მთავარი,სიახლეები

ვინ ითხოვს ახალი ცათამბჯენების მშენებლობას ბათუმში – მერია და საკრებულო თანახმაა

28.02.2024 •
ვინ ითხოვს ახალი ცათამბჯენების მშენებლობას ბათუმში – მერია და საკრებულო თანახმაა

ბათუმის სამედიცინო ცენტრის [BMC] გვერდით – კახაბრის ქუჩაზე, ახალ ბულვართან – ლორთქიფანიძის ქუჩაზე და სპორტის სასახლის უკან – გაგარინის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაა დაგეგმილი.

40, 27 და 23-სართულიანი სახლების მშენებლობაზე ქალაქის მერია თანახმაა. თანახმაა საკრებულოც, რომელმაც საპროექტო ტერიტორიებისთვის კ2 კოეფიციენტების გაზრდას დაუჭირა მხარი.

წესით, კ2 კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ მშენებლებმა ბათუმის მერიას ბინები უნდა გადასცენ.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პროექტები რომ განახორციელონ ამისთვის მშენებლებს ქალაქის მერიიდან სამუშაოების დაწყების ნებართვის მიღება დარჩათ.

40-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის ქალაქის მერიას შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრმა“ მიმართა. შენობა ამავე კომპანიის საკუთრებაში არსებული კლინიკა BMC-ს გვერდით უნდა ააშენონ.

40-სართულიანი შენობა BMC-ს გვერდით / ესკიზი განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] კონცეფციიდან

„ბათუმის სამედიცინო ცენტრმა“ გეგმარებით ერთეულში მოქცეული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარებისათვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის სიდიდის გაზრდა დადგენილი 1,8-დან 13,0-მდე მოითხოვა. გდგ-ს კონცეფცია გაზრდილი კოეფიციენტით ბათუმის საკრებულომ 2024 წლის 23 თებერვალს დაამტკიცა.

კონცეფციის მიხედვით, „საპროექტო შენობის სრული მოწყობა და ექსპლუატაციაში გაშვება 2029 წლის 31 დეკემბრამდეა დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოების წარმოება მოხდება კონტრაქტორი კომპანიის მიერ, რომელიც ვალდებული იქნება დაიცვას გარემოსდაცვითი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და სტანდარტები“.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „საცხოვრებელი დანიშნულების მრავალსართულიან შენობაში განთავსდება საზოგადოებრივი დანიშნულების ფართობი, ასევე ავტოსადგომები მიწისზედა და მიწისქვეშა (2 დონეზე) სართულებში. დაგეგმილია ღია ავტოსადგომების, სათანადო ინფრასტრუქტურის, შიდა გზების, დასასვენებელი ადგილებისა და გამწვანების მოწყობა.“

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, განაშენიანების მაქსიმალური სართულიანობა იქნება 40 სართული (მიწისზედა), განაშენიანების სიმაღლის მაქსიმალური მაჩვენებელი კი, 133 მეტრი.

„ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქუჩა N36-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აღნიშნული ტერიტორია გახადოს უფრო პრესტიჟული, გაზარდოს საბინაო ფონდი, შეიქმნას უკეთესი საინვესტიციო გარემო და გაჩნდეს მეტი სამუშაო ადგილი. ამ ყველაფრით გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა“, – აღნიშნულია კონცეფციაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მოსახლეობაც გამოიკითხა:

  • „რესპონდენტთა ის ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება ახალი საცხოვრებლის მშენებლობას თვლიან, რომ: მიმდებარე ტერიტორიაზე გაუარესდება საცხოვრებელი პირობები; მაღალი საცხოვრებელი სახლები არ უხდება ქალაქ ბათუმს.“
  • „უნდა აღინიშნოს, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მოწინააღმდეგე რესპონდენტის ძირითადი განწყობა პასუხებიდან გამომდინარე უფრო ზოგადი ხასიათის იყო და ძირითადად აფიქსირებდა პოზიციას, რომ ბათუმი ძალიან გადატვირთულია კორპუსებით, რაც ქალაქისთვის უსარგებლოა და ბევრ დამაბრკოლებელ გარემოებებს ქმნის განვითარების კუთხით, ასევე ზოგადად არაა მიზანშეწონილი მაღლივი შენობების აშენება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რესპონდენტები, რომლებიც უარყოფითად აფასებენ მომავალ მშენებლობას საერთო გამოკითხულთა 6.81%-ს შეადგენს.“

ვინაიდან საკრებულომ განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის 13,0-მდე გაზრდას მხარი დაუჭირა, შესაბამის განკარგულებაში ჩაიწერა, რომ „გადამეტებისათვის განმცხადებელი იღებს ვალდებულებას გადამეტებული კოეფიციენტის 10 პროცენტის მერიისთვის გადაცემის შესახებ.“

გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე კი, განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] კონცეფციის დამტკიცება ქალაქის მერიისგან მოქალაქე მურად შავლიძემ მოითხოვა. დოკუმენტების მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე [ გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა N3 და N5-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ახალ ბულვართან და მდინარე მეჯინისწყალთან ახლოს მდებარეობს] 21 და 27 სართულიანი კორპუსების მშენებლობაა დაგეგმილი.

მრავალსართულიანი კორპუსები გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე ბათუმში – რენდერი გდგ-დან

ამ შემთხვევაში ინტენსივობის კ2 კოეფიციენტი 2,5-დან 9,0-მდე გაიზარდა. განმცხადებელმა კი აიღო ვალდებულება „გადამეტებული განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 10% გადასცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას“.

დოკუმენტების მიხედვით, ახალი კორპუსები მშენებლობის დაწყებიდან 3 წელში დასრულდება. ერთი შენობა 21 სართულიანი იქნება [სიმაღლე 66,7 მეტრი], ხოლო მეორე 23-სართულიანი [სიმაღლე 73,2 მეტრი].

25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი გაგარინის ქუჩაზეც [ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სპორტის სასახლის უკან]. გდგ-ს დასამტკიცებლად კი მერიას განცხადებით ამირან თებიძემ მიმართა.

გაგარინის ქუჩის შემთხვევაში საკრებულომ კ2 კოეფიციენტი 1,8-დან 9,0-მდე გაზარდა. ამირან თებიძემ კი, აიღო ვალდებულება, რომ „კ2 კოეფიციენტის გადამეტების საკომპენსაციოდ გადამეტებული განაშენიანების ინტენსივობის ფართობის 10% გადასცეს ქალაქ ბათუმის მერიას.“

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ საპროექტო შენობები სავარაუდოდ 25 სართულიანი იქნება, რომელთა სიმაღლე 87 მეტრია. აქედან მიწისქვეშ განთავსდება 1 სართული.

დოკუმენტის მიხედვით, ახალი კორპუსის ასაშენებლად საპროექტო ტერიტორიაზე 4 ორსართულიან ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს დაანგრევენ.

„ამ სახლების „დემონტაჟს შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობების განთავსება არ გამოიწვევს დისონანსის შეტანას და ურბანული ქსოვილის რღვევას, რადგან მიმდებარე საკადასტრო ერთეულებზე იგეგმება მრავალსართულიანი შენობები, განვითარების შედეგად გათვალისწინებული იქნება ქალაქგეგმარებითი მოთხოვნები, გამწვანების ადგილ(ებ)ი, ავტოსადგომები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა“, – წერია გდგ-ს დოკუმენტში.

ამირან თებიძე შპს „ა.თ. დეველოპმენტის“ დამფუძნებელი და დირექტორიცაა. კომპანია 2022 წლის სექტემბერში, ბათუმშია რეგისტრირებული.

დაგეგმილი ახალი საცხოვრებელი კორპუსების მდებარეობები ბათუმში:

წითელი წერტილებით მონიშნულია ის ადგილები სადაც საცხოვრებელი კორპუსების აშენებაა დაგეგმილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: