უნდა, რომ მისი ოთახის კედლები მწვანე ფერის იყოს. ისიც ზუსტად იცის, რომელ კუთხეში რომელ ნივთს დადგამს. საკუთარ ოთახზე ბევრი აქვს ნაფიქრი, თუმცა არასდროს ჰქონია. 14 წლისაა და ამდენივე წელია, რაც ქირით ცხოვრობს ბათუმში. თუ გაუმართლებდა, ნაქირავები ბინის მომცრო მისაღებ ოთახში ეძინა ბებიასთან ერთად. ახლაც ასეა. მისაღებში სძინავს და მწვანეკედლებიან ოთახსა და მომღერლობაზე ოცნებობს.
კიდევ ბევრი ოცნება აქვს ლიზას, თუმცა ცდილობს ხშირად არ ისაუბროს ამაზე. სჯერა, რომ თუ ყველას გაანდობს თავის ოცნებებს, ისინი აღარ აუსრულდება.
ზამთარია. ცივა. კიდეებზე დაფხრეწილ, შავ ბოტასებში წინდები არ აცვია. მისი ლურჯი ჯინსი ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყისგან ნაცრისფერს ჰგავს. შორიდანვე მიხვდებით, რომ კარგად გაცვეთილი და ხმარებისგან შესამჩნევად დათხელებულია შარვლის ქსოვილი. ზემოდან რძისფერი ტყავის ქურთუკი აცვია, რომელიც რომელიღაც კერძო სკოლის მოსწავლის ნაჩუქარია. ქურთუკის ქვემოთ მხოლოდ ტოპი აცვია და ამიტომ, ქურთუკს არასდროს იხდის, მაშინაც თუ ცხელა, რადგან არ მოსწონს ტოპის ამარა სიარული.
მშვიდად სასაუბროდ თბილ ოთახში შევდივართ. რძისფერ ქურთუკს მაშინვე იხდის.
ლიზას მიზანია მალე გაიზარდოს, რადგან „ბავშვობა არ შეერგო“. ცხოვრებაზე გამარჯვება აქვს ჩაფიქრებული. დარწმუნებულია, რომ როცა გაიზრდება, შეძლებს იყიდოს გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ბინა მწვანეკედლებიანი ოთახით… ლიზა აპირებს იმუშაოს, „ბევრი იმუშაოს“, რათა საბოლოოდ შეცვალოს მისი და მისი ოჯახის წევრების ცხოვრება, რომლებიც, რაც თავი ახსოვს, საკვებისთვის იბრძვიან. ყველაფერი, რასაც ლიზას ოჯახი სოციალური დახმარების სახით იღებს, ბინის ქირასა და კომუნალურებს ხმარდება.
ცისფერი თვალები და შავი თმა აქვს, ქერად შეღებილი ბოლოებით. ოდნავ თავდახრილია და ერთმანეთში გადაჯვარედინებულ, მაგიდაზე დალაგებულ თავისსავე ხელებს უყურებს.
„მთელი ჩემი ბავშვობა ქუჩაში მათხოვრობასა და ყვავილების გაყიდვაში გავატარე.
როცა გავიზრდები, ყველას ცხოვრებას შევცვლი, დედაჩემის ცხოვრებას. ქალის, რომელიც ბედნიერი არასდროს ყოფილა. მთელი ცხოვრება დატანჯულია ჩვენ გამო. უსინათლო მამაჩემის ცხოვრებას შევცვლი. ჩემი ძმების, ჩემი დის ცხოვრებას შევცვლი, რადგან როცა მათ უხარიათ, მეც მაშინ მიხარია“.
ლიზა ხელებს მაგიდიდან კალთაში აცურებს და თავს კიდევ უფრო ხრის. სიჩუმეა. რამდენიმე წუთში ხელებს ისევ მაგიდაზე ალაგებს და გაბრაზებით განაგრძობს:
„არ მინდა, მაგრამ მომიწევს ემიგრანტი გავხდე, იმიტომ, რომ აქ რა უნდა იმუშაო? რაზე უნდა იმუშაო, როცა დილიდან საღამომდე ჭურჭლის რეცხვაში 30 ლარს გიხდიან? 30 ლარი მარტო საჭმლისთვის გინდა და ვერც ვერაფერს იყიდი. გეტყვი, რასაც იყიდი – ორი კილოგრამი კარტოფილი, კარაქი, პური, ლიმონათი. წავიდა 30 ლარი და მაინც არ გვყოფნის – მამა, დედა, ბებია-ბაბუა, მე და ჩემი და-ძმა ვცხოვრობთ ერთად. ჭამა ყველას უნდა, კუჭი ყველას აქვს!“.
ლიზა ქუჩაში მოწყალებას დიდი ხანია აღარ ითხოვს. 10-11 წლის იყო, როცა ამას, როგორც თვითონ ამბობს, საკუთარი სურვილით აკეთებდა, ოჯახს რომ დახმარებოდა.
„დედაჩემი რომ მოწყალებას ითხოვდა, მე ვერ დავჯდებოდი და ვერ ვუყურებდი. ჩემს ადგილზე ყველა იმავეს იზამდა. გავდიოდი მეც და დედაჩემს ვეხმარებოდი.
30-35 ლარს ვაგროვებდი, მაგრამ არ არის ლამაზი, რომ მიხვალ და ადამიანს სთხოვ ფული მომეციო, ძალიან უხერხული მდგომარეობაა. აღარ ვითხოვ მოწყალებას, მრცხვენია. დედიკოსაც ვუთხარი, აღარ იმათხოვრო დედიკო, სირცხვილია და დავიწყოთ ერთად მუშაობა-მეთქი. ზაფხულში ერთად დავიწყებთ მუშაობას თევზების ბაზარში“.
ლიზა დედასთან ერთად აქამდეც მუშაობდა თევზების ბაზარში, მაგრამ სკოლის პარალელურად ამას ვეღარ ახერხებს. ლიზას დედა კი სახლიდან დიდი ხნით ვერ მიდის, რადგან ლიზას 7 თვის და ჰყავს.
„ჩემი პატარა დაიკო ივლისში დაიბადა. ისეთი საყვარელია. „ბულკი“, რასაც ჰქვია. სახელი მე შევურჩიე. მინდოდა განსხვავებული სახელი ჰქონოდა. შენ იცნობ ვინმეს, ვისაც ეს სახელი ჰქვია?“ – მოუნდა მეც დამედასტურებინა, რომ მისი დის სახელი ნამდვილად უცხოა. სახელზე ვერ ვწერ, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ლიზას შერჩეული სახელი ნამდვილად იშვიათია.
ჩაის სვამს, ფანჯარას უყურებს და საუბარს განაგრძობს.
„ყველაფერი ერთმანეთსაა მიწყობილი, თითქოს არასდროს გაწყდება ეს ჯაჭვი.
ჩვენ სადაც ახლა ვცხოვრობთ, 650 ლარს ვიხდით. მე და ბებიას მისაღებში გვძინავს, მამაჩემს, დედაჩემს, ჩემს და-ძმას ოთახში, ბაბუას კი – ცალკე. საწყობი იყო ის ადგილი, დავალაგეთ და ბაბუას ოთახი გავაკეთეთ.
ბებია 63 წლისაა. 4-ჯერ აქვს მიღებული ინსულტი. ხელი და ფეხი აქვს პარალიზებული, ვერ დადის. ვმეგობრობთ მე და ბებო. სულ გვერდში მიდგას და რჩევებს მაძლევს.
მთავრობას ძალიან ბევრჯერ ვთხოვეთ, რომ დაგვხმარებოდა სახლით. ეს არ მოხდა. ჩვენს სახლზე ახლაც დაწერილი გვაქვს და იმედია, მოგვცემენ. არ მინდა დიდი სახლი, არ მინდა. იყოს პატარა, თუნდაც ორი ოთახით. როცა შენი სახლი გაქვს, აღარანაირი შიში აღარ გაწუხებს. როცა სხვის სახლში ცხოვრობ და იცი, რომ ბინის ფული უნდა გადაიხადო, მაშინ ძალიან ნერვიულობ, მიხვდი? იმიტომ, რომ ბინის ფულს თუ არ გადაიხდი, ადგება მეპატრონე და გეტყვის – ბინა დამიცალე! მერე თავიდან უნდა მოძებნო ბინა და ასე, დაუსრულებლად. თან მარტო ეს ხომ არ არის? ჭამა, ექიმთან წასვლა…
მგონი, კუჭ-ნაწლავის პრობლემა მაქვს. ექიმთან მინდა მივიდე, გავესინჯო. დედაჩემმა მითხრა, რომ წამიყვანს“, – მეუბნება და ერთი ხელით მუცელს ისრესს.
მას ზუსტად ახსოვს ყველა თარიღი, როცა მისთვის იყიდეს ტანსაცმელი, რადგან ასეთი შემთხვევების ჩამოსათვლელად ხუთი თითიც ბევრია. ძირითადად სხვისი გამოყენებული, ბუნკერებთან დატოვებული და/ან „მდიდარი ბავშვების“ ნაჩუქარი ტანსაცმელი ეცვა.
„არ მეგონა, რომ შეიძლებოდა მომეპარა. მოპარვა არის ყველაზე დიდი ცოდვა და კი, ცოდვა მაქვს ჩადენილი. მოვიპარე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… ტანსაცმელი მომიპარავს, სხვა გამოსავალი არ მქონდა. მერე მივხვდი, რომ ვნანობდი ჩემს საქციელს, წავედი ეკლესიაში და აღსარება ჩავაბარე, ღმერთმა რომ მაპატიოს ჩემი ცოდვები-მეთქი.
13 წლის ვიყავი, როცა ქურთუკი, შარვალი და ფეხსაცმელი მოვიპარე ბინიდან. კარებთან დავინახე ტანსაცმელი იყო, ავიღე და ეგრევე გამოვიქეცი. მაღაზიიდან არასდროს მომიპარავს. ადრე სხვაგან ვცხოვრობდი, ბენზეში და იქ მოხდა ეს ამბავი. კამერები გადაახვიეს და ასე გაიგეს. ის ტანსაცმელი არც ჩამიცვამს, ვნანობდი. იქ ყველა მიცნობდა და მომადგნენ სახლში, რატომ აიღეო. ყველაფრის დაბრუნება მინდოდა. მითხრეს, ძალიან კარგი გოგო ხარ, ყოჩაღ რომ აღიარეო, ჩამეხუტნენ და აქეთ მაჩუქეს ფული. არც ის ტანსაცმელი არ დაიბრუნეს“.
ლიზას მშობლები სახლში იყვნენ და ამ ამბის შესახებ მათაც შეიტყვეს.
„დედაჩემს სიტყვა მივეცი, მეორედ არ გავაკეთებ ასეთ რამეს, მაპატიე-მეთქი. მაგის მერე მე ქურდობა და რაც ცუდი საქციელებია არ გამიკეთებია. იმ დღესვე დავპირდი ამას, როცა ნაქურდალ ნივთებზე სახლში მომაკითხეს, რატომ აიღეო. შეცდომა ყველას მოსდის. ყველა დედა აპატიებდა თავის შვილს, დედაჩემმაც მაპატია.
მამა უსინათლო და პირველი ჯგუფის ინვალიდია. მასაც ვთხოვე პატიება და მითხრა, მეორედ აღარ გააკეთო, თორემ მეორედ აღარ გაპატიებთო.
დედაჩემი ტიროდა ეს რას მოვესწარიო. იმ დღეს მითხრა – მოპარვას სჯობია წელის მოწყვეტამდე იმუშავოო“.
ლიზას ბევრჯერ უცდია სამსახურის დაწყება მიმტანად, მრეცხავად, დამლაგებლად… თუმცა მისი ასაკის გამო დამსაქმებლები უარს ეუბნებიან თანამშრომლობაზე.
„მომწონს თუ არა ტანსაცმელი, ეს უმნიშვნელოა. როცა პატარა ვიყავი, ნაგვის ურნებთან ხშირად ტოვებდნენ ტანსაცმელს. ყველაფერს ვიყენებდი, მაგრამ ახლა აღარ ტოვებენ და წლებია, არც არაფერი აღარ ამიღია.
ეს შარვალი 6 თვის უკან პენსიით მიყიდა მამაჩემმა. მე ტანსაცმელს ძალიან ვუვლი, მაგრამ გუშინ სახლი დავალაგე, გაზი გავწმინდე, რაღაც ქალის საქმეები შევასრულე, დაღლილი იყო დედაჩემი. მინდოდა ამ შარვლის გარეცხვაც, მაგრამ ჩამეძინა, არადა, ყოველ საღამოს ვრეცხავ შარვალს, სუფთად რომ მეცვას. აი, აგერ, ეს შარვალი დასვრილია. ჯობია, ავდგები და ისე დაინახე“, – ლიზა ნაცნობ დალაქავებულ წერტილებზე მიმითითებს. აშკარაა, რომ ლაქები შარვალზე ძალიან აწუხებს და მზერას მაშტერებს, აინტერესებს როგორი რეაქცია მექნება.
„ეს ერთი შარვალი მაქვს. ჩემთან სახლში რომ წაგიყვანო, ვერაფერს ვერ ნახავ სხვას. მხოლოდ თეთრეულები, საბნები. ეგეც ბაბუაჩემის დედა რომ გარდაიცვალა, იქიდან წამოვიღეთ. მეტი მე სხვა ჩასაცმელი არ მაქვს. ფეხსაცმელიც არ მაქვს.
სხვა ბავშვებს ძალიან ლამაზი რაღაცები აცვიათ. ფართო შარვლები, ფერადი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი… მეც მინდა ასეთი რაღაცები. ახლა რომ ფული მქონდეს შარვალს, სვიტერს ვიყიდდი.
ტანსაცმელი რომ მქონოდა, რატომ მოვიპარავდი? როცა ვიპარავდი, არ მეშინოდა, მაგ დროს შიში არ მქონია. ვგრძნობდი, რომ არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ მაინც გავაკეთე“.
ლიზასგან განსხვავებით, ქურდობის მრავალჯერადი გამოცდილება აქვს მის უფროს, 12 წლის ძმას.
„აფთიაქებს ტეხდა და ფულს იპარავდა. კიდევ სამაკატებს, ველოსიპედებს. მეგობრებთან ერთად აკეთებდა ამ ყველაფერს. ხშირად მოდიოდა პოლიცია ჩვენთან.
ვფიქრობ, ქუჩა არანაირ გავლენას არ ახდენს მოზარდებზე. მოზარდი მოზარდზე ახდენს გავლენას.
ერთი მოზარდი რომ წავა და მოიპარავს, შეიძლება მეორე მოზარდსაც მოეწონოს ეგ საქციელი, წავიდეს და მოიპაროს. ან ჩხუბის დროს – ერთი მოზარდი ერევა, მეორე მოზარდი ერევა და სწავლობენ ამ ყველაფერს.
ჩემს ძმას ჰქონია კონტაქტი „მოზარდების ქუჩის დაჯგუფებებთან“, მეც ვიცნობ მათ წევრებს, ვმეგობრობთ. ჩემი ძმის ძმაკაცები ჩემი ძმები გამოდიან, ისინიც დად მთვლიან. სულ ვეუბნები, არ ჩაიდინოთ ისეთი რამ, რასაც ინანებთ, დედათქვენები ინერვიულებენ-მეთქი“, – ამბობს ლიზა.
ლიზას ძმა უკვე რამდენიმე თვეა, რაც სახელმწიფო ზრუნვის პროგრამის ბენეფიციარია და ბათუმში არ ცხოვრობს.
„როცა წაიყვანეს, იქ ვიყავი. არ ვიცი, რა მომივიდა, თვალებიდან ცრემლები თავისით მომდიოდა. არ მინდოდა მას დავენახე, იმიტომ, რომ ვიცოდი, ისიც იტირებდა.
ერთ მომენტში მაინც ამეტირა. ზურგით დავდექი, რომ არ დავენახე. შემდეგ ცრემლები მოვიწმინდე, მასთან მივედი და ვუთხარი, მალე დაბრუნდები, არ ინერვიულო-მეთქი. ერთმანეთს ძალიან მაგრად ჩავეხუტეთ. მანქანაში რომ დაჯდა, დავინახე, ტირილი დაიწყო. არ არის სასიამოვნო გრძნობა, როცა შენგან მიდის საყვარელი ადამიანი.
ისე ცუდად გავხდი იმ დღეს, რომ ნერვიულობისგან თვალებში მიბნელდებოდა.
ძალიან მენატრება ჩემი ძმა. ერთად ვწვალობდით, ერთმანეთს არ ვშორდებოდით. მასთან ჩხუბი მენატრება განსაკუთრებით. უკვე 4 თვეა, რაც ჩემი ძმა წაიყვანეს. ტელეფონით ველაპარაკები და ვარიგებ, ჭკვიანად იყავი, თუ გინდა მალე ჩამოხვიდე-მეთქი. ის მეუბნება დედიკოს დაეხმარე, ცუდი არაფერი გააკეთო და როცა ჩამოვალ, ყველაფერში დაგეხმარებიო“, – მიყვება ლიზა და აგრძელებს „პიკნიკები მენატრება, მე და ჩემი ძმა მეგობრებთან ერთად რომ ვაწყობდით. იცოდნენ, ჩვენ არ გვქონდა ფული და თვითონ მოჰქონდათ რაღაცები. ვთამაშობდით, ვმღეროდით, კარუსელებზე ვტრიალებდით“.
ლიზას თქმით, ბევრი მეგობარი არ ჰყავს, რადგან მარტივად არავის ენდობა. კლასელებზე ამბობს, რომ ყველა კარგი ბავშვია, თუმცა მხოლოდ ერთ გოგოსთან მეგობრობს – „სულ მიცავს, გვერდში მიდგას და როცა ცუდ ხასიათზე ვარ და ვტირი, არ მაძალებს გავჩერდე, პირიქით, მეუბნება, რომ თუ მინდა ტირილი, უნდა ვიტირო“.
ლიზას საყვარელი მასწავლებელი მისი ძველი დამრიგებელია, რადგან ის ყოველთვის უსმენდა, თუ ლიზა თავისი პრობლემების მისთვის გაზიარებას გადაწყვეტდა.
ლიზა მიიჩნევსს, რომ იმ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ პირობებშიც მას უწევს ცხოვრება, მაინც მოახერხა „ცუდი თვისებები“ არ ჰქონდეს. მიღიმის და თავდაჯერებით მეუბნება – არ გავბოროტდი!
„ბოლოს ბებოს დავეხმარე. შვილო, დამეხმარე, ღმერთმა კარგი ბედი მოგცესო, შენი ოცნებები აგისრულდესო. 1,30 თეთრი მქონდა, პერაშკი უნდა მეყიდა, თან მშიოდა, მაგრამ ავდექი და მივეცი. რა უნდა მექნა? მე მოვითმენ შიმშილს, ის მოხუცია, ვერ“.
ბავშვებს, რომლებსაც უმრავლესობა ჩვენგანი ვიცნობთ, ბურგერები, კარტოფილი ფრი, ნაყინი, დონატები, ტკბილეული უყვართ. 14 წლის ლიზას საყვარელი საჭმელი ბორშჩია, სახლში მისი მომზადება ლიზასთვის ზეიმია.
„დაბადების დღე მე ყოველდღე მაქვს. გაიღვიძებს ადამიანი – დაბადების დღეა, დაიძინებს – დაბადების დღეა. სექტემბერში დავიბადე. ჩემი დაბადების დღის [აღსანიშნავად] ძალიან ბევრი ოცნება მქონდა სულ, დედაჩემსაც ვთხოვდი მიყიდე რაღაცები-მეთქი, მაგრამ დედაჩემს არ აქვს ამის ფული. არაფერი აქვს, ერთი სურვილი მაინც რომ ამისრულოს.
დედაჩემის მესმის, არაფერს ვაძალებ, პირიქით. რომ გავიზრდები, ამ ცხოვრებას დედა უნდა ვუტირო. იცი რატომ? იმიტომ, რომ ამ ცხოვრებამ მე პირადად არაფერი კარგი არ მომიტანა. მე მინდა, სხვა ცხოვრება მქონდეს. არ მინდა, იმ ცხოვრებით ცხოვრება, რომელშიც ახლა ვარ …“.
ლიზა მხოლოდ 14 წლისაა და უფლება აქვს, იცხოვროს შიშის გარეშე, ისე, რომ მუდმივად არ ემუქრებოდეს ნაქირავები ბინიდან გაგდება. უფლება აქვს, ჰქონდეს რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი. იმსახურებს ბორშჩი არ ენატრებოდეს. იმსახურებს, მივიდეს ექიმთან და გაარკვიოს, რატომ სტკივა მუცელი.
ეს ყველაფერი არ არის, ლიზა კიდევ ბევრ რამეს იმსახურებს.
____
მკითხველის თხოვნით ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს, რომელზე შემოსული თანხაც ლიზას და მის ოჯახს გადაეცემა
საბანკო მონაცემები:
საქართველოს ბანკი
GE55BG0000000588221400
TBC ბანკი
GE12TB7990736080100007
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ – „ლიზასთვის“
ანგარიშის ნომრები ეკუთვნის „ა[ა]იპ იალქანის დღის ცენტრს“. ცენტრის ხელმძღვანელი, თიკო აბაშიძე მზადაა ლიზასთვის ჩარიცხული თანხის ამონაწერი გამჭვირვალობის მიზნით გაუზიაროს „ბათუმელების“ მკითხველს.