სიახლეები

„დოკუმენტი არ გვინახავს“ – ქუთაისში ბულვარის რეაბილიტაციის პროექტს ითხოვენ

28.02.2024 •
„დოკუმენტი არ გვინახავს“ – ქუთაისში ბულვარის რეაბილიტაციის პროექტს ითხოვენ

„…ის უწყვეტად იყო და არის ქუთაისის მოსახლეობისთვის ქალაქთან ემოციური კავშირის ადგილი“ – ასე უხსნიან მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, დავით ტაბიძეს ქუთაისის ბულვარის დამცველები მის მნიშვნელობას და სთხოვენ, პროექტი გამოაქვეყნოს საჯაროდ გაცნობისთვის.

„ბულვარის ისტორიული და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოგმართავთ, რათა ბულვარის რეაბილიტაციის პროცესში უზრუნველყოთ მოქალაქეთა ჩართულობა“, – წერენ დავით ტაბიძეს.

პროექტის საჯაროობის უზრუნველყოფის მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფებმა – „ქუთაისის ბულვარი“ და „ოქროს ჩარდახი“, მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალურად, წერილობით მიმართეს. მიმართვას ხელს 130 მოქალაქე აწერს.

მოქალაქეების მოთხოვნაა ასევე, რეაბილიტაციის საბოლოო პროექტის მომზადებამდე გაიწეროს ბულვარის რეაბილიტაციის კონცეფცია, ჩატარდეს საჯარო განხილვები როგორც საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე პროფესიულ წრეებთან:

„მომზადდეს კომპეტენტური მულტიდისციპლინური კვლევა, სადაც იქნება შესწავლილი ბულვარის ისტორიული განაშენიანება, სოციალური ისტორია, დენდროლოგია და მოქალაქეების საჭიროებები.“

ქუთაისის ბულვარში კაფე „სავანეს“ დანგრევის შემდეგ ბულვარის რეაბილიტაციის პროექტი აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს. ამ კაფესთან დაკავშირებული პროცესი – ჯერ მოქალაქეების წინააღმდეგობა, შემდეგ დავა სასამართლოში, გარკვეულწილად აფერხებდა სამუშაოების დაწყებას.

ამ პროცესში, ტენდერის გამოცხადებისა და შემსრულებელი კომპანიის გამოვლენის შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა, თუმცა დაინტერესებულ მოქალაქეებს პროექტი ისევ არ უნახავთ.

ქუთაისის ცენტრალური პარკის, მის მიმდებარედ არსებული შენობების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადებასა და შემდეგ ამ დოკუმენტის შესაბამისად სამუშაოების შესრულების შესყიდვაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2022 წლის ნოემბერში გამოაცხადა.

გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „დაგთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 23 დეკემბერს 14 მილიონ 850 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმეს. პროექტი მთავრობის პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში Design-Build-ის მეთოდით უნდა განხორციელდეს.

Design-Build-ის მეთოდი გულისხმობს ერთი კონტრაქტორის შერჩევას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც პროექტის შექმნაზე, ასევე სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე. მეთოდი გულისხმობს შემდეგ ქვეეტაპებს.

21 თებერვალს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ქუთაისში ჩავიდა და იმერეთის გუბერნატორთან ერთად ქუთაისის ბულვარში წინასწარ გამოფენილი ესკიზები დაათვალიერა. იქ იყო ქალაქის მერიც.

ამ ვიზიტის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა არაფერი იცოდნენ: მათთვის ინფორმაცია არც მუნიციპალური განვითარების ფონდს მიუწოდებია და არც მერიას. როგორც ჩანს, არც ერთი უწყება ბულვარის იერ-სახის შენარჩუნებით დაინტერესებულ ამომრჩეველთან თავს ანგარიშვალდებულად არ მიიჩნევს.

„შეიძლება კარგი პროექტია, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით, რადგან პროექტი არ გვინახავს. ვითხოვთ საჯარო განხილვას. გვაინტერესებს რა იგულისხმება, როდესაც ამბობს მგფ-ი, რომ არაფერი არ იცვლება. თუ გავრცელებული ესკიზები იგულისხმება, მაშინ მთლიანად იერ-სახე ეცვლება ბულვარს. ჩვენ გვინდა დეტალური პროექტი “, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ფოკი ფაჩულია.

ქუთაისში საინიციატივო ჯგუფის წევრებს არავინ შეხვდა, არც ფონდის წარმომადგენელი და არც მერიის. მათი წერილის ადრესატი მერიაც იყო, რომელსაც პროექტში ბენეფიციარის როლი ერგო.

ამ ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის ფეისბუქის გვერდზე შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს: დაწერეს, რომ ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა არსებული მდგომარეობის სრულად შესწავლას.

„რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, პარკის გეგმარება რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, ასევე დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები“, – წერენ მგფ-ის ფეისბუქის გვერდზე.

ფონდის ინფორმაციით, „დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება საფეხმავლო ბილიკები. ასევე, დაგეგმილია არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს რეაბილიტაცია და მედიათეკის განთავსება, რომელიც მოიაზრება ერთიან საპროექტო კონტექსტში, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შესასვლელებით.

ესკიზი – ქუთაისის ბულვარის პროექტი

პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“ და პარკის ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული სივრცის – ,,ვარდების ხეივნის“ მოწყობა. პარკის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია არსებული უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეების შესწავლა, აღნუსხვა და სრული ტაქსაცია.“

ესკიზი – ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაციის პროექტი

ამ ყველაფერზე მედიასთან ფონდის ხელმძღვანელმაც ისაუბრა.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ პროექტი უკვე მზადაა და თუ ასეა, რატომ მალავენ მას? – ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფებს პასუხი არ აქვთ. ისინი ოფიციალურ განმარტებას მუნიციპალური განვითარების ფონდისგან ჯერ კიდევ ელიან.

ტექნიკური დავალების მიხედვით, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ კვირაში კომპანიას  შემსყიდველისთვის პროექტის ესკიზების წარდგენა, ხოლო ერთ თვეში სრული საპროექტო დოკუმენტაციის, ხარჯთაღრიცხვისა და  დეტალური გეგმა-გრაფიკის წარდგენა ევალებოდა.

ფოტო: ნია ხარაძე

საგულისხმოა, რომ ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაცია ქალაქის მერის – იოსებ ხახალეიშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, მაგრამ მას ამ საქმეში მხოლოდ ბენეფიციარის როლი ერგო. 2024 წლის 17 იანვარს ქუთაისის მერიას ბულვარის სამშენებელო ღობით შემოღობვის ნებართვა სთხოვეს. ნებართვა 1 წლის ვადით მერიის სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელმა გასცა.

კითხვაზე – შეათანხმეს თუ არა ბულვარის რეაბილიტაციის პროექტი, ქუთაისის მერიაში არ გვიპასუხეს. შემსრულებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი მერიაში შესათანხმებლად წარდგენილია, იმავეს ამბობენ მუნიციპალური განვითარების ფონდში. თუმცა არ პასუხობენ კითხვას, რატომ არ აქვეყნებენ პროექტს საჯაროდ განხილვისთვის.

„პროექტი გინდათ? – გამოითხოვეთ“.

საგულისხმოა ასევე, რომ მერიაში სამშენებლო ღობის მოწყობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტებს თან ახლდა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან მიღებული წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ „ესკიზური პროექტი“ სააგენტოსაც შეათანხმეს.

ეს წერილი 2024 წლის 19 თებერვლით თარიღდება. სააგენტო დაკონკრეტებით წერს, რომ შეითანხმა ესკიზური პროექტი და არა რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი.

ესკიზური პროექტი იგივეა, რაც წინასწარი გადაწყვეტილება.

კანონის მიხედვით, არქიტექტურული ესკიზი შეიძლება მომზადდეს არქიტექტურული კონცეფციის ცალკეულ ნაწილზე. არქიტექტურული ესკიზი შესაბამისად უნდა მოიცავდეს: თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; განმარტებით ბარათს [საპროექტო ტერიტორიის, შენობა-ნაგებობის სტრუქტურისა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების, მხატვრულ-ესთეტიკური გადაწყვეტის შესახებ] ტექნიკურ მაჩვენებლებს.

მიუხედავად ისტორიული მნიშვნელობისა, ქუთაისის ბულვარს არ აქვს ძეგლის სტატუსი. კულტურული მემკვიდრეობის საძიებო პორტალზე იძებნება 2018 წელს შედგენილი სააღრიცხვო ბარათი, სადაც მითითებულია მისი, როგორც ისტორიული, ასევე საბაღო-საპარკო ხელოვნების და ლანდშაფტური არქიტექტურის ობიექტის მნიშვნელობაზე. თუმცა, ბულვარისთვის სტატუსის მინიჭებაზე არავის უფიქრია.

ფოტო: ნია ხარაძე

ქუთაისის მერია, როგორც ბენეფიციარი

ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის საქმეში ქუთაისის მერიას ბენეფიციარის როლი ერგო. ხელშეკრულებაში ვკლითხულობთ:

შემსყიდველი, საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ასრულებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროექტს, ბენეფიციარის სასარგებლოდ. ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს პროექტის განხორციელებას. პროექტის ხელშეწყობის მიზნით, ბენეფიციარი გამოყოფს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რაც აისახება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

იმ აქტივობებისთვის, რომლებიც ემსახურება საკუთრების შეკეთებას ან რეაბილიტაციას, ბენეფიციარი გამოხატავს თანხმობას სამუშაოების წარმოებაზე. იმ აქტივობებისათვის, რომლებიც ემსახურება ახალი ობიექტების შექმნას, ბენეფიციარი გამოხატავს თანხმობას, სამუშაოების წარმოებაზე და იღებს ვალდებულებას, გადაიბაროს და ექსპლუატაცია გაუწიოს ამ ობიექტებს.

___

მთავარი ფოტო: ნია ხარაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: