მთავარი,სიახლეები

ვინ იყო მოცეკვავე იური ცინცაძე და რატომ შეარქვეს მას „ციმციმა“

28.02.2024 •
ვინ იყო მოცეკვავე იური ცინცაძე და რატომ შეარქვეს მას „ციმციმა“

„როგორი მახსოვს მამა? – ვხედავდი ყოველთვის მოწესრიგებულს, გაპრიალებულს, წელში ქამარი მაგრად ჰქონდა მოჭერილი და შეწკიპული, ასე რომ იტყვიან. თმა ყოველთვის გადასველებული და უკან გადავარცხნილი. არასდროს იდგა მოშვებული, თავი ისე ეჭირა, თითქოს ყოველთვის სცენაზე იყო – მხრებგაშლილი“, – ასე იხსენებს „ციმციმას“, იგივე იური ცინცაძეს, მისი შვილი ეკა.

„ბათუმელებს“ ეკა ცინცაძე მოუყვა, თუ რატომ შეარქვეს იური ცინცაძეს „ციმციმა“ და რატომ ჰქონდა მძიმე ცხოვრება.

„11 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში არ მქონდა მასთან ხშირი ურთიერთობა, რადგან ჩვენ ცალკე ვცხოვრობდით. სამწუხაროდ, მამამ სმას მიჰყო ხელი.

თუმცა ჩემ სანახავად ყოველდღე მოდიოდა. დედა მუშაობდა რევოლუციის მუზეუმში და იქ, სკვერში იჯდა ხოლმე, როცა მაკითხავდა.

ერთად დავდიოდით სანაყინეში და ყველას აცნობდა ჩემ თავს. ამაყობდა ჩემით და მეც ვამაყობდი მამით. ორი შვილი ჰყავს მამას – მე და დათო. მამამ ელენე დამარქვა, ბებიის სახელი, თუმცა დედაჩემი და ჩემი ძმა ეკას მეძახდნენ. როგორც ჩანს, ეკა უფრო პოპულარული სახელი იყო იმ დროს და ამიტომ. ასე შემერქვა ორი სახელი“, – ამბობს ეკა.

მისი თქმით, მამა რთული ცხოვრების მიუხედავად ძალიან ლაღი ბუნების იყო.

„მისი მეგობრები, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები, მამას ყველა პოზიტიურად იხსენებს. უდიდესი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ბათუმის კოლორიტად მოიხსენებენ და ეს გამიგია სრულიად უცხო ადამიანებისგანაც კი. უცხო სუფრასთანაც კი, როცა აღმოვჩენილვარ და გაუგიათ, რომ მე „ციმციმას“ შვილი ვარ, ძალიან უხაროდათ. ყველა იხსენებდა თბილად.

„ციმციმა“ საზაფხულო თეატრის წინ ავტოგრაფს აძლევს. მარჯვნივ, იური ცინცაძე შვილთან – ეკასთან ერთად.

„ციმციმა“ იმიტომ დაარქვეს, რომ ძალიან ლამაზი, გამჭვირვალე და ციმციმა, ცისფერი თვალები ჰქონდა. სცენაზე თვითონაც ხომ ციმციმებდა და ეს თვალებიც ისე ანათებდა, აციმციმებდა თვალებსო, – მეუბნებოდნენ. ძალიან სახასიათო ცეკვა ჰქონდა, არტისტულად ასრულებდა და ამის გამო შეარქვეს ციმციმა.

ბევრი იჩემებს, რომ „მე შევარქვიო“, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, ვინ შეარქვა „ციმციმა“, – გვეუბნება ეკა ცინცაძე.

ეკას თქმით, მამა  ათი წლის იყო, როცა დაიწყო ცეკვა. მის განსაკუთრებულ ნიჭს ყურადღება მიაქციეს ენვერ ხაბაძემ და გივი ჩიხლაძემ.

„მამა მეცხრე ვაჟთა სკოლაში სწავლობდა, მაგრამ ისე გაიტაცა ცეკვამ, სკოლიდან გაიპარებოდა თურმე და რეპეტიციებს ესწრებოდა. აბსოლუტური სმენის მქონე იყო. ცეკვის გამო სწავლას აღარ აქცევდა ყურადღებას და ბებია ძალიან ნერვიულობდა თურმე, პირობაც წაუყენა, თუ კარგად ისწავლი, ცეკვაზე ივლიო.

თუმცა მამა მხოლოდ ცეკვით ცხოვრობდა“.

იურის მეუღლე იზოლდა აბაიშვილი.
მარჯვნივ ფოტოზე/მარჯვენა მხარეს იური ცინცაძე.

ეკა ამბობს, რომ იური ცინცაძე ადრე დაობლდა. მამამისი სამხედრო ოფიცერი იყო და საბჭოთა დროს დახვრიტეს. დედა – ნინა მიმინოშვილი კი, ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა.

მამის დახვრეტის შემდეგ იური ბებიას და ბაბუას გაუზრდიათ. ეკას თქმით, რეპრესირებული მამის გამო იურისაც უქმნიდა სისტემა პრობლემებს, რასაც ძალიან განიცდიდა „ციმციმა“.

„18 წლის იყო, როცა მისი ცეკვა ნახეს ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა. მამა ამ დროს უკვე თავგადაპარსული იყო, ჯარისთვის მომზადებული, თუმცა სუხიშვილებმა თბილისში წაიყვანეს. დიდი მზრუნველობით ეპყრობოდნენ ილიკოც და ნინოც. კარგად იხსენებდა თურმე მამა მათთან მეგობრობას, მაგრამ დედაჩემის ჩანაწერებში ეწერა – „აქაც უმუხთლა ბედმა“, რადგან საფრანგეთში გასტროლებზე როცა მიდიოდნენ  სუხიშვილები, იურის წაყვანაზე უარი თქვეს, რადგან მამა ჰყავდა დახვრეტილი.

იურის მამა, დავით ცინცაძე. მარჯვნივ – იური ცინცაძე ნავში.

უკვე აფიშებზეც იყო მამის სახელი, თუმცა არ წაიყვანეს. ძალიან განიცადა ეს მამამ და ასე განაწყენებული წამოვიდა სუხიშვილებიდან.

ცეკვაზე თავისდანებება არც უფიქრია. პერიოდულად მუშაობდა ქორეოგრაფად და ბევრი ცნობილი ქორეოგრაფი მეგობარი ჰყავდა. იყო საკავშირო ფესტივალის ლაურეატი და დამსახურებული არტისტის წოდებაც ჰქონდა.

ის კადრი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ვიცი, სუხიშვილების ანსამბლიდანაა. 1958 წლის კადრებია.

ქორეოგრაფი თამაზ ბეჟანიძეც იხსენებდა, დეკადაზე რომ ვიყავით მოსკოვში, მაგის ფირი არსებობსო. ვცდილობდით ამ ფირის მოპოვებას, მაგრამ ვერ მოვიპოვეთ“, – ამბობს ეკა ცინცაძე.


მოცეკვავე იური ცინცაძე – „ციმციმა“

ეკას თქმით, ანსამბლიდან წამოსვლის შემდეგ მამამ თავისი სოლო, მოცეკვავე გენო ჭელიძეს გადაულოცა. შემდეგ კი, როცა ჭელიძემ თავად დააარსა ანსამბლი,მას „ციმციმა“ დაარქვა და ყველას უყვებოდა, თუ რატომ დაარქვა ეს სახელი ანსამბლს და ვინ იყო „ციმციმა“.

„მოგვიანებით ჩემი შვილიც ცეკვავდა ამ ანსამბლში, თუმცა მანამდე არ ვიცოდი, რატომ ერქვა ეს სახელი“, – გვიყვება ეკა.

იური ცინცაძე, იგივე „ციმციმა“, 1984 წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: