რამდენი წლის იყავით, თქვენი პირველი მანქანა რომ გქონდათ? მე 18 წლის ვიყავი.
სამწუხაროდ, იმ მანქანის „ცხოვრება“ არცთუ კარგად დასრულდა, ისე მოხდა, რომ ერთდროულად ორ მანქანას დავეჯახე, ყველანი უვნებლები გადავრჩით, გარდა ჩემი მანქანისა.
შემდეგ იყო მეორე მანქანა, რომელიც ჩემი ფულით ვიყიდე. სამ ადგილას ვმუშაობდი, სესხიც დავამატე და პატარა, ძალიან პატარა, ორსავარძლიანი მანქანა ვიყიდე. იმდენად პაწუა იყო, რომ ჯერ ვიხრებოდი, სავარძელზე გვერდულად ვჯდებოდი, მერე ხელით შემქონდა ჯერ ერთი და მერე მეორე ფეხი, მერე ოთხად ვკეცავდი ზედა ტანს და ისე ვთავსდებოდი.
იმდენად პაწუა იყო, რომ ზამთარში პერანგით დავდიოდი, ქურთუკით ვეღარ ვეტეოდი, იმდენად პაწუა იყო, რომ ყოველ საღამოს ვიწონიდი, ყველა კილოგრამს ვაკონტროლებდი, იმდენად პაწუა იყო, რომ გარედან ისე ჩანდა, მანქანა მეჯდა მე კალთაში და არა პირიქით, იმდენად პაწუა იყო, რომ პაემანზე ტაქსით დავდიოდი, ამიტომ როცა მამამ მითხრა, რომ თუ ჩემ პატარა დას, რომელიც ტანმორჩილია და სულ რაღაც 40 კილოს იწონის, მანქანას ვაჩუქებდი, ჩემი ზომა–წონის მანქანის საყიდელ ფულში შემეხიდებოდა, სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი.
ხელის კანკალით შევარჩიე მანქანა, გულისფანცქალით ველოდი პასუხს, ხომ იყო ნამდვილად გამართული, ყოველ საღამოს 21 საათზე ვიძინებდი, რომ კიდევ ერთი დღე მალე გათენებული და ჩამოსულიყო. და აჰა, დადგა ეს დღეც, ჩამოვიდა ჩემი მანქანა ბათუმის პორტში. მამამ მითხრა, რომ ევაკუატორით სჯობდა ჩამოყვანა, რადგან, არავინ იცის, რამდენად გამართულია და სანამ არ შევამოწმებთ, სჯობს, ისე საჭესთან არ დავჯდე. ჩემი ლურჯა, ევაკუატორის მძღოლმა ჩემზე ადრე უნდა ნახოს?
–ევაკუატორის „ნატარები“ მანქანა არ მინდა, – ვცადე ხუმრობა, მაგრამ არ გამივიდა.
ბევრი უფულობა მოვიმიზეზე. მამას უკვე მომარჯვებული ჰქონდა თანხა. სხვა რა გზა მქონდა, დავთანხმდი. ეშმაკივით შემომიჩნდა მეგობარი, ჩემი ძმა დასავლეთში მიდის მანქანით, გავყვეთ და ბარემ შენი მანქანა ჩვენ ჩამოვიყვანოთ, რა ევაკუატორიო. სახლში დავრეკე და დავიბარე, რომ ევაკუატორს უკვე შევუთანხმდი და ღამით მეგობართან ვრჩები, სინამდვილეში კი, წავედით დასავლეთისკენ.
საღამოს უკვე ადგილზე ვიყავით. გადავწყვიტე, მამამ რომ ევაკუატორისთვის ფული მომცა, იმ ფულით მეგობრები რესტორანში წამეყვანა. გაფიქრება, თქმა და რესტორანში შესვლა ერთი იყო. მე არ დამილევია, ცხადია, მაგრამ მეგობრებმა კარგად მოილხინეს. ჩავუთვალე მიმტანს ევაკუატორისთვის გადადებული თანხა, რად მინდა, აქ არა ვარფხიზელი მძღოლი? ჩემ ლურჯას თავად წამოვაბრძანებ.
მეორე დღისთვის ყავის და საუზმის ფულიც მოგვრჩა და დადგა ნანატრი წუთები, მეღირსა მანქანა, რომელშიც პირდაპირ შევალაჯე და გამართულად დავჯექი. მამამ დამირეკა, რომელ საათზე ჩამოაქვს ევაკუატორს მანქანა, სუფრას გიმზადებთ, რომ აღვნიშნოთო, ცოტათი კი შემრცხვა, რამდენიმე საათის წინ, უკვე კარგად აღვნიშნე, მაგრამ მეორე მხრივ, როცა ახალი მანქანა გაქვს, რამდენიმე დღე მინიმუმ, „ყოველი დღე შაბათია“–თქო, დავიმშვიდე თავი.
ის იყო ბათუმს უნდა გამოვცდენილიყავით, რომ მანქანამ სვლა თავისით შეაჩერა და გაჩერდა. გაჩერდა და ვეღარც ვქოქავთ.
–მე შევამოწმებ, – თქვა მეგობარმა და კაპოტი ახადა. ყოველ 30 წამში ერთხელ, დამძახოდა – აბა, დაქოქე…
15 წუთის და დაქოქვის 30 მცდელობის შემდეგ ვკითხე, რას აკეთებდა.
–სხვადასხვა ნაწილებს ვეხები და ვანჯღრევ, იქნება და ეშველოს… ესენი რატომ გვისიგნალებენ?
–იქნებ, იმიტომ რომ თითქმის შუა გზაზე ვდგავართ?
–ასიანი. უნდა გადავაგოროთ გზიდან.
რა კარგი ყოფილა ის ჩემი პაწუა მანქანა, ჯერ ერთი და კომპაქტური, მთლად შუა გზაზე რომ დამდგარიყავი, ისე აგივლიდნენ და ჩაგივლიდნენ მანქანები, არავის აწუხებდი, არავის აფერხებდი, აზრადაც არავის მოსდიოდი, რომ დაესიგნალებია და მეორე – გზიდან გადააგორებდი კი არა, აიღებდი და გადადგამდი ლამის.
–ბიჭებო, საწვავი ხომ არ გაგითავდათ? – გვეკითხებიან ერთი მანქანიდან.
–საწვავიო, საწვავი შეამოწმე? ჩაასხი საერთოდ?
ორივემ ერთად შევამოწმეთ, კი, საწვავი გვაქვს.
ეს კი გადავაგორეთ გზიდან, მაგრამ თბილისამდე როგორ გინდა აგორო? რაღაცა უნდა მოვიფიქროთ.
–არა, ხომ გითხრა მამაშენმა ევაკუატორით წამოიღეო? მე რას მიჯერებდი? ცხოვრებაში მანქანა არ მქონია, ტარებაც კი არ ვიცი. სირცხვილით სად უნდა თქვა, რომ მე დამიჯერე?
– ნამუსზე მაგდებს, ან თავს იმშვიდებს.
ამ დროს მამამ დამირეკა, ხაჭაპურების დაცხობა რომელ საათზე დავიწყოთო.
–ევაკუატორი გვჭირდება, – თავზე მადგას ეს აბუზული. უკვე მეც ვიცი, რომ გვჭირდება ევაკუატორიც, პლედიც, საჭმელიც, ცხელი ყავაც და გაციების საწინააღმდეგო წამლებიც დაგვჭირდება მალე.
გაჭირვება მარტო არ მოდისო, როგორც ამბობენ, აღმოჩნდა, რომ ქსელს პრობლემა აქვს და მობილური ინტერნეტითაც ვერ ვსარგებლობთ.
ვინმე ისეთს უნდა დავურეკო, ვისაც მამაჩემი არ იცნობს და ამ ამბავს შემთხვევითაც ვერ გაიგებს, მეგობრებს იცნობს, ნათესავებს ცხადია, რომ იცნობს, ნათლიებსაც, ნათლულებსაც და მეზობლებსაც. თანამშრომლებს უნდა დავურეკო. 3 თანამშრომელი მყავს, სამივე გოგოა, ანას დავურეკავ, დანარჩენი ორი ჩემ დას იცნობს და სახიფათოა. ჯერ ევაკუატორს მოვძებნი და მერე მოვიფიქრებ ფული სად ვიშოვო. დავურეკე, მაგრამ საუბარიც წყდებოდა და ლამის 1 კილომეტრი ფეხით ვიარეთ, რომ ცოტათი უკეთ დაეჭირა ქსელს.
–ანა, შეგიძლია ევაკუატორი გვიპოვნო ინტერნეტით?
–კი, რად გინდა?, – რატომ შეიძლება მინდოდეს ევაკუატორი, ნეტავი, სულელი თავის პატრონი ფეხებიც ცოდოა და ბორბლებიცო, ისე რომ არ იყოს ჩემი საქმე. სხვა გზა არ მქონდა, მოვუყევი რაც დამემართა.
–რამდენი ტონაა შენი მანქანა?
–ტონის მიხედვითაა ფასი?
–არა, მექანიკურ ჯალამბარს მეტი წევა აქვსო, აქ წერია.
–იყოს მაშინ მექანიკური.
–მოიცა, აქ წერია, რომ სამაგიეროდ, ელექტრო ჯალამბარის უპირატესობა ისაა, რომ ძრავის გაუმართაობის დროსაც შეუძლიათ მუშაობაო და მეორე მხრივ, ესეც კი წევს 7 ტონამდე ტვირთს.
–მაშინ, ამ შემთხვევაში, სულ ერთია. რომელი ავტო დილერი მე ვარ, რომ ათობით მანქანა და ასობით ტონა მომქონდეს.
–დაზიანებული ავტომობილის ჩატვირთვას საგზაო შემთხვევის ადგილიდან უმოკლეს დროში შესძლებთ ამწე–მანიპულატორითო, დაზიანებულია ხომ თქვენი მანქანა? მოიცათ, აქ კომენტარებიცაა.
რა კომენტარები გვცივა, გვშია, გვწყურია, მაგრამ ანა სანამ ყველა წვრილმანს სანამ არდაადგენს, არ მოეშვება.
–ერთს უწერენ – მოვიდა სწრაფად და ურთულესი ადგილიდან აიღო ჩემი მანქანა, სწრაფი, იაფი და ხარისხიანი სერვისია.
–კარგია, ანა, იყოს ეგ.
–არა, მოიცათ, თქვენ ხომ ბათუმში ხართ? აქ იმდენი განცხადებაა, ქალაქების და ადგილების მიხედვით, რამდენიმეს უწერია, რომ დასავლეთ საქართველოში მუშაობს და შესაბამისად, ახლოს იქნება და მალე მოვა.
–მმმ
–ხმა წყდება.
–ხმა კი არ წყდება, გავიყინე და ვერ ვლაპარაკობ, დარეკე, ანა, რომელიმესთან, ნებისმიერთან.
–გინდა, რამდენიმესთან დავრეკო? აქ მართლა იმდენი განცხადებაა, ფასებიც კონკურენტული იქნება და ვიკითხავდი.
–არა, ანა, გეხვეწები, პირველივე ვინც შეგხვდება, იმას დაურეკე, გთხოვ.
დარეკა, შეუთანხმდა, ძალიან მალე მოვაო, დაგვაიმედა და ახლა ფული დაგვრჩა საშოვნელი, ვფიქრობ, როცა მოულოდნელად მეკითხება: – ბიჭებო, ფული გაქვთ?
–ფული არა, სინდისი მაქვს და თუ ჩაგვირიცხავ, 3 დღეში დაგიბრუნებ ხელფასიდან, – სული ჩავაქსოვე თხოვნაში.
ევაკუატორი მართლა ძალიან მალე მოვიდა. მართლა პროფესიონალურად, სწრაფად, ხარისხიანად მუშაობდა და წუთებში ჩემი მანქანა უკვე „დაბმული“ იყო. ძალიან მაგარი კაცი შეგვხვდა. Ვსადილობდი, რომ დამირეკეთ ბუტერბროტები წამოგიღეთ, გეშიებათო.
მამას აღარ დაურეკავს ბოლო საუბრის მერე და ახლა მე დავურეკე, დედამ მიპასუხა, მამაშენი უკვე სვამს, მეგობრებიც შეგიკრიბა და სუფრასთან სხედანო. მშვენიერი, გამოკითხვის დრო და საშუალება აღარ ექნება, ვფიქრობ.
ჩამოვდეთ ეს ჩემი მანქანა ეზოში და შევიძურწეთ სახლში. გაშლილია სუფრა, ჩემი მეგობრები, მეზობლები და რამდენიმე ნათესავიცაა, მაგიდის ერთ მხარეს კი, ჩემი სამივე თანამშრომელი, მათ შორის, ანაც, სიურპრიზი გაგიკეთეთ, შენ დას დავარეკინეთ და ესენიც დავპატიჟეთო, – დედამ, მამამ, – ბათუმში წვიმდაო? ანამ, – ვალი არ გაქვს, მამაშენმა დამირიცხა ის ფული გადმოსარიცხადო. მეგობარმა, – ჯუმბერ ბიძია, ერთი მითხარით, კაცს რომ მანქანა არ ჰქონია არასოდეს და ტარებაც არ იცის, რანაირად უნდა დაუჯეროო? – მამაჩემს.
მანქანას პატარა ნაწილი ჰქონდა გადამწვარი, 25 ლარად იყიდა მამაჩემმა და თავისი ხელით გამოცვალა.
–ასეთმა პატარა ნაწილმა ამხელა მანქანა როგორ გააჩერა რიკოთზე, ეგ ნაწილი კიდევ ვიყიდოთ რამდენიმე და გვედოს მანქანაშიო, – მეგობარმა, მაგრამ მერე მეტყვის, რას მიჯერებდიო და ამჯერად აღარ დავუჯერე.
მამაჩემს სიტყვა არ უთქვამს ჩემთვის, მაგრამ სამაგიეროდ, მეგობარი, ნათესავი, მეზობელი არ დატოვა, ვისაც ეს ამბავი არ მოუყვა, მაღაზიაში შევედი უბანში გუშინ და გამყიდველმა, ეს ფული ევაკუატორისთვის გადასახდელი თანხიდან მოგრჩა, თუ ხელფასი აიღეო?
სამაგიეროდ, ახლა ვიცი, როგორ უნდა გადავიხადო ევაკუატორში ნაკლები – უბრალოდ ევაკუატორის ფულით რესტორანში არ უნდა წავიდე.