სპორტი

ქობულეთის ”შუქურას” ვალები

21.11.2015 • 1928
ქობულეთის ”შუქურას” ვალები

ქობულეთის ”შუქურა” ვარჯიშისას | ფოტო: ”ბათუმელების” არქივიდან

შუქურასბიუჯეტი

ქობულეთის საფეხბურთო „შუქურასგან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, კლუბის ბიუჯეტი მიმდინარე სეზონში 1,733,010 ლარს შეადგენს, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტისგან იღებს. თანხა ნაწილდება შრომის ანაზღაურებაზე, მივლინებებზე, საოფისე და სამედიცინო და სხვა ხარჯებზე. ხელფასებზე გათვალისწინებულია 1 440 850 ლარი. „შუქურას“ დირექტორი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, რევაზ ჩელებაძე ამბობს, რომ ეს თანხა არ ჰყოფნის კლუბს და წლიდან წლამდე 2,300,000 ლარი მაინც სჭირდებათ.

ვალები

2015 წლის თებერვალში „შუქარამ“ ბრაზილიურ საფებურთო კლუბ „კურიტიბასთან“ გააფორმა ხელშეკრულება და სამი ფეხბურთელი სამი თვით ქობულეთში ჩამოიყვანა. ესენი იყვნენ: პაულო ვიტორ ნუნიესი, ლუის დორნელესი და ფელიპე ბეზერა. „შუქურამ“ მათ მხოლოდ პრემიები ჩაურიცხა, ხელფასები კი დღემდე არ გაუცია.

„ჩვენ ვაღიარეთ ვალი. ხელშეკრულების დროს მოვილაპარაკეთ, რომ თითო ფეხბურთელს ექნებოდა 2000 დოლარის ექვივალენტი ლარში ხელფასი, 6000 დოლარი ერთ კაცზე სამ თვეში, ეს გამოდის – 18000 დოლარი. და კიდევ მწვრთნელის ხელფასი 1000 დოლარი. სულ 21 000 დოლარს გვედავებიან. ამ ფეხბურთელებმა ჩვენ გადაგვარჩინეს არა მარტო უმაღლესი ლიგიდან გავარდნას, არამედ სეზონის ბოლოს, მეშვიდე ადგილზე გავიდა გუნდი“, – უთხრა „ბათუმელებს“ რევაზ ჩელებაძემ და დაამატა, რომ ამ დავალიანების დაფარვას სახელმწიფოსგან არ ითხოვს. „რადგან ჩემი კაპრიზი იყო ამ ფეხბურთელებით გუნდის გაძლიერება, სახელმწიფოს არ შევეხები და ჩემით თუ ჩემი მეგობრების დახმარებით ვისესხებ, ვივალებ და ამ თანხას 30 დეკემბრამდე დავფარავ“, – ამბობს რევაზ ჩელებაძე.

სწორედ უცხოელი ფეხბურთელების გამო აქვს „შუქურას“ სხვა ვალიც – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან: რადგან „შუქურაში“ სამზე მეტი (სულ ექვსი) უცხოელი თამაშობდა, კლუბს 45 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა. „შუქურას“ ფედერაციისთვის ასევე გადასახდელი აქვს უმაღლესი ლიგის საწევრო თანხა – 60 000 ლარი.

„შუქურას“ საშეკრებო ვალიც – 31 000 დოლარი მოსდევს თურქეთის მიმართ: გუნდი 2015 წლის ზაფხულში ორკვირიან შეკრებაზე იმყოფებოდა ერზრუმში. კლუბის ხარჯები მასპინძელ მხარეს დაუფარავს. ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე „შუქურას“ ფეხბურთელებს ხელფასი არ მიუღიათ. ინტერნეტმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის გამო ფეხბურთელებმა თამაშის გაყიდვა გადაწყვიტეს. რევაზ ჩელებაძე ამბობს, რომ მან ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე გაიგო და ფეხბურთელებს დაელაპარაკა. ამის შემდეგ მათ ხელფასები ჩაერიცხათ. ფეხბურთელებზე საერთო ჯამში გაიცა ხუთი თვის დავალიანება – 443 408 ლარი, ხოლო პრემია – 30 700 ლარი.

რატომ დაედო ვალებიშუქურას

1,733,010 ლარი „შუქურას“ მუნიციპალიტეტისგან სამ ნაწილად გადაეცა. კლუბში განმარტავენ, რომ დაფინანსების ასეთი სისტემა ხელს უშლის ხარჯების დაგეგმვას. „გვინდა ისე მოხდეს, რომ კლუბს დაფინანსება არა ნაწილ-ნაწილ, არამედ იანვრიდან იანვრამდე ეძლეოდეს. ბათუმის „დინამო“ ჩვენთან შედარებით ღმერთივითაა: მას ბიუჯეტი ყოველთვის ერთწლიანი აქვს, იმიტომ, რომ დიდი პატრონი ჰყავს მერიის სახით. ჩვენი მუნიციპალიტეტი თავისი გაჭირვებიდან გამომდინარე მაქსიმუმს აკეთებს“.

გასულ სეზონში „შუქურას“ 28 ფეხბურთელი ჰყავდა. ივნისიდან კლუბის ხელმძღვანელობამ შემადგენლობა განაახლა. კლუბში დარჩა 12 ფეხბურთელი, 16 წავიდა, შესაბამისად, კლუბმა 17 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. „შუქურაში“ ამჟამად 29 ფეხბურთელი ირიცხება. იანვრიდან მაისამდე გაცემულ ხელფასებთან შედარებით, დარჩენილ 12 ფეხბურთელს ივნისიდან ხელფასი შეუმცირდა. ვალების თაობაზე კლუბში კიდევ ერთ მიზეზს ასახელებენ – თანხა იხარჯება „ჩელე-არენას“ კომპლექსის მოვლა-შენახვაზეც. ბათუმის „დინამოს“ საკუთარი არც ბაზა და არც სტადიონი აქვს, ამიტომ „დინამოს“ ძირითადი გუნდი, დუბლშემადგნელობა და ბავშვთა გუნდები სწორედ „ჩელე-არენაზე“ ატარებენ ვარჯიშებსა და თამაშებს. „ბათუმის „დინამოს“ რა ხარჯიც არა აქვს, ის ხარჯი გვაქვს ჩვენ. ამ მინდორს მოვლა უნდა, განათება, წყალი, გაზი, – ყველაფერი ჩვენს კისერზეა. თანაც ჩვენ, მათთან შედარებით, ბევრად ნაკლები გვაქვს ბიუჯეტი“, – ამბობენ „შუქურაში“.

ხელფასები

ფეხბურთელებს გაუცემელი ხელფასები და პრემიები ოქტომბერში დაერიცხათ. მათ შორის ყველაზე მაღალი ხელფასი თორნიკე თარხნიშვილს აქვს. ის ივნისში მოიყვანეს გუნდში. ოქტომბერში მას ხუთი თვის ხელფასი, საერთო ჯამში 27,000 ლარი ჩაერიცხა (თითოეულ თვეში 5 400 ლარი). რატომ ყველაზე მაღალი ხელფასი? – იმიტომ, რომ მეომარია, მოედანზე გადაკეტილი აქვს ბიჭს ყველაფერი, სულსა და გულს დებს“, – განმარტავს კლუბის დირექტორი.  ყველაზე მაღალი პრემია – 2000-2000 ლარი დარიცხულია ოთხ ფეხბურთელზე: გიორგი ჩელებაძეზე, ლაშა ჩალაძეზე, აზამატ ჯიოევსა და თენგიზ წიქარიძეზე. ჩელებაძეს, ჯიოევსა და ჩალაძეს ორჯერ მეტი პრემია აქვთ მიღებული იანვარ-მაისში, თენგიზ წიქარიძე კი ახალი ფეხბურთელია და „შუქურაში“ პრემია პირველად მიიღო. გიორგი ჩელებაძე კლუბის დირექტორის შვილია. მისი ხელფასი 4500 ლარია, ამდენივე ხელფასი კიდევ რვა ფეხბურთელს აქვს. „ჩემს შვილზე ლაპარაკობენ ხშირად, რომ მაღალი აქვს ხელფასი. გიორგი ჩელებაძეს მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი და ოქტომბრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ღირსეულია და იმიტომ აქვს კაი ხელფასი“, – უთხრა „ბათუმელებს“ რევაზ ჩელებაძემ და დასძინა: „სულითა და გულით მინდა ხალხის გამო გიორგი მოვაცილო ქობულეთს“.

როგორც კლუბში გვითხრეს, პრემიებს მწვრთნელი გასცემს შედეგის მიხედვით – სახლში მოგებაზე კლუბს 10 000 ლარი, ხოლო გასვლით თამაშზე 20 000 ლარი ერიცხება, რომელიც შემდეგ იმ ფეხბურთელებზე ნაწილდება, ვინც შედეგზე გავლენა მოახდინა. გარდა ფეხბურთელებისა, პრემიები გაიცა კიდევ 10 მომსახურე პირზე – მაქსიმუმი1500 ლარი, მინიმუმი – 400 ლარი. რაც შეეხება კლუბის ხელმძღვანელს, მისი ხელფასი ამჟამად 750 ლარია (550 ლარი ერიცხებოდა იანვრიდან მაისის ჩათვლით), პრემია კი წელს არ მიუღია.

რუსი ოლიგარქი და დაფინანსების სხვა წყაროები

გარდა იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელს სურს „შუქურას“ დაფინანსება ორმილიონზე მეტი ლარი გახდეს, რევაზ ჩელებაძის გეგმებში შედის ევროასპარეზობაზე გასვლა. ამ შემთხვევაში ჩელებაძეს იმედი აქვს, რომ კლუბი კიდევ ერთ დაფინანსების წყაროს მოიპოვებს რუსი მილიარდერის, ანდრეი რაპაპორტისგან. „ორჯერ დამეხმარა რაპაპორტი: ერთხელ პირადად ჩემს ანგარიშზე 100 000 ევრო გადმორიცხა, მეორე წელს – 100 000 დოლარი და მითხრა, თუ ევროპის თასზე გავიყვანდი გუნდს, მხარს დამიჭერდა და ჩემთან დიდხნიან კონტრაქტს გააფორმებდა, მაგრამ შარშან ეს ვერ შევძელით, წელს კი გვითხრა, რომ ჩვენი თავისთვის თავად მიგვეხედა. თუმცა კიდევ არის შანსი რაპაპორტი მოგვიბრუნდეს, თუ წელს გავედით ევროპაზე“, – ამბობს რევაზ ჩელებაძე. თუ რა ურთიერთობა აქვს მას რუს მილიარდერთან, რევაზ ჩელებაძე ამაზე არ საუბრობს.

გარდა ამისა, რევაზ ჩელებაძე საფეხბურთო აგენტია, მისი ტრანსფერია სოლომონ ვირკველია, რომელიც ამჟამად ყაზანის „რუბინში“ თამაშობს. როგორც რევაზ ჩელებაძე გვეუბნება, სოლომონ კვირკველიას ხელფასისგან, რომელიც 60 000 ევროა, 10 პროცენტი მას ერიცხება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: