დღეს, 22 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე ნიკოლოზ აკოფოვის სარჩელი, რაც ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის და მიმოწერის უფლებით სარგებლობას ეხება.
დავის საგანი პატიმრობის კოდექსის ჩანაწერი იყო, რომლის მიხედვითაც, გამომძიებელს და პროკურორს უფლება აქვთ, პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემანი, მიმოწერა, ან სატელეფონო საუბარი შეეზღუდა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
მოსარჩელის მტკიცებით, ამ შემთხვევებზე პროკურორის უფლებამოსილება არ იყო შემოსაზღვრული ხელშესახები კრიტერიუმებით, „რაც წარმოშობდა გამომძიებლის/პროკურორის მხრიდან შეცდომის დაშვების ან დისკრეციული უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების რისკებს. შედეგად, ირღვეოდა ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება.“
მოპასუხე მხარის განმარტებით კი, „სადავო ნორმების საფუძველზე ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა ემსახურებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორიცაა მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გამოძიების ინტერესების დაცვა.“
სასამართლომ განმარტა, რომ პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისათვის, ხანმოკლე პაემანი, მიმოწერა და სატელეფონო საუბარი, პირადი და ოჯახური ცხოვრების შენარჩუნებისა და განვითარების თვალსაზრისით, წარმოადგენს კომუნიკაციის უმნიშვნელოვანეს მექანიზმებს. შესაბამისად, ამ უფლებების შეზღუდვის მომწესრიგებელი კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს მკაფიო კრიტერიუმებს, გამოირჩეოდეს საკმარისი სიცხადით და იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ არ აჩენდეს გადაწყვეტილების მიმღები პირის/ორგანოს მხრიდან ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის რისკებს.
„მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ არც სადავო ნორმები და არც პატიმრობის კოდექსის სხვა დებულებები, ისევე როგორც მომიჯნავე კანონმდებლობა, არ ითვალისწინებდა გამომძიებლის/პროკურორის დისკრეციის შემზღუდველ რაიმე მექანიზმს ანდა სახელმძღვანელო კრიტერიუმებს ამ უკანასკნელის მიერ პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული მოწესრიგება ვერ აზღვევდა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს და წარმოქმნიდა ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების მომეტებული შეზღუდვის რეალურ საფრთხეს, კერძოდ, უშვებდა მისთვის ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვას მაშინაც კი, როდესაც შეზღუდვით მიღწევადი მიზნები და პრევენცირებადი საფრთხეები ვერ გადაწონიდა ბრალდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების განვითარების, საზოგადოებისაგან მისი სრული იზოლაციის/გარიყვის აკრძალვის ინტერესს,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს, 22 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.