მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ საკონტეინერო გადასახადი დააწესა – ბიუჯეტი 3-5 მილიონით უნდა გაიზარდოს

26.02.2024 • 3321
ბათუმის მერიამ საკონტეინერო გადასახადი დააწესა – ბიუჯეტი 3-5 მილიონით უნდა გაიზარდოს

დღეს, 26 თებერვალს, ბათუმის საკრებულომ, მერიის ინიციირებით დააწესა საკონტეინერო გადასახადი, რომლის მიხედვითაც გადამზიდავი ვალდებულია გადაიხადოს უკვე დაწესებული გადასახადი საქონლით დატვირთული კონტეინერის საზღვაო ნავსადგურიდან გატანამდე ან საზღვაო ნავსადგურში კონტეინერის გახსნამდე.

გადამზიდავი ასევე ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციამდე.

იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერი არ არის სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრირებული, გადამზიდავმა გადასახადი  საქონლით დატვირთული კონტეინერის გემზე დატვირთვამდე უნდა გადაიხადოს.

გადამზიდავი ვალდებულია, მოსაკრებელი გადაიხადოს საქონლით დატვირთული კონტეინერის საზღვაო ნავსადგურიდან გატანამდე ან საზღვაო ნავსადგურში კონტეინერის გახსნამდე [კონტეინერის გახსნის შემთხვევაში] „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საკრებულოს გადაწყვეტილებით  საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდევინებისთვის პასუხისმგებელი სათანადო ორგანოს განსაზღვრამდე ამ მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური განახორციელებს.

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადა.

საკონტეინერო გადასახადის შემოღების გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ საკრებულოსთან ერთად ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების შესაბამისად მიიღო.

2024 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, რომლითაც ადგილობრივი მოსაკრებლის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა საკონტეინერო მოსაკრებელი.

პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ დღეს დაამტკიცა, მოსაკრებლის განაკვეთი ერთი კონტეინერისთვის განისაზღვრა 30 ლარის ოდენობით. მერიის ინფორმაციით, ახალი მოსაკრებელი ბიუჯეტზე ზეგავლენას მოახდენს შემოსავლების კუთხით, გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავლების წლიური მაჩვენებელი, საშუალოდ 3-5 მილიონი ლარით.

მერიის განმარტებით, ეს თანხა პორტის გამტარუნარიანობის წლიური მაჩვენებლის მიხედვით არის გამოთვლილი.

წლიური მაჩვენებლის მიხედვით კი, ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა შეადგენს 200 000 TEU -ს ერთ წელში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: