სიახლეები

არჩევნებამდე ბათუმის მერია გარე სარეკლამო სივრცეს 10 წლით ასხვისებს – ოპოზიცია წინააღმდეგია

26.02.2024 •
არჩევნებამდე ბათუმის მერია გარე სარეკლამო სივრცეს 10 წლით ასხვისებს – ოპოზიცია წინააღმდეგია

არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე ბათუმის მერიამ საკრებულოს აცნობა, რომ გარე სარეკლამო სივრცე საიჯარო წესით გასასხვისებლად აუქციონზე უნდა გაიტანოს. მერიის მიერ საკრებულოში გაგზავნილ განმარტებით ბარათში წერია ასევე, რომ რეკლამის განთავსების უფლების შემძენი 10 წლიან ხელშეკრულებას მიიღებს, საწყისი საფასური 8 მილიონი ლარი იქნება.

ვის განკარგვაში გადავა ბათუმის გარე სარეკლამო სივრცე და რა ვადით, სულაც არ არის რიგითი ტექნიკური საკითხი, რომლის შეთანხმებასაც საკრებულოსთან კანონი ითვალისწინებს. როგორ გადანაწილდება ქალაქის ცენტრალურ ადგილებზე დიდი ზომის სარეკლამო ბილბორდები და ვინ მოახერხებს მათზე საკუთარი კანდიდატების ფოტოების „გამოჭიმვას“ ერთნაირად აწუხებს, როგორც „ოცნების“ უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას.

ოპოზიციას ამ საკითხის პოლიტიკური ნაწილი უფრო აღელვებს – განსაკუთრებით არჩევნების წინ კარგად ჩანს, რომ გრძელვადიან კონტრაქტს დიდი შემოსავლის მიღების პერსპექტივით უანგაროდ არავინ იღებს: ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომპანიის მფლობელებს შორის ორმხრივია.

„რატომ გადავცემთ ასე მსხვილად, ერთ ლოტად მთელი ქალაქის ტერიტორიაზე?“ – იკითხა საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემ გახარიას პარტიიდან – „საქართველოსთვის“. კითხვის არსი მან სხდომაზე ასე განმარტა:

„კონკურენციის საშუალება აღარ არის და ეს იგრძნობა განსაკუთრებით საარჩევნოდ, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ საშუალება რეკლამის განთავსების. როგორღაც „ოცნება“ ახერხებს ყოველთვის პირველმა მიმართოს რეკლამის განთავსებაზე, თუ რა ხდება არ ვიცი. შემდგომში კი მხოლოდ „ოცნების“ კანდიდატები გვიმზერენ ამ ბილბორდებიდან. რატომ არ შეიძლება უბნების მიხედვით ან სხვა პრინციპით დაიყოს ეს ლოტები, არ იყოს ერთი კომპანიის ხელში თავმოყრილი და შესაძლებლობა ჰქონდეს რამდენიმე კომპანიას მიიღოს მონაწილეობა?.“

აკაკი გვიანიძეს ჯერ თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე გამოეხმაურა „ოცნებიდან“, შემდეგ ნატალია ძიძიგური, საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი.

„ბატონო დავით ჩვენ ახლა დებულებაში ცვლილების შეტანას ვახდენთ და მაგ დებულებაში ვწერთ, რომ არჩევნების დროს გათვალისწინებული იქნეს პარტიული ინტერესები? “- ჰკითხა ნატალია ზოიძემ საკითხის მომხსენებელს, დავით კოპინაძეს – აკაკი გვიანიძის გასაგონად.

„არა“ – უპასუხა მას დავით კოპინაძემ, მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა.

თუმცა, წინასაარჩევნოდ ბილბორდების გადანაწილების საკითხი, პარტიულ ინტერესებთან რომ იკვეთება, ეს ახალი არ არის ბათუმელი ამომრჩევლისთვის. თემა აქტუალური იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და კარგად გამოჩნდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციამ არაერთი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ბათუმის გარე სარეკლამო სივრცე მათთვის მიუწვდომელი იყო. ზოგისთვის ფასის გამო, ზოგისთვის კი მხოლოდ იმიტომ, რომ ბათუმის მერიის პარტნიორმა კომპანიამ მათ რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა.

ოპოზიციამ რეკლამის განთავსება ვერც მუნიციპალურ ავტობუსზე მოახერხა. მუნიციპალურ ავტობუსზე სარეკლამო სივრცეები მერიას შპს „ალმასთვის“ 30 წლის ვადით აქვს გადაცემული.

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსზე გარე რეკლამაში 1000 დოლარი მოგვთხოვეს – ენმ

სარეკლამო სივრცე მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ – რატომ დუმს „ალმა“

„ზოგი რეკლამაზე ფიქრობს, ზოგი ბანერზე ნერვიულობს, მაგრამ რომ არ უშველის ვერ ხვდებიან. რათ უნდა მაგას ლაპარაკი“, – ასე გამოეხმაურა ყოფილ თანაპარტიელ აკაკი გვიანიძეს ნატალია ძიძიგური. მის რეპლიკას სიცილი მოჰყვა „ოცნებიდან“.

ამის შემდეგ მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, დავით კოპინაძე შეეცადა განემარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი გარე სარეკლამო სივრცის 1 ლოტად გასხვისება.

„მოგეხსენებათ, რომ ყველა ლოკაცია არ არის მიმზიდველი სარეკლამო სუბიექტებისთვის. ქალაქის ტერიტორიაზეა გაშლილი ბილბორდები, აუცილებელია იყოს ერთი კომპანიის ხელში, ინფრასტრუქტურის ნაწილში გვექნება საქმე მხოლოდ ერთ სუბიექტთან. ვინც უნდა უზრუნველყოს ინფრასტრუქტურის გამართვა-მოწესრიგება“.

„კონკურენცია, არ არის ღირებულება ესე იგი“, – დაასკვნა აკაკი გვიანიძემ. კოპინაძე ამასაც არ დაეთანხმა და თქვა, რომ ბაზარზე ბევრი კომპანიაა, რომლებსაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ აუქციონში.

სარეკლამო სივრცის გრძელვადიანი გასხვისება რომ არაეფექტურია, ამაზე სახელმწიფო აუდიტი წერდა თავის დასკვნაში.

შპს „ალმასა“ და ბათუმის მერიას შორის გაფორმებული 30-წლიანი კონტრაქტი სახელმწიფო აუდიტმა შეაფასა, როგორც მერიის არასწორი გადაწყვეტილება, რომელმაც ქალაქს გრძელ ვადაში დიდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა დააკარგვინა [ეს კონტრაქტი 2020 წელს გააფორმეს]. 

2020 წელს ბათუმის მერიამ ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგა მუნიციპალურ ავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსების უფლება [5,154.3 კვ.მეტრი ფართობი] – კონტრაქტი „ალმას“ გაუფორმეს. კომპანიამ 4 მილიონ 100 000 ლარი გადაიხადა.

აუდიტორის შეფასებით, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ 30 წლით სარეკლამო სივრცის სრულ მოცულობაზე უფლების გადაცემა წარმოშობს რისკს, რომ გრძელვადიან პერიოდში დაიკარგოს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.

ამასთან,

მთლიანი სარეკლამო ფართობის ოცდაათწლიანი ვადით უფლების გადაცემა მაშინ, როდესაც ასეთ გრძელვადიან პერიოდში რადიკალურად იცვლება საბაზრო პირობები, შესაძლოა, შპს-ს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობის დაკარგვა განაპირობოს. ვერ უზრუნველყოფს პროცესისადმი მოცემულ ბაზარზე ოპერირებადი სხვა სუბიექტების დაინტერესების ზრდას.

ამ შემთხვევაში საუბარია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტზე“. ეს არის მუნიციპალური შპს, რომლის ბიუჯეტშიც აისახება მუნიციპალური ავტოტრანსპორტიდან მიღებული შემოსავალი, მათ შორის, შემოსავალი რეკლამიდან.

ამის მიუხედავად, მერია ტენდენციას აგრძელებს, ახალი დადგენილებით გარე სარეკლამო სივრცის 10 წლით გასხვისებას გეგმავს.

საინტერესოა ისიც, რატომ დააყოვნეს ამ დრომდე სარეკლამო სივრცის გასხვისება და რატომ დაამთხვევს ეს 2024 წლის არჩევნებს – შპს „აჯადთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც ბათუმში გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება ჰქონდა, ვადა 2022 წელს გაუვიდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამჯერად ბათუმის გარე რეკლამის ბაზრის ათვისება „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულ კომპანიას შპს „ალმას“ სურს.

ბათუმის მერიას შპს „ალმასთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, კომპანიას ბათუმის სხვადასხვა უბანში ათვისებული აქვს 6-6 კვადრატული მეტრი, მოსაცდელების განთავსების პირობით [ასზე მეტი მოსაცდელი]. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ალმას“ ამ მოსაცდელების მოვლა-პატრონობაც ევალება. სანაცვლოდ კომპანია ამ მოსაცდელების სივრცეებს სარეკლამო ბანერების განსათავსებლად აქირავებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: