყობად კამპანია „გამომყევი აჭარაში“ წელს პირველად განახორციელა. კამპანია 15 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდა.

დარეგისტრირდა 50-მდე მონაწილე, თუმცა მათ შორის ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ ასიათასობით გამომწერს.

კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ ინფლუენსერები, მოგზაურები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები.

ზურა გელაშვილიც კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ბოლო ხუთი წელია ზაფხულობით ერთ თვეს მაინც ატარებს აჭარაში და დარწმუნებულია, რომ სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს ბაკურიანსა და გუდაურს:

„სამთვენახევარი გავატარე წელს აჭარაში, მრავალფეროვნებით გამორჩეული მხარეა, ჩემს კონტენტს აჭარაზე ექვსი მილიონზე მეტი გამოხმაურება ჰქონდა, მეოთხე ადგილზე გავედი.

ამ კონკურსის შედეგად შეიქმნა ისეთი და იმ რაოდენობის ფოტო და ვიდეომასალა, რაც სამუდამოდ დარჩება, კადრები, რაც ყოველთვის მიიზიდავს როგორც ქართველებს, ასევე უცხოელ ტურისტებს, ეს დიდი ვიზუალური რესურსია, მსგავსი კონტენტის შექმნა და დაგროვება მარტივი არ არის“ – ამბობს ზურა გელაშვილი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თინათინ ზოიძე აღნიშნავს, რომ კამპანიაში ჩართული 50 ბლოგერისგან მართალია გაიმარჯვა ექვსმა, მაგრამ გამარჯვებულებთან ერთად კამპანიისთვის დიდი შრომა გასწიეს დანარჩენმა მონაწილეებმაც, რომელთა კონტენტსაც 200, 300 ათასამდე გამოხმაურება ჰქონდა:

„ამ კამპანიის მიზანი შიდა ტურიზმის ხელშეწყობა იყო, ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის კამპანიას შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის.

ყველა ტიპის ბლოგერს მივეცით შესაძლებლობა ემოგზაურათ აჭარაში და ჩართულიყვნენ კამპანიაში, მოლოდინებს გადააჭარბა შედეგმა და გამოხმაურებებმა. ფოტო და ვიდეო-კონტენტის გამოხმაურებამ 100 მილიონს გადააჭარბა. ეს ნიშნავს რომ საქართველოს ყველა რეგიონის დაფარვა შევძელით.


კამპანია „გამომყევი აჭარაში”, გამარჯვებულთა დაჯილდოება. [batumelebi.ge]

მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არ იყო გარეკლამებული ე.წ. დაბუსტული კონტენტი.

კამპანიის საშუალებით აჭარის ახალი ადგილები, ტურისტული მარშრუტები გაიცნო მთელმა საქართველომ და ეს გააკეთეს ადგილობრივმა ბლოგერებმა, ინფლუანსერებმა. თავადაც გაიცნეს აჭარა და გააცნეს მათ მრავალრიცხოვან მიმდევრებსაც“-ამბობს თინა ზოიძე.

მისი თქმით სამომავლოდ ამ პროექტის დახვეწა და გამრავალფეროვნება იგეგმება. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვიდეომასალას გაცილებით მეტი ნახვა აქვს სოციალურ ქსელებში ყოველთვის და შესაბამისად კამპანიის მიმდინარეობისას ძალიან კარგმა ფოტოკონტენტმა ვერ გაუწია კონკურენცია ვიდეომასალებს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ რამით ნაკლებმნიშვნელოვანია რეგიონის პოპულარიზაციისთვის ფოტოკონტენტი:

„ამ მოცემულობის გათვალისწინებით შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის შესაძლოა ფოტობლოგერებთან ერთად მომავალში ცალკე პროექტიც დავგეგმოთ, რომლის საშუალებითაც ფოტოგრაფებს მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშუალება“ – ამბობს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

Exit mobile version