მთავარი,სიახლეები

„ტრაილერი თუ დადის, ავტობუსი რატომ ვერ გაივლის“ – ურეხის დასახლებაში ქუჩა გადაკეტეს

10.11.2023
„ტრაილერი თუ დადის, ავტობუსი რატომ ვერ გაივლის“ – ურეხის დასახლებაში ქუჩა გადაკეტეს

„ვითხოვთ იმას, რომ შემოვლით გზაზე მაინც გამოიაროს ჩვენთან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, შემოვლით გზაზე ტრაილერები თუ დადის და სხვა ტრანსპორტი, ავტობუსი რატომ ვერ გაივლის?“ – კითხულობს თამუნა ბერიძე, რომელიც ბათუმში, ხახულის ქუჩაზე ცხოვრობს.

ხახულის ქუჩის ნაწილი უკვე რამდენიმე თვეა გადაკეტილია სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. უცნობია, როდის გაიხსნება გზა.

დღეს, 10 ნოემბერს, ხახულის ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა ქუჩის ის მონაკვეთი გადაკეტეს, სადაც ავტომანქანების გადადგილება შეზღუდული არ არის. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქუჩა ცოტა ხნით გახსნეს სამართალდამცველებმა.

„მოვიდნენ პოლიციელები და დაგველაპარაკნენ, დაგვპირდნენ სიტუაციის გარკვევას… აქამდე ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მერიას და მოვითხოვეთ მუნიციპალური ტრანსპორტი, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ“, – ამბობს თამუნა ბერიძე.

აქციის მონაწილე განმარტავს, რომ ამ ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, ძალიან უჭირთ ფეხით გავიდნენ იმ ქუჩაზე, სადაც ავტობუსი დადის.

ბათუმში ხახულის ქუჩა [ამავე ქუჩის მეორე შესახვევის მიმდებარედ] გადაკეტილია. მიზეზი – ხიდზე სამუშაოებს ატარებენ, რის გამოც ავტომანქანებს შემოვლითი გზის გავლა უწევთ, ისევ ხახულის ქუჩით რომ გააგრძელონ მოძრაობა. ამ ხიდის ქვეშ ღია სანიაღვრე არხი გადის.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიცვალა მიკროავტობუსების და მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტიც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: