დარეჯან ბასილაძე ემიგრაციაში 4 წლის წინ წავიდა საბერძნეთში, კუნძულ ჰალკიდიკიზე, პატარა სოფელ აგია პარასკევაში. დარეჯანი საბერძნეთში ემიგრირებული სხვა ქართველი ქალების მსგავსად მოხუცს უვლის.
სოფლის თავისებურებებს ვაკვირდები, ხალხის, წეს-ჩვეულებებს და ყველაფერს ჩემს ქვეყანას ვადარებო, ამბობს 60 წლის ემიგრანტი. ზუსტად არც ის იცის, როდის დაბრუნდება, მაგრამ იცის, რომ დაბრუნდება მაშინ, როცა საქართველოში „მდგომარეობა გამოსწორდება“. როცა ვკითხეთ რა ქმნის მისთვის საკუთარ ქვეყანაში გაუსაძლის პირობებს, ასე გვიპასუხა:
„საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა მძიმეა, ყველაფერი ძვირია და კიდევ უფრო ძვირდება. არ არის ჯანდაცვის სისტემა გამართული, თითქოს ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა არსებობს, რაღაცები მართლაც უფასოა და ხელმისაწვდომი, მაგრამ სამაგიეროდ რაც არ ფინანსდება, იმ მომსახურებას კატასტროფული ფასები აქვს.
გაჭირვებულ, არადემოკრატიულ ქვეყანაში დაბრუნება არავის სურს, სადაც კანონს ძალა არ აქვს, სახელმწიფოს ძლიერებას კანონის უზენაესობა განსაზღვრავს, ეს ალაგებს პირველ რიგში ქვეყანას. გვაქვს ჩვენ ასეთი სახელმწიფო?“ – ამბობს 60 წლის ემიგრანტი.
მეუღლე, 2 შვილი და 4 შვილიშვილი ჰყავს. საქართველოში დარეჯან ბასილაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოში ცხოვრობდა მეუღლესთან და მამამთილთან ერთად. 35 წელი მუშაობდა ამავე სოფლის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, თუმცა სამსახურიდან დაითხოვეს. დარეჯანის შვილები და შვილიშვილები ბათუმში ცხოვრობენ.
სოფელში დარეჯანი და მისი ოჯახი ძირითადად დარეჯანის ხელფასით და მანდარინის ბაღით ირჩენდა თავს:
„მანდარინის იმედად ვერ იქნები, თან როცა დიდი ბაღი არ გაქვს. 50 თეთრად ვაბარებდით ყოველ წელს, ხანაც მომხმარებლებს ნისიად მიჰქონდათ. სკოლაშიც ვასწავლიდი და მოსწავლეებსაც ვამეცადინებდი სახლში, ცუდად არ ვცხოვრობდით.
შრომით კარგი შემოსავალი მქონდა, მაგრამ სამსახური ჩემი სკოლის დირექტორმა დამაკარგვინა“, – ამბობს ემიგრანტი სოფელ ქვემო მახოდან.
დარეჯან ბასილაძე ამბობს, რომ 4 წლის წინ, ზაფხულში მან მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდა ჩააბარა, ზოგადი უნარები. შემდეგ კი იანვარში უნდა გასულიყო მომდევნო გამოცდაზე. ქალი ამბობს, რომ ამის საშუალება სკოლაში, სადაც 35 წელი მუშაობდა, არ მისცეს და საათები ჩამოართვეს, რის შემდეგაც, მისი თქმით, იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.
„ახლა ხელფასიც მოემატათ მასწავლებლებს, მეც ვიმუშავებდი ჩემს სკოლაში და ვიქნებოდი ჩემს სახლში. გული მტკივა, ძალიან კარგი მასწავლებელი ვიყავი, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი სკოლაში მაქვს გატარებული“, – ამბობს ემიგრანტი ქალი.
„ბათუმელები“ სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის დირექტორს, ქიშვარდი გორგოშაძეს დაუკავშირდა, რომელსაც ვკითხეთ, რა კომენტარს გააკეთებდა ემიგრანტი ქალის ბრალდებაზე.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ემიგრაციაში წასვლიდან მხოლოდ 2 წლის შემდეგ ამოიღო სკოლამ ბაზიდან მასწავლებელი, რაც ის სკოლაში არ გამოცხადდა.
„ბრძანება იყო დაწერილი, მაქვს მე ეს დოკუმენტი, რომ დარეჯან ბასილაძე ერთი წლით გავიდა შვებულებაში. ემიგრაციაში უნდოდა წასვლა, რომ ბედი ეცადა. ერთი წლის მერე აღარ დაბრუნდა. ჩვენ მას ველოდებოდით ორი წელი და არ დაბრუნდა. ცხადია, მერე ეს საათები გადავანაწილეთ სხვა მასწავლებლებზე“, – ამბობს სკოლის დირექტორი.
ემიგრანტის თქმით, დაბრუნებას არ გეგმავს მანამ, სანამ საკუთარ გეგმას არ შეასრულებს.
„სოფელი მახო ნელ-ნელა ტურისტულ ადგილად იქცევა. მინდა აქ პატარა სასტუმრო ავაშენო და სიბერე მქონდეს მშვიდი და კომფორტული, ჩვენც ხომ ვიმსახურებთ ისეთ სიბერეს, როგორსაც ევროპელები იწყობენ საკუთარი თავისთვის.
„უმიზნო ადამიანი უტარო ცულია“, ამიტომ მეც მიზანი დავისახე ემიგრაციაში წამოსვლისას, ამხელა გზაზე როცა მოდიხარ, რამეს უნდა გეგმავდე, თორემ შეიძლება ათმა, ოცმა წელმა უაზროდ ჩაიქროლოს“, – ამბობს დარეჯან ბასილაძე.
სოფელი აია პარასკევა ქართველ ემიგრანტს 4 წელია არ დაუტოვებია, ქალაქშიც კი არ გასულა. არ აქვს დასვენების დღეები და ამბობს, რომ ასე ცდილობს მოკლე დროში შეაგროვოს საქართველოში სასტუმროს ასაშენებლად თანხა.
„რაც უფრო მალე წავალ აქედან, მით უკეთესი, ღრმა სიბერემდე აქ ვერ დავრჩები. 25, 35 წლის ახალგაზრდა ქალები ჩამოდიან საბერძნეთში სამუშაოდ, ტოვებენ მცირეწლოვან შვილებს, ოჯახებს, სულ თვალცრემლიანები არიან. ხშირად აქ სამუშაოდ ისეთი ხალხი ჩამოდის, ვისაც ან ბანკის ვალი აქვს და საქართველოში ვერ იხდის, ან სახლი, ბინა არ აქვს. ბევრი ქართველი ქალისგან გაიგონებთ აქ: სად წავიდე საქართველოში, რომ დავბრუნდე ღამის გასათევიც არ მაქვსო“, – ამბობს ემიგრანტი.
დარეჯან ბასილაძე ამბობს, რომ საფრანგეთთან და იტალიასთან შედარებით საბერძნეთში ანაზღაურება დაბალია. 600, 700, 800 დოლარია აქ მაქსიმუმ ქართველი ემიგრანტების ხელფასი. ძირითადად მომვლელებად და დამლაგებლებად მუშაობენ.
ემიგრანტის თქმით, მის სოფელში მის გარდა კიდევ ერთი ქართველია, მხოლოდ მასთან აქვს წასასვლელი, როცა მოხუცს სძინავს.
„ზოგჯერ ეკლესიაში დავდივარ, დღესასწაულებზე მოედნებზე იკრიბება ხალხი დოლ-გარმონით და მუსიკით. ზეიმებზეც გავდივარ სოფელში. საქართველოში ფულის გასაგზავნადაც არ მჭირდება ქალაქში წასვლა, ჩემი ,,პატრონები“ მაგზავნინებენ.
ვართ ასე ორი ქართველი ამ ბერძნულ სოფელში და მივდი-მოვდივართ ერთმანეთთან ყავაზე, როცა გვცალია. აქ მანდარინის და ზეთისხილის ბაღებია, ხანდახან ვსეირნობთ“, – ამბობს ქართველი ემიგრანტი.