ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აქცია „ოცნების ქალაქში“ – მონაწილეებმა ფრიდონ ხალვაშის გამზირი რამდენიმე წუთით გადაკეტეს

22.10.2023 • 3586
აქცია „ოცნების ქალაქში“ – მონაწილეებმა ფრიდონ ხალვაშის გამზირი რამდენიმე წუთით გადაკეტეს

დღეს, 22 ოქტომბერს, აქციას მართავენ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები. აქციის მონაწილეებმა ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მიმდებარედ ფრიდონ ხალვაშის გამზირის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს.

აქციის მონაწილეებმა მხოლოდ რამდენიმე წუთით მოახერხეს გამზირის გადაკეტვა. მათი თქმით, აქციის ერთი მონაწილე პოლიციამ დააკავა.

აქციაზე აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს და მოითხოვენ, რომ „ოცნების ქალაქში“ ყველა მცხოვრებთან გაფორმდეს საგარანტიო ხელშეკრულება, რომ ისინი საცხოვრებელ ბინებს აუცილებლად მიიღებენ.

ისინი ასევე ითხოვენ მათთან ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას.

„როცა მივიღებთ პასუხს ხელისუფლებისგან, რომ გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულებები, მხოლოდ ამის შემდეგ დავიშლებით“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

პარალელურად, აქციის მონაწილეები 15-დღიან ვადას აძლევენ აჭარის ხელისუფლებას, რათა ყველა ოჯახთან გააფორმონ საგარანტიო ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აქციებს ბათუმში გამართავენ.

განახლება: აქციის მონაწილეების თქმით, ფრიდონ ხალვაშის გამზირის გადაკეტვის მცდელობის დროს პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე – რუსლან ფუტკარაძე დააკავა.

„ამ დროისთვის [19:30 სთ] აქციის მონაწილეებთან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე იმყოფება, რომელმაც აქციის მონაწილეების მოთხოვნები მოისმინა და ითხოვა 10-დღიანი ვადა, რომ მოსახლეობას საბოლოო პასუხი გასცეს მათ მოთხოვნებზე. აქციის მონაწილეები არ იშლებიან და მინისტრის მოადგილეს სთხოვეს დარჩეს მანამ, ვიდრე რუსლან ფუტკარაძეს არ გაათავისუფლებენ“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამაზ ბაკურიძემ, ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა.

აქცია „ოცნების ქალაქში“ / 22.10.2023

„ოცნების ქალაქში“ ამ ეტაპზე 582 ბინა შენდება, დასახლებაში კი, 1500-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

როდის მიიღებენ ბინებს „ოცნების ქალაქში“ – მშენებელს დამატებით 494 ათასი ლარი გამოუყვეს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: