მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ყვითელი კბილები – მიზეზები, პრევენცია და მკურნალობის გზები

28.02.2024 • 12585
ყვითელი კბილები – მიზეზები, პრევენცია და მკურნალობის გზები

კბილების ფერის შეცვლა და კბილებზე ლაქები ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ დროს კბილები შეიძლება ჩანდეს უფრო მოყვითალო, ნაკლებად ნათელი, ანაც შეიძლება კბილებზე თეთრი ან მუქი ფერის ლაქები გაჩნდეს. კბილების დისკოლორაციის ზოგიერთი მიზეზი გარდაუვალია – მაგალითად დაბერება, ტრავმა ან გენეტიკა; ისეთი გარე ფაქტორები კი – როგორიცაა მწეველობა, მუქი ფერის საკვები და პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, პრევენციას ექვემდებარება.

კბილების ფერის ცვლის მიზეზებზე, პრევენციასა და მკურნალობის უსაფრთხო გზებზე, კლინიკა „დენტალ არტის“ ექიმი-სტომატოლოგი, თერაპევტი სოფიკო რომანაძე საუბრობს.

  • ქალბატონო სოფიკო, რა შეიძლება გახდეს კბილების ფერის ცვლის მიზეზი?

ამის მრავალი მიზეზი არსებობს, როგორც ეგზოგენური, ისე ენდოგენური, ანუ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გარემო ფაქტორებით ან შეიძლება იყოს შინაგანი ფაქტორები, გენეტიკური. 

ეგზოგენურ ფაქტორები განვიხილოთ, მაგალითად კბილების ფერის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს პიგმენტის შემცველი საკვების ხშირად მოხმარებამ, მაგალითად, კოკა-კოლამ, წითელმა ღვინომ, მუქი ფერის ჩაიმ, ყავამ და ა.შ; როცა პიგმენტით არის შეღებილი, მთლიანად, ტოტალურად იცვლება ხოლმე ყველა კბილის ფერი;

ასევე კბილებს ფერს უცვლის თამბაქოში შემავალი ნიკოტინი, მისგან გამოწვეული ნადები ეწებება კბილებს. ნადებისგან გაწმენდა პროფესიული წმენდითად არის შესაძლებელი, მაგრამ თუ კი ფერი აქვს შეცვლილი მინანქარს, საჭირო ხდება ქიმიური გათეთრება.

კბილების ფერის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს კბილის ქსოვილებში ასაკობრივმა ცვლილებებმაც; 

ერთი კბილის ფერი იცვლება მაშინ, როდესაც კბილი ენდოდენტიურად არის ნამკურნალევი. კარიესის ერთ-ერთი გართულებაა პულპიტი, ანუ პულპის, იგივე ნერვის ანთება. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს პულპის/ნერვის ამოღება და არხის დაპლომბვა. ხშირ შემთხვევაში ამის შემდეგ კბილი იცვლის ფერს.

ტრავმამაც შეიძლება გამოიწვიოს ერთეული კბილების ფერის შეცვლა, მაგალითად როცა კბილი ტრავმირდება, პულპა იცვლება, ეს პროცესები ჩუმად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და უკვე შემდეგ დაზიანებული პულპა იწვევს დისკოლორს, ანუ ფერის შეცვლას. 

Cleveland Clinic: კბილების ფერის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს, ზოგიერთმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ, მათ შორის არის ღვიძლის დაავადება, ცელიაკია, კალციუმის დეფიციტი, კვების დარღვევები და მეტაბოლური დაავადებები.

ენდოგენური მიზეზებია ისეთი თანდაყოლილი მდგომარეობები, როგორიცაა მაგალითად ტეტრაციკლინის კბილები და მინანქრის ჰიპოპლაზია [მინანქრის განვითარების დარღვევა ჩანასახის სტადიაზე]. ამ დროს დაზიანება ხდება ორსულობის დროს, ჩანასახის ეტაპზე. 

ასევე კბილების თანდაყოლილი დისკოლორაციის მიზეზი შეიძლება გახდეს ტოქსიკოზით მიმდინარე ორსულობა – ამ დროს გვაქვს მინანქრის დეფიციტი, ანუ კბილები არ არის ისეთი მინერალიზებული, როგორიც უნდა იყოს. 

Cleveland Clinic: ასაკის მატებასთან ერთად კბილის მინანქარი უფრო თხელი ხდება. ეს ავლენს უფრო მეტ დენტინს (მინანქრის ქვეშ არსებული ფენას), რომელსაც აქვს მოყვითალო ელფერი. ამიტომ, ასაკის მატებასთან ერთად თქვენი კბილები შეიძლება ოდნავ უფრო შეფერილი გამოჩნდეს.

  • რა მეთოდები არსებობს კბილის გათეთრების?

არსებობს კბილების ქიმიური გათეთრება, რომელიც რამდენიმე ტონით ცვლის [აღიავებს] კბილების ფერს. ქიმიური გათეთრება შეიძლება გაკეთდეს როგორც სტომატოლოგთან ისე სახლში, კაპების გამოყენებით – ამ დროს სპეციალური ჟელე თავსდება კაპაში, რომელსაც ვიკეთებთ დღეში 3-4 საათით, ერთი კვირის განმავლობაში – სასურველი ფერის მიღებამდე.

არის ხოლმე როცა ამ პროცესში კბილებზე მატულობს მგრძნობელობა, რა დროსაც ვაჩერებთ გარკვეული ხნით პროცესს და შემდეგ ისევ შეგვეძლება გავაგრძელოთ. მგრძნობელობის მომატება უკავშირდება მათეთრებელ ჟელეში შემავალ პრეპარატებს. 

ქიმიური გათეთრება, რომელიც სტომატოლოგთან ტარდება, ორ საათიანი პროცესია და ერთ დღეში, ერთ ვიზიტზე მთავრდება. ამ პროცედურას პიგმენტი გამოაქვს მინანქრიდან, გამოიყენება წყალბადის ზეჟანგის მაღალი პროცენტობა. 

 ქიმიური გათეთრება მინანქრის დაზიანებას არ იწვევს, თუ უკვე არ არის მინანქარი დაზიანებული, ამიტომ აუცილებლად ექიმმა უნდა შეაფასოს შეიძლება თუ არა ამ პროცედურის ჩატარება; თუ კბილებზე არსებობს სოლისებრი დეფექტები, არა კარიესული დაავადებები, მაშინ ქიმიური გათეთრებისას პაციენტს მგრძნობელობა უფრო ემატება. თუ აღინიშნება მინანქრის დეფიციტი და დემინერალიზებული უბნები, რაც უკუჩვენებად ითვლება, ქიმიური გათეთრება არ კეთდება.

იმ შემთხვევაში, თუ კბილების დაზიანება ენდოგენური მიზეზებითაა გამოწვეული, ან არსებობს ქიმიური გათეთრების უკუჩვენებები, ხდება ორთოპედიული მკურნალობა [ე.წ. გადაკვრა კბილებზე], ანუ კბილების ვინირება, რესტავრირება და ამით გამოსწორდება დეკოლორაციის. 

გათეთრების პროცესში, როგორც სახლში, ისე ექიმთან, აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა. კერძოდ, პაციენტმა იმ ერთ კვირის განმავლობაში, როცა ითეთრებს კბილებს, არ უნდა მიიღოს მუქი ფერის საკვები; უნდა მიირთვას ისეთი საკვები და სასმელი, რომელიც არ შეიცავს საღებავებს.

დროთა განმავლობაში პაციენტები კვლავ იტარებენ ქიმიურ გათეთრებას, თუმცა ეს შესაძლებელია წელიწადში ერთხელ, თუკი მინანქარი კარგ მდგომარეობაში აქვს პაციენტს. იმისთვის, რომ თავიდანვე ავირიდოთ კბილების ფერის შეცვლა ან/და დიდ ხანს გაგვიძლოს გათეთრების ეფექტმა, აუცილებელია დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა. ჰიგიენის არასათანადო დაცვა, კბილების ყველა დაავადების განვითარების ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. 

  • რას მოიცავს პირის ღრუს სწორი ჰიგიენა?

სწორი ჰიგიენა მოიცავს ყოველდღიურად, დღეში ორჯერ კბილების გაწმენდას ჯაგრისით, შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მექანიკური, ისე ელექტროჯაგრისით; ელექტროჯაგრისებს რა შეეხება, აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ისეთი, რომლის ჯაგრულაც წრიულად მოძრაობს თავაკზე, რათა კარგად გამოგავოს კბილთაშუა სივრცეები და კბილის ზედაპირები. 

არსებობს პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის დამატებითი საშუალებები, ეს არის კბილთაშუა სივრცეების საწმენდი პატარა ჯაგრისები, კბილის ფლოსები, ანუ კბილის ძაფები. კბილებშუა სივრცეები აუცილებლად კარგად უნდა იქნას გაწმენდილი, რადგანაც იქ დაგროვილი ბაქტერიები შემდგომში იწვევენ კარიესულ დაავადებებს

გამოვიყენოთ კბილის პასები, რომლის შემადგენლობაშიც შედის ფტორი;

შეგვიძლია მათეთრებელი კბილის პასტის გამოყენებაც, ოღონდ პერიოდულად, მისი სისტემატური გამოყენება არ არის რეკომენდებული. მართალია, ბაზარზე, რაც [მათეთრებელი კბილის პასტა] შემოდის, ყველა კარგად არის დამუშავებული (გააჩნია მომწოდებელსაც), მაგრამ მაინც, მათში შემავალი მათეთრებელი საშუალებები/გრანულები ცოტათი მაინც იწვევენ კბილის მინანქრის დაკაწვრას, ამიტომ მათი სისტემატური გამოყენება, სხვა დანარჩენი კბილის პასტებისგან განსხვავებით, არ არის რეკომენდებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: