მთავარი,სიახლეები

ბათუმში დალუქეს მაღაზია, სადაც სავარაუდოდ კანაფის პროდუქცია იყიდებოდა

26.02.2024
ბათუმში დალუქეს მაღაზია, სადაც სავარაუდოდ კანაფის პროდუქცია იყიდებოდა

ბათუმში დალუქეს მაღაზია, სადაც სავარაუდოდ კანაფის შემცველი პროდუქცია საჯაროდ იყიდებოდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს და ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 260-ე მუხლით. ეს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას“ გულისხმობს.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

მაღაზია „I love joint/მე მიყვარს ჯოინთი“, ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს, მაღაზიის მფლობელი სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეა. მაღაზიის ვიდეორეკლამაში ის ამბობს, „აქ იპოვით სიბიდის (CBD) შემცველ პროდუქციას და ასევე შეძლებთ იყიდოთ ჯოინთი [კანაფის სიგარეტი]“.

სიბიდი (CBD) იგივე კანაბიდიოლი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც გვხვდება მარიხუანაში. სიბიდი არ შეიცავს ტეტრაჰიდროკანაბინოლს (THC), ფსიქოაქტიური ინგრედიენტი მარიხუანაში, რომელიც იწვევს თრობას.

2017 წლის 14 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად რეკომენდაცია გაუწია იმას, რომ კანაფის ნაერთი კანაბიდიოლი (CBD) საერთაშორისოდ არ ირიცხებოდეს კონტროლირებადი ნივთიერებების სიაში.

2019 წლის იანვარში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა გაერო-ს მისცა რეკომენდაციების სერია, რათა განეახლებინათ კანაფის და კანაფთან დაკავშირებული ნივთიერებების კონტროლის ფარგლები.

„ეს ახალი რეკომენდაციები ასახავს კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების მზარდ თერაპიულ როლს, ამავდროულად აგრძელებს მისი ბოროტად გამოყენებისა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ზიანის პრევენციას, რაც შეიძლება წარმოიშვას კანაფის მოხმარებისგან“ – ვკითხულობთ ჯანმოს ვებგვერდზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: