მთავარი,სიახლეები

მანდარინის ფასი წელსაც დაბალია – რატომ არჩიეს ექსპორტიორებმა ისევ რუსეთის ბაზარი

22.11.2023 •
მანდარინის ფასი წელსაც დაბალია – რატომ არჩიეს ექსპორტიორებმა ისევ რუსეთის ბაზარი

„ფასი უკვე ფორმირებულია: საშუალო, სტანდარტული მანდარინის ფასი 70 თეთრიდან 1 ლარის ფარგლებშია. მე ამ ფასის ცოტათი კლებას ვვარაუდობ, რადგან მოსავალი რეალურად დიდია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კახა შავაძე, რომელიც ციტრუსის ექსპორტიორი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ ხელმძღვანელია.

რამდენიმე დღეა, რაც  მანდარინის კრეფა აქტიურად დაიწყო. ფერმერები ამბობენ, რომ წელს მოსავალი გამორჩეულად ხარისხიანია და ბევრი, თუმცა მყიდველი არ ჩანს.

„ყველაფრის ფასი გაიზარდა, მანდარინის ფასი კი, ისევ 70 და 80 თეთრია, ეს თანხა გადაუხადეს, ვინც მანდარინის გაყიდვა უკვე შეძლო,“ – გვითხრეს ქობულეთელმა მეციტრუსეებმა.

საპროგნოზო მონაცემებით, წელს 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელიან. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინტერნეტ-გვერდის მიხედვით, საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის საწარმო მიიღებს, არასტანდარტულ ნაყოფში კი, ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში 30 თეთრს გადაიხდიან [25 თეთრი სახელმწიფოს სუბსიდიაა].

რატომ ვერ მიაქვთ ექსპორტიორებს მანდარინი ევროპის ბაზარზე და რომელ ქვეყნებში გაიტანენ წელს მანდარინს? რა საშუალებებით ეხმარება ხელისუფლება მეციტრუსეს, რომელსაც კილო მანდარინში ისევ დაახლოებით 70 თეთრს გადაუხდიან? – „ბათუმელებმა“ ინფორმაციის მოწოდება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას სთხოვა, თუმცა 3 სამუშაო დღის განმავლობაში ვერც ინფორმაცია მოგვაწოდეს და პასუხისმგებელ პირსაც არ დაგვალაპარაკეს.

იმისთვის, რომ ექსპორტიორმა ციტრუსი რომელიმე სხვა ქვეყანაში გაიტანოს, ე.წ. წარმოშობის სერტიფიკატი უნდა აიღოს. ამ დოკუმენტს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გასცემს.

„ჯერ არ გააქტიურებულა ციტრუსის სეზონი, ამ ეტაპზე მხოლოდ სომხეთში გასატანად 20 ტონა მანდარინზე გაფორმდა წარმოშობის სერტიფიკატი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ჯუმბერ ტუღუშმა, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილემ.

ჯუმბერ ტუღუში განმარტავს, რომ ციტრუსის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაცია გასცემს შემოსავლების სამსახურიც.

„მაგალითად, უკრაინის შესახებ მონაცემები აქვს შემოსავლების სამსახურს, რადგან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, უკრაინა ითხოვს „ევრო 1“ ფორმის სერტიფიკატს. ჩვენ ხარისხს არ ვამოწმებთ, ვამოწმებთ იმ დოკუმენტაციას, რომელიც განსაზღვრავს საექსპორტო საქონლის წარმოშობას.

როცა ექსპორტიორი მოდის, ის უნდა იყოს დარეგისტრირებულ საგადასახადო სისტემაში და დაკავშირებული იმ ქვეყნის რეზიდენტთან, სადაც მიაქვს ციტრუსი. ექსპორტიორს უნდა ჰქონდეს ამ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება და შესაბამისი ინვოისი, მან ასევე უნდა წარმოგვიდგინოს დოკუმენტაცია საექსპორტო საქონლის წარმოშობაზე: შესაძლოა, თავად მას აქვს ციტრუსის ბაღი, თუ ციტრუსი შეიძინა, უნდა ჰქონდეს შესყიდვის აქტები,“ – გვითხრა ჯუმბერ ტუღუშმა.

ციტრუსის ექსპორტიორი კახა შავაძე კი, „ბათუმელებთან“ აღწერს, რატომ ვერ იზრდება მანდარინის ფასი საქართველოში და რა უშლის ხელს ევროპის ბაზარზე გასვლას. კახა შავაძეს სამი სატვირთო  მანქანა უკვე გაუგზავნია რუსეთის ბაზარზე.

„ძირითადი ბაზარი ისევ იქნება რუსეთი, ბელარუსიდან გვაქვს ასევე შეკვეთა. უზბეკეთი ახალი მიმართულება, რაც საკმაოდ დიდი ბაზარია. გასულ წელსაც ვგეგმავდით უზბეკეთში ციტრუსის გატანას, მაგრამ ხარისხობრივი მაჩვენებელი იმდენად დაბალი იყო, უარი ვთქვით. აქ კონკურენტი ჩინეთია, მაგრამ ქართულმა მანდარინმა გემოვნური თვისებებით აჯობა.

დაახლოებით 200 ტონა ციტრუსის გატანას ვგეგმავთ უზბეკეთის ბაზარზე, რუსეთში ჩვენი კომპანია 600-დან 800 ტონამდე მანდარინი გავა, წელს ციტრუსის მოსავალი დამაკმაყოფილებელია, ბევრად უკეთესია ხარისხობრივად, რაც გასულ წელს იყო, თუმცა მოსავალია დიდი“, – ძირითადად ამ ფაქტორის გამო ვარაუდობს „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ ხელმძღვანელი, კახა შავაძე, რომ მანდარინი შეიძლება კიდევ გაიაფდეს.

ექსპორტიორის თქმით, უკრაინის მიმართულებით ისევ ლოჯისტიკური პრობლემაა, რუსეთში კი, მანდარინს ძირითადად ლარსიდან შეიტანენ. წინა წლებში კახა შავაძეს მანდარინი გაუტანია ევროპის ბაზარზეც, თუმცა ბიუროკრატიულ ბარიერებს შეხვდა.

„ეს უკავშირდება ძირითადად ხარისხობრივ და ბიუროკრატიულ პრობლემებს. ჩვენ არ გვაქვს ის ხარისხი, რომლითაც ევროპულ ბაზარს დავაკმაყოფილებთ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ევროპის ქვეყნებში ექსპორტი გვქონდა, ვერ შევძელით მიწოდების ჯაჭვი შეგვეკრა. მაგალითად, ფიტოსანიტარიული დოკუმენტი აღებული გაქვს, მაგრამ იგი არ არის ევროპის ქვეყნებში სრულფასოვნად აღიარებული – გადამოწმებას ითხოვენ. წარმოიდგინეთ, მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც გაგიჩერეს 10 დღე გადამოწმებით მიზნით. საბოლოოდ, ყველა პროცედურა გავიარეთ და შევედით, მაგრამ დაყოვნება არის მნიშვნელოვანი უკუსვლა… ევროპის ბაზარზე ნდობა ჩვენი საერთო ხარისხის მიმართ დაბალია.

ევროპის ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხარისხთან ერთად უწყვეტობის უზრუნველყოფა. მხოლოდ ერთი და ორი მანქანა ხარისხიანი მანქანის შეყვანა არ ცვლის მოცემულობას.

მაგალითად, ეგვიპტემ ბოლო წლებში რუსულ ბაზარზე ფაქტობრივად უარი თქვა და გადაერთო ევროპის მაღალფასიან ბაზარზე. მინდა აღვნიშნო, რომ მაღალფასიანის გარდა, ევროპის ბაზარი არის სტაბილური ბაზარი. ეგვიპტემ ეს შეძლო პირველადი და მეორადი რგოლის სწორად ორგანიზებით, ანუ მეციტრუსემ უნდა შეძლოს ხარისხიანი ციტრუსის მოყვანა, გადამამუშავებელმა კი, სწორი გადამუშავება და შეფუთვა უნდა მოახერხოს,“ – ამბობს კახა შავაძე.

ციტრუსის ექსპორტიორის აზრით, საქართველომ ევროპის მაღალფასიან სეგმენტზე უნდა გააკეთოს სწორება, ამისთვის კი, ჯერ ხარისხიანი მანდარინის მოსავლის მიღებაა საჭირო.

„პრობლემა უკავშირდება, როგორც ციტრუსის ბაღების არასათანადო მოვლას, აგროწესების დაუცველობას, ბაღების გადაბერებას, ასევე წამლების ხარისხს. პრობლემაა გადამუშავებაც. შესაბამისად, სამუშაო ბევრია იმისთვის, რომ ხარისხი მივიყვანოთ მაქსიმალურამდე და ევროპის ბაზარზე შესაბამისი ადგილის დაკავება შევძლოთ,“ – დასძინა კახა შავაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: