მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როცა ხელები ხშირად გიცივდებათ – კიდევ რა მიგვანიშნებს სისხლის მიმოქცევის პრობლემაზე

21.11.2023 • 11450
როცა ხელები ხშირად გიცივდებათ – კიდევ რა მიგვანიშნებს სისხლის მიმოქცევის პრობლემაზე

რა სიმპტომები მიგვანიშნებს სისხლის მიმოქცევის პრობლემაზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის” სისხლძარღვთა ქირურგს, არჩილ სიგუას ესაუბრა. მისი თქმით, ჯანმრთელობის ამ პრობლემასთან გასამკლავებლად საწყის ეტაპზე ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვებაც შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს, სიმპტომები კი საკმაოდ მარტივი ამოსაცნობია.

  • ბატონო არჩილ, რა ფუნქცია აკისრია სისხლის მიმოქცევის სისტემას?

სისხლის მიმოქცევის სისტემა ამარაგებს მთელ სხეულს სისხლით. გული, თირკმლები, ღვიძლი, ტვინი, ხელი თუ ფეხი – ყველა ორგანოს აქვს თავისი სისხლძარღვთა სისტემა, რომლის მეშვეობითაც ორგანოს მიეწოდება სისხლი, რომელიც გახლავთ ერთგვარი საკვები [ორგანოებისთვის] ჟანგბადისა და სხვა საკვები ელემეტების სახით.

  • რა იწვევს სისხლის მიმოქცევის სისტემის გაუარესებას?

სისხლის მიმოქცევის პრობლემა შესაძლოა იყოს ორი ტიპის – მწვავე ან ქრონიკული.

მწვავეა, როცა ადამიანს ნორმალური მდგომარეობის დროს ეწყება სისხლის მიმოქცევის ძლიერი დეფიციტი ანუ სისხლის რაოდენობა, რომელიც მანამდე მიდიოდა, ვთქვათ, კიდურში, მწვავედ შეწყდა. რადგან ეს ხდება უეცრად და სწრაფად, სხვადასხვა ორგანოს უკმარისობის პროცესი უფრო მწვავედ მიმდინარეობს, იწვევს მდგომარეობის სწრაფ გაუარესებას, რაც საჭიროებს უფრო სწრაფ რეაგირებას.

სისხლის ქრონიკული უკმარისობის დროს არტერიის ან ნებისმიერი სისხლძარღვის დახურვის პროცესი მიდის ნელ-ნელა, მწვავესგან განსხვავებით ეს უფრო ხანაგრძლივი პროცესია. ნელ-ნელა ვითარდება ფოლაქი არტერიაში ან ნელ-ნელა ვიწროვდება სისხლძარღვი – 5%, 10%, 15% და ა.შ., სანამ სისხლძარღვი არ დაიხურება იმ დონეზე, რომლის დროსაც ამა თუ იმ ორგანოს ექმნება დეფიციტი, რის გამოც უკვე ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს. აქ უკვე პაციენტს ეწყება სიმპტომები. 

  • რა უწყობს ხელს სისხლის მიმოქცევის გაუარესების ქრონიკულ პროცესს?

ქრონიკული არტერიული გაუვალობის განვითარებაში ბევრი ფაქტორია ჩართული, თუმცა ძირითადი რომ დავასახელოთ, პირველ რიგში, ეს არის არაჯანსაღი ცხოვრების წესი. დღეს, 21-ე საუკუნეში, ისეთი ცხოვრების რეჟიმი გვაქვს, რომელშიც ადამიანი ცოტას მოძრაობს, არ ვიკვებებით ჯანსაღად, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს მავნე ჩვევები – თამბაქოს, ალკოჰოლის მოხმარება – ეს ყველაფერი ზრდის ქრონიკული პროცესის განვითარების რისკფაქტორს. 

რაც შეეხება დაავადებებს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლძარღვების შევიწროების პროცესს, ეს არის პირველ რიგში შაქრიანი დიაბეტი და არტრიული ჰიპერტენზია, ორივე დაავადება თუ არ არის კონტროლირებადი, მაშინ პროცესები უფრო ჩქარა ვითარდება. თუ პაციენტი დიაბეტის ან ჰიპერტენზიის დიაგნოზით აკონტროლებს მდგომარეობას, იღებს წამლებს და დაშვებულ ნორმებში აქვს მაჩვენებელები, მაშინ არტერიების შევიწროება უფრო ნელა მიმდინარეობს. 

ასევე, დიდი მნიშვენელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორს, კერძოდ, ჰქონდა თუ არა ოჯახში ვინმეს არტერიული უკმარისობის პრობლემები. 

  • რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ ხელისა და ფეხის თითების ხშირი სიცივე მიანიშნებს სისხლის მიმოქცევის პრობლემებზე?

სიცივის შეგრძნება ზედა ან ქვედა კიდურებში მაშინ, როცა სხვებს არ სცივათ ან ზოგადად სითბოა, საწყისი ნიშანია ამ პრობლემის.

როცა სითბოში ადამიანს სცივა, მაგალითად, ფეხებზე, იმატებს წინდებს, მაგრამ მაინც ვერ თბება, პირველ რიგში, გვაფიქრებინებს, რომ ეს სისხლძარღვების პრობლემიდან მომდინარეობს.

არის სხვა დაავადებებიც, რომელთაც ეს სიმპტომი აქვს, მაგრამ ძალიან ხშირად სისხლის მიმოქცევის პრობლემაა და ეს არის ნიშანი, რომ მიხვიდეთ ექიმთან და გამოიკვლიოთ, ჰყოფნის თუ არა სისხლის მიმოქცევა ამ კიდურს, რომელიც გეყინებათ, სანამ პრობლემა საწყის ეტაპზეა.

  • სხვა რა სიმპტომები აქვს სისხლის მიმოქცევის პრობლემებს?

მაგალითად, თუ ქვემო კიდურებში სისხლის მიმოქცევის პრობლემაა, ეს გამოხატულია გარდამავალი კოჭლობით. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ პაციენტს ეწყება ტკივილი ან დისკომფორტი წვივებში, რაც აჩერებს მას. მაგალითად, გაივლის 500 მეტრს, უნდა გაჩერდეს და მოისვენოს, რადგან ფეხი არ უშვებს, კიდევ გაივლის რაღაც მოკლე დისტანციას – ისევ უნდა გაჩერდეს და დაისვენოს.

ასევე, შეიძლება იყოს, მგრძნობელობის დაქვეითება – ეს უფრო დიაბეტისა და ათეროსკლეროზული ცვლილებების დროს ერთად. მაგალითად, როცა პაციენტი ვერ გრძნობს, აცვია ფეხზე წინდა თუ არა. 

საქმე ის არის, რომ ამ დროს სისხლის ნორმალური რაოდენობა არ მიეწოდება ქსოვილებს. სითბოს ორგანიზმში მატარებელია სისხლი, თუ სისხლი არ მიდის სისხლძარღვში, მაშინ ქსოვილი ვერ თბება.

Cleveland Clinic – შეიძლება იგრძნოთ ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტა ან სიცივე სხეულის იმ ნაწილებში, რომლებსაც ცუდი ცირკულაცია აქვს. ხშირად, სისხლის არასათანადო მიმოქცევის სიმპტომები გავლენას ახდენს ფეხებზე, ხელებზე, ხელის თითებზე, ტერფებსა და ფეხის თითებზე.

სხვა სიმპტომებია:

  • კუნთების ტკივილი ან სისუსტე სიარულის დროს;
  • ჩხვლეტის შეგრძნება კანზე;
  • ფერმკრთალი ან მოლურჯო ფერის კანი;
  • ხელის ან ფეხის თითების სიცივე;
  • დაბუჟება;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • შეშუპება;
  • ამობურცული ძარღვები.

 

  • რა პრობლემებს იწვევს სისხლის მიმოქცევის გაუარესება გრძელვადიან პერსპექცტივაში?

სისხლის მიმოქცევის პრობლემა ხანგრძლივ პერიოდში იწვევს ამა თუ იმ ორგანოსთვის სისხლის დეფიციტს, რაც შემდგომ უკვე მოიტანს ცვლილებებს ამ ორგანოში, სისხლის მიმოქცევის პრობლემიდან ვითარდება ამა თუ იმ ორგანოს დაავადება და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაც კი. 

მაგალითად, თუ სისხლის მიმოქცევის პრობლემაა ქვედა კიდურში და დროთა განმავლობაში მატულობს პრობლემა, საბოლოოდ შეიძლება მოიტანოს განგრენა. თავის ტვინში თუა სისხლის მიმოქცევის პრობლემა, სადაც შევიწროებულია სისხლძარღვი და რამდენიმე წელი ნაკლებობაა სისხლის, ნელ-ნელა ფოლაქი ჩნდება, კიდევ უფრო ქვეითდება სისხლის ნაკადი და შეიძლება შედეგი იყოს იშემიური ინსულტი ან [ვასკულარული] დემენცია; კორონარული არტერიის დავიწროება, რომელიც კვებავს გულის კუნთს, იწვევს საბოლოოდ ინფარქტს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. 

  • რა შეგვიძლია გავაკეთოთ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად?

ეს არის სწორი კვება, აქტიური ცხოვრება და უარი მავნე ჩვევებზე. ზოგი ფიქრობს, რომ სამსახურში სიარული, დიდ ხანს ფეხზე დგომა აქტივობაა, მაგრამ ეს ასე არ არის. აქტივობა არის გაისეირნო, იარო ფეხით, სამსახურის მერე კი არ წამოვწვეთ, არამედ დავტვირთოთ კუნთები თუნდაც ნელი სიარულით, ვისუნთქოთ ჟანგბადი.

კვებას რაც შეეხება, ძალიან გვიჭირს, შეიძლება გემრიელ საჭმელს მივირთმევდეთ, მაგრამ ცხიმიანს, ცომიანს, შაქრიანს და შესაბამისად – მავნეს. საბოლოოდ ამ არასწორი კვებით წონაში ვიმატებთ და ქოლესტერინს ვაგროვებთ, მაშინ როცა სწორი, ანუ ჯანსაღი კვებით ნამდვილად შეგვიძლია დავეხმაროთ სისხლძარღვებს. 

და რა თქმა უნდა უარი უნდა ვთქვათ მავნე ჩვევებზე – თამბაქოს მოწევასა და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე. ეს არის მკურნალობა ექიმის გარეშე.

რაც შეეხება ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობას, ის ძირითადად მედიკამენტურია. მართალია, ყველა სიტუაცია ინდივუდუალურია, თუმცა ბევრ წამალს მაინც არ ვნიშნავ, ეს შეიძლება იყოს ძირითადად სამი ტიპის მედიკამენტი: სისხლის გამათხელებელი, ცუდი ქოლესტერინის დამაქვეითებელი და მესამე – მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი პრეპარატი. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: