სიახლეები

ბათუმელი მარილით მოვაჭრის ძველი სახლის ისტორია

22.11.2023 • 5565
ბათუმელი მარილით მოვაჭრის ძველი სახლის ისტორია

ბათუმში, ჭავჭავაძისა და მეტაქსას ქუჩების გადაკვეთაზე XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ორსართულიანი სახლი დგას. სახლის მეორე სართულის ფასადი ჭავჭავაძის ქუჩის მხარეს უხვი დეკორითაა მორთული.

მთავარ ფასადზე სახლს ორი დიდი აივანი აქვს. სადარბაზოს მთავარი შესასვლელი ჭავჭავაძის ქუჩიდანაა. უბრალო კარით უცებ ვერ მიხვდებით, რომ მის მიღმა სადარბაზოს მოხატული ჭერი და კედლები დაგხვდებათ.

სადარბაზოს ჭერი

ჭერზე ეროსის ოთხი გამოსახულებაა ლურჯი ცისა და ღრუბლების ფონზე. მარჯვენა და მარცხენა მხარეს ვაზის მტევნებით, ჩიტებით და ყვავილებით მორთული ამფორები დაუხატავთ.

კედლის მოხატულობა

მთელ კედლებზე, სავარაუდოდ, მე-20 საუკუნის დასაწყისის ბათუმის ზღვის ხედებია დახატული. მეორე სართულზეც ზღვის ხედი და სანაპიროს შენობებია გამოსახული.

კედლის მხატვრობა

კედლის მხატვრობა

პირველიდან მეორე სართულზე მიმავალი კიბის უჯრედში ხისჩარჩოიანი ვიტრაჟია, შესაძლოა ეს ვიტრაჟი თავიდან ფერადიც იყო. ახლა ყვითელი შუშებია ჩარჩოში ჩასმული, ალაგ-ალაგ ისიც ჩამტვრეული.

სახლის შესასვლელში, პირველ სართულზე იატაკის მოპირკეთება სრულად განადგურებულია და ახალია დაგებული. ძველი ფილები შენარჩუნებულია კიბის უჯრედსა და მეორე სართულზე.

იატაკი

ჭერზე მოხატულობის თარიღია მინიშნებული: 1905 წელი.

ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ამ სახლს კულტურული ძეგლის სტატუსი 2020 წელს მიენიჭა. სადარბაზოს კედლების, ჭერის მხატვრობა და ჩუქურთმები 10 წლის წინაა რესტავრირებული.

სახლის მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ ახსოვთ ფასადზე ამოტვიფრული თარიღი: 1903 წელი, რაც სავარაუდოდ სახლის მშენებლობის წელი უნდა იყოს.

სადარბაზო

ახლანდელი მაცხოვრებლების ინფორმაციით, სახლი მეოცე საუკუნის დასაწყისში ბათუმში მცხოვრებ მდიდარ კომერსანტს, ბაღდასარ ბაღდასარიანს ეკუთვნოდა. აქ იხსენებენ, რომ გადმოცემის თანახმად ბაღდასარიანი მარილით ვაჭრობდა და სახლის პირველ სართულზე მარილის საწყობები ჰქონდა, მეორე სართულზე კი ოჯახით ცხოვრობდა.

სახლის უკანა ეზოში სახელდახელოდ მიდგმულ შენობებში, სახლის ბინადრების ცნობით, ბაღდასარიანის მუშები ცხოვრობდნენ.

ჭავჭავაძის №68б სახლის უკანა ეზო

ამბობენ, რომ ბოლშევიკებმა ბაღდასარიანი გააკულაკეს. არავინ იცის რა ბედი ეწია მარილით მოვაჭრეს, მისი მეუღლე, ვართანუშ ბაღდასარიანი სახლის მცხოვრებ 65 წლის კაცს ახსოვს – უკვე დაბერებული და მარტო დარჩენილი:

„ახლა 65 წლის ვარ, მაშინ 10 წლის ბიჭი ვიქნებოდი, როცა ვართანუშა მარტო ცხოვრობდა ორ პატარა ოთახში, 70-75 წლის მახსოვს. ბოლშევიკებმა მხოლოდ ეს ორი პატარა ოთახი დაუტოვეს სახლის ჩამორთმევის შემდეგ. მარტო დარჩა ვართანუშა, მისი შვილები ამერიკაში წავიდნენ საცხოვრებლად. რომ გარდაიცვალა აქვე, ბათუმში დაკრძალეს“ – ამბობს სახლის მცხოვრები.

სახლი ჭავჭავაძისა და მეტაქსას ქუჩების გადაკვეთაზე

უცნობია კომერსანტის სახლის არქიტექტორის და მხატვრის ვინაობა.

ძეგლის სტატუსის მქონე შენობების ნუსხაში ჭავჭავაძის 68 ნომერში მდებარე სახლის შესახებ ასეთი ჩანაწერია:

„ჭავჭავაძის ქუჩის მხარეს ორი აჟურულმოაჯირებიანი ლითონის შეკიდული აივანია. მოსართავად გამოყენებულია ისეთი არქიტექტურული დეტალები, როგორიცაა: კორინთულ და იონიურკაპიტელებიანი, კანელურებით დაღარული პილასტრები, მშვილდა ფრონტონები, პროფილირებული თაროები, საჭექი ქვები, ლომის სკულპტურული თავები.

მთლიანად შენობა მცენარეული ორნამენტით დაფარული, შენობა ოთხქანობა სახურავითაა გადახურული, რომლის სხვენშიც მანსარდაა მოწყობილი. მანსარდის სწორკუთხა ფანჯრები ორქანობა გადახურვის ქვეშაა მოქცეული.

იგი ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით საყურადღებო ნაგებობაა და მაორგანიზებელი მოცულობა ამ უბნის განაშენიანებაში. ასევე ყურადღებას იმსახურებს მორთულობის შესრულების მაღალი დონე და მოხატული სადარბაზოს დეკორი“.

გადაბეჭდვის წესი