მთავარი,სიახლეები

სარეკლამო სივრცე მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ – რატომ დუმს „ალმა“

28.10.2020 • 2270
სარეკლამო სივრცე მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ – რატომ დუმს „ალმა“

ბათუმში მუნიციპალური ავტოტრანსპორტის ყველა გაჩერებაზე, ძველ თუ ახალ ავტობუსებზე, ყველგან, მხოლოდ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების ბილბორდებია განთავსებული. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათთვის ეს სარეკლამო სივრცე მიუწვდომელია, ზოგისთვის ფასის გამო ზოგისთვის კი მხოლოდ იმიტომ, რომ ბათუმის მერიის პარტნიორმა კომპანიამ მათ უარი უთხრა.

ეს სარეკლამო სივრცეები გაჩერებებსა და ავტობუსებზე შპს „ალმას“ ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ „ვისოლის“ შვილობილი კომპანიაა. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და თავმჯდომარემ, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ბიზნესმენების ბოლო შეხვედრისას თქვა, რომ მათ „პრემიერი გაამხნევეს“, სანაცვლოდ კი ბიზნესმა დაგროვილი გადასახადის ჩამოწერა მოითხოვა.

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ექიმი ვახტანგ კალოიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისმა პარტიამ კომპანია „ალმას“ ავტობუსის გაჩერებებსა და ტრანსპორტზე საარჩევნო ბილბორდების განთავსება ჯერ კიდევ ზაფხულში სთხოვა, თუმცა უარი მიიღეს.

„ჯერ კიდევ აგვისტოში გვითხრეს, რომ ცენტრში გაჩერებებზე ყველა ადგილი დაკავებული იყო. სადაც შემოგვთავაზეს, ენით აუწერელი ფასი გვითხრეს, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა და ამის შემდეგ აღარც მიგვიმართავს“, – ამბობს კალოიანი.

როგორც ვახტანგ კალოიანი ამბობს, ამჟამად „ევროპულ საქართველოს“ ბათუმში სულ 4 ბილბორდი აქვს, რისთვისაც სარეკლამო სივრცე კომპანია „აჯადისგან“ იქირავა.

როგორც პოლიტიკური პარტია „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, „ალმასგან“ მხოლოდ რამდენიმე ადგილი იქირავეს.

„ჩვენს პარტიას ისედაც არ ჰქონდა დიდი თანხა ამისთვის გათვალისწინებული, სულ გვაქვს 6 ბანერი ბათუმში. ავტობუსის გაჩერებებს რაც შეეხება, იქ ეს სივრცე „ვისოლის“ ხალხს ეკუთვნის. რადგან „ალმაც“ მათი შვილობილი კომპანიაა, ამიტომ მანდ განსხვავებული ფასი ჰქონდათ, ბევრად უფრო ძვირი ოპოზიციისთვის, ვიდრე სახელისუფლებო პარტიისთვის, ამიტომ ამ სივრცეებში ჩვენ არც ერთი ბილბორდი არ გვაქვს“, – გვითხრეს პარტიის პრესსამსახურში.

ბათუმის ცენტრალურ ადგილებში ავტობუსების მოსაცდელებზე სარეკლამო ადგილები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს ათვისებული.

რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი ჯერ კიდევ სექტემბერში ამბობდნენ „ბათუმელებთან“, რომ „ალმამ“ არარეალური ფასი მოითხოვა მოსაცდელებზე საარჩევნო ბანერების განთავსებისთვის.

პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი კირთაძე აცხადებდა, რომ ერთ მუნიციპალურ ავტობუსზე საარჩევნო რეკლამის განთავსებაში კომპანიამ 1000 დოლარი მოითხოვა, რაც ბევრად აღემატება იმ ფასს, რა ფასადაც ამ კომპანიას რეკლამირების უფლება აქვს მოპოვებული ბათუმის საკრებულოსგან.

კირთაძის თქმით, ამას გარდა, კომპანიამ უარი უთხრა რეკლამის განთავსებაზე სხვა მიზეზითაც – რომ თავისუფალი ადგილი უკვე აღარ ჰქონდათ: „თუ გამოუჩნდებოდათ ადგილი, 800 დოლარი უნდა გადაგვეხადა და დამატებით დღგ ერთ ავტობუსზე, რომელიც 1 კვ. მეტრზე გადაანგარიშებით, 300 ლარია. ანუ, ამ ფასად ყიდის კომპანია ადგილს, რაც მერიისგან იყიდა 2,2 ლარად“.

5 ოქტომბრიდან ბათუმში ელექტროავტობუსებმა დაიწყო მოძრაობა და ამ შემთხვევაშიც, ხუთივე ავტობუსზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ ბილბორდები განთავსდა.

„ქართული ოცნების“ რეკლამა მოსაცდელებზე

გიორგი კირთაძეს ვკითხეთ, რადგან კომპანია ფართობის არქონას იმიზეზებდა, ახალი ავტობუსების გამოჩენის შემდეგ, კიდევ ხომ არ მიუმართავთ სარეკლამო სივრცის გამოყოფაზე, რაზეც კირთაძე ამბობს, რომ არა.

ენმ-ს პოზიციაა, რომ რადგან „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარით ფინანსდება, ავტოტრანსპორტი, თუკი მას სარეკლამო სივრცის გაქირავებით ამხელა მოგება აქვს, მაშინ სუბსიდიას აღარ უნდა იღებდეს ბიუჯეტიდან.

რაც შეეხება კომპანია „ალმას“, „ბათუმელები“ მას ჯერ კიდევ სექტემბერში დაუკავშირდა და სარეკლამო ტარიფებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა.

კომპანიაში გვითხრეს, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხს წერილობით მოგვაწვდიდნენ, თუმცა მათ მიმართ პოლიტიკური პარტიების პრეტენზიებზე პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.

კომპანიას ვთხოვდით განემარტა, რა ღირდა ავტობუსების გაჩერებებსა და ტრანსპორტზე საარჩევნო რეკლამის განთავსება კვადრატული მეტრის მიხედვით, რამდენმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა ფართობის ქირავნობის მოთხოვნით და ჰქონდათ თუ არა თავისუფალი ადგილები. ასევე გვინდოდა გვეკითხა, რამდენად რეალურია პარტიების პრეტენზიები, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით, ოპოზიციას რამდენჯერმე ძვირი ტარიფი შესთავაზა.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს შპს „ალმაში“ ამჯერად არ უპასუხეს.

___

მთავარი ფოტო: ახალი ელექტროავტობუსები ბათუმში, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების ბილბორდებია განთავსებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: