რატომ შექმნა ტარიელ ნაკაიძემ პარტია – მოსახლეობის 25 % უმცირესობაა, ჩვენ ამ სეგმენტზე ვიმუშავებთ

„რეგიონები საქართველოსთვის“ – ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა. „ბათუმელებთან“ ტარიელ ნაკაიძე იმედოვნებს, რომ ახალი პარტია იმ მოწყენილობას აღმოფხვრის, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზეა შექმნილი.

პარტია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქტიურად იმუშავებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ხმის წარმოჩენაზე პოლიტიკაში.

  • ბატონო ტარიელ, რატომ მიხვედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ კიდევ ერთი პარტია იყო საჭირო ამ ქვეყანაში და რით იქნებით განსხვავებული?

პირველ რიგში, პარტიის შექმნის მიზეზი იყო ის, რომ ზოგადად, ქართული პოლიტიკა არის ცენტრალიზებული, ცენტრში განთავსებული პოლიტიკოსების პოლიტიკა, რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად უგულებელყოფს რეგიონებს და მათი ხმა ძალიან იშვიათად ისმის ქართულ პოლიტიკაში.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ რეგიონების ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. პარტიის მიზანიც იქნება ის, რომ ვიმუშაოთ რეგიონებში არსებულ პრობლემებზე და მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წარმოვაჩინოთ ის უხილავი ხმები, თუნდაც რელიგიურ-ეთნიკური უმცირესობების ნაწილში.

პარტიის პოლიტსაბჭოც სწორედ ამ მიმართულებით დაკომპლექტდა.

  • პოლიტსაბჭოში ვინ გყავთ, შეგიძლიათ დაგვისახელოთ რამდენიმე ადამიანი?

მაგალითად, იეზიდი თემიდან გყავს მიხეილ ლაზგინიანი, აზერბაიჯანული თემიდან გვყავს აქტივისტი, ქალთა უფლებადამცველი თოზუ გულმამედოვა, აჭარიდან გვყავს როინ ნიჟარაძე, ზაზა მიქელაძე და სხვები. პარტიაში გვყავს ახალგაზრდა აქტიური ქალები.

ჩვენ არ ვცდილობთ ცნობილი სახეები გვყავდეს პარტიაში და ამის ხარჯზე შევქმნით ჩვენი ელექტორატი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებული პედაგოგი როლანდ შავაძე და ქართველოლოგი ოქტაი ქაზუმოვი პარტიის პრეზენტაციაზე.

ჩვენი ამომრჩეველი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა საზოგადოებისთვის არ არიან კარგად ცნობილი, მაგრამ აქტიურად მუშაობენ საკუთარი თემის, საკუთარი სოფლის მნიშვნელოვან პრობლემებზე და ამ გარემოდან ცდილობენ, ხმა მიაწვდინონ დანარჩენ საზოგადოებასა თუ ხელისუფლება.

ამ ეტაპზე ჩემი ჩათვლით 15 წევრი გვყავს პოლიტსაბჭოში, მაგრამ კარები ღიაა და შევეცდებით, რეგიონებიდან ავიყვანოთ უფრო მეტი ადამიანი.

  • უფრო მეტად მუსლიმ ელექტორატზე გაქვთ გათვლა, თუ კიდევ ვის მოიაზრებთ თქვენს ამომრჩევლად?

რელიგიური ნიშნით ჩვენ არ ვქმნით პარტიას, ვქმნით რეგიონული ნიშნით და ეს იქნება იმ პრობლემებზე ორიენტირებული, რომელიც ამა თუ იმ რეგიონშია აქტუალური.

გვინდა ეთნიკურ უმცირესობებს მიეცეთ შანსი, რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკურ ცხოვრებაში.

დღეს პოლიტიკური სპექტრი ძალიან პოლარიზებულია, პოლარიზებულია მედიაც, ამიტომ სამწუხაროა, რომ პარტიის პრეზენტაციაზე მხოლოდ ერთი მედია იყო მოსული, რაც ძალიან სამწუხაროა.

ჩვენთვის მედია არის დასაფასებელი, ისინიც კი, ვინც პოლიტიკურად ანგაჟირებულია, მაგრამ ჩვენ ყველას მოვუსმენთ და შევეცდებით, ყველასთან ვისაუბროთ ჩვენს იდეებზე.

თუმცა ჩვენ უფრო მეტად ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ უშუალოდ მივიდეთ ადამიანებთან და ვესაუბროთ. ჩემი პოლიტიკური გამოცდილებაც ამას მაჩვენებს, რომ მე არასდროს მივსულვარ ადამიანებთან კამერებით, არც ერთ სოფელში და როცა მივდივარ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, ფეისბუქზეც კი არ ვდებ ხოლმე შეხვედრის ფოტოებს, რადგან მინდა დაინახონ გულწრფელობა და არა – პოპულიზმი.

ხშირად ვცდილობ მოვნიშნო ხოლმე ადგილი, მაგრამ არასდროს ვუთითებ შეხვედრის მიზანს.

  • ეს სტრატეგიაა, რომ არ გაახმოვანოთ სად მუშაობთ, რომელ თემთან?

კი, ერთგვარი სტრატეგიაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ტარიელი არ ივლის მოსახლეობასთან. სამომავლოდ ყველა რეგიონში გვეყოლება წარმომადგენლები.

  • რადგან თქვით, რომ უმცირესობებზე ხართ ორიენტირებული, მინდა გკითხოთ, გვაქვს ისეთი რეგიონები, სადაც არაქართულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, მათთან როგორ აპირებთ მუშაობას და თუ გაქვთ იმედი, რომ წამოიღებთ ხმებს ამ რეგიონებიდან?

გვექნება ბუკლეტები და ყველა ჩვენი აქტივობა ითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მე თურქულის სპეციალისტი ვარ და აზერბაიჯანულენოვან ხალხთან საუბარი არ მიჭირს. როგორც ვთქვი, ყველგან გვეყოლება რეგიონებში ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის ინფორმირებით იქნებიან დაკავებული.

ჩვენთვის ტაბუდადებული თემა არ არსებობს, ჩვენ ვისაუბრებთ ყველა თემაზე, რომელიც ამ ქვეყნის მომავლისთვის იქნება საჭირო.

რაღაც თემების უგულებელყოფა იმის გამო, რომ ვიღაც არ გაბრაზდეს, ჩვენთან ასეთი რამ არ იქნება.

  • პოლიტიკოსები ყველაზე მეტად მაინც ლგბტქ ადამიანის უფლებებზე საუბარს ერიდებიან, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, თქვენ თუ მოერიდებით ამ თემას?

ადამიანის უფლებების ჭრილში, ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით ამ თემაზე და კიდევ ვისაუბრებთ, რომ საქართველოში ნებისმიერი ადამიანის უფლება იყოს დაცული. რომ ყველა ადამიანი იყოს სრულფასოვანი მოქალაქე ამ ქვეყნის და არავის აქვს უფლება, შეზღუდოს რაიმე ნიშნით.

ჩვენ არც საპატრიარქოს რეაქციების გვეშინია ამ თემაზე და არც მუსლიმთა სამმართველოსი, რადგან ჩვენ გულწრფელად ვაკეთებთ ამ საქმეს და იმის შიშით, რომ ვიღაც ხმას არ მოგვცემს, ვერ შევწყვეტთ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკს.

  • ადამიანის უფლებების გარდა, კიდევ რა თემები იქნება ხაზგასმული თქვენს პროგრამაში?

ჩვენ ჯერ ვხდებით მოსახლეობას, მათგან ვიღებთ იდეებს და შემდეგ ვაპირებთ პროგრამის შემუშავებას, ამიტომ ამ ეტაპზე არ იქნება სწორი, პროგრამაზე რომ ვისაუბრო.

მოვუსმენთ ხალხს და მერე ჩამოვაყალიბებთ პრიორიტეტებს.

  • თქვენ ახსენეთ დაფინანსება და ბუნებრივია, არჩევნებში მნიშვნელოვანია ფინანსები. რა რესურსებით არსებობთ, რა თანხები გაქვთ მობილიზებული და მმართველი პარტიის ფინანსური თუ ადმინისტრაციული რესურსების ფონზე, რამდენად შეძლებთ წარმატების მოპოვებას?

რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსი მწირი გვექნება და არც ვინმე ჩანს ამ ეტაპზე, ვინც შეიძლება ფინანსურად დაგვეხმაროს. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით მოსახლეობაზე დამოკიდებული.

შესაძლოა ვიღაცას სასაცილოდაც არ ეყოს ეს, მაგრამ დღეს ისეთი გარემო და ისეთი პოლიტიკური მოწყენილობაა, ზოგადად, რომ ბევრი ადამიანი ინტერესდება ახალი შესაძლებლობებით და ამ ერთი იდეის გარშემო გვინდა ხალხის გაერთიანება.

ჩვენთვის პოლიტიკა არის მომავალი და არ გვაქვს ილუზია, რომ დღეს პარტია შევქმენით და ხვალ ვიქნებით ხელისუფლებაში. ეს იქნება ხანგრძლივი გზა, იდეების ჭიდილი. ჩვენს ენერგიას დავხარჯავთ ხალხის ინტერესებისა და მათი პრობლემების გამოკვეთაზე.

ეს პოტენციალი არის, დამინახავს წინა არჩევნების დროსაც, ამიტომ სადაც გვეყოლება თანამოაზრეები, იქ გავხსნით ოფისებს და ადგილზე მოუვლიან ამ ოფისებს აქტივისტები, ვინც ჩვენს გუნდში შემოვა. თუ ვერ შევძლებთ ამას, ვიმუშავებთ სხვა მიმართულებით.

ჩვენ ვისაუბრებთ ადამიანებთან, დავარწმუნებთ, რატომ უნდა იყვნენ პოლიტიკაში თუნდაც ეთნიკური, რელიგიური უმცირესობები.

  • იმ სეგმენტს თუ დაელაპარაკებით, ვისაც შესაძლოა არ აინტერესებდეს ეთნიკური უმცირესობების ყოფნა პარლამენტში, მაგრამ სხვა გამოწვევები უდგათ?

საქართველოს მოსახლეობის 25 პროცენტი უმცირესობაა და ჩვენ ვიმუშავებთ ამ სეგმენტზე. ჩვენი მიდგომა ისედაც ლიბერალურია, აქცენტი გვექნება, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციაზე და იმ ხალხზე, ვისთვისაც ეს საკითხები არის მნიშვნელოვანი, თუნდაც დედაქალაქში, იმედი გვაქვს, მათ ხმებსაც წამოვიღებთ.

ქართულ პოლიტიკაში ჩვენ შევიტანთ მრავალფეროვნებას და გვექნება შანსი, რომ ეს ერთსახოვანი პოლიტიკა სხვანაირი გავხადოთ – ჩვენ საინტერესო ვიქნებით ამ მიმართულებით.

უკრაინაში 5 ათასზე მეტი ქალი სამხედროა ხელმძღვანელ თანამდებობაზე

უკრაინაში 5160 სამხედრო მოსამსახურე ქალი ხელმძღვანელ თანამდებობაზეა – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მედიაცენტრი ავრცელებს განცხადებას.

ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსონალის 7.3% ქალია – ეს არის 62,062 ადამიანი. მათგან 43 479 სამხედრო მოსამსახურეა და 18 583 – სამოქალაქო თანამშრომელი.

ჯამში ქალები შეადგენენ უკრაინის შეიარაღებული ძალების 5,3%-ს, კერძოდ:

ოფიცერი – 7709 (6,6%);
სერჟანტი-მაიორი – 11 732 (6,6%);
ჯარისკაცი – 22704 (4,4%);
კურსანტი – 1334 (18,1%).

საბრძოლო ზონაში დავალებებს 5 ათასი ჯარისქალი ასრულებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა იმ ქალების რიცხვი, რომლებიც უკრაინის მცველთა რიგებს შეუერთდნენ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნატალია კალმიკოვამ განაცხადა, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე ახლა „უახლეს მსოფლიო ისტორიაში ქალების ყველაზე დიდი რაოდენობაა“.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელმძღვანელ თანამდებობებზე 5160 ქალი სამხედრო მოსამსახურეა, მათ შორის 2890 ოფიცერი და 2270 – სერჟანტი. გარდა ამისა, უკრაინაში 13 487 ქალს აქვს საომარ მოქმედებებში მებრძოლის სტატუსი.

ცესკო არქივის მოსაწყობად 11 მილიონ ლარს დახარჯავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] 11 მილიონ ლარს დახარჯავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში საარქივო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. შენობა ორსართულიანი იქნება და მშენებლობა 2024 წლის 26 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.

„ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, საარქივო/სასაწყობე ინფრასტრუქტურის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე სადემონტაჟო/სამშენებლო/სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე“ ცესკომ ტენდერი 11 387 000 ლარით გამოაცხადა.

ტენდერს თან ახლავს გენგეგმა, საპროექტო მოცულობები და შენობის რენდერი.

ცესკოს არქივის შენობა / რენდერი ტენდერიდან

ტენდერში გამარჯვებულმა დეტალური პროექტი სამ ეტაპად უნდა მოამზადოს:

„პირველი ეტაპი – ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 დღის ვადაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განმარტებითი ბარათი არსებული მდგომარეობის და საპროექტო წინადადების აღწერით, ობიექტის არქიტექტურული ნაწილის (გეგმები, ჭრილები, ფასადები, ფოტომონტაჟი) და გენერალური გეგმის ესკიზები – საჭიროების შემთხვევაში, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (საჭიროების შემთხვევაში)…

მეორე ეტაპი – პირველი ეტაპის ჩაბარებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, შემსყიდველის მიერ, პირველი ეტაპით განსაზღვრული დოკუმენტაციის დადასტურების საფუძველზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 3 განმარტებითი ბარათი პროექტის დეტალური აღწერით, აგრეთვე სრული დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სამშენებლო სამუშაოების ჩატარება…

მესამე ეტაპი – მეორე ეტაპის ჩაბარებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტის შემუშავების შემდეგ, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სრული დაექსპერტებული დოკუმენტაცია და შესაბამისი საექსპერტო დასკვნები (მხოლოდ დადებითი დასკვნების წარმოდგენის შემთხვევაში განხორციელდება დამკვეთის მიერ მიმდინარე ეტაპის მიღება/დადასტურება)…“

ცესკოს არქივის შენობის გენგეგმა / ფოტო ტენდერიდან

ტენდერის პირობის მიხედვით, „მომზადებულმა პროექტმა საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეძლოს შემდეგი ნებართვების მიღება და მიმწოდებელი ვალდებულია გასწიოს ყველა საჭირო სამუშაო (მათ შორის ფინანსური მხარეც), რაც სჭირდება შემდეგი ტიპის ნებართვების მიღებას:

  • სამშენებლო ნებართვა
  • საინჟინრო კომუნიკაციების ნებართვა (საჭიროების შემთხვევაში);
  • სახანძრო უსაფრთხოების ნებართვის მიღება; (შემდგომი ჩაბარებით შესაბამის სამსახურთან)
  • სხვა დამატებითი ნებართვები/შეთანხმებები რაც საჭიროა შენობის დანიშნულებისამებრ გამოყენებასთან (საჭიროების შემთხვევაში);

შემსრულებელმა უნდა განახორციელოს ასევე ობიექტის/ობიექტების ელ. მომარაგებისთვის საჭირო ყველა სამუშაო და გაწიოს შესაბამისი ხარჯები აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად (მათ შორის ობიექტის/ობიექტების ელ. მომარაგების ქსელზე დაერთება და შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ახალი აბონენტის რეგისტრაცია). ისევე როგორც ექსპლუატაციაში მიღება და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯები და პროცედურა.

მშენებლობა თბილისში ორ საკადასტრო ერთეულზეა დაგეგმილი შემდეგ მისამართებზე – დავით აღმაშენებლის ხეივანი N136 და N138.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 3 დეკემბერს დაიწყება და 8 დეკემბერს დასრულდება.

ცესკოს არქივის შენობა / რენდერი ტენდერიდან

 

 

რა იწვევს ფილტვის ანთებას და რა სიმპტომებით შეგვიძლია მისი ამოცნობა

პნევმონია ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთებაა, რომლის გამომწვევი მიზეზი ბაქტერია, ვირუსი ან სოკოა. პნევმონიას შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი ან ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში მიმდინარეობა, რაც განსაკუთრებით სახიფათოა რისკჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის.

უშუალოდ ფილტვები პატარა ტომრებისგან, ალვეოლებისგან შედგება, რომლებიც სუნთქვისას ჰაერით ივსება, მაგრამ როდესაც ადამიანს აქვს პნევმონია, ალვეოლი ივსება სითხით, რაც სუნთქვას ამძიმებს და ზღუდავს ჟანგბადის მიღებას. 

,,ბათუმის სამედიცინო ცენტრის” თერაპევტი საბინა მეჯიდოვა ამბობს, რომ პნევმონია ის დაავადებაა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ადეკვატური მკურნალობა, რათა პაციენტის მდგომარეობა არ დამძიმდეს.

  • რა იწვევს, როგორ ჩნდება პნევმონია?

პნევმონია არის მწვავე ინფექციური დაავადება, მწვავე პროცესი, რომელიც აზიანებს ფილტვის პარენქიმას [ქსოვილს]. ამ დაავადების ქრონიკული ფორმა არ არსებობს. 

პნევმონიას ძალიან ბევრი გამომწვევი აქვს, გენეზისის მიხედვით ის შეიძლება იყოს: ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი. დიფერენცირება მნიშვნელოვანია, რადგან ამის მიხედვით მკურნალობა განსხვავდება.

გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ასპირაციული პნევმონია, ანუ საკვების გადაცდომის შედეგად, ასევე რეანიმაციულ პაციენტებში არსებობს ვენტილატორ-ასოცირებული პნევმონიაც, რომელიც განისაზღვრება, როგორც ენდოტრაქეალური ინტუბაციიდან 48-72 სთის შემდეგ განვითარებული პნევმონია.

  • რა სიმპტომები ახასიათებს ფილტვების ანთებას?

სიმპტომები დამოკიდებულია როგორც პაციენტის ასაკსა და საერთო ჯანმრთელობაზე, ასევე, პნევმონიის გამომწვევზე. თუ მიზეზია ატიპიური მიკროორგანიზმები, შეიძლება არასპეციფიკური სიმპტომებით დაიწყოს [როცა კლინიკური ნიშნები სხვა რესპირატორული დაავადებების მსგავსია], მაგალითად, გრიპის სიმპტომებით:

ესაა საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, რომელიც თანდათანობით ეწყება პაციენტს, ტემპერატურის მატება, უმადობა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი და ხველა.

ატიპიურ პნევმონიას რენტგენოლოგიურადაც აქვს არასპეციფიკური ნიშნები გამოხატული. 

მაგრამ თუ პნევმონიის მიზეზი არის ბაქტერია პნევმოკოკი, რომელიც მისი ყველაზე ხშირი გამომწვევია, მაშინ მას ჩვეულებრივ ახასიათებს მწვავე დასაწყისი: ცხელებით, შემცივნებით, ხველებით, ნახველის ჭარბი ამოღებით, შესაძლოა პაციენტს აღენიშნებოდეს დისკომფორტი ან ტკივილი გულმკერდის არეში ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს.

MayoClinic – პნევმონიის სხვა სიმპტომებია: გულმკერდის ტკივილი სუნთქვისას ან ხველების დროს; დაბნეულობა ან მენტალური ცნობიერების ცვლილებები (+65 წლის ასაკის პაციენტებში); სხეულის ნორმალურზე დაბალი ტემპერატურა (+65 წლის ასაკის პაციენტებში); გულისრევა, ღებინება ან დიარეა; ჰაერის უკმარისობა.

  • რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს პნევმონიას?

პნევმონიას შეიძლება მოჰყვეს ისეთი გართულებები, როგორიცაა ფილტვის პარენქიმის ფიბროზული გადაგვარება ნაწიბურების ჩამოყალიბებით; სუნთქვის უკმარისობა; გამონაჟონი პლევრის ღრუში – მათ შორის ჩირქოვანი ხასიათის; ფილტვის აბსცესი; სეფსისი და ლეტალური გამოსავალიც კი.

  • ვინ არის ფილტვების ანთების რთულად მიმდინარეობის რისკჯგუფში?

რისკჯგუფში არიან ხანდაზმულები, ბავშვები, ორსულები, ადამიანები, რომელთაც აქვთ ბევრი ქრონიკული დაავადება, მათ შორის: შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური ანამნეზი, გულის ქრონიკული უკმარისობა, აგრეთვე ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, ტუბერკულოზგადატანილი ადამიანები და მწეველები.

პნევმონიისა და მისი გართულების საუკეთესო პრევენციაა პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და რისკისჯგუფის პაციენტებში – გრიპის ვაქცინაცია.

ჯანდაცვის სამინისტრო: პნევმონიისას ლეტალობა ძალიან დაბალია (1-3%), თუმცა 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, სერიოზული თანმხლები პათოლოგიების არსებობისას (ფ.ქ.ო.დ., ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, ალკოჰოლიზმი, შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ.), ასევე პნევმონიის მძიმედ მიმდინარეობისას (მულტილობალური ინფილტრაცია, მეორადი ბაქტერიემია, სუნთქვის სიხშირე>30/წთ, ჰიპოტენზია და თირკმლების მწვავე უკმარისობა), ლეტალობის მაჩვენებელი 15-30%-ს აღწევს. 

  • როგორია პნევმონიის მკურნალობა? 

პირველი რიგის მკურნალობა ამ დროს არის ანტიბიოტიკოთერაპია.

ამის პარალელურად, თუ პაციენტთან დაბალი სატურაციაა [ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელი], რა თქმა უნდა, საჭიროა ჟანგბადის მიწოდება პაციენტისთვის.

თუ პაციენტი ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობის სითხის მიღებას და ძალიან გამომშრალია, გახანგრძლივებული მაღალი ტემპერატურის ფონზე, შეიძლება დასჭირდეს ინტრავენური გადასხმების სახით დამატებითი ინფუზიები; პლუს ამას საჭიროა სიმპტომური მკურნალობა, რაც მოიცავს სიცხის დაწევას, კუნთების და სახსრების ტკივილს შემცირებას.

პნევმონია არ არის თვითგანკურნებადი დაავადება, ამიტომ პაციენტს სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა და მედიკამენტების დროული და სწორი მიღება.

_____________________________

რეკომენდაციები მათთვის, ვინც მკურნალობას შინ აგრძელებს:

  • დალიეთ ბევრი სითხე, განსაკუთრებით წყალი, რაც დაგეხმარებათ ფილტვებში ლორწოს შესუსტებაში.
  • აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული ნებისმიერი მედიკამენტის კურსი გაიაროთ სრულად. თუ დროზე ადრე შეწყვეტთ მედიკამენტების მიღებას, თქვენს ფილტვებში შეიძლება დარჩეს ბაქტერიები, რომლებიც, შესაძლოა, გამრავლდეს და პნევმონია განმეორდეს.

შავ ზღვაში თურქული გემი ჩაიძირა – სამაშველო სამუშაოებს შტორმის გამო ვერ იწყებენ

შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, ქარიშხლის გამო სატვირთო გემი ჩაიძირა.

ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი გუშინ, 19 ნოემბერს, ქალაქ ერეგლისთან ჩაიძირა, სტამბოლიდან დაახლოებით 200 კილომეტრში.

ცნობილია, რომ გემზე 12 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის წევრები, მათთან კონტაქტი ჯერ ვერ ხერხდება.

თურქეთის შს მინისტრმა ალი იერქილაიმ განაცხადა, რომ ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაციის დაწყებას ძლიერი შტორმი აფერხებს. მისი თქმით, სამაშველო ჯგუფები ახლა ამინდის შეცვლას ელოდებიან.

„სამწუხაროდ, ვერ ჩავატარეთ 12 თურქი ეკიპაჟის წევრის სამაშველო ოპერაცია. როგორც კი პირობები გაუმჯობესდება, ოპერაცია უმალ დაიწყება“, – ციტირებს მას Associated Press-ი.

მედიის ცნობით, 19 ნოემბერს თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს შტორმი დაატყდა, რომლის შედეგადაც კიდევ ერთმა გემმა განიცადა კატასტროფა – მისი ეკიპაჟის ყველა წევრი გადაარჩინეს. გარდა ამისა, სანაპიროსთან ახლოს მდებარე ციხეში ევაკუაცია გამოაცხადეს, წყლის დონის მკვეთრი ზრდის რისკის გამო.

______

ფოტო: gazeteoksijen.com

უკრაინელებმა კონტრშეტევა განახორციელეს ავდიივკასთან და წინ წაიწიეს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის – ISW-ის ცნობით, უკრაინული და რუსული ძალები აგრძელებენ საბრძოლო მოქმედებებს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, თუმცა წვიმიანი ამინდი, სავარაუდოდ, შეანელებს საბრძოლო მოქმედებების ტემპს ზამთრის დადგომამდე.

ანალიტიკოსები ღია წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას ავდიივკას მახლობლად და უკრაინული ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას სამხრეთ უკრაინაში.

ISW-ი 19 ნოემბრით დათარიღებულ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა განახორციელეს ავდიივკას მახლობლად 19 ნოემბერს და მათი წინსვლა დასტურდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 19 ნოემბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს უკრაინული ძალების წინსვლაზე სტეპოვეს სამხრეთ-აღმოსავლეთით – რკინიგზის მახლობლად (ავდიივკას ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ).

ანგარიშში ასევე მოყვანილია რუსი ომის ბლოგერის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს პოზიციები რკინიგზის მახლობლად სტეპოვესთან და კონტრშეტევა განახორციელეს ავდიივკას კოქსის ქარხანასთან.

ამავე დროს, ISW-ი მიუთითებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 18 ნოემბრის შეფასებაზე, იმის შესახებ, რომ არც ერთ მხარეს არ მიუღწევია რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესისთვის კუპიანსკის და ავდიივკას მიმართულებით, ან ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ (მარცხნივ) სანაპიროზე – სადაც ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

ასევე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დასძენს, რომ ფრონტზე დიდი ცვლილებები ნაკლებადაა მოსალოდნელი ზამთრის ცივი ამინდის წინ, ყინვის დადგომამდე.

მოსწავლის თვალით დანახული სოფლისა და ქალაქის სკოლა 

14 წლის მარი ართმელაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა და სწავლობდა. მერე მისი ოჯახი ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად. მარის ახლა შესაძლებლობა აქვს, არაფორმალურ განათლებაში ჩაერთოს და სხვადასხვა ტრენინგსა თუ საჯარო შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. 14 წლის გოგოს ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე შევხვდით.

მარიმ იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რაც მაღალმთიანი აჭარის სკოლაში სწავლასა და ქალაქის სკოლაში სწავლას შორის დაინახა.

მარი მე-9 კლასის მოსწავლეა და ერთი წელია, რაც ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს. მარის სოფელში სწავლის პერიოდს ასე აფასებს – სიახლეების ნაკლებობა. ფიქრობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი სკოლის პრობლემა და სიახლეები სხვა სოფლის სკოლის მოსწავლეებსაც აკლიათ. მისი თქმით, სოფლის სკოლებში დაბალია სწავლის ხარისხიც.

რატომ ფიქრობს მარი ასე?

„ლაბორატორია არ გვქონდა სოფლის სკოლაში. არც იმ სკოლაში გვაქვს ლაბორატორია, სადაც ახლა ვსწავლობ, თუმცა აქ ისეთ ცდებს მაინც ვატარებთ, რასაც მაინცადამაინც ლაბორატორია არ სჭირდება. ეს მცდელობა სოფლის სკოლაში არ გვქონია.

ჩემი აზრით, მასწავლებლები ქალაქსა და სოფელში ცოდნითაც განსხვავდებიან. ზოგიერთ მასწავლებელს სოფელში არ აქვს ხარისხიანი განათლება, სერტიფიცირება და ა.შ. ვიცი მასწავლებლები, რომლებსაც უნივერსიტეტშიც კი არ უსწავლიათ და უფლება არ აქვთ, მოსწავლეებს ასწავლონ.

ქალაქის მასწავლებლები – ყველა სწავლობდა უნივერსიტეტში. უკეთ იცნობენ იმ საგნებს, რასაც ასწავლიან და უკეთ გვასწავლიან“, – მეუბნება მარი და აგრძელებს: „ქალაქში ვასწრებთ გაკვეთილის გამოკითხვას, დროულად ვასწრებთ გაკვეთილის ახსნას. სოფელში, იმის მიუხედავად, რომ ცოტა ბავშვი სწავლობს, გაკვეთილს წელავენ, არათემატურ თემებზე საუბრობენ და დრო გადის, ამიტომაც ვერ ახერხებენ, რომ სრულყოფილად ახსნან გაკვეთილები. საგაკვეთილო დრო აქ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოფლის სკოლებში“.

მარის თქმით, ქალაქის სკოლაში მეგობრების შეძენა მარტივად შეძლო, რადგან მისი კლასელები მეგობრულები აღმოჩნდნენ, – „მარტივად გამიგეს და დავუახლოვდი“.

მარი გვიყვება, რომ პრეზენტაციის გამართვა ქალაქში სწავლის დაწყებამდე საერთოდ არ იცოდა და ფიქრობდა, რომ პრეზენტაცია მხოლოდ ვიკიპედიაში ინფორმაციის მოძიებასა და ამოწერას გულისხმობდა.

„როდესაც პირველ გაკვეთილს დავესწარი აქ და ვნახე, რომ აქტიურობდნენ ჩემი კლასელები, შემრცხვა, რადგან ვერ გამოვიყენე ის შვიდი წელი, რაც სოფელში ვსწავლობდი. გამიჭირდა. პრეზენტაცია მიჭირდა ზოგადად, მაგრამ მერე და მერე შევეჩვიე და სწავლაც აქტიურად დავიწყე.

სოფელში პრეზენტაციის ფურცლებიც კი არ გვქონდა. გვაძლევდნენ მხოლოდ გამორჩეულ დღეებში, თუ იქნებოდა დედის დღე და ასე შემდეგ. აქ ყოველ კვირას შემიძლია სხვადასხვა საგანში პრეზენტაციის მომზადება, რათა უფრო კარგად გავაზიარო კონკრეტული თემა ამა თუ იმ საგანში.

რა თქმა უნდა, თავიდან მქონდა უხერხულობა, რომ პრეზენტაციის გაკეთება არ ვიცოდი და ეს არასდროს უსწავლებიათ ჩემთვის სკოლაში. როცა გვეუბნებოდნენ პრეზენტაცია გააკეთეთო, ვიკიპედიიდან ვიწერდით რაღაცებს და ეს იყო. ახლა ვიცი, რომ პრეზენტაციის გაკეთება გაცილებით მრავალფეროვანი რამაა“, – გვიყვება მარი.

მარის თქმით, სოფლის სკოლაში სწავლა ნაკლები შესაძლებლობის ქონას ნიშნავს, რადგან სკოლის შემდეგ ვერსად წასვლას ვერ ახერხებენ: „ქალაქში უფრო გვაქვს რესურსები. სხვადასხვა შეხვედრაზე შემიძლია წავიდე. უფრო მეტი შემიძლია გავიგო სამოქალაქო განათლებაზე, ისტორიაზე, ქალაქების და სოფლების შესახებ… ვფიქრობ, ეს რესურსები ყველა სოფელში უნდა იყოს.

სოფელში რომ ვიყავი, გიტარაზე დაკვრა რომ მესწავლა, მუნიციპალიტეტის ცენტრში უნდა გავსულიყავი. ყველაფერი მხოლოდ ხულოს ცენტრში ხდებოდა, ჩვენს სოფელში – არა. ქალაქში შეგიძლია ბევრგან წახვიდე და ბევრი რამ ისწავლო. გიტარაზე და ნებისმიერ სხვა საკრავზე დაკვრა, ცეკვა და საერთოდ ყველაფერი. მოუსმინო ბევრ ტრენინგს, მიიღო არაფორმალური განათლება და ა.შ.

ჩემს კლასელებს რომ ვკითხო, გინდათ თუ არა ბათუმში ისწავლოთ-მეთქი, ზუსტად ვიცი, რომ „არას“ მიპასუხებენ, რადგან გადმოსვლამდე მეც ამას ვიძახდი. ვამბობდი, რომ სოფელში დარჩენა, იქ სწავლა მინდოდა. ახლა ვნახე, რომ სწავლა აქ უკეთესია, აქ უფრო ბევრი შესაძლებლობაა და დარჩენა მომინდა“, – გვეუბნება მარი.

მარის აზრით, ყველაფერი იდეალურად არც ქალაქის სკოლაშია და აქაც აქვთ პრობლემები მოსწავლეებს: „მაგალითად, ჩემს სკოლაში პროექტორის პრობლემაა. გაგვიფუჭდა. პრეზენტაციის წარსადგენად ქალაქში გასვლა გვიწევდა, ჩვენი პრეზენტაცია რომ ამოგვებეჭდა. დირექტორს ვთხოვეთ პროექტორის გაკეთება, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ“.

მოსწავლეს მიაჩნია, რომ უცხოურ ენებს ქალაქში უფრო მეტად კვალიფიციური მასწავლებლები ასწავლიან.

„ინგლისურ ენაში მჭირდებოდა დახმარება – ბათუმში რომ გადმოვედი, ვნახე, თუ რა კარგად იცოდნენ ჩემმა კლასელებმა ინგლისური. მეც მომინდა მესწავლა და ინგლისური ენის რეპეტიტორთან დავდივარ. ასე გავაუმჯობესე ჩემი ცოდნა ინგლისურში“, – გვიყვება მარი.

ბოლოს მარი ერთ სტერეოტიპულ მოსაზრებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც სოფლის სკოლაშიც კი მოუსმენია – ქალისთვის საუკეთესო პროფესია მასწავლებლობააო: „ამბობენ, რომ სხვა პროფესიაც შეიძლება ჰქონდეს ქალს, მაგრამ უფრო იმაზე საუბრობენ, რომ გოგო ან მასწავლებელი უნდა გახდეს, ან უნდა დაქორწინდეს. ადრე იყო 15-16 წლის ასაკში  აქორწინებდნენ გოგოებს, მაგალითად, დედაჩემს უნდოდა ექიმი გამხდარიყო, მაგრამ ადრეულ ასაკში დააქორწინეს და ვერ გახდა. თუმცა ნაადრევი ქორწინება ხშირი აღარ არის“, – გვითხრა მარიმ.

მარის ფოტო შეხვედრიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 319 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +640]
  • ტანკი – 5 439 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 10 168 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 7 748 ერთეული [+4]
  • MLRS – 899 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 588 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 764 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 563 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 127 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 1 097 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 536 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 9 045 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 489 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 185 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 138 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 422 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინელებმა კონტრშეტევა განახორციელეს ავდიივკასთან და წინ წაიწიეს – ISW

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, დაახლოებით ღამის 11 საათზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა.

როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე გვითხრეს, ბინაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე გვითხრეს ისიც, რომ მოქალაქე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. ის მეზობელმა გამოიყვანა ბინიდან და მანვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება.

მეზობლების თქმით, სავარაუდოდ, მას მძიმე დამწვრობა არ მიუღია.

ხანძარი ლიკვიდირებულია.

113 მილიონი 9 თვეში – აუთვისებელი თანხა აჭარის ბიუჯეტში

სახელმწიფო აუდიტი მიიჩნევს, რომ აჭარის მთავრობა გარკვეულ შემთხვევებში პროგრამებსა და ქვეპროგრამებს ჭარბი ოდენობის რესურსით გეგმავს, რაც წლის განმავლობაში ბიუჯეტში ნაშთის დაგროვებას უწყობს ხელს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ათვისების დაბალი მაჩვენებელიც არის.

უწყებამ შეფასება აჭარის უმაღლეს საბჭოს უკვე გადაუგზავნა.

აუდიტის განმარტებით, 2023 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანგარიში გვაჩვენებს, რომ 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით, 7 პროგრამა და 16 ქვეპროგრამა 50%-ზე დაბალი ათვისებით ხასიათდება.

ამის გათვალისწინებით აუდიტი აჭარის მთავრობას ურჩევს ყურადღება მიაქციოს ფინანსური რესურსის დროულ ათვისებას იმისთვის, რომ საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილი წლის ბოლო თვეში არ დაიხარჯოს, ასევე არ გაიზარდოს გადასახდელების გეგმის შეუსრულებლობის გამო ნაშთი:

„2023 წლის 9 თვის ათვისების მაჩვენებელი წლიური გეგმის 53.5%-ს, ხოლო 9 თვის დაზუსტებული გეგმის 77.4%-ს [321 მილიონ 530 100 ლარს] შეადგენს. შემოსულობებისა და გადასახდელების შესრულების აღნიშნული ტენდენციების პირობებში, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში რესპუბლიკური ბიუჯეტის ნაშთი 67 მილიონ 618 900 ლარით გაიზარდა და სექტემბრის ბოლოს 113 მილიონ 325 100 ლარი შეადგინა“, – განმარტავს აუდიტი.

2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით შემოსულობები – 512 მილიონ 549 400 ლარით, ხოლო გადასახდელები 535 მილიონ 549 400 ლარით განისაზღვრა. ივლისში, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით ბიუჯეტში  შევიდა ცვლილება, რომლითაც შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 560 მილიონ 189 400 ლარამდე [9.3%-ით], გადასახდელების კი 600 მილიონ 589 400 ლარამდე [12.1%-ით] გაიზარდა.

აუდიტის განმარტებით, 2023 წლის 9 თვის მდგომარეობით ბიუჯეტში ფაქტობრივად მობილიზებულმა შემოსულობებმა 389 მილიონ 149 000 ლარი, ხოლო გადასახდელებმა 321 მილიონ530 100 ლარი შეადგინა.

როგორც შემოსულობების, ასევე გადასახდელების შესრულების მაჩვენებელი წლიურ გეგმასთან მიმართებით წინა ორი წლის მონაცემებს აჭარბებს. კერძოდ, 9 თვეში რესპუბლიკურ ბიუჯეტში მობილიზებულია წლიური გეგმით განსაზღვრული შემოსულობების 69.5% და გადასახდელების 53.5%, ხოლო 9 თვის გეგმით განსაზღვრული შემოსულობების 97.8% და გადასახდელების 77.4%.

შემოსულობებისა და გადასახდელების შესრულების აღნიშნული ტენდენციების პირობებში, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში რესპუბლიკური ბიუჯეტის ნაშთი 67 მილიონ 618 900 ლარით გაიზარდა და სექტემბრის ბოლოს 113 მილიონ 325 100 ლარი შეადგინა.

ბიუჯეტის ნაშთის ზრდის პარალელურად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების ნაშთის დინამიკა 2023 წლის 9 თვეში ძირითადად ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა და ამ პერიოდში 38 მილიონი ლარიდან 107 მილიონამდე გაიზარდა.

მთავრობა ბიუჯეტის დაგეგმვისას ბოლო წლების ტენდენციებს არ ითვალისწინებს – აუდიტი

აჭარის მთავრობა, განსაკუთრებით არაფინანსური აქტივებიდან მისაღებ შემოსულობებს, ბოლო წლების ტენდენციების საფუძველზე არ განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩამორჩენა 2023 წლის ბოლოსაც დაფიქსირდა და 2022 წლის ბოლოსაც.

არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი.

სახელმწიფო აუდიტი გასულ წელსაც მიუთითებდა და მიმდინარე წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშის შესწავლის საფუძველზეც აფრთხილებს მთავრობას, არ გაბეროს ციფრები და პროგნოზი ანალიზის საფუძველზე გააკეთოს.

„საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს არსებული რესურსების, ბოლო წლების ტენდენციებისა და მოსალოდნელი პროგნოზების ანალიზის საფუძველზე.“ – წერს აუდიტი.

მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, 2024 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი ვარიანტით ირკვევა, რომ მთავრობა ამ გაფრთხილების გათვალისწინებას არ გეგმავს.

ბიუჯეტის პირველი ვარიანტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს უკვე წარუდგინა. პროცედურის მიხედვით, დეპუტატებმა პროექტი შენიშვნებით უნდა დაუბრუნონ მთავრობას, კორექტირებულ ვარიანტს კი დაამტკიცებენ.

2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტით არაფინანსური აქტივების კლების მუხლით მისაღები შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 93 მილიონი ლარით  განსაზღვრეს, რაც 12 მილიონ 584 300 ლარით  [15.6%-ით] აღემატება 2023 წლის გეგმურ მაჩვენებელს, 2.7-ჯერ – 2022 წლის ფაქტს და 4.2-ჯერ − 2021 წლის ფაქტს.

„აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 10 თვეში არაფინანსური აქტივების კლების მუხლიდან რესპუბლიკურ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 18 მილიონ 539 500 ლარი, რაც წლიური გეგმის 23.1%-ია. გამომდინარე იქიდან, რომ საპრივატიზებო აქტივების მოცულობა ბოლო პერიოდში არსებითად არ შეცვლილა, არაფინანსური აქტივების კლებით მისაღები შემოსულობების ასეთი მოცულობით დაგეგმვა მეტ დასაბუთებას საჭიროებს.“ – წერს აუდიტი.

ანგარიშის მიხედვით, უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, 2023 წლის 9 თვის მდგომარეობით, ამ კომპონენტში მობილიზებულია 17 მილიონ 749 400 ლარი. ეს წლიური გეგმის 22.1%, ხოლო 9 თვის დაზუსტებული გეგმის – 32.7%-ია.

მთავრობის ანგარიშში განმარტებულია, რომ ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადებული აუქციონები, არაერთგზის არ შედგა, რის გამოც საანგარიშო პერიოდში ვერ მოხერხდა რიგი ქონების პრივატიზება.

აუდიტი 2022 წლის ბოლოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე წერდა:

მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს არაფინანსური აქტივების კლების ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმური მაჩვენებელი არ შესრულდეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს არსებული რესურსების, ბოლო წლების ტენდენციებისა და მოსალოდნელი პროგნოზების ანალიზის საფუძველზე.

ამ მხრივ, იდენტური მდგომარეობაა ბათუმის ბიუჯეტშიც. 2023 წლის ბიუჯეტის 10 თვის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 10 თვის განმავლობაში არაფინანსური აქტივების კლებიდან მიღებული შემოსულობა 7 მილიონ 241 000 ლარია, რაც გეგმის 55.7%-ია.

მანქანები აჭარის სამინისტროს აუქციონზე, ამჯერად ფასდაკლებით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სოფლის მეურნეობისა და აგროსერვის ცენტრის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებს ხელახალ აუქციონზე ამჯერად 20 პროცენტიანი ფასდაკლებით ყიდის.

ოთხივე ავტომანქანა აუქციონზე ერთადერთი პირობით იყიდება – გამარჯვებულმა დაფიქსირებული თანხა დროულად [ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 30 დღეში] უნდა გადაიხადოს.

ყველა ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2023 წლის 22 ნოემბერს დასრულდება.

KIA SORENTO

ავტომანქანა KIA SORENTO (სახელმწიფო ნომერი XX-944-XY, გამოშვების წელი: 2010, ს/ნ KNAKU811DB5147885).

  • საწყისი ფასი – 12 000 [იყო 15 000] ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 300 [იყო 500] ლარი.

მდგომარეობა – ცუდი. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გამოსულია მწყობრიდან.

KIA SPORTIJE

ავტომანქანა KIA SPORTIJE (სახელმწიფო ნომერი RX-640-XR, გამოშვების წელი: 2012, ს/ნ KNAKPC811DD7374156)

  • საწყისი ფასი – 12 000 [იყო 15 000] ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 300 [იყო 500] ლარი.

მდგომარეობა – ცუდი. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გამოსულია მწყობრიდან.

MITSUBISHI OUTLANDER 2.4

ავტომანქანა MITSUBISHI OUTLANDER 2.4 (სახელმწიფო ნომერი CZ-407-ZZ, გამოშვების წელი: 2010, ს/ნ JMYXTCW5WAZ701420)

  • საწყისი ფასი – 12 800 [იყო 16 000] ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 300 [იყო 500] ლარი.

მდგომარეობა – ცუდი. ძარას აღენიშნება ექსპლუატაციის პირობებში განვითარებული დაზიანებები კოროზიის, საღებავის აშრევების, ნაკაწრების სახით.

MITSUBISHI OUTLANDER 2,4

ავტომანქანა MITSUBISHI OUTLANDER 2,4 (სახელმწიფო ნომერი SC-010- OA, გამოშვების წელი 2010, საიდენტიფიკაციო ნომერი JMYXTCW5WAZ701421)

  • საწყისი ფასი – 9 475 [იყო 11 844] ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 200 ლარი.

მდგომარეობა – ცუდი. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გამოსულია მწყობრიდან.

ამავე თემაზე [წინა აუქციონები, რომლებიც არ შედგა]:

აჭარის სამინისტრო აუქციონზე მანქანებს ყიდის – საწყისი ფასი 10-16 ათასი ლარია

ბათუმში წვიმა, მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ნოემბრის 21 საათიდან 20 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი; წვიმა; ელვა-ჭექა; მთაში თოვა – ზოგან ძლიერი;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერება 20-25 მ/წმ-მდე;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი 

ზღვაზე ღელვა 4-5 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, 21-22 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვა.

 

მთავრობამ აჭარის სოფლების წყალმომარაგებაზე გამოყოფილი თანხა ვერ აითვისა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, აჭარის მთავრობამ  სოფლების წყალმომარაგების პროგრამისთვის გამოყოფილი სესხი ვერ აითვისა. აუდიტმა ამაზე 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ცხრა თვის ანგარიშის შესწავლის შემდეგ დაწერა.

აუდიტის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიერ აღებული სესხების მოცულობა 215 მილიონ 259 140 ლარია, საიდანაც ათვისებულია 57 მილიონ 755 083 ლარი, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის 26.8%.

„საკრედიტო რესურსი ვერ იქნა ათვისებული აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამისათვის გამოყოფილი სესხის ფარგლებში. კერძოდ, საანგარიშო პერიოდისათვის 40 მილიონი ევროს მოცულობის სესხიდან ათვისებულია 3.2 მილიონი ევრო.“

საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, სესხის აუთვისებელ ნაწილზე ყოველწლიურად ხორციელდება ვალდებულების გადასახადის გადახდა – აუთვისებელი თანხის 0.5%.

აუდიტი წერს, რომ სესხის აუთვისებლობის მიზეზია შესყიდვის განსახორციელებლად გამოცხადებული ტენდერის ორჯერ წარუმატებლად დასრულება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მნიშვნელოვანია მაკონტროლებელმა უწყებებმა სათანადო მონიტორინგის საშუალებით უზრუნველყონ პროექტის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების დროული გამოვლენა, ნაკლოვანებებზე სათანადო რეაგირება და მოზიდული ფინანსური რესურსის ეფექტიანი გამოყენება.

ამავე თემაზე:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

 

 

ბათუმში დღეს მოსალოდნელია ქარის გაძლიერება – შტორმული გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დღეს 19 ნოემბერს, დღის განმავლობაში ბათუმსა და აჭარის სანაპირო ზოლში შესაძლებელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება 20-25 მ/წამამდე.

ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ნოემბრის 21 საათიდან 20 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიანეთში – თოვა:

ბათუმში წვიმა, მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან აჭარაში

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 318 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190]
  • ტანკი – 5 435 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 10 166 ერთეული [+25]
  • საარტილერიო სისტემა – 7 744 ერთეული [+18]
  • MLRS – 898 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 588 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 755 ერთეული [+29]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 563 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 120 ერთეული [+29]
  • სპეცტექნიკა – 1 096 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 536 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 9 040 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 486 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 185 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 133 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 407 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

ჩვენი მოთხოვნაა, ყველა პედაგოგს ხელფასი მოემატოს თანაბრად – მასწავლებელი

„დასრულდეს გაურკვევლობა და საბაზო ანაზღაურების მატება აისახოს 2024 წლის იანვრიდან“ – ამ მოთხოვნით, მასწავლებლები ხელმოწერებს აგროვებენ. მომზადდა პეტიციაც, რომელსაც ამ დროისთვის ორი ათსზე მეტი პედაგოგი აწერს ხელს.

ხელისუფლების მიერ მასწავლებელთა ხელფასების მატების თემაზე „ბათუმელები“ ერთ-ერთ პედაგოგს თამარ ცანავას ესაუბრა, რომელმაც განათლების სამინისტროში 400-ზე მეტი მასწავლებლის ხელმოწერა შეიტანა იმ მოთხოვნით, რომ პედაგოგებს ხელფასები გაეზარდოთ თანაბრად და 2024 წლის იანვრიდან.

„გუშინ შევიტანეთ სამინისტროში ხელმოწერები, რომელიც მუნიციპალიტეტებიდანაც მოგვაწოდეს. ვაგროვებთ იმიტომ, რომ ხელფასის მატება დაიწყოს არა სექტემბრიდან, როგორც ეს ფინანსთა მინისტრმა თქვა, არამედ იანვრიდან, რისი მოლოდინიც გვქონდა“-ამბობს თამარ ცანავა.

მისი თქმით, სამინისტროში ხელმოწერების შეტანის დღეს, მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი ეზოში შეხვდათ, რომელსაც კიდევ ერთხელ სთხოვეს გასაგებ ენაზე აეხსნათ პედაგოგებისთვის თუ რა პრინციპით აპირებენ ხელფასის ზრდას და როდის.

„ნუ აკეთებთ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს, ნუ გვაბნევთ მეთქი. „ძალიან მინდა, რომ ეს ამბავი გამოვიდეს იანვრიდან“ – ყველა შეხვედრაზე ასე ამბობდა განათლების მინისტრი და რადგან ასეთი განწყობა იყო, ჩვენც გვქონდა მოლოდინი რომ ხელფასები ახალი წლიდან გაიზრდებოდა.

როგორც ჩანს, საბაზისო ხელფასის მატებაზეა საუბარი მხოლოდ, თუმცა კიდევ ერთი საკითხია, რომ სადამრიგებლოც საბაზისოზეა მიბმული და არავინ ამბობს, დამრიგებლის ხელფასიც მოიმატებს თუ არა.

ამბობებ, რომ ხელფასი მოემატება სრულ განაკვეთზე მყოფ პედაგოგებს და ჩვენ დანამატს ხან 15 საათზე ვიღებთ, ხან 13 საათზე. შესაბამისად, ესეც ბუნდოვანია“-ამბობს ცანავა.

როგორც გვეუბნება, ორი-სამი დღის წინაც დარეკა განათლების სამინისტროში და დასვა კითხვები ამ საკითხზე, თუმცა უპასუხეს, რომ მინისტრი უახლოეს მომავალში გააკეთებს პრეზენტაციას.

„მანამდე პრემიერი იძახდა ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე, „მინისტრი ერთ კვირაში გააკეთებს პრეზენტაციას“, ოქტომბერი იყო მაშინ და უკვე უნდა ჰქონოდა ეს პრეზენტაცია წესით. შემდეგ მითხრეს – „უახლოეს დღეებში“, ახლა ვიღაცამ თქვა კიდევ, რომ 15 დეკემბერსო და ამათი „უახლოესი მომავალი“ არ ვიცი როდის იქნება.

როგორც ჩანს წელავენ ამ პროცესებს და სინჯავენ ნიადაგს, გაუვათ თუ არა. ის 160 მილიონი, რომელიც დააანონსეს, როგორც ჩანს 4 თვეზე აქვთ გაანგარიშებული და ამიტომ ახსენა ფინანსთა მინისტრმა 2024-2025 სასწავლო წელი.

და კიდევ, როცა იძახიან, 57 ათასი მასწავლებელია საქართველოშიო, ეს ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელი არ არის, ზოგი კერძო სკოლაშია და ზუსტად ხომ უნდა დაიანგარიშონ რამდენი მასწავლებელი ჰყავთ“-გვეუბნება თამარ ცანავა.

მისი აზრით, თუ ყველა პედაგოგს არ გაეზრდება ხელფასი, ეს სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევს.

„მაშინ სასწაული ამბავი ატყდება, რადგან 18 საათი საქართველოში ბევრ მასწავლებელს არ აქვს.

გარდა ამისა, ზოგან ღარიბაშვილი ამბობს „500-600-700 ლარით ემატება მასწავლებელს ხელფასი“, მერე თქვა 500-მდე, მერე ფინანსთა მინისტრმა თქვა, 1900 ლარი გახდებაო და გადაასწრებს მინიმალურ ოდენობასო.

ჯერ ერთი, 500 ლარი როგორ დაემატება, ამ ხუთასს საშემოსავლო და საპენსიო არ აკლდება? და დღესაც, როცა ამბობენ, რომ მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარია, გულისხმობენ დარიცხულს და არა ხელზე ასაღებს.

მართლა დავიღალეთ რა, ჩემი თავი მგონია (ბევრს ჰგონია ასე), წინასაარჩევნო რაღაც მანიპულირების საგანი.

სექტემბერში რატომ გადაწიეს ხელფასების მატება, გაგვახსენებენ, რომ ოქტომბერში არჩევნებია? არც ჩვენ გვავიწყდება რომ არჩევნებია ოქტომბერში და მოვიხდით როგორმე მოქალაქეობრივ ვალს, მაგრამ მასწავლებლების გარდა სხვა არავინ ჰყავთ მე მგონი ამომრჩეველი.

კიდევ იმით მანიპულირებენ, რომ ბევრი მასწავლებელი დასაქმებული ჰყავთ კოორდინატორებად და მუნიციპალიტეტებში სერიოზულად მუშაობს პროფკავშირები ამ პედაგოგებზე. გამოჭერილი ჰყავთ და ისინიც ემორჩილებიან ბრმად.

როგორ შეიძლება მასწავლებელი ვერ ხვდებოდეს, რომ შენი გადასახადებით ვიღაც ცხოვრობს და შენ ამაში კიდევ უწყობ ხელს.

ახლა სად არის პროფკავშირი, რატომ არ ითხოვს ხელფასების მატებას?

კრიტიკულად განწყობილ მასწავლებლებს ლანძღავენ, მეც შემომივარდებიან ხოლმე ფეისბუქზე, რეალურად კი არაფერს აკეთებენ პედაგოგებისთვის.

მე რატომ უნდა მიწევდეს სამინისტროსთან მისვლა და ხელმოწერების მიტანა, ვიღაცას რატომ უნდა უწევდეს პეტიციის გაკეთება, როცა პროფკავშირი არსებობს? რატომ არ იცავს ჩვენს უფლებებს და არ გვიდგას გვერდში.

ახლახანს ქობულეთის ერთმა სკოლამ მთლიანად დატოვა პროფკავშირი და ასე შემოეცლებათ ეს ხალხი ბოლოს“-ამბობს თამარი.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო ცდილობს კრიტიკულად განწყობილი პედაგოგები არ მოხვდნენ მედიაში.

„ნახეთ, პარალელურად რა ხდება? გადაცემებში მიმსვლელ მასწავლებლებს ურეკავენ სამინისტროდან და ეუბნებიან, -„სქემაზე არ ილაპარაკოთ“. მართლა სირცხვილია ეს.

ზუსტად ვიცი, ოთხშაბათს მიდის ერთი ადამიანი გადაცემაში და უკვე დარეკილი აქვთ მასთან. პირდაპირ გააფრთხილეს, რომ სქემაზე ცუდი არაფერი თქვა.

წინა გადაცემაში, როცა მე ბერიკა შუკაკიძეს დავუპირისპირდი ეთერში როგორც ჩანს აღარ უნდათ მსგავსი ლაფსუსი გაეპაროთ“-ამბობს თამარი.

ხელფასების მატების გარდა, სამინისტრომ ეროვნულ სასწავლო გეგმის ცვლილებაც დააანონსა. თუმცა რისი შეცვლა სურს და რატომ, არც ამაზე უსაუბრია პედაგოგებთან.

„აქამდე სად იყვნენ? მაინც და მაინც წინა საარჩევნოდ რატომ ახსენდებათ, რომ ყველაფერი შესაცვლელია. რამდენი ხანი გაუვათ ეს ყველაფერი…

კიდევ ვაზუსტებ, რომ ჩვენი მოთხოვნაა, ყველა პედაგოგს მოემატოს ხელფასი თანაბრად. ისე არა, რომ ზოგს 100 ლარი დაემატოს და მერე პიარში ჩაიწეროს ეს ხელისუფლებამ.

ერთი პატარა ნაპერწკალია საჭირო და თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდა, მართლა დაიწყება შეუქცევადი პროცესები და ყველა თუ არა, სკოლების 60 პროცენტი მართლა გაიფიცება.

ვნახოთ, არჩევნებამდე დიდი დროა და ჩვენც მოვიფიქრებთ რამეს“-ამბობს თამარ ცანავა.

ბავშვებს 100 ლარი უნდა დაემატოთ, 600 ლარი სოცდაუცველ ოჯახებს – ენმ 2024 წლის ბიუჯეტზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მმართველ პარტიას 2024 წლისთვის, ალტერნატიულ სოციალურ პოლიტიკას სთავაზობენ.

„ბათუმელებთან საუბარში უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები უკვე გადაუგზავნეს მმართველ პარტიას და სურვილის შემთხვევაში, მზად არიან ჩაერთონ დეტალების განხილვაში.

„ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სამ სფეროზე, – სოციალური სფერო, სოფლის მეურნეობა და განათლება.

ყველა კვლევის მიხედვით რაც კი ჩატარებულა, ადამიანების მთავარი გამოწვევა ამ ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობაა და ეს ორივე საკითხი დაკავშირებულია ასევე განათლებასთან.

სოციალურ სფეროში, ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ, ღარიბი ოჯახების გაძლიერებას ფინანსურად.

მაგალითად, 70 ათას ქულამდე სოციალურად დაუცველ ბავშვებს, აჭარის ბიუჯეტიდან უნდა გამოეყოს 100 ლარი თვეში, რომელიც განკუთვნილი იქნება კვებისა და მედიკამენტებისთვის.

დღეს ასეთი ბავშვები 200 ლარს იღებენ ცენტრალური ბიუჯებიდან და ასი ლარიც აჭარის ბიუჯეტიდან შეგვიძლია დავუმატოთ.

აჭარაში 147 ათასი სოციალურად დაუცველი ოჯახია, რაც მოსახლეობის 40 პროცენტია ლამის და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ოჯახების ფინანსურად გაძლიერება, რომ სიღარიბიდან ამოვიდნენ.

ვფიქრობთ, რომ 0-იდან 30 ათას ქულამდე ოჯახებს, რომლებიც სიღატაკის ზღვარზე არიან, 600-ლარიანი დახმარება უნდა დაენიშნოთ თვეში, 57 ათას ქულამდე ოჯახებს 500-ლარიანი დახმარება და ასეთია სადღაც, 3 853 ოჯახი. ხოლო 70 ათას ქულამდე ოჯახებს (1654 ოჯახი), 400-ლარიანი დახმარება“-ამბობს ლევან ანთაძე.

მისი თქმით, დღეს არსებული დასაქმების პროგრამა ვერ ფარავს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს და ადამიანების დიდი ნაწილი კვლავ სიღარიბეშია.

„ეს ე.წ დასაქმების პროგრამა, სინამდვილეში არც არის დასაქმება, რადგან ეს ადამიანები არც კი დადიან სამუშაოზე, ზედაპირულად აქვთ დავალებები მიცემული და ფაქტობრივად, მაინც სოციალური დახმარება გამოდის. თანაც, ყველა სოცდაუცველი არ არის ამ პროგრამაში ჩართული და პრობლემა მაინც რჩება“-ამბობს ანთაძე.

მხოლოდ თანხის დანიშვნა, როგორ გამოიყვანს ოჯახებს სიღარიბიდან თუ სამუშაო ადგილები არ შეიქმნა? – ვეკითხებით მას.

მისი აზრით, ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი ფორმა მაინც ფინანსური დახმარებაა და ამას აჩვენებს სხვადასხვა კვლევები.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ლევან ანთაძე ამბობს, რომ კვლევის მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დიდი ნაწილი მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში უამრავი თანხები იხარჯება ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით.

„2012 წლის შემდეგ, მარტო აჭარის ბიუჯეტიდან 173 მილიონი ლარია დახარჯული, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით, სოფლის მეურნეობის ყველა დარგში გვაქვს კლება. ანუ ჩვენ ფულს ვიხდით რაში, რომ შევამციროთ სოფლის მეურნეობის წარმოება?

ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ისეთი დარგების განვითარება, რომელიც რეალურ შედეგს მოიტანს. მაგალითად მეფუტკრეობის, მეთევზეობის დაფინანსება და ეკოლოგიური პროდუქტის წარმოება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებში არ გვაქვს თაფლზე კვოტა დაწესებული, მეწარმეები მაინც ვერ ახერხებენ თაფლის გატანას, რადგან პრობლემაა ლაბორატორიული კვლევების წარმოება, რომ მოიპოვონ  ფიტო-ვეტერინარული სერტიფიკატი და გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე თაფლი.

სწორედ ამაში უნდა შეუწყოს სახელმწიფოს მეწარმეებს ხელი. პირველ ეტაპზე სამი მილიონი ლარის გამოყოფას მივიჩნევთ ჩვენ, ასევე სტარტაპერების მხარდაჭერას, რომლებიც ადგილზე აწარმოებენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს და აქ შემოსული ტურისტი მოიხმარს ამ პროდუქტს“-ამბობს ლევან ანთაძე.

განათლების მიმართულებას რაც შეეხება, ანთაძის თქმით, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს  სასკოლო კვება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით და ამის შესაძლებლობა აჭარის ბიუჯეტში არსებობს.

„23 ათასი მოსწავლეა ჩვენთან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით და მათ სასკოლო გამოკვებას 13 მილიონ 662 ათასი ლარი დასჭირდება.

ბავშვთა კვების ბევრნაირი ფორმა არსებობს დღეს მსოფლიო პრაქტიკაში, მათ შორის არის ლანჩბოქსები და პირველ ეტაპზე, შესაძლებელია ეს ლანჩბოქსები აწარმოოს თუნდაც იგივე მუნიციპალურმა სასადილოებმა, რომელიც თითქმის ყველა მინიციპალიტეტშია.

მთავარია შემუშავდეს სწორი მენიუ და მიეწოდოს ბავშვებს. შემდეგ კი ვიზრუნოთ სასკოლო ინფრასტრუტურაზეც, რომ სკოლებში მოხდეს საკვების დამზადება.

ასევე გვაქვს წინადადება, რომ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სახელმწიფომ გამოყოს სუბსიდირება 500 ლარის ფარგლებში, სტუდენტის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის, რადგან დღეს სჭირდებათ ამ ადამიანებს დახმარება.

პირველ ეტაპზე, 1 მლნ ლარი იქნება ამისთვის საჭირო.  “-ამბობს ლევან ანთაძე.

მისი აზრით, ამ პროექტების განხორციელება აჭარის 2024 წლის ბიუჯეტის პარამეტრებით სავსებით შესაძლებელია, რადგან დღეს არსებული სურათით, აჭარის ბიუჯეტში 113 მლნ ლარია აუთვისებელი და აქედან 67 მლნ ლარი მიმდინარე წლის ბიუჯეტიდანაა.

თამარის დასახლებიდან ბონის ბაზრამდე ავტობუსის დანიშვნას ითხოვენ

„ბენზედან ბონის მიმართულებით ფარეხში, ბაზარში ვერ დავდივართ, საქალაქო ავტობუსი აღარ დადის. ადრე დადიოდა 2 ნომერი და შემდეგ მოხსნეს. შეწუხებული ვართ, ორჯერ იქეთ და ორჯერ აქეთ უნდა შეიცვალო ტრანსპორტი ბაზარში რომ წახვიდე და მოხვიდე. ზამთარში ვწვალობთ განსაკუთრებით“, – მოგვწერეს მოქალაქეებმა „ბათუმელებს“.

მოქალაქეები იმასაც გვწერენ, რომ ახალი მარშრუტის დანიშვნის თხოვნით ბათუმის მერიასაც მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

„ბათუმელები“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ახალი მარშრუტის დანიშვნის საშუალება ამ ეტაპზე „ავტოტრანსპორტს“ არ აქვს.

„თამარის დასახლებაში, რასაც ითხოვენ, საჭიროა ახალი ხაზის/მარშრუტის გახსნა, თუმცა, ამ ეტაპზე ამის საშუალება „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ არ აქვს. არც დამატებით ავტობუსები გვაქვს. რაც გვაქვს, ყველა საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტით მოძრაობს და ვერ შევცვლით“, – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“.

რაც შეეხება 2 ნომერს, „ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ თამარის დასახლებაში N2 ავტობუსი წლების წინ მართლაც დადიოდა, თუმცა, რამდენიმე თვით და ეს იყო დაკავშირებული გზების რეაბილიტაციასთან:

„რადგან გარკვეული ქუჩები გადაკეტილი იყო, ავტობუსები გადადიოდნენ თამარის დასახლებაში. ეს დროებითი მარშრუტი იყო და როგორც კი გზები გაიხსნა, დავაბრუნეთ ძირითად მარშრუტზე.“

ამასთან, „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ მუშაობენ და დაგეგმილია ავტობუსების პარკის განახლება/ გაფართოება. თუმცა კონკრეტულ ვადებზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ აქვთ „სამომავლოდ კი, ეგ მიმართულებაც [თამარის დასახლება – ბონი/აგრარული ბაზარი] განიხილება“.


ბათუმში ავტობუსები 15 ივნისიდან განახლებული გრაფიკით იმოძრავებენ

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 317 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
  • ტანკი – 5 422 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 10 141 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 7 726 ერთეული [+14]
  • MLRS – 896 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 586 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 726 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 563 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 091 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 1 090 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 17 ნოემბერს გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 536 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 9 009 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 464 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 185 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 128 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 369 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმების დაკავებაზე აცხადებს

დისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში – „საზოგადოება არა, მთავრობა გვიშლის ხელს სალოცავის აშენებაში“

„სასამართლოს მიმართ ცუდი რამ ვთქვა, არ შეიძლება, მაგრამ მოსამართლე რომ ხარ, შეიძლება, შენი სურვილი არ არის ის, რომ მეჩეთი აშენდეს, მაგრამ შენ ხომ სამართალს უყურებ? შენ ხომ გჯერა სამართლის?“ – იკითხა იოსებ აბაშიძემ, მას ბათუმის ახალ მეჩეთში შევხდით.

დღეს, 17 ნოემბერს, „ბათუმელებმა“ დისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში მოაწყო: რა ხდება სასამართლოში „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“ სარჩელის შეტანიდან 6 წლის შემდეგ? როგორ ისმის მუსლიმების ხმა მედიაში.

დისკუსიის დროს მუსლიმებმა ყველაზე ხშირად ეს სიტყვები ახსენეს: „სამართალი“, „მოთმინება“, „მოთმინების ზღვარზე ვართ“. გაჟღერდა ეს ფრაზაც: „ჩვენ რომ ახლა ევროპის ნაწილი ვიყოთ, მეჩეთი უკვე აშენებული იქნებოდა“.

პარასკევის ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთში, 17 ნოემბერი, 2023 წელი

იმის მიუხედავად, რომ ბათუმურად წვიმდა, პარასკევის ლოცვაზე მლოცველების ერთი ნაწილი გარეთ, ღია ცის ქვეშ დაგვხვდა. მლოცველების თქმით, დღესასწაულებზე ბევრად მეტი, ყოველ პარასკევს კი, ახალ მეჩეთში დაახლოებით 3 ათასი კაცი იკრიბება.

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მუსლიმებმა მიწის ნაკვეთი 6 წლის წინ შეიძინეს და ამ დრომდე მეჩეთის აშენების უფლების მოპოვებას ითხოვენ. მათ ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარს ეუბნება.

სასამართლო დავა კი, გრძელდება.

„არ მინდა, ვინმეს მიმართ რამე უშნო ვთქვა, მაგრამ არც რბილად არ მინდა გამოვიდეს, გამოვნახო უნდა სიტყვები,“ – მიმართა შეკრებილებს იოსებ აბაშიძემ მას შემდეგ, როცა ლოცვა დასრულდა და იმამმა, თამაზ მგელაძემ მსურველებს დისკუსიაზე დარჩენისკენ მოუწოდა.

მლოცველების ნაწილი მეჩეთს ტოვებს, ნაწილი კი იატაკზე ჯდება და მწკრივები ივსება.

დისკუსიაში დაახლოებით 200 ადამიანი მონაწილეობდა.

„6 წლის წინაც მე ამას ვამბობდი: სასამართლო რათ უნდა ჯამის აშენებას?… უხერხულ მდგომარეობაში ნუ გვაგდებთ, ნუ გვჭეჭყავენ ასე.

მოსამართლეები ალბათ კიდევ დიდხანს დააბრუნებენ ამ საქმეს, მათ ხელშია სამართალი, მარა სადაა ადამიანობა?

როგორ, მოსამართლემ დისკრიმინაცია დამიწერე და რაზე დამიწერე, თუ არ გამომიყვან დისკრიმინაციიდან? რა მაქვს დანაშაული?“ – იკითხა იოსებ აბაშიძემ.

იოსებ აბაშიძე

„მედია არ აშუქებს კარგად ამ საკითხებს. ბაირამს მოგილოცავენ და ეს შუქდება, იმის იქეთ აღარ აინტერესებთ,“ – ჟურნალისტების მუშაობაზე ამჯობინა საუბარი გელა ძირკვაძემ. ეს მოსაზრება დისკუსიის რამდენიმე სხვა მონაწილემაც გაიზიარა, თუმცა გაჟღერდა ისიც, რომ მუსლიმი თემის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ეს მედიის მუშაობის შედეგია.

„მედიის მუშაობის შედეგია ის, რომ სააშკარაოზე გამოვედით და ყველაფერი დაინახეს, რომ ჩვენ არ ვართ საშიშები, როგორც ამის წარმოჩენას მანამდე ცდილობდნენ,“ – დისკუსიაში ვიტალი შაინიძე ჩაერთო. – „დაინახეს, რომ ჩვენ არ ვართ ის, ვინც „ლიმონკას“ აგდებს და ვართ ადამიანები, რომლებიც მივყვებით ისლამს…

ვფიქრობ, ხელოვნურად შემოაქვთ დაძაბულობა. ჩემ ირგვლივ, სანათესავოში 90 % ქრისტიანია და არცერთი არ ფიქრობს, რომ სალოცავი არ გვეკუთვნის. ისინი ამბობენ: ჩვენ თუ გვაქვს, თქვენც უნდა გქონდეთ სალოცავიო… საზოგადოებაში არა, მთავრობაშია მოსაძიებელი, ვინ უშლის ხელს ამას, სალოცავის აშენებას“ – დაასრულა ვიტალი შაინიძემ.

დისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში

საკუთარი გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოხატა რამაზ შანთაძემაც:

„წლების წინ საზოგადოებაში იყო ჩვენს მიმართ რადიკალური დამოკიდებულება, შემდეგ ეს შეიცვალა… ჩვენი გულისტკივილი არის ის, რომ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ევროპაზე, ვამბობთ, რომ საქართველო ერთიანია და ამ დროს ხდება ეს.

არა მგონია, რომ საზოგადოების 80 %-ის განწყობა იყოს ეს, რომ არ მიიღოს სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება.

მედიაზეც ამას ვიტყოდი, რომ მართლაც მხოლოდ ბაირამის მილოცვის გაშუქება არაა საკმარისი. ჩემი აზრით, ნათლად უნდა გამოჩნდეს, რომ ჩვენ ქვეყანაში არის თანაგრძნობა.

ბევრჯერ მიკითხავს ჩემი ქრისტიანი მეგობრებისთვის, რას ფიქრობენ ისინი მეჩეთის აშენებაზე. მეუბნებიან, რომ ჩვენ თუ გვაქვს ეკლესიები, თქვენ უნდა გქონდეთ მეჩეთი. ადრე, წლების წინ არ იყო ეს განწყობა, რადგან მაშინ ინფორმაციის დამახინჯება შეძლეს და აზიზიეს მეჩეთის თემა ამუშავეს. ამიტომაც, მედიამ სწორად უნდა გააშუქოს ჩვენი პრობლემა, მე კი ნუ დამიჭერს მხარს ჟურნალისტი, დემოკრატიას დაუჭიროს მხარი.

დემოკრატია ხომ მხოლოდ სიტყვები არ არის? დემოკრატია, პირველ რიგში, ისაა, ლოცვა რომ მინდა, არავის არ ვეხები, არ ვუშავებ არაფერს და ამის საშუალება მაქვს. შენთან ერთად თუ ვცხოვრობ, ვომობ, ფეხბურთს გეთამაშები და ყანაში მოგყვები, რა პრობლემას გიქმნის, მე სად ვილოცებ? თუ ეს პრობლემაა, რაღა პატრიოტობასა და ქართველობაზე მესაუბრები? – გვითხრა რამაზ შანთაძემ.

 

„მუსლიმი ძმებიო, ილია ჭავჭავაძე ამბობდა მე-19 საუკუნეში და ახლა ილიაზე ჭკვიანი ხალხია, დავიჯერო?“ – უკანა მწკრივიდან ხმამაღლა იკითხა თემურ აბაშიძემ.

„ხშირად წახალისება ხდება მსგავსი განწყობების, რომ თითქოს მუსლიმები სხვები არიან და აი, ქრისტიანულ მიწაზე მეჩეთი რატომ უნდა აშენდეს. ჩემი აზრით, საზოგადოებაში არ არის პრობლემა: საზოგადოება თავისი ბუნებით კეთილია, გარედან ხელოვნურად ქმნიან ამ დაძაბულობას…

ეს შეიძლება მოდიოდეს სხვადასხვა დაინტერესებული მხარისგან, საპატრიარქოდანაც შეიძლება მოდიოდეს, მისი ინტერესია, არ აშენდეს და ხელისუფლება ამას ანგარიშს უწევს. ყველა ვხედავთ, არჩევნებზე რა როლს თამაშობს საპატრიარქო,“ – აღნიშნა ნოდარ დავითაძემ.

„ჩვენ ევროპის ნაწილი რომ ვიყოთ, დიდი ხანია ჯამე გვექნებოდა,“ – ფეხზე წამოდგა ვიქტორ აბაშიძე. მას არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლომ შეიძლება მუსლიმი თემის სასიკეთოდ გადაწყვიტოს „ახალი მეჩეთის საქმე“.

ვიქტორ აბაშიძე

„თუ ახალი მთავრობა არ მოვა და დემოკრატია არ იქნება, ისე არაფერი შეიცვლება. ჩვენთან დიდი ხანია არ არის დამოუკიდებელი სასამართლო. სასამართლო რომ გვქონდეს, ჯამე გვექნებოდა მაშინ. სასამართლო არის მითვისებული.

ჩვენ რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ, ამაზე ლაპარაკიც აღარ მოგვიწევდა,“ – ხელი ჩაიქნია ვიქტორ აბაშიძემ.

„მე ღარიბაშვილის მადლობელი ვარ,“ – თქვა ჯემალ აბაშიძემ, თუმცა ვიდრე სხვები შეეპასუხებოდნენ, პრობლემაზე საუბარი ამჯობინა: „ვიღაცის ზეწოლა არის იქ, თორემ ასე არ იქნებოდა… ჟურნალისტების ძალიან მადლობელი ვარ, იმასაც აჩვენებენ, ქვაფენილებზე როგორ ვლოცულობ. ქრისტიანები რას მეუბნებიან იცი? – ასეთი რა დანაშაული ჩაიდინეთ, რომ 30 წელი ქვაფენილებზე გალოცებენო. ძველ დროში იყო, ვინმე რამეს რომ დააშავებდა, ლობიოს კაკლებზე დააყენებდნენ მუხლებით.

სასჯელის გარეშე ასეთი დასჯა შეიძლება?“ – გვეკითხება ჯემალ აბაშიძე.

ჯემალ აბაშიძე

„თბილისში როცა ვსწავლობდი, იქ მეკითხებოდნენ, გაუგებარია, რატომ ითხოვთ ახალ სალოცავსო. მერე ნახეს კადრები, როგორ ვლოცულობდით ქვაფენილებზე….

თქვენ ხომ ნახეთ, როგორ ვილოცეთ დღეს წვიმაში?

ისლამი ქადაგებს მოთმინებას, ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ და მომთმენი, მაგრამ ეს მოთმინება უკვე ზღვარზეა,“ – ამბობს ზვიად შაინიძე და გასასვლელისკენ გადის.

„საზოგადოება არცერთი არ გვერჩის ჩვენ, შეიცვალა ეს პრობლემა, პრობლემა მთავრობაშია,“ – ამჯერად დისკუსიის მონაწილეებს ნიკა აბაშიძემ მიმართა. – „რა ევროპაზეა საუბარი, როცა რელიგიის თავისუფლება არ არის? თუ მართლა ფიქრობენ ევროპაზე, ჩვენ არ გვეღირსება ევროპა ასე. ჩვენ თავისუფლების მოყვარული ადამიანები ვართ“.

დისკუსიის ბოლოს მუსლიმებს მიმართა მოქალაქე გოჩა მჟავანაძემაც, რომელიც მუსლიმებთან შესახვედრად მივიდა ბათუმის ახალ მეჩეთში.

„ჩემი აზრით, მედიამ უნდა წარმოაჩინოს ეს ბრძოლა, როგორც სამართლიანობის აღდგენისკენ მიმართული ბრძოლა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში.

მაგალითად, მე, ათეისტი ვარ, მაგრამ როცა მედიაში ვადევნებდი თვალს ამ თემას, გადავწყვიტე თქვენთან მოსვლა. დამოუკიდებელმა მედიამ, ამ შემთხვევაში „ბათუმელების“ სახით, თქვენს გულშემატკივრად მაქცია,.. მე თქვენს ბრძოლას ვხედავ, როგორც ბრძოლას უსამართლობასთან,“ – თქვა გოჩა მჟავანაძემ.

ხულო-ზარზმის გზაზე მთავრობა კონტრაქტის შეწყვეტას გეგმავს – რას წერს აუდიტი

„ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულების დაბალი ტემპისა და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, იგეგმება კონტრაქტის შეწყვეტა და სამუშაოების ბიუჯეტიდან დაფინანსება.“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნეში, რომელიც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს ეხება.

სახელმწიფო ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან დაკავშირებით კი, აუდიტი წერდა, რომ ხულო-ზარზმის გზის პროექტი ერთ-ერთი იყო იმ პროექტებიდან, სადაც გათვალისწინებული დაფინანსების ათვისება დაბალია [2023 წლის საწყისი გეგმა 40 მილიონი ლარი, 9 თვის გეგმა 24 მილიონი ლარი, ათვისება 35%.].

ხულო-ზარზმის გზას კომპანია „სინოჰიდრო“ აშენებს და სამუშაოები ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნაწილობრივ კი ქუვეითის ფონდის კრედიტით ფინანსდება.

სამუშაოები 2 ლოტად მიმდინარეობს: პირველი: ხულო-გოდერძის უღელტეხილი – სახელშეკრულებო ღირებულებაა 57 177 829 ლარი. დაფინანსებულია არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ და მეორე: გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა – პროექტის ღირებულებაა 38 511 473 ლარი. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„ტემპი რომ დაბალია, ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმაც აღნიშნა პარლამენტში. ზოგადად, არაერთ კომპანიას უკვე მიეცა გაფრთხილება, თუმცა, ხულო-ზარზმის პროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე საუბარი არ არის“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ხულო-ზარზმის გზისთვის 61 მილიონი ლარია გაწერილი. გზების დეპარტამენტს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, აქედან რამდენი იქნება ქუვეითის ფონდისგან მიღებული კრედიტი, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

„ახალ ბიუჯეტში გაწერილი არის 61 მილიონი ლარი იმისთვის, რომ თუ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და თუ საჭიროება დადგა, ეს პროექტი ყველა შემთხვევაში დასრულდეს 2024 წელს საბიუჯეტო სახსრებით. ანუ, მოხდება ისე თუ ასე, პროექტი მომავალ წელს უნდა დასრულდეს.

ამ მომენტისთვის კი, ნამდვილად არ განიხილება, რომ არსებულ კონტრაქტორთან შევწყვიტოთ ურთიერთობა, გამოვაცხადოთ [ტენდერი] სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით და გადავცეთ ეს საქმე სხვას. მითუმეტეს, საერთაშორისო დაფინანსების ხელშეკრულებაა და ამ ხელშეკრულების არსებობასაც და შეწყვეტასაც თავისი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტებისგან განსხვავებული წესი აქვს“ – გვითხრეს გზების დეპარტამენტში.

გზების დეპარტამენტს ისიც ვკითხეთ, რატომ დაწერა დასკვნაში აუდიტმა რომ „იგეგმება კონტრაქტის შეწყვეტა“. დეპარტამენტში კი გვითხრეს, რომ „აუდიტი ეხება მთლიანად ბიუჯეტის პროექტს… დავუშვათ მოხდა რაღაცა და ამ ხალხმა [„სინოჰიდრომ“] ვერ დაამთავრა სამუშაოები, იქნება რაღაც თანხა ჩადებული [ბიუჯეტში] იმისთვის, რომ საქმე აღარ გაიწელოს“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დასკვნა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადეს.

„ბათუმელები“ განმარტებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა სამინისტროდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

არის კიდევ ერთი დეტალი.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტით  ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციისთვის საჭირო მთლიანი თანხა, ჯამში 172 მილიონ 24 ათას 300 ლარი იყო გაწერილი.

ბიუჯეტის პროექტის მეორე ვარიანტით კი, პროექტის მთლიანი თანხა 21 მილიონი ლარით არის შემცირებული და 151 მილიონ 24 ათას 300 ლარია.

აქედან, 2022 წლის ჩათვლით ათვისებულია 71 024 300 ლარი, მიმდინარე 2023 წელს უნდა დაიხარჯოს 19 მილიონი ლარი [ნაცვლად 40 მილიონისა, რაც პირველ ვარიანტში იყო მითითებული], 2024 წელს კი – 61 მილიონი ლარი.

ფინანსთა სამინისტროდან განმარტებას ამ საკითხზეც ველოდებით.

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე 2018 წელს ტენდერში გამარჯვებულად გზების დეპარტამენტმა კომპანია „ტოდინი“ გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.

ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის [დაბა ხულოდან დიდაჭარის კაშხალთან მისვლამდე მონაკვეთში] რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 14,6 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული.

„სინოჰიდრო“ კი, გამარჯვებულად  ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ხელახალ ტენდერებში გამოავლინეს [ორივე ლოტზე – დიდაჭარის კაშხალიდან ზარზმამდე მონაკვეთი].

ამავე თემაზე:

ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია

 

მთავარი ფოტო: ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია / ფოტო ბათუმელების“ არქივიდან

2024 წლის ბათუმის ბიუჯეტი „იაფი სახლის“ გარეშე – რას აკლდება და რას ემატება დაფინანასება

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 365 მილიონი იქნება, მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი მერიის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურმა საკრებულოში განსახილველად უკვე გადააგზავნა. შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტში ახალი პროექტი არ არის. ძირითადად აკლდება ან ემატება თანხები მიმდინარე პროექტებს.

  • ხელფასები იზრდება

ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, იზრდება ბათუმის მერიის, მასზე დაქვემდებარებული უწყებებისა და საკრებულოს დაფინანსება, მათ შორის შრომის ანაზღაურების ნაწილში. ხელფასებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 4 მილიონ 892 700 ლარი იყო, მომავალ წელს 5 მილიონ 619 100 ლარი იქნება.

ხელფასების გრაფაში მატება რესპუბლიკურ ბიუჯეტშიც ფიქსირდება. როგორც მთავრობაში განმარტეს, ეს ის 10 პროცენტიანია მატებაა, რასაც პრემიერი საჯარო მოხელეებს დაჰპირდა.

  • ინფრასტრუქტურა

პროექტის მიხედვით, მცირდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროგრამის დაფინანსება, გასულ წელს 170 მილიონი იყო, მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით კი 164 მილიონია. ამ თანხიდან 53 მილიონი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს, გასულ წელს გზების რეაბილიტაციისთვის 67 მილიონი იყო გათვალისწინებული. ამ დაფინანსებაში შედის გარე განათების ქსელისა და ტროტუარების მოვლა-პატრონობაც.

7 მილიონი ლარი ემატება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამას, 46 მილიონ 703 500 ლარია გათვალისწინებული ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების რეაბილიტაციისთვის.

იზრდება და 34 მილიონ 374 600 ლარი იქნება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსება.

ეს პროგრამა მოიცავს ბათუმში ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობას. ასევე, ავარიული სახლების დემონტაჟის, მშენებლობის და გამაგრება-რეაბილიტაციის დაფინანსებას, საჭიროების შესაბამისად.

პროექტში არ იძებნება ინფორმაცია იაფი სახლის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ დაფინანსება გათვალისწინებული არ არის. მერიის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის უფროსის, ედნარ ნატარიძის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ პროგრამა შეწყვეტილია:

„რაც შეეხება იაფ სახლს, ამ ეტაპზე ბიუჯეტში დაფინანსება არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროგრამა შეწყვეტილია. აქ რამდენიმე  მომენტია გასათვალისწინებელი, როგორიცაა ადგილის მოძიება, საპროექტო – სახართააღრიცხვო დოკუმენტების მომზადება და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არ გამორიცხავს რომ წლის განმავლობაში ცვლილების შემდეგ დაფინანსდეს პროგრამა“.

თითქმის რვა მილიონით იზრდება და 24 მილიონ 988 900 ლარი იქნება საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა. აქედან 9 მილიონი ლარი კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდება.

მცირდება მერის სარეზერვო ფონდი, გასულ წელს მერს 3 მილიონის განკარგვა შეეძლო, მომავალი წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდში მხოლოდ 2 მილიონი გაითვალისწინეს.

ნახევარ მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 4 მილიონ 335 400 ლარი იქნება კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი. აქედან 1 693 400 ლარი ფოლკლორის ხელშეწყობას უნდა მოხმარდეს.

მერია ამცირებს კულტურული მემკვიდრეობის პროგრამის დაფინანსებას. მიმდინარე წელს 2 მილიონზე მეტი იყო, მომავალ წელს ამ პროგრამისთვის 850 300 ლარი გაითვალისწინეს. პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და კულტურის ობიექტების რეაბილიტაციას აფინანსებს.

მცირედით მცირდება ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა.

ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 2 მილიონით იზრდება და 27 მილიონ 264 600 ლარი იქნება.

200 000 ლარი დაამატეს და 1 მილიონ 691 000 ლარი იქნება მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა.

სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა მილიონი ლარით იზრდება.

სასესხო ვალდებულების დაფარვის მიზნით, ბიუჯეტში 41 მილიონი ლარი გაითვალისწინეს. ამ თანხით მერიამ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მიღებული სესხებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხის მომსახურება უნდა უზრუნველყოს.

ა(ა)იპ – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაფინანსება მომავალ წელს 41 მილიონ 987 800 ლარი იქნება. ეს ააიპი ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებს მართავს.

მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტში – „თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება“ – მილიონი ლარი გაითვალისწინა. მერიის განმარტებით, ეს თანხა მონაწილეობითი ბიუჯეტის დასაგეგმად სჭირდება. ბიუჯეტის განმარტებით ბარათში წერენ:

„მონაწილეობითი ბიუჯეტი, როგორც თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ალტერნატიული მექანიზმი, წარმოადგენს  ბათუმის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობით მუშავდება და განისაზღვრება ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი პროექტები.“

მერია განმარტავს ასევე, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტი სპეციალურ პლატფორმაზე უნდა დაიგეგმოს:

„მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი ხორციელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით. საჯარო ხმის მიცემის საფუძველზე გამოვლენილი საპროექტო განაცხადი, რომელმაც ხმის მიცემის პროცედურის საფუძველზე დააგროვა ყველაზე მეტი ხმა დაფინანსდება ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით.

პროგრამის ფარგლებში  შერჩეულ პროექტებს დააფინანსებენ.

ედნარ ნატარიძის განმარტებით, ეს არ არის ახალი პროექტი და იგივეა რაც „შენი იდეა ბათუმს“, რომლის ფარგლებშიც გამოკითხვის შედეგად შერჩეულ პროექტებს ვაფინანსებთ.

„ოცნების“ დეპუტატი დეკლარაციაში ქონების ნაწილს მალავს – „გამჭვირვალობა“

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი 2023 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ხელფასისა და მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მალავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა დეკლარაციაში არ ასახა მის საკუთრებაში არსებული 36.5 კვ.მ. სასტუმროს ნომერი დაბა ბაკურიანში, ასევე, მეუღლის, არჩილ ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მცხეთაში 135.40 კვ.მ ფართის შენობა ნაგებობით და თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე 123.20 კვ.მ. ბინა.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, ზავრადაშვილმა დეკლარაციაში ასევე არ მიუთითა თანამდებობაზე მის მიერ 2022 წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება.

„საინტერესოა, რომ ხელფასის შესახებ ინფორმაცია მან არც 2022 წელს წარდგენილ დეკლარაციაში გაასაჯაროვა“- წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

ამავე წყაროს ცნობით, ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში სრულყოფილად არ მიუთითა ინფორმაცია მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებაც.

„კერძოდ, დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ არჩილ ჩხარტიშვილი 2.56%-იან წილს ფლობს კომპანიაში შპს „მშენებელი-96“.

საინტერესოა, რომ დეკლარაციის მიხედვით, ჩხარტიშვილი დასაქმებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლად.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით, არჩილ ჩხარტიშვილს ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობაში უშუალო ჩართულობა ანუ წილის მართვა. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ჩხარტიშვილს მის მფლობელობაში არსებული ბიზნესწილები მართვის უფლებით მესამე პირისთვის უნდა გადაეცა“ – წერს ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ირმა ზავრადაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

___________

ფოტო: დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი

„ეს არის დაცინვა“ – ახალდაგებული ტროტუარი ბათუმში ადაპტირების გარეშე

ბათუმში, ჟიული შარტავასა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში, ტროტუარი ახლახან დააგეს, თუმცა ქუჩა არაადაპტირებულია. ტროტუარის კიდე იმდენად მაღალია, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანები ქუჩის გადაკვეთას სხვისი დახმარების გარეშე ვერ ახერხებენ.

„ხელმისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი“, რომელიც 2021 წელს შევიდა ძალაში, სახელმწიფოს ავალდებულებს ადაპტირებული გარემოს შექმნას.

„დააგეს ტროტუარები ნულოვანი ადაპტირებით. ხელმისაწვდომის სტანდარტი ფაქტობრივად თავზე გადაგვახიეს“ – ამბობს თომა კაკაბაძე, რომელიც ეტლით მოსარგებლეა და რეაბილიტირებულ ტროტუარზე გადაადგილება ვერ შეძლო.

„ფიროსმანისა და შარტავას კუთხეში, იუსტიციისკენ როცა უხვევ, მაღალი ბორდიურები დატოვეს, ჩამოსასვლელი ფაქტობრივად არ არის, არ იხელმძღვანელეს მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტით.

ფიზიკურად ვერ ახვალ ეტლით და ვერც ჩამოხვალ ამ ტროტუარიდან ქუჩაზე სხვისი დახმარების გარეშე.

დღეს ასეთი არაადაპტირებული ტროტუარის გაკეთება მართლა დაცინვა და მასხრად აგდებაა ადამიანის“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თომა კაკაბაძე.

მისი თქმით, შესაძლოა პროექტი ძველია და მანამდე დაამტკიცეს, ვიდრე ხელმისაწვდომობის სტანდარტი ამოქმედდებოდა, თუმცა მერიას ეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

„ბათუმელები“ ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რატომ არ არის დაცული ქუჩების რეაბილიტაციისას ხელმისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი.

როგორც აღნიშნულ სამსახურში გვითხრეს, ხელშეკრულება მიმდინარეა და გათვალისწინებული იქნება ტროტუარების ნულოვან ნიშნულზე დაყვანა.

„აუცილებლად, ყველგან, სადაც არის ამის პრობლემა, გადასასვლელები იქნება ნულოვან ნიშნულზე. ვადები, როდის გაკეთდება ეს, არ ვიციტ, მაგრამ ასე არ დარჩება. ადაპტირება გათვალისწინებული აქვთ“ – გვითხრეს მერიაში.

მერიაში გვითხრეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამ ქუჩაზე კომპანია „ესია ჯგუფი“ აწარმოებს.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები 2023 წლის 20 დეკემბერს უნდა დაასრულოს.

_______________________

მთავარი ფოტო: არაადაპტირებული ტროტუარი ბათუმში

რუსეთში „ევროვიზიის“ ანალოგის შექმნას გეგმავენ

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო „ევროვიზიას“ ჩამოცილებული რუსეთი გეგმავს საკუთარი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი – „ინტერვიზია“ ჩაატაროს. ამავე სახელის კონკურსი ცივი ომის დროს, საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში ტარდებოდა.

გამოცემა „მედუზას“ ცნობით, ამ გეგმის შესახებ რუსეთის კულტურის მინისტრმა, ოლგა ლიუბივომამ განაცხადა.

პირველი კონკურსი, შესაძლოა, უკვე 2024 წელს ჩატარდეს – ამბობს რუსეთის პირველი არხის დირექტორი, კონსტანტინ ერნსტი.

„ამ კონკურსში არ იქნება არანაირი პოლიტიკური შეზღუდვა და გავლენა, ესაა თავისუფალი ტრიბუნა, რომელზეც ყველა ქვეყანას შეუძლია წარმოადგინოს თავისი პოპმუსიკის მაგალითები. იმედი გვაქვს ბრიქსის [ჩინეთის, ინდოეთის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის და ბრაზილიის გაერთიანება] წევრების აქტიური მონაწილეობის და სხვა ქვეყნებსაც ვთავაზობთ, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას“, – აცხადებს ერნსტი.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთში მხოლოდ „ევროვიზიის“ ჩანაცვლებას არ ცდილობენ – „იმპორტჩანაცვლება“, როგორც ამას რუსეთის ხელისუფლება უწოდებს, არაერთ სხვა სფეროსაც შეეხო.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, რომელიც ყოველწლიურად მუსიკალურ კონკურს „ევროვიზიას“ ატარებს, რუსეთს კონკურსში მონაწილეობა 2022 წლის 25 თებერვალს აუკრძალა, მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას.

__________________

ფოტოზე: საახალწლო კონცერტი რუსეთის პირველ არხზე

უკრაინა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმების დაკავებაზე აცხადებს

უკრაინის საზღვაო ქვეითები გამაგრდნენ სამხრეთ ფრონტზე, ხერსონის მიმართულებით, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე რამდენიმე პლაცდარმზე – წერს უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ დღეს, 17 ნოემბერს.

„უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხერსონის მიმართულებაზე ჩაატარეს წარმატებული ოპერაციების სერია. უკრაინელი საზღვაო ქვეითების სიმამაცისა და პროფესიონალიზმის წყალობით, თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობასთან ერთად, მოხერხდა რამდენიმე პლაცდარმზე გამაგრება“, – აცხადებენ უკრაინის საზღვაო ძალებში.

უწყების ცნობითვე, რუსულმა ძალებმა ამავე ოპერაციების დროს სერიოზული დანაკარგები განიცადეს – 1216 მოკლული და 2217 დაჭრილი, 24 ტანკი და სხვა ტექნიკა, მათ შორის 135 ავტომობილი, 48 ჯავშანმანქანა და ტყვია-წამლის 29 საწყობი.

თოვლიანი დღე ხულოში | ფოტო

მაღალმთიან აჭარაში დღეს, 17 ნოემბერს, გამთენიისას გათოვდა და ახლაც თოვს.

ხულო, სოფელი ბეღლეთი. ფოტო/გულნარა გელაძე

ხულო, სოფელი ბეღლეთი. ფოტო/გულნარა ართმელაძე
ხულო, სოფელი ბეღლეთი
ხულო, სოფელი უჩხო
ხულო, სოფელი უჩხო. ფოტო/იზო ხოშორაძე
ხულო, სოფელი უჩხო. ფოტო/იზო ხოშორაძე
ხულო, სოფელი ბეღლეთი

„ბოდიშს ვიხდი, რომ ხალხს ვაწუხებ“ – დედის ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის

37 წლის თეონა ასლანიძე შვილის გადასარჩენად იბრძვის.

თეონა გვიყვება, რომ მისი 6 წლის შვილი, ომარიკო, 2019 წლიდან ებრძვის იმუნოდეფიციტს: „მეორე დიაგნოზს ვერ ვიგებთ. არ ვიცით, რატომ უზიანდება ნერვული სისტემა. ვითარდება თავის ტვინის ატროფია. შარშანდელთან შედარებით უფრო გაუარესებულია მდგომარეობა. ლანდად ხედავს, სმენითაც ასე.

ჯერჯერობით ვერ მივდივართ შედეგამდე. ვიბრძვით. ასეთი  პაციენტის მოვლა ძალიან რთულია და მიჭირს. მერიდება ხალხის შეწუხება, ძალიან მიდგანან გვერდში.

ვიყავით ისრაელში და სამწუხაროდ, იქაც ვერ მივაღწიეთ ვერანაირ შედეგს რომ აი, ბავშვს რაიმე დაუსტაბილურდეს და რაღაც შევაშველოთ. ერთადერთი ის არის, რომ პერიოდულად ვმკურნალობთ, როცა სიცხე აქვს“, – გვიყვება თეონა.

დედის თქმით, ომარიკოს ხშირად აწუხებს ნახველი თებერვალში გადატანილი კოვიდის შემდეგ, რის გამოც სჭირდება სანაცია.

მისი თმით, ომარიკოს სჭირდება გასტროსტომაც, რომლის ოთხ თვეში ერთხელ შეცვლა აუცილებელია: „საქართველოში აღარ შემოდის. თურქეთში ვყიდულობთ, 550 ლარს ვიხდით“.

თეონას თქმით, მის შვილს თვეში ერთხელ იმუნოგლობულინის მიღება სჭირდება, რასაც სახელმწიფო უფინანსებს, თუმცა სხვა მედიკამენტებისა და მოვლის საშუალების შეძენას დედა უკვე ვეღარ ახერხებს.

„შეიძლება თვეში 1000 ლარსაც გადავახტეთ, შეიძლება 2 000 ლარსაც, იმიტომ, რომ ეს სტერილური ბინტები, სანაციის მილები, გასტროსტომა… არ ვიცით რა დროს რა ანალიზი დაგვჭირდება. ახლა დეკემბერში გვჭირდება ძვლების სიმკვრივის შესამოწმებელი კვლევა, რაც 600 ლარამდე ჯდება. თვეში ერთხელ ვუტარებთ სრულ კვლევებს. ექიმები წინასწარ ვერ მეუბნებიან, როდის რა კვლევისა და ანალიზის გაკეთება შეიძლება გახდეს საჭირო. მივყვებით ომარიკოს მდგომარეობას და ვერ გავედით ბოლოში“, – გვიყვება თეონა.

დედა ამბობს, რომ მას საზოგადოების დახმარება სჭირდება, რათა შვილის ზუსტი დიაგნოზის დადგენა შეძლოს, გააუმჯობესოს მისი სიცოცხლის ხარისხი და ცოტათი მაინც შეამსუბუქოს მისი მოვლის პირობები: „ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ ვინმე დამიდგება გვერდში და ბოდიშს ვიხდი, ამდენჯერ რომ ვაწუხებ ხალხს“.

ჩვენ ახლა გვჭირდება თანხა, რომ ვუყიდოთ ომარიკოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება. საჭირო მედიკამენტების გრძელი სია გვაქვს: ეპილეფსიის, დაჭიმულობის, საშარდე ინფექციის…“

თეონას ორი შვილი ჰყავს. ბოლო ორი წელია ოჯახი თბილისში ცხოვრობს.

„ეს ომარიკოს მდგომარეობის გამო, რადგან ბათუმში ელემენტარული სიცხეც რომ მისცეს მას, ვერცერთი ექიმი ვერ გაუწევს პირველად დახმარებას. გადაუდებლად გვიწევდა თბილისში ჩამოსვლა და ბოლოს აქ ყოფნა ვარჩიეთ“ – ამბობს დედა.

ოჯახი თბილისში გარდაცვლილი მაზლის სახლში ცხოვრობს.  მამას ბათუმში უწევს ყოფნა, რადგან მუშაობს და მხოლოდ პერიოდულად ახერხებს ოჯახთან ჩასვლას, ამიტომ ომარიკოს მარტო თეონა უვლის.

ომარიკოსა და თეონას დღე ომარიკოს ვარჯიშით იწყება. დედის თქმით, ორ ცენტრში დადიან სავარჯიშოდ და ვარჯიშებს აგრძელებენ სახლშიც, რათა ბავშვს სხეულის მძლავრი დაჭიმულობა მოეხსნას. „ვარჯიშის დაწყების შემდეგ მართლა გვაქვს შედეგი და ახლა შედარებით ნაკლებად აწუხებს დაჭიმულობის დისკომფორტი“.

ომარიკო დეკემბერში გახდება 7 წლის. დედის ერთადერთი სურვილია, შვილს სიცოცხლე ნაკლები ტკივილით შეუნარჩუნოს.

_______________________________

თეონა ასლანიძის შვილის, 6 წლის ომარიკოს დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:

თბს ბანკი:

GE80TB7533045061100050

საქართველოს ბანკი:

GE98BG0000000316304600

მიმღები:  თეონა ასლანიძე

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა, გამოძიება დუმს – ენმ აჭარაში

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 24 ნოემბერს, ენმ-მ გაავრცელა  აუდიოფაილი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრზე ზეწოლას ახორციელებდნენ და დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ.

დღემდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდია.

ორი წლის შემდეგ პარტიის ბათუმის ორგანიზაცია ისევ მართავს ბრიფინგს ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების მოთხოვნით.

ენმ- ის ბრიფინგი

„2 წელი გავიდა ნუგზარ ფუტკარაძის საეჭვო გარდაცვალებიდან, თუმცა დღემდე ოჯახი დაზარალებულადაც კი არ არის ცნობილი. გამოძიება არის დახურული და ოჯახის წევრებს არ აძლევენ საგამოძიებო მასალებზე წვდომის შესაძლებლობას, რაც უფრო ამძაფრებს ეჭვებს მის გარდაცვალებაში ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა ბრიფინგზე.

ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან. მის გარდაცვალებამდე ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ჰქონდა. ენმ-ს ინფორმაციით, ჩანაწერის მიხედვით, ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ დავით რიჟვაძის დავალებით [თორნიკე რიჟვაძის მამა] ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ეს პირები ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში მუშაობდნენ.

დღეს, 17 ნოემბერს, ენმ-მ განცხადება პროკურატურასთან გააკეთა და მოთხოვნები რამდენიმე პუნქტად გააჟღერა. ენმ ითხოვს პროკურატურამ დაუყოვნებლივ ცნოს დაზარალებულად ოჯახის წევრები, რომ მიეცეთ გამოძიების მასალებზე წვდომის შესაძლებლობა, ასევე ჩაატაროს ობიექტური გამოძიება.

ელგუჯა ბაგრატიონმა გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსაც სთხოვა.

როდის დაიწყებს მუშაობას ბათუმის ახალი მერი და საკრებულო?

 

თოვლი და უშუქობა ერთად ხულოში – „ციდან ფიფქის ჩამოვარდნა და უშუქობა ერთია“

მაღალმთიან აჭარაში დღეს, 17 ნოემბერს, გამთენიისას გათოვდა და ახლაც თოვს.

თოვლს მოჰყვა ელექტროენერგიის გათიშვაც.

როგორც ხულოს სოფელ ბეღლეთის ერთ-ერთმა მკვიდრმა გვითხრა, ხულოში „ციდან ფიფქის ჩამოვარდნა და უშუქობა განუყრელია“.

„ბათუმელებს“ „ენერგო პრო ჯორჯიაში“ დაუდასტურეს, რომ ბეღლეთსა და მის მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დილიდან შეწყდა.

„დაახლოებით ნახევარ საათში ჩართავენ. თოვლის გამო ხაზი დაზიანდა. დაზიანების ნაწილი ნაპოვნია და ტექნიკური ბრიგადა ადგილზე მუშაობს“, – გვითხრეს კომპანიის პრესსამსახურში.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ნოემბრის 21 საათიდან 18 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 19 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 20 და 21 ნოემბერს კი სანაპირო რაიონებში იწვიმებს, მაღალ მთაში კი – მოთოვს.

„გშია? აიღე საჭმელი“ – მერვეკლასელი გოგოს აქცია ბათუმიდან

„გშია? აიღე საჭმელი“ – ბათუმში, თამარის დასახლების ერთ-ერთ ქუჩაზე ეს განცხადება, საკვებით სავსე პარკთან ერთად, ხეზე გამოკიდეს. მერვეკლასელი ანა ჩანტლაძე ამბობს, რომ არ იცის, პირველად ვინ გამოაკრა ეს განცხადება მისი საცხოვრებელი კორპუსის წინ, ლესელიძის ქუჩაზე, თუმცა იდეა ძალიან მოეწონა და თავადაც ტოვებს საკვებს ხესთან.

ამ სიახლის ამსახველი ფოტო „ბათუმელებს“ ანა ჩანტლაძემ გამოუგზავნა.

„მორიგეობით ყველა ვტოვებთ საკვებს. მე თავდაპირველად რულეტი დავტოვე… ბევრს შეიძლება მოშივდეს, გამვლელიც ბევრია ჩვენს ქუჩაზე. ყველამ უნდა გაიგოს, რომ სხვებზე ზრუნვაა საჭირო. მხოლოდ შენ იყო კარგად, ასე არ გამოვა.

მერე განცხადება წვიმამ დაასველა და ჩამოვარდა. დღეს მე ამოვბეჭდე იგივე ტექსტი და ხელახლა გავაკარი. გამიხარდება, თუ ბევრი დატოვებს საკვებს და სხვებიც მოაწყობენ მსგავს კუთხეს,“ – აღნიშნა ანა ჩანტლაძემ „ბათუმელებთან“.

ემიგრაციიდან დაბრუნებული დედების გასაჭირი შვილების გაუცხოებაა – ემიგრანტი ქალი

„ემიგრაციიდან დაბრუნებული დედების ყველაზე დიდი გასაჭირი შვილების გაუცხოებაა. ჩამოდიან, ეხუტებიან შვილებს და მათგან იმავე სიყვარულს ვეღარ გრძნობენ. თითქოს ფულის მანქანად ვიქეცით მშობლები.

ყველა შვილი ასეთი არ არის, ბავშვებს არ ვაკნინებ, მათ შემოვევლე, ყველა დედას გვიხარია მათთვის რამის გაკეთება. შეიძლება ჩვენი ბრალიცაა ბევრი რამ, ფინანსურად შვილები ჩვენვე გავათამამეთ – როცა ემიგრაციიდან სიყვარულს ვერ აძლევ შვილებს, ცდილობ მატერიალურად შეუმსუბუქო დანაკლისი.

მე ეს მახარებს, რომ შვილებთან გაუცხოება ავირიდე თავიდან, ჩვენ შევძელით ემოციური კავშირის შენარჩუნება ჩემი უცხოეთში ყოფნისას და ეს ძალიან რთული იყო“, – ამბობს 13-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებული 44 წლის ხათუნა ბილვანიძე.

საბერძნეთიდან ის შარშან, 2022 წლის დეკემბერში ჩამოვიდა.

კვლევითი ცენტრის PMC RESEARCH-ის მიხედვით, 2010-2020 წლების საანგარიშო პერიოდში ემიგრაციის პიკი საქართველოდან იყო 2019 წელს. საბერძნეთი კი მეორე ქვეყანა იყო ამ წელს იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე მიიღეს. საქართველოს 85 ათასი მოქალაქე ჰყავდა მიღებული საბერძნეთს 2019 წელს.

ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს. კვლევის მიხედვით, 2021 წელს ფულადმა გზავნილებმა საქართველოში 2,35 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ია.

  • „მინდოდა, შვილებს სახლი ჰქონოდათ“

„იცით, როგორ ჰგავს ერთმანეთს ემიგრანტი ქალების ისტორიები? როცა დასვენების დღეს  ქართველები ერთმანეთის სანახავად, სასაუბროდ გამოდიან კვირას, ამას მაშინ გრძნობ. ზოგს შვილი ჰყავს ავად, ზოგს ვალები აქვს, ზოგს ჭერი არ აქვს და სახლის ფულს აგროვებს, არც მე მქონდა სახლი, მეც ამიტომ წამოვედი“, – ამბობს ყოფილი ემიგრანტი.

ხათუნა ბილვანიძე, ყოფილი ემიგრანტი

ხათუნას და მის შვილებს ახლა საკუთარი ბინა აქვთ ბათუმში, თუმცა ემიგრანტი ამბობს, რომ ამ მიზანს მისი ცხოვრების 13 წელი დასჭირდა:

„600-700 ევრო მქონდა ანაზღაურება, უნდა გადამენაწილებინა: შვილების ჯანმრთელობისთვის, ყოველდღიური საჭიროებისთვის და ბინისთვის.

ხომ ამბობენ აგური აგურზე დააწყო მთელი წლებიო, ზუსტად ასე გავაკეთე. მქონდა ყულაბები, სადაც ვანაწილებდი რა უნდა გამეგზავნა შვილებისთვის და რა უნდა გადამედო ბინისთვის.

საკუთარი თავისთვის ამქვეყნად ყველაფერი უნდა მოიკლო, ბინა რომ იყიდო, ამიტომ გავიდა ამდენი წელი…

იშვიათად შეხვდები უცხოეთში ემიგრანტ ქალს, რომელმაც ხელფასი აიღო და საფულეში თავისთვის 100 ევრო მაინც დაიტოვა, რადგან დიდი საზრუნავი აქვთ საქართველოში“, – გვიყვება ხათუნა.

  • რატომ გადავწყვიტე დაბრუნება

2017 წელს, როცა შენგენის ქვეყნებთან საქართველოს სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ხათუნას 9-წლიანი განშორების შემდეგ საბერძნეთში შვილებმა, ანამ და იოანემ ჩააკითხეს. იოანე 16 წლის იყო, მარტო რომ დატოვა, ანა – 9 წლის. განშორების შემდეგ კი დედასთან 29 და 18 წლის შვილები ჩავიდნენ.

ემოციისგან ხათუნამ შვილებთან შეხვედრისას გონება დაკარგა. იოანესთან დედამ ვერ იგრძნო, რომ წლები გაატარეს ერთმანეთისგან შორს, ანას დედასთან დაახლოება თავიდან გაუჭირდა:

„როცა დავინახე ანა როგორ გაუცხოვდა და შფოთავდა ჩვენი შეხვედრისას, ჩემს თავს ვუთხარი: როდის დაბრუნდები, თუ არა ახლა? ჯერ კიდევ არის შანსი შევინარჩუნო შვილებთან კონტაქტი და სიყვარული, ჰოდა, ზუსტად ახლაა დაბრუნების დრო-მეთქი“.

ამ დროს ხათუნას ბინისთვის შეგროვილი თანხა უკვე ჰქონდა. საქართველოში დაბრუნდა, ბინა იყიდა, ძმის დახმარებით გაარემონტა და შვილებთან ერთად ცხოვრება დაიწყო.

13 წლის ემიგრაციიდან დაბრუნებულს ქმარი შინ აღარ დახვდა, ისიც ემიგრაციაში წავიდა და დაქორწინდა:

„ბევრი დრო გამეპარა. ემიგრაცია დიდი ჭაობია, ცალი ფეხით ხარ ჩაფლული და რომ გგონია ამოხვედი, მერე მეორე ფეხი გეფლობა, თავს ვეღარ აღწევ. მთავრდება ერთი პრობლემა, იწყება მეორე. ოჯახის საჭიროებები უსასრულოა. არ მიკვირს ჩემი ყოფილი ქმრის, ვეღარ გაძლო, რთულია, მასაც თავისი წუხილი ჰქონდა, საკუთარი ცხოვრება უნდოდა ჰქონოდა.

დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს შვილს, იოანეს ჩემს დაბრუნებაში, მისი დიდი თხოვნა იყო დავბრუნებულიყავი. ხშირად იმეორებდა, ერთ ოჯახად თუ ვიცხოვრებთ, ყველაფერს შევძლებთო“, – ამბობს ხათუნა.

დაბრუნებისას ხათუნა ავად გახდა და ოპერაცია დასჭირდა. აეროპორტშივე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საბერძნეთში მას 1000 ევრო გადასცა საჩუქრად, თვითმფრინავის ბილეთი უყიდეს და საქართველოში დაბრუნებულს ამავე ორგანიზაციამ ოპერაცია 1500 ევროთი დაუფინანსა.

„რამხელა დანაზოგიც არ უნდა ჩამოგყვეს ემიგრაციიდან, ამ ტიპის დახმარება ძალიან გშველის. ექიმებთან მისვლა-მოსვლა, ოპერაცია, დასაბრუნებლად ბილეთის ფული, პირველი ორი, სამი თვე რომ აზრზე მოხვიდე – ამისთვის საკმარისი თანხა იყო ეს და მე ძალიან დამეხმარა“, – ამბობს ყოფილი ემიგრანტი.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია – გაეროს მიგრაციის სააგენტო (IOM) 1993 წლიდან მოქმედებს საქართველოში, 2003 წლიდან კი სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებასა და რეინტეგრაციაში დახმარებას. დღემდე IOM დაეხმარა 8096 დაბრუნებულ მიგრანტს რეინტეგრაციაში (6361 ოჯახს).

ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამით სარგებლობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნის დროს აღმოჩნდა მოწყვლად მდგომარეობაში, მაგალითად: არ აქვს ლეგალური სტატუსი ან სამგზავრო დოკუმენტები, გახდა თაღლითობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი, უარი ეთქვა თავშესაფარზე და/ან არ აქვს თავისი ხარჯებით სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) სამშობლოში ნებაყოფლობითი დაბრუნების და რეინტეგრაციის პროექტი ფინანსება ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ.

  • ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ქალებს მძიმე გზის გავლა გვიწევს

მიუხედვად იმისა, რომ დასახულ მიზანს მიაღწია, სახლი იყიდა, საქართველოში ახალი სამსახურიც იშოვა და ახლა შვილებთან ერთად მშვიდად ცხოვრობს, ხათუნას მიაჩნია, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა ქალებს საქართველოში ხშირად ძალიან ძვირად უჯდებათ, ხანდახან კი ამის საფასური ცხოვრების საუკეთესო წლების უცხოეთში გატარებაა, ოჯახის წევრებისგან მოშორებით.

ხათუნა გვიზიარებს მის დაკვირვებას, რით აიხსნება ეს სირთულე:

„საქართველოში ქალებს რეალური ცხოვრებისთვის თავიდანვე არავინ გვამზადებს. ჩაგვძახიან, რომ კაცი ოჯახის ,,კედელია“ და შენც ასე გგონია. ამიტომ უტოვებენ კაცებს მთელ ქონებას, სახლს, ყველაფერს.

მერე ქალები რეალობის წინაშე  ვდგებით, ვხედავთ, რომ კაცებსაც აქვთ პრობლემები და არ შეუძლიათ ყოველთვის იყვნენ ,,კედლები“, ვხედავთ მერე, რომ როგორც შთაგვაგონეს, ისე არ ხდება რეალურ ცხოვრებაში.

მეც ასე დამემართა: მომიტაცეს 15 წლის. დავრჩი მასთან და შევქმენი ოჯახი. შვილები გაგვიჩნდა, წამოიზარდნენ, სახლი არ გვქონდა, ჩემმა ქმარმა ეს პრობლემა ვერ მოაგვარა, მე უნდა მექნა რამე.

საკუთარ ქალაქშიც კი ვერ გადავადგილდებოდი დამოუკიდებლად და მარტო, ასეთ დროს აღმოვჩნდი უცხო ქვეყანაში, ემიგრაციაში.

აზროვნების წესი ნელ-ნელა საბედნიეროდ იცვლება. მე ჩემს შვილებს თანაბრად გავუნაწილებ ყველაფერს, რაც მაქვს, ბიჭსაც, გოგოსაც. გოგოები დამოუკიდებელ ადამიანებად უნდა გავზარდოთ.

ჩემი შვილი, ანა, ახლა სტუდენტია. ისეთი ძლიერი და დამოუკიდებელია, იმდენ რამეში ერკვევა, ყოფით საკითხებშიც, ხანდახან მიკვირს. მე ახლაც არ ვარ ასეთი მამაცი. ცხოვრებამ გახადა ასეთი, გარემოებამ.

თავისუფლება უნდა მივცეთ გოგოებს, არ უნდა დავუმალოთ მათ, რომ სირთულეებს გადააწყდებიან და ამის გადალახვის ძალა მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძებონ“, – ამბობს ყოფილი ემიგრანტი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 316 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
  • ტანკი – 5 415 ერთეული [+27]
  • ჯავშანტექნიკა – 10 132 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 7 712 ერთეული [+29]
  • MLRS – 895 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 585 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 709 ერთეული [+20]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 563 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 077 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 1 086 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 536 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 8 989 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 446 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 185 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 123 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 342 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ხანძარი ვოლგოგრადის საჯარისო ნაწილში – მედია უკრაინული დრონის თავდასხმაზე წერს

250 ათასი ლარი ქობულეთში საახალწლო და მერიის წლის შემაჯამებელი ღონისძიებისთვის 

ქობულეთში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარია გათვალისწინებული და შესაბამის მომსახურებაზე მერიამ ტენდერიც გამოაცხადა. ამავე ტენდერის ფარგლებში ქობულეთის მერია წლის შემაჯამებელი ღონისძიების ორგანიზებასაც შეისყიდის.

ქობულეთში საახალწლო დღეებში კულტურული ღონისძიებების ორგანიზების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 24 ნოემბერს დაიწყება და 27 ნოემბერს დასრულდება.

ღონისძიებების ჩატარების დრო კი 2023 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 2 იანვრის ჩათვლით პერიოდია. საახალწლო ღონისძიებები ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის 141-ის [მერიის შენობის] წინ მდებარე სკვერის მიმდებარედ გაიმართება.

ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს:

  • „8 დღის განმავლობაში ყავა, ჩაი, წყლით, წვენი და ერთჯერადი (ცეცხლგამძლე) ჭიქებით და დამხმარე პერსონალით უზრუნველყოფა – მერიასთან შეთანხმებით.
  • 26 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით – DJ არანაკლებ 3-საათიანი პროგრამით; უნდა ჰქონდეს ღია სივრცეში დაკვრის გამოცდილება, სივრცის და სიტუაციური ხედვა. შესაბამისი აპარატურით.
  • ღონისძიების ფარგლებში დაცვის ორი თანამშრომლის დაქირავება – საღამოს 9 საათიდან დილის 9 საათამდე, სცენისა და ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • 5 ადამიანისგან შემდგარი დამხმარე პერსონალის დაქირავება [20 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით].
  • 27 დეკემბერი ბენდი – მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბენდის მოწვევა. ბენდის მუსიკალური პროგრამა აერთიანებს Funk, Disco,Pop, Pop-Rock, R&B. შემადგენლობა-5 წევრი. დრამი, ბასი, გიტარა, კლავიში, ორი ვოკალი.
  • 31 დეკემბერი – ზღაპრის გმირები [კიდევ ერთ დღეს, პროექტზე ბავშვებისთვის] ანიმატორების, სახეზე მოხატვის, ზღაპრის გმირების და საპნის ბუშტების შოუ; ფოიერვერკი; ბენდის კონცერტი [ქართველი სოლისტი ქალის და ბენდის მოწვევა. ცოცხალი შესრულებით (YOUTUBE-ზე არანაკლებ 2 სიმღერა,რომელთაგან თითოეულს აქვს არანაკლებ 3000 ნახვა);
  • ბენდის კონცერტი – ბენდს უნდა ქონდეს სცენაზე 25-წლიანი გამოცდილება, უნდა შედგებოდეს არანაკლებ 4 წევრისგან, უნდა ჰქონდეს გამოცემული მინიმუმ 5 ალბომი. YOUTUBE-ზე ერთ-ერთი სიმღერის ნახვის რაოდენობა არანაკლებ 500 000.
  • საახალწლო ნობათის მიწოდება. თითოეული საახალწლო ნობათი უნდა იყოს მოთავსებული მუყაოს მაღალი ხარისხის ჩანთაში; ჩანთა უნდა იყოს ფერადი, ნაწარმი (არანაკლებ 50 გრამი), რძიანი შოკოლადის შიგთავსით და სათამაშოთი (კინდერ სიურპრიზის მაგვარი), ორცხობილა არანაკლებ 430 გრამი (იუველერნოეს მაგვარი), კანფეტები (ჯოხიანი, ჩუპა-ჩუპსის მაგვარი), რძიანი შოკოლადი (M&M-ის მაგვარი), ბისკვიტიანი ნამცხვარი (ბარნის მაგვარი), შოკოლადის ნაწარმი (სნიკერსის მაგვარი, ასევე ბაუნტის მაგვარი), შოკოლადი ბატონი ( ტვიქსის მაგვარი), შოკო კრემი, კანფეტები: კარამელი, ნუგა, ხილის ან შოკოლადის შიგთავსით.
  • საბავშვო ფურშეტის ორგანიზება. მენიუ უნდა შედგებოდეს შემდეგი დასახელების კერძებისგან: მინი ფენოვანი ხაჭაპური, ჰოთდოგი, მინი პიცა პეპერონი, მინი ბურგერი ქათმის ხორცით, ქათმის მწვადი ჩხირებზე, ქაფქეიქი, კოლა, პოპკორნი, ჩიფსი,ჟელიბონი და სხვადასხვა ტკბილეულისგან. მაგიდები სუფრებით, მოსამსახურე პერსონალით, ერთჯერადი ჭიქები და ერთჯერადი თეფშები. დეტალები შემსყიდველთან შეთანხმებით.“

2 იანვარი – „ადგილობრივი ქართული საესტრადო სიმღერების შემსრულებელი ბენდის მოწვევა, არანაკლებ 6 წევრისგან შემდგარი, ქართული და უცხოური სიმღერების შემსრულებელი [შესაძლებელია ბენდების და შემსრულებლების დღეების მონაცვლეობა შემსყიდველთან შეთანხმებით]“.

გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს მონაწილე ჯგუფების, წამყვანის, შემსრულებლების, დჯ, ზღაპრის გმირების ხელშეკრულებები.

გარდა ამისა, ტენდერში გამარჯვებულმა „თეთრი საღებავით უნდა შეღებოს არსებული ჯიხურები დამხმარე პერსონალის დახმარებით. უნდა უზრუნველყოს ფოტოგრაფის დაქირავება 3 დღის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად გადაიღოს მნიშვნელოვანი მოვლენები და დროულად შეძლოს დამუშავებული მასალის მოწოდება. ფოტოგრაფმა უნდა გადაიღოს და მოგვაწოდოს ღონისძიების მნიშვნელოვანი დეტალები ასახული ფოტოები + დრონით გადაღება, ვიდეოს მონტაჟი…“

უშუალოდ საახალწლო ღონისძიებების გარდა, ამავე ტენდერის ფარგლებში, ქობულეთის მერია გამარჯვებულს 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიების ორგანიზებასაც ავალებს:

კონკრეტულად:

  • „სიგელის დამზადება ჩარჩოთი, ორგმინის სასაჩუქრე ჯილდოს დამზადება მუნიციპალიტეტის ლოგოთი; თაიგულების, მისალოცი ბარათების დამზადება საახალწლო თემატიკით გაფორმებული.
  • ფურშეტის ორგანიზება სტუმრებისთვის.
  • წამყვანის (წამყვანი უნდა იყოს, ცნობილი ტელე სახე, რაც გულისხმობს, რომ გამოცდილება უნდა ჰქონდეს როგორც გალა კონცერტების წაყვანაზე, ასევე სატელევიზიო შოუ პროგრამებში) და მომღერლის (ქართული და უცხოური სიმღერების ინდივიდუალური შემსრულებელი) შერჩევა შემსყიდველთან შეთანხმებით.
  • ვიდეო პრეზენტაციის დამზადება – მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაციის ხმოვანი დიზაინის დამზადება და მუსიკალური გაფორმება. პრეზენტაციის ხანგრძლივობა არანაკლებ 5 წუთისა.
  • მომწოდებელმა უნდა დაამზადებინოს და მერიას მიაწოდოს მაღალი მაგიდა ხის (მრგვალი ზედაპირით, რკინის ფეხებზე ზომები 80 სმ/120სმ, შავი ფერის. აღნიშნული საქონელი დარჩება მუნიციპალიტეტს].
  • ასევე ხის და რკინის მასალისგან მაგიდის და სკამის დამზადება [ექვსკაციანი შავი ფერის დიზაინით. ზომები 60სმ/75სმ/140სმ აღნიშნული საქონელიც დარჩება შემსყიდველთან].

ქობულეთის მერია ცალკე ტენდერით საახალწლოდ ქალაქის გასაფორმებლად სხვადასხვა დეკორაციებსაც იყიდის.

ეს ტენდერი 201 ათას 600 ლარით იყო გამოცხადებული, სადაც შპს „ჯეო სტრიმი“ მერიას დეკორაციებს 144 ათას ლარად სთავაზობს.

„ჯეო სტრიმის“ შეთავაზება ქობულეთის მერიას / ფოტო ტენდერიდან

ქობულეთის მერიას „ჯეო სტრიმთან“ ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ აქვს. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

მერიის განმარტებით „მიწოდებული დეკორაციებით მოირთვება ქობულეთში დავით აღმაშენებლის ქუჩის ცენტრალური ნაწილი [სიგრძით მინიმუმ 500 მეტრი], ასევე მოედანი, სადაც განთავსებული იქნება ნაძვის ხე. სამონტაჟო სამუშაოებს მერია საკუთარი ძალებით შეასრულებს“.

ამ თემაზე:

ქობულეთის მერიის წინ მოედნის „პიაცად“ გადაკეთება სურთ – კონკურსი

Exit mobile version