გერმანიის დაწყებით სკოლაში მოსწავლეებს სავარაუდოდ დანით დაესხნენ თავს

გერმანიის ქალაქ დუისბურგის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში ორ მოსწავლეს სავარაუდოდ დანით დაესხნენ თავს. ამის შესახებ სხვადასხვა მედია ერთხმად იუწყება.

პოლიციის თანახმად, უკვე დააკავეს 21 წლის ეჭვმიტანილი.

ქალაქის პოლიციამ მომხდარის შესახებ იქსზე [ყოფილი ტვიტერი] მოკლე ტექსტი გამოაქვეყნა. პოლიციის თანახმად, დაკავებული ბავშვებზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. პოლიციას დანაშაულის იარაღზე კომენტარი არ გაუკეთებია.

დაშავებული ბავშვები ამ დროისთვის საავადმყოფოებში იმყოფებიან ექიმების ზედამხედველობის ქვეშ.

პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით, ბრალდებული მარტო მოქმედებდა.

__

მთავარი ფოტო: შპიგელი

ვინ ითხოვს ახალი ცათამბჯენების მშენებლობას ბათუმში – მერია და საკრებულო თანახმაა

ბათუმის სამედიცინო ცენტრის [BMC] გვერდით – კახაბრის ქუჩაზე, ახალ ბულვართან – ლორთქიფანიძის ქუჩაზე და სპორტის სასახლის უკან – გაგარინის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაა დაგეგმილი.

40, 27 და 23-სართულიანი სახლების მშენებლობაზე ქალაქის მერია თანახმაა. თანახმაა საკრებულოც, რომელმაც საპროექტო ტერიტორიებისთვის კ2 კოეფიციენტების გაზრდას დაუჭირა მხარი.

წესით, კ2 კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ მშენებლებმა ბათუმის მერიას ბინები უნდა გადასცენ.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პროექტები რომ განახორციელონ ამისთვის მშენებლებს ქალაქის მერიიდან სამუშაოების დაწყების ნებართვის მიღება დარჩათ.

40-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის ქალაქის მერიას შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრმა“ მიმართა. შენობა ამავე კომპანიის საკუთრებაში არსებული კლინიკა BMC-ს გვერდით უნდა ააშენონ.

40-სართულიანი შენობა BMC-ს გვერდით / ესკიზი განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] კონცეფციიდან
„ბათუმის სამედიცინო ცენტრმა“ გეგმარებით ერთეულში მოქცეული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარებისათვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის სიდიდის გაზრდა დადგენილი 1,8-დან 13,0-მდე მოითხოვა. გდგ-ს კონცეფცია გაზრდილი კოეფიციენტით ბათუმის საკრებულომ 2024 წლის 23 თებერვალს დაამტკიცა.

კონცეფციის მიხედვით, „საპროექტო შენობის სრული მოწყობა და ექსპლუატაციაში გაშვება 2029 წლის 31 დეკემბრამდეა დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოების წარმოება მოხდება კონტრაქტორი კომპანიის მიერ, რომელიც ვალდებული იქნება დაიცვას გარემოსდაცვითი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და სტანდარტები“.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „საცხოვრებელი დანიშნულების მრავალსართულიან შენობაში განთავსდება საზოგადოებრივი დანიშნულების ფართობი, ასევე ავტოსადგომები მიწისზედა და მიწისქვეშა (2 დონეზე) სართულებში. დაგეგმილია ღია ავტოსადგომების, სათანადო ინფრასტრუქტურის, შიდა გზების, დასასვენებელი ადგილებისა და გამწვანების მოწყობა.“

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, განაშენიანების მაქსიმალური სართულიანობა იქნება 40 სართული (მიწისზედა), განაშენიანების სიმაღლის მაქსიმალური მაჩვენებელი კი, 133 მეტრი.

„ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქუჩა N36-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აღნიშნული ტერიტორია გახადოს უფრო პრესტიჟული, გაზარდოს საბინაო ფონდი, შეიქმნას უკეთესი საინვესტიციო გარემო და გაჩნდეს მეტი სამუშაო ადგილი. ამ ყველაფრით გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა“, – აღნიშნულია კონცეფციაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მოსახლეობაც გამოიკითხა:

  • „რესპონდენტთა ის ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება ახალი საცხოვრებლის მშენებლობას თვლიან, რომ: მიმდებარე ტერიტორიაზე გაუარესდება საცხოვრებელი პირობები; მაღალი საცხოვრებელი სახლები არ უხდება ქალაქ ბათუმს.“
  • „უნდა აღინიშნოს, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მოწინააღმდეგე რესპონდენტის ძირითადი განწყობა პასუხებიდან გამომდინარე უფრო ზოგადი ხასიათის იყო და ძირითადად აფიქსირებდა პოზიციას, რომ ბათუმი ძალიან გადატვირთულია კორპუსებით, რაც ქალაქისთვის უსარგებლოა და ბევრ დამაბრკოლებელ გარემოებებს ქმნის განვითარების კუთხით, ასევე ზოგადად არაა მიზანშეწონილი მაღლივი შენობების აშენება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რესპონდენტები, რომლებიც უარყოფითად აფასებენ მომავალ მშენებლობას საერთო გამოკითხულთა 6.81%-ს შეადგენს.“

ვინაიდან საკრებულომ განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის 13,0-მდე გაზრდას მხარი დაუჭირა, შესაბამის განკარგულებაში ჩაიწერა, რომ „გადამეტებისათვის განმცხადებელი იღებს ვალდებულებას გადამეტებული კოეფიციენტის 10 პროცენტის მერიისთვის გადაცემის შესახებ.“

გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე კი, განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] კონცეფციის დამტკიცება ქალაქის მერიისგან მოქალაქე მურად შავლიძემ მოითხოვა. დოკუმენტების მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე [ გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა N3 და N5-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ახალ ბულვართან და მდინარე მეჯინისწყალთან ახლოს მდებარეობს] 21 და 27 სართულიანი კორპუსების მშენებლობაა დაგეგმილი.

მრავალსართულიანი კორპუსები გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე ბათუმში – რენდერი გდგ-დან

ამ შემთხვევაში ინტენსივობის კ2 კოეფიციენტი 2,5-დან 9,0-მდე გაიზარდა. განმცხადებელმა კი აიღო ვალდებულება „გადამეტებული განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 10% გადასცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას“.

დოკუმენტების მიხედვით, ახალი კორპუსები მშენებლობის დაწყებიდან 3 წელში დასრულდება. ერთი შენობა 21 სართულიანი იქნება [სიმაღლე 66,7 მეტრი], ხოლო მეორე 23-სართულიანი [სიმაღლე 73,2 მეტრი].

25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი გაგარინის ქუჩაზეც [ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სპორტის სასახლის უკან]. გდგ-ს დასამტკიცებლად კი მერიას განცხადებით ამირან თებიძემ მიმართა.

გაგარინის ქუჩის შემთხვევაში საკრებულომ კ2 კოეფიციენტი 1,8-დან 9,0-მდე გაზარდა. ამირან თებიძემ კი, აიღო ვალდებულება, რომ „კ2 კოეფიციენტის გადამეტების საკომპენსაციოდ გადამეტებული განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 10% გადასცეს ქალაქ ბათუმის მერიას.“

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ საპროექტო შენობები სავარაუდოდ 25 სართულიანი იქნება, რომელთა სიმაღლე 87 მეტრია. აქედან მიწისქვეშ განთავსდება 1 სართული.

დოკუმენტის მიხედვით, ახალი კორპუსის ასაშენებლად საპროექტო ტერიტორიაზე 4 ორსართულიან ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს დაანგრევენ.

„ამ სახლების „დემონტაჟს შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობების განთავსება არ გამოიწვევს დისონანსის შეტანას და ურბანული ქსოვილის რღვევას, რადგან მიმდებარე საკადასტრო ერთეულებზე იგეგმება მრავალსართულიანი შენობები, განვითარების შედეგად გათვალისწინებული იქნება ქალაქგეგმარებითი მოთხოვნები, გამწვანების ადგილ(ებ)ი, ავტოსადგომები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა“, – წერია გდგ-ს დოკუმენტში.

ამირან თებიძე შპს „ა.თ. დეველოპმენტის“ დამფუძნებელი და დირექტორიცაა. კომპანია 2022 წლის სექტემბერში, ბათუმშია რეგისტრირებული.

დაგეგმილი ახალი საცხოვრებელი კორპუსების მდებარეობები ბათუმში:

წითელი წერტილებით მონიშნულია ის ადგილები სადაც საცხოვრებელი კორპუსების აშენებაა დაგეგმილი

ყვითელი კბილები – მიზეზები, პრევენცია და მკურნალობის გზები

კბილების ფერის შეცვლა და კბილებზე ლაქები ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ დროს კბილები შეიძლება ჩანდეს უფრო მოყვითალო, ნაკლებად ნათელი, ანაც შეიძლება კბილებზე თეთრი ან მუქი ფერის ლაქები გაჩნდეს. კბილების დისკოლორაციის ზოგიერთი მიზეზი გარდაუვალია – მაგალითად დაბერება, ტრავმა ან გენეტიკა; ისეთი გარე ფაქტორები კი – როგორიცაა მწეველობა, მუქი ფერის საკვები და პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, პრევენციას ექვემდებარება.

კბილების ფერის ცვლის მიზეზებზე, პრევენციასა და მკურნალობის უსაფრთხო გზებზე, კლინიკა „დენტალ არტის“ ექიმი-სტომატოლოგი, თერაპევტი სოფიკო რომანაძე საუბრობს.

  • ქალბატონო სოფიკო, რა შეიძლება გახდეს კბილების ფერის ცვლის მიზეზი?

ამის მრავალი მიზეზი არსებობს, როგორც ეგზოგენური, ისე ენდოგენური, ანუ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გარემო ფაქტორებით ან შეიძლება იყოს შინაგანი ფაქტორები, გენეტიკური. 

ეგზოგენურ ფაქტორები განვიხილოთ, მაგალითად კბილების ფერის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს პიგმენტის შემცველი საკვების ხშირად მოხმარებამ, მაგალითად, კოკა-კოლამ, წითელმა ღვინომ, მუქი ფერის ჩაიმ, ყავამ და ა.შ; როცა პიგმენტით არის შეღებილი, მთლიანად, ტოტალურად იცვლება ხოლმე ყველა კბილის ფერი;

ასევე კბილებს ფერს უცვლის თამბაქოში შემავალი ნიკოტინი, მისგან გამოწვეული ნადები ეწებება კბილებს. ნადებისგან გაწმენდა პროფესიული წმენდითად არის შესაძლებელი, მაგრამ თუ კი ფერი აქვს შეცვლილი მინანქარს, საჭირო ხდება ქიმიური გათეთრება.

კბილების ფერის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს კბილის ქსოვილებში ასაკობრივმა ცვლილებებმაც; 

ერთი კბილის ფერი იცვლება მაშინ, როდესაც კბილი ენდოდენტიურად არის ნამკურნალევი. კარიესის ერთ-ერთი გართულებაა პულპიტი, ანუ პულპის, იგივე ნერვის ანთება. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს პულპის/ნერვის ამოღება და არხის დაპლომბვა. ხშირ შემთხვევაში ამის შემდეგ კბილი იცვლის ფერს.

ტრავმამაც შეიძლება გამოიწვიოს ერთეული კბილების ფერის შეცვლა, მაგალითად როცა კბილი ტრავმირდება, პულპა იცვლება, ეს პროცესები ჩუმად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და უკვე შემდეგ დაზიანებული პულპა იწვევს დისკოლორს, ანუ ფერის შეცვლას. 

Cleveland Clinic: კბილების ფერის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს, ზოგიერთმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ, მათ შორის არის ღვიძლის დაავადება, ცელიაკია, კალციუმის დეფიციტი, კვების დარღვევები და მეტაბოლური დაავადებები.

ენდოგენური მიზეზებია ისეთი თანდაყოლილი მდგომარეობები, როგორიცაა მაგალითად ტეტრაციკლინის კბილები და მინანქრის ჰიპოპლაზია [მინანქრის განვითარების დარღვევა ჩანასახის სტადიაზე]. ამ დროს დაზიანება ხდება ორსულობის დროს, ჩანასახის ეტაპზე. 

ასევე კბილების თანდაყოლილი დისკოლორაციის მიზეზი შეიძლება გახდეს ტოქსიკოზით მიმდინარე ორსულობა – ამ დროს გვაქვს მინანქრის დეფიციტი, ანუ კბილები არ არის ისეთი მინერალიზებული, როგორიც უნდა იყოს. 

Cleveland Clinic: ასაკის მატებასთან ერთად კბილის მინანქარი უფრო თხელი ხდება. ეს ავლენს უფრო მეტ დენტინს (მინანქრის ქვეშ არსებული ფენას), რომელსაც აქვს მოყვითალო ელფერი. ამიტომ, ასაკის მატებასთან ერთად თქვენი კბილები შეიძლება ოდნავ უფრო შეფერილი გამოჩნდეს.

  • რა მეთოდები არსებობს კბილის გათეთრების?

არსებობს კბილების ქიმიური გათეთრება, რომელიც რამდენიმე ტონით ცვლის [აღიავებს] კბილების ფერს. ქიმიური გათეთრება შეიძლება გაკეთდეს როგორც სტომატოლოგთან ისე სახლში, კაპების გამოყენებით – ამ დროს სპეციალური ჟელე თავსდება კაპაში, რომელსაც ვიკეთებთ დღეში 3-4 საათით, ერთი კვირის განმავლობაში – სასურველი ფერის მიღებამდე.

არის ხოლმე როცა ამ პროცესში კბილებზე მატულობს მგრძნობელობა, რა დროსაც ვაჩერებთ გარკვეული ხნით პროცესს და შემდეგ ისევ შეგვეძლება გავაგრძელოთ. მგრძნობელობის მომატება უკავშირდება მათეთრებელ ჟელეში შემავალ პრეპარატებს. 

ქიმიური გათეთრება, რომელიც სტომატოლოგთან ტარდება, ორ საათიანი პროცესია და ერთ დღეში, ერთ ვიზიტზე მთავრდება. ამ პროცედურას პიგმენტი გამოაქვს მინანქრიდან, გამოიყენება წყალბადის ზეჟანგის მაღალი პროცენტობა. 

 ქიმიური გათეთრება მინანქრის დაზიანებას არ იწვევს, თუ უკვე არ არის მინანქარი დაზიანებული, ამიტომ აუცილებლად ექიმმა უნდა შეაფასოს შეიძლება თუ არა ამ პროცედურის ჩატარება; თუ კბილებზე არსებობს სოლისებრი დეფექტები, არა კარიესული დაავადებები, მაშინ ქიმიური გათეთრებისას პაციენტს მგრძნობელობა უფრო ემატება. თუ აღინიშნება მინანქრის დეფიციტი და დემინერალიზებული უბნები, რაც უკუჩვენებად ითვლება, ქიმიური გათეთრება არ კეთდება.

იმ შემთხვევაში, თუ კბილების დაზიანება ენდოგენური მიზეზებითაა გამოწვეული, ან არსებობს ქიმიური გათეთრების უკუჩვენებები, ხდება ორთოპედიული მკურნალობა [ე.წ. გადაკვრა კბილებზე], ანუ კბილების ვინირება, რესტავრირება და ამით გამოსწორდება დეკოლორაციის. 

გათეთრების პროცესში, როგორც სახლში, ისე ექიმთან, აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა. კერძოდ, პაციენტმა იმ ერთ კვირის განმავლობაში, როცა ითეთრებს კბილებს, არ უნდა მიიღოს მუქი ფერის საკვები; უნდა მიირთვას ისეთი საკვები და სასმელი, რომელიც არ შეიცავს საღებავებს.

დროთა განმავლობაში პაციენტები კვლავ იტარებენ ქიმიურ გათეთრებას, თუმცა ეს შესაძლებელია წელიწადში ერთხელ, თუკი მინანქარი კარგ მდგომარეობაში აქვს პაციენტს. იმისთვის, რომ თავიდანვე ავირიდოთ კბილების ფერის შეცვლა ან/და დიდ ხანს გაგვიძლოს გათეთრების ეფექტმა, აუცილებელია დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა. ჰიგიენის არასათანადო დაცვა, კბილების ყველა დაავადების განვითარების ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. 

  • რას მოიცავს პირის ღრუს სწორი ჰიგიენა?

სწორი ჰიგიენა მოიცავს ყოველდღიურად, დღეში ორჯერ კბილების გაწმენდას ჯაგრისით, შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მექანიკური, ისე ელექტროჯაგრისით; ელექტროჯაგრისებს რა შეეხება, აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ისეთი, რომლის ჯაგრულაც წრიულად მოძრაობს თავაკზე, რათა კარგად გამოგავოს კბილთაშუა სივრცეები და კბილის ზედაპირები. 

არსებობს პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის დამატებითი საშუალებები, ეს არის კბილთაშუა სივრცეების საწმენდი პატარა ჯაგრისები, კბილის ფლოსები, ანუ კბილის ძაფები. კბილებშუა სივრცეები აუცილებლად კარგად უნდა იქნას გაწმენდილი, რადგანაც იქ დაგროვილი ბაქტერიები შემდგომში იწვევენ კარიესულ დაავადებებს

გამოვიყენოთ კბილის პასები, რომლის შემადგენლობაშიც შედის ფტორი;

შეგვიძლია მათეთრებელი კბილის პასტის გამოყენებაც, ოღონდ პერიოდულად, მისი სისტემატური გამოყენება არ არის რეკომენდებული. მართალია, ბაზარზე, რაც [მათეთრებელი კბილის პასტა] შემოდის, ყველა კარგად არის დამუშავებული (გააჩნია მომწოდებელსაც), მაგრამ მაინც, მათში შემავალი მათეთრებელი საშუალებები/გრანულები ცოტათი მაინც იწვევენ კბილის მინანქრის დაკაწვრას, ამიტომ მათი სისტემატური გამოყენება, სხვა დანარჩენი კბილის პასტებისგან განსხვავებით, არ არის რეკომენდებული.

მოვიპარე ერთხელ, ორჯერ… ვიპარავდი ტანსაცმელს, სხვა გამოსავალი არ მქონდა – 14 წლის გოგოს ისტორია

უნდა, რომ მისი ოთახის კედლები მწვანე ფერის იყოს. ისიც ზუსტად იცის, რომელ კუთხეში რომელ ნივთს დადგამს. საკუთარ ოთახზე ბევრი აქვს ნაფიქრი, თუმცა არასდროს ჰქონია. 14 წლისაა და ამდენივე წელია, რაც ქირით ცხოვრობს ბათუმში. თუ გაუმართლებდა, ნაქირავები ბინის მომცრო მისაღებ ოთახში ეძინა ბებიასთან ერთად. ახლაც ასეა. მისაღებში სძინავს და მწვანეკედლებიან ოთახსა და მომღერლობაზე ოცნებობს.

კიდევ ბევრი ოცნება აქვს ლიზას, თუმცა ცდილობს ხშირად არ ისაუბროს ამაზე. სჯერა, რომ თუ ყველას გაანდობს თავის ოცნებებს, ისინი აღარ აუსრულდება.

ზამთარია. ცივა. კიდეებზე დაფხრეწილ, შავ ბოტასებში წინდები არ აცვია. მისი ლურჯი ჯინსი ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყისგან ნაცრისფერს ჰგავს. შორიდანვე მიხვდებით, რომ კარგად გაცვეთილი და ხმარებისგან შესამჩნევად დათხელებულია შარვლის ქსოვილი. ზემოდან რძისფერი ტყავის ქურთუკი აცვია, რომელიც რომელიღაც კერძო სკოლის მოსწავლის ნაჩუქარია. ქურთუკის ქვემოთ მხოლოდ ტოპი აცვია და ამიტომ, ქურთუკს არასდროს იხდის, მაშინაც თუ ცხელა, რადგან არ მოსწონს ტოპის ამარა სიარული.

მშვიდად სასაუბროდ თბილ ოთახში შევდივართ. რძისფერ ქურთუკს მაშინვე იხდის.

ლიზას მიზანია მალე გაიზარდოს, რადგან „ბავშვობა არ შეერგო“. ცხოვრებაზე გამარჯვება აქვს ჩაფიქრებული. დარწმუნებულია, რომ როცა გაიზრდება, შეძლებს იყიდოს გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ბინა მწვანეკედლებიანი ოთახით… ლიზა აპირებს იმუშაოს, „ბევრი იმუშაოს“, რათა საბოლოოდ შეცვალოს მისი და მისი ოჯახის წევრების ცხოვრება, რომლებიც, რაც თავი ახსოვს, საკვებისთვის იბრძვიან. ყველაფერი, რასაც ლიზას ოჯახი სოციალური დახმარების სახით იღებს, ბინის ქირასა და კომუნალურებს ხმარდება.

ცისფერი თვალები და შავი თმა აქვს, ქერად შეღებილი ბოლოებით. ოდნავ თავდახრილია და ერთმანეთში გადაჯვარედინებულ, მაგიდაზე დალაგებულ თავისსავე ხელებს უყურებს.

„მთელი ჩემი ბავშვობა ქუჩაში მათხოვრობასა და ყვავილების გაყიდვაში გავატარე.

როცა გავიზრდები, ყველას ცხოვრებას შევცვლი, დედაჩემის ცხოვრებას. ქალის, რომელიც ბედნიერი არასდროს ყოფილა. მთელი ცხოვრება დატანჯულია ჩვენ გამო. უსინათლო მამაჩემის ცხოვრებას შევცვლი. ჩემი ძმების, ჩემი დის ცხოვრებას შევცვლი, რადგან როცა მათ უხარიათ, მეც მაშინ მიხარია“.

ლიზა ხელებს მაგიდიდან კალთაში აცურებს და თავს კიდევ უფრო ხრის. სიჩუმეა. რამდენიმე წუთში ხელებს ისევ მაგიდაზე ალაგებს და გაბრაზებით განაგრძობს:

„არ მინდა, მაგრამ მომიწევს ემიგრანტი გავხდე, იმიტომ, რომ აქ რა უნდა იმუშაო? რაზე უნდა იმუშაო, როცა დილიდან საღამომდე ჭურჭლის რეცხვაში 30 ლარს გიხდიან? 30 ლარი მარტო საჭმლისთვის გინდა და ვერც ვერაფერს იყიდი. გეტყვი, რასაც იყიდი – ორი კილოგრამი კარტოფილი, კარაქი, პური, ლიმონათი. წავიდა 30 ლარი და მაინც არ გვყოფნის – მამა, დედა, ბებია-ბაბუა, მე და ჩემი და-ძმა ვცხოვრობთ ერთად. ჭამა ყველას უნდა, კუჭი ყველას აქვს!“.

ლიზა ქუჩაში მოწყალებას დიდი ხანია აღარ ითხოვს. 10-11 წლის იყო, როცა ამას, როგორც თვითონ ამბობს, საკუთარი სურვილით აკეთებდა, ოჯახს რომ დახმარებოდა.

„დედაჩემი რომ მოწყალებას ითხოვდა, მე ვერ დავჯდებოდი და ვერ ვუყურებდი. ჩემს ადგილზე ყველა იმავეს იზამდა. გავდიოდი მეც და დედაჩემს ვეხმარებოდი.

30-35 ლარს ვაგროვებდი, მაგრამ არ არის ლამაზი, რომ მიხვალ და ადამიანს სთხოვ ფული მომეციო, ძალიან უხერხული მდგომარეობაა. აღარ ვითხოვ მოწყალებას, მრცხვენია. დედიკოსაც ვუთხარი, აღარ იმათხოვრო დედიკო, სირცხვილია და დავიწყოთ ერთად მუშაობა-მეთქი. ზაფხულში ერთად დავიწყებთ მუშაობას თევზების ბაზარში“.

ლიზა დედასთან ერთად აქამდეც მუშაობდა თევზების ბაზარში, მაგრამ სკოლის პარალელურად ამას ვეღარ ახერხებს. ლიზას დედა კი სახლიდან დიდი ხნით ვერ მიდის, რადგან ლიზას 7 თვის და ჰყავს.

„ჩემი პატარა დაიკო ივლისში დაიბადა. ისეთი საყვარელია. „ბულკი“, რასაც ჰქვია. სახელი მე შევურჩიე. მინდოდა განსხვავებული სახელი ჰქონოდა. შენ იცნობ ვინმეს, ვისაც ეს სახელი ჰქვია?“ – მოუნდა მეც დამედასტურებინა, რომ მისი დის სახელი ნამდვილად უცხოა. სახელზე ვერ ვწერ, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ლიზას შერჩეული სახელი ნამდვილად იშვიათია.

ჩაის სვამს, ფანჯარას უყურებს და საუბარს განაგრძობს.

„ყველაფერი ერთმანეთსაა მიწყობილი, თითქოს არასდროს გაწყდება ეს ჯაჭვი.

მოვიპარე ერთხელ, ორჯერ… ვიპარავდი ტანსაცმელს, სხვა გამოსავალი არ მქონდა – 14 წლის გოგოს ისტორია

ჩვენ სადაც ახლა ვცხოვრობთ, 650 ლარს ვიხდით. მე და ბებიას მისაღებში გვძინავს, მამაჩემს, დედაჩემს, ჩემს და-ძმას ოთახში, ბაბუას კი – ცალკე. საწყობი იყო ის ადგილი, დავალაგეთ და ბაბუას ოთახი გავაკეთეთ.

ბებია 63 წლისაა. 4-ჯერ აქვს მიღებული ინსულტი. ხელი და ფეხი აქვს პარალიზებული, ვერ დადის. ვმეგობრობთ მე და ბებო. სულ გვერდში მიდგას და რჩევებს მაძლევს.

მთავრობას ძალიან ბევრჯერ ვთხოვეთ, რომ დაგვხმარებოდა სახლით. ეს არ მოხდა. ჩვენს სახლზე ახლაც დაწერილი გვაქვს და იმედია, მოგვცემენ. არ მინდა დიდი სახლი, არ მინდა. იყოს პატარა, თუნდაც ორი ოთახით. როცა შენი სახლი გაქვს, აღარანაირი შიში აღარ გაწუხებს. როცა სხვის სახლში ცხოვრობ და იცი, რომ ბინის ფული უნდა გადაიხადო, მაშინ ძალიან ნერვიულობ, მიხვდი? იმიტომ, რომ ბინის ფულს თუ არ გადაიხდი, ადგება მეპატრონე და გეტყვის – ბინა დამიცალე! მერე თავიდან უნდა მოძებნო ბინა და ასე, დაუსრულებლად. თან მარტო ეს ხომ არ არის? ჭამა, ექიმთან წასვლა…

მგონი, კუჭ-ნაწლავის პრობლემა მაქვს. ექიმთან მინდა მივიდე, გავესინჯო. დედაჩემმა მითხრა, რომ წამიყვანს“, – მეუბნება და ერთი ხელით მუცელს ისრესს.

მას ზუსტად ახსოვს ყველა თარიღი, როცა მისთვის იყიდეს ტანსაცმელი, რადგან ასეთი შემთხვევების ჩამოსათვლელად ხუთი თითიც ბევრია. ძირითადად სხვისი გამოყენებული, ბუნკერებთან დატოვებული და/ან „მდიდარი ბავშვების“ ნაჩუქარი ტანსაცმელი ეცვა.

„არ მეგონა, რომ შეიძლებოდა მომეპარა. მოპარვა არის ყველაზე დიდი ცოდვა და კი, ცოდვა მაქვს ჩადენილი. მოვიპარე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… ტანსაცმელი მომიპარავს, სხვა გამოსავალი არ მქონდა. მერე მივხვდი, რომ ვნანობდი ჩემს საქციელს, წავედი ეკლესიაში და აღსარება ჩავაბარე, ღმერთმა რომ მაპატიოს ჩემი ცოდვები-მეთქი.

13 წლის ვიყავი, როცა ქურთუკი, შარვალი და ფეხსაცმელი მოვიპარე ბინიდან. კარებთან დავინახე ტანსაცმელი იყო, ავიღე და ეგრევე გამოვიქეცი. მაღაზიიდან არასდროს მომიპარავს. ადრე სხვაგან ვცხოვრობდი, ბენზეში და იქ მოხდა ეს ამბავი. კამერები გადაახვიეს და ასე გაიგეს. ის ტანსაცმელი არც ჩამიცვამს, ვნანობდი. იქ ყველა მიცნობდა და მომადგნენ სახლში, რატომ აიღეო. ყველაფრის დაბრუნება მინდოდა. მითხრეს, ძალიან კარგი გოგო ხარ, ყოჩაღ რომ აღიარეო, ჩამეხუტნენ და აქეთ მაჩუქეს ფული. არც ის ტანსაცმელი არ დაიბრუნეს“.

ლიზას მშობლები სახლში იყვნენ და ამ ამბის შესახებ მათაც შეიტყვეს.

„დედაჩემს სიტყვა მივეცი, მეორედ არ გავაკეთებ ასეთ რამეს, მაპატიე-მეთქი. მაგის მერე მე ქურდობა და რაც ცუდი საქციელებია არ გამიკეთებია. იმ დღესვე დავპირდი ამას, როცა ნაქურდალ ნივთებზე სახლში მომაკითხეს, რატომ აიღეო. შეცდომა ყველას მოსდის. ყველა დედა აპატიებდა თავის შვილს, დედაჩემმაც მაპატია.

მამა უსინათლო და პირველი ჯგუფის ინვალიდია. მასაც ვთხოვე პატიება და მითხრა, მეორედ აღარ გააკეთო, თორემ მეორედ აღარ გაპატიებთო.

დედაჩემი ტიროდა ეს რას მოვესწარიო. იმ დღეს მითხრა – მოპარვას სჯობია წელის მოწყვეტამდე იმუშავოო“.

ლიზას ბევრჯერ უცდია სამსახურის დაწყება მიმტანად, მრეცხავად, დამლაგებლად… თუმცა მისი ასაკის გამო დამსაქმებლები უარს ეუბნებიან თანამშრომლობაზე.

„მომწონს თუ არა ტანსაცმელი, ეს უმნიშვნელოა. როცა პატარა ვიყავი, ნაგვის ურნებთან ხშირად ტოვებდნენ ტანსაცმელს. ყველაფერს ვიყენებდი, მაგრამ ახლა აღარ ტოვებენ და წლებია, არც არაფერი აღარ ამიღია.

ეს შარვალი 6 თვის უკან პენსიით მიყიდა მამაჩემმა. მე ტანსაცმელს ძალიან ვუვლი, მაგრამ გუშინ სახლი დავალაგე, გაზი გავწმინდე, რაღაც ქალის საქმეები შევასრულე, დაღლილი იყო დედაჩემი. მინდოდა ამ შარვლის გარეცხვაც, მაგრამ ჩამეძინა, არადა, ყოველ საღამოს ვრეცხავ შარვალს, სუფთად რომ მეცვას. აი, აგერ, ეს შარვალი დასვრილია. ჯობია, ავდგები და ისე დაინახე“, – ლიზა ნაცნობ დალაქავებულ წერტილებზე მიმითითებს. აშკარაა, რომ ლაქები შარვალზე ძალიან აწუხებს და მზერას მაშტერებს, აინტერესებს როგორი რეაქცია მექნება.

„ეს ერთი შარვალი მაქვს. ჩემთან სახლში რომ წაგიყვანო, ვერაფერს ვერ ნახავ სხვას. მხოლოდ თეთრეულები, საბნები. ეგეც ბაბუაჩემის დედა რომ გარდაიცვალა, იქიდან წამოვიღეთ. მეტი მე სხვა ჩასაცმელი არ მაქვს. ფეხსაცმელიც არ მაქვს.

სხვა ბავშვებს ძალიან ლამაზი რაღაცები აცვიათ. ფართო შარვლები, ფერადი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი… მეც მინდა ასეთი რაღაცები. ახლა რომ ფული მქონდეს შარვალს, სვიტერს ვიყიდდი.

ტანსაცმელი რომ მქონოდა, რატომ მოვიპარავდი? როცა ვიპარავდი, არ მეშინოდა, მაგ დროს შიში არ მქონია. ვგრძნობდი, რომ არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ მაინც გავაკეთე“.

ლიზასგან განსხვავებით, ქურდობის მრავალჯერადი გამოცდილება აქვს მის უფროს, 12 წლის ძმას.

„აფთიაქებს ტეხდა და ფულს იპარავდა. კიდევ სამაკატებს, ველოსიპედებს. მეგობრებთან ერთად აკეთებდა ამ ყველაფერს. ხშირად მოდიოდა პოლიცია ჩვენთან.

ვფიქრობ, ქუჩა არანაირ გავლენას არ ახდენს მოზარდებზე. მოზარდი მოზარდზე ახდენს გავლენას.

ერთი მოზარდი რომ წავა და მოიპარავს, შეიძლება მეორე მოზარდსაც მოეწონოს ეგ საქციელი, წავიდეს და მოიპაროს. ან ჩხუბის დროს – ერთი მოზარდი ერევა, მეორე მოზარდი ერევა და სწავლობენ ამ ყველაფერს.

ჩემს ძმას ჰქონია კონტაქტი „მოზარდების ქუჩის დაჯგუფებებთან“, მეც ვიცნობ მათ წევრებს, ვმეგობრობთ. ჩემი ძმის ძმაკაცები ჩემი ძმები გამოდიან, ისინიც დად მთვლიან.  სულ ვეუბნები, არ ჩაიდინოთ ისეთი რამ, რასაც ინანებთ, დედათქვენები ინერვიულებენ-მეთქი“, – ამბობს ლიზა.

ლიზას  ძმა უკვე რამდენიმე თვეა, რაც სახელმწიფო ზრუნვის პროგრამის ბენეფიციარია და ბათუმში არ ცხოვრობს.

„როცა წაიყვანეს, იქ ვიყავი. არ ვიცი, რა მომივიდა, თვალებიდან ცრემლები თავისით მომდიოდა. არ მინდოდა მას დავენახე, იმიტომ, რომ ვიცოდი, ისიც იტირებდა.

ერთ მომენტში მაინც ამეტირა. ზურგით დავდექი, რომ არ დავენახე. შემდეგ ცრემლები მოვიწმინდე, მასთან მივედი და ვუთხარი, მალე დაბრუნდები, არ ინერვიულო-მეთქი. ერთმანეთს ძალიან მაგრად ჩავეხუტეთ. მანქანაში რომ დაჯდა, დავინახე, ტირილი დაიწყო. არ არის სასიამოვნო გრძნობა, როცა შენგან მიდის საყვარელი ადამიანი.

ისე ცუდად გავხდი იმ დღეს, რომ ნერვიულობისგან თვალებში მიბნელდებოდა.

ძალიან მენატრება ჩემი ძმა. ერთად ვწვალობდით, ერთმანეთს არ ვშორდებოდით. მასთან ჩხუბი მენატრება განსაკუთრებით. უკვე 4 თვეა, რაც ჩემი ძმა წაიყვანეს. ტელეფონით ველაპარაკები და ვარიგებ, ჭკვიანად იყავი, თუ გინდა მალე ჩამოხვიდე-მეთქი. ის მეუბნება დედიკოს დაეხმარე, ცუდი არაფერი გააკეთო და როცა ჩამოვალ, ყველაფერში დაგეხმარებიო“, – მიყვება ლიზა და აგრძელებს „პიკნიკები მენატრება, მე და ჩემი ძმა მეგობრებთან ერთად რომ ვაწყობდით. იცოდნენ, ჩვენ არ გვქონდა ფული და თვითონ მოჰქონდათ რაღაცები. ვთამაშობდით, ვმღეროდით, კარუსელებზე ვტრიალებდით“.

ლიზას თქმით, ბევრი მეგობარი არ ჰყავს, რადგან მარტივად არავის ენდობა. კლასელებზე ამბობს, რომ ყველა კარგი ბავშვია, თუმცა მხოლოდ ერთ გოგოსთან მეგობრობს – „სულ მიცავს, გვერდში მიდგას და როცა ცუდ ხასიათზე ვარ და ვტირი, არ მაძალებს გავჩერდე, პირიქით, მეუბნება, რომ თუ მინდა ტირილი, უნდა ვიტირო“.

ლიზას საყვარელი მასწავლებელი მისი ძველი დამრიგებელია, რადგან ის ყოველთვის უსმენდა, თუ ლიზა თავისი პრობლემების მისთვის გაზიარებას გადაწყვეტდა.

ლიზა მიიჩნევსს, რომ იმ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ პირობებშიც მას უწევს ცხოვრება, მაინც მოახერხა „ცუდი თვისებები“ არ ჰქონდეს. მიღიმის და თავდაჯერებით მეუბნება – არ გავბოროტდი!

„ბოლოს ბებოს დავეხმარე. შვილო, დამეხმარე, ღმერთმა კარგი ბედი მოგცესო, შენი ოცნებები აგისრულდესო. 1,30 თეთრი მქონდა, პერაშკი უნდა მეყიდა, თან მშიოდა, მაგრამ ავდექი და მივეცი. რა უნდა მექნა? მე მოვითმენ შიმშილს, ის მოხუცია, ვერ“.

ბავშვებს, რომლებსაც უმრავლესობა ჩვენგანი ვიცნობთ, ბურგერები, კარტოფილი ფრი, ნაყინი, დონატები, ტკბილეული უყვართ. 14 წლის ლიზას საყვარელი საჭმელი ბორშჩია, სახლში მისი მომზადება ლიზასთვის ზეიმია.

„დაბადების დღე მე ყოველდღე მაქვს. გაიღვიძებს ადამიანი – დაბადების დღეა, დაიძინებს – დაბადების დღეა. სექტემბერში დავიბადე. ჩემი დაბადების დღის [აღსანიშნავად] ძალიან ბევრი ოცნება მქონდა სულ, დედაჩემსაც ვთხოვდი მიყიდე რაღაცები-მეთქი, მაგრამ დედაჩემს არ აქვს ამის ფული. არაფერი აქვს, ერთი სურვილი მაინც რომ ამისრულოს.

დედაჩემის მესმის, არაფერს ვაძალებ, პირიქით.  რომ გავიზრდები, ამ ცხოვრებას დედა უნდა ვუტირო. იცი რატომ? იმიტომ, რომ ამ ცხოვრებამ მე პირადად არაფერი კარგი არ მომიტანა. მე მინდა, სხვა ცხოვრება მქონდეს. არ მინდა, იმ ცხოვრებით ცხოვრება, რომელშიც ახლა ვარ …“.

ლიზა მხოლოდ 14 წლისაა და უფლება აქვს, იცხოვროს შიშის გარეშე, ისე, რომ მუდმივად არ ემუქრებოდეს ნაქირავები ბინიდან გაგდება. უფლება აქვს, ჰქონდეს რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი. იმსახურებს ბორშჩი არ ენატრებოდეს. იმსახურებს, მივიდეს ექიმთან და გაარკვიოს, რატომ სტკივა მუცელი.

ეს ყველაფერი არ არის, ლიზა კიდევ ბევრ რამეს იმსახურებს.

____

მკითხველის თხოვნით ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს, რომელზე შემოსული თანხაც ლიზას და მის ოჯახს გადაეცემა

საბანკო მონაცემები:

საქართველოს ბანკი

GE55BG0000000588221400

TBC ბანკი

GE12TB7990736080100007

დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ – „ლიზასთვის“

ანგარიშის ნომრები ეკუთვნის „ა[ა]იპ იალქანის დღის ცენტრს“. ცენტრის ხელმძღვანელი, თიკო აბაშიძე მზადაა ლიზასთვის ჩარიცხული თანხის ამონაწერი გამჭვირვალობის მიზნით გაუზიაროს „ბათუმელების“ მკითხველს.

„დოკუმენტი არ გვინახავს“ – ქუთაისში ბულვარის რეაბილიტაციის პროექტს ითხოვენ

„…ის უწყვეტად იყო და არის ქუთაისის მოსახლეობისთვის ქალაქთან ემოციური კავშირის ადგილი“ – ასე უხსნიან მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, დავით ტაბიძეს ქუთაისის ბულვარის დამცველები მის მნიშვნელობას და სთხოვენ, პროექტი გამოაქვეყნოს საჯაროდ გაცნობისთვის.

„ბულვარის ისტორიული და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოგმართავთ, რათა ბულვარის რეაბილიტაციის პროცესში უზრუნველყოთ მოქალაქეთა ჩართულობა“, – წერენ დავით ტაბიძეს.

პროექტის საჯაროობის უზრუნველყოფის მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფებმა – „ქუთაისის ბულვარი“ და „ოქროს ჩარდახი“, მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალურად, წერილობით მიმართეს. მიმართვას ხელს 130 მოქალაქე აწერს.

მოქალაქეების მოთხოვნაა ასევე, რეაბილიტაციის საბოლოო პროექტის მომზადებამდე გაიწეროს ბულვარის რეაბილიტაციის კონცეფცია, ჩატარდეს საჯარო განხილვები როგორც საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე პროფესიულ წრეებთან:

„მომზადდეს კომპეტენტური მულტიდისციპლინური კვლევა, სადაც იქნება შესწავლილი ბულვარის ისტორიული განაშენიანება, სოციალური ისტორია, დენდროლოგია და მოქალაქეების საჭიროებები.“

ქუთაისის ბულვარში კაფე „სავანეს“ დანგრევის შემდეგ ბულვარის რეაბილიტაციის პროექტი აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს. ამ კაფესთან დაკავშირებული პროცესი – ჯერ მოქალაქეების წინააღმდეგობა, შემდეგ დავა სასამართლოში, გარკვეულწილად აფერხებდა სამუშაოების დაწყებას.

ამ პროცესში, ტენდერის გამოცხადებისა და შემსრულებელი კომპანიის გამოვლენის შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა, თუმცა დაინტერესებულ მოქალაქეებს პროექტი ისევ არ უნახავთ.

ქუთაისის ცენტრალური პარკის, მის მიმდებარედ არსებული შენობების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადებასა და შემდეგ ამ დოკუმენტის შესაბამისად სამუშაოების შესრულების შესყიდვაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2022 წლის ნოემბერში გამოაცხადა.

გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „დაგთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 23 დეკემბერს 14 მილიონ 850 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმეს. პროექტი მთავრობის პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში Design-Build-ის მეთოდით უნდა განხორციელდეს.

Design-Build-ის მეთოდი გულისხმობს ერთი კონტრაქტორის შერჩევას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც პროექტის შექმნაზე, ასევე სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე. მეთოდი გულისხმობს შემდეგ ქვეეტაპებს.

21 თებერვალს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ქუთაისში ჩავიდა და იმერეთის გუბერნატორთან ერთად ქუთაისის ბულვარში წინასწარ გამოფენილი ესკიზები დაათვალიერა. იქ იყო ქალაქის მერიც.

ამ ვიზიტის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა არაფერი იცოდნენ: მათთვის ინფორმაცია არც მუნიციპალური განვითარების ფონდს მიუწოდებია და არც მერიას. როგორც ჩანს, არც ერთი უწყება ბულვარის იერ-სახის შენარჩუნებით დაინტერესებულ ამომრჩეველთან თავს ანგარიშვალდებულად არ მიიჩნევს.

„შეიძლება კარგი პროექტია, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით, რადგან პროექტი არ გვინახავს. ვითხოვთ საჯარო განხილვას. გვაინტერესებს რა იგულისხმება, როდესაც ამბობს მგფ-ი, რომ არაფერი არ იცვლება. თუ გავრცელებული ესკიზები იგულისხმება, მაშინ მთლიანად იერ-სახე ეცვლება ბულვარს. ჩვენ გვინდა დეტალური პროექტი “, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ფოკი ფაჩულია.

ქუთაისში საინიციატივო ჯგუფის წევრებს არავინ შეხვდა, არც ფონდის წარმომადგენელი და არც მერიის. მათი წერილის ადრესატი მერიაც იყო, რომელსაც პროექტში ბენეფიციარის როლი ერგო.

ამ ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის ფეისბუქის გვერდზე შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს: დაწერეს, რომ ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა არსებული მდგომარეობის სრულად შესწავლას.

„რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, პარკის გეგმარება რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, ასევე დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები“, – წერენ მგფ-ის ფეისბუქის გვერდზე.

ფონდის ინფორმაციით, „დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება საფეხმავლო ბილიკები. ასევე, დაგეგმილია არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს რეაბილიტაცია და მედიათეკის განთავსება, რომელიც მოიაზრება ერთიან საპროექტო კონტექსტში, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შესასვლელებით.

ესკიზი – ქუთაისის ბულვარის პროექტი

პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“ და პარკის ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული სივრცის – ,,ვარდების ხეივნის“ მოწყობა. პარკის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია არსებული უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეების შესწავლა, აღნუსხვა და სრული ტაქსაცია.“

ესკიზი – ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაციის პროექტი

ამ ყველაფერზე მედიასთან ფონდის ხელმძღვანელმაც ისაუბრა.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ პროექტი უკვე მზადაა და თუ ასეა, რატომ მალავენ მას? – ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფებს პასუხი არ აქვთ. ისინი ოფიციალურ განმარტებას მუნიციპალური განვითარების ფონდისგან ჯერ კიდევ ელიან.

ტექნიკური დავალების მიხედვით, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ კვირაში კომპანიას  შემსყიდველისთვის პროექტის ესკიზების წარდგენა, ხოლო ერთ თვეში სრული საპროექტო დოკუმენტაციის, ხარჯთაღრიცხვისა და  დეტალური გეგმა-გრაფიკის წარდგენა ევალებოდა.

ფოტო: ნია ხარაძე

საგულისხმოა, რომ ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაცია ქალაქის მერის – იოსებ ხახალეიშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, მაგრამ მას ამ საქმეში მხოლოდ ბენეფიციარის როლი ერგო. 2024 წლის 17 იანვარს ქუთაისის მერიას ბულვარის სამშენებელო ღობით შემოღობვის ნებართვა სთხოვეს. ნებართვა 1 წლის ვადით მერიის სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელმა გასცა.

კითხვაზე – შეათანხმეს თუ არა ბულვარის რეაბილიტაციის პროექტი, ქუთაისის მერიაში არ გვიპასუხეს. შემსრულებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი მერიაში შესათანხმებლად წარდგენილია, იმავეს ამბობენ მუნიციპალური განვითარების ფონდში. თუმცა არ პასუხობენ კითხვას, რატომ არ აქვეყნებენ პროექტს საჯაროდ განხილვისთვის.

„პროექტი გინდათ? – გამოითხოვეთ“.

საგულისხმოა ასევე, რომ მერიაში სამშენებლო ღობის მოწყობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტებს თან ახლდა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან მიღებული წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ „ესკიზური პროექტი“ სააგენტოსაც შეათანხმეს.

ეს წერილი 2024 წლის 19 თებერვლით თარიღდება. სააგენტო დაკონკრეტებით წერს, რომ შეითანხმა ესკიზური პროექტი და არა რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი.

ესკიზური პროექტი იგივეა, რაც წინასწარი გადაწყვეტილება.

კანონის მიხედვით, არქიტექტურული ესკიზი შეიძლება მომზადდეს არქიტექტურული კონცეფციის ცალკეულ ნაწილზე. არქიტექტურული ესკიზი შესაბამისად უნდა მოიცავდეს: თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; განმარტებით ბარათს [საპროექტო ტერიტორიის, შენობა-ნაგებობის სტრუქტურისა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების, მხატვრულ-ესთეტიკური გადაწყვეტის შესახებ] ტექნიკურ მაჩვენებლებს.

მიუხედავად ისტორიული მნიშვნელობისა, ქუთაისის ბულვარს არ აქვს ძეგლის სტატუსი. კულტურული მემკვიდრეობის საძიებო პორტალზე იძებნება 2018 წელს შედგენილი სააღრიცხვო ბარათი, სადაც მითითებულია მისი, როგორც ისტორიული, ასევე საბაღო-საპარკო ხელოვნების და ლანდშაფტური არქიტექტურის ობიექტის მნიშვნელობაზე. თუმცა, ბულვარისთვის სტატუსის მინიჭებაზე არავის უფიქრია.

ფოტო: ნია ხარაძე

ქუთაისის მერია, როგორც ბენეფიციარი

ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის საქმეში ქუთაისის მერიას ბენეფიციარის როლი ერგო. ხელშეკრულებაში ვკლითხულობთ:

შემსყიდველი, საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ასრულებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროექტს, ბენეფიციარის სასარგებლოდ. ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს პროექტის განხორციელებას. პროექტის ხელშეწყობის მიზნით, ბენეფიციარი გამოყოფს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რაც აისახება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

იმ აქტივობებისთვის, რომლებიც ემსახურება საკუთრების შეკეთებას ან რეაბილიტაციას, ბენეფიციარი გამოხატავს თანხმობას სამუშაოების წარმოებაზე. იმ აქტივობებისათვის, რომლებიც ემსახურება ახალი ობიექტების შექმნას, ბენეფიციარი გამოხატავს თანხმობას, სამუშაოების წარმოებაზე და იღებს ვალდებულებას, გადაიბაროს და ექსპლუატაცია გაუწიოს ამ ობიექტებს.

___

მთავარი ფოტო: ნია ხარაძე

ხანძარი გონიოში

გონიოს დასახლებაში ხანძარია.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ეკალბარდი და გამხმარი ბალახები იწვის. „ტერიტორიის დიდ ფართობზე ბალახი უკვე დამწვარია და არის ერთგვარი რკალი, სადაც ცეცხლის კერაა.“

ცეცხლის საცხოვრებელ სახლებზე გადადების ალბათობა, როგორც სახანძროში გვითხრეს, ამ დროისთვის [19:15 სთ] ძალიან დაბალია და თითქმის არ არსებობს: „გასულია ჯგუფები და აკონტროლებენ.“

სავარაუდოდ, ცეცხლი ეკალ-ბარდს წაუკიდეს, შემდეგ კი დიდ ფართობზე გავრცელდა.

ანალოგიური მიზეზით რამდენიმე ადგილზე ხანძარი იყო გუშინ ჩაქვშიც: ხანძარი ჩაქვში, მაგისტრალის გასწვრივ

გონიოში ეკალ-ბარდი იწვის / 28.02.2024

Pepperboy – თიბისისთან პარტნიორობით გაფართოებას გეგმავს

აღმოსავლეთ აზიის სამზარეულოს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, საქართველოში არსებობის ხანმოკლე, მაგრამ დინამიკური განვითარების ისტორია აქვს. დღეს ქართულ ბაზარზე აზიური კულინარია – სტანდარტული სწრაფი კვებიდან ორიგინალური კონცეფციის რესტორნებამდე – უხვადაა წარმოდგენილი. აზიური კერძებით უბრალოდ წახემსება თუ მათი მნიშვნელოვანი მოვლენის ნაწილად ქცევა, თბილისში იოლად შეიძლება, თუმცა რესტორან Pepperboy-ს ამ მრავალფეროვნებაშიც გამორჩეული ადგილი უჭირავს. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.

უმთავრესი მაინც რესტორნის გასტრონომიული კონცეფციაა. Pepperboy პანაზიური რესტორანია და მენიუს გეოგრაფიული, კულტურული თუ საგემოვნო მრავალფეროვნება აზიური კერძების ყველაზე მომთხოვნ და გამოცდილ მოყვარულებსაც, ორიგინალური გადაწყვეტებით და მუდმივი სიახლეებით აკვირვებს. პანაზიური გულისხმობს არა აზიის რომელიმე ქვეყნის ეთნიკურ სამზარეულოს, არამედ მენიუს, რომელიც აერთიანებს კერძებს აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ესენია: იაპონია, კორეა, ტაილანდი, ჩინეთი და სხვა.

Pepperboy ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა, როგორც პანაზიური კულინარიის პიონერი.  მან, მანამდე უცნობ კერძებთან და კულტურებთან ზიარებით, ასევე სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ერთ სივრცეში თავმოყრით, განსხვავებული კულინარიული გამოცდილების შექმნა შეძლო.

თინა ხაფავასთვის რესტორანი გახსნისთანავე საყვარელ ადგილად იქცა, რომელსაც მეგობრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა. პანდემიამ მთელი კულინარიული ინდუსტრია დააზარალა და გამონაკლისი არც Pepperboy აღმოჩნდა. სწორედ პანდემიის პერიოდში გაიცნო თინამ რესტორნის დამფუძნებელი და შეფი ანა დონდუა და ზუსტად მაშინ გაჩნდა Pepperboy-ს ბაზარზე დაბრუნების იდეა.

„ეს ყველაფერი იოლი არ იყო. გახსნას წინ ერთწლიანი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. სწორედ ეს დრო დასჭირდა კონცეფციის და მენიუს განახლებას, რებრენდინგს, დიზაინის და, რაც მთავარია, ინვესტიციის მოძიებას.“

2018-ში გახსნილ რესტორანს სამზარეულოს მრავალფეროვანი და მდიდარი  კონცეფცია გამოარჩევდა. პარტნიორებმა, დიდი ფიქრის და მსჯელობის შედეგად, გადაწყვიტეს  ახალ რესტორანს ბარის და კერძოდ მიქსოლოგიის კონცეფციაც ასეთივე მრავალფეროვანი ჰქონოდა და რესტორნის სტუმრებისთვის, სასმელების შემთხვევაშიც, გასტრონომიული გამოცდილების მთელი პალიტრა შეეთავაზებინათ.

დამფუძნებლებმა ოქროს შუალედის პოვნა მოახერხეს – მათ განაახლეს კონცეფცია და თავიანთი ხელწერა კიდევ უფრო მკაფიო გახადეს, როგორც სამზარეულოს მიმართულებით, ისე ბარის მრავალფეროვანი შეთავაზებებით და უნიკალური კოქტეილებით. რა თქმა უნდა, ბრენდის ფილოსოფია კვლავ უცვლელი რჩება და დამფუძნებლებიც და სრულიად „ფეფერბოის“ გუნდიც ბრენდის ცენტრალურ იდეას ერთგულად ემსახურება. „ფეფერბოი“ ცდილობს მის სტუმრებს შესთავაზოს დაუვიწყარი გასტრონომიული გამოცდილება გამორჩეული და საინტერესო კულინარიული და მიქსოლოგიური გადაწყვეტებით, განსხვავებული და მეგობრული მომსახურებით და გარემოთი.

„ჩვენ მუდმივად საკუთარ  თავზე ვმუშაობთ, გვსურს, რომ ყოველი სტუმრის ვიზიტი სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ, და ჩვენი მიზნის და ჩვენი საოცარი მეგობრების ერთგული ვრჩებით. ჩვენი მიზანია საქართველოს გასტრონომიულ სცენაზე ლიდერები გავხდეთ, შევქმნათ ყველასთვის საყვარელი ბრენდი და ადგილი, სადაც ახალი აღმოჩენებისთვის ისევ და ისევ ბრუნდები“, – ამბობს თინა.

პირველი, რასაც რესტორნის სტუმარი ამჩნევს, მენიუს მრავალფეროვნებაა – იაპონური რამენი, კორეული ფერმენტირებული კიმჩი, ტაივანური ფაფუკი ბაოები, პად ტაი და სხვა. „ჩვენი მენიუ ცოცხალი ორგანიზმივით არის – სეზონების და ინსპირაციების მიხედვით იცვლება, მუდმივად ახალი და საინტერესო კერძები ემატება “ – ამბობს თინა და აგრძელებს – „ჩემი პარტნიორი და „ფეფერბოის“ შეფი დეტალურად სწავლობს ყველა კერძის დამზადების ტრადიციული ხერხებს, მის წარმომავლობას და, მათზე დაყრდნობით, რეცეპტებს თანამედროვე ხედვით და უნიკალური გადაწყვეტებით ქმნის“.

კერძების ინგრედიენტების ნაწილი აზიიდან ჩამოდის, ნაწილს – ადგილობრივ ბაზარზე იძენენ, ორგანული სალათები და იშვიათი დასახელების აზიური მცენარეები კი თავად რესტორანში მოჰყავთ – „Spacefarms“-ის „Dots by Spacefarms“-ის მდგრად მოდულარულ ფერმაში.

გემრიელი კერძები რესტორნის ერთადერთი ღირსშესანიშნაობა არაა. სივრცე და ინტერიერის დიზაინი ასევე აღნიშვნის ღირსია. Pepperboy ორი, ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებული სივრცისგან შედგება. შიდა სივრცე უფრო მონოლითურია, გარე სივრცე კი ბუნებასთან მეტადაა შერწყმული – აქ სტუმარს თბილისურ გარემოსთან ინტეგრირებული აზიური ელემენტები ხვდება.

რესტორნის სტუმრები, ასაკობრივად თუ საქმიანობის მხრივ, ერთმანეთისგან ძალზე განსხვავდებიან, მაგრამ ყველა მათგანზე ერთის თქმა შეიძლება – Pepperboy-ს სტუმრებს ახალი გემოების აღმოჩენა სურთ და, უმეტეს შემთხვევაში, დარწმუნებული არიან, რომ რესტორანი იმედს არ გაუცრუებთ.

„როცა ადამიანებისგან ვისმენთ, რომ ეს მათი საყვარელი ადგილი გახდა, ვხვდებით, რომ სწორ გზას ვადგავართ. შესაბამისად, უფრო მეტი შრომა და თავდადება აღარ გვეზარება. ცხადია, გაფართოებაზეც ვფიქრობთ. დაახლოებით ერთი წელია, რაც თიბისი ბანკთან ვთანამშრომლობთ. თიბისი და „აწარმოე საქართველოში“ ჩვენი ბიზნესპარტნიორები არიან. ჩვენი ბიზნესის იდეურ და გეოგრაფიულ გაფართოებაში მათი როლი გადამწყვეტი იქნება“.

65 000 ლარით დააჯარიმეს კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელმაც ფოთში ზღვა დააბინძურა

კამერუნის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 2000-მდე ლარი შეადგინა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მუხლი 58 პრიმა 2, მე-7 ნაწილი) საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.

წელს უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვის დაბინძურების უკვე 2 ფაქტი გამოვლინდა.

მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა 65 000 ლარია. საქართველოს პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმის 100 000 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

ბათუმში ქალს მანქანა ზებრაზე დაეჯახა

დღეს, 28 თებერვალს, ბათუმში გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ზებრა გადასასვლელზე შუახნის ქალს მანქანა დაეჯახა.

თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანით გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფება პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, ფაქტზე კი გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

ბათუმში ქვეითს ზებრაზე მანქანა დაეჯახა / 28.02.2024

ვინ იყო მოცეკვავე იური ცინცაძე და რატომ შეარქვეს მას „ციმციმა“

„როგორი მახსოვს მამა? – ვხედავდი ყოველთვის მოწესრიგებულს, გაპრიალებულს, წელში ქამარი მაგრად ჰქონდა მოჭერილი და შეწკიპული, ასე რომ იტყვიან. თმა ყოველთვის გადასველებული და უკან გადავარცხნილი. არასდროს იდგა მოშვებული, თავი ისე ეჭირა, თითქოს ყოველთვის სცენაზე იყო – მხრებგაშლილი“, – ასე იხსენებს „ციმციმას“, იგივე იური ცინცაძეს, მისი შვილი ეკა.

„ბათუმელებს“ ეკა ცინცაძე მოუყვა, თუ რატომ შეარქვეს იური ცინცაძეს „ციმციმა“ და რატომ ჰქონდა მძიმე ცხოვრება.

„11 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში არ მქონდა მასთან ხშირი ურთიერთობა, რადგან ჩვენ ცალკე ვცხოვრობდით. სამწუხაროდ, მამამ სმას მიჰყო ხელი.

თუმცა ჩემ სანახავად ყოველდღე მოდიოდა. დედა მუშაობდა რევოლუციის მუზეუმში და იქ, სკვერში იჯდა ხოლმე, როცა მაკითხავდა.

ერთად დავდიოდით სანაყინეში და ყველას აცნობდა ჩემ თავს. ამაყობდა ჩემით და მეც ვამაყობდი მამით. ორი შვილი ჰყავს მამას – მე და დათო. მამამ ელენე დამარქვა, ბებიის სახელი, თუმცა დედაჩემი და ჩემი ძმა ეკას მეძახდნენ. როგორც ჩანს, ეკა უფრო პოპულარული სახელი იყო იმ დროს და ამიტომ. ასე შემერქვა ორი სახელი“, – ამბობს ეკა.

მისი თქმით, მამა რთული ცხოვრების მიუხედავად ძალიან ლაღი ბუნების იყო.

„მისი მეგობრები, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები, მამას ყველა პოზიტიურად იხსენებს. უდიდესი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ბათუმის კოლორიტად მოიხსენებენ და ეს გამიგია სრულიად უცხო ადამიანებისგანაც კი. უცხო სუფრასთანაც კი, როცა აღმოვჩენილვარ და გაუგიათ, რომ მე „ციმციმას“ შვილი ვარ, ძალიან უხაროდათ. ყველა იხსენებდა თბილად.

„ციმციმა“ საზაფხულო თეატრის წინ ავტოგრაფს აძლევს. მარჯვნივ, იური ცინცაძე შვილთან – ეკასთან ერთად.

„ციმციმა“ იმიტომ დაარქვეს, რომ ძალიან ლამაზი, გამჭვირვალე და ციმციმა, ცისფერი თვალები ჰქონდა. სცენაზე თვითონაც ხომ ციმციმებდა და ეს თვალებიც ისე ანათებდა, აციმციმებდა თვალებსო, – მეუბნებოდნენ. ძალიან სახასიათო ცეკვა ჰქონდა, არტისტულად ასრულებდა და ამის გამო შეარქვეს ციმციმა.

ბევრი იჩემებს, რომ „მე შევარქვიო“, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, ვინ შეარქვა „ციმციმა“, – გვეუბნება ეკა ცინცაძე.

ეკას თქმით, მამა  ათი წლის იყო, როცა დაიწყო ცეკვა. მის განსაკუთრებულ ნიჭს ყურადღება მიაქციეს ენვერ ხაბაძემ და გივი ჩიხლაძემ.

„მამა მეცხრე ვაჟთა სკოლაში სწავლობდა, მაგრამ ისე გაიტაცა ცეკვამ, სკოლიდან გაიპარებოდა თურმე და რეპეტიციებს ესწრებოდა. აბსოლუტური სმენის მქონე იყო. ცეკვის გამო სწავლას აღარ აქცევდა ყურადღებას და ბებია ძალიან ნერვიულობდა თურმე, პირობაც წაუყენა, თუ კარგად ისწავლი, ცეკვაზე ივლიო.

თუმცა მამა მხოლოდ ცეკვით ცხოვრობდა“.

იურის მეუღლე იზოლდა აბაიშვილი.
მარჯვნივ ფოტოზე/მარჯვენა მხარეს იური ცინცაძე.

ეკა ამბობს, რომ იური ცინცაძე ადრე დაობლდა. მამამისი სამხედრო ოფიცერი იყო და საბჭოთა დროს დახვრიტეს. დედა – ნინა მიმინოშვილი კი, ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა.

მამის დახვრეტის შემდეგ იური ბებიას და ბაბუას გაუზრდიათ. ეკას თქმით, რეპრესირებული მამის გამო იურისაც უქმნიდა სისტემა პრობლემებს, რასაც ძალიან განიცდიდა „ციმციმა“.

„18 წლის იყო, როცა მისი ცეკვა ნახეს ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა. მამა ამ დროს უკვე თავგადაპარსული იყო, ჯარისთვის მომზადებული, თუმცა სუხიშვილებმა თბილისში წაიყვანეს. დიდი მზრუნველობით ეპყრობოდნენ ილიკოც და ნინოც. კარგად იხსენებდა თურმე მამა მათთან მეგობრობას, მაგრამ დედაჩემის ჩანაწერებში ეწერა – „აქაც უმუხთლა ბედმა“, რადგან საფრანგეთში გასტროლებზე როცა მიდიოდნენ  სუხიშვილები, იურის წაყვანაზე უარი თქვეს, რადგან მამა ჰყავდა დახვრეტილი.

იურის მამა, დავით ცინცაძე. მარჯვნივ – იური ცინცაძე ნავში.

უკვე აფიშებზეც იყო მამის სახელი, თუმცა არ წაიყვანეს. ძალიან განიცადა ეს მამამ და ასე განაწყენებული წამოვიდა სუხიშვილებიდან.

ცეკვაზე თავისდანებება არც უფიქრია. პერიოდულად მუშაობდა ქორეოგრაფად და ბევრი ცნობილი ქორეოგრაფი მეგობარი ჰყავდა. იყო საკავშირო ფესტივალის ლაურეატი და დამსახურებული არტისტის წოდებაც ჰქონდა.

ის კადრი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ვიცი, სუხიშვილების ანსამბლიდანაა. 1958 წლის კადრებია.

ქორეოგრაფი თამაზ ბეჟანიძეც იხსენებდა, დეკადაზე რომ ვიყავით მოსკოვში, მაგის ფირი არსებობსო. ვცდილობდით ამ ფირის მოპოვებას, მაგრამ ვერ მოვიპოვეთ“, – ამბობს ეკა ცინცაძე.


მოცეკვავე იური ცინცაძე – „ციმციმა“

ეკას თქმით, ანსამბლიდან წამოსვლის შემდეგ მამამ თავისი სოლო, მოცეკვავე გენო ჭელიძეს გადაულოცა. შემდეგ კი, როცა ჭელიძემ თავად დააარსა ანსამბლი,მას „ციმციმა“ დაარქვა და ყველას უყვებოდა, თუ რატომ დაარქვა ეს სახელი ანსამბლს და ვინ იყო „ციმციმა“.

„მოგვიანებით ჩემი შვილიც ცეკვავდა ამ ანსამბლში, თუმცა მანამდე არ ვიცოდი, რატომ ერქვა ეს სახელი“, – გვიყვება ეკა.

იური ცინცაძე, იგივე „ციმციმა“, 1984 წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

„აჭარისწყალი ჯორჯია“ მხარს უჭერს აჭარაში მცხოვრებ მეწარმე ქალების ინიციატივებს

„სოციუმი“ – ასე ეწოდება  კაფეს, რომელიც ბათუმში, ჟორდანიას 4 ნომერში გაიხსნა. ახალ სივრცეში აჭარაში მცხოვრებ ქალთა, მათ შორის შშმ პირთა, ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი. კაფეში პერიოდულად იმართება სხვადასხვა ტექნიკით დამზადებული დეკორატიული თუ ყოველდღიური მოხმარების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.

„სოციუმმა“ თებერვალში, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით,  ერთ-ერთ ასეთ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა.

ღონისძიებაზე მეწარმე ქალებისა და მათი პროდუქციის გასაცნობად სტუმრები ,,მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“ მოიწვია, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით ამ მეწარმე ქალების გასაძლიერებლად ახალი ორგანიზაცია – „მხარდაჭერისა და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი“ დააფუძნა. ორგანიზაციის მართვაში სწორედ ეს მეწარმე ქალები იქნებიან ჩართულნი.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ციალა ქათამიძის თქმით, ეს არ არის ერთჯერადი გამოფენა და სამომავლოდ დაგეგმილია უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები:

„ჩვენი მიზანია, ქალებს, მათ შორის შშმ პირებს, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ და არ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ნამუშევრები წარუდგინონ შედარებით ფართო საზოგადოებას, ვეხმარებით, ჰქონდეთ ხელმისაწვდომი როგორც სოციალური ქსელები, ასევე სივრცე, სადაც განათავსებენ პროდუქციას და მოსინჯონ საკუთარი ძალები ამ სოციალურ-ეკონომიკურ მოცემულობაში. ვთვლით, რომ ქალების გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი სწორედ ეკონომიკური მდგრადობა და სტაბილურობაა.

გამოფენა-გაყიდვაზე „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენელმა ნინო დიასამიძემ მხარდაჭერა გამოუცხადა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალებს მათი ინიციატივების განხორციელებისთვის და ხელსაქმისთვის საჭირო მასალებიც გადასცა საჩუქრად.

„ჩვენი კომპანია – აჭარისწყალი ჯორჯია მხარს უჭერს ადგილობრივი ქალი მეწარმეების გაძლიერებას. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან ერთად განვახორციელეთ ადგილობრივი ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროექტი და დღევანდელი შეხვედრაც ერთგვარი გაგრძელებაა ამ ინიციატივისა. მოხარული ვარ და მინდა წარმატება ვუსურვო მონაწილეებს. იმედი მაქვს, რომ მსგავსი ღონისძიებები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს“, – გვითხრა ნინო დიასამიძემ.

23 მარტს დაგეგმილია  უფრო დიდი გამოფენა-გაყიდვა, რომლის მიზანია, როგორც ამ ქალებისა და შშმ პირების შესაძლებლობების პრეზენტაცია, ასევე ბაზის შექმნა, რომელიც მათ მისცემთ სამომავლო კოლაბორაციის საშუალებას. შეიქმნება ასევე საიტი, სადაც მათი ნამუშევრები განთავსდება და გაიყიდება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 412 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
  • ტანკი – 6 570 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 12 508 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 10 029 ერთეული [+20]
  • MLRS – 1 000 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 688 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 342 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 753 ერთეული [+24]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 912 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 112 ერთეული [+47]
  • სპეცტექნიკა – 1 594 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 575 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 13 622 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 474 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 266 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 226 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 203 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 179 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ფრანგული ენციკლოპედია ვერა ფაღავას მხატვრობაზე – ,,მისი ლურჯი ლავანდისფერია, ვარდისფერი კი მქრქალი”

27 თებერვალს ქართველი მხატვარი, ვერა ფაღავა დაიბადა. აჭარის ხელოვნების მუზეუმში დაცულია 1962 წელს შექმნილი მისი „პეიზაჟი“.

ვერა ფაღავა 1907 წელს დაიბადა თბილისში. ვერას მამა, იური ფაღავა, იურისტი იყო, დედა ალექსანდრა ფაღავა კი თბილისის პირველი გიმნაზიის დირექტორი.

ვერა მშობლებმა 1922 წელს გერმანიაში წაიყვანეს დროებით. იური ფაღავა სამკურნალოდ წავიდა ევროპაში, თუმცა ოჯახი ვეღარ დაბრუნდა გასაბჭოებულ საქართველოში.

გერმანიიდან მალევე გადავიდნენ პარიზში საცხოვრებლად. ვერა თავიდან დეკორატიული ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, შემდეგ რანსონის აკადემიაში ჩააბარა და როჟე ბისიესთან სწავლობდა. ვერა ფაღავა იყო ლიონის მხატვართა გაერთიანების წევრი.

ვერა ფაღავა, ლურჯი ნატურმორტი, 1949 წელი

მხატვარი გალერისტმა ჟან ბიუშემ აღმოაჩინა. 1960-იან წლებამდე ეწყობოდა ბიუშეს გალერეაში ვერას გამოფენები. პარიზის სახელოვნებო წრეები ვერას ნახატებით სწორედ ბიუშეს გალერეაში მოწყობილი გამოფენების შემდეგ დაინტერესდნენ.

ვერა ფაღავას შესახებ ფრანგულ ენციკლოპედია ლარუსშიც იძებნება ცნობები:

„ვერა ფაღავას 1950-იანი წლების ნახატები „ზეციური იერუსალიმიც“ კი აბსტრაქტულია, კუბისტური კონსტრუქციების ერთობლიობა, სადაც საერთოდ არ არის ადამიანი. მან სცადა ყველაფერი, მუშაობდა ფიგურებზე, დიდ ბიბლიურ თემებსა და მითოლოგიაზე, თუმცა მისი ინდივიდუალური ხელწერა ყველაზე კარგად ნატურმორტებში ჩანს, რამაც 1932 წლიდან მოუტანა აღიარება („ორი ვაშლი და ჭიქა ღვინო“).

შემდგომ ნამუშევრებში ვერა ფაღავა საგნების მკაცრად განსაზღვრულ, მარტივ ფორმებთან თამაშობს, მსუბუქ ფერებს კიდევ უფრო აბაცებს: მისი ვარდისფერი მქრქალია, მისი ლურჯი კი – უფრო ლავანდისფერი“, – წერია ფრანგულ ენციკლოპედიაში მხატვრის შესახებ.

პარიზში ეწყობოდა ვერა ფაღავას პერსონალური გამოფენებიც, თუმცა 1930, 40-იანი წლების ევროპაში ნახატებით თავის რჩენა ძალიან რთული იყო. მუშაობდა ტექსტილზეც, ქსოვდა, მედდის განათლებაც მიიღო და ეხმარებოდა ომში დაჭრილებს. ვერას ოჯახს, 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, პარიზში ძალიან უჭირდა.

საბავშვო ბაღებისთვისაც ხატავდა დეკორატიულ პანოებს. დიჟონის წმინდა იოსების ეკლესიისთვის ამზადებდა ვიტრაჟებს. წიგნებსაც აფორმებდა მხატვრულად.

1958 წელს ვერა ფაღავამ ვატიკანის პავილიონში მონუმენტური ფრესკა შექმნა ბრიუსელის მსოფლიო გამოფენისათვის.

1966 საფრანგეთის სახელით ვენეციის 33-ე ბიენალაზე გამოიფინა ვერას ნამუშევრები. სწორედ ასე ჩააღწია ევროპის სხვა ქვეყნების ქალაქებამდე მხატვრის ნამუშევრებმა.

ვერა ფაღავამ მხოლოდ 1970-იანი წლებიდან დაიწყო ნახატების გაყიდვა ისე, რომ  თავის რჩენა შესძლებოდა.

მთელი ცხოვრება თანამშრომლობდა პარიზში მოქმედ გალერეა ,,დარიალთან“, რომელიც მის მეგობარს, თამარ წულუკიძეს ეკუთვნოდა. თამარის შვილმა, ელისო ტარასაშვილმა, მოგვიანებით პარიზში გამოსცა მხატვრის ნამუშევრების ალბომი, სადაც 1930-80-იანი წლების ნახატები შევიდა.

ვერა ფაღავა, ვნების ინსტრუმენტები, 1952 წელი

გარდაიცვალა 80 წლის, 1988 წელს. დაკრძალეს ლევილში, მშობლების გვერდით.

ვერა ფაღავას ნახატები დაცულია გერმანიასა და შვეიცარიაში, ძირითადად კერძო კოლექციებში. ნახატების ნაწილი ქალაქ დიჟონში ინახება, გრენობლის ხელოვნების მუზეუმსა და პარიზის პომპიდუს ცენტრის კოლექციაში.

ნამუშევრების ერთი ნაწილი მხატვარმა თავად გადასცა გალერეა ,,დარიალს“.  ეს გალერეა ახლა ,,ვერა ფაღავას ასოციაციის“ საკუთრებაა. ასოციაცია 1991 წლიდან მხატვრის შემოქმედების პოპულარიზაციას ეწევა მთელ მსოფლიოში.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სწორედ ასოციაციამ გადასცა ვერა ფაღავას სამი ნამუშევარი: 1967 წელს შესრულებული ,,უცნობი“, ,,პატარა საქართველო“  და ერთ ჩარჩოში ჩასმული გრაფიკული ჩანახატი.

ვერა ფაღავა, ნატურმორტი იხვით, 1952 წელი

პობედა და სხვა ავტომანქანები ფასდაკლებით აჭარის სამინისტროს აუქციონებზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „პობედას“ და ასევე ოთხ სხვა ავტომობილს, რომლებიც წინა აუქციონებზე არ გაიყიდა, კვლავ ყიდის.

მწყობრიდან გამოსული ავტომობილების გასაყიდად ელექტრონული აუქციონები დაწყებულია.

ხუთივე აუქციონი 2024 წლის 14 მარტს დასრულდება:

„გაზ 20 პობედა“

ავტომანქანა „გაზ 20 პობედა“ (გამოშვების წელი 1953, ძარა: 79246, ძრავა LJ 38864, შასი: 108144)

  • საწყისი ფასი – 6 000 [იყო 9 000] ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 150 ლარი.

მდგომარეობა – სატრანსპორტო საშუალებაში არსებული ძრავა (LJ 38864) წარმოადგენს არა „გაზ 20“-ის, არამედ სხვა მარკა მოდელის სატრანსპორტო საშუალების ძრავას. ავტომანქანა არის არამუშა მდგომარეობაში, არ იქოქება და ძრავა არ მუშაობს.

ეს მანქანა ერთ-ერთ აუქციონზე 9 ათას ლარად გაიყიდა, თუმცა გამარჯვებულმა თანხა აღარ გადაიხადა. წინა აუქციონზე სამინისტრომ „პობედა“ ისევ 9 ათას ლარად გაიტანა, თუმცა არ გაიყიდა.

MITSUBISHI OUTLANDER 2,4

ავტომანქანა MITSUBISHI OUTLANDER 2,4 (სახელმწიფო ნომერი SC-010- OA, გამოშვების წელი 2010, საიდენტიფიკაციო ნომერი JMYXTCW5WAZ701421)

  • საწყისი ფასი – 5 922 [იყო 11 844] ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 150 ლარი.

მდგომარეობა – ცუდი. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გამოსულია მწყობრიდან.

KIA SORENTO

ავტომანქანა KIA SORENTO (სახელმწიფო ნომერი XX-944-XY, გამოშვების წელი: 2010, ს/ნ KNAKU811DB5147885).

  • საწყისი ფასი – 7 500 [იყო 15 000] ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 180 ლარი.

მდგომარეობა – ცუდი. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გამოსულია მწყობრიდან.

MITSUBISHI OUTLANDER 2.4

ავტომანქანა MITSUBISHI OUTLANDER 2.4 (სახელმწიფო ნომერი CZ-407-ZZ, გამოშვების წელი: 2010, ს/ნ JMYXTCW5WAZ701420)

  • საწყისი ფასი – 8 000 [იყო 16 000] ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 200 ლარი.

მდგომარეობა – ცუდი. ძარას აღენიშნება ექსპლუატაციის პირობებში განვითარებული დაზიანებები კოროზიის, საღებავის აშრევების, ნაკაწრების სახით.

TOYOTA COROLLA

ავტომანქანა TOYOTA COROLLA (სახელმწიფო ნომერი LL611LC, გამოშვების წელი 2007, ს/ნ JTNBM58E102010322)

  • საწყისი ფასი – 3 600 [იყო 9 000] ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 90 ლარი.

მდგომარეობა – ავტომობილი გამოსულია მწყობრიდან, სარემონტოა ძრავა, ელექტრო გაყვანილობა, ვაკუუმის აგრეგატი და სხვა.

 

 

„მცემდნენ იმისთვის, რომ გაკვეთილი კარგად მოვყევი ან არ მოვყევი“ – რას ცვლის მოზარდში ჰომოფობიური ბულინგი

საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ჩაგვრისგან დიდი ხნის პრობლემაა, ამას მოწმობს საქართველოს სკოლებში სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები, რომელთა თანახმადაც ბულინგი მოსწავლეთა შორის ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა.

UNICEF-ი წერს, რომ ყველაზე დაუცველი/მოწყვლადი ბავშვები ბულინგის უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან. ხშირად ესენი არიან ბავშვები მარგინალიზებული თემებიდან. მათ შორის არიან ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან, სხვადასხვა გენდერული იდენტობის მქონე და შშმ ბავშვები.

ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ გაეროს მსოფლიო ანგარიშის (2006) მიხედვით, ბულინგის უმეტესობა სექსუალური ან გენდერული ხასიათისაა. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც გენდერულად შეუსაბამოდ [გენდერულად არაკონფორმულად] მიიჩნევიან.

სქესთან და გენდერთან დაკავშირებული შინაარსის ბულინგი პრობლემაა ქართულ სკოლებშიც. 2020 წელს „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულთა 28,6% გენდერული გამოხატვის ნიშნით ბულინგზე აკეთებს აქცენტს. მოსწავლეებზე ძალადობის მნიშვნელოვან მიზეზად ბავშვების მასკულინური და ფემინური ხასიათის სოციალიზაცია სახელდება – „ბიჭი უნდა იყოს მამაკაცური და გოგო – ქალური, თორემ იჩაგრებიან“.

„გენდერული გამოხატვის ნიშნით ბულინგი გულისხმობს მათი სქესისთვის არსებული მოლოდინებისგან განსხვავებული გარეგნობის, მანერების, ჩაცმის სტილის მქონე ბავშვებზე სხვადასხვა ფორმის ძალადობას.

25 წლის სერგო გვიყვება, რომ ბავშვობის შემდეგ ის ძალიან შეიცვალა, დღეს ადამიანებთან კომუნიკაციის კარგი უნარები აქვს, მაგრამ ბავშვობაში ასე არ იყო. „ბავშვობაში ძალიან ჩაკეტილი ვიყავი, შიშები, კომპლექსები მეგობრების მხარდაჭერით მოვიშორე“, – ამბობს ის. – „ახლა საწყობში ვმუშაობ მომმარაგებლის პოზიციაზე, თანამშრომლები ძალიან კარგები არიან, კომუნიკაბელური ვარ, ეს უნარი წლების განმავლობაში, სამსახურებში გამოვიმუშავე.

აქ ადამიანებთან კომუნიკაცია ვალდებულებაც იყო – ძირითადად ეს იყო სასაქონლო სამსახურები, სადაც პროდუქციასთან მქონდა შეხება და უშუალოდ მომხმარებელთან, ამავდროულად ვიყავი მოლარე, ბევრი გამოცდილება მაქვს ამ ტიპის სამსახურებში“.

სერგოს, ისევე, როგორც ლგბტქი+ მოზარდების დიდ ნაწილს, სკოლაში ბულინგის მძიმე გამოცდილება აქვს. სწორედ ამ მიზეზით სერგო სკოლის საბაზო განათლება აქვს, ანუ 9 კლასი დაამთავრა და სკოლიდან გამოვიდა. „ჩუმ აგრესიას ყოველთვის ვგრძნობდი სამეზობლოში, უბნელი ბიჭებისგანაც. ისინი ჩემზე პატარები იყვნენ ასაკით, მაგრამ დიდი გაბარიტებით, ანალოგიური აგრესიით იყვნენ ჩემ მიმართ.

სკოლაში მქონდა ძალიან რთული პერიოდი, ჩემი სიმაღლიდან, გარეგნობიდან გამომდინარე სულ დაცინვის და ძალადობის ობიექტი ვიყავი. სულ მცემდნენ ჩემი კლასელები, პარალელური კლასელებიც, სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი. ენერგიული ბავშვი ვიყავი, მხიარული, სხარტი აზროვნების, მოწადინებული ვიყავი სწავლაზეც, მაგრამ ბულინგი ძალიან ბევრ რაღაცას ცვლის ცხოვრებაში, გკეტავს შინაგანად, ემოციურად. [ძალიანაც რომ მოინდომო] ყველას თვალში ჩანხარ საცოდავი, მტირალა – „შეხედე, სულ ტირის.

გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავდიოდი, ჩემი მიმართულებით ხან წიგნი მოდიოდა, ხან „პასტა“, ხან მაგიდა, ხან სკამი. ზუსტი მიზეზი, ამხელა აგრესია ჩემ მიმართ, რის გამო იყო, ახლაც არ ვიცი… ალბათ ჩემი მანერულობა იყო მათთვის უცხო და მიუღებელი. მე ამას ვერც ვამჩნევდი მაშინ, არც ვფიქრობდი ამაზე.

რადიკალურად განსხვავებულ მიზეზებს მეუბნებოდნენ, დიდთავა, ცხვირა, წრიპა… დავტოვე 9 კლასი, სურვილიც აღარ მქონდა, რომ მესწავლა, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე. ტელევიზორისა და მუსიკის გარდა არაფერი მაინტერესებდა ცხოვრებაში, მაგრამ ნელ-ნელა დავიწყე ჩემ თავზე მუშაობა, ჯერ ჩემით, მერე მეგობრები დამეხმარნენ. ვერ გეტყვი, რომ სკოლაში შევეჩვიე ამ ყველაფერს. ბევრჯერ მიფიქრია, ავდგები და თავს მოვიკლავ-მეთქი, მაგრამ უკან დედა მყავს, ამ ნაბიჯს ვერასდროს გადავდგამ“. 

იუნესკოს უახლესმა ანგარიშმა გამოავლინა, რომ მსოფლიოს მოსწავლეების 30%-ზე მეტი გამხდარა ბულინგის მსხვერპლი, რაც დამანგრევლად აისახა მათ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა მათ აკადემიურ მიღწევებზე/მოსწრებაზე და სკოლის მიტოვებაზეც კი.

სერგო ამბობს, რომ ამ პერიოდში მას მხარდამჭერი არავინ ჰყავდა, თავისი ორიენტაციის შესახებ მხოლოდ სრულწლოვანებაში გაუმხილა მეგობარს, დედასთან კი იძულებით დააქამინგაუთეს: 

„პატარა ასაკიდან ვიცოდი, რომ ბიჭები მომწონდა, მაგრამ დიდი ხანი ამაზე არც ვფიქრობდი. ჩამალული მქონდა გულში. ასე იყო ლამის სრულწლოვანებამდე. როცა ჩემს ერთადერთ მეგობარს გავუმხილე ჩემი ორიენტაციის შესახებ, ცხოვრებაში პირველად, ზურგიდან უდიდესი ტვირთი მომეხსნა თითქოს.

სხვა დროსაც ვცადე სხვა ადამიანთან, მაგრამ ძალიან ცუდად შემომიბრუნდა ეს სურვილი, ოჯახში გასკდა ეს ამბავი. მე მინდოდა დედაჩემს ეს ყველაფერი ჩემგან გაეგო და გაეგო რბილად, მშვიდად, მინდოდა მეთქვა, რომ ამ თემში უფრო მეტი მეგობარი, გულშემატკივარი და თანამოაზრე ვნახე, ვიდრე ოდესმე სხვაგან… დამასწრეს, შემოვლით, სხვანაირად მიიტანეს ხმები. მე მინდოდა დედასთან ჩემს ენაზე, ჩვენს ენაზე გვესაუბრა, ის გამიგებდა…  მაგრამ დაიკარგა ეს შანსი“, – ჰყვება სერგო. – „დედა ძალიან ბევრი ადამიანის ზეგავლენის ქვეშ მოექცა…

სამწუხაროდ, ამ ზეგავლენას მე ვერ ვაჯობე. ჩემმა ემოციებმა ეს ვერ გადაწონა და გავეშვი. ვიცი, ვერ გადამიყვარებს, მაგრამ არ უნდა [ამის აღიარება].

რთული პერიოდი იყო. მოძღვარი, ეკლესია… თითქოს ეშმაკი მყავდა და ეგზორციზმი მჭირდებოდა, ხათრით დავთანხმდი, ჩათვალეს რომ განვიკურნე“.

სერგომ ვებდიზაინის მოკლე კურსი გაიარა, თუმცა ამ პროფესიით ვერ დასაქმდა: „ოჯახურმა პრობლემამ დამხია უკან, ქირით ვცხოვრობთ, ბოლოს გაგვიჭირდა ძალიან. ვმუშაობ სულ, ჩემი ხელფასები საშუალოდ 500-600 ლარია, დამატებით თუ რაიმეს გავაკეთებ, ეს არის“.

თემური 27 წლისაა, სკოლა აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დაამთავრა:

„არ ვიცი, რამდენად ხვდებოდნენ, რომ განსხვავებული ვიყავი მათგან, განსხვავებული „მაგ“ კუთხით, თორემ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ… სკოლაში ბევრი შემთხვევა იყო, როცა მჩაგრავდნენ, მაქილიკებდნენ და მერჩოდნენ უწყვეტად. ვიყავი ხშირად ჩემი კლასელების სამიზნე და სხვა კლასელების მხრიდანაც მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჩარჩოებში ვერ და არ ვჯდებოდი.

სკოლის მერე, სასწავლებელშიც გაგრძელდა… ყოფილა შემთხვევა, ძალიან საშიშ ზღვართან მივედი. როცა საკუთარი თავის მიმართ მიმღებლობაც არ გაქვს, ჩამოყალიბებული არ გაქვს წარმოდგენები, გათვითცნობიერებული არ გაქვს, ვინ ხარ და ამ დროს ყოველ დღე გერჩიან, დაგცინიან, არ განებებენ თავს…

საბოლოოდ თვითმკვლელობაც დავაპირე, ერთი ახალაშენებული მაღალი შენობა იყო აქვე ახლოს, იქ ავიპარე და გადმოხტომას ვაპირებდი, რომ მეგობარმა დამირეკა და ყურადღება გადამატანინა. მაგას ერთი წამი უნდა, შეიძლება უცებ გადადგა ნაბიჯი და მერე უკან ვეღარ დააბრუნებ დროს. დროთა განმავლობაში ვისწავლე თავის დაცვა, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს ამას.

სკოლაში რაც ხდებოდა, იმის შესახებ არ ვსაუბრობდი. თითქოს ნორმა იყო ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. უფროს კლასებში ასეთი თამაშები ჰქონდათ, ამოიჩემებდნენ ვინმეს, ურნას ჩამოაცვამდნენ თავზე… სხვათა შორის, რამდენიმე მასწავლებლისგან მიგრძნია მხარდაჭერა, როცა შეამჩნიეს, რომ უმიზეზოდ მერჩოდნენ. ერთმა მითხრა, თუ რამეს გეტყვიან ან შეგაწუხებენ, აუცილებლად მითხარი და დაგეხმარებიო; სასწავლებელში მხარდამჭერად სწორედ ის ერთი, საუკეთესო მეგობარი მეგულებოდა, ვინც იმ დღეს დამირეკა და გადამაფიქრებინა გადმოხტომა. სახლში – არავინ.  

[არამოდურ] ტანსაცმელზეც დამცინოდნენ, ფემინურობაზეც, მაგრამ მე ვერც ვარჩევდი ჩემს თავში ფემინურობას. ეს სიტყვაც არ ვიცოდი მაშინ, არანაირი ცოდნა არ მქონდა, პრობლემას ვეძებდი ჩემს თავში – რა უნდათ ჩემგან, რა მაქვს ცუდი. მერე შენს თავთან რომ არკვევ სხვა ორიენტაცია გაქვს, ხარ გეი, გგონია, რომ ეს არასწორია, დაავადებაა, ცოდვაა… თავს იდანაშაულებ, უკვე თავადაც ერჩი საკუთარ თავს.

ამ გამოცდილებების შედეგად დღესაც მიჭირს ადამიანებთან დაახლოება. ხშირად მაქვს გაუცხოება. არ მიყვარს, როცა ზედმეტად „მიშინაურდებიან“, ფამილარულად მომმართავენ ახალი ადამიანები“. 

თემური საზღვაო ინდუსტრიაში მუშაობს, ნაოსნობა კი კაცებით დომინირებული სფეროა. თემური ამბობს, რომ ჰომოფობია არ არის უარესი ნაოსნობაში, ვიდრე სხვა სფეროებში, მაგრამ ვერც იმას უარყოფს, რომ ასეთი შემთხვევებიც ხდება – „მცირე რაოდენობით, მაგრამ არიან ასეთი ადამიანები.

სკოლის პერიოდში სამომავლო გეგმებზე ფიქრი მიჭირდა, ვერც ვფიქრობდი სამსახურზე, მაშინაც კი, როცა მეზღვაურობა დავაპირე, არ მქონდა ცხადად წარმოდგენილი. ვიცოდი, რომ გემზე რთული იქნებოდა, მაგრამ იმაზე, თუ რა დამოკიდებულება დამხვდებოდა – წინასწარ ვერ ვფიქრობდი მაშინ.  

იშვიათად, მაგრამ გემზეც ყოფილა დაცინვა, ირონიული დამოკიდებულება, ძირითადად ქართველებისგან. შევიწროების მომენტიც ყოფილა, არაეთიკური და უხამსი ხუმრობა, ზედმეტად პირადი კითხვები… თუმცა ამაზე ძალიან მკაცრი რეაქცია მაქვს დღეს. 

ცხადია, პირად ცხოვრებაზე არ ვსაუბრობ ყველასთან, მაგრამ ირონია იგრძნობა, როცა მათსავით არ იქცევი, არ სვამ, არ ეწევი, გოგოებზე ლაპარაკის დროს ირონია იგრძნობა. ოღონდ ეს სამუშაოზე ვერ მოახდენს გავლენას, იქ სხვა ადამიანებიც არიან, ახლა სხვა დროა.

არ ვიცი, ახლა რა მდგომარეობაა სკოლებში. ვეჭვობ, დიდად არაფერი შეცვლილა, მაგრამ  იმედი მაქვს, დღეს სკოლას ბავშვების დაცვის უკეთესი მექანიზმები აქვს, ვიდრე მაშინ. ვფიქრობ, ბულინგის და ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული პროგრამები და კამპანიები ამ პრობლემას შეამცირებდა. [საგანმანათლებლო დაწესებულებებში] ეს საკითხი მუდმივად უნდა იყოს ყურადღების ცენტრში. ბულინგს ფიზიკურის გარდა სხვა ფორმებიც აქვს, ფაქტია, რომ კამერები ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას.

სწავლის მოტივაციამქონდა ნული. პირველივე თვეს მივხვდი, სწავლა იმიტომ არ მინდოდა, რომ ბევრი ვიღაც მაბულინგებდა. აკადემიაში რომ ბულინგი გავიარე, მასეთი არც სკოლაში გამივლია, არც სამეზობლოში და არსად. მინდოდა სხვაგან გადასვლა, მაგრამ თანხა გადახდილი იყო, ფინანსურად გვიჭირდა… გინდა თუ არა უნდა გამეგრძელებინა, იმის იმედიც გვქონდა, რომ ეს პროფესია ფინანსურადაც მოგვიგვარდებოდა რაღაცებს”.

ნიკო 24 წლის გენდერქვიარი ადამიანია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას არც კაცური იდენტობა აქვს და არც ქალური, ან და ზოგჯერ ამ ორის კომბინაციას წარმოადგენს. როცა ნიკო აჭარის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფლიდან დაბის სკოლაში გადავიდა, მისი მანერულობა ჩაგვრის მთავარი საბაბი გახდა.

„მათთვის თავიდან მხოლოდ „სოფლელი“ ვიყავი, თუმცა მოგვიანებით სხვა – „იდენტობებიც“ დაემატა. ჩემი [იდენტური] თვითგამორკვევის პარალელურად, ჩემი მანერები უფრო ფემინური ხდებოდა, ბიჭებთან რომ არ მქონდა კომუნიკაცია და მათსავით არ ვსაუბრობდი, არ ვიგინებოდი, ამის გამო ათას რამეს მეძახდნენ; ერთხელ ისიც გაიგეს, რომ მუსლიმი ოჯახი მყავდა, რის გამოც ხოჯას მეძახდნენ და მცემდნენ“. 

ქვიარბულინგის შესახებ კვლევაში წერია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რაც ქვიარბავშვებსა და მოზარდებს სკოლაში უსაფრთხოების განცდას უკარგავს, მასწავლებლების ცოდნისა და სენსიტიურობის სიმწირეა ბულინგის (განსაკუთრებით გენდერული და ჰომოფობიური ბულინგის) მიმართ. ეს კი მათ შემდგომ ფსიქიკურ კეთილდღეობასა და განათლების შესაძლებლობებზე აისახება.

„მასწავლებლებისგანაც მახსოვს დამცინავი კომენტარები. ერთ მასწავლებელს განსაკუთრებით არ მოვწონდი, ითხოვდა ჩემგან, რომ უფრო კაცური ვყოფილიყავი, უფრო ვაჟკაცური. მეუბნებოდა, „რანაირად იქცევი; რანაირი კაცი ხარ; ეს რა კაცის საქმეა, წადი ბიჭებთან დადექი; თმა კაცივით შეიჭერი“. სხვა მასწავლებელი სოფელზე მეხუმრებოდა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო ამყარებდა იმ სტერეოტიპს ჩემს კლასელებში, თუ რა არის „სწორი, ნორმალური“ და რა „არანორმალური“ ქცევა“, – ამბობს ის. 

„ყველაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო ფიზიკური ძალადობის მაპროვოცირებელი – ის, რომ გაკვეთილი კარგად მოვყევი, ან არ მოვყევი, ან რატომ მეცვა ის ფერი, რაც მეცვა. ფეხბურთის თამაშზე რომ უარს ვამბობდი, ან რომ არ ვამბობდი. დედა სულ ბრაზობდა, ისეთი დასვრილი ტანსაცმლით ვბრუნდებოდი სახლში, ხშირად მოდიოდა სკოლაში, ურეკავდა დამრიგებელს, მშობელთა კრებებზე ელაპარაკებოდა იმ ბავშვების მშობლებს, მაგრამ არასდროს ამას შედეგი არ ჰქონია. არაფერი განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ვეცემე. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ღრმავდებოდა ჩემსა და კლასელ ბიჭებს შორის უფსკრული, აგრესია მატულობდა.

დიდი ხანი, სხვებთან კომუნიკაციის დროს, ვიქცეოდი, როგორც ძალიან ჰეტერონორმატიული ადამიანი. ეს, ამ გადმოსახედიდან რომ ვუფიქრდები, ძალიან რთული რამ არის – გარემო გაიძულებს, რომ საკუთარი თავი წაშალო და ვიღაც სხვა ადამიანი წარადგინო. რეალურად იმ სოციალიზაციის სიამოვნებას საერთოდ ვერ ვიღებდი ადამიანებისგან, იმიტომ , რომ ის მე არ ვიყავი.

სკოლაში ჩაგვრამ დიდი ზეგავლენა იქონია სწავლაზე, ქცევაზე, სოციალიზაციის უნარებზე. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მომზადება გამოცდებისთვის. გაკვეთილის მოყოლა საერთოდ არ მინდოდა, კარგად მოვყვებოდი მცემდნენ, ცუდად მოვყვებოდი, მაინც მცემდნენ, სულ მცემდნენ. ბოლოს ვამბობდი, რომ გაკვეთილი არ ვიცი და არ ვყვებოდი არაფერს. რაღაცებს კი ვსწავლობდი, მაგრამ ისე კარგად აღარ, მეგონა, რომ თუ აღარ ვისწავლიდი, იმის პრევენციას მოვახდენდი, რომ არ გავლახულიყავი, მექნებოდა ნამდვილად სათქმელი, რომ არ ვიცოდი. საკონტროლო წერაშიც კი, კარგ ნიშანს რომ ვიღებდი, მეჩხუბებოდნენ, რატომ მოგვატყუე თითქოს არ იცოდიო. Რაღაც საგნებს არ ვსწავლობდი საერთოდ.

უნივერსიტეტსა და სამსახურზე კი არა, ზოგადად ყველაფერზე ფიქრის მეშინოდა, ძალიან დიდი ხანი ბიჭი მეგობრები არ მყავდა, მეგონა, ყველა ამითვალწუნებდა. პროფესიად სამედიცინო ავირჩიე, ვიცოდი იქ ბევრი გოგო იქნებოდა და იმედი მქონდა, რომ გადავრჩებოდი (სკოლაშიც მხოლოდ გოგოებთან ვმეგობრობდი და იმ ბავშვებთან, ვისაც ჩემსავით სცემდნენ სხვა კლასებში).

საბედნიეროდ უნივერსიტეტში ჩაგვრა და ძალადობა არ ყოფილა, თუმცა სემინარის მოყოლის შიში გამყვა, ვერ ვაბარებდი სემინარს, თუ წერილობით არ იყო დასაწერი. მერე ფინანსური პრობლემების გამო მომიწია აკადემიურის აღება, რომ დამეგროვებინა ფული და გადამეხადა, მაგრამ… საბოლოოდ ვეღარ დავასრულე“. 

ნიკო დღეს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს. ამბობს, რომ მისი სამსახური უსაფრთხო სივრცეა, თუმცა უცხო ადამიანებთან, განსაკუთრებით კაცებთან კომუნიკაციისას შფოთვა დღემდე აწუხებს. „არის ვითარება დღესაც, როცა უსაფრთხოდ არ ვგრძნობ თავს და ამ შეგრძნებებს მხოლოდ ბულინგი არ უდევს საფუძვლად” – ამბობს ის. – „იქამდე ვმუშაობდი მომსახურების სფეროში, მიმუშავია ბარმენადაც, მიმტანადაც; მიმტანობისას ყოველ დღე მიწევდა კამათი, ისინიც კი მერჩოდნენ, ვინც თემის წევრები იყვნენ და ჩემგვარი იდენტობა ჰქონდათ, ალბათ უნდოდათ უფრო დაცულად ყოფილიყვნენ“.

ნიკო მიიჩნევს, რომ ამ საკითხებზე შესაბამისი განათლების გარეშე სკოლაში არსებული უსაფრთხოების მექანიზმები ვერ იქნება ეფექტური.

„მანდატური [სამსახური]  არასდროს არ მუშაობდა ჩვენთან, ცოტანი იყვნენ მანდატურები, ორი მათგანი სკოლის გასასვლელებს იცავდა, ბავშვები რომ არ გაპარულიყვნენ. იშვიათად ხდებოდა მათთან კომუნიკაცია – უბრალოდ, გაფრთხილების ხელწერილებს გვაწერინებდნენ, რომ მეორედ არ განმეორდება ასეთი შემთხვევა და მორჩა. არაფერს გვეუბნებოდნენ. ახლა არ ვიცი, როგორ ხდება.

სქესობრივი განათლების საკითხების (გენდერი და სექსუალობა, ნორმალურია თუ არა გქონდეს „განსხვავებული“ სექსუალური ორიენტაცია) შეტანა სკოლაში, სრულად ალბათ არ აღმოფხვრიდა, მაგრამ ნამდვილად შეამცირებდა გენდერისა და სექსუალობის ნიშნით ბულინგს. ეს ბავშვები მოდიან ისეთი სოციუმიდან, სადაც გამჯდარია მცდარი რწმენა-წარმოდგენები, ყველაფერი ებრძვის „განსხვავებულს“, ოჯახშიც ეს ესმის ბავშვს და იჯერებს ამას…”

სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი ცენტრალური კომპონენტია. ამ მიზნით საჯარო სკოლებში 2010 წლიდან ინტეგრირებულია მანდატურის სამსახურიც. თუმცა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ 2023 წლის კვლევაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ბავშვებისგან, განსაკუთრებით ბიჭებისგან, ამ საკითხზე მასწავლებლის ან მანდატურისადმი მიმართვიანობა კვლავ პრობლემურია: – „ბიჭების წრეში აღნიშნული კვლავ „ჩაშვებად“ მიიჩნევა“. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სკოლაში დაფიქსირებული დარღვევების ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში შენახულ ინფორმაციაზე წვდომა აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

გარდა ამისა, კვლევის მიგნებებში წერია, რომ სასკოლო უსაფრთხოების არქიტექტურის ქართული მოდელი, სადაც წამყვანი ადგილი ტექნოლოგიურ საშუალებებსა და სკოლაში მივლენილ უსაფრთხოების პერსონალს (სკოლის მანდატურს) უკავია, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნის მოძველებულ მიდგომას ეყრდნობა. 

ხანძარი ჩაქვში, მაგისტრალის გასწვრივ

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიებზე, რამდენიმე ადგილას ხანძარია.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გვიმრებსა და ეკალ-ბარდს უკიდია.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტუაციას სახანძრო სამსახური აკონტროლებს: „არ ვიცით რა მიზეზით გაჩნდა ცეცხლი, შეიძლება გაუკიდეს ბალახს და შემდეგ სხვა ადგილებს მოედო. რაიმე ზარალზე ინფორმაცია არ გვაქვს. ცეცხლის კერა ამ დროისთვის [19:10 სთ] რამდენიმე ადგილზე რჩება ჩაქვში, მეშვიდე რაიონში – ქობულეთის შემოვლითი გზის გასწვრივ“.

ცეცხლი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს არ არის.

მერიაში ამბობენ, რომ ხანძრის მთავარი კერები ლოკალიზებულია და საცხოვრებელ სახლებზე ცეცხლის გადადების რისკი არ არის.

ჯერ რესტორანი, შემდეგ ევაკუატორი – რა შეემთხვა ორ მეგობარს ბათუმში?

რამდენი წლის იყავით, თქვენი პირველი მანქანა რომ გქონდათ? მე 18 წლის ვიყავი.

სამწუხაროდ, იმ მანქანის „ცხოვრება“ არცთუ კარგად დასრულდა, ისე მოხდა, რომ ერთდროულად ორ მანქანას დავეჯახე, ყველანი უვნებლები გადავრჩით, გარდა ჩემი მანქანისა. 

შემდეგ იყო მეორე მანქანა, რომელიც ჩემი ფულით ვიყიდე. სამ ადგილას ვმუშაობდი, სესხიც დავამატე და პატარა, ძალიან პატარა, ორსავარძლიანი მანქანა ვიყიდე. იმდენად პაწუა იყო, რომ ჯერ ვიხრებოდი, სავარძელზე გვერდულად ვჯდებოდი, მერე ხელით შემქონდა ჯერ ერთი და მერე მეორე ფეხი, მერე ოთხად ვკეცავდი ზედა ტანს და ისე ვთავსდებოდი.

იმდენად პაწუა იყო, რომ ზამთარში პერანგით დავდიოდი, ქურთუკით ვეღარ ვეტეოდი, იმდენად პაწუა იყო, რომ ყოველ საღამოს ვიწონიდი, ყველა კილოგრამს ვაკონტროლებდი, იმდენად პაწუა იყო, რომ გარედან ისე ჩანდა, მანქანა მეჯდა მე კალთაში და არა პირიქით, იმდენად პაწუა იყო, რომ პაემანზე ტაქსით დავდიოდი, ამიტომ როცა მამამ მითხრა, რომ თუ ჩემ პატარა დას, რომელიც ტანმორჩილია და სულ რაღაც 40 კილოს იწონის, მანქანას ვაჩუქებდი, ჩემი ზომა–წონის მანქანის საყიდელ ფულში შემეხიდებოდა, სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი.

ხელის კანკალით შევარჩიე მანქანა, გულისფანცქალით ველოდი პასუხს, ხომ იყო ნამდვილად გამართული, ყოველ საღამოს 21 საათზე ვიძინებდი, რომ კიდევ ერთი დღე მალე გათენებული და ჩამოსულიყო. და აჰა, დადგა ეს დღეც, ჩამოვიდა ჩემი მანქანა ბათუმის პორტში. მამამ მითხრა, რომ ევაკუატორით სჯობდა ჩამოყვანა, რადგან, არავინ იცის, რამდენად გამართულია და სანამ არ შევამოწმებთ, სჯობს, ისე საჭესთან არ დავჯდე. ჩემი ლურჯა, ევაკუატორის მძღოლმა ჩემზე ადრე უნდა ნახოს?

–ევაკუატორის „ნატარები“ მანქანა არ მინდა, – ვცადე ხუმრობა, მაგრამ არ გამივიდა.

ბევრი უფულობა მოვიმიზეზე. მამას უკვე მომარჯვებული ჰქონდა თანხა. სხვა რა გზა მქონდა, დავთანხმდი. ეშმაკივით შემომიჩნდა მეგობარი, ჩემი ძმა დასავლეთში მიდის მანქანით, გავყვეთ და ბარემ შენი მანქანა ჩვენ ჩამოვიყვანოთ, რა ევაკუატორიო. სახლში დავრეკე და დავიბარე, რომ ევაკუატორს უკვე შევუთანხმდი და ღამით მეგობართან ვრჩები, სინამდვილეში კი, წავედით დასავლეთისკენ.

საღამოს უკვე ადგილზე ვიყავით. გადავწყვიტე, მამამ რომ ევაკუატორისთვის ფული მომცა, იმ ფულით მეგობრები რესტორანში წამეყვანა. გაფიქრება, თქმა და რესტორანში შესვლა ერთი იყო. მე არ დამილევია, ცხადია, მაგრამ მეგობრებმა კარგად მოილხინეს. ჩავუთვალე მიმტანს ევაკუატორისთვის გადადებული თანხა, რად მინდა, აქ არა ვარფხიზელი მძღოლი? ჩემ ლურჯას თავად წამოვაბრძანებ.

მეორე დღისთვის ყავის და საუზმის ფულიც მოგვრჩა და დადგა ნანატრი წუთები, მეღირსა მანქანა, რომელშიც პირდაპირ შევალაჯე და გამართულად დავჯექი. მამამ დამირეკა, რომელ საათზე ჩამოაქვს ევაკუატორს მანქანა, სუფრას გიმზადებთ, რომ აღვნიშნოთო, ცოტათი კი შემრცხვა, რამდენიმე საათის წინ, უკვე კარგად აღვნიშნე, მაგრამ მეორე მხრივ, როცა ახალი მანქანა გაქვს, რამდენიმე დღე მინიმუმ, „ყოველი დღე შაბათია“–თქო, დავიმშვიდე თავი.

ის იყო ბათუმს უნდა გამოვცდენილიყავით, რომ მანქანამ სვლა თავისით შეაჩერა და გაჩერდა. გაჩერდა და ვეღარც ვქოქავთ.

–მე შევამოწმებ, – თქვა მეგობარმა და კაპოტი ახადა. ყოველ 30 წამში ერთხელ, დამძახოდა – აბა, დაქოქე…

15 წუთის და დაქოქვის 30 მცდელობის შემდეგ ვკითხე, რას აკეთებდა.

–სხვადასხვა ნაწილებს ვეხები და ვანჯღრევ, იქნება და ეშველოს… ესენი რატომ გვისიგნალებენ?

–იქნებ, იმიტომ რომ თითქმის შუა გზაზე ვდგავართ?

–ასიანი. უნდა გადავაგოროთ გზიდან.

რა კარგი ყოფილა ის ჩემი პაწუა მანქანა, ჯერ ერთი და კომპაქტური, მთლად შუა გზაზე რომ დამდგარიყავი, ისე აგივლიდნენ და ჩაგივლიდნენ მანქანები, არავის აწუხებდი, არავის აფერხებდი, აზრადაც არავის მოსდიოდი, რომ დაესიგნალებია და მეორე – გზიდან გადააგორებდი კი არა, აიღებდი და გადადგამდი ლამის.

–ბიჭებო, საწვავი ხომ არ გაგითავდათ? – გვეკითხებიან ერთი მანქანიდან.

–საწვავიო, საწვავი შეამოწმე? ჩაასხი საერთოდ?

ორივემ ერთად შევამოწმეთ, კი, საწვავი გვაქვს.

ეს კი გადავაგორეთ გზიდან, მაგრამ თბილისამდე როგორ გინდა აგორო? რაღაცა უნდა მოვიფიქროთ.

–არა, ხომ გითხრა მამაშენმა ევაკუატორით წამოიღეო? მე რას მიჯერებდი? ცხოვრებაში მანქანა არ მქონია, ტარებაც კი არ ვიცი. სირცხვილით სად უნდა თქვა, რომ მე დამიჯერე?

– ნამუსზე მაგდებს, ან თავს იმშვიდებს.

ამ დროს მამამ დამირეკა, ხაჭაპურების დაცხობა რომელ საათზე დავიწყოთო.

ევაკუატორი გვჭირდება, – თავზე მადგას ეს აბუზული. უკვე მეც ვიცი, რომ გვჭირდება ევაკუატორიც, პლედიც, საჭმელიც, ცხელი ყავაც და გაციების საწინააღმდეგო წამლებიც დაგვჭირდება მალე.

გაჭირვება მარტო არ მოდისო, როგორც ამბობენ, აღმოჩნდა, რომ ქსელს პრობლემა აქვს და მობილური ინტერნეტითაც ვერ ვსარგებლობთ.

ვინმე ისეთს უნდა დავურეკო, ვისაც მამაჩემი არ იცნობს და ამ ამბავს შემთხვევითაც ვერ გაიგებს, მეგობრებს იცნობს, ნათესავებს ცხადია, რომ იცნობს, ნათლიებსაც, ნათლულებსაც და მეზობლებსაც. თანამშრომლებს უნდა დავურეკო. 3 თანამშრომელი მყავს, სამივე გოგოა, ანას დავურეკავ, დანარჩენი ორი ჩემ დას იცნობს და სახიფათოა. ჯერ ევაკუატორს მოვძებნი და მერე მოვიფიქრებ ფული სად ვიშოვო. დავურეკე, მაგრამ საუბარიც წყდებოდა და ლამის 1 კილომეტრი ფეხით ვიარეთ, რომ ცოტათი უკეთ დაეჭირა ქსელს.

–ანა, შეგიძლია ევაკუატორი გვიპოვნო ინტერნეტით?

–კი, რად გინდა?, – რატომ შეიძლება მინდოდეს ევაკუატორი, ნეტავი, სულელი თავის პატრონი ფეხებიც ცოდოა და ბორბლებიცო, ისე რომ არ იყოს ჩემი საქმე. სხვა გზა არ მქონდა, მოვუყევი რაც დამემართა.

–რამდენი ტონაა შენი მანქანა?

–ტონის მიხედვითაა ფასი?

–არა, მექანიკურ ჯალამბარს მეტი წევა აქვსო, აქ წერია.

–იყოს მაშინ მექანიკური.

–მოიცა, აქ წერია, რომ სამაგიეროდ, ელექტრო ჯალამბარის უპირატესობა ისაა, რომ ძრავის გაუმართაობის დროსაც შეუძლიათ მუშაობაო და მეორე მხრივ, ესეც კი წევს 7 ტონამდე ტვირთს.

–მაშინ, ამ შემთხვევაში, სულ ერთია. რომელი ავტო დილერი მე ვარ, რომ ათობით მანქანა და ასობით ტონა მომქონდეს.

–დაზიანებული ავტომობილის ჩატვირთვას საგზაო შემთხვევის ადგილიდან უმოკლეს დროში შესძლებთ ამწე–მანიპულატორითო, დაზიანებულია ხომ თქვენი მანქანა? მოიცათ, აქ კომენტარებიცაა.

რა კომენტარები გვცივა, გვშია, გვწყურია, მაგრამ ანა სანამ ყველა წვრილმანს სანამ არდაადგენს, არ მოეშვება.

–ერთს უწერენ – მოვიდა სწრაფად და ურთულესი ადგილიდან აიღო ჩემი მანქანა, სწრაფი, იაფი და ხარისხიანი სერვისია.

–კარგია, ანა, იყოს ეგ.

–არა, მოიცათ, თქვენ ხომ ბათუმში ხართ? აქ იმდენი განცხადებაა, ქალაქების და ადგილების მიხედვით, რამდენიმეს უწერია, რომ დასავლეთ საქართველოში მუშაობს და შესაბამისად, ახლოს იქნება და მალე მოვა.

–მმმ

–ხმა წყდება.

–ხმა კი არ წყდება, გავიყინე და ვერ ვლაპარაკობ, დარეკე, ანა, რომელიმესთან, ნებისმიერთან.

–გინდა, რამდენიმესთან დავრეკო? აქ მართლა იმდენი განცხადებაა, ფასებიც კონკურენტული იქნება და ვიკითხავდი.

–არა, ანა, გეხვეწები, პირველივე ვინც შეგხვდება, იმას დაურეკე, გთხოვ.

დარეკა, შეუთანხმდა, ძალიან მალე მოვაო, დაგვაიმედა და ახლა ფული დაგვრჩა საშოვნელი, ვფიქრობ, როცა მოულოდნელად მეკითხება: – ბიჭებო, ფული გაქვთ?

–ფული არა, სინდისი მაქვს და თუ ჩაგვირიცხავ, 3 დღეში დაგიბრუნებ ხელფასიდან, – სული ჩავაქსოვე თხოვნაში.

ევაკუატორი მართლა ძალიან მალე მოვიდა. მართლა პროფესიონალურად, სწრაფად, ხარისხიანად მუშაობდა და წუთებში ჩემი მანქანა უკვე „დაბმული“ იყო. ძალიან მაგარი კაცი შეგვხვდა. Ვსადილობდი, რომ დამირეკეთ ბუტერბროტები წამოგიღეთ, გეშიებათო.

მამას აღარ დაურეკავს ბოლო საუბრის მერე და ახლა მე დავურეკე, დედამ მიპასუხა, მამაშენი უკვე სვამს, მეგობრებიც შეგიკრიბა და სუფრასთან სხედანო. მშვენიერი, გამოკითხვის დრო და საშუალება აღარ ექნება, ვფიქრობ.

ჩამოვდეთ ეს ჩემი მანქანა ეზოში და შევიძურწეთ სახლში. გაშლილია სუფრა, ჩემი მეგობრები, მეზობლები და რამდენიმე ნათესავიცაა, მაგიდის ერთ მხარეს კი, ჩემი სამივე თანამშრომელი, მათ შორის, ანაც, სიურპრიზი გაგიკეთეთ, შენ დას დავარეკინეთ და ესენიც დავპატიჟეთო, – დედამ, მამამ, – ბათუმში წვიმდაო? ანამ, – ვალი არ გაქვს, მამაშენმა დამირიცხა ის ფული გადმოსარიცხადო. მეგობარმა, – ჯუმბერ ბიძია, ერთი მითხარით, კაცს რომ მანქანა არ ჰქონია არასოდეს და ტარებაც არ იცის, რანაირად უნდა დაუჯეროო? – მამაჩემს.

მანქანას პატარა ნაწილი ჰქონდა გადამწვარი, 25 ლარად იყიდა მამაჩემმა და თავისი ხელით გამოცვალა.

–ასეთმა პატარა ნაწილმა ამხელა მანქანა როგორ გააჩერა რიკოთზე, ეგ ნაწილი კიდევ ვიყიდოთ რამდენიმე და გვედოს მანქანაშიო, – მეგობარმა, მაგრამ მერე მეტყვის, რას მიჯერებდიო და ამჯერად აღარ დავუჯერე.

მამაჩემს სიტყვა არ უთქვამს ჩემთვის, მაგრამ სამაგიეროდ, მეგობარი, ნათესავი, მეზობელი არ დატოვა, ვისაც ეს ამბავი არ მოუყვა, მაღაზიაში შევედი უბანში გუშინ და გამყიდველმა, ეს ფული ევაკუატორისთვის გადასახდელი თანხიდან მოგრჩა, თუ ხელფასი აიღეო? 

სამაგიეროდ, ახლა ვიცი, როგორ უნდა გადავიხადო ევაკუატორში ნაკლები – უბრალოდ ევაკუატორის ფულით რესტორანში არ უნდა წავიდე.

უცხოეთის 4 მოქალაქე ნარკოდანაშაულზე დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩინეთისა და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აეროპორტში მისი პირადი ჩხრეკა განხორციელდა.

ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეთადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები.

ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აბიტურიენტებო, გაიგეთ რა შესაძლებლობებს გთავაზობთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კამპუსით, თანამედროვე აკადემიური მრავალფეროვანი  პროგრამებითა და განვითარებული სტუდენტური სერვისებით.

YouTube video player

აბიტურიენტებს SEU-ში გელოდებათ:

-საერთაშორისო ლექტორები;

-სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში;

-ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა;

-საერთაშორისო კონფერენციებში, პროექტებში, ზაფხულის/ზამთრის სკოლებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა

-სტიპენდიები

-დასაქმების მაღალი პერსპექტივა

-ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა

-მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება

-საერთო საცხოვრებელი

YouTube video player

SEU გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:

YouTube video player

ქედაში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ქედაში, საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარია.

როგორც ქედის მერიაში აცხადებენ, ცეცხლი სახლის სახურავს გაუჩნდა.

მერიის ინფორმაციით, კორპუსში მცხოვრები ადამიანები ევაკუირებულნი არიან, ადგილზე იმყოფება სახანძრო და სამაშველო ჯგუფები.

 

ბათუმსა და თბილისში ლარის და დოლარის ყალბი კუპიურების გასაღებისთვის 3 პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით გამოვლინდა ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულია სამი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გასაღებულ იქნა 19 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში ქ. ბათუმში, სხვადასხვა ობიექტზე, ბრალდებულმა გაასაღა 4 ცალი 100 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი ყალბი კუპიურა. გამოძიების პროცესში, აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.“ – აცხადებს უწყება.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 411 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850]
  • ტანკი – 6 556 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 12 494 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 10 009 ერთეული [+16]
  • MLRS – 1 000 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 686 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 340 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 729 ერთეული [+22]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 912 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 065 ერთეული [+28]
  • სპეცტექნიკა – 1 588 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 575 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 13 523 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 474 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 252 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 226 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 176 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 138 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორი იყო ნურის ტბა და პარკი სხვადასხვა დროს

ბათუმის ცენტრალური პარკის მთავარი მშვენება, ნურის ტბა, თავიდან კოღოების ბუდე და მალარიის გავრცელების წყარო იყო ქალაქისთვის. ტბის ირგვლივ პარკის მოწყობა 1881 წელს დაიწყო.

პარკს თავიდან რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად „ალექსანდრეს ბაღი“ ერქვა, მერე სახელი ბევრჯერ შეუცვალეს. 1932 წელს კულტურისა და დასვენების პარკად გადააკეთეს, 1933 წელს – ბავშვთა პარკად, მერე – პიონერთა პარკად. 2006 წლიდან კი 6 მაისის პარკი ეწოდა. ხან ბერიას სახელობის იყო პარკი, ხან ლენინის, ხან მოსწავლე ახალგაზრდობის.

ბათუმის ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის, იგივე სობოროს საძირკვლის კურთხევისას, 1888 წლის 25 სექტემბერს, იმპერატორი ალექსანდრე მესამე ეწვია ბათუმს.

დავით კლდიაშვილი მემუარებში იხსენებს: სიმბოლური ხეების დარგვას რომ მორჩებოდა იმპერატორი და ბაღიდან გავიდოდა, სათამაშო ზარბაზნის სროლით უნდა შეხვედროდნენო – ასეთი გეგმა ჰქონდა თურმე ერთ ახირებულ პოლკოვნიკ შევიჩს. ურჩიეს პოლკოვნიკს, რომ მასხრობას დაემსგავსებოდა ყველაფერი, მაგრამ ის თურმე თავისას არ იშლიდა, ვორონცოვ-დაშკოვი ჰყოლია მფარველად და დიდგულობდა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ იმპერატორმა სულ სხვა მხრიდან დატოვა თურმე ბაღი და შევიჩი დიდად გულდაწყვეტილი დარჩა.

ბათუმის ცენტრალური პარკისა და ნურის ტბის სხვადასხვა წელს გადაღებული ფოტოების ნაწილი ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციებშია დაცული.

1900 წელი, ნურის ტბა/საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ნურის ტბა 1965 წელი, ბათუმი, ღია ბარათი/საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადები/საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი 1951 წელი/ელეფთერ ლაფაჩის კოლექცია/ეროვნული ფოტომატიანე

 

ნური გელის ტბა მზის ჩასვლისას, ბაადურ ქობლიანიძის კოლექცია/საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ღია ბარათი, ნური გელის ტბა, ბაადურ ქობლიანიძის კოლექცია/საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

ბათუმის ცენტრალური პარკი 1970 წელს

 

ნური გელის ტბა, ბაადურ ქობლიანიძის კოლექცია

 

ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ფოტომატიანე

„მანდარინი დაგვილპა, ციტრუსის დამამზადებელი საწარმო კი გამოკეტეს“ – აქცია ქობულეთში

„მანდარინის მოსავალი დაგვილპა, წავიღებთო და მოგვატყუეს, ციტრუსის დამამზადებელი საწარმო კი, გამოკეტეს,“ – ამბობს ჟუჟუნა ქარცივაძე, საპროტესტო აქციის მონაწილე, რომელიც დღეს, 26 თებერვალს, ქობულეთის სოფელ ქაქუთში გაიმართა.

დავის საგანი ციტრუსის დამამზადებელი საწარმოა, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს კოოპერატივ „ქაქუთს“ კონკრეტული პირობებით – 1 ლარად გადასცა, თუმცა ვალდებულებები არ შესრულდა. ვალდებულება ციტრუსის დამზადება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება იყო. 2023 წლის ოქტომბერში საწარმო „ქაქუთისგან“ შეუძენია „აჭარის თემს“, თუმცა ვალდებულება არც ახლა სრულდება.

ირკვევა, რომ ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში სათემო კავშირები იქმნება იმ კოოპერატივების ნაცვლად, რამაც ვერ გაამართლა. კოოპერატივი „აჭარის თემის“ ხელმძღვანელმა და ერთ-ერთმა მეწილემ – ხვიჩა გამარჯობაძემ გვითხრა, რომ სათემო კავშირების ერთ-ერთი წევრი კავკასიოლოგი მამუკა არეშიძეა, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი.

ხვიჩა გამარჯობაძე კი, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნია. ის 2011 წელს დააკავეს. ამ კოოპერატივში კიდევ ერთი ყოფილი პოლიტპატიმარი – ანზორ სოლომონიძე, ასევე ყოფილი მოსამართლე – დავით ანანიძე, „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი – ნუგზარ ფუტკარაძე…

იმისთვის, რომ კერძო საკუთრებაში გადასული საწარმო გასხვისდეს, ეკონომიკის სამინისტროს თანხმობაა საჭირო, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები რომ შესრულდეს.

„ეკონომიკის სამინისტრომ შესთავაზა ამ ადამიანებს საწარმოს შეძენა, რადგან ვალდებულებას ვერ ვასრულებდი, მათ შეგვახვედრეს ერთმანეთს. პირობა იყო ის, რომ მეც ჩამსვეს ერთ-ერთ მეპაიედ კოოპერატივში და ისინი კი გადაიხდიან ჯარიმას, რაც 30 ათასი ლარია. ამ პირობით დავთანხმდი ობიექტის გასხვისებას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მერაბ ბერაძე.

ორივე მხარე ადასტურებს, რომ ამ აქციამდე „შეხლა-შემოხლა“ იმის გამო იყო, რომ ახალმა კოოპერატივმა საწარმოში ქატოს დამუშავების დანადგარები დააწყო და საწარმოს კარი გამოკეტა, კონკრეტული ადამიანები მუშაობის საშუალებას აღარ მაძლევენო. დღევანდელ აქციაზე კი ითხოვეს, მუშაობის საშუალება მალხაზ ბერიძეს მისცენ, რომელიც ბოლო რამდენიმე წელი საწარმოში მანდარინის იბარებს.

„მე მქონდა იჯარა გაფორმებული მერაბ ბერაძესთან [კოოპერატივი „ქაქუთი“], რომელსაც გაუჭირდა სახელმწიფოსთან აღებული პირობის შესრულება, შემდეგ მე მომცა იჯარით და მას ვუხდიდი თანხას – თვეში 1000 ლარს. ის რას ასრულებდა და რას – არა, არ ვიცი. მე 400 ტონამდე მანდარინს ვამზადებდი სეზონზე.

ახლა ეს საწარმო შეიძინა „აჭარის თემმა“. ღამის საათებში მოიტანეს ქატოს დანადგარები, მეორადი აპარატურა და საწარმოში დადგეს, კარი გამოკეტეს და ჩვენ ვეღარ შევდივართ,“ – გვიყვება მალხაზ ბერიძე. მას საწარმო იჯარის ხელშეკრულებით 2028 წლამდე ჰქონდა აღებული. მალხაზ ბერიძის თქმით, იგი 50-მდე ადამიანთან ერთად, საწარმოში ციტრუსს ექსპორტზე გასატანად ამზადებდა, ზაფხულში – თხილზე მუშაობდა, ამ ეტაპზე კი, ენძელების ძირების მისაღებად ემზადებოდა.

„ამ ახალი კოოპერატივის ხელმძღვანელი ფუტკარაძე ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის ბიძაშვილია. ჩვენ გვითხრეს, რომ აქ ვეღარ ვიმუშავებდით და უნდა წავსულიყავით. გასაგებია, რომ პირობა ვერ შეასრულა მერაბ ბერაძის კოოპერატივმა, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხომ იცოდა, მე რასაც ვაკეთებდი? ამოდიოდნენ ციტრუსის სეზონზე და ტაშს უკრავდნენ, აი, რა კარგად მუშაობს საწარმოო.

უარი რომ ვთქვით საწარმოდან გამოსვლაზე, „შავი სამყარო“ ჩართეს – პოლონეთიდან დამირეკა ნიკა ცენტერაძემ, მაგი არც წყალია და არც – ღვინო, მაგრამ დაიწყო მუქარა, ოთხი „ქურდი“ გისმენს ახლა, რომ გესაუბრები, იმათ უნდა დაუთმო ეს ქონებაო. დამალაპარაკე ერთ-ერთს-მეთქი, ვუთხარი და გამორთო ტელეფონი. მერე დარეკა და გამოუშვა გინების კორიანტელი.

მერე მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს შევხვდი: ხომ იცით, როგორ ავაწყეთ მუშაობა, თუ ის პირობას ვერ ასრულებდა, ჩვენთვის მოგეცათ, ჩვენ შევასრულებდით-მეთქი, მაგრამ არაფერი შეიცვალა. საწარმოს გასაღები ბერაძესაც ჰქონდა, ვისთანაც მე იჯარა მქონდა, ამოვიდნენ ღამე ქურდებივით, აპარატურა დააწყვეს და საწარმო დაკეტეს. ჩვენ იქ ვეღარ შევდივართ.

რატომ მოიშალა ჩემი იჯარის ხელშეკრულება არ ვიცი. სამოქალაქო დავაა და მითხრეს, სასამართლოში თუ იდავებ, მინიმუმ 3 – 4 წელი მოგიწევს ლოდინიო,“ – უთხრა მალხაზ ბერიძემ „ბათუმელებს“.

„პირიქით, წართმევა მოინდომეს და ხელი შემიშალეს, ამიტომაც ვერ შევასრულე ვალდებულებები,“ – ამბობს მერაბ ბერაძე. მისი მტკიცებით, დაახლოებით 114 ათასი ლარი დაუჯდა წლების წინ დანადგარების შეძენა, რაც ციტრუსის დამამზადებელ საწარმოში განათავსა. მალხაზ ბერიძეს კი, თავდაპირველად საწარმოს ნაწილი სახერხის მოსაწყობად დაუთმო იჯარით.

„ორ-ნახევარი თვე გადამიხადა 1000-1000 ლარი და მერე არაფერი… ეს პირები შეთანხმებით ხელს მიშლიდნენ, მათი ხელშეშლის გამო ვერ სრულდებოდა პირობა,“ – გვითხრა მერაბ ბერაძემ.

„მათ მუშაობდნენ ციტრუსის სეზონზე საწარმოში და ჩვენ როგორ შევასრულებდით ვალდებულებებს?“ – ხვიჩა გამარჯობაძე, კოოპერატივის „აჭარის თემის“ ერთ-ერთი მეწილე და ხელმძღვანელი, მალხაზ ბერიძის ბრალდებას პასუხობს.

ხვიჩა გამარჯობაძე ამბობს, რომ ჯარიმების გადახდის გეგმა სამინისტროში გაუწერეს და ეტაპობრივად იხდიან. ვალდებულებების შესრულება კი, პრობლემა არ იქნება, თუ საწარმოში მუშაობის უფლებას მესაკუთრეს არ შეუზღუდავენ.

როგორ გადაწყვიტეს ყოფილმა პატიმრებმა ბიზნესის წამოწყება? – ხვიჩა გამარჯობაძე ამბობს, რომ ეს იდეა გასულ წელს მეგობრებს გაუჩნდათ. მისი თქმით, ეს ბიზნესი კი არა, საზოგადოებრივი საქმე უფროა, რომ სოფლის გაძლიერებას ხელი შეუწყონ.

ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ნათესაურ კავშირს გამორიცხავს ნუგზარ ფუტკარაძე. კოოპერატივის „აჭარის თემის“ მეწილე და უკვე ყოფილი დირექტორი.

„არც ვიცნობ ჯაბა ფუტკარაძეს წესიერად, ეს არის მათი მოგონილი ფანტაზიები და ზღაპრები,“ – ამბობს ნუგზარ ფუტკარაძე. მისი თქმით, მან უკვე წარუდგინა საჯარო რეესტრს დოკუმენტაცია, რომ ამ კოოპერატივის დირექტორი აღარ არის, რადგან ბიზნესის მართვის დრო აღარ აქვს – ის კოოპერატივის მეპაიედ რჩება.

ნუგზარ ფუტკარაძე ფანტაზიას უწოდებს ამ პროცესში ე.წ. ქურდული სამყარო ჩართვასაც. მისი მტკიცებით, მათ არც იცოდნენ, რომ კოოპერატივ „ქაქუთს“ იჯარა ჰქონდა გაფორმებული სხვა პირზე და ეს რომ სცოდნოდათ, ამ ქონებას აღარ შეიძენდნენ.

„მრავალწლიანი იჯარის ხელშეკრულება უნდა ყოფილიყო საჯარო რეესტრში გაფორმებული, თანაც ხელშეკრულების დადების ფორმა დარღვეული იყო, ამიტომაც „ქაქუთს“ ეს დავა მოგებული ჰქონდა. კოოპერატივი „ქაქუთი“ ვერ აღრიცხავდა სწორად და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ვერ ახერხებდა. არ ვიცი, რატომ დაუგროვდათ ეს ვალდებულებები. როგორც ჩანს, ეს პირები შეუშვეს გარკვეული პერიოდი და ვეღარ გამოიყვანა, ხელს უშლიდნენ…

ესენი კი, ხელოვნურად შეიჭრნენ და შეიტანეს მათი ყუთები, ეს არის დასჯადი ქმედება – სხვის საკუთრებაში უკანონო შეღწევა. ჩვენ მივმართეთ ქობულეთის პოლიციას და დაწყებულია გამოძიება. ეკონომიკის სამინისტროს კი, წარვუდგინეთ წერილი, ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება და ობიექტი ვერ ფუნქციონირებს. ობიექტზე დავაყენეთ ვიდეო თვალი და არის დაცვა,“ – გვითხრა ნუგზარ ფუტკარაძემ.

„ბათუმელებმა“ ამ თემაზე კომენტარის მიღება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სცადა, თუმცა უწყების პრესცენტრში ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხეს.

„ჩვენ შველა გვჭირდება“ – სოფელ კვატიაში ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ

„ჩემს სოფელში ბევრად უფრო დიდია მთა, ვიდრე წაბლანაში იყო,“ – ამბობს ხულოში, სოფელ კვატიაში მცხოვრები შადიმან ხოზრევანიძე. ის ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს და გეოლოგებს, რომელიც მის სოფელს შეისწავლიან:

„ნაპრალები, რაც ჯერ კიდევ 1989 წელს გაჩნდა ჩემს სოფელში, წაბლანას ცნობილი ტრაგედიის დროს, ახლა კიდევ უფრო გაფართოვდა. რამდენიმე ადგილზე მეწყერიც ჩამოწვა. ჩვენ შველა გვჭირდება, მაგრამ არავინ არ გვაქცევს ყურადღებას,“ – გვითხრა შადიმან ხოზრევანიძემ.

მეწყერი აჭარის რამდენიმე სოფელში ერთდროულად 2024 წლის 6 თებერვალს გააქტიურდა. სტიქიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სოფელი გელაძეები კი, მისასვლელი გზის გარეშე დარჩა.

შადიმან ხოზრევანიძემ სოფელ კვატიაში, წაბლანას ტრაგედიის შემდეგ, 1989 წელს რამდენიმე ოჯახის შესახებ გაცემულ გეოლოგიურ დასკვნებს გვაჩვენებს, სადაც წერია: „…მდებარეობს საშიში გეოლოგიური პროცესების აქტიურობის ზონაში და ექვემდებარება პირველ რიგში განსახლებას“.

„…ბათუმიდან მოვდიოდი და გავიგე, მთავრობა სხალთაში არისო,“ – გვიყვება შადიმან ხოზრევანიძე. – „იქ შევხდი თორნიკე რიჟვაძეს და ავუხსენი, რომ ძალიან სახიფათო ვითარებაა კვატიაში, სულ 65 კომლი ვართ, მოგვაქციეთ ყურადღება, გასახლება გვეკუთვნის, თუ არა, გვითხარით-მეთქი. მიაქციეთ ყურადღებაო, ხულოს მერს უთხრა რიჟვაძემ, მაგრამ არავინ მოსულა. დავრეკე ხულოს მერიაში და მითხრეს, ხელვაჩაურიდან მოყვებიან გეოლოგები და ყველა სოფელს სწავლობენ. ჩემს სოფელში როდის ამოვლენ გეოლოგები, ვერ მითხრეს.

ჩვენ ვითხოვთ კომისიის შექმნას და საკითხის დროულად შესწავლას. აქამდე თუ პატარ-პატარა ნაპრალები იყო მხოლოდ, ახლა ძალიან ბევრი ნაპრალია, რაც იყო, ის გაფართოვდა.

2019 წელს, როცა ჩვენს უბანში ხიდს აშენებდნენ, გზების დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი იყო, ახლა რომ ბათუმის მერია. მან ახალი გზის გაყვანაზე უარი გვითხრა, საშიში ტერიტორიაა და ახალი გზა უარესს პრობლემებს შექმნისო,“ – აღნიშნა შადიმან ხოზრევანიძემ „ბათუმელებთან“.

კონკრეტულად შადიმან ხოზრევანიძის სახლთან ნაპირსამაგრი სამუშაოები რომ უნდა ჩატარდეს, ამის შესახებ გეოლოგებმა 2017 წელს დაწერეს დასკვნაში. შემდეგ – 2020 წელს. თუმცა, ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. ამ პრობლემის შესახებ „ბათუმელები“ 2022 წელს წერდა.  მაშინ ხულოს მერიაში გვითხრეს, რომ სამეზობლო დავის გამო ვერ ტარდებოდა შესაბამისი სამუშაოები.

„მეზობელს ეფარება მერია, თორემ შიდასასოფლო გზა ეკუთვნის მერიას და რაც საჭიროა, ის უნდა მოაწყოს. მიზეზი უყურადღებობაა… მივაღწიეთ იმას, რომ ხელახლა ავაზომიეთ, არასწორად იყო შედგენილი პროექტი და ტენდერზე გაიტანეს, შემდეგ რა მოხდა, არაფერს არ მეუბნებიან,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე.

შადიმან ხოზრევანიძის და სოფელ კვატიას შესახებ ხულოს მერიის ადმინისტრაციის უფროსს მოკლე ტექსტური შეტყობინება მივწერეთ, რაც მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

ამ თემაზე:

ყინულის ღეჭვა – რა იწვევს და რას აზიანებს

ყინულის ღეჭვა, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ზოგიერთ ადამიანისთვის ძალიან კომფორტული და ბუნებრივი ჩვევაა. მას სახელიც კი აქვს მედიცინაში – პაგოფაგია. უცნობია ზუსტი მიზეზი, თუ რა წარმოშობს ამ სურვილს, თუმცა კვლევების მიხედვით, ყინულის ღეჭვის სურვილს რკინის დეფიციტით არის გამოწვეული; გარდა ამისა მიიჩნევა, რომ ეს სურვილი სტრესსა და შფოთვასაც  უკავშირდება.

კლინიკა „როგოს“ თერაპევტ-სტომატოლოგი მაია მგელაძე განმარტავს, თუ რატომ არის ყინულის ღეჭვა კბილებისთვის საზიანო.

  • რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ყინულის ტექსტურის ღეჭვა კბილებისთვის?

საზიანოა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ყინული მყარი ნივთიერებაა და უხეშია დასაღეჭად. განსაკუთრებით, თუ ეს ხდება ყოველ დღე, მას შეუძლია დააზიანოს კბილის სტრუქტურა, მინანქარი, გამოიწვიოს ბზარები. ეს დროთა განმავლობაში პაციენტს მისცემს ჰიპერმგრძნობელობას, რომელიც დისკომფორტს წარმოშობს ცხელი და ცივი საკვების მიღებისას. 

ასევე თუ პაციენტს აქვს ბჟენები ან გადაკრული კბილები, მსგავსმა მავნე ჩვევამ შეიძლება გამოიწვიოს ამ კონსტრუქციების – ბჟენების დაზიანება.

თუ მყარი ყინულის კბეჩა-ღეჭვა არის ყოველდღიური ქცევა, რა თქმა უნდა, საზიანოა სასისა და ქვედა ყბისთვის, შეიძლება ამან გამოიწვიოს გაღიზიანება და დაჭიმულობა.

  • ამ შემთხვევაში ღეჭვის ობიექტის დაბალი ტემპერატურა დამატებითი სტრეს-ფაქტორია კბილებისთვის, თუ მხოლოდ ყინულის სიმკვრივე არის ძირითადი პრობლემა?

ცივი ობიექტი რომ არის, ეს შემდგომში გამოიწვევს პრობლემებს. თუ დასაწყისში კბილის სტრუქტურა არის სრულიად ჯანსაღი და პაციენტი ყოველდღიურად ღეჭავს მყარ ყინულს, დააზიანებს კბილის სტრუქტურას, შემდგომში კი უკვე ეს ცივი საგანი მისცემს მგრძნობელობას. 

საქმე ის არის, რომ თუ დაზიანდა გარეგანი სტრუქტურა, რაც იცავს კბილს, შემდეგ იწყება მგრძნობელობის მატება. მგრძნობიარეა კბილის შიდა ფენები, ამიტომაც თუ გაშიშვლდება (გარემოსთან მიმართებაში) ეს შიდა ქსოვილი, მაშინ იმატებს მგრძნობელობა.

კბილზე მგრძნობელობის მომატებას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორის ერთ-ერთი არის გარეგანი მინანქრის ქსოვილის დაზიანება, რომელიც იცავს მას.

კვლევაში ანემიური პაციენტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ყინულის ღეჭვისას თავს უფრო ფხიზლად გრძნობენ. ზოგი მას ყავას ადარებს და ამბობს, რომ ყოველი დღე უნდა დაიწყოს რამდენიმე ფინჯანი ყინულით და დაუბრუნდეს ყინულის ღეჭვას მთელი დღის განმავლობაში სიფხიზლის შესანარჩუნებლად.

დაღლილობა რკინადეფიციტური ანემიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი, რკინის ნაკლებობის გამო, საკმარისი რაოდენობით ვერ აწარმოებს ჟანგბადის გადამტან ცილას – ჰემოგლობინს. 


Cleveland Clinic-ის რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შევწყვიტოთ ყინულის ღეჭვა: ზოგიერთი ადამიანისთვის, ვინც ყინულს ღეჭავს, სიცივის შეგრძნება დამამშვიდებელია. ასე რომ, ყინულის დაღეჭვის ნაცვლად, უბრალოდ დაადნეთ პირში ან წვრილად დაქუცმაცებული ყინული აურიეთ სითხეში; შესაძლოა პირველადი ჯანდაცვის ექიმმა გირჩიოთ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია.

არჩევნებამდე ბათუმის მერია გარე სარეკლამო სივრცეს 10 წლით ასხვისებს – ოპოზიცია წინააღმდეგია

არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე ბათუმის მერიამ საკრებულოს აცნობა, რომ გარე სარეკლამო სივრცე საიჯარო წესით გასასხვისებლად აუქციონზე უნდა გაიტანოს. მერიის მიერ საკრებულოში გაგზავნილ განმარტებით ბარათში წერია ასევე, რომ რეკლამის განთავსების უფლების შემძენი 10 წლიან ხელშეკრულებას მიიღებს, საწყისი საფასური 8 მილიონი ლარი იქნება.

ვის განკარგვაში გადავა ბათუმის გარე სარეკლამო სივრცე და რა ვადით, სულაც არ არის რიგითი ტექნიკური საკითხი, რომლის შეთანხმებასაც საკრებულოსთან კანონი ითვალისწინებს. როგორ გადანაწილდება ქალაქის ცენტრალურ ადგილებზე დიდი ზომის სარეკლამო ბილბორდები და ვინ მოახერხებს მათზე საკუთარი კანდიდატების ფოტოების „გამოჭიმვას“ ერთნაირად აწუხებს, როგორც „ოცნების“ უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას.

ოპოზიციას ამ საკითხის პოლიტიკური ნაწილი უფრო აღელვებს – განსაკუთრებით არჩევნების წინ კარგად ჩანს, რომ გრძელვადიან კონტრაქტს დიდი შემოსავლის მიღების პერსპექტივით უანგაროდ არავინ იღებს: ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომპანიის მფლობელებს შორის ორმხრივია.

„რატომ გადავცემთ ასე მსხვილად, ერთ ლოტად მთელი ქალაქის ტერიტორიაზე?“ – იკითხა საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემ გახარიას პარტიიდან – „საქართველოსთვის“. კითხვის არსი მან სხდომაზე ასე განმარტა:

„კონკურენციის საშუალება აღარ არის და ეს იგრძნობა განსაკუთრებით საარჩევნოდ, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ საშუალება რეკლამის განთავსების. როგორღაც „ოცნება“ ახერხებს ყოველთვის პირველმა მიმართოს რეკლამის განთავსებაზე, თუ რა ხდება არ ვიცი. შემდგომში კი მხოლოდ „ოცნების“ კანდიდატები გვიმზერენ ამ ბილბორდებიდან. რატომ არ შეიძლება უბნების მიხედვით ან სხვა პრინციპით დაიყოს ეს ლოტები, არ იყოს ერთი კომპანიის ხელში თავმოყრილი და შესაძლებლობა ჰქონდეს რამდენიმე კომპანიას მიიღოს მონაწილეობა?.“

აკაკი გვიანიძეს ჯერ თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე გამოეხმაურა „ოცნებიდან“, შემდეგ ნატალია ძიძიგური, საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი.

„ბატონო დავით ჩვენ ახლა დებულებაში ცვლილების შეტანას ვახდენთ და მაგ დებულებაში ვწერთ, რომ არჩევნების დროს გათვალისწინებული იქნეს პარტიული ინტერესები? “- ჰკითხა ნატალია ზოიძემ საკითხის მომხსენებელს, დავით კოპინაძეს – აკაკი გვიანიძის გასაგონად.

„არა“ – უპასუხა მას დავით კოპინაძემ, მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა.

თუმცა, წინასაარჩევნოდ ბილბორდების გადანაწილების საკითხი, პარტიულ ინტერესებთან რომ იკვეთება, ეს ახალი არ არის ბათუმელი ამომრჩევლისთვის. თემა აქტუალური იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და კარგად გამოჩნდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციამ არაერთი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ბათუმის გარე სარეკლამო სივრცე მათთვის მიუწვდომელი იყო. ზოგისთვის ფასის გამო, ზოგისთვის კი მხოლოდ იმიტომ, რომ ბათუმის მერიის პარტნიორმა კომპანიამ მათ რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა.

ოპოზიციამ რეკლამის განთავსება ვერც მუნიციპალურ ავტობუსზე მოახერხა. მუნიციპალურ ავტობუსზე სარეკლამო სივრცეები მერიას შპს „ალმასთვის“ 30 წლის ვადით აქვს გადაცემული.

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსზე გარე რეკლამაში 1000 დოლარი მოგვთხოვეს – ენმ

სარეკლამო სივრცე მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ – რატომ დუმს „ალმა“

„ზოგი რეკლამაზე ფიქრობს, ზოგი ბანერზე ნერვიულობს, მაგრამ რომ არ უშველის ვერ ხვდებიან. რათ უნდა მაგას ლაპარაკი“, – ასე გამოეხმაურა ყოფილ თანაპარტიელ აკაკი გვიანიძეს ნატალია ძიძიგური. მის რეპლიკას სიცილი მოჰყვა „ოცნებიდან“.

ამის შემდეგ მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, დავით კოპინაძე შეეცადა განემარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი გარე სარეკლამო სივრცის 1 ლოტად გასხვისება.

„მოგეხსენებათ, რომ ყველა ლოკაცია არ არის მიმზიდველი სარეკლამო სუბიექტებისთვის. ქალაქის ტერიტორიაზეა გაშლილი ბილბორდები, აუცილებელია იყოს ერთი კომპანიის ხელში, ინფრასტრუქტურის ნაწილში გვექნება საქმე მხოლოდ ერთ სუბიექტთან. ვინც უნდა უზრუნველყოს ინფრასტრუქტურის გამართვა-მოწესრიგება“.

„კონკურენცია, არ არის ღირებულება ესე იგი“, – დაასკვნა აკაკი გვიანიძემ. კოპინაძე ამასაც არ დაეთანხმა და თქვა, რომ ბაზარზე ბევრი კომპანიაა, რომლებსაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ აუქციონში.

სარეკლამო სივრცის გრძელვადიანი გასხვისება რომ არაეფექტურია, ამაზე სახელმწიფო აუდიტი წერდა თავის დასკვნაში.

შპს „ალმასა“ და ბათუმის მერიას შორის გაფორმებული 30-წლიანი კონტრაქტი სახელმწიფო აუდიტმა შეაფასა, როგორც მერიის არასწორი გადაწყვეტილება, რომელმაც ქალაქს გრძელ ვადაში დიდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა დააკარგვინა [ეს კონტრაქტი 2020 წელს გააფორმეს]. 

2020 წელს ბათუმის მერიამ ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგა მუნიციპალურ ავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსების უფლება [5,154.3 კვ.მეტრი ფართობი] – კონტრაქტი „ალმას“ გაუფორმეს. კომპანიამ 4 მილიონ 100 000 ლარი გადაიხადა.

აუდიტორის შეფასებით, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ 30 წლით სარეკლამო სივრცის სრულ მოცულობაზე უფლების გადაცემა წარმოშობს რისკს, რომ გრძელვადიან პერიოდში დაიკარგოს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.

ამასთან,

მთლიანი სარეკლამო ფართობის ოცდაათწლიანი ვადით უფლების გადაცემა მაშინ, როდესაც ასეთ გრძელვადიან პერიოდში რადიკალურად იცვლება საბაზრო პირობები, შესაძლოა, შპს-ს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობის დაკარგვა განაპირობოს. ვერ უზრუნველყოფს პროცესისადმი მოცემულ ბაზარზე ოპერირებადი სხვა სუბიექტების დაინტერესების ზრდას.

ამ შემთხვევაში საუბარია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტზე“. ეს არის მუნიციპალური შპს, რომლის ბიუჯეტშიც აისახება მუნიციპალური ავტოტრანსპორტიდან მიღებული შემოსავალი, მათ შორის, შემოსავალი რეკლამიდან.

ამის მიუხედავად, მერია ტენდენციას აგრძელებს, ახალი დადგენილებით გარე სარეკლამო სივრცის 10 წლით გასხვისებას გეგმავს.

საინტერესოა ისიც, რატომ დააყოვნეს ამ დრომდე სარეკლამო სივრცის გასხვისება და რატომ დაამთხვევს ეს 2024 წლის არჩევნებს – შპს „აჯადთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც ბათუმში გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება ჰქონდა, ვადა 2022 წელს გაუვიდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამჯერად ბათუმის გარე რეკლამის ბაზრის ათვისება „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულ კომპანიას შპს „ალმას“ სურს.

ბათუმის მერიას შპს „ალმასთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, კომპანიას ბათუმის სხვადასხვა უბანში ათვისებული აქვს 6-6 კვადრატული მეტრი, მოსაცდელების განთავსების პირობით [ასზე მეტი მოსაცდელი]. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ალმას“ ამ მოსაცდელების მოვლა-პატრონობაც ევალება. სანაცვლოდ კომპანია ამ მოსაცდელების სივრცეებს სარეკლამო ბანერების განსათავსებლად აქირავებს.

რა წერია დოკუმენტში, რომელსაც სამინისტრო განათლების ეროვნულ მიზნებს უწოდებს

დღეს, 26 თებერვალს, განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ იწყებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის პროექტის განხილვას. თუმცა, როგორც განათლების სისტემაში მყოფი ადამიანების ნაწილი გვეუბნება, დოკუმენტი სრული სახით ჯერ არ უნახავთ.

განათლების სამინისტროს, ფეისბუქის გვერდზეც წერენ დაინტერესებული ადამიანები, თუ სად არის განთავსებული სრული დოკუმენტი. თუმცა სამინისტრო მათ კომენტარებს არ პასუხობს. არც ის მიუთითებია სამინისტროს, დაინტერესებულ პირებს სად შეუძლიათ ნახონ ახალი ეროვნული მიზნების დოკუმენტი.

იმ ზოგად ჩამონათვალში კი, რომელიც სამინისტრომ გამოაქვეყნა, მხოლოდ რამდენიმე პუნქტია ჩამოწერილი.

დოკუმენტი ეფუძნება მოსწავლეებში შემდეგი ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებას:

  • ეროვნული იდენტობის შენარჩუნება;
  • ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება;
  • სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ცოდნა;
  • სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი;
  • ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა;
  • მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ტოლერანტობა და სამართლიანობა;
  • თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება და გაცნობიერებული  გადაწყვეტილებების მიღება.

მოგვიანებით სამინისტროს ვებგვერდზე შედარებით დიდი მოცულობის ტექსტიც დაიდო. 

სამინისტროს განცხადებით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ის დოკუმენტია, რომელიც შეთანხმებული და გაზიარებული უნდა იყოს ფართო საზოგადოებასთან, რათა სასკოლო საზოგადოება სრულად შეთანხმდეს ამ პრინციპებზე.

„სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო დაიწყებს დოკუმენტის საჯარო განხილვას და შესაბამისი უკუკავშირების შემდეგ წარმოადგენს საბოლოო ვერსიას, რომელიც პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად.

სწორედ, ფართო საზოგადოების თანამონაწილეობით მიღებულ დოკუმენტს დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა და ყველა საგნის სტანდარტი, თუ სახელმძღვანელო, რათა ამ ჯაჭვმა საბოლოო, ზემოთ ჩამოთვლილ დიდ მიზნამდე მიგვიყვანოს“, – წერს სამინისტრო.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მოქმედი დოკუმენტი 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

120 ათასი დაიხარჯა ტუალეტზე, სადაც დაზიანებულია ინვენტარი – აუდიტი ბაღებისა და სკოლების „რემონტზე“

ნინოწმინდის მერიამ 1 მილიონ 221 ათას ლარზე მეტი დახარჯა ბიუჯეტიდან სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაციაზე. თუმცა, აუდიტის დასკვნით პროექტების უმრავლესობა დაუსრულებელი ან ცუდადა შესრულებული. მეტიც, „ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას“. სახელმწიფო აუდიტის დასკვნა 2021-2022 წლებს შეეხება.

მაგალითად, 2021-2022 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა 297 ათასი ლარი გადაიხადა სოფელ პატარა ხანჩალში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, თუმცა, როგორც აუდიტი წერს, ობიექტი დაზიანებულია.

ხარვეზები გამოვლინდა სხვა ობიექტებზეც, რომელთა რეაბილიტაციაზე, ჯამში, 924 ათასი ლარი დაიხარჯა. კერძოდ, დაზიანებულია საბავშვო ბაღები, კულტურის სახლები, საგზაო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები.

„ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია, რომლის გამოვლენა საექსპერტო დაწესებულებას და მიმღებ კომისიას ევალებოდა“, – წერს აუდიტი.

დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ ობიექტების დაზიანების მიუხედავად, მუნიციპალიტეტს კონტრაქტორთა თუ მერიის შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

მაგალითად, სოფელ როდიონოვკის საბავშვო ბაღის მშენებლობა 2021 წლის აგვისტოში დაიწყო და იმავე წლის ნოემბერში უნდა ჩაბარებულიყო. გამოყოფილი იყო 244 ათასი ლარი. პირველი ეტაპი განახორციელა შპს „ვემ“-მა. თუმცა სამუშაოები დასაწყისშივე მიმდინარეობდა გეგმა-გრაფიკის დარღვევით.

ამის შესახებ მუნიციპალიტეტს სისტემატურად ატყობინებდა სამუშაოების ზედამხედველი, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტმა სამუშაოების დაწყების პირველივე თვიდან იცოდა, მიმწოდებელს ჩამორჩენა რომ ჰქონდა.

„მიუხედავად ამისა, მერიამ სათანადოდ არ გააკონტროლა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი, არ დააჯარიმა მიმწოდებელი გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის და უამინდობის საფუძვლით, სათანადო დასაბუთების გარეშე გადასწია სამუშაოების შესრულების ვადა. დაგვიანდა მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყებაც და საბოლოოდ, სამუშაოები დასრულდა 2022 წლის 16 დეკემბერს“, – წერს აუდიტი.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის, ვინაიდან „პასუხისმგებელი პირის განმარტებით, შენობას ესაჭიროება ინვენტარი და დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.“

აუდიტი წერს, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რატომ ვერ მოხერხდა ბაღის ინვენტარით აღჭურვა, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან გასული იყო 10 თვეზე მეტი.

„აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ შენობის ნაწილი დაზიანებულია. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, დაზიანება გამოწვეულია ვენტილაციის არარსებობით და აგრეთვე იმ მიზეზით, რომ საბავშვო ბაღი დიდი ხნის განმავლობაში ექსპლოატაციაში არ იყო შესული. შენობა ზიანდება უფუნქციობის გამო“, – ამბობს აუდიტი.

საბავშვო ბაღების გარდა, უხარისხოდ არის ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ხანჩალისა და სოფელ კატნატუს საჯარო სკოლებშიც [სველი წერტილების მოწყობაზე 120 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა კატნატუს სკოლაში დაზიანებულია სველი წერტილების ინვენტარი, კედელზე დაზიანებულია საღებავის საფარი. ხანჩალის სკოლის საპირფარეშოში კი წყალი ჩამოდის სახურავიდან და არ მუშაობს წყლის ტუმბო“.

ამავე დასკვნის მიხედვით, ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ ჟდანოვის საბავშვო ბაღშიც, რომლის რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 69 ათასი ლარი დაიხარჯა. კედელი და იატაკი დაზიანებულია ასევე სოფელ როდიონოვკაში არსებულ საბავშვო ბაღის შენობაში, სადაც 244 ათასი ლარი დაიხარჯა.

„პასუხისმგებელი პირის განმარტებით, დაზიანებები გამოწვეულია ვენტილაციის არარსებობით და აგრეთვე იმით, რომ საბავშვო ბაღი დიდი ხნის განმავლობაში ექსპლოატაციაში არ იყო შესული“ – წერს აუდიტი.

უხარისხოდ შესრულდა სამუშაოები სოფლების – განძისა და ჯიგრაშენის საბავშვო ბაღებშიც, სადაც 32 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა რეაბილიტაციის შედეგად დამონტაჟებული სველი წერტილებიდან წყალი გამოდის, რის შედეგადაც დაზიანდა 2 ოთახის კედელი.

„ბაღში მოწყობილია გათბობის სისტემა, სველ წერტილებში მხოლოდ ცივი წყალი მოდის. სოფელ ჯიგრაშენში კედლებზე შეიმჩნევა სისველის და ნესტის კვალი, ასევე არის ბზარები“, – წერს აუდიტი.

სოფელ სამების საჯარო სკოლაში სველი წერტილის მოწყობაზე 71 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა საპირფარეშო ოთახში წყალი ჩადის.

გარდა სკოლებისა და საბავშვო ბაღებისა, ნინოწმინდაში უხარისხოდაა გაკეთებული კულტურის ცენტრებიც – არის ბზარები, ჩადის წყალი და სხვა.

მაგალითად, სოფელ ეშტიის და კატნატუს კულტურის სახლების რეაბილიტაციაზე 67 ათასი ლარი დაიხარჯა. ეშტიის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის დამატებით კიდევ იყო 52 ათასი ლარი გამოყოფილი, თუმცა აუდიტის დასკვნის მიხედვით, კედლები მაინც დაზიანებულია და აღინიშნება ნესტის კვალი.

უხარისხოდ არის გაკეთებული სოფელ ჯიგრაშენის თავშეყრის ადგილიც, რომელზეც 15 ათასი ლარი დახარჯულა. ამავე სოფელში, სპანდარიანის ქუჩაზე, უხარისხოდ მოუწყვიათ სტადიონიც, რომელზეც 98 ათასი ლარი დაიხარჯა.

სოფელ სათხის სპორტდარბაზის რეაბილიტაციაზე დახარჯეს 19 ათასი ლარი, ნინოწმინდის რიტუალების სახლის რეაბილიტაციაზე 27 ათას ლარზე მეტი, თუმცა დაზიანებულია კედლები. რიტუალების სახლის „ერთ ოთახში არ ირთვება შუქი, იატაკის ქვეშ მოთავსებული ტუმბო არ არის დაფარული, ერთ ოთახში არ არის შუქის ჩამრთველი“.

რიტუალების სახლი ასევე უხარისხოდ გააკეთეს სოფელ ჟდანოვში, სადაც 53 ათასი ლარი დაიხარჯა.

სოფელ საღამოში კი სპორტული მინისტადიონი დასახლებული პუნქტიდან ისე შორს მოაწყვეს, რომ სტადიონი არ გამოიყენება და სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლადაც უვარგისია: „დათვალიერების მომენტისთვის სტადიონზე განთავსებული იყო მოთიბული ბალახის შეკვრები“.

აი, ამ ყველაფრის ფონზე, ნინოწმინდის მერიამ გადაწყვიტა, რომ მისი საქმიანობის რეკლამირებისთვის თანხები ბიუჯეტიდან უნდა დაეხარჯა და ადგილობრივ ტელევიზია „ფარვანასთან“ 115 ათას ლარზე გააფორმა ხელშეკრულება.

_____________________

მთავარი ფოტო: სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლა/ფოტო: ბორის კარსიანის

ბათუმში დალუქეს მაღაზია, სადაც სავარაუდოდ კანაფის პროდუქცია იყიდებოდა

ბათუმში დალუქეს მაღაზია, სადაც სავარაუდოდ კანაფის შემცველი პროდუქცია საჯაროდ იყიდებოდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს და ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 260-ე მუხლით. ეს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას“ გულისხმობს.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

მაღაზია „I love joint/მე მიყვარს ჯოინთი“, ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს, მაღაზიის მფლობელი სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეა. მაღაზიის ვიდეორეკლამაში ის ამბობს, „აქ იპოვით სიბიდის (CBD) შემცველ პროდუქციას და ასევე შეძლებთ იყიდოთ ჯოინთი [კანაფის სიგარეტი]“.

სიბიდი (CBD) იგივე კანაბიდიოლი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც გვხვდება მარიხუანაში. სიბიდი არ შეიცავს ტეტრაჰიდროკანაბინოლს (THC), ფსიქოაქტიური ინგრედიენტი მარიხუანაში, რომელიც იწვევს თრობას.

2017 წლის 14 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად რეკომენდაცია გაუწია იმას, რომ კანაფის ნაერთი კანაბიდიოლი (CBD) საერთაშორისოდ არ ირიცხებოდეს კონტროლირებადი ნივთიერებების სიაში.

2019 წლის იანვარში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა გაერო-ს მისცა რეკომენდაციების სერია, რათა განეახლებინათ კანაფის და კანაფთან დაკავშირებული ნივთიერებების კონტროლის ფარგლები.

„ეს ახალი რეკომენდაციები ასახავს კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების მზარდ თერაპიულ როლს, ამავდროულად აგრძელებს მისი ბოროტად გამოყენებისა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ზიანის პრევენციას, რაც შეიძლება წარმოიშვას კანაფის მოხმარებისგან“ – ვკითხულობთ ჯანმოს ვებგვერდზე.

სახელმწიფო კუნძულისა და ტერმინალის მშენებელ კომპანიებს სთხოვს, ზღვის ხედზე შეთანხმდნენ

გარემოს ეროვნული სააგენტო კერძო კომპანია „ტერმინალ 1“-ს სთხოვს მის მიერ დაგეგმილი საქმიანობა სხვა კერძო კომპანიასთან – „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“ შეათანხმოს.

„ტერმინალ 1“ ბათუმში მდებარე ნავთობპროდუქტების საცავის წარმადობის გაზრდას და ზღვაში ახალი საზღვაო სატვირთო ნავმისადგომის მშენებლობას გეგმავს, „ამბასადორი“ კი – ხელოვნური ნახევარკუნძულების და კუნძულის მშენებლობას.

„ვინაიდან ზემოაღნიშნული კუნძული დაგეგმილია ასევე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის განვითარებისთვისაც, ხოლო უნაპირო საზღვაო სატვირთო მისადგომის მოწყობა დაგეგმილია საპროექტო კუნძულის ზღვის ხედის მიმართულებით, გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“ კომუნიკაციის/შეთანხმების ამსახველი ინფორმაცია“, – წერს სააგენტო „ტერმინალ 1“-ს.

სააგენტოს წერილის მიხედვით, გამოდის, რომ „ამბასადორმა“ შესაძლოა ჩათვალოს, რომ დაგეგმილი უნაპირო ნავმისადგომი გააუარესებს კუნძულიდან „ზღვის ხედს“ და არ დათანხმდეს მის მშენებლობას. შესაბამისად, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააგენტო თუ „ტერმინალი 1“ და „ამბასადორი“ ვერ შეთანხმდებიან.

„ტერმინალ 1“-ს დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ს ანგარიში მომზადებული და გადაგზავნილი აქვს გარემოს ეროვნულ სააგენტოში. სააგენტომ კი, გზშ-ს დოკუმენტის განხილვა შეწყვიტა და კომპანიას შენიშვნები გაუგზავნა. სააგენტო ამ შენიშვნებზე პასუხების მიღების შემდეგ განაახლებს საკითხის განხილვას.

კომპანიების შეთანხმების გარდა, ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ „საპროექტო მეტალის ფსკერული მილსადენიდან „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილ მულტიფუნქციურ ხელოვნურ კუნძულამდე მანძილი დაახლოებით 60 მეტრია, დაგეგმილი კუნძულის მიწაყრილი ზღვის ფსკერზე შესაძლებელია გაცილებით მიუახლოვდეს ან გადაკვეთოს საპროექტო მილსადენი, რაც საყურადღებოა, როგორც მილსადენის მოწყობის, ასევე ექსპლუატაციის ეტაპზე. შესაბამისად, გზშ-ის ანგარიშში აღნიშნული საკითხი საჭიროებს დეტალურ განხილვას და კუმულაციური ზემოქმედების ნაწილში შეფასებას“.

ფოტო მშენებარე ნახევარკუნძულიდან / ოქტომბერი, 2023 წელი

სააგენტო შენიშვნების წერილში ასევე აღნიშნავს, რომ „გზშ-ის ანგარიშს თან ახლავს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული პოზიცია/მოსაზრებები, მაგრამ ვინაიდან სკოპინგის ანგარიშისაგან განსხვავებით, შეიცვალა საზღვაო სატვირთო მისადგომის მდებარეობა, შესაბამისად, გზშ-ის ანგარიშში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ცვლილების გათვალისწინებით“.

„ტერმინალი 1“-მა სკოპინგის განცხადებით გარემოს სააგენტოს 2023 წელს მიმართა [სწორედ სკოპინგის პროცედურის შედეგად გადაწყვიტა სააგენტომ, რომ კომპანიას გზშ მოემზადებინა].

სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე:

„ტერმინალ 1“-ის ნავთობპროდუქტების საცავი ბაქოს ქუჩაზე, თევზის ბაზრის უკან მდებარეობს. კომპანია სწორედ ამ საცავის წარმადობის გაზრდას და საზღვაო სატვირთო მისადგომის მშენებლობა-ექსპლუატაციას გეგმავს.

„ტერმინალს“ ასევე გააჩნია „დაახლოებით 150 მეტრი სიგრძის პირსი, რომლის საშუალებით მცირე ზომის საზღვაო ხომალდები მილსადენებით უკავშირდება სარეზერვუარო პარკს“.

გზშ-ს ანგარიშის მიხედვით: „სარეზერვუარო პარკის რეკონსტრუქციის შემდგომ ნავთობპროდუქტების საცავის ჯამური მოცულობა 20 000 კუბურ მეტრს, ხოლო წლიური ტვირთბრუნვა დაახლოებით 625 000 კუბურ მეტრამდე [დაახლოებით 500 000 ტონამდე] გაიზრდება.

გარდა სარეზერვუარო პარკისა, რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებულია უნაპირო ნავმისადგომის [დამატებითი მილსადენის] მოწყობა, რათა შესაძლებელი იყოს უფრო დიდი წყალწყვის მქონე ხომალდების მიღება, სატუმბი სადგურის და სხვადასხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების გადაიარაღება, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების განახლება და ა.შ.“

„ტერმინალი 1“ გზშ-ის დოკუმენტში აღნიშნავს ასევე, რომ რეკონსტრუქციის შემდგომ, ოპერირების ფაზაზე ადგილი ექნება სხვადასხვა სახის ზემოქმედების მნიშვნელობის საგრძნობ შემცირებას [არსებულ მდგომარეობასთან შედარებით].

„აღნიშნული უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მცურავი საშუალებების მიღება ძირითადად მოხდება ახალ ნავმისადგომზე, სანაპირო ზოლიდან მოშორებით. მოსალოდნელი დადებითი ეფექტიდან უნდა აღინიშნოს შემდეგი:

გარკვეულწილად შემცირდება ვიზუალურ-ლანდშაფტური ეფექტი სანაპირო ზოლიდან და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის დაგეგმილი ხელოვნური კუნძულის მშენებლობის არეალიდან, ვინაიდან მცურავი საშუალებების მიღება ძირითადად მოხდება არსებული სარეიდო უბნის სიახლოვეს, სადაც დღეის მდგომარეობითაც საკმაოდ ინტენსიურია ხომალდების გადაადგილება“ – აღნიშნულია გზშ-ს დოკუმენტში.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ახალი საზღვაო სატვირთო მისადგომზე შენიშვნა კუნძულის ჭრილში ადრე, სკოპინგის ეტაპზეც ჰქონდა:

„კუნძული დაახლოებით 2 კმ სიგრძით იქნება შეჭრილი სანაპირო ზოლიდან ზღვაში, რომელიც მოიცავს ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტის ტიპის ხელოვნური ნახევარკუნძულის და კუნძულის შექმნას და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას. აღნიშნული ტივტივა კი, სკოპინგის ანგარიშზე დაყრდნობით ხელოვნურ კუნძულთან ახლო მანძილში იმყოფება – 400 მეტრი“ [საუბარია დაგეგმილი საზღვაო ნავმისადგომის ტივტივაზე].

ამ შენიშვნას „ტერმინალი 1“-მა გზშ-ს ანგარიშში ასე უპასუხა:

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გზშ-ს ანგარიშში დაზუსტებული მონაცემების მიხედვით საპროექტო უნაპირო ნავმისადგომის ტივტივა კიდევ უფრო დაშორდა სანაპირო ზონას [ვიდრე ეს სკოპინგის ანგარიშში იყო მითითებული] და მიუახლოვდა არსებულ გარე სარეიდო არეალს.

შესაბამისად, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს საინვესტიციო პროექტის საკადასტრო ტერიტორიასა და საპროექტო ტივტივას შორის მანძილი კიდევ უფრო გაიზარდა და 0,56-0,58 კმ [560-580 მეტრი] და მეტი“.

დაახლოებითი მანძილი დაგეგმილ კუნძულსა და უნაპირო ნავმისადგომს შორის. ფოტოზე აღნიშნულია პირსიც, რომელიც „ტერმინალ 1“-ის ნავთობსაცავს უკავშირდება / სიტუაციური ფოტო აღებულია გზშ-ს ანგარიშიდან

„აღსანიშნავია, რომ უნაპირო ნავმისადგომის პროექტის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია საინვესტიციოდ შერჩეულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ზემოქმედების მნიშვნელობის შემცირება, რაც გამოიხატება იმაში, რომ არსებულ პირსზე, რომელიც გაცილებით ახლოს მდებარეობს [„ამბასადორის“] საინვესტიციო ტერიტორიასთან, ტანკერების შემოსვლის ინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ასევე შემცირდება აღნიშნულ არეალში ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ჩატარების ინტენსივობა“, – წერია გზშ-ს ანგარიშში.

მიუხედავად აღნიშნულისა, სააგენტო „ტერმინალ 1“-ს მაინც სთხოვს „ამბასადორთან“ „კომუნიკაცია/შეთანხმების ამსახველ ინფორმაციას“. სააგენტოს გზშ-ს დოკუმენტთან დაკავშირებით სხვა შენიშვნებიც აქვს.

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხანძარია

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხანძარია. თვითმხილველის თქმით, ხანძარი სამსართულიან სახლში გაჩნდა, რომლის პირველ სართულზეც ავტონაწილების მაღაზიაა.

სამაშველო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ხანძარი ავტონაწილების მაღაზიის სასაწყობე ნაგებობაში გაჩნდა, ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები.

ამ სამსახურს ინფორმაცია ხანძრით დაშავებულების შესახებ არ აქვს.

ბათუმის მერიამ საკონტეინერო გადასახადი დააწესა – ბიუჯეტი 3-5 მილიონით უნდა გაიზარდოს

დღეს, 26 თებერვალს, ბათუმის საკრებულომ, მერიის ინიციირებით დააწესა საკონტეინერო გადასახადი, რომლის მიხედვითაც გადამზიდავი ვალდებულია გადაიხადოს უკვე დაწესებული გადასახადი საქონლით დატვირთული კონტეინერის საზღვაო ნავსადგურიდან გატანამდე ან საზღვაო ნავსადგურში კონტეინერის გახსნამდე.

გადამზიდავი ასევე ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციამდე.

იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერი არ არის სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრირებული, გადამზიდავმა გადასახადი  საქონლით დატვირთული კონტეინერის გემზე დატვირთვამდე უნდა გადაიხადოს.

გადამზიდავი ვალდებულია, მოსაკრებელი გადაიხადოს საქონლით დატვირთული კონტეინერის საზღვაო ნავსადგურიდან გატანამდე ან საზღვაო ნავსადგურში კონტეინერის გახსნამდე [კონტეინერის გახსნის შემთხვევაში] „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საკრებულოს გადაწყვეტილებით  საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდევინებისთვის პასუხისმგებელი სათანადო ორგანოს განსაზღვრამდე ამ მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური განახორციელებს.

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადა.

საკონტეინერო გადასახადის შემოღების გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ საკრებულოსთან ერთად ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების შესაბამისად მიიღო.

2024 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, რომლითაც ადგილობრივი მოსაკრებლის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა საკონტეინერო მოსაკრებელი.

პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ დღეს დაამტკიცა, მოსაკრებლის განაკვეთი ერთი კონტეინერისთვის განისაზღვრა 30 ლარის ოდენობით. მერიის ინფორმაციით, ახალი მოსაკრებელი ბიუჯეტზე ზეგავლენას მოახდენს შემოსავლების კუთხით, გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავლების წლიური მაჩვენებელი, საშუალოდ 3-5 მილიონი ლარით.

მერიის განმარტებით, ეს თანხა პორტის გამტარუნარიანობის წლიური მაჩვენებლის მიხედვით არის გამოთვლილი.

წლიური მაჩვენებლის მიხედვით კი, ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა შეადგენს 200 000 TEU -ს ერთ წელში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 410 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880]
  • ტანკი – 6 555 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 12 478 ერთეული [+37]
  • საარტილერიო სისტემა – 9 993 ერთეული [+12]
  • MLRS – 1 000 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 686 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 340 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 707 ერთეული [+26]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 910 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 13 037 ერთეული [+26]
  • სპეცტექნიკა – 1 580 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 574 თვითმფრინავი
  • 267 ვერტმფრენი
  • 13 454 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 474 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 237 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 226 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 8 167 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 19 095 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რამდენად საჭიროა სკოლებში უფასო კვების შემოღება? – პარტიების ხედვა

საჯარო სკოლებში ბავშვების გამოკვების საჭიროება თითქმის ყველამ აღიარა, მათ შორის მმართველმა პარტიამ და წინა არჩევნებზე დაჰპირდა კიდეც მოსახლეობას, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა. თუმცა ეს დაპირება „ქართულ ოცნებას“ არ შეუსრულებია.

სასკოლო კვების საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი ოპოზიციურმა პარტიებმაც. „ბათუმელები“ ამ საკითხზე ოთხი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ესაუბრა და ჰკითხა, თუ როგორ ხედავენ სასკოლო კვების დაფინანსებას და კვების რა მოდელს უჭერენ მხარს.

ერთ-ერთი პარტია, რომელმაც წინა არჩევნებზე სასკოლო კვება ახსენა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო. პარტიაში დღეს გვეუბნებიან, რომ ამ საკითხის შესწავლა ასე მარტივი არ არის, რადგან ხელისუფლება მათ სკოლებში შესვლისა და მოკვლევის შესაძლებლობას არ აძლევს.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, 2024 წლის არჩევნებზე იქნება ცვლილებები, ამიტომ ვფიქრობთ, რომ 2025 წლიდან სწრაფად უნდა მოხდეს კვების საპილოტე მოდელის შეტანა სკოლებში. მანამდე კი, უნდა გამოვიკვლიოთ, რა ტიპის მოდელზე ვაკეთებთ აქცენტს და სად როგორი ინფრასტრუქტურა დაგვხვდება“, – ამბობს გია აბულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

მას ვკითხეთ, რატომ ვერ შეძლო აქამდე პარტიამ ამ საკითხის მოკვლევა, რაზეც მან გვიპასუხა, რომ „ეს ასე მარტივი არ არის“.

„აქ ბევრი სტანდარტია დასაცავი, მათ შორის კვების უსაფრთხოების ნორმები. ამიტომ ამას სჭირდება კვალიფიციური კვლევა თითოეულ სკოლაში შესვლით, რის საშუალებაც არ გვეძლევა ამ ეტაპზე სამწუხაროდ.

„ჩვენ წინასწარ ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ ციფრებზე, თუ რა დაუჯდება ბიუჯეტს სკოლებში ბავშვების გამოკვება. თუმცა ვიცით გზა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა.

ეს გზა თითოეული სკოლის საჭიროების შესწავლაა. ზოგ სკოლას შესაძლოა მოსამზადებლად დასჭირდეს ერთი წელი, ზოგს – ერთი თვე. ამიტომ კვების მოდელებიც იმის მიხედვით უნდა განისაზღვროს, თუ როგორი ინფრასტრუქტურა აქვს კონკრეტულ სკოლას“, – ამბობს გია აბულაძე.

მისი აზრით, რეგიონში სასკოლო კვება აჭარის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს.

„ზოგადად, ცენტრალიზებულად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. განათლების სამინისტრომ უნდა დააორგანიზოს ეს პროცესი, მაგრამ რადგანაც აჭარაში დამოუკიდებელი ბიუჯეტი გვაქვს, შეგვიძლია უფრო სწრაფად დავძრათ ეს საკითხი.

თუ სახელმწიფო ინსტიტუციები არ ჩაერთო ამ პროცესში, რომლებმაც შემდგომ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ დადოს რაღაც მოდელი და მისი ამუშავების რეალური გეგმა“, – ამბობს გია აბულაძე.

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ბათუმის საკრებულოში აკაკი გვიანიძე კი მიიჩნევს, რომ სასკოლო კვების საკითხი თვითმმართველობების დონეზე უნდა დამუშავდეს.

მათ ბათუმის საკრებულოში გასულ წელსვე დაარეგისტრირეს ეს ინიციატივა.

„ჩვენი პარტია მომხრეა, რომ ე.წ „ლანჩ-ბოქსის“ მოდელით დაინერგოს კვება სკოლებში. თუმცა მენიუს შემადგენლობაზე კონკრეტულ თვითმმართველობებს თავად შეუძლიათ იმსჯელონ.

სხვადასხვა კომპონენტია აქ გასათვალისწინებელი, მაგალითად ის, რომ ზოგიერთ რეგიონში განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლები ცხოვრობენ და შესაძლოა მათ განსხვავებული მენიუ სჭირდებათ. არის ბავშვების კატეგორია, რომელთაც განსაკუთრებული, სპეციალური კვება სჭირდებათ ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ასეთ დეტალებზე ადგილობრივი თვითმმართველობები იმსჯელებენ.

ამავდროულად მიგვაჩნია, რომ სასკოლო კვება არა მარტო ბავშვების ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მეწარმეობის წახალისებისთვისაც და რამდენიმე პრობლემას მოაგვარებს ერთდროულად“, – ამბობს აკაკი გვიანიძე.

ის დაწყებითი და საბაზო საფეხურის დონეზე დაახლოებით საჭირო ბიუჯეტზეც საუბრობს. პარტია „საქართველოსთვის“ აზრით, წელიწადში სასკოლო კვების დაფინანსებისთვის დაახლოებით 2 მილიონი ლარი იქნება საჭირო.

„თუმცა მაინც საჭიროა ინდივიდუალურად დაანგარიშება იმის მიხედვით, თუ როგორ მენიუზე მოხდება შეთანხმება. ერთი კონკრეტული ციფრის დასახელება წინასწარ მაინც რთულია. მით უმეტეს მაშინ, როცა ფასები მუდმივად იცვლება“, – ამბობს აკაკი გვიანიძე.

სასკოლო კვების საკითხზე ვესაუბრეთ „ლელოსაც“. როგორც პარტიის წარმომადგენელი ნიკა ჩერქეზიშვილი გვეუბნება, „ლელო“ სკოლებში კვების საკითხზე აქტიურად მუშაობს და საბოლოო ვერსიას განახლებული მარშალის გეგმის პრეზენტაციისას წარმოადგენს.

„ვმუშაობთ აქტიურად ამ თემაზე და ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია. ახლა გვაქვს პარტიაში ეს პროცესი – მარშალის გეგმის განახლება მიმდინარეობს.

აქ იქნება წარმოდგენილი ჩვენი ხედვები როგორც ბავშვთა კვებაზე, ასევე განათლებაზე“, – ამბობს ჩერქეზიშვილი.

რაც შეეხება „გირჩს“, პარტიის წარმომადგენლის, თემურ გორგაძის თქმით, „გირჩი“ არ არის მომხრე სკოლებში სახელმწიფოს ხარჯზე კვების დანერგვის. მისი თქმით, „ეს ვერ მოხერხდება“.

„არ არის გამოსვლადი ეს ამბავი. და მეორეც, არც უნდა გამოვიდეს წესით, რადგან ამორალურია, ღარიბი მოსახლეობის გადასახადებით დააფინანსო სკოლაში მდიდრების შვილების კვებაც.

როდესაც ვიღაც იძლევა დაპირებას, რომ საჯარო სკოლაში პირობითად, ივანიშვილის შვილსაც აჭმევს და ჩემს შვილსაც მარინა ბებოს მიერ გადახდილი გადასახადებით, რომელიც ციტრამონს ძლივს ყიდულობს აფთიაქში, ეს ამორალურია.

ზოგადად, დახმარებით უნდა ვეხმარებოდეთ მიზნობრივ ჯგუფებს და არ უნდა იყოს საყოველთაო. გაჭირვებულსაც ვაჭამოთ ბიუჯეტიდან და მდიდარსაც, ასე არ გამოვა“, – ამბობს თემურ გორგაძე.

ფაქტები აჩვენებს, რომ მდიდარი ადამიანების შვილები ყველაზე ნაკლებად დადიან საჯარო სკოლებში და ხშირ შემთხვევაში, საქართველოში არც სწავლობენ.

გარდა ამისა, რამდენად სამართლიანი იქნება სკოლებში ბავშვების სეგრეგაცია ოჯახის ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით? – ვკითხეთ თემურ გორგაძეს.

მისი თქმით, „გირჩი“ მაინც  მომხრეა სასკოლო კვება დაუფინანსდეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს და არა მათ, ვის ოჯახებსაც მყარი სოციალური მდგომარეობა შეიძლება ჰქონდეთ.

„ჯერ ერთი, ესეც გამოსაკვლევია, რეალურად რამდენია ისეთი მოსწავლე სკოლებში, ვისაც მძიმე სოციალური პირობები აქვს.

თანაც, როგორც მე ვიცი, სკოლებში სწავლა ორ საათზე სრულდება და არა მგონია, ამ პერიოდში ისე მოშივდეს ბავშვს, რომ გული წაუვიდეს. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მოშივდეს ბავშვს დროის ამ მონაკვეთშიც.

ზოგადად, ჩვენი პარტია ემხრობა იმას, რომ გადასახადები შემცირდეს და მშობლებს იმდენი ფული დარჩეთ ჯიბეში, საკუთარი შვილები თავად გამოკვებონ – დღეში არა მხოლოდ ერთხელ, სამჯერ აჭამონ.

სახელმწიფომ გადასახადები უნდა შეამციროს და შექმნას მექანიზმი, რომ ადამიანები ამოვიდნენ სიღარიბიდან და არ დასჭირდეთ სახელმწიფოს დახმარება“, – ამბობს თემურ გორგაძე.

ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ მდივანი, ახალგაზრდობის საკითხებში მარიამ კუკავა ასევე გვესაუბრა პარტიის ხედვაზე, თუ როგორ შეიძლება დაინერგოს სკოლებში ბავშვთა კვება.

მისი თქმით, საწყის ეტაპზე საპილოტე მოდელი უნდა დაინერგოს თბილისის სკოლებში, შემდეგ კი, შედეგზე დაკვირვებით, პროგრამა გავრცელდეს ქვეყნის მასშტაბით.

„მშიერი ბავშვი ნამდვილად ვერ ისწავლის და კონცენტრაცია ვერ ექნება გაკვეთილზე. ამიტომ, ბავშვთა კვება ძალიან მნიშვნელოვანია და აქამდეც უნდა დანერგილიყო.

ჩვენი გათვლებით, თბილისის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, რადგან რიცხობრივადაც უფრო მეტი მოსწავლეა თბილისში, ერთი მოსწავლის კვება დღეში სადღაც 3 ლარი გამოვა. წლიურად დაახლოებით 93 მილიონი ლარი იქნება.

ეს თანხები ასე განყენებულად საქართველოს ბიუჯეტში შეიძლება არ მოიძებნოს, მაგრამ თუ სურვილი და ნება იქნება მთავრობის, რომ ამ ასპექტში ჩაიდოს ინვესტიციები, ამ ფულის შოვნაც შესაძლებელია.

მაგალითად, თბილის მერის, კახი კალაძის პიარის სამსახურში რამდენიმე ათეული თანამშრომელია დასაქმებული და მათ ხელფასებსა და პრემიებზე კოლოსალური თანხები იხარჯება. მსგავსი დანაზოგებით ეს 93 მილიონი შეიკვრება საქართველოს ბიუჯეტიდან“, – ამბობს მარიამ კუკავა.

მისი თქმით, ესტონეთიც პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, თუმცა სასკოლო კვების მოდელი დიდი ხნის წინ დანერგა. „ესტონეთი არა მარტო ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არამედ საერთაშორისო გრანტებითაც კი აფინანსებს სასკოლო კვებას.

ჩვენთანაც, როცა ამდენი საერთაშორისო გრანტი გვაქვს დასავლელი პარტნიორებისგან, რატომ არ უნდა იყოს პრიორიტეტი ბავშვთა კვება? თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში არა მგონია ეს განხორციელდეს. მსოფლიოში სასკოლო კვების ამდენი მოდელი არსებობს, ამ დროს კი განათლების მინისტრი ამბობს, რომ თურმე სკოლებში უფასო კვების პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს.

ნება გაჩნდება მაშინ, როცა სახელმწიფო გაანალიზებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო კვება“, – ამბობს მარიამ კუკავა.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში გაეროს კვლევების მიხედვით ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებაზე აქამდეც უნდა ეზრუნა სახელმწიფოს.

„თუმცა ასეთ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი, შესაძლებელია გამზადებული „ლანჩ-ბოქსები“  შევიტანოთ სკოლებში. სხვა უამრავი პრაქტიკაც არსებობს მსოფლიოში, რომლის მორგება ჩვენს ქვეყანაზე შესაძლებელია“, – ამბობს კუკავა.

____________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/კვება ესტონეთის სკოლებში

Exit mobile version