მთავარი,სიახლეები

„მცემდნენ იმისთვის, რომ გაკვეთილი კარგად მოვყევი ან არ მოვყევი“ – რას ცვლის მოზარდში ჰომოფობიური ბულინგი

27.02.2024 •
„მცემდნენ იმისთვის, რომ გაკვეთილი კარგად მოვყევი ან არ მოვყევი“ – რას ცვლის მოზარდში ჰომოფობიური ბულინგი

საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ჩაგვრისგან დიდი ხნის პრობლემაა, ამას მოწმობს საქართველოს სკოლებში სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები, რომელთა თანახმადაც ბულინგი მოსწავლეთა შორის ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა.

UNICEF-ი წერს, რომ ყველაზე დაუცველი/მოწყვლადი ბავშვები ბულინგის უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან. ხშირად ესენი არიან ბავშვები მარგინალიზებული თემებიდან. მათ შორის არიან ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან, სხვადასხვა გენდერული იდენტობის მქონე და შშმ ბავშვები.

ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ გაეროს მსოფლიო ანგარიშის (2006) მიხედვით, ბულინგის უმეტესობა სექსუალური ან გენდერული ხასიათისაა. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც გენდერულად შეუსაბამოდ [გენდერულად არაკონფორმულად] მიიჩნევიან.

სქესთან და გენდერთან დაკავშირებული შინაარსის ბულინგი პრობლემაა ქართულ სკოლებშიც. 2020 წელს „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულთა 28,6% გენდერული გამოხატვის ნიშნით ბულინგზე აკეთებს აქცენტს. მოსწავლეებზე ძალადობის მნიშვნელოვან მიზეზად ბავშვების მასკულინური და ფემინური ხასიათის სოციალიზაცია სახელდება – „ბიჭი უნდა იყოს მამაკაცური და გოგო – ქალური, თორემ იჩაგრებიან“.

„გენდერული გამოხატვის ნიშნით ბულინგი გულისხმობს მათი სქესისთვის არსებული მოლოდინებისგან განსხვავებული გარეგნობის, მანერების, ჩაცმის სტილის მქონე ბავშვებზე სხვადასხვა ფორმის ძალადობას.

25 წლის სერგო გვიყვება, რომ ბავშვობის შემდეგ ის ძალიან შეიცვალა, დღეს ადამიანებთან კომუნიკაციის კარგი უნარები აქვს, მაგრამ ბავშვობაში ასე არ იყო. „ბავშვობაში ძალიან ჩაკეტილი ვიყავი, შიშები, კომპლექსები მეგობრების მხარდაჭერით მოვიშორე“, – ამბობს ის. – „ახლა საწყობში ვმუშაობ მომმარაგებლის პოზიციაზე, თანამშრომლები ძალიან კარგები არიან, კომუნიკაბელური ვარ, ეს უნარი წლების განმავლობაში, სამსახურებში გამოვიმუშავე.

აქ ადამიანებთან კომუნიკაცია ვალდებულებაც იყო – ძირითადად ეს იყო სასაქონლო სამსახურები, სადაც პროდუქციასთან მქონდა შეხება და უშუალოდ მომხმარებელთან, ამავდროულად ვიყავი მოლარე, ბევრი გამოცდილება მაქვს ამ ტიპის სამსახურებში“.

სერგოს, ისევე, როგორც ლგბტქი+ მოზარდების დიდ ნაწილს, სკოლაში ბულინგის მძიმე გამოცდილება აქვს. სწორედ ამ მიზეზით სერგო სკოლის საბაზო განათლება აქვს, ანუ 9 კლასი დაამთავრა და სკოლიდან გამოვიდა. „ჩუმ აგრესიას ყოველთვის ვგრძნობდი სამეზობლოში, უბნელი ბიჭებისგანაც. ისინი ჩემზე პატარები იყვნენ ასაკით, მაგრამ დიდი გაბარიტებით, ანალოგიური აგრესიით იყვნენ ჩემ მიმართ.

სკოლაში მქონდა ძალიან რთული პერიოდი, ჩემი სიმაღლიდან, გარეგნობიდან გამომდინარე სულ დაცინვის და ძალადობის ობიექტი ვიყავი. სულ მცემდნენ ჩემი კლასელები, პარალელური კლასელებიც, სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი. ენერგიული ბავშვი ვიყავი, მხიარული, სხარტი აზროვნების, მოწადინებული ვიყავი სწავლაზეც, მაგრამ ბულინგი ძალიან ბევრ რაღაცას ცვლის ცხოვრებაში, გკეტავს შინაგანად, ემოციურად. [ძალიანაც რომ მოინდომო] ყველას თვალში ჩანხარ საცოდავი, მტირალა – „შეხედე, სულ ტირის.

გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავდიოდი, ჩემი მიმართულებით ხან წიგნი მოდიოდა, ხან „პასტა“, ხან მაგიდა, ხან სკამი. ზუსტი მიზეზი, ამხელა აგრესია ჩემ მიმართ, რის გამო იყო, ახლაც არ ვიცი… ალბათ ჩემი მანერულობა იყო მათთვის უცხო და მიუღებელი. მე ამას ვერც ვამჩნევდი მაშინ, არც ვფიქრობდი ამაზე.

რადიკალურად განსხვავებულ მიზეზებს მეუბნებოდნენ, დიდთავა, ცხვირა, წრიპა… დავტოვე 9 კლასი, სურვილიც აღარ მქონდა, რომ მესწავლა, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე. ტელევიზორისა და მუსიკის გარდა არაფერი მაინტერესებდა ცხოვრებაში, მაგრამ ნელ-ნელა დავიწყე ჩემ თავზე მუშაობა, ჯერ ჩემით, მერე მეგობრები დამეხმარნენ. ვერ გეტყვი, რომ სკოლაში შევეჩვიე ამ ყველაფერს. ბევრჯერ მიფიქრია, ავდგები და თავს მოვიკლავ-მეთქი, მაგრამ უკან დედა მყავს, ამ ნაბიჯს ვერასდროს გადავდგამ“. 

იუნესკოს უახლესმა ანგარიშმა გამოავლინა, რომ მსოფლიოს მოსწავლეების 30%-ზე მეტი გამხდარა ბულინგის მსხვერპლი, რაც დამანგრევლად აისახა მათ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა მათ აკადემიურ მიღწევებზე/მოსწრებაზე და სკოლის მიტოვებაზეც კი.

სერგო ამბობს, რომ ამ პერიოდში მას მხარდამჭერი არავინ ჰყავდა, თავისი ორიენტაციის შესახებ მხოლოდ სრულწლოვანებაში გაუმხილა მეგობარს, დედასთან კი იძულებით დააქამინგაუთეს: 

„პატარა ასაკიდან ვიცოდი, რომ ბიჭები მომწონდა, მაგრამ დიდი ხანი ამაზე არც ვფიქრობდი. ჩამალული მქონდა გულში. ასე იყო ლამის სრულწლოვანებამდე. როცა ჩემს ერთადერთ მეგობარს გავუმხილე ჩემი ორიენტაციის შესახებ, ცხოვრებაში პირველად, ზურგიდან უდიდესი ტვირთი მომეხსნა თითქოს.

სხვა დროსაც ვცადე სხვა ადამიანთან, მაგრამ ძალიან ცუდად შემომიბრუნდა ეს სურვილი, ოჯახში გასკდა ეს ამბავი. მე მინდოდა დედაჩემს ეს ყველაფერი ჩემგან გაეგო და გაეგო რბილად, მშვიდად, მინდოდა მეთქვა, რომ ამ თემში უფრო მეტი მეგობარი, გულშემატკივარი და თანამოაზრე ვნახე, ვიდრე ოდესმე სხვაგან… დამასწრეს, შემოვლით, სხვანაირად მიიტანეს ხმები. მე მინდოდა დედასთან ჩემს ენაზე, ჩვენს ენაზე გვესაუბრა, ის გამიგებდა…  მაგრამ დაიკარგა ეს შანსი“, – ჰყვება სერგო. – „დედა ძალიან ბევრი ადამიანის ზეგავლენის ქვეშ მოექცა…

სამწუხაროდ, ამ ზეგავლენას მე ვერ ვაჯობე. ჩემმა ემოციებმა ეს ვერ გადაწონა და გავეშვი. ვიცი, ვერ გადამიყვარებს, მაგრამ არ უნდა [ამის აღიარება].

რთული პერიოდი იყო. მოძღვარი, ეკლესია… თითქოს ეშმაკი მყავდა და ეგზორციზმი მჭირდებოდა, ხათრით დავთანხმდი, ჩათვალეს რომ განვიკურნე“.

სერგომ ვებდიზაინის მოკლე კურსი გაიარა, თუმცა ამ პროფესიით ვერ დასაქმდა: „ოჯახურმა პრობლემამ დამხია უკან, ქირით ვცხოვრობთ, ბოლოს გაგვიჭირდა ძალიან. ვმუშაობ სულ, ჩემი ხელფასები საშუალოდ 500-600 ლარია, დამატებით თუ რაიმეს გავაკეთებ, ეს არის“.

თემური 27 წლისაა, სკოლა აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დაამთავრა:

„არ ვიცი, რამდენად ხვდებოდნენ, რომ განსხვავებული ვიყავი მათგან, განსხვავებული „მაგ“ კუთხით, თორემ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ… სკოლაში ბევრი შემთხვევა იყო, როცა მჩაგრავდნენ, მაქილიკებდნენ და მერჩოდნენ უწყვეტად. ვიყავი ხშირად ჩემი კლასელების სამიზნე და სხვა კლასელების მხრიდანაც მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჩარჩოებში ვერ და არ ვჯდებოდი.

სკოლის მერე, სასწავლებელშიც გაგრძელდა… ყოფილა შემთხვევა, ძალიან საშიშ ზღვართან მივედი. როცა საკუთარი თავის მიმართ მიმღებლობაც არ გაქვს, ჩამოყალიბებული არ გაქვს წარმოდგენები, გათვითცნობიერებული არ გაქვს, ვინ ხარ და ამ დროს ყოველ დღე გერჩიან, დაგცინიან, არ განებებენ თავს…

საბოლოოდ თვითმკვლელობაც დავაპირე, ერთი ახალაშენებული მაღალი შენობა იყო აქვე ახლოს, იქ ავიპარე და გადმოხტომას ვაპირებდი, რომ მეგობარმა დამირეკა და ყურადღება გადამატანინა. მაგას ერთი წამი უნდა, შეიძლება უცებ გადადგა ნაბიჯი და მერე უკან ვეღარ დააბრუნებ დროს. დროთა განმავლობაში ვისწავლე თავის დაცვა, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს ამას.

სკოლაში რაც ხდებოდა, იმის შესახებ არ ვსაუბრობდი. თითქოს ნორმა იყო ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. უფროს კლასებში ასეთი თამაშები ჰქონდათ, ამოიჩემებდნენ ვინმეს, ურნას ჩამოაცვამდნენ თავზე… სხვათა შორის, რამდენიმე მასწავლებლისგან მიგრძნია მხარდაჭერა, როცა შეამჩნიეს, რომ უმიზეზოდ მერჩოდნენ. ერთმა მითხრა, თუ რამეს გეტყვიან ან შეგაწუხებენ, აუცილებლად მითხარი და დაგეხმარებიო; სასწავლებელში მხარდამჭერად სწორედ ის ერთი, საუკეთესო მეგობარი მეგულებოდა, ვინც იმ დღეს დამირეკა და გადამაფიქრებინა გადმოხტომა. სახლში – არავინ.  

[არამოდურ] ტანსაცმელზეც დამცინოდნენ, ფემინურობაზეც, მაგრამ მე ვერც ვარჩევდი ჩემს თავში ფემინურობას. ეს სიტყვაც არ ვიცოდი მაშინ, არანაირი ცოდნა არ მქონდა, პრობლემას ვეძებდი ჩემს თავში – რა უნდათ ჩემგან, რა მაქვს ცუდი. მერე შენს თავთან რომ არკვევ სხვა ორიენტაცია გაქვს, ხარ გეი, გგონია, რომ ეს არასწორია, დაავადებაა, ცოდვაა… თავს იდანაშაულებ, უკვე თავადაც ერჩი საკუთარ თავს.

ამ გამოცდილებების შედეგად დღესაც მიჭირს ადამიანებთან დაახლოება. ხშირად მაქვს გაუცხოება. არ მიყვარს, როცა ზედმეტად „მიშინაურდებიან“, ფამილარულად მომმართავენ ახალი ადამიანები“. 

თემური საზღვაო ინდუსტრიაში მუშაობს, ნაოსნობა კი კაცებით დომინირებული სფეროა. თემური ამბობს, რომ ჰომოფობია არ არის უარესი ნაოსნობაში, ვიდრე სხვა სფეროებში, მაგრამ ვერც იმას უარყოფს, რომ ასეთი შემთხვევებიც ხდება – „მცირე რაოდენობით, მაგრამ არიან ასეთი ადამიანები.

სკოლის პერიოდში სამომავლო გეგმებზე ფიქრი მიჭირდა, ვერც ვფიქრობდი სამსახურზე, მაშინაც კი, როცა მეზღვაურობა დავაპირე, არ მქონდა ცხადად წარმოდგენილი. ვიცოდი, რომ გემზე რთული იქნებოდა, მაგრამ იმაზე, თუ რა დამოკიდებულება დამხვდებოდა – წინასწარ ვერ ვფიქრობდი მაშინ.  

იშვიათად, მაგრამ გემზეც ყოფილა დაცინვა, ირონიული დამოკიდებულება, ძირითადად ქართველებისგან. შევიწროების მომენტიც ყოფილა, არაეთიკური და უხამსი ხუმრობა, ზედმეტად პირადი კითხვები… თუმცა ამაზე ძალიან მკაცრი რეაქცია მაქვს დღეს. 

ცხადია, პირად ცხოვრებაზე არ ვსაუბრობ ყველასთან, მაგრამ ირონია იგრძნობა, როცა მათსავით არ იქცევი, არ სვამ, არ ეწევი, გოგოებზე ლაპარაკის დროს ირონია იგრძნობა. ოღონდ ეს სამუშაოზე ვერ მოახდენს გავლენას, იქ სხვა ადამიანებიც არიან, ახლა სხვა დროა.

არ ვიცი, ახლა რა მდგომარეობაა სკოლებში. ვეჭვობ, დიდად არაფერი შეცვლილა, მაგრამ  იმედი მაქვს, დღეს სკოლას ბავშვების დაცვის უკეთესი მექანიზმები აქვს, ვიდრე მაშინ. ვფიქრობ, ბულინგის და ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული პროგრამები და კამპანიები ამ პრობლემას შეამცირებდა. [საგანმანათლებლო დაწესებულებებში] ეს საკითხი მუდმივად უნდა იყოს ყურადღების ცენტრში. ბულინგს ფიზიკურის გარდა სხვა ფორმებიც აქვს, ფაქტია, რომ კამერები ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას.

სწავლის მოტივაციამქონდა ნული. პირველივე თვეს მივხვდი, სწავლა იმიტომ არ მინდოდა, რომ ბევრი ვიღაც მაბულინგებდა. აკადემიაში რომ ბულინგი გავიარე, მასეთი არც სკოლაში გამივლია, არც სამეზობლოში და არსად. მინდოდა სხვაგან გადასვლა, მაგრამ თანხა გადახდილი იყო, ფინანსურად გვიჭირდა… გინდა თუ არა უნდა გამეგრძელებინა, იმის იმედიც გვქონდა, რომ ეს პროფესია ფინანსურადაც მოგვიგვარდებოდა რაღაცებს”.

ნიკო 24 წლის გენდერქვიარი ადამიანია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას არც კაცური იდენტობა აქვს და არც ქალური, ან და ზოგჯერ ამ ორის კომბინაციას წარმოადგენს. როცა ნიკო აჭარის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფლიდან დაბის სკოლაში გადავიდა, მისი მანერულობა ჩაგვრის მთავარი საბაბი გახდა.

„მათთვის თავიდან მხოლოდ „სოფლელი“ ვიყავი, თუმცა მოგვიანებით სხვა – „იდენტობებიც“ დაემატა. ჩემი [იდენტური] თვითგამორკვევის პარალელურად, ჩემი მანერები უფრო ფემინური ხდებოდა, ბიჭებთან რომ არ მქონდა კომუნიკაცია და მათსავით არ ვსაუბრობდი, არ ვიგინებოდი, ამის გამო ათას რამეს მეძახდნენ; ერთხელ ისიც გაიგეს, რომ მუსლიმი ოჯახი მყავდა, რის გამოც ხოჯას მეძახდნენ და მცემდნენ“. 

ქვიარბულინგის შესახებ კვლევაში წერია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რაც ქვიარბავშვებსა და მოზარდებს სკოლაში უსაფრთხოების განცდას უკარგავს, მასწავლებლების ცოდნისა და სენსიტიურობის სიმწირეა ბულინგის (განსაკუთრებით გენდერული და ჰომოფობიური ბულინგის) მიმართ. ეს კი მათ შემდგომ ფსიქიკურ კეთილდღეობასა და განათლების შესაძლებლობებზე აისახება.

„მასწავლებლებისგანაც მახსოვს დამცინავი კომენტარები. ერთ მასწავლებელს განსაკუთრებით არ მოვწონდი, ითხოვდა ჩემგან, რომ უფრო კაცური ვყოფილიყავი, უფრო ვაჟკაცური. მეუბნებოდა, „რანაირად იქცევი; რანაირი კაცი ხარ; ეს რა კაცის საქმეა, წადი ბიჭებთან დადექი; თმა კაცივით შეიჭერი“. სხვა მასწავლებელი სოფელზე მეხუმრებოდა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო ამყარებდა იმ სტერეოტიპს ჩემს კლასელებში, თუ რა არის „სწორი, ნორმალური“ და რა „არანორმალური“ ქცევა“, – ამბობს ის. 

„ყველაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო ფიზიკური ძალადობის მაპროვოცირებელი – ის, რომ გაკვეთილი კარგად მოვყევი, ან არ მოვყევი, ან რატომ მეცვა ის ფერი, რაც მეცვა. ფეხბურთის თამაშზე რომ უარს ვამბობდი, ან რომ არ ვამბობდი. დედა სულ ბრაზობდა, ისეთი დასვრილი ტანსაცმლით ვბრუნდებოდი სახლში, ხშირად მოდიოდა სკოლაში, ურეკავდა დამრიგებელს, მშობელთა კრებებზე ელაპარაკებოდა იმ ბავშვების მშობლებს, მაგრამ არასდროს ამას შედეგი არ ჰქონია. არაფერი განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ვეცემე. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ღრმავდებოდა ჩემსა და კლასელ ბიჭებს შორის უფსკრული, აგრესია მატულობდა.

დიდი ხანი, სხვებთან კომუნიკაციის დროს, ვიქცეოდი, როგორც ძალიან ჰეტერონორმატიული ადამიანი. ეს, ამ გადმოსახედიდან რომ ვუფიქრდები, ძალიან რთული რამ არის – გარემო გაიძულებს, რომ საკუთარი თავი წაშალო და ვიღაც სხვა ადამიანი წარადგინო. რეალურად იმ სოციალიზაციის სიამოვნებას საერთოდ ვერ ვიღებდი ადამიანებისგან, იმიტომ , რომ ის მე არ ვიყავი.

სკოლაში ჩაგვრამ დიდი ზეგავლენა იქონია სწავლაზე, ქცევაზე, სოციალიზაციის უნარებზე. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მომზადება გამოცდებისთვის. გაკვეთილის მოყოლა საერთოდ არ მინდოდა, კარგად მოვყვებოდი მცემდნენ, ცუდად მოვყვებოდი, მაინც მცემდნენ, სულ მცემდნენ. ბოლოს ვამბობდი, რომ გაკვეთილი არ ვიცი და არ ვყვებოდი არაფერს. რაღაცებს კი ვსწავლობდი, მაგრამ ისე კარგად აღარ, მეგონა, რომ თუ აღარ ვისწავლიდი, იმის პრევენციას მოვახდენდი, რომ არ გავლახულიყავი, მექნებოდა ნამდვილად სათქმელი, რომ არ ვიცოდი. საკონტროლო წერაშიც კი, კარგ ნიშანს რომ ვიღებდი, მეჩხუბებოდნენ, რატომ მოგვატყუე თითქოს არ იცოდიო. Რაღაც საგნებს არ ვსწავლობდი საერთოდ.

უნივერსიტეტსა და სამსახურზე კი არა, ზოგადად ყველაფერზე ფიქრის მეშინოდა, ძალიან დიდი ხანი ბიჭი მეგობრები არ მყავდა, მეგონა, ყველა ამითვალწუნებდა. პროფესიად სამედიცინო ავირჩიე, ვიცოდი იქ ბევრი გოგო იქნებოდა და იმედი მქონდა, რომ გადავრჩებოდი (სკოლაშიც მხოლოდ გოგოებთან ვმეგობრობდი და იმ ბავშვებთან, ვისაც ჩემსავით სცემდნენ სხვა კლასებში).

საბედნიეროდ უნივერსიტეტში ჩაგვრა და ძალადობა არ ყოფილა, თუმცა სემინარის მოყოლის შიში გამყვა, ვერ ვაბარებდი სემინარს, თუ წერილობით არ იყო დასაწერი. მერე ფინანსური პრობლემების გამო მომიწია აკადემიურის აღება, რომ დამეგროვებინა ფული და გადამეხადა, მაგრამ… საბოლოოდ ვეღარ დავასრულე“. 

ნიკო დღეს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს. ამბობს, რომ მისი სამსახური უსაფრთხო სივრცეა, თუმცა უცხო ადამიანებთან, განსაკუთრებით კაცებთან კომუნიკაციისას შფოთვა დღემდე აწუხებს. „არის ვითარება დღესაც, როცა უსაფრთხოდ არ ვგრძნობ თავს და ამ შეგრძნებებს მხოლოდ ბულინგი არ უდევს საფუძვლად” – ამბობს ის. – „იქამდე ვმუშაობდი მომსახურების სფეროში, მიმუშავია ბარმენადაც, მიმტანადაც; მიმტანობისას ყოველ დღე მიწევდა კამათი, ისინიც კი მერჩოდნენ, ვინც თემის წევრები იყვნენ და ჩემგვარი იდენტობა ჰქონდათ, ალბათ უნდოდათ უფრო დაცულად ყოფილიყვნენ“.

ნიკო მიიჩნევს, რომ ამ საკითხებზე შესაბამისი განათლების გარეშე სკოლაში არსებული უსაფრთხოების მექანიზმები ვერ იქნება ეფექტური.

„მანდატური [სამსახური]  არასდროს არ მუშაობდა ჩვენთან, ცოტანი იყვნენ მანდატურები, ორი მათგანი სკოლის გასასვლელებს იცავდა, ბავშვები რომ არ გაპარულიყვნენ. იშვიათად ხდებოდა მათთან კომუნიკაცია – უბრალოდ, გაფრთხილების ხელწერილებს გვაწერინებდნენ, რომ მეორედ არ განმეორდება ასეთი შემთხვევა და მორჩა. არაფერს გვეუბნებოდნენ. ახლა არ ვიცი, როგორ ხდება.

სქესობრივი განათლების საკითხების (გენდერი და სექსუალობა, ნორმალურია თუ არა გქონდეს „განსხვავებული“ სექსუალური ორიენტაცია) შეტანა სკოლაში, სრულად ალბათ არ აღმოფხვრიდა, მაგრამ ნამდვილად შეამცირებდა გენდერისა და სექსუალობის ნიშნით ბულინგს. ეს ბავშვები მოდიან ისეთი სოციუმიდან, სადაც გამჯდარია მცდარი რწმენა-წარმოდგენები, ყველაფერი ებრძვის „განსხვავებულს“, ოჯახშიც ეს ესმის ბავშვს და იჯერებს ამას…”

სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი ცენტრალური კომპონენტია. ამ მიზნით საჯარო სკოლებში 2010 წლიდან ინტეგრირებულია მანდატურის სამსახურიც. თუმცა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ 2023 წლის კვლევაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ბავშვებისგან, განსაკუთრებით ბიჭებისგან, ამ საკითხზე მასწავლებლის ან მანდატურისადმი მიმართვიანობა კვლავ პრობლემურია: – „ბიჭების წრეში აღნიშნული კვლავ „ჩაშვებად“ მიიჩნევა“. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სკოლაში დაფიქსირებული დარღვევების ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში შენახულ ინფორმაციაზე წვდომა აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

გარდა ამისა, კვლევის მიგნებებში წერია, რომ სასკოლო უსაფრთხოების არქიტექტურის ქართული მოდელი, სადაც წამყვანი ადგილი ტექნოლოგიურ საშუალებებსა და სკოლაში მივლენილ უსაფრთხოების პერსონალს (სკოლის მანდატურს) უკავია, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნის მოძველებულ მიდგომას ეყრდნობა. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: